ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
სოფიო გულიაშვილი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ახალი რუსული თარგმანი
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში 1902 წლის შემოდგომაზე ალაგ-ალაგ ძალზე დაზიანებული XII საუკუნით დათარიღებული უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი აღმოჩნდა. საცავში შემონახულ „ქართულ მრავალთავში“ (N2) სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეებმა მანამდე სრულიად უცნობი ტექსტი იპოვეს – „შრომაჲ და მოღუაწეობაჲ ღირსად-ცხოვრებისა გრიგოლისი არხიმანდრიტისაჲ, ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ და მის თანა მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ [7, IX]. ხელნაწერი პირველად 1845 წელს ნიკო ჩუბინაშვილს უნახავს. მოგვიანებით, 1894 წელს მის მიერ ამოწერილი ცნობები ალექსანდრე ცაგარელს დაუბეჭდავს (Сведения, III, გვ. 49-50) [20, 98], მაგრამ მკითხველმა თხზულება 1911 წელს გაიცნო, როცა ნიკო მარმა თავის სერიაში „Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии“ ქართული და რუსული ტექსტები გამოაქვეყნა [7]. მანამდე კი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „დავიწყების სიღრმეში“ დაფლული „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ მოძღვრის სახელი, მისი „სულიერად განწყობილი ლაშქრის“ გამარჯვებები და ტაო-კლარჯეთის აღორძინების ისტორია არავინ იცოდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ 1853 წელს „ქართული ეკლესიის ისტორიის” ავტორი პლატონ იოსელიანი წერდა, რომ არ იცის, როდის მოღვაწეობდა და ვინ იყო ის წმინდანი, ვისაც ქართული ეკლესია 5 ოქტომბერს იხსენიებს: „მხოლოდ სომხურ ისტორიებში ვნახე გრიგოლ ხანზოხატი, რომელიც 1411 წელს ცხოვრობდა“ [9, 248]. უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობიდან ათი საუკუნის შემდეგ ასეთი არცოდნა სულაც არ არის გასაოცარი; X საუკუნეში, როცა მონასტრებში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ „მოწაფენი და მოწაფეთა მოწაფენი მის წმიდისათა“, თავად გიორგი მერჩულე ჩიოდა: „სასწაულნი მათნი ჟამთა სიმრავლისაგან მიეცნეს სიღრმესა დავიწყებისასაო.“ [17, 249] „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ პირველმა გამომცემელმა თხზულებას მთელი ტომი დაურთო და გამოკვლევებთან, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში მოგზაურობის დღიურთან და ხელნაწერის ქართულ ტექსტთან ერთად რუსული თარგმანიც დაბეჭდა. აქედან იწყება გიორგი მერჩულის თხზულების უცხო ენაზე ამეტყველების ისტორია: ძალიან მალე, 1917-1919 წლებში შესრულდა და 1922-1923 წლებში Analecta Bollandiana-ს 36-37-ე ტომებში დაიბეჭდა პაულ პეეტერსის მიერ შესრულებული გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ლათინური თარგმანი - Vie de S. Gregoire de Khandztha (გვ. 207-309); მოგვიანებით, 1956 წელს ლონდონში გამოვიდა დევიდ მარშალ ლანგის „ქართველი წმინდანების ცხოვრებანი და ლეგენდები“, რომელშიც „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ლანგისეული ინგლისური თარგმანია ჩართული (The Life of St. Gregory of Khandzta, წიგნში: Lives and Legends of the Georgian Saints, London 1956, გვ. 155-65); 1999 წლის დეკემბერში პარიზში რუსულენოვან ჟურნალ „სიმბოლოს“ 42-ე ნომერში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ახალი რუსული თარგმანი გამოქვეყნდა [9, 245-341], რომლის გადამუშავებული ვერსია 2008 წელს მოსკოვში გამომცემლობა CRITERIUM-მა (სერიით „დედა წმიდათა“ – ქართული ჰაგიოგრაფიის შედევრები) გამოსცა. 2015 წელს კი ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, თეოფანე, ერიკ ჰალვორსონმა ქართულ საზოგადოებას „ცხოვრების“ ახალი ინგლისური თარგმანი წარუდგინა, რომელსაც ნიქოზში გადაღებული ფოტოკოლაჟი დაურთო. როგორც აღინიშნა, დეკანოზ იოსებ ზეთეიშვილის თარგმანი პირველად ჟურნალ „სიმბოლოში“ («Символ») გამოქვეყნდა. ეს ჟურნალი 1979 წელს პარიზის სლავურმა ბიბლიოთეკამ დასავლეთ-აღმოსავლეთის შემოქმედებითი დიალოგის ხელშეწყობისთვის დააარსა (წყარო: http://sfoma.ru/publisher/journal-symbol) და საღვთისმეტყველო, ფილო-სოფიური და ქრისტიანული მხატვრული ლიტერატურის რუბრიკებით ცნობილი ავტორების მრავალი ნაშრომი გამოაქვეყნა. მათ შორის ძველი ქართული ლიტერატურის გამორჩეული ნიმუშებიც აღმოჩნდა: ტბელ აბუსერიძის „წმინდა გიორგის სასწაულები“ (№32), გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ეფთვიმე ათონელების ცხოვრება” (№34-35), გიორგი მცირის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ (№38), უცნობი ავტორის „ევსტათი მცხეთელის წამება“ (№44), იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ (№44), იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ (№45), დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი” (№41), ჟამთააღმწერლის ისტორია (№46-47), ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისა (№40), ზემოხსენებული „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „საკითხავი სუეტისა ცხოველისა“ და სხვები. აქვეა გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც თითოეული თხზულების თარგმანს უძღვის წინ. ამ ახალი რუსულენოვანი თარგმანების ავტორი ლატვიაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირია – დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი. იგი ლატვიის ჩრდილო–აღმოსავლეთში საზღვრისპირა ქალაქ ვისაგინასის ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანებისა და წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძრების წინამძღვარი და ვისაგინასის საეკლესიო ოლქის ხელმძღვანელი და საეპარქიო საბჭოს წევრია. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ახალი რუსული თარგმანის პირველ გამოცემას მთარგმნელის შთამაგონებელი წინასიტყვაობა უძღვის: სახელწოდებით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ“ („О Житии Григола Хандзтели“) [9, 48-50], რომელსაც შესწორებულ გამოცემაში „ღვთის ქალაქის მაშენებელნი“ ჰქვია. ავტორი ლიტერატურული ძეგლის მნიშვნელობაზე, მის ისტორიაზე წერს და სურს, მკითხველს წმინდანის ცხოვრება, მისი მოღვაწეობის ამბავი ქართველთა სამეფოს ისტორიაში ერთ ბრწყინვალე სახედ წარმოუდგინოს. წერილის მაკა ელბაქიძის მიერ შესრულებული თარგმანი 2001 წელს ჟურნალ „ქართველოლოგის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა. იოსებ ზეთეიშვილის აღნიშნავს, რომ როცა 951 წელს მწერალმა დიდი მოძღვრის ცხოვრების წიგნი შექმნა, მისი სახელი დაკარგვას გადაარჩინა, ხოლო მაშინ, როცა მეოცე საუკუნის დამდეგს ნიკო მარმა თხზულება გამოაქვეყნა, მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის და მისი მოწაფეების ღვაწლი კი არ წარმოჩნდა, გამოვლინდა იმ სულიერი, პოლიტიკური, ეროვნული და კულტურული აღმავლობის საფუძვლები, რითაც VIII-XII საუკუნეებში ქართული ყოფა ხასიათდებოდა; აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტებით, სახელებით, სახეებით დატვირთული ქართული ბერმონაზვნური და ასკეტური კულტურის საბუთი [9, 249]. მთარგმნელი კლარჯეთის უდაბნოებსა და მონასტერთა კომპლექსს ქართულ ატლანტიდას უწოდებს და იხსენებს, რომ ნ. მარიც აღნიშნავდა: Тао-Кларджетия представляет собою то же Тур-Абдин в летописях сирийской церкви [7, IX]. თუმცა, ხაზი გავუსვათ, რომ 1902 წელს, უპირველეს ყოვლისა, ქართული სასულიერო მწერლობის ბრწყინვალე ნიმუში აღმოაჩინეს. „ფაქიზი და ნაზი ესთეტიკური გემოვნების პატრონი“, „დიდი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული“, „ნამდვილი მხატვარი“, „უებრო მწერალი“ [20, 21] - ყველა ეს საქებარი სიტყვა ივანე ჯავახიშვილს გიორგი მერჩულის შესახებ უთქვამს. „მარტივი, მკაფიო და ცხოველის ენით დაწერილი, მშვენიერის, კეთილშობილურის კილოთი გამსჭვალული მთლად პოეტური თხზულების შთაბეჭდილებას ახდენს“ [20, 116]; „მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არამცთუ აგიოგრაფიული, თუგინდ ისტორიული, არამედ სიტყვაკაზმული ნაწარმოები, მწერლის ენისა და სტილის ვირტუოზობა ხიბლავს მკითხველს...“ - წერს პავლე ინგოროყვა [7, 152-153]. როდესაც ასეთი ძეგლის თარგმანზეა საუბარი, ვგულისხმობთ, უფრო კი გვსურს, დავიჯეროთ, რომ ის ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც დედანი. თუმცა იმასაც ვუწყით, რომ მხატვრული თარგმანი, უმთავრესად ორ უკიდურეს შეხედულებათა შორის მერყეობს: ერთია ზუსტი, მაგრამ მხატვრულად სუსტი თარგმანი, მეორეა მხატვრულად ძლიერი, მაგრამ ხშირად დედნისგან დაცილებული - თავისუფალი თარგმანი. თეორიულად ძალიან ადვილია ამ ორი პრინციპის სინთეზი და იდეალად ზუსტი და მხატვრულად ძლიერი თარგმანის მიჩნევა, მაგრამ პრაქტიკულად ამ იდეალის პირდაპირ განხორციელება შეუძლებელია. მთარგმნელების მიზანია, შექმნან ე. წ. იდენტური თარგმანი, რომელიც ნაწარმოების სხვა ენაზე მკითხველს მის ჭეშმარიტ ფასეულობას წარმოუჩენს. მაგრამ ორი სხვადასხვა ენა სრულიად განსხვავებული საშუალებებით სარგებლობს ერთი და იმავე აზრის გამოსახატავად. სწორედ ამ მიზეზითაა, რომ სიტყვის ზუსტი თარგმანი მხატვრული ეფექტის განმეორებას არ იძლევა. სიზუსტე და მხატვრულობა პერმანენტულად წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან [2, 80]. ცხადია, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ უცხო ენაზე მთარგმნელთაც დიდი სირთულეების გადალახვა მოუხდათ. წინამდებარე სტატიის ფარგლებში „ცხოვრების“ ახალი თარგმანის ადეკვატურობასა თუ ავკარგიანობაზე მსჯელობისას ყველა საკითხის ამოწურვა არ მოხერხდება, ამიტომ პუბლიკაციაში მხოლოდ ზოგად მიმოხილვას გთავაზობთ და დედნის ფონზე იოსებ ზეთეიშვილისა და ნიკო მარისეული თარგმანებს შეპირისპირების გზით წარმოვაჩენ იმ ნიშნებს, რითაც ახალი ძველისგან სხვაობს. პირველი, რაც იმთავითვე თვალსაჩინოა, ისაა, რომ ნიკო მარი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას XIX საუკუნის რუსული სალიტერატურო ენით აცნობს მკითხველს. იმხანად ძველი ქართული ორიგინალური თუ თარგმნილი ძაგლები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა - აღმოჩნდა, რომ ქართულმა მწერლობამ მსოფლიო ლიტერტურისათვის დაკარგული თხზულებები შემოინახა - ქართულმა თარგმანებმა ზოგი ისეთი ქმნილება „გააცოცხლა”, რომლის აღარც დედანი და აღარც სხვა რომელიმე ენაზე შესრულებული თარგმანი აღარ არსებობდა. ტექსტის პირველ გამოცემაში რუსული თარგმანის ჩართვის მთავარი მიზანი სრულიად უცნობი თხზულების არაქართველი მკითხველისათვის გაცნობა და შინაარსის ზუსტად გადმოცემა და არა - ორიგინალის სტილის ზედმიწევნით შენარჩუნება-ასახვა. სინტაქსური წყობა (მსაზღვრელ-საზღვრულის პოსტპოზიცია, გარემოებების ადგილი წინადადებაში), ცალკეული ლექსიკური ერთეულების მათი თანამედროვე ვარიანტებით გადმოცემა XIX საუკუნის დამლევის რუსული სალიტერატური ენის შესაბამისია. 35-ე პარაგრაფში, რომელიც რუსულ თარგმანს ეძღვნება [„К русскому переводу” – 7, 49], ნ. მარი წერს: „в переводе оказалось невозможным держаться без всякого отступления деления текста на строфы, как оно приведено в наличном тексте", მაგრამ მთარგმნელს ამ სირთულისთვის თავი გაურთმევია და სტროფებად დაყოფაში სხვაობა დედანთან უმნიშვნელოვნელოა. ი. ზეთეიშვილმა კი ტექსტი სტროფებად არ დაყო. რაც შეეხება თავებს - თავები ორივე თარგმანში ქართულის იდენტურადაა განაწილებული. ნ. მარი აღნიშნავს, რომ თარგმანში ირანის, სომხეთის და ბიზანტიის მრავალგვარი ენობრივი გავლენის შეთავსებით სტილის ლექსიკური კოლორიტის გადმოცემა არ შეიძლება („В переводе нельзя передавать лексический колорит стиля сочетанием разнообразных влияний Ирана, Армении и Византии характеризующий эпоху”) [8,LV]. ძველი სომხური გავლენის გვერდით (სახელი აბრაჰამის ფორმა, ზოგიერთი სომხური სიტყვა) ირანიზმები იჩენენ თავს; ხშირია ბიბლიური ტერმინების ბერძნული ფორმების გამოყენება: ლევიტელთა (XVII თ. 28 სტრ.) მისი ბერძნული სუფიქსით –it; ბერძნული ტერმინოლოგია: ანგელოზი, არქიმანდრიტი (XVIII, 2); აქვე ტერმინს მონასტერი ადგილს მთლად არ უთმობს უფრო ადრეული ვანი; ვულგარული სპარსული წარმოშობის პასუხთან ჩნდება სიტყჳსგებაჲ და თავისუფლებაჲ-ს გვერდით რამდენიმეჯერ - აზნაურებაჲ (თუმცა ყოველთვის წმ. წერილის ციტირებისას) [7, 48]. სიტყვების ეს ბრძოლა სირთულეს ორივე მთარგმნელს უქმნიდა. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს იმის საჩვენებლად, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ასეთი „ბრძოლისა” და პარალელიზმების თარგმანში ასახვის მიმართ. ეს ის შემთხვევებია, როცა ერთი და იმავე შინაარსის ტერმინები - ძველი და ახალი, ქართული და სპარსული, ქართული და ბერძნული - გვერდიგვერდ არიან. 1. ყრმისა და ჭაბუკისა (XXIII, 27) о достойном юноше Ефреме. (23, 27, გვ. 104) - თარგმნის ნ. მარი და სინონიმების ერთ შესატყვისს იძლევა. 2. შორის წმიდათა შენთა მარტჳლთა და მოწამეთა (X თავი, 27-ე სტრ.) среди твоих мученников (94) ამ შემთხვევაში საგანთა სახელდებისას პარალელიზმი იმით იქმნება, რომ ერთი სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები, მეორე კი მისი შესატყვისი ქართულია. (ასეთივეა კერეონთა და სანთელთა). როგორც ვიცით, ბერძნული მარტირ ნიშნავს მოწმეს, დამმოწმებელს, აქედან - მოწამე [17], რუსულ თარგმანში კი – мученник [16, 326]. „მარტჳლთა” ი. ზეთეიშვილს მისი საწყისის ბერძნული მნიშვნელობის შესაბამისად აქვს თარგმნილი: свидетель და ასე იცავს დედნისეულ პარალელიზმს. ორივე თარგმანს ახლავს თხზულებაში ნახსენებ საკუთარ სახელთა ქართული ვარიანტებისა და მათი რუსული შესატყვისების სია: Анатолэ-Анатолия, Теместия-Феместия, Иованэ-Иоанн, Габриэл-Гавриил, Теодорэ-Феодор, Саба-Савва, Григол-Григорий, Христофорэ-Христофор, Эпофанэ-Епифаний და სხვ. იოსებ ზეთეიშვილის ჩამონათვალში მხოლოდ ადამიანთა სახელებია (27 სახელი) [9, გვ. 252], ნ. მართან - გეოგრაფიული სახელებიც [7, 206]. ასეთი წყვილებიდან ნ. მარი ყოველთვის მეორეს, ე.ი. რუსულის შესატყვისს ირჩევს, ი. ზეთეიშვილი კი იმ ვარიატს, რომელიც ქართულ ჟღერადობას იმეორებს: I. შრომაჲ და მოღუაწებაჲ... მამისა ჩუენისა გრიგოლისი (17, 248) ა) ნ. მარი: Труды и подвиги... отца нашего архимандрита Григория (გვ. 83) II. და ერქუა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული (17, 258) ა) звали его Гавриил Дапанчул (გვ. 92) III. და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთვისასა აღზრდილ იყო... [17] ა) Григорий был сын выдающихся по знатности и правоверных родителей, взращённый в царственном доме великого Нерсея. (გვ. 87) IV. პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტეს მადლისაითა საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედის დისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშენებელი და ებისკოპოსი მისი, და თეოდორე, ნეძჳსა მაშენებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი და მამაჲ. [17] ა) обрёл добрых друзей, Саву, который был прозван Сабаном... возобновителя Ишхана и епископа, Теодора, строителя Недзуя и его настоятеля, и Христофора, строителя Квирикiи и ея настоятеля. ასეა მთელ ტექსტში: ადამიანთა სახელები: ჴუედიოსი – Хуэдий (გვ. 91) – Хведиос (გვ. 262); გეოგრაფიული საკუთარი სახელები: из Самцхии (გვ. 96) – из Самцхе (გვ. 267); „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ზეთეიშვილისეული რუსული თარგმანის პირველ გამოცემაში ტექსტს ავტორის შენიშვნები, სულ 285 შენიშვნა (9, გვ. 325-334) ახლავს. მათი უმეტესობა მთარგმნელობით სამუშაოს უკავშირდება. ზოგჯერ მთარგმნელი ამა თუ იმ ფრაზის, წინადადების, სიტყვის თარგმანს გვთავაზობს, ოღონდ ნ. მარისეულს და გვაძლევს საშუალებას, პასაჟის ძველი და ახალი ვარიანატი შევადაროთ; როდესაც სიტყვასიტყვითი თარგმანი შეუძლებლად მიაჩნია, ი. ზეთეიშვილი რამდენიმე შენიშვნაში გვაძლევს ასეთ ზედმიწევნით თარგმანს, თუმცა, არ ხსნის, რატომ ამჯობინა მას ტექსტში მოცემული ვარიანტი (შენიშვნები: 50, 67, 70, 90, 91, 281, სხვ.) და ანალიზს მკითხველს ანდობს. ზოგი შენიშვნა სამოხელეო ტერმინებს ეხება. იოსებ ზეთეიშვილი მათ თარგმნის, შენიშვნებში კი ქართულ შესატყვისს ლათინური ტრანსკრიფციით აცნობს მკითხველს. მაგალითად, სიტყვა ,,აზნაური”, ტექსტშია дворянин (279), დასაშვებად თვლის ვარიანტს - вельможа (შ. 50); ერისთავთ-ერისთავი თარგმნილია, როგორც княз-князей (281). შესაბამის შენიშვნებში კი მოცემულია: eris-mthavari (შ. 61), aznauri (შ. 46), eristhavth-eristhavi (შ. 136, 245) და ა. შ. იმავე სამოხელეო ტერმინებს ნ. მარი არ თარგმნის. ტექტსში გვაქვს: азнауры (XXVII თავი, 9-10 სტრ., გვ. 108; XXVIII თავი, 49, 116; LXII თავი, 4, 134; LXXXIII თავი, 13, 149), мтавар (X, 38, გვ. 95), мампал (XLII, 14, გვ. 119), эрис-тавомь эрис-тавовъ (XXVIII, 38; LXXXIII, 7, 148), эрис-мтаварь (XI, 6, 95). იმისთვის, რომ რუსულენოვანმა მკითხველმა ამ ტერმინების მნიშვნელობა გაიგოს, ნ. მარი თარგმანს ერთგვარ ლექსიკონს (К лексике текста) ურთავს [7, გვ. LXIII] და სწორედ მისი საშუალებით განმარტავს ქართული ჩამოთვლილი ტერმინების შინაარსს. როდესაც კონკრეტული მონაკვეთის სიტყვასიტყვითი თარგმანი შეუძლებლად მიაჩნია, იოსებ ზეთეიშვილი შენიშვნაში გვაძლევს ზედმიწევნით თარგმანს, თუმცა რატომ ამჯობინა მას ტექსტში მოცემული ვარიანტი, არ ხსნის (შ.: 50, 67, 70, 90, 91, 281, სხვ.) და ანალიზს მკითხველს ანდობს. მაგ.: ქვითკირისა ეკლესიის საშენებლად (260) ტექსტში: для строительства каменной церкви (264) რამეთუ... მოციქულმან მან დაისწავა ჟამი იგი, ოდესცა ულოცა უფალსა მისსა. (298) ტექსტში: запомнил час тот (გვ. 304) წინამდებარე სტატიის მომდევნო მონაკვეთი სწორედ შენიშვნების ჩვენთვის (მკითხველისთვის) მონდობილ ანალიზს დაეთმობა. მთარგმნელის კომენტარების გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ამ კონკრეტული ადგილების თარგმანშია განსხვავება. მაგრამ რადგან ნიკო მარის თარგმანთან სხვაობას მხოლოდ ისინი არ ქმნიან, ჩნდება შეკითხვა: რისთვის დასჭირდა იოსებ ზეთეიშვილს შენიშვნებში სწორედ ამ სხვაობების ხაზგასმა; რა იყო მათში ისეთი, რაც ტექსტის სხვა ადგილების თარგმანებში არ იჩენდა თავს? ამ კითხვებზე პასუხს სწორედ შენიშვნებზე დაკვირვება და ზემოხსენებული მკითხველსმონდობილი ანალიზი მოგვცემს. აქვე დავაზუსტებთ, რომ ქართული ტექსტის წყარო ილია აბულაძის ხელმძღვანელობით “ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების” I ტომში დაბეჭდილი ტექტია, ნ. მარის თარგმანის - “Тексты и разыскания...”-ს VII ტომი (1911 წ.), ხოლო ი. ზეთეიშვილის თარგმანს - ჟურნალ “სიმბოლოდან” მოვიხმობთ (1999 წ). 1 (შ. 3) – მაშინ სიბრძნეჲ მათი გამოსავალთა ზედა იქებინ (248) ა) мудрость их воспевается на улицах (230) იოსებ ზეთეიშვილი ნიკო მარის თარგმანს შენიშვნაში უთითებს - ნ. მარი: мудрость их воспевается на улицах (830), - წერს ის, თანაც დასძენს, ნ. მარი ამ სიტყვებს ბრჭყალებში ათავსებსო. თავად კი ფრაზას ბრჭყალებში არ სვამს და წერს. ასეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, სხვაობის მიზეზი ნ. მარის მიერ ფრაზის “წმიდა წერილიდან” ციტირებად მიჩნევაა. ეს სიტყვები ბრჭყალებშია არა მარტო ნ. მართან, არამედ “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” სხვა გამოცემებშიც [8; 20]. მითითებულია დამოწმების წყაროც: ნ. მართან - ზირ. 13, 61-62 [7, 83], “ძეგლებში” - იგავ. 1, 20 [17, 248]. გარდა ამისა, არის მცირე ლექსიკური სხვაობაც: გამოსავალთა ზედა - на улицах - в проходах, იქებინ - воспевается – восхваляется. 2 (შ. 21) – ჰრცხვენისმცა სოფელსა ქცევათაგან ჩვენთა კეთილთა (253) ა) мир да стыдится наших добрых нравов (88) да – ნაწილაკი დაე, დე [16, 131], მისი ძველი ფორმაა даже [21]. ი. ზეთეიშვილი ძველ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. ამასთან, მისეული поведения სიტყვასიტყვითი თარგმანია სიტყვისა ქცევათაგან, ნ. მართან გვაქვს – нравов –ზნე, ხასიათი, ნირი [16, 382]. 3 [შ. 22] – აუწყა ქრისტემან სანატრელსა მამასა გრიგოლს ბერისა მის ღირსებაჲ და ადგილისა მის მიგებად მისა (253). ა) и о приобретении им того места (88) приобретение – შეძენა, მოპოვებაა; ნიკო მარის თარგმანში გვაქვს: о приобретении им того места; იოსებ ზეთეიშვილმა შეცვალა ზმნაც და ჩასვა присвоение – მითვისება, მისაკუთრება, მინიჭება და მასთან შეთანხმებული ნაცვალსახელიც (ему) და ამით ხაზი გაუსვა, რომ უფალმა შეაძენინა, უფალმა შესძინა, უფრო ზუსტად, მიანიჭა, მიაკუთვნა ადგილი წმინდა ბერს. 4 [შ. 53] - და თქუენ აღგითქუამთ ცხორებასა ჩუენსა და ცხორებასა შვილთა ჩუენთასა, შვილითი შვილამდე თანაგვაც ღვწაჲ თქუენი და მონასტრისა თქუენისაჲ (259) ა) а мы клянемся вам своею жизнью и жизнью детей наших, что берём на себя из рода в род попечение о вас... (93) „ვფიცავთ (დავიფიცებთ) ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს თქვენ წინაშე, რომ ჩვენს თავზე ვიღებთ შვილითი შვილამდე ზრუნვას თქვენზე და თქვენს მონასტერზე“ - ასეა გაგებული გიორგი მერჩულის სიტყვები ნ. მარის თარგმანში. ი. ზეთეიშვილთან კი: „ჩვენ აღგითქვამთ: ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების მანძილზე, შვილითი შვილამდე ვიღვაწოთ თქვენთვის და თქვენი მონასტრისათვის“, - თარგმანთა სხვაობაც, ვფიქრობთ, ამითაა განპირობებული. 5 [შ. 66] – სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღლოვანთა მათ ფიცხელთა მწვერვალთა მათ ღადოთაჲსა. (262) ა) земли для косьбы нет вовсе, да и нельзя иметь на зубчатых, острых вершинах гор Гадо (96) ნ. მართან ფრაზაში ,,მწვერვალთა მათ ღადოთასა" ღადო გეოგრაფიული საკუთარი სახელია და ასევეა ნათარგმნი: на ... вершинах Гадо. ასეა არა მარტო ამ წინადადებაში, არამედ სხვაგანაც ტექსტში: ибо обиталище их находится на высоких горах Гадо [7, 120]. ი. ზეთეიშვილი კი პირველ გადამწერთ ემხრობა, რომლებიც ,,ამ სიტყვას საზოგადო სიტყვად აღიქვამენ, რომელიც "მიუვალს" ნიშნავს,, (которые рассматривают это слово как нарицательное со значением «непреступный») [10, 327]. 6. (შ. 72) – და ესრეთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა (264) ა) сердце его наполнилось богатством Незапечатонного Нового закона (97) ნ. მარისეულ ვარიანტში მსაზღვრელები незапечатонного და нового ახალ შჯულს მიემართება (Новый закон), მასთანვე არიან შეწყობილი ბრუნვაში (Род. пад.). ი. ზეთეიშვილის თარგმანში მსაზღვრელ-საზღვრული პოსტპოზიციური რიგით გვევლინება (богатством незапечатанным) სინტაქსურ წყვილში. ხოლო შჯულს (завет) აქ მხოლოდ ერთი განსაზღვრება აქვს – нового. შინაარსი ამით არ იცვლება: დაუბეჭდველი შეიძლება იყოს როგორც სიმდიდრე ახალი სჯულისა, ისე თვით ახალი სჯული (ა). ზუსტი კი ი. ზეთეიშვილის თარგმანი უფროა. რაც შეეხება სიტყვას შჯული, ნ. მართანაა – закон, ი. ზეთეიშვილთან – завет (აღთქმა) [25, 171]). პირველი ვარიანტი უფრო ზუსტი შესატყვისია. შეად.: მეორე შჯულთა – второзаконие. [1] იოსებ ზეთეიშვილს ამავე ტიპის 40-მდე შენიშვნა დაურთავს თარგმანზე. ჩანს, რომ მისი ვარიანტი ხშირად უფრო ზუსტი და ზედმიწევნითია. ტექსტის ანალიზი და მოხმობილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ორ თარგმანს შორის განსხვავება არც მარტო საკუთარი სახელების გადმოცემაშია, არც მხოლოდ პარალელიზმების, არც შენიშვნებით კომენტირებული პასაჟების განსხვავებული აღქმით. უკვე აღინიშნა, რომ იოსებ ზეთეიშვილი ცდილობს, ძველი სლავური/რუსული ენის ნორმები გაითვალისწინოს, ნ. მარი კი XIX საუკუნის სალიტერატურო რუსულით წერს, შესაბამისად, წინადადების აგების წესი, ლექსიკური ერთეულების გამოყენებისას არქაულსა და თანამედროვეს შორის გაკეთებული არჩევანი და ენობრივი კონსტრუქციებიც მთარგმნელების არჩეულ სტილს და თხრობის მანერას ექვემდებარება.
ბიბლიოგრაფია
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|