ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ეკა ვარდოშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი ნაპოლეონ და მისი მიმართება ბაირონის ნაპოლეონის ციკლის ლექსებთან
რომანტიზმი, როგორც საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოვლენა, მსოფლიოს ხალხთა კულტურულ ცხოვრებაში მკვეთრად აისახა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად რომანტიკოსთა პოეზიაში გვხვდება გამოთქმა - მსოფლიო პოეზია. ცნება - მსოფლიო ლიტერატურა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ დაამკვიდრა. ეკერმანთან საუბრისას გოეთე შენიშნავს: „დღეს ეროვნული ლიტერატურა ბევრს ვერაფერს ამბობს. დღის წესრიგში დგება მსოფლიო ლიტერატურა და ყველას ვალია დააჩქაროს ამ ლიტერატურის მეუფების ეპოქა. მაგრამ უცხოური ლიტერატურის ასეთი მაღალი შეფასების დროსაც უნდა ვერიდოთ მოწონებულ ნიმუშებში ჩარჩენას და არ უნდა მივიღოთ ის ერთადერთ ნიმუშად" [1, გვ. 125]. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ბარათაშვილი უაღრესად ნაციონალური პოეტია, მისი ლირიკული სამყარო ეხმაურება ზოგადსაკაცობრიო აზრებს. თავისი შემოქმედების არსით, იგი დგას ისეთ რუს და ევროპელ შემოქმედთა გვერდით, როგორებიც არიან: ბაირონი, შელი, მუსიე, ლამარტანი, ჰიუგო, ჰაინე, პუშკინი, ლერმონტოვი, მიცკევიჩი და სხვანი. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ილია ჭავჭავაძემ პირველმა დაუკავშირა ბარათაშვილის პოეტური გენია ბაირონისას. წერილებში ქართულ ლიტერატურაზე იგი წერს: „განა ერთობ მოუსვენარი ცხოვრება ადამიანისა, რომლის ეჭვით გალესილი ჭკუა დღემუდამ ტაძარს აშენებს რწმენისას და ისევ თავის ხელითვე აქცევს, იმავ სადგურს მყუდროებისას არ ითხოვს, რასაც ჩვენი პოეტი? განა ამ ქცევა-შენებით დაღალული გული კაცობრიობისა, ქვეყნის დაწყებიდამ დღვანდლამდე, არ ეძებს მოსვენებისათვის სადგურს და მაგ სადგურის პოვნა განა საყოველთაო წყურვილი არ არის ზოგადკაცობრული? განა ვაება კაცობრიობისა ის არ არის, რომ მიზეზი აქვს ძებნისა, ეძებს და ვერ უპოვია? აი სად არის სათავე ადამიანის სასოწარკვეთილებისა, თავგანწირულობისა, ჭკუა-გონების არევისა, ყოვლისფრის უარყოფისა, რომელიც ზოგჯერ, ხანდახანა, ასე დაიპყრობს ხოლმე მთელს მოაზრე კაცობრიობასა და შავად მღელვარის ფიქრებით ავსებს ადამიანის ცხოვრებასა. ბაირონი და მთელი მის მიერ დაპყრობილი ხანა ევროპის სულიერ ცხოვრებისა განა ამის მაგალითი არ არის?“ [2, გვ. 541-542]. ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი ევროპაში რომანტიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, როგორც ჩვენში ნიკოლოზ ბარათაშვილი. ბარათაშვილის ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში არ ვხვდებით ბაირონის სახელს, თუმცა, ბარათაშვილის გარემოცვა და ლიტერატურული ინტერესები ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ იგი იცნობდა ბაირონის შემოქმედებას, თუნდაც რუსული თარგმანების საშუალებით. ბარათაშვილისა და ბაირონის შემოქმედებას შორის შეინიშნება იდეურ-მხატვრული ნათესაობა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ნ. ბარათაშვილის ლექსი სულო ობოლო ბაირონის დონ-ჟუანის მეჩვიდმეტე სიმღერის პირველ სტრიქონებს გვაგონებს, მაზეპაში დახატული რაშის სახე კი მერანს. „ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ბარათაშვილის ლექსის მერანის მონათესავე სტრიქონებად დასახელებულია აგრეთვე მერი ჩავორტისადმი მიძღვნილი ბაირონის ლექსის „სიზმრის“ ცნობილი სტროფი [3, გვ. 31], „რომელიც ინგლისელი პოეტის შემოქმედებაში მანფრედის პრელუდიად არის მიჩნეული“ [4, გვ. 174]. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბაირონი თავის ლექსებსა და წერილებში მწარედ უჩივის ამქვეყნიურ ამაოებას: „თუმცა მოხუცი არა ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ცხოვრება ჩემთვის არ არის“... „სულით მოხუცი ვარ, თუმც ეხლახან წამოვდექი სკოლის მერხიდან“... ოცდაათი წლისა მე ვგრძნობ, რომ აღარაფერს მოველი“. ყოველივე ეს ანალოგიას პოულობს ბარათაშვილის წერილებში: „ვაი, იმის ბრალი, ვინც ოცდარვა წლისაა და აღარც არას ამ სოფლის კმაყოფილებას მოელის“. „არა მყავს მეგობარი, არც ნუგეშისმცემელი და არც იმედის მომცემი ვინმე, რომ გამამხნევოს მე“ - შესჩივის ბაირონი მეგობარს. „მამაცა მყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც გული კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!“ -სწერს ქართველი პოეტი თავის მესაიდუმლეს მაიკო ორბელიანს“ [3, გვ. 29]. ბაირონი რომ საქართველოს იცნობდა, ეს დასტურდება მისი ლიტერატურული ქმნილებების გაცნობისას, როგორებიცაა დონ-ჟუანი და გიაური. „ბაირონის გარკვეულ ინტერესს საქართველოს მიმართ ცხადყოფს ის ფაქტი, რომ მას 1813 წელს გადაწყვეტილი ჰქონდა კავკასიაში მოგზაურობა [3, გვ. 6]. ამ კუთხით ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ი. მერაბიშვილის წერილი ბაირონი და საქართველო [5, გვ. 20-53]. 1815-1816 წლებში ბაირონი წერს ნაპოლეონის ციკლის ლექსებს. ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობაში იგი არაერთხელ გვესაუბრება ნაპოლეონზე. მონოლოგის ფორმა აქვს ასევე მის ლექსს ნაპოლეონის დამშვიდობება. საზოგადოდ, ნაპოლეონის სახე დამახასიათებელია მსოფლიო ლიტერატურისათვის, ნაპოლეონს ეძღვნება ასევე ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი ორი გრენადერი. ჰაინესათვის ნაპოლეონი არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 1838 წელს ნ. ბარათაშვილი წერს ლექსს ნაპოლეონ. ლექსი ლირიკული მონოლოგის სახითაა დაწერილი და გვიხატავს ნაპოლეონის შთამბეჭდავ, ძლევამოსილ სახეს. ლექსში ნაპოლეონი ერთგვარად აჯამებს თავის მოღვაწეობას, კითხვას უსვამს საკუთარ თავს „ხელმწიფებამ“ რა შესძინა მას? და როდესაც იხილავს თავისი დიდების მსხვერპლს, მიხვდება, რომ სურვილი აუხდა, თავი ისახელა დიდების გვირგვინით შეიმოსა, იგი აღიარებს, რომ თავად შექმნა საკუთარი ბედი და შეამკო დიდების შარავანდედით. მაგრამ როგორც ყველა დიდ პიროვნებას ეჭვი იპყრობს, იქნებ, „ბედსაც მოსწყინდეს“ და სხვა აირჩიოს, სხვას მიანიჭოს უპირატესობა. ბედის ორგულობის არ სწამს ნაპოლეონს და აღიარებს, რომ იგი ვერ გაუძლებს მეტოქეობას, რაც უნდა ძლიერი და „მეცნიერი“ იყოს სხვა ხელმწიფე. სამარეც კი ევიწროოს, თუ მისი ტოლი აღმოჩნდეს ქვეყნად ვინმე. ნ. ბარათაშვილი ლექსში გვიჩვენებს, რომ ნაპოლეონის პიროვნება ბოლომდე ამოუცნობია საზოგადოებისათვის. დამქრალ ცეცხლსა და ზღვის ღელვას ადარებს პოეტი ნაპოლეონის „ცეცხლსა სულსა“ და „ზღვა გულსა“. „ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი! თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს: დამქარალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს ლექსი ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ასახავს ნაპოლეონის შინაგან სულიერ სამყაროს. მასში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი დიდი მხედართმთავრის განცდები, შეგრძნება საკუთარი ძლევამოსილების. ექვს სტროფიან ლექსში ბარათაშვილმა შეძლო გადმოეცა ნაპოლეონის შთამბეჭდავი სახე. ბარონის ნაპოლეონის ციკლის ლექსებიდან განსაკუთრებით საყურადღებოდა ოდა ნაპოლეონთა ბონაპარტისადმი. ბაირონმა ოდა დაწერა, როდესაც გაიგო ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შესახებ. „1814 წლის 9 აპრილს ტომას მურისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: „ლექსებს მეტად აღარ დავწერ - უფრო ზუსტად, მათ ჩემგან ნუღარ ელით“. ნაპოლეონის გადადგომის ამბავმა ბაირონს სიტყვა გაატეხინა. მეორე დილას მას ნიაღვარივით წასკდა რითმები. 10 აპრილს ბაირონს დღიურში ჩაუწერია: „დღეს ერთი საათის მანძილზე კრივში ვივარჯიშე, დავწერე ოდა ნაპოლეონ ბონაპარტისადმი - გადავწერე - შევჭამე ექვსი გალეტი - დავლიე ოთხი ბოთლი სოდიანი წყალი“. ასე შეიქმნა Ode to Napoleon Buonaparte – ოდა ნაპოლეონ ბონაპარტისადმი. გენიოსის ცივი გონებითა და მგზნებარე პოეტური განცდით დაწერილი განაჩენი იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც ბაიორნი კერპად მიიჩნევდა. 16 აპრილს ოდა ანონიმურად გამოქვეყნდა“ [5, გვ. 252]. ოდას წინ უძღვის ციტატა გიბონის რომის დაცემის და განადგურების ისტორიიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ ედუარდ გიბონს, როგორც ისტორიკოსს ხშირად მიმართავს ბაირონი. ურიგო არ იქნება, თუ აქვე გავიხსენებთ, „რომ სიტყვა საქართველოს ბაირონი დონ-ჟუანის კომენტარებში დაურთავს ინგლისელი ისტორიკოსის გიბონის სიტყვებს: „საქართველოს სამეგრელოს და ჩერქეზეთის ჰავამ შექმნა ჩვენს წარმოდგენაში მშვენიერების მოდელი - ფიგურის, კანისფერის, ნაკვთების სიმეტრიის და თავშეკავების გამოხატვისა: კაცები გაჩენილნი არიან მოქმედებისათვის, ქალები სიყვარულისათვის“ [3, გვ. 6]. დავუბრუნდეთ კვლავ ოდას, რომელიც შედგება ცხრამეტი თავისაგან. დასაწყისში ბაირონი მიმართავს ნაპოლეონს, „გვირგვინოსან მეფეს გუშინდელს“, რომელსაც დღეს აღარავინ ემორჩილება და სიცოცხლისთვისაც უკვე ამაოდ იბრძვის. ოდაში ჩანს პოეტის გულისწყრომაც მისი გადაწყვეტილების მიმართ, ამასთანავე, იგი ახსენებს ნაპოლეონს, რომ ამ ნაბიჯით მან ყველა ერთგული ადამიანი გაწირა, ეჭვქვეშ დადგა თავისუფლება და კვლავ ტირანია იმარჯვებს. ბაირონი ცდილობს ნაპოლეონის ფენომენი ახსნას მსოფლიო ისტორიის მაგალითების ფონზე. პოეტის დამოკიდებულება ნაპოლეონისა და არსებული სინამდვილისადმი სრულყოფილადაა გადმოცემული ოდის X თავში: „რაც დედამიწამ შენთვის ომში სისხლი დაღვარა! ოდა გაჟღენთილია პოეტის ღრმა სინანულითა და გულისტკივილით. შეიძლება ითქვას, რომ ლექსში ნაპოლეონ ნ. ბარათაშვილი უფრო მეტი გრანდიოზულობით წარმოაჩენს ნაპოლეონის პიროვნებას და მის შინაგან სამყაროს, ვიდრე ბაირონი თავის ოდაში. „ერთხელაც მოხდა, გზას გაუდგა ელბადან პარიზს, ლექსში ბაირონი ნაპოლეონის პიროვნულ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, ოდა ნაპოლეონ ბონაპარტისადმი და ნაპოლეონის გაქცევა კუნძულ ელბადან ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პოეტს ნაპოლეონის ყველაზე დიდ დამსახურებად მონარქიის დამხობა მიაჩნია. ბაირონის ამ პატარა ლექსში ვკითხულობთ, რომ ნაპოლეონი „გზად მშვენიერ ქალბატონებს მეჯლისს უხდიდა“. კ. გამსახურდია გოეთეს ცხოვრების რომანში ესსეში ნაპოლეონი წერს: „უნდა ეცადო მაინცდამაინც არ შეეჩვიო ლამაზ ქალებს, ეუბნება პოეტი ეკერმანს, ვინაიდან ისინი იოლად გადაგვიტყუებენ ხოლმე უსაზღვროების სამანისაკენ, ნაპოლეონს, ჯერ კიდევ ელბაზე ყოფნის დროს, უამრავ ანგარიშებს უგზავნიდნენ პარიზული კოსმეტიკის სავაჭროები“ [7, გვ. 241]. აღნიშნულ წიგნში ასევე ვხვდებით თავს ლორდ ბაირონი. ამ შემთხვევაშიაც ბაირონის დახასიათებას კ. გამსახურდია ძირითადად გოეთეს საუბრებს ეკერმანთან ეყრდნობა. საინტერესოა, როგორ ახასიათებს გოეთე ნაპოლეონს: „ნაპოლეონი, აი ვინ იყო კაცი! ყოველთვის ყველაფერი მისთვის ცხადი და გასაგები იყო; მთელი მისი ცხოვრება იყო სვლა ნახევრად ღმერთისა ბრძოლიდან ბრძოლამდე, გამარჯვებიდან გამარჯვებამდე. მისი ამბავი შეიძლება თამამად ითქვას: ეს იყო ერთიანი გამონათების მდგომარეობა; რომ ბედი მისი ისეთი ბრწყინვალე იყო, როგორც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და არც ეცოდინება ალბათ არასოდეს, - სწორედ ასეთი გამონათების წყალობით!“ [1, გვ. 159]. გოეთე ეუბნება ეკერმანს, „ყოველ არაჩვეულებრივ ადამიანს განსაკუთრებული მოვალეობა აქვს დაკისრებული. როცა იგი ამას შეასრულებს, იგი უკვე მოცემულ აღნაგობაში საჭირო აღარაა. და ზენაარი ძალა სხვა მიზნისთვის მოიხმარს მას. და რაკი სააქაოში ყოველივეს ბუნებრივი ეტლი აქვს მიჩნეული, ამიტომაც დემონები ზედიზედ კვანტს გამოსდებეენ მას, ვიდრე იგი არ წაიქცევა. ასე მოუვიდა ნაპოლეონსაც და სხვა მრავალ მისთანას. მოცარტი 36 წლის დაიღუპა, რაფაელი ამავე ასაკში, ბაირონი... მაგრამ ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა ზენაარისაგან დაკისრებული მისია“ [7, გვ. 243]. 1824 წლის 22 იანვრით თარიღდება ბაირონის უკანასკნელი ლექსი დღეს შემისრულდა ოცდათექვსმეტი წელი, რომელიც მან საბერძნეთში მისოლონგში დაწერა. გრაფი გამბა წერს: „ამ დილას ლორდი ბაირონი გამოვიდა მისი საწოლი ოთახიდან ოთახში, სადაც პოლკოვნიკი სტენჰოპი და რამდენიმე მეგობარი იმყოფებოდა, და სთქვა ღიმილით - „თქვენ იმ დღეს ჩიოდით, რომ მე ლექსებს უკვე აღარ ვწერ. დღეს ჩემი დაბადების დღეა და მე ეს-ეს არის დავამთავრე ლექსი, რომელიც, ვფიქრობ, იმაზე უკეთესია, რასაც ჩვეულებრივ ვწერ“ [8, გვ. 85]. სრულიად ახალგაზრდა, თუმცა შთამომავლობის წინაშე ვალმოხდილი დაიღუპა ნ. ბარათაშვილიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაპოლეონის პიროვნება ნ. ბარათაშვილისათვის ზეპირი გადმოცემებითაც იქნებოდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ 1805-1807 წლებში პეტრე ბაგრატიონი იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. 1813-1814 წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მონაწილეობდა ბარკლაი დე ტოლისთან ერთად ფრანგი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში. პარიზში შესვლისას მას ბარკალაი დე ტოლის ადიუტანტის ადგილი ეჭირა. ნაპოლეონის სახე მსოფლიო ლიტერატურაში იქცა სახე-იდეად, რომელიც ევროპულ ცნობიერებაში ძირითადად დაკავშირებულია ყოველივე ახალთან და პროგრესულთან. ნ. ბარათაშვილი თვისი ლექსით ნაპოლეონ უერთდება დასავლეთ-ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციას და კიდევ უფრო სრულყოფს ნაპოლეონის ციკლის ლექსთა რიგს.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|