ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ზურაბ ბარათაშვილი

ქცევის გრამატიკული კატეგორია ქართულში და ''საუღლებელი პრეფიქსები'' შუმერულში:

შეპირისპირებითი ანალიზი


1. შესავალი
ნაშრომის მიზანია, ერთმანეთს შეუდაროს და შეუპრისპიროს ქართული ენის ქცევის გრამატიკული კატეგორია და შუმერულ ენაში ე. წ. „საუღლებელი პრეფიქსებით“ გამოხატული გრამატიკული მნიშვნელობები როგორც მორფოლოგიური, ასევე სინტაქსური და სემანტიკური თვალსაზრისით.

თეორიული ანალიზი და აღწერა დაფუძნებულია როგორც ფუნქციონალისტური მიმდინარეობების – დამოკიდებულებათა გრამატიკა [38], როლურ-რეფერენციული გრამატიკა [27; 35], ფუნქციური ტიპოლოგია და ენათმეცნიერების საბაზისო თეორია [5; 8; 14], ასევე არატრანსფომრაციული გენერატივისტული [6; 3] მიმდინარეობების ძირითად დებულებებზე, მაგრამ დასკვნა და შედეგების განზოგადება ძირითადად გამიზნულია ფუნქციური ტიპოლოგიისათვის.

ზოგიერთი ზემოდასახეულებული თეორიისათვის აუცილებელია ტრადიციული სინტაქსური ფუნქციების (ქვემდებარის, პირდაპირი და ირიბი დამატებების და ა. შ.) გამორკვევა არა მარტო მორფოლოგიური მარკირების მიხედვით (პირის, რიცხვისა და სქესის/კლასის გამომხატველი მაჩვენებლები ზმნაში, ბრუნვის მაჩვენებელი სახელურ ფრაზაში და ა. შ.), არამედ სინტაქსური ქცევითი მახასიათებლებით (code and behavioural properties), მაგრამ სტატიის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია თავი ავარიდოთ სინტაქსური ფუნქციების გამორკვევას და შუმეროლოგიური ტრადიციის გათვალისწინებთი დადგენილად მივიჩნიოთ სემანტიკური როლებისა და სინტაქსური ფუნქციების შესატყვისობა პროტოტიპურ შემთხვევებში. ორვალენტიანი გარდამავალი ზმნა (მაგ., „კლავს“) აგენსსა და პაციენსს სინტაქსურად გამოხატავს, შესაბამისად, ქვემდებარისა და პირდაპირი დამატების საშუალებით, სამვალენტიანი გარდამავალი ზმნა (მაგ., „მიცემა“) – აგენსს, თემასა და რეციპიენტს, შესაბამისად, ქვემდებარის, პირდაპირი დამატებისა და ირიბი დამატების სახით, ერთვალენტიანი გარდაუვალი ზმნა (მაგ., „სვლა“) მასთან დაკავშირებულ ერთადერთ სემანტიკურ როლს გამოხატავს ქვემდებარის სახით.

მიუხედავად ამისა, შესაბამის ადგილებში წარმოვადგენთ დან მივუთითებთ როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ შუმეროლოგიურ და ქართველოლოგიურ გრამატიკულ ლიტერატურას.

2. მეთოდოლოგია და გლოსირება
შუმერული მაგალითები მოძიებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების ბაზაზე შექმნილი ელექტრონული ბაზის მიხედვით (ETCSL), სადაც განთავსებულია შუმერული მხატვრული ლიტერატურის 400-მდე ძეგლი [2]. ამისგან განსხვავებით, ქართული მაგალითები წარმოდგენილია არა მხატვრული ნაწარმოებების ბაზიდან, არამედ უბრალოდ ინტროსპექციის საშუალებით.

მკითხველისათვის შუმერული ენის ნიმუშების წაკითხვის გასაადვილებლად წარმოდგენილი იქნება ლაიფციგის გლოსირების მიხედვით (http://grammar.ucsd.edu/courses/lign120/leipziggloss.pdf), მაგრამ ერთი განსხვავებით; სამი სტრიქონის ნაცვლად ოთხი სტრიქონით: პირველი სტრიქონი უჩვენებს ტრადიციულ შუმეროლოგიურ ტრანსლიტერაციას, მეორე სტრიქონი მორფემულ/ანალიზურ ტრანსკრიფციას შუმეროლოგიის თანამედროვე განვითარების შესაბამისად (ისე, როგორც დღეს გვესმის შუმერული ენა), მესამე სტრიქონი გამოხატავს გლოსირების იარლიყებს (გრამატიკული მნიშვნელობები ჩაიწერება ისე, როგორც არის ლაიფციგის გლოსირებაში მითითებული, ხოლო ლექსიკური მნიშვნელობები წარმოდგენილი იქნება ქართული თარგმანით, ხოლო ბოლო სტრიქონი ასახავს თავისუფალ თარგმანს).

შუმერული დამწერლობა ვერ გამოხატავდა ენის ფონეტიკურ თუ ფონოლოგიურ სისტემას, ვერ ასახავადა სალაპარაკო ენას მიახლოებითაც კი: წარმოადგენდა მნემონიკურ სისტემას, რომლის მიზანი არასდროს არ ყოფილა წარმოთქმის ასახვა. ამგვარად, შუმეროლოგებს უწევთ აღადგინონ შუმერული ენა დეფექტური მნემონიკური სისტემის საშუალებით, რომელიც თითქმის ვერ ასახავს აფიქსებისა თუ ძირების მორფოფონემურ მონაცვლეობებს, ალომორფთა შეპირობებულობას და ა. შ. ფონოლოგიურ თუ გრამატიკულ ელემენტთა გამოტოვება ადვილად გასაგები იყო მხოლოდ მათთვის, ვინც ფლობდა შუმერულ ენას მშობლიური ენის დონეზე ან კიდევ, ისეთი ელემენტები არ აისახებოდა ტექსტში, რომელთა გამოუხატველობაც ტექსტში (მაგ., მყარ ენობრივ გამოთქმებსა და ფორმულებში) არ ქმნიდა სირთულეს ტექსტის შინაარსის აღსაქმელად [4, გვ. 23, 25; 7, გვ. 100; 26, გვ. 20-21, 23; 15, გვ. 1; 16, გვ. 15].

შუმერული ორთოგრაფია ხშირად უგულვებელყოფს მარცვლის აუსლაუტის (მარცვლის ბოლოკიდურ; coda) თანხმოვანს. ასე, მაგ., ხშირად არ იწერებოდა {n-} ‒ აგენსის (და ქვემდებარის) მესამე პირის გამომხატველი მორფემა ტექსტებში; ან კიდევ დატიური /=r/ ალომორფის არარსებობა ტექსტში, რომელიც, კონტექსტის მიხედვით, ფუნქციურად ნამდვილად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ამგვარი ტიპის თანხმოვნის ასახვა რეგულარულად იწყება ძველი ბაბილონური პერიოდის (ჩვ. წ. 1900-1600) შუმერულ ტექსტებში [16, გვ. 12-13, 19].

(1) dnanna lugal-ĝu10 e2-gal-la-na mu-na-du3
nanna lugal=ĝu=ra
e.gal=ani=Ø
mu-n-a-Ø-du-Ø

ნანა მეუფე=1SG.POSS=DAT სასახლე=3.SG.H.POSS=ABS VENT-3SG.H-R-1SG.A-აღმართვა-3SG.P
„ნანას, ჩემს მეუფეს, სასახლე ავუშენე“ (A praise poem of Ur-Namma (Ur-Namma C): 108)

ერთი მხრივ, (1) მაგალითში გრაფიკულად არ არის გამოხატული დატიური ბრუნვის /=r/ ალომორფი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვადგინოთ (მორფოლოგიურ ტრანსკრიფციაში წარმოდგენილია დომინანტური ალომორფი /=ra/), ხოლო, მეორე მხრივ, {n-} მესამე გონიერი პირის (ქვემდებარე ‒ სინტაქსური ფუნქციების მიხედვით, აგენსი სემანტიკური როლების მიხედვით) გამომხატველი პრეფიქსი, რომლის არსებობაც აუცილებელია შუმერული ენის ერგატიულობის გამოსახატავად (ორივე აღდგენა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს თეორიულ კონსტრუქტს და უჩვენებს, რომ შუმეროლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ასე გვესმის შუმერული ენა).

3. გვარი და აპლიკატივი
3.1 გვარი
პროტოტიპური პასიური მონაცვლეობის შედეგად გარდამავალი წიანდადებიდან მიიღება გარადაუვალი წინადადება: ქვემდებარე ქვეითდება ფაკულტატიურ უბრალო დამატებამდე (optional oblique) და პირდაპირი დამატება წინაურდება ქვემდებარის ფუნქციამდე. ზმნას შეიძლება ჰქონდეს პასივიზაციის პროცესის ფორმალური მაჩვენებელი [23, გვ. 117-118; 19, გვ. 374; 9, გვ. 206].

გრამატიკულ-სემანტიკური პრიმიტივებით, პასივი სემანტიკური როლებისა და სინტაქსური ფუნქციების ამოსავალ წყობას ცვლის ისე, რომ პირდაპირი დამატების პრივილეგია იზრდება: პირდაპირი დამატების (აქტივში) შესატყვისი პარტიციპანტი გამოიხატება (პასივში) როგორც ქვემდებარე, ხოლო გარდამავალი ზმნის ქვემდებარე (აგენსი) ‒ როგორც უბრალო დამატება [12, გვ. 71; 14, გვ. 539]. პასივი, შესაძლებელია, განვიხილოთ როგორც სემანტიკური როლებისა და მათ სინტაქსურს ასახავთა მონაცვლეობა (remap) ამოსავალ ‒ აქტივთან მიმართებით [18, გვ. 11; 23, გვ. 4]. პროტოტიპური გარადამავალი წინადადების პასივიზაციის შედეგად აგენსის ნაცვლად პასიური წინადადებაში პაციენსს ენიჭება ქვემდებარის ფუნქცია (აქტიური წინადადების პირდაპირი დამატება ხდება პასიური დამატების ქვემდებარე, ანუ აგენსი და პაციენსი იგივე რჩება, მაგრამ იცვლება მათი სინტაქსური ფუნქციები), ცენტრალურ აქტანტთა რაოდენობა მცირდება ერთით და გარდამავლობის სტატუსი იცვლება (მცირდება): გარდამავალი წინადადება ხდება გარდაუვალი [23, გვ. 19, 174 ; 6, გვ. 10; 3, გვ. 21]. შეხედულება, რომ პასივიზაციის შედეგი წარმოადგენს გარდაუვალ წინადადებას, შეიძლება ავიღოთ როგორც ერთ-ერთი ამოსავალი დებულება მიუხედავად დიქსონის ნაშრომში განხილული ზოგიერთი გამონაკლისისა [9, გვ. 215].

ოპოზიცია აქტივი ~ პასივი განიხილება როგორც პროტოტიპური გრამატიკული გვარი [22, გვ. 182]. აქტიურ წინადადებაში ქვემდებარე (აგენსი) იღებს სახელობით ბრუნვას და პირდაპირი/პირველადი დამატება (პაციენსი) იღებს აკუზატიურ ბრუნვას. პასივიზაციის შემდეგ პაციენსი ხდება ქვემდებარე და იღებს სახელობით ბრუნვას, ხოლო აგენსი იღებს აბლატიურ ბრუნვას.

(2) ლათინური
ა. Mile-s host-em occidi-t
მებრძოლი-NOM.SG.M მტერი-ACC.SG.M მოკვლა-3.SG.PRS
‘მებრძოლი კლავს მტერს’.
ბ. A milit-e hosti-s occidi-tur
ABL მებრძოლი-ABL.SG.M მტერი-NOM.SG.M მოკვლა-PASS.3.SG.PRS
‘მტერს კლავენ’ (ზედმ. ‘მტერი იკვლება კაცის მიერ’). (მელჩუკი 2006: 193-194).

3.2 საშუალი გვარი
საშუალი გვარი კონსტრუქციაში ერთსა და იმავე სემანტიკურ როლს, რომელიც, როგორც წესი, ქვემდებარის სინტაქსურ ფუნქციას ასრულებს, ახასიათებს როგორც აგენსური, ასევე პაციენსური თვისებები, ანუ აგენსზე ხდება ან მენტალური, ან კიდევ ფიზიკური ზემოქმედება [18, გვ. 3, 45; 19, გვ. 265]. გამოყოფენ ზმნათა სემანტიკურ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს საშუალი გვარი გამომხატველი მორფოლოგიური მაჩვენებლით (თუ, რა თქმა უნდა, მოცემულ ენაში მოიპოვება ამგვარი მაჩვენებელი): 1. სხეულის მოვლა და მოწესრიგება (grooming and body care actions): „დაბანა“, „გარეცხვა“, „გაპარსვა“, „ჩაცმა“ და ა. შ. – სხეულით ან სხეულზე მოქმედება; აგენსი ამ მოქმედებებს საკუთარ თავზე უნდა ახორციელებდეს (მსგავსია პროტოტიპური რეფლექსივისა); 2. წინსვლითი მოძრაობა (translational motion): „მისვლა“, „მოსვლა“, „ასვლა“, „აცოცება“, „სიარული“, „ფრენა“, „სირბილი“, „ხტომა“, „გაქცევა“, და ა. შ. – გამოხატავს სხეულის სივრცეში გადაადგილებას; 3. არაწინსვლითი მოძრაობა (nontranslational motion): „მოხრა“, „მობრუნება“, „თვის დაკვრა“, „თავის გაქნევა“, „გაჭიმვა“, „რხევა“, „მუშტის შეკვრა“ და ა. შ. – სხეულის ან სხეულის ნაწილის მოქმედება სხეულის ადგილმდებარეობის ცვლილების გარეშე, მხოლოდ ფორმის ან მოყვანილობის ცვლილება; 4. სხეულის მდგომარეობის შეცვლა (change in body posture situation type): „დაწოლა“, „დაჯდომა“, „ადგომა“, „დაჩოქება“, „ჩაცუცქება“ და ა. შ. – მსგავსია სხეულის მოვლისა და მოწესრიგების ტიპის ზმნებისა (პროტოტიპური რეფლექსივის მსგავსი); 5. მენტალური მოვლენები (mental events): ა. ემოციური საშუალი (emotion middle): „გაბრაზება“, „შეშინება“, „მოწყენა“, „ბედნიერება“ და ა. შ.; ბ. კოგნიტიური საშუალი (cognition middle): „ფიქრი“, „დამახსოვრება“, „დავიწყება“, „მიჩნევა“ და ა. შ.; გ. პერცეფციული საშუალი (perception): „შეხედვა“, „აღქმა“, „დანახვა“, „მოსმენა“, „ყნოსვა“ და ა. შ. – სიტუაცია, რომელშიც მოანწილეობენ სტიმული და ექსპერიენცერი. მათ შორის წარმოდგენილია ორი სახის ურთიერთობა: ექსპერიენცერი ყურადღებას აპყრობს სტიმულს, ხოლო სტიმული იწვევს მენტალურ მოვლენას ექსპერიენცერში; 6. სპონტანური მოვლენები (spontaneous events): „გაზრდა“, „დალპობა“, „ამოშრობა“, „ნაწილებად დაშლა“, „აორთქლება“ და ა. შ.; ასევე შეჰყავთ 7. პირდაპირი რეფლექსივი (direct reflexive); 9. ირიბი რეფლექსივი (indirect reflexive) და ა. შ. [17, გვ. 16-19, 42, 54-57, 67-70, 74, 128, 130; 19, გვ. 266].

პირდაპირი რეფლექსივისთვის მთავარ მახასიათებელეს წარმოადგენს კორეფერენცია [17, გვ. 43; 8 , გვ.146; 19 , გვ. 268]: აგენსი და პაციენსი სემანტიკურად უნდა მიემართებოდნენ ერთსა და იმავე ობიექტს. სინტაქსურად შესაძლებელია გამოიხატოს რეფლექსიური ნაცვლსახელით და სინტაქსურ ვალენტობის დაქვეითებაზე გავლენა შეიძლება არ მოახდინოს.

(3) პირდაპირი რეფლექსივი
ამოსავალი ზმნური სიტუაცია
ა. John Paint-ed Bill
ჯონი ხატვა-PST ბილი
„ჯონმა დახატა ბილი“.
რეფლექსიური კონსტრუქცია
ბ. John Paint-ed Him-self
ჯონი ხატვა-PST 3SG.M.DO-REFL
„ჯონმა დაიხატა თავი“ (ზედმ. „ჯონმა დახატა თავისი თავი“) [9, გვ. 138]

(3ა) წინადადებაში აგენსი და პაციენსი მიემართებიან სხვადასხვა რეფერენტს (ჯონსა და ბილს), ხოლო (4ბ) წინადადება გამოხატავს იმავე სიტუაცია იმ განსხვავებით, რომ პირდაპირი დამატებით გადმოცემული აქტანტი (სემანტიკურად – პაციენსი) კორეფერენტულია ამავ სიტუაციაში მონაწილე აგენსისა. ქვემდებარე წარმოადგენს პირდაპირი დამატების ანტეცედენტს (resp. კონტროლერს) [9, გვ. 138].
პირდაპირი რეფლექსივისგან განსხვავდება ირიბი რეფლექსივი, რომელიც გულისხმობს არა აგენსისა და პაციენსის კორეფერენციას, არამედ სემანტიკურად სამვალენტიანი სიტუაციაში (აგენსი, პაციენსი/თემა, რეციპიენტი/ბენეფაქტივი) აგენსისა და რეციპიენტის/ბენეფაქტივის რეფერენციულ იდენტიფიკაციას [17, გვ. 74; 9, გვ. 178; 19 , გვ. 270].

(4) ირიბი რეფლექსივი

ა. ამოსავალი ზმნური სიტუაცია
John Built a house for him
ჯონი შენება.PST INDF სახლი BEN 3SG.M.DO
„ჯონმა აუშენა სახლი მას“ (ზედმ. ჯონმა აშენა სახლი მისთვის“)
ბ. რეფლექსიური კონსტრუქცია
John Built a House for him-self
ჯონი შენება.PST INDF სახლი BEN 3.SG.M.DO-REFL
„ჯონმა სახლი აიშენა“ (ზედმ. ჯონმა სახლი აიშენა თავისთვის“) (კემერი 1993: 75)

(4ა) გამოხატავს სემანტიკურად ამოსავალ სამვალენტიან კონსტრუქციას, რომელშიც წარმოდგენილია აგენსი, პაციენსი და ბენეფაქტივი და რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა რეფერენტს. ამისგან განსხვავებით (4ბ) ასახავს აგენსისა (სინტაქსურად – ქვემდებარე) და ბენეფაქტივის (სინტაქსურად – ირიბი/უბრალო დამატება) კორეფერენციას, ხოლო პაციენსი მიემართება მათგან განსხვავებულ რეფერენტს.

3.3 აპლიკატივი
აპლიკატიური მონაცვლეობა მოიცავს უბრალოდ დამატების დაწინაურებას პირდაპირი/პირველადი დამატების ფუნქციამდე [12, გვ. 84; 20, გვ. 386]. ეს წარმოადგენს აპლიკატივიზაციას ვიწრო გაგებით, ხოლო ფართო მნიშვნელობით ეს შეიძლება იყოს უბრალო დამატების ფუნქციიდან ნებისმიერის სახის დაწინაურება [1, გვ. 3; 3, გვ. 341). აპლიკატივიზაცია გამოიყენება როგორც გარდამავალი, ასევე გარდაუვალი წინადადებებისათვის. გარდაუვალი ზმნებისთვის ახალი ანუ აპლიკატიური (applied) აქტანტი იღებს დამატების ფუნქციას, ხოლო თუ ამოსავალი წინადადება გარდამავალია, მაშინ არააპლიკატიური წინადადების პირდაპირი დამატება შეიძლება დაქვეითდეს ირიბ/მეორეულ ან უბრალო დამატებამდე [1, გვ. 13-14]. აპლიკატივს აქვს რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა, მაგ., აპლიკატიური დამატება გამოხატავს სხვადასხვა სემანტიკურ როლს: ბენეფაქტივს, მალეფაქტივს, მიზანს, ისნტრუმენტს, კომიტატივსა და ლოკატივს [12, გვ. 86, 89; 8, გვ. 31].

ინდონეზიურში ბენეფაქტიური აპლიკატივი შეიძლება გამოვიყენოთ ორვალენტიანი გარდამავალი წინადადებებისათვის. ამოსავალი წინადადების (5ა) პირველადი დამატება ‒ ‘segelas’ (პაციენსი/თემა) ხდება მეორეული დამატება სამვალენტიან წინადადებაში (5ბ), ხოლო ბენეფაქტივი ‒ ‘tamu’ იკავებს პირველადი დამატების ფუნქციას (უშუალოდ მოსდევს ზმნას) [25, გვ. 80].

(5) ინდონეზიური
ა. Pelayan mengambil segelas air
ოფიციანტი მოტანა ჭიქა წყალი
„ოფიციანტმა მოიტანა ჭიქა წყალი“.
ბ. Pelayan mengambil-kan tamu segelas air
ოფიციანტი მოტანა-BEN სტუმარი ჭიქა წყალი
„ოფიციანტმა სტუმარს მოუტანა ჭიქა წყალი“. [25, გვ. 80]

აპლიკატივიზაცია ყოველთვის ცვლის (ზრდის; increase) ვალენტობას და შეიძლება შეცვალოს გარდამავლობაც (დამოკიდებულია აპლიკატივის ტიპზე).

4. ქცევა ქართულში
ქცევის გრამატიკული კატეგორია, ტრადიციული განმარტების თანახმად, გამოხატავს კუთვნილება-დანიშნულების მიმართებას სუბიექტსა და ობიექტებს შორის. ამის მიხედვით, გამოყოფენ სამი ტიპის ქცევას საარვისოს, სასხვისოს, სათავისოს და ზოგი მკვლევარისთვის ცალკე გრამატიკული კატეგორიის მნიშივნელობა საზედაო [43; 42, გვ. 323; 41, გვ. 540]. ქცევა ძირითადად გარდამავალი ზმნის კატეგორიად მიაჩნიათ, თუმცა არ გამოყოფენ სათავისო ქცევას [41, გვ. 543-546]. ხმოვანი პრეფიქსებისთვის ძირითად ფუნქციად მიიჩნევენ ვალენტობის კლება-მატებას [39, გვ. 74-79]. ოთხივე გრამატიკული მნიშვნელობა ერთი გრამატიკული კატეგორიის შემადგენელია, რადგან მორფოლოგიური თვალსაზრისით ურთიერთგამომრიცხავია ერთ სიტყვაფორმაში, აქედან გამომდინარე, ქცევა წარმოადგენს ფლექსიურ და არა დერივაციულ კატეგორიას მორფოლოგიური თვალსაზრისით [40, გვ. 91], ხოლო სინტაქსურად აქტანტური დერივაციის ერთ-ერთი საშუალებაა, ამიტომ ვ. პლუნგიანი უკავშირებს აპლიკატივს და მის ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევს [37, გვ. 291].

ამგვარად, რადგანაც ქცევა მაჩვენებლები, ერთი მხრივ, უკავშირდებიან აქტანტურ დერივაციას, ხოლო, მეორე მხრივ, ბენეფაქტივისა, რეციპიენტისა და ლოკატივის ლოკატივის სემანტიკურ როლებს, ამიტომ საკითხი შეიძლება დაისვას მათი ტიპოლოგიური მსგავსებისა შუმერული ენის ე. წ. „საუღლებელ პრეფიქსებთან“.

5. საუღლებელი პრეფიქსები შუმერულში
-5 (ტრადიციულად), ან -7 და -8 (უფრო თანამედროვე მიდგომით) რანგში გაერთიანებულ მორფემებს ტრადიციულად უწოდებენ საუღლებელ პრეფიქსებს (conjugation prefixes), რომელთა ალომორფულ შედგენილობასა და ფუნქციურ დატვირთულობაზე ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები არსებობს [33, გვ. 67-68; 26, გვ. 161-189; 30; 32; 34, გვ. 105-145; 15, გვ. 43-44, 50, 107-108, 162-163, 203, 236, 296, 428, 433-434; 28; 13, გვ. 91-96; 31, გვ. 156-162].

ტერმინი „საუღლებელი პრეფიქსი“ მიუთითებს, რომ ზმნაში სხვა პრეფიქსების არარსებობის (თუ გრაფიკულად გამოუხატველობის) შემთხვევაში, ზმნა წარმოადგენს პირიან (resp. ფინიტურ) ფორმას [34, გვ. 105].

სხვადასხვა მიდგომიდან ძირითადად გამოყოფენ 3 ურთიერთგანსხვავებულ (მაგრამ არა ურთიერთგამომრიცხავ) შეხედულებებს აღნიშნული პრეფიქსების ფუნქციების შესახებ. საუღლებელი პრეფიქსები შეიძლება გამოხატავდნენ ზოგად მიმართულებას, გვარს (ფართო გაგებით), ტოპიკალიზაციას (resp. აქტუალიზაციას, ფოკუსს) [24, გვ. 86].

ტრადიცულად გამოიყოფა შვიდი საუღლებელი პრეფიქსული მორფემა [34, გვ. 106], რომლებიც, დომინანტური ალომორფების გათვალისწინებით, ჩაიწერება შემდეგნაირად: {mu-}, {i-}, {ba-}, {bi-}, {ima-}, {imi-} და {al-}. ამის შემდეგ იწყება სხვადასხვა სახის ვარაუდი პრეფიქსთა რაოდენობასა და მათი ალომორფული შედგენილობის შესახებ. ერთი ვერსიით, {ima-} და {imi-} შეიცავს არა ერთ, არამედ უფრო მეტ მორფემულ მიმდევრობას და ისინი გამოიყვანებიან, შესაბამისად, {i-} + {mu-} + {ba-} (ან {i-} + {ba-}, ან კიდევ: {i-} + {b}) და {i-} + {mu-} + {bi} ({i-} + {bi-}) მორფემული მიმდევრობებიდან, ანუ ივარაუდება ასიმილაციის გზით /b/ > /m/ გადასვლა. სწორედ ამ პროცესის გამომხატველად მიიჩნევენ გემინირებულ /m/ თანხმოვანს, რომლებიც, ამ ანალიზის თანახმად, მიეკუთვნებიან სხვადასხვა მორფემას (ფალკენშტაინი 1950: 182-184; თომსენი 1984: 161; კანევა 1994: 126, 139). აგრეთვე შესაძლებელია {ba-} და {bi-} მორფემათა დაშლაც და მათი მიჩნევა {b-} არაგონიერი მესამე პირის გამომხატველ მორფემად და {a-} დატიური (resp. რეციპიენტისა თუ ბენეფაქტივის ან ადგილობითი) და {i-} ლოკატიური (ან ადგილობით-მიმართულებითი) მნიშვნელობების გამომხატველად; სხვა მიდგომით, ორივე ხმოვანი გამოხატავს დისტანციას მსმენელისა თუ ადრესატისაგან [10, გვ. 180-184; 34, გვ. 106]. ამგვარი შეხედულების თანახმად, საუღლებელი პრეფიქსების მორფემები სამ სხვადასხვა რანგში ექცევა და, შესაბამისად, ფუნქციურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასე, მაგალითად, {i-} პრეფიქსი დამოუკიდებელ რანგში გაჰყავს მ. თომსენს და მის ვარიანტად მიიჩნევს {a-} პრეფიქსს, ხოლო დანარჩენ საუღლებელ პრეფიქსებს ({mu-}, {m-}, {ba-}, {bi-}) ერთ რანგში აერთიანებს [26, გვ. 161].

აღნიშნულ პრეფიქსებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს ა. იაგერსმა, რომელიც მორფემებს აჯგუფებს შინაარსის მიხედვით და მათ ოთხ ჯგუფად ყოფს: ვოკალური პრეფიქსები ({a-} და {i-}), ვენტივის მორფემა {mu-}, საშუალი გვარისა და ირიბი დამატების გამომხატველი {ba-} და ადგილისა და უბრალო დამატების გამომხატველი {bi-} [16, გვ. 286]. როგორც ჩანს, ა. იაგერსმა და სხვა შუმეროლოგებიც {ba-} პრეფიქსს, ერთი მხრივ, განიხილავენ როგორც გვარის გამომხატველ აფიქსად, ხოლო, მეორე მხრივ, არაგონიერი ირიბი დამატების აღმნიშვნელად [16, გვ. 288).

6. შუმერული „საუღლებელი პრეფიქსების“ შედარება ქართული ენის ქცევის გრამატიკულ კატეგორიასთან

ქართული ენის ქცევის გრამატიკულ კატეგორიასთან ტიპოლოგიურ მსგავსებაზე მიუთითა მ. იოსიკავამ, თუმცა იგი მხოლოდ თეორიულად შესაძლებელი შესატყვისობით შემოიფარგლება და შემდეგ თანაფარდობას ადგენს ქართულსა და შუმერულს შორის [29, გვ. 204-205]:

ცხრილი № 1
ქართული და შუმერული პრეფიქსების თანაფარდობა


გრამატიკული მნიშვნელობები შუმერული ქართული
ლოკატივი იენტივი {bi-} საზედაო /ა-/
ვენტივი {imi-}
რეფლექსივი იენტივი {ba-} სასუბიექტო /ი-/
ვენტივი {ima-}
აგენსური ტოპიკალიზებული {mu-} საობიექტო /უ-/
არატოპიკალიზებული {i-}
ნეიტრალური {al-} ნეიტრალური /Ø-/ ან /ა-/

მ. იოსიკავას არ მოჰყავს ქართული მაგალითები, არაფერს ამბობს თუ როგორ იცვლება აქტანტური სტრუქტურა ქცევის მაჩვენებლების ცვლილების შესაბამისად. უფრო მეტიც, არაფერს ამბობს შუმერული აქტანტური ცვლილების შესახებ. მხოლოდ თითოეული პრეფიქსის შინაარსობრივ მხარეზე ლაპარაკობს. მაგრამ ტიპოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა სწორედაც სინტაქსური ცვლილებები, რომლებიც მორფოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებებს უკავშირდება.

ქართული სასუბიექტო ქცევა სინტაქსურად გამოიხატება ორვალენტიანი გარდამავალი კონსტრუქციით, მორფოლოგიურად ‒ /ი-/ პრეფიქსული მორფით, სემანტიკურად ‒ აგენსისა და რეციპიენტის (ან ბენეფაქტივის) კორეფერენციით; შეიძლება მოიცავდეს ავტობენეფაქტიურ, რეციპიენტულ და რეფლექსიურ მნიშვნელობებს:

(6) /ი-/-პრეფიქსიანი ზმნები ქართულში

a. ავტობენეფაქტივი
კაცმა სახლი ა-ი-შენება
b. სხეულზე მოქმედება; ორვალენტიანი
კაცმა ტანსაცმელი ჩა-ი-ცვა
c. სხეულზე მოქმედება; ერთვალენტიანი
კაცმა ი-ბანავა
d. ემოციის გამომხატველი სიტუაცია
კაცმა ი-ტირა
e. სპონტანური მოვლენა; ერთვალენტიანი
ფიცარმა წყალზე ი-ტივტივა

(6a) გამოხატავს ორვალენტიან გარდამავალ ზმნას, რომლეთანაც დაკავშირებულია აგენსი ‒ „კაცმა“ და პაციენსი ‒ „სახლი“. აგენსის გარდა „კაცმა“ ითავსებს ბენეფაქტივის სემანტიკურ როლსაც, რადგანაც პაციენსი განკუთვნილია მისთვის და შედეგი, რომელიც ზმნით გამოხატული მოქმედებით მიიღწევა, უკავშირდება აგენსს. (6b) და (6c) გამოხატავს სხეულზე მოქმედებას, რეფლექსიურობას, ოღონდ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ პირველი მათგანი ორვალენტიანია: აგენსით (კორეფერენტული ბენეფაქტივთან თუ რეციპიენტთან) ‒ „კაცმა“ და თემით (და არა პაციენსით) ‒ „ტანსაცმელი“, ხოლო მეორე ‒ ერთვალენტიანი: აგენსით (რომელიც ამავე დროს პაციენსიც არის). ასევე ერთვალენტიანია ემოციის გამომხატველი სიტუაცია (6d)-ში, რომლის ერთადერთი აქტანტი შეიძლება გავიგოთ როგორც ექსპერიენცერი, ხოლო (6e)-ში წარმოდგენილი მთავარი აქტანტი წარმოადგენს თემას (არც აგენსია და არც პაციენსი), რადგანაც არც თვითონ მოქმედებს და არც პაციენსივით აგენსის სამოქმედოს არ წარმოადგენს.

/ი-/ მორფით გამოიხატება ასევე პასიური ერთვალენტიანი კონსტრუქციაც, რომელიც სემანტიკურად უკავშირდება პაციენსს, თემას, აგენსს (ე. წ. დეპონენსები); გამოხატავს, აპლიკატივის თვალსაზრისით ძირითადად ნეიტრალურ შინაარსს, თუმცა შეიძლება ჰქონდეს ასევე ავტობენეფაქტიური შინაარსიც.

(7) პასიური, ერთვალენტიანი
a. ვნებითი გვარი; ერთვალენტიანი; პაციენსი
წერილი და-ი-წერა
b. ვნებითი გვარი; ერთვალენტიანი; თემა
წერილი გა-ი-გზავნა
c. შესაძლებლობის ვნებითი; ერთვალენტიანი
მწვადი ი-ჭმევა
d. დეპონენსი
კაცი ი-კბინება

(7a) მაგალითი უჩვენებს პროტოტიპურ პასივს, რომელიც აქტივის კონვერსიით მიიღება: აქტივის პირდაპირი დამატება (ტრადიციულად) დაწინაურებულია ქვემდებარემდე. ამგვარი კონვერსიული ოპერაცია ხდება (7b) და (7c) წინადადებაშიც, ოღონდ პირველ მათგანში წარმოდგენილია თემის სემანტიკური როლი პაციენსის ნაცვლად, ხოლო მეორეში ‒ ემატება შესაძლებლობის ნიუანსიც. (7d)-ში ერთადერთი აქტანტი ‒ ქვემდებარე სემანტიკურად წარმოადგენს აგენსს, მიუხედავად იმისა, რომ ზმნა პასივშია. (7a) და (7b) წინადადებებში ზმნები წარმოდგენილია წყვეტილში (resp. აორისტში), ხოლო (7c)-სა და (7d)-ში ‒ აწმყოს ფორმით, რადგან მათ არ მოეპოვებათ წყვეტილის ფორმები.

მიუხედავად იმისა, რომ /ი-/ პრეფიქსიანი ფორმები, ერთი მხრივ, განეკუთვნება პასივს, ხოლო მეორე მხრივ – სასუბიექტო ქცევას (ორი თავისი შინაარსობრივი თავისებურებებითა და ნიუანსებით), ჩვენი მთავარი მიზანია არა იმის დადგენა, თუ რამდენ გრამატიკულ კატეგორიაში ნაწილდება აღნიშნული შინაარსობრივი მახასიათებლები და რამდენი გრამემა თუ დერივატემა გამოიხატება /ი-/ პრეფიქსით, არამედ მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ჰომოფონური მაჩვენებლით შეიძლება გამოიხატოს ერთმანეთისაგან განსხვავებული მნიშვნელობები; შევუდაროთ ისინი შუმერულში /ba-/ პრეფიქსით გამოხატულ მნიშვნელობებს და დავადგინოთ მათი საერთო მახასიათებლები.
შუმერულში /ba-/ პრეფიქსი შეიძლება გამოხატავდეს ერთმანეთისაგან განსხვავებულ მნიშვნელობებს როგორც გარდაუვალ, ისე გარდამავალ ზმნებში:

(8) საშუალი გვარი
a. სხეულზე მოქმედება; ერთვალენტიანი, გარდაუვალი
sipad ud ul-e ba-nu2
sipad=Ø ud ul=e ba-nu-Ø
მწყემსი=ABS დღე შორი=DIR MID-დაწოლა-3SG.S
„ძველ დროს მწყემსი წვებოდა“ (Dumuzid's dream: 15)

b. მოძრაობა; ერთვალენტიანი, გარდაუვალი
unugki-ta dinana ba-da-an-kar
unug=ta inana=Ø ba-da-ni-kar-Ø
ურუქი=ABL ინანა=ABS MID-COM-LOC-გაქცევა-3SG.S
ki-erim2-e ba-ab-ĝen
ki.erim=e ba-bi-ĝen-Ø
მტრის.ტერიტორია=DIR MID-LOC-სვლა-3SG.S
„ინანამ მიატოვა ურუქი და წავიდა მტრის ტერიტორიაზე“ (The lament for Sumer and Urim: 150)

c. ემოცია; ორვალენტიანი, გარდამავალი
šag4-ba en-me-er-kar2 dumu dutu-ke4 ni2
šag=bi=a enmerkar dumu utu=ak=e ni=Ø
შუაგული=3.PL.POSS=LOC ენმერქარი შვილი უთუ=GEN=ERG შიში=ABS
ba-ni-in-te zi ba-ni-in-ir
ba-ni-n-te-Ø zi=Ø ba-ni-n-ir-Ø
MID-LOC-3SG.P.A-მიახლოება-3SG.P სუნთქვა=ABS MID-LOC-3SG.H.A-ROOT-3SG.P
za-pa-aĝ2-bi ba-ni-in-BAD
zapaĝ=bi=abs ba-ni-n-BAD
ხმაური=DEM=ABS MID-LOC-3SG.H.A-?
„მათ შორის უთუს შვილი ენმერქარი შეშინებული, შეწუხებული და აღელვებული იყო მოულოდნელობისაგან“ (Lugalbanda and the Anzud bird: 268-269)

d. ავტობენეფაქტივი; ორვალენტიანი, გარდამავალი
ĝuruš-e ud tur-ra-na-ka dam
ĝuruš=e ud tur=ani=ak=a dam=Ø
კაცი=ERG დღე პატარა=3.SG.H=GEN=LOC მეუღლე=ABS
ba-tuku-tuku-u2-a
ba-n-tuku~tuku-e-a
MID-3SG.H.P-მოპოვება~INT-3SG.A.IPFV-NMLZ
„ახალაგზარდა კაცი დაქორწინდა“ (Proverbs: collection 19: 16)

e. სპონტანური მოვლენები; ერთვალენტიანი, გარდაუვალი
ḫur-saĝ galam kad5-dam a-e ba-dirig
ḫur.saĝ=Ø galam kad=Ø=am a=e ba-dirig-Ø
მთა=Ø დახელოვნებული დაბმა=abs=ყოფნა.3SG წყალი=DIR MID-ტივტივი-3SG.S
„ხელოვნურად აშენებული მთა არის, რომელიც ტივტივებს წყალში“ (Enki's journey to Nibru: 74)

საშუალი გვარის ზმნები შეიძლება იყოს როგორც ერთ-, ასევე ორვალენტიანი, როგორც გარდამავალი, ასევე გარდაუვალი.

ზემოწარმოდგენილი ორვალენტიანი ზმნები ((8c) და (8d)) თავისი სტრუქტურით არ განსხვავდება აქტიური გვარის ზმნებისაგან. აქტიურ და მედიალურ ზმნებთან დაკავშირებული აქტანტების რაოდენობა შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს: ქვემდებარე (სემანტიკურად ‒ აგენსი) გამოხატული არის ერგატიული ბრუნვით, ხოლო პირდაპირი დამატება (სემანტიკურად ‒ პაციენსი) ‒ აბსოლუტიური ბრუნვით. (8c) წინადადებაში სახელური ფრაზა en-me-er-kar2 dumu dutu-ke4 „უთუს შვილი ენმერქარი“ გაფორმებულია ერგატიული ბრუნვით, ხოლო ni2 „შიში“ და zi „სუნთქვა“ აბსოლუტიური ბრუნვით, აბსოლუტივში მდგარი ორივე სახელი წარმოადგენს რთული (compound) ზმნის სახელურ ნაწილს, ამიტომ თარგმანში მოცემულია ერთვალენტიანი გარდაუვალი პასიური ზმნები, ხოლო შუმერულში ‒ ორვალენტიანი გარდამავალი ზმნები. ასეთივე სტრუქტურის წინადადებაა მოცემული (8d)-ში, რომელიც თარგმანში ერთვალენტიანია ‒ „იქორწინა“, მაგრამ შუმერულში სხვაგვარად არის გააზრებული: „დაქორწინება“ უკავშირდება „ცოლის მოპოვებას“. ერთვალენტიან ზმნებს (მაგალითები: (8a), (8b), (8e)) აქტანტი უკავშირდება სახელობით ბრუნვაში, ზმნა კი დაირთვას /ba-/ პრეფიქსს.
მოცემული მაგალითების გათვალისწინებით ქართული /ი-/ პრეფიქსი და შუმერული /ba-/ პრეფიქსის ტიპოლოგიურ მსგავსებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ: 1. ორივე მათგანი დაერთვის როგორც გარდამავალ, ასევე გარდაუვალ ზმნას; 2. გამოხატავენ ავტობენეფაქტიურ/სასუბიექტო შინაარსს; 3. გამოხატავენ რეფლექსიურობას/სხეულზე მოქმედებას; 4. დაერთვის ემოციურ შინაარსისა და სპონტანური მოვლენების გამომხატველ ზმნებს; 5. ორივე მათგანი შეიძლება მივიჩნიოთ პასიურობის გამომხატველ პრეფიქსად.

მსგავსებების გარდა არსებობს განსხვავებებიც: ქართულში მოძრაობის გამომხატველ ზმნებს დაერთვის ზმნისწინი, რომელსაც ეკისრება დეიქტიკური ფუნქცია, ხოლო შუმერულში /ba-/ პრეფიქსს გამოხატავს ამავე ფუნქციას. არ მოგვეპოვება შუმერულის მაგალითები დეპონენსური ფუნქციით თუ შესაძლებლობის/პოტენციალისის შინაარსით.

ასევე ტიპოლოგიური მსგავსება შეიძლება დავინახოთ ლოკატიური {bi-} და ქართულ {ა-} ლოკატიურ აპლიკატივს (resp. საზედაო) შორის. ეს პრეფიქსები ეთანადება ერთმანეთს შინაარსობრივად: ორივე გამოხატავს ადგილს, სადაც ხდება მოქმედება, მაგრამ სინტაქსურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: ქართულში აქტანტი დგას დატივში, ხოლო შუმერულში ‒ ერთ-ერთ ადგილობით ბრუნვაში (ლოკატივი, დირექტივი) და სინტაქსურად უბრალო დამატების ფუნქციით უნდა იყოს დატვირთული და არა ირიბი დამატების:

(9) ლოკატივის მაჩვენებელი შუმერულში

a. ლოკატიური ბრუნვა; გარდამავალი
munus-e ĝiš šu-na li-bi2-in-du
munus=e ĝiš=Ø šu=ani=a li-bi-n-du-Ø
ქალი=ERG ხე=ABS ხელი=3SG.H.POSS=LOC NEG-MID.LOC-3SG.H.A-დარგვა-3SG.P
ĝiri3-ni-ta bi2-in-du
ĝiri=ani=ta bi-n-du-Ø
ფეხი=3SG.H.POSS=ABL MID.LOC-3SG.H.A-დარგვა-3SG.P
„ქალმა დარგო ხე თავისი ფეხებით, მაგრამ არა თავისი ხელებით“ (Gilgameš, Enkidu and the nether world: 36)

b. ლოკატიური ბრუნვა; გარდამავალი
lugal […] mu-sar-ra-ba šu bi2-ib2-ra-a
lugal=e musara=bi=a šu=Ø bi-b-ra-e
მეფე=ERG სამეფო.წარწერა=3SG.N.POSS=LOC ხელი=ABS MID.LOC-3SG.N.P-დარტყმა-3SG.A.IPFV

mu-ni bi2-ib2-sar-a
mu=ani=Ø bi-b-sar-e
სახელი=3SG.H.POSS=ABS MID.LOC-3SG.N.P-წერა-3SG.A.IPFV
„თუ მეფე [...] გადაშლის წარწერას და წააწერს თავის სახელს“ (A dedication of a statue (Išme-Dagan S): 29-30)

c. დირექტიული ბრუნვა; გარდამავალი
ĝiškiši16 kur-ra-ke4 bi2-in-du-e-en
kiši kur=ak=e bi-n-ĝen-en
აკაცია მთა=gen=dir LOC-3SG.H.A-სვლა-1SG.P
„მან გამატარა მთის ეკლიან ბუჩქებში“ (The exaltation of Inana (Inana B): 106)

d. არ უკავშირდება ლოკატივს
den-ki-ke4 tur3 amaš šu
enkik=e tur=ra amaš=ra šu=Ø
ენქი=ERG ბოსელი=DAT ფარეხი=DAT ხელი=ABS
bi2-in-daĝal sipad unud
bi-n-daĝal-Ø sipad=Ø unud=Ø
MID.LOC-3SG.H.A-ფართო-3SG.P მეცხვარე=ABS მეძროხე=ABS
bi2-in-tuku
bi-n-tuku
MID.LOC-3SG.H.A-მომარაგება-3SG.P
ენქიმ შექმნა ფარეხი და ბოსელი და მოამარაგა მეცხვარეებითა და მეძროხეებით“ (The debate between Bird and Fish: 9)

როგორც მაგალითებიდან ჩანს, შუმერულის {bi-} პრეფიქსი ძირითადად უკავშირდება წინადადებაში ლოკატიურ ბრუნვებში (ლოკატივი, დირექტივი) მდგარ სახელს, მაგრამ ქართულისაგან განსხვავებით, არ იწვევს სახელური ლოკატიური ბრუნვიდან დატივში ცვლილებას (9a)-(9c). ყველა ზემოწარმოდგენილი წინადადება გარდამავალია (ქვემდებარე დგას ერგატიულ ბრუნვაში, ხოლო პირდაპირი დამატება ‒ აბსოლუტიურ ბრუნვაში), რადგანაც ვერ მოვიძიეთ გარდაუვალი ზმნა {bi-} პრეფიქსით. საერთოდაც რთული გადასაჭრელია {bi-} პრეფიქსთან დაკავშირებული პრობლემა: არსებობს ბევრი სხვა წინადადებაც, რომელშიც სახელი ერთ-ერთ ლოკატიურ ბრუნვაშია წარმოდგენილი, მაგრამ ზმნა არ დაირთავს {bi-} პრეფიქსს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მართლა უკავშირდება თუ არა მოცემული პრეფიქსი ლოკატიურობას, თანაც იმგვარად, რომ არ იწვევს სახელურ ფრაზაზე დართული ბრუნვის მაჩვენებლის ცვლილებას. ამ თვალსაზრისით, ქართულისაგან განსხვავებით, (9) მაგალითში მოცემული ლოკატიური სახელური ფრაზები არ უნდა მივიჩნიოთ აქტანტებად, რადგანაც ჩვენთვის ერთ-ერთი ამოსავალი დებულებაა, რომ ფორმალურად სახელი უნდა იდგეს ერთ-ერთ ძირითად ბრუნვაში (ერგატივი, აბსოლუტივი, დატივი), რადგანაც ისინი გრამატიკულ-სემანტიკური პრიმიტივების მიხედვით პროტოტიპურ ბრუნვებს წარმოადგენენ; სხვა მხრივ კი თეორიულად შესაძლებელია, რომ ზმნას არააქტანტიც (უბრალო დამატება, სირკონსტანტი) შეუთანხმდეს, მაგ., რუნდი ენაში (ბანტუ ენათა ოჯახი) ზმნას ერთდროულად ეთანხმება ქვემდებარე, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება და ადგილის გარემოება [36, გვ. 278]. ქართულში კი ბრუნვის მაჩვენებელს ცვლის: ლოკატიურის ნაცვლად სახელი გამოიხატება მიცემითი ბრუნვით.

(10) საზედაო (ლოკატიური) აპლიკატივი ქართულში
a. მეგობარმა წერილს მისამართი და-ა-წერა
c. კაცს თავზე ნაგავი და-ა-ყარეს
d. კაცს თავზე ბუზი და-ა-ჯდა

თუმცა (40b) და (40c) წინადადებებში წარმოდგენილია ლოკატიური თანდებულით გაფორმებული სიტყვაფორმა „თავზე“, მიუხედავად ამისა, უნდა ვიფიქროთ, რომ როგორც აპლიკატივის სხვა მაჩვენებლები, ასევე საზედაო ქცევასაც შემოჰყავს ახალი აქტანტი, რადგანაც ზმნები „დაყარეს“ და „დაჯდა“ ერთით ნაკლებ აქტანტს უკავშირდებიან, ვიდრე „დააყარეს“ და „დააჯდა“, ამიტომ ვალენტობის მაჩვენებლით განსხვავდება ქართული /ა-/ პრეფიქსი და შუმერული {bi-}.

{i-} პრეფიქსი შეიძლება შევადაროთ იმ /ა-/ მორფს, რომელიც ქართულში გამოხატავს ნეიტრალურ ქცევას. როგორც შუმეროლოგთა ზემომოყვანილი შეხედულებებიდან ჩანს, {i-} პრეფიქსი გამოიხატება მაშინ, როდესაც არ ჩანს დამოკიდებულება ვენტიურობასა და იენტიურობას შორის, როდესაც არ გამოიხატება მედიალური გვარი. აღნიშნული სუფიქსი შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც გარდამავალ, ასევე გარდაუვალ ზმნებში. (11)-ში წარმოდგენილია როგორც გარდაუვალი (i3-gub-be2-en „დგომა“), ასევე გარდამავალი ზმნები (ib2-laḫ4-laḫ4-e „ტარება“). ორივე მათგანი ნეიტრალური {i-} პრეფიქსით არის გაფორმებული:

(11) {i-}-პრეფიქსიანი გარდაუვალი და გარდამავალი ზმნები
mu inim lugal-ĝa2-ke4 i3-gub-be2-en
mu inim lugal=ĝu=ak=e i-gub-e-en
სახელი სიტყვა მეფე=1SG.POSS=GEN=DIR NEUT-დგომა-IPFV-1SG.S
ĝištukul ib2-laḫ4-laḫ4-e
tukul=Ø i-b-laḫ~laḫ-e
იარაღი=ABS NEUT-3SG.N.P-ტარება~INT-3SG.H.A.IPFV
„ვდგავარ ჩემი მბრძანებლის სახელისა და სიტყვის განკარგულებაში, ასე რომ მოვიტან იარაღს (Letter from Šarrum-bāni to Šu-Suen about keeping the Martu at bay: 41)

ასევე ნეიტრალური მნიშვნელობა მოეპოვება {al-} პრეფიქსსაც, რომელიც ძირითადად დასტურდება სტატიკურ ზმნებთან, მაგრამ გარდამავალ დინამიკურ ზმნებთანაც არ არის მისი თანახმარება აკრძალული.

(12) {al-}-პრეფიქსიანი
ugamušen-aš u3-mu-ni-in-kur9 gu3 al-de2-de2-e
uga=eš u-mu-ni-n-kur-Ø gu=Ø al-de~de-e
ყორანი=ADV ANT-VENT-LOC-3SG.H.A-გადაქცევა-3SG.P ხმა=ABS NEUT-დაღვრა~INT-3SG.A.IPFV
„ის გადაიქცა ყორნად და აჩხავლდა“ (Enlil and Nam-zid-tara: 13-14)

(12) წინადადების u3-mu-ni-in-kur9 ზმნა (რომლის ძირითად მნიშვნელობად მითითებულია „შესვლა“ და კონტექსტის მიხედვით ითარგმნება როგორც „გადაქცევა“) განმარტებას საჭიროებს: თარგმანში მოცემულია ერთვალენტიანი გადაქცევა, მაგრამ ზმნა ნამდვილად ორვალენტიან გარდამავალ სიტუაციას გამოხატავს: /-kur-/ ძირეული მორფის წინ დადასტურებული /n-/ პრეფიქსი ვერ გაიგება როგორც გარდაუვალ ზმნებში გამოვლენილი {ni-} ლოკატიური პრეფიქსის ალომორფი /n-/, რადგანაც მოცემულ ზმნაში /ni-/ ალომორფი უკვე წარმოდგენილია და ერთი და იმავე რანგისა და ერთი და იმავე მნიშვნელობის პრეფიქსი ერთდროულად ენობრივი ნორმების მიხედვით შეუძლებელია, რომ გამოვლინდეს ერთსა და იმავე სიტყვაფორმაში. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს (წინამავალ წინადადებას), აღმოჩნდება, რომ ღმერთი ენლილი წარმოდგენს აგენსს, რომელიც იერსახეს უცვლის პაციენსს, ამიტომაც kur9 „გადაქცევა“ ზმნის აგენსადაც „ენლილი“ უნდა მივიჩნიოთ და, აქედან გამომდინარე, /n-/ პრეფიქსული მორფის არსებობაც მოულოდნელი და გამონაკლისი აღარ იქნება.

რადგანაც (12) წარმოდგენილი al-de2-de2-e „დაღვრა“, ვფიქრობთ, უნდა ითარგმნოს როგორც „აჩხავლდა“ (ინქოატიური ნიუანსით) და არა „ჩხაოდა“ (დურატიული (resp. განგრძობითი ასპექტით)), რადგანაც {al-} პრეფიქსს შესაძლებელია, რომ ჰქონდეს ამგვარი ინქოატიური ‒ მოქმედების საწყისი ეტაპის გამომხატველი მნიშვნელობაც და შეიძლებოდა გლოსირებისასაც აღგვენიშნა და განგვესხვავებინა {i-} პრეფიქსისაგან.

ასევე მ. იოსიკავა ამ სუფიქსის თანახმარებას სტატიკურ ზმნებთან მიიჩნევს მისი ნეიტრალურობიდან გამომდინარე [29, გვ. 205], მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ სტატიკური ზმნა ნეიტრალურ პრეფიქსთან კომბინირებდეს (ამისი მაგალითები ქართულშიც და შუმერულშიც დასტურდება).

ქართული /ა-/ პრეფიქსი გამოხატავს ნეიტრალურ დამოკიდებულებას ბენეფაქტიურობასთან მიმართებით, როდესაც ზმნა არ გამოხატავს არც სასუბიექტო და არც საობიექტო ქცევას. მოცემული პრეფიქსი არ გამოიყენება გარდაუვალ ზმნებთან. გარდაუვალ ზმნებში ნეიტრალურობა შეიძლება გამოხატოს /Ø-/ პრეფიქსმა ზმნათა ერთ წყებაში, ხოლო დანარჩენ ზმნებში ‒ /ი-/ პრეფიქსმა:
(13) კაცი სახლს ა-შენებს
კაცი წერილს Ø-წერს
კაცი Ø-დგას
წერილი ი-წერება

მსგავსება ქართულსა და შუმერულ პრეფიქსებს შორის არის მისი ნეიტრალური დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ერთი მხრით, სასუბიექტო ~ საობიექტო (ქართულში), ხოლო, მეორე მხრით, ვენტივი ~ იენტივი, ვნებითი ~ მედიალური (შუმერულში). {i-} პრეფიქსი გამოიყენება როგორც გარდამავალ, ასევე გარდაუვალ კონსტრუქციებში, განსხვავებით ქართული პრეფიქსისაგან, რომელიც მხოლოდ გარდამავალ ზმნებს დაერთვის; ქართული პრეფიქსი შეიძლება ერთსა და იმავე მორფემულ რანგში გაერთიანდეს ქცევის გრამატიკული კატეგორიის სხვა მაჩვენებლებთან (სასუბიექტო ‒ /ი-/, საობიექტო ‒ /უ-/), ხოლო შუმერული ვოკალური პრეფიქსი, ზოგიერთი ანალიზის მიხედვით, სხვა რანგით აღინიშნება (მ. თომსენი, ა. იაგერსმა), და ამიტომ შეიძლება ვერც კი შედიოდეს ოპოზიციაში სხვა ე. წ. „საუღლებელ“ პრეფიქსებთან.

არ უნდა იყოს მართებული მ. იოსიკავასეული მოსაზრება {mu-} და {i-} პრეფიქსთა დაკავშირების შესახებ ქართულ საობიექტო ქცევასთან [29, გვ. 204-205]. ქართული საობიექტო ქცევის მაჩვენებელი /უ-/ პრეფიქსი დასტურდება როგორც გარდამავალ (14a), ასევე გარდაუვალ ზმნებში (14b). ამასთანავე იგი აუცილებლობით მოითხოვს ირიბ დამატებას (სემანტიკურად ‒ რეციპიენტი ან ბენეფაქტივი) და გარდამავალი ზმნა იქნება სამვალენტიანი (14a), ხოლო გარდაუვალი (14b) ‒ ორვალენტიანი. შუმერული {mu-} და {i-} შეიძლება დაუკავშირდეს როგორც გარდამავალ ორ- და სამვალენტიან ზმნებს, ასევე გარდაუვალ ერთვალენტიან ზმნებს (განსაკუთრებით {i-} პრეფიქსი):

(14) საობიექტო (ბენეფაქტიური) აპლიკატივი ქართულში
a. კაცმა მეგობარს სახლი ა-უ-შენა
b. კაცი მეგობარს მი-უ-ჯდა

(15) {mu-}-პრეფიქსიანი ფორმები
a. სამვალენტიანი
lugal-ra kur nu-še-ga-ni
lugal=ra kur=Ø nu- šeg.a=ani
მეფე=DAT მთიანი.მიწა=ABS NEG-თანხმობა=3SG.H.POSS
mu-na-gul-gul-le
mu-n-a-b-gul~gul-e
VENT-3SG.H-R-3COL.N.P-განადგურება~INT-3SG.A.IPFV
„ის ანადგურებს ყველა მტრულ მიწას, რომლებიც ემორჩილებიან მას“ (A šir-gida to Martu (Martu A): 21)
b. ორვალენტიანი
lugal-e iri mu-gul-la-ta
lugal=e iri=Ø mu-n-gul-Ø-a=ta
მეფე=ERG ქალაქი=ABS VENT-3SG.H.A-განადგურება-3SG.P-NMLZ=ABL
bad3 mu-sig10-ga-ta
bad=Ø mu-n-sig-Ø-a-ta
გალავანი=ABS VENT-3SG.H.A-მოთავსება-3SG.P-NMLZ-ABL

„მას შემდეგ, რაც მეფემ ქალაქები გაანადგურა და ქალაქის გალავნები დაანგრია“ (A praise poem of Šulgi (Šulgi D): 344)

როგორც (15a), ისე (15b) წინადადებათა ზმნებში წარმოდგენილია {mu-} პრეფიქსი (რომელიც გლოსირებულია როგორც ვენტივი), რადგან (15b) ორვალენტიანი ზმნაა (ერგატიული lugal-e „მეფემ“ და აბსოლუტიური iri „ქალაქი“ აქტანტებით და პირის ნიშნებით, რომლებიც ეთანხმებიან მოცემულ აქტანტებს), ხოლო (15a) გამოხატავს იმავე ზმნური ძირით ნაწარმოებ სამვალენტიან ზმნას დატიური აქტანტით და ზმნაში გამოხატული სამივე აქტანტის პირის მაჩვენებლით. აქედან გამომდინარე, {mu-} პრეფიქსი შეიძლება მოიპოვებოდეს როგორც ორვალენტიან, ასევე სამვალენტიან გარდამავალ ზმნაში; ამიტომ მას ვერ მივიჩნევთ ბენეფაქტიური აპლიკატივის მაჩვენებლად და ქართული საობიექტო ქცევის მაჩვენებლის ტიპოლოგიურად მსგავს აფიქსად.

7. დასკვნა
აქტანტური დერივაცია შუმერულში შესაძლებელია იყოს მორფოლოგიურად მარკირებული. მათ შორის გავრცელებული საშუალებაა მედიალური (საშუალი) გვარი, რომელიც გამოიხატება {ba-} და {ima-} პრეფიქსებით. შინაარსობრივად შეიძლება გამოხატოს რეფლექსიურობა/სხეულზე მოქმედება, ავტობენეფაქტივი (resp. სასუბიექტო ქცევა); დაერთვის ემოციის, მოძრაობის, სპონტანური მოქმედებების გამომხატველ ზმნებს. ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატავს პასიურ გვარს, რომელიც უპირისპირდება {mu-} პრეფიქსით გამოხატულ აქტიურ გვარს. ასევე კაუზატივის (რომელზეც მიუთითებენ, რომ მხოლოდ სინტაქსურად ახალი აქტანტის ‒ კაუზატორის შემოტანით გამოიხატება) მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ {mu-} პრეფიქსი, რადგანაც გარდაუვალი ზმნისგან კაუზატორის საშუალებით ნაწარმოები გარდამავალი ორვალენტიანი ზმნა სწორედაც {mu-} პრეფიქსის საშუალებით გამოიხატება, რომლის გარდაუვალი კორელატი {ba-} ან {ima-} პრეფიქსით შეიძლება იყოს გაფორმებული. ნებისმიერ შემთხვევაში პასიური თუ კაუზატიური ცვლილებები აქტანტურ სტრუქტურაშიც აისახება: ქვემდებარე, რომელიც გარდამავალ კონსტრუქციაში ერგატივით არის გაფორმებული, პასივში კი საერთოდ არ გამოიხატება, პირდაპირი დამატება, რომელიც ფორმდება აბსოლუტიური ბრუნვით, გარდაუვალ ზმნაში იძენს გარდაუვალი ზმნის ქვემდებარis ფუნქციას, კვლავ აბსოლუტიური ბრუნვით გამოიხატება; ხოლო კაუზატიურ კონსტრუქციაში ახალი აქტანტი ‒ კაუზატორი ერგატიული ბრუნვით ფორმდება.

{bi-} და {imi-} პრეფიქსები შინაარსობრივად კი გამოხატავენ ლოკატივს, მაგრამ ზმნაზე მათი დართვა არ იწვევს ბრუნვის ცვლილებას სახელურ ფრაზებში, რომლებიც შეიძლება გამოიხატონ ლოკატივით, დირექტივით და ა. შ. ბრუნვებით. აქტანტთა მაჩვენებლად მისაღებია იმ ბრუნვათა ნიშნები, რომლითაც გამოიხატება აგენსი, პაციენსი, თემა, რეციპიენტი და ბენეფაქტივი პროტოტიპურ შემთხვევებში (ერგატივი, აბსოლუტივი და დატივი). ამიტომ აღნიშნული პრეფიქსები შეიძლება დავუკავშიროთ მხოლოდ უბრალო დამატებას ან ადგილის გარემოებას.

თუ {ba-} პრეფიქსს ტიპოლოგიურად დავუკავშირებთ ქართულ /ი-/ ზმნურ პრეფიქსს, მაშინ, ერთი მხრით, უნდა გავიზიაროთ მ. იოსიკავასეული მიდგომა, რომ გარდამავალ ზმნებში აღნიშნული პრეფიქსი იწვევს ვალენტობის კლებას (დატივში მდგარი სახელი არ გამოიხატება), ანუ რეფლექსიურობისა თუ ავტობენეფაქტივის შემთხვევაში ხდება აგენსისა და ბენეფაქტივის/რეციპიენტის რეფერენციული იდენტიფიკაცია და სინტაქსური საშუალებით მხოლოდ ორი აქტანტი გამოიხატება (ისევე როგორც ეს ხდება ქართულში). როდესაც {ba-} პრეფიქსი გამოხატავს პასივს, მაშინ, ქართულის მსგავსად, ქვეითდება (ან საერთოდ ქრება) აგენსი.

{i-} პრეფიქსი შეიძლება ტიპოლოგიურად ნაწილობრივ დავუკავშიროთ ქართულ /ა-/ ნეიტრალური ქცევის გამომხატველ პრეფიქსს, რადგანაც შუმერულში მოცემული პრეფიქსი ვლინდება როგორც გარდამავალ, ასევე გარდაუვალ ზმნებში, ხოლო ქართულში ‒ მხოლოდ გარდამავალში.

{bi-} პრეფიქსი შინაარსობრივად შეიძლება დავუკავშიროთ /ა-/ ლოკატიურ (resp. საზედაო, სიურექტიულ) ზმნურ მაჩვენებელს, ოღონდ მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ქართულში ზმნაზე მოცემული პრეფიქსის დართვა იწვევს აქტანტური მაჩვენებლების ცვლას: ლოკატიური თანდებული იცვლება დატივის მაჩვენებლით, ხოლო შუმერულში არ ხდება მსგავსი ცვლილება.

ამგვარად, ჩვენ განვიხილეთ შუმერული ე. წ. „საუღლებელი პრეფიქსები“, რომლებიც უკავშირდება აქტანტურ დერივაციას და შეიძლება აპლიკატივის გარკვეულ სახეობად მივიჩნიოთ, მაგრამ ასევე შუმეროლოგიურ ლიტერატურაში მოცემული პრეფიქსები (განსაკუთრებით {ba-} და ასევე {ima-}, თუ მას ერთ მორფემად და არა მორფემულ მიმდევრობად მივიჩნევთ) განიხილება საშუალი გვარის მაჩვენებლად. ამ პრეფიქსების შედარება ქართული ენის ქცევის გრამატიკული კატეგორიის მაჩვენებლებთან იძლევა ახალ შესაძლებლობას ტიპოლოგიურად განვიხილოთ შუმერული და ქართული ენის გარკვეული გრამატიკული კატეგორიები და ასევე შეიძლება საკითხი წამოვჭრათ იმის შესახებ, რომ ზოგადტიპოლოგიური კატეგორიები აპლიკატივი და საშუალი გვარი კუმულაციურად ერთი გრამატიკული კატეგორიის მაჩვენებლებით გამოიხატებოდეს კონკრეტულ ენაში.

ერთი შეხედვით მწყობრი ქვესისტემის (მედიალური და აპლიკატიური მნიშვნელობებით) არსებობის მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული მაგალითები ქვესისტემის გარეთ რჩება (ან არ ხდება აქტანტური დერივაცია, ან კიდევ აქტანტური დერივაციის დროს არ იცვლება მორფოლოგიური მაჩვენებელი, ან სულაც შინაარსობრივად აქტანტი და რომელიმე კონკრეტული პრეფიქსი არ შეესატყვისება). ამგვარი გამონაკლისების ახსნა ხშირად რთულია (ან შუმეროლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულაც შეუძლებელია კონკრეტული ენობრივი სტრუქტურების აღქმა თანამედროვე ენათმეცნიერული მიდგომებით, ან კიდევ გადამწერის უბრალო შეცდომის გამო შეიძლება კვლევა-ძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდეს), რადგანაც შეუძლებელია ნებისმიერი ჰიპოთეზის გადამოწმება ინფორმანტებთან იმ სულ უბრალო მიზეზის გამო, რომ შუმერული ე. წ. „მკვდარი ენების“ რიცხვს განეკუთვნება.

 

ბიბლიოგრაფია:
1. Dixon, R. M. W., and Aikhenvald, A. Y., Introduction. Changing Valency: Case studies in transitivity. Edited by R. M. W. Dixon and A. Y. Aikhenvald. Research Centre for Linguistic Typology, Le Trobe University, Melbourne. Cambridge: Cambridge University Press, 2000
2. Black, J.A., Cunningham, G., Ebeling, J., Flückiger-Hawker, E., Robson, E., Taylor, J., and Zólyomi, G., The Electronic Text Corpus of Sumerian Literature (http://etcsl.orinst.ox.ac.uk/), Oxford 1998–2006
3. Bresnan, J., Asudeh, A., Toivonen, I., & Wechsler, S., Lexical-Functional Grammar. Second Edition. Blackwell Textbooks in Linguistics. Wiley Blackwell, 2016
4. Civil, M., The Sumerian Writing System: Some Problems: Orientalia, Nova Series, Vol. 42, 1973
5. Comrie, B., Language Universals and Linguistic Typology: Syntax and Morphology. Second Edition. Oxford UK and Cambridge USA: Blackwell Publishers, 1989
6. Dalrymple, M., Lexical Functional Grammar. Syntax and Semantix. Volume 34. San Diego/London: Academic Press, 2001
7. Diakonoff, I., Ancient Writing and Ancient Written Languages: Pitfalls and Peculiarities in the Study of Sumerian, Sumerological Studies in Honor of Thorkild Jacobsen on his Seventieth Birthday, June 7, 1976, AS. vol. 20
8. Dixon, R. M. W., Basic Linguistic Theory, Volume 2: grammatical Topics. Oxford: Oxford University Press, 2010
9. Dixon, R. M. W., Basic Linguistic Theory, Volume 3: Further Grammatical Topics. Oxford: Oxford Unviersity Press, 2012
10. Falkenstein, A., Grammatik der Sprache Gudeas von Lagaš, I, Schrift und Formenlehre, Analecta Orientalia, Commentationes Scientificae de Rebus Orientis Antiqui, 28, Pontificum Institutum Biblicum, Roma, 1949
11. Falkenstein, A., Grammatik der Sprache Gudeas von Lagaš, II, Syntax, Analecta Orientalia, Commentationes Scientificae de Rebus Orientis Antiqui, 29, Pontificum Institutum Biblicum, Roma, 1950
12. Farrell, P., grammatical Relations. Oxford Surveys in Syntax and Morphology. Oxford: Oxford University Press, 2005
13. Foxvog, D. A., Introduction to Sumerian Grammar, University of California at Berkeley, revised edition, 2016
14. Haspelmath, M., On S, A, P, T and R as comparative concepts for alignment typology. Linguistic Typology 15, 2011
15. Hayes, J. L., A Manual of Sumerian Grammar and Texts, Second Revised and Expanded Edition, Aids and Research Tools in Ancient Near Eastern Studies, 5, Undena Publications, Malibu, 2000
16. Jagersma, A. H., A Descriptive Grammar of Sumerian, PH. D. Dissertation, Leiden, 2010
17. Kemmer, S., The Middle Voice, Typological Studies in Language, volume 23, John Benjamins Publishing Company, Amsterdam/Philadelphia, 1993
18. Klaiman, M. H., Grammatical Voice. Cambridge Studies in Linguistics 59. Cambridge: Cambridge University Press, 1991
19. Kulikov, L., Middle and Reflexive, The Bloomsbury Companion to Syntax, Edited by Silvia Luraghi and Claudia Parodi, Bloomsbury Academic, London/New Delhi/New York/Sydney, 2013
20. Kulikov, L., Voice Typology. The Oxford Handbook of Linguistic Typology. Oxford: Oxford University Press, 2011
21. Malchukov, A., Haspelmath, M., & Comrie, B., Ditransitive Construction: A typological Overview. In Studies in Ditransitive Constructions: A Comparative Handbook. Andrej Malchukov, Martin Haspelmath, Bernard Comrie (Eds.). Berlin/New York: Muton De Gryiter, 2010
22. Mel’čuk, I., Aspects of the Theory of Morphology. Trends in Linguistics: Studies and Monographs 146. Berlin/New York: Mouton de Gruyter, 2006
23. Palmer, F. R., Grammatical roles and Relations. Cambridge Textbooks in Linguistics. Cambridge: Cambridge University Press, 1994
24. Smith, E. J. M., Query-based Annotation and the Sumerian Verbal Prefixes: A thesis submitted in conformity with the requirements for the degree of Doctor of Philosophy, University of Toronto, 2010
25. Sneddon, J. N., Indonesian: a Comprehensive Grammar. London/New York: Routledge, 1996
26. Thomsen, M.-L., The Sumerian Language: An Introduction to its History and Grammatical Structure, 3rd edition, Mesopotamia: Copenhagen Studies in Assyriology, Volume 10, Akademisk Vorlag, Copenhagen, 1984 [reprint 2001]
27. Van Valin, R. D., Jr., An Introduction to Syntax. Cambridge: Cambridge Unviersity Press, 2001
28. Woods, C., The Grammar of Perspective: The Sumerian Conjugation Prefixes as a System of Voice, Brill, Leiden – Boston, 2008
29. Yoshikawa, M., The Sumerian Verbal Prefix al-, Acta Sumerologica, Supplementary Series, vol. 1, The Middle Eastern Center in Japan, Hiroshima, 1993M
30. Yoshikawa, M., Sumerian ventive and Inetive, Acta Sumerologica, Supplementary Series, vol. 1, The Middle Eastern Center in Japan, Hiroshima, 1993K
31. Zólyomi, G., An Introduction to the Grammar of Sumerian, with the collaboration of Szilvia Jáka-Sövegjártó and Melinda Hagymássy, Eötvös Loránd University, Eötvös University Press, Budapest, 2017
32. Zólyomi, G., Voice and Topicalization in Sumerian, Bölcsészdoktori disszertáció, Budapest 1993
33. Дьяконов, И. М., Языки Древней Передней Азии, Главная редакция восточной литературы, издательство «Наука», Москва, 1967
34. Канева, И. Т., Шумерский язык, Российская Академия Наук, Институт Востоковедения, Санкт-Петербургский Филиал, Центр «Петербургское Востоковедение», Санкт-Петербург, 1996
35. Кибрик, А. А., Плунгян, В. А., Функционализм. Современная американская лингвистика: фундаментальные направления. Под редакцией А. А. Кибрика, И. М. Кобозевой, И. А. Секериной. Издание второе (стереотипное). Москва. Издательство «Книжный дом “ЛИБРОКОМ”», URSS, 2009 [2016]
36. Мельчук, И. А., Курс общей морфологии, том II, часть вторая: Морфологические значения, «Языки Русской Культуры», Wiener Slawistischer Almanach, Sonderband 38/2, Москва ‒ Вена, 1998
37. В. А. Плунгян, Введение в грамматическую семантику: граммати¬чес¬кие значения и грамматические системы языков мира, Москва, 2011
38. Теньер, Л., Основы структурного синтаксиса. Серия “Языковеды мира”. Москва: издательство «прогресс», 1988
39. ასათიანი, რ., ზმნური ხმოვანპრეფიქსების ფუნქციები ქართველურში: ვერსია და კაუზაცია, კრებულში ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის პრობლემები, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016
40. ბარათაშვილი, ზ., ქცევის კატეგორიის გრამატიკული მნიშვნელობები ქართულში, ტიპლოგიური ძიებანი, №7, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, გამომცემლობა „ქართული აკადემიური წიგნი“, 2015
41. გოგოლაშვილი, გ., არაბული, ა., სუხიშვილი, მ., მანჯგალაძე, მ., ჭუმბურიძე, ნ., ჯორბენაძე, ნ., თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია: სალიტერატურო ენა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2011
42. შანიძე, ა., ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1980
43. შანიძე, ა., ქართული ზმნის საქცევი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1981