ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ევროპულ-ქართული ლექსიკოგრაფიის სათავეებთან:

ევროპულ-ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს როგორც ევროპული ქვეყნების ინტერესს საქართველოსადმი, ისე ქართველი ხალხის სწრაფვასა და დაინტერესებას ევროპული ენებითა და სახელმწიფოებით. ევროპულ-ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია 1629 წელს იწყება რომში „ქართულ-იტალიური ლექსიკონის“ გამოცემით[15]. ეს წიგნი იმითაცაა საყურადღებო, რომ იგი პირველი ნაბეჭდი წიგნია ქართულ ენაზე. ლექსიკონის შემდგენლები არიან სტეფანო პაოლინი და ქართველი დიპლომატი ნიკიფორე ირბახი. მე-17 საუკუნეში კვლავ გრძელდება ლექსიკოგრაფიული მუშაობა იტალიურ ენასთან მიმართებით. იტალიელი მისიონერი – ბერნარდო მარია ნეაპოლელი, რომელიც თითქმის 10 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ადგენს იტალიურ-ქართულ და ქართულ-იტალიურ ლექსიკონებს. აღნიშნული ლექსიკონები სტამბური წესით არ გამოცემულა და ხელნაწერის სახით არსებობს[26, გვ. 30 – 78; 27, გვ. 171 – 180].

მე-17 საუკუნის ქართული ენის ორენოვანი ლექსიკონები ძირითადად იტალიურ ენასთან მიმართებით იქმნება. მეზობელი მაჰმადიანი ქვეყნების აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ აიძულებდა ქართველებს დახმარება დასავლეთში ეძებნათ და ევროპელებისთვის მიემართათ. თავის მხრივ, რომის კათოლიკური ეკლესია დაინტერესებული იყო მისიონერული ცენტრების დაარსებით აღმოსავლეთში. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მსგავსი ცენტრების დაარსებით ხელი შეეწყობოდა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას. საქართველო მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც კათოლიკური რომის ყურადღება მიიპყრეს. მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში რომიდან გამოგზავნეს მისიონერები, რომლებიც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართული ენისა და კულტურის მიმართ, სწავლობდნენ ქართულ ენას, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობდა კათოლიკობის ქადაგებას და თავისთავად უკეთ გავრცელებასაც. ეს ვითარება ბუნებრივად აისახა მე-17 საუკუნის ქართულ ორენოვან ლექსიკოგრაფიაზე.

მე-18 საუკუნეში კვლავ გრძელდება ქართულ-იტალიური ლექსიკონების შედგენა. კერძოდ, იტალიელმა მისიონერმა, რომლის სახელი არ არის ცნობილი და რომელსაც გორელი ანონიმის სახელით მოიხსენიებენ, სავარაუდოდ 1724 წელს იტალიურ-ქართული ლექსიკონი შეადგინა[26, გვ. 68; 27, გვ. 174].

მე-18 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ჰოლანდიელი აღმოსავლეთმცოდნის ნ. ვიტსენისა და ქართველი დიდებულის ალ. ბაგრატიონის ქართულ-ჰოლანდიური ლექსიკონი, რომელიც ვიტსენმა დაურთო თავისი წიგნის „ჩრდილოეთ და სამხრეთ თათრეთი“-ს მეორე გამოცემას[26, გვ. 175; 34].
მე-19 საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა, რაც ასევე აისახა ქართულ ორენოვან ლექსიკოგრაფიაზე. მე-19 საუკუნეში იქმნება მნიშვნელოვანი ორენოვანი ლექსიკონები, ძირითადად რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული. ამ პერიოდს განეკუთვნება ფრანგულ-ქართული ლექსიკონებიც, რაც ასახავს ქართული არისტოკრატიის გატაცებას ფრანგული ენით.

XVII-XVIIIსს-ის მიჯნაზე ორენოვანი ლექსიკონების შექმნის ინიციატო¬რე¬ბად და ავტორებად უცხოელები გვევლინებიან. ამ ფონზე კიდევ უფრო კარგად იკვეთება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკოგრაფიული საქმიანობა და მის მიერ შექმნილი ლექსიკონი.

ვითარება იცვლება XIX საუკუნეში, ჩნდება ქართველ ავტორთა მიერ შექმნილი ორენოვანი ლექსიკონები. XIX საუკუნეში ქართული ენა რუსული ენის ორბიტაში ექცევა და რუსული ენის დიდ გავლენას განიცდის. ქართულ ენაში უკონტროლოდ აღწევს რუსული ბარბარიზმები. ამ ფაქტით შეწუხებული ქართველი მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ცდილობენ შექმნან ლექსიკონები, რომლითაც დაიცავენ ქართული ენის სიწმინდეს. ამ პერიოდში გამოცემული არა ერთი ლექსიკონის წინასიტყვაობაში არის მითითებული ის მოტივი, რისთვისაც ისინი იქმნებოდა, კერძოდ, ქართული ენის სიწმინდის დაცვა[1; 11].

გარდა რუსული ენისა, ერთადერთი უცხო ენა, როგორც ზემოთ აღინიშნა, რომელთან მიმართებითაც იქმნება ლექსიკონები XIX საუკუნეში, არის ფრანგული ენა. კიდევ ერთი ენა, რომელიც ამ პერიოდში ჩნდება ქართულ თარგმნით ლექსიკოგრაფიაში ლათინური ენაა, რომელიც, უპირატესად, დარგობრივი ლექსიკონების შესადგენად გამოიყენება.

ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის საწყისი ეტაპი

ევროპულ-ქართული ლექსიკოგრაფიის საწყისი ეტაპის მსგავსად, ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია ინგლისელი ავტორების მიერ შექმნილი ინგლისურ-ქართული სიტყვარებით იწყება XIX საუკუნეში. ინგლისურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევისას, ქართველი მეცნიერები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლექსიკოგრაფიულ კონტაქტებსაც ამ ორ ერს შორის. ინგლისელი ავტორების მიერ კავკასიური ენების, მათ შორის ქართული ენის შესწავლის ერთ-ერთ პირველ მცდელობად განიხილავენ ჯორჯ ელისის წიგნს „რუკა შავი და კასპიის ზღვებს შორის მოთავსებული ქვეყნებისა კავკასიის ხალხთა აღწერითა და მათი ენების სიტყვარებით“, რომელიც 1788 წელს გამოიცა ლონდონში. კავკასიის ხალხთა ისტორიის, კულტურის, რელიგიისა და სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, წიგნში მოცემულია კავკასიის ენების მომცრო შედარებითი ლექსიკონი (სულ 130 სიტყვა) ინგლისური თარგმანით[25, გვ. 32; 26, გვ. 147 – 159].

ამ ნაშრომს მოსდევს დ. ფიქოქის მიერ 1883 წელს შედგენილი 224-სიტყვიანი ლექსიკონი, რომელმაც მოიცვა ქართულის, მეგრულის, ლაზურის, სვანურისა და აფხაზურის მონაცემები მათი ინგლისური შესატყვისებით[25, გვ. 33-34].

XIX საუკუნეში შექმნილ ინგლისურ-ქართულ სიტყვარებს შორის უნდა მოვიხსენიოთ მარჯორი უორდროპის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობისას შედგენილი 1000-სიტყვიანი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი და მისივე დაუმთავრებელი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის 200 სიტყვიანი ფრაგმენტი ასო ბ-ზე.

ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის განყოფილების მეცნიერ-კონსულტანტის დევიდ ბარეტის პირად არქივში დაცულია მის მიერ შედგენილი ინგლისურ-ქართული სიტყვარი, რომელიც თითქმის 4000 ერთეულს მოიცავს. აღნიშნული სიტყვარი ხელნაწერის სახით არსებობს და წიგნად არასოდეს გამოცემულა[25, გვ. 35-36].

ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია მე-20 საუკუნეში

ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონები

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ერთდროულად იქმნება ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონები. პირველი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი (20 000 სიტყვა) საქართველოში გამოვიდა 1939 წელს. მისი შემდგენელი იყო თბილისის უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი ისიდორე გვარჯალაძე. იმავე წელს ინგლისში ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე მუშაობა დაასრულა ეკა ჩერქეზმა, მაგრამ ლექსიკონის დაბეჭდვა ომის გამო შეფერხდა და იგი მხოლოდ 1950 წელს გამოსცა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ[13]. ამდენად, ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის პიონერად, პროფესორი ისიდორე გვარჯალაძე გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ეკა ჩერქეზს ლექსიკონზე მუშაობა 1928 წელს დაუწყია და მან ეს ლექსიკონი ოლივერ უორდროპს მიუძღვნა.

ე. წ. „გვარჯალაძის ლექსიკონი“ არაერთგზის გამოიცა, გამოვიდა მისივე ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული ანდაზების ლექსიკონი. ამ სერიის ბოლო წიგნები დაიბეჭდა 1975 წელს – “ინგლისურ-ქართული ლექსიკონი” (40 000 სიტყვა) და 1979 წელს – “ქართულ-ინგლისური ლექსიკონი” (40 000 სიტყვა), ორივე თამარ გვარჯალაძის თანაავტორობით[3; 4; 5]. ეს ლექსიკონები დიდი ხნის მანძილზე ერთადერთი ლექსიკონები იყო და მათ საზოგადოებას დიდი სამსახური გაუწიეს. აღნიშნული ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონების ინტერნეტ-ვერსია განთავსებულია მისამართზე: www.translate.ge.

ჯუანშერ მჭედლიშვილის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი

გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიდა უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტის კიდევ ერთი პედაგოგის, ჯუანშერ მჭედლიშვილის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც სასწავლო ტიპის ლექსიკონს წარმოადგენს (Learner’s dictionary). ლექსიკონი დაეფუძნა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობისა და ლონგმენის სასწავლო ლექსიკონებს და უპირატესად სასწავლო მიზნებს მიესადაგა. 2009 წელს გამოვიდა ლექსიკონის მერვე შესწორებული და შევსებული გამოცემა, რომელიც 67 000-მდე სიტყვასა და გამოთქმას მოიცავს, დავით მჭედლიშვილისა და ივეტა გოცირიძის თანაავტორობით[10]. აღნიშნულმა ლექსიკონმა უდავოდ დიდი სამსახური გაუწია საქართველოს საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ სასწავლო-ლექსიკოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს ქართველი მკითხველისათვის. 

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის „დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ - ლექსიკონის ისტორია

1995 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა დაიწყო დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომეულის გამოცემა. დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 14 ტომი (ასოები A – P), რომლებიც 2380 ნაბეჭდ გვერდს მოიცავს[8]. 2015 წლის ბოლომდე დაგეგმილია ლექსიკონის დარჩენილი ოთხი ტომის გამოცემა, რის შემდეგაც დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ორ ტომად მიეწოდება მკითხველ საზოგადოებას.

ლექსიკონის შექმნის იდეა უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე ჩაისახა გასული საუკუნის 60-იან წლებში, თვალსაჩინო ქართველი მეცნიერისა და მთარგმნელის, იმჟამად კათედრის გამგის, პროფ. გივი გაჩეჩილაძის ინიციატივით. სათანადო ლექსიკონის არარსებობას განსაკუთრებით მწვავედ სწორედ მთარგმნელები განიცდიდნენ და ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ ამგვარი ლექსიკონის შექმნა სწორედ ინგლისურენოვანი ლიტერატურის ქართულად ადეკვატურად თარგმნის საჭიროებიდან იშვა. ლექსიკონზე მუშაობის საწყის ეტაპზე, 60-იან 70-იან წლებში ინგლისურ-ქართული ლექსიკონის წყაროებად ინგლისურ-რუსული ლექსიკონები იქნა მიჩნეული, რომლებიც ქართულად ითარგმნა. ამგვარმა გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად უსარგებლო გახადა პირველი ეტაპის სამუშაოები და ნათარგმნი მასალა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში რედაქტორთა მცირე ჯგუფმა იტვირთა ლექსიკონის მასალის საფუძვლიანი გადამუშავება, შევსება, განახლება და გამოსაცემად მომზადება. დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორების გადაწყვეტილებით, ლექსიკონის წყაროებად შეირჩა ინგლისური ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონები, კერძოდ: ისტორიული პრინციპების მიხედვით შექმნილი ოქსფორდის დიდი ლექსიკონები[19; 20; 21; 22], უებსტერის ვრცელი ლექსიკონი[24], რომელთა დეფინიციები გადაიქცა ინგლისური სიტყვების კვლევის ძირითად წყაროდ. სარედაქციო ჯგუფი ასევე ეყრდნობოდა ილია გალპერინის „ახალ ინგლისურ-რუსულ ლექსიკონს“[18], ლონგმენის[17], კობილდის[14] და ინგლისური ენის სხვა ავტორიტეტულ ლექსიკონებს. ლექსიკონზე მუშაობის ეს ეტაპი 30 წელი გაგრძელდა.
1992 წელს სარედაქციო კოლეგიამ გადაწყვიტა ლექსიკონის შედგენილი და რედაქტირებული სიტყვა-სტატიების კომპიუტერიზაცია და ლექსიკონის ნაკვეთებად, ასო-ასო გამოცემა. 1995 წელს გამოვიდა დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი რვეული, ასო A, რომელსაც 1996 წელს მოჰყვა ორი რვეული: B და C. ქართველმა საზოგადოებამ, ისევე როგორც უცხოელმა ქართველოლოგებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გამოცემის დაწყებას (www.margaliti.ge).

2009 წელს სარედაქციო კოლეგიამ მიიღო დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ-ვერსიის მომზადებისა და ინტერნეტში განთავსების გადაწყვეტილება. 2010 წლის თებერვალში ლექსიკონი განთავსდა ინტერნეტში მისამართზე: www.dict.ge. ონლაინ-ლექსიკონი არ არის ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბეჭდური გამოცემის სტერეოტიპული ვერსია. საფუძვლიანად გადამუშავდა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის პირველი ტომები, რომლებიც 1980-90-იან წლებში მომზადდა და გამოიცა. ონლაინ ვერსიაში ასევე შევიდა ასოები Q–Z, რომლებიც ტომების სახით ჯერ არ გამოქვეყნებულა. დღეისათვის ლექსიკონი 110 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში მაქსიმალურად სრულადაა ასახული ინგლისური სიტყვების პოლისემია, შეტანილია უამრავი შესიტყვება, ფრაზული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი თითქმის ყველა დარგის ტერმინოლოგია - ლექსიკონში შესული მთლიანი მასალა რამდენიმე ასეულ ათას ერთეულს აღწევს[6].

ონლაინ-ლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ინგლისური, ისე ქართული სიტყვების, შესიტყვებების, ფრაზების მოძიება.

ლექსიკონის სიტყვანი

ლექსიკონის სიტყვანის შერჩევა განაპირობა იმ მიზნობრივმა ჯგუფებმა, რომელთათვისაც დაიგეგმა იმთავითვე ლექსიკონი, კერძოდ: ინგლისურენოვანი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის ქართულად მთარგმნელები, სპეციალურ /დარგობრივ ტექსტებზე მომუშავე სპეციალისტები, ინგლისური ენის შემსწავლელები, რომელთათვისაც ინგლისური ენა მომავალი სპეციალობაა (პედაგოგიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა), ინგლისური ენის შემსწავლელი მომავალი ფსიქოლოგები, ექიმები, ბიოლოგები და ა.შ., რომელთაც ენის შესწავლისთვის სპეციალური ენები და მათი ქართული ეკვივალენტები სჭირდებათ, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელები. აღნიშნულმა მიზნობრივმა ჯგუფებმა განსაზღვრა ის, რომ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში შევიდა როგორც ინგლისური ენის თანამედროვე ლექსიკა მათი გამოყენების მაღალი სიხშირული პრინციპის გათვალისწინებით, ასევე იშვიათი, მოძველებული, არქაული სიტყვები ან სიტყვების იშვიათი, მოძველებული და არქაული მნიშვნელობები. ლექსიკონში შევიდა თითქმის ყველა დარგის ტერმინოლოგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ინგლისური ენის სპეციალისტებისათვის, პედაგოგებისათვის, მთარგმნელებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, რომელთაც დარგობრივ ტექსტებთან უხდებათ მუშაობა; ლექსიკონი ასევე განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ზოგადად ინგლისური ენის შემსწავლელთათვის, ასევე ინგლისური ენით დაინტერესებული პირებისათვის.

სემანტიკური ასიმეტრია ინგლისურ და ქართულ ენებს შორის

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორები იდგნენ, არის „ენობრივი და კულტურული ანიზომორფიზმი“ ინგლისურ და ქართულ ენებს შორის, რომლის შედეგიცაა სემანტიკური ასიმეტრია ამ ენათა ერთი შეხედვით მსგავს სიტყვებს შორის. ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული პრობლემა არის ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა[28; 29; 31; 32; 33; 35]. ეს პრობლემა კარგადაა ფორმულირებული „ეკვივალენტობისა“ და „ეკვივალენტურის“ განმარტებებში ჰარტმანისა და ჯეიმზის „ლექსიკოგრაფიის ლექსიკონში“: „ენობრივი და კულტურული ანიზომორფიზმის შედეგად, თარგმნითი ეკვივალენტები, როგორც წესი, არის ნაწილობრივი, მიახლოებითი, არა სიტყვაიტყვითი და ასიმეტრიული (და არა სრული, პირდაპირი, სიტყვასიტყვითი და ორმხრივი). ამდენად, ორენოვან ლექსიკონში მათი განსაზღვრა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საჭირო ხდება ხელოვნურად შექმნილი განმარტებითი ეკვივალენტების მოშველიება“ [16, გვ. 51].

სემანტიკური ასიმეტრია კიდევ უფრო დიდია გენეტიკურად არამონათესავე და სტრუქტურად ისეთ განსხვავებულ ენებს შორის, როგორიცაა ინგლისური და ქართული ენები.

ენობრივი ეკვივალენტობის პრობლემის გადასაჭრელად დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში გამიჯნულია მნიშვნელობის ეკვივალენტი და თარგმნითი /კონტექსტუალური ეკვივალენტი. დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის რედაქტორთა ამოცანა ყოველთვის იყო და არის, ინგლისურ და ქართულ ენებს შორის ეკვივალენტობა აღეწერათ ამ ორი ენის უფრო ზოგად, სისტეურ დონეზე, ნაცვლად იმისა, რომ მოეცათ მხოლოდ თარგმნითი ეკვივალენტები, დადასტურებული ცალკეულ კონკრეტულ კონტექსტებში[30].

მაგალითები:

Reek – ამა თუ იმ თვისებას აშკარად გამოხატავს/ავლენს; რითიმე გაჟღენთილია; she reeks charm მომხიბვლელობას ასხივებს; his music reeks of melody მისი მუსიკა მეტად მელოდიურია; the novel reeks of pain რომანი ტკივილითაა გაჟღენთილი; she reeked of wealth and privilege ქალი სიმდიდრესა და პრივილეგიას ასხივებდა. 

Rough - უსწორმასწორო, ხორკლიანი, უხეში/არაგლუვი ზედაპირის მქონე; rough road ოღროჩოღრო გზა; rough edges უსწორმასწორო კიდეები; rough skin ხორკლიანი / ხეშეში კანი; rough cloth უხეში/მქისე ქსოვილი; rough hands უხეში/დაკოჟრებული ხელები.
მოცემულ მაგალითებში ამა თუ იმ თვისებას აშკარად გამოხატავს/ავლენს; რითიმე გაჟღენთილია; ან უსწორმასწორო, ხორკლიანი, უხეში/არაგლუვი ზედაპირის მქონე მნიშვნელობის ეკვივალენტებია, ხოლო: ასხივებს, გაჟღენთილია ან ოღროჩოღრო, უსწორმასწორო, ხორკლიანი, ხეშეში, მქისე და სხვა - თარგმნითი / კონტექსტუალური ეკვივალენტები.

დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ავტორებმა შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც მნიშვნელობათა ეკვივალენტებისა (ლექსიკური ერთეულების ინფორმაციულად უფრო ღირებული ან განმარტებითი ეკვივალენტებისა) და მრავალრიცხოვან საილუსტრაციო ფრაზებსა და წინადადებებში წარმოდგენილი თარგმნითი ეკვივალენტების კომბინირებაში მდგომარეობს. ეს არის ერთ-ერთი ის სიახლე, რაც დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გუნდმა შემოიტანა ინგლისურ-ქართულ ლექსიკოგრაფიაში[30].

ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: შუქია აფრიდონიძე, თინათინ მარგალიტაძე (მთავარი რედაქტორი), გიორგი მელაძე, არიანე ჭანტურია, გელა ხუნდაძე.

დონალდ რეიფილდის „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი“

„ქართული ენის ინგლისურენოვან სპეციალისტებს ან შემსწავლელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით სჭირდებათ ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. ამგვარი ნაშრომის გარეშე ჩვენთვის ქართული ენის სიმდიდრე და მასში დაუნჯებული საგანძური მიუწვდომელი და შეუცნობელი რჩება“ – წერდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი ჰოვარდ არონსონი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიას 1998 წელს გამოგზავნილ წერილში, რომლითაც იგი დიდ შეფასებას აძლევდა ინგლისურ-ქართული ლექსიკონის უკვე გამოცემულ ტომებს და შემოქმედებით ჯგუფს გამარჯვებას ულოცავდა. „გილოცავთ თქვენ და მთელს სარედაქციო კოლეგიას ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! უდავოდ ეს იქნება სრული ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც მნიშვნელოვნად დაჩრდილავს მსგავსი ლექსიკონის შექმნის ყველა ადრეულ მცდელობას“ (http://margaliti.ge/new/feedback.htm).

ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ძირითადი პრინციპები დონალდ რეიფილდმა მოხსენების სახით პირველად 1988 წელს გააჟღერა ევროპელ კავკასიოლოგთა საზოგადოების შეკრებაზე. მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ ლონდონსა და თბილისში ლექსიკონის შემდგენელთა გუნდის კოორდინირებული მუშაობის, აგრეთვე ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის წყალობით, მრავალი თაობის ოცნება რეალობად იქცა.

ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში წარმოდგენილია ინგლისური ეკვივალენტები ქართული ენის პრაქტიკულად სრული ლექსიკური კორპუსისათვის როგორც სალიტერატურო – უძველესი, კლასიკური თუ თანამედროვე – ენის, ისე სასაუბრო მეტყველებისა და დიალექტური მასალისათვის. ლექსიკონი გამოცემულია ორ ტომად და 140 000 სიტყვა-სტატიისაგან შედგება.

ლექსიკონში შეტანილია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის პრაქტიკულად ყველა სიტყვა-სტატია. მეორე ძირითადი წყარო ლექსიკონისათვის გახდა ქართული ყოველდღიური და კვირეული პრესის (1999-2002) მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავდა დაახლოებით ორ მილიონ სიტყვა-ფორმას მათი შეხვედრის სიხშირის ჩვენებით. მესამე წყაროდ გამოყენებულ იქნა ორმოცამდე დიდი მოცულობის ტექსტის ელექტრონული ვერსია თანამედროვე ქართველი მწერლების, ძირითადად რომანისტების ნაწარმოებებიდან: გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ბაჩანა ბრეგვაძე, ბესიკ ხარანაული, გურამ დოჩანაშვილი, თამაზ ჩხენკელი, ვახუშტი კოტეტიშვილი, აკა მორჩილაძე და სხვა. ქართულ-ინგლისური ლექსიკონის მეოთხე ძირითადი წყარო გახდა ილია აბულაძისა და ზურაბ სარჯველაძის ძველი ქართული ენის ლექსიკონი. ლექსიკონის სიტყვანის შერჩევისას ასევე გამოყენებული იქნა (შერჩევით) თანამედროვე ქართული ენის 30-მდე დიალექტური ლექსიკონი და მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონები. ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში ასევე შევიდა დიდძალი მასალა თანამედროვე სასაუბრო მეტყველებიდან, მათ შორის ვულგარული ლექსიკაც.

ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ინგლისურენოვანი მკითხველისათვის, რომელიც დაინტერესებულია ქართული ლიტერატურის ძეგლებით, ქართული საისტორიო წყაროებით, ქართველური ენებით. ამიტომ შევიდა ლექსიკონში ძველი და საშუალო პერიოდის ქართული ენის ლექსიკა, დიალექტური მასალა და ა.შ. ლექსიკონი ასევე განკუთვნილია ქართველი მომხმარებლისთვისაც.
განსხვავებით ევროპულ-ქართული ორენოვანი ლექსიკონებისაგან, ქართულ-ევროპული ტიპის ლექსიკონებში დგება ერთი პრობლემა – ქართული ზმნის საკითხი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიამ, როგორც ცნობილია, ახლებურად გადაწყვიტა ქართული ზმნის წარმოდგენის საკითხი, კერძოდ, თუ ტრადიციულად ქართულ ლექსიკონებში ზმნა საწყისის (სახელზმნის) სახით იყო შეტანილი, რომელიც სრულად ვერ წარმოაჩენდა ქართული ზმნის სიმდიდრეს და მის კატეგორიებს, განმარტებითმა ლექსიკონმა უარყო ეს ტრადიცია და ზმნა წარმოადგინა არა მხოლოდ საწყისის ფორმით, არამედ პირის, ქცევის, გვარის, კონტაქტის, დინამიკურობა-სტატიკურობის მიხედვით[12, გვ. 011]. განმარტებით ლექსიკონში სალექსიკონო ერთეულად შევიდა არა მარტო საწყისი (მასდარი, სახელზმნა), არამედ აწმყოს ან მყოფადის მესამე პირი ყველა ზემოჩამოთვლილი წარმოებისა. მაგ.:

თესვა მასდარი, საწყისი, სახელზმნა
თესავს მესამე პირი, მხოლოობითი რიცხვი, საარვისო ქცევა
ითესავს სათავისო ქცევა
უთესავს სასხვისო ქცევა
ათესვინებს კაუზატივი
ითესება გარდაუვალი ზმნა, დინამიკური ვნებითი
თესია გარდაუვალი ზმნა, სტატიკური ვნებითი
და სხვა.

კიტა ჩხენკელმა „ქართულ-გერმანულ ლექსიკონში“ ზმნის წარმოდგენის ბუდობრივი პრინციპი აირჩია[23]. ზმნა წარმოადგინა ფუძის და არა პრეფიქსის მიხედვით და ყველა ლექსიკური დერივატი და გრამატიკული ფორმა ერთ ბუდეში მოათავსა. დონალდ რეიფილდი „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონის“ პრინციპად არნ. ჩიქობავას პრინციპს იღებს და მის ლექსიკონში ზმნა ყველა ზემოჩამოთვლილი ფორმის მიხედვითაა შეტანილი. მაგ.:

თესვა sowing (seed ...)
თესავს sows he/she, it (seed …)
ითესავს sows he/she, it (seed …) for oneself
უთესავს sows he/she, it (seed …) for smb
ითესება it (seed…) is being sown
თესია has been sown (seed …)
ათესვინებს has smb sow smth (seed …) და სხვა.

ლექსიკონის წინასიტყვაობაში, თავად დონალდ რეიფილდი ასე ხსნის ამ გადაწყვეტილებას: „სალექსიკონო ერთეულთა ასეთი სიმრავლე (ზოგჯერ ერთი სიტყვა-სტატია ერთი ზმნის ოც პირიან ფორმას შეიცავს, მაშინ როცა სხვა ჩვეულებრივ ლექსიკონში ტრადიციულად თითო ზმნას თითო სალექსიკონო ერთეული ეთმობა) ძალიან ზრდის ჩვენი ლექსიკონის მოცულობას, მაგრამ, სამაგიეროდ, იმედია, დროს დაუზოგავს მომხმარებელს. ყველა სხვა პროცედურას, ჩვენი აზრით, წამგები მხარე უფრო მეტი აღმოაჩნდება, ვიდრე მომგები. ჩამოთვლილი ფორმები მასდართან არცთუ იშვიათად ხელოვნურია, ვინაიდან ბევრ ზმნას მასდარი არ გააჩნია, ხოლო სხვებს მასდარი კი აქვთ, მაგრამ მათი მნიშვნელობის გარკვევა ზოგჯერ ჭირს, და თვით ამ მასდარსაც მნიშვნელობათა ისეთი ფართო არე აქვს, რომ დიდად ვერ გვშველის პირიანი ფორმის მნიშვნელობის დადგენაში. კ. ჩხენკელის მიერ არჩეული გზა ზმნების ჯერ ძირების, შემდეგ კი პრეფიქსების მიხედვით დალაგებისა მხოლოდ პროფესიონალ ლინგვისტს თუ დააკმაყოფილებს, ჩვეულებრიც მომხმარებელს კი იგი მთელ საათს დააკარგვინებს ამა თუ იმ სპეციფიკური პირიანი ფორმის ძებნაში. სანამ ელექტრონული სისტემა იმდენად არ დაიხვეწება, რომ თითო სალექსიკონო ერთეულში თითო ქართული ზმნა მოექცეს ქართული ზმნის ფორმათა უზარმაზარი სიის უნიფიცირების შედეგად, ჩვენ მიერ (არნ. ჩიქობავას მიბაძვით) არჩეული გზა ყველაზე მოსახერხებლად და ამიტომ ყველაზე ნაკლებ ბოროტებად გვესახება“[7, გვ. XXVI].

ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე, ლორენს ბროერსი, თინათინ მარგალიტაძე, დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), ლევან ჩხაიძე, არიანე ჭანტურია.

* * *
ბოლო წლებში გამოიკვეთა ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის ახალი მიმართულება, კერძოდ ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკოგრაფია. თუ უწინ დარგობრივი ლექსიკონები, უპირატესად, რუსულ ენასთან მიმართებით იქმნებოდა და იშვიათი იყო ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონები [2; 9], თანამედროვე ეტაპზე იკვეთება ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონების შექმნის დიდი საჭიროება და ბოლო წლებში რამდენიმე ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონი გამოიცა.

თსუ ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა 2009 წელს შეადგინა ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი, რომლის ონლაინ-ვერსია განთავსებულია მისამართზე: http://mil.dict.ge. ამჟამად მთავრდება მუშაობა ინგლისურ-ქართულ ბიოლოგიურ ლექსიკონზე, რომლის ონლაინ-ვერსია ხელმისაწვდომია ინტერნეტში მისამართზე: http://bio.dict.ge.

დამოწმებული ლიტერატურა:

ლექსიკონები
1. აღნიაშვილი, ლ., უბის ლექსიკონი. თბილისი 1887.
2. გაბესკირია, ც., ინგლისურ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი, „თსუ გამომცემლობა“, თბილისი 1983.
3. გვარჯალაძე, ი., გვარჯალაძე, თ., ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, თბილისი 1979.
4. გვარჯალაძე, ი., გვარჯალაძე, თ., ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, თბილისი 1975.
5. გვარჯალაძე, ი., კუსრაშვილი, მ., ინგლისური ანდაზები და ხატოვანი თქმანი, თბილისი 1976.
6. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი (მთ. რედაქტორი თ. მარგალიტაძე), თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი 2010. www.dict.ge.
7. დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (დ. რეიფილდის რედაქტორობით), „გარნეტი“, ლონდონი 2006.
8. ინგლისურ-ქართული ლექსიკონი (მთ. რედაქტორი თ. მარგალიტაძე), 14 ტომი, ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი 1995-2008.
9. მენაბდე, ც., ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბილისი, 1983.
10. მჭედლიშვილი, ჯ., მჭედლიშვილი, დ., გოცირიძე, ი., ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, თბილისი, 2009.
11. სახოკია, თ., რუსულ-ქართული ლექსიკონი, თბილისი, 1897.
12. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას რედაქტორობით), ტ. I, „მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, თბილისი 1950.
13. Cherkesi, E., Georgian-English Dictionary, Oxford 1950.
14. Collins COBUILD English Language Dictionary, William Collins Sons & Co Ltd., London and Glasgow 1987.
15. Dittionario Georgiano e Italiano composto da Stefano Paolini con l’aiuto del M.R.P.D. Nicefore Irbachi, Giorgiano, Roma 1629.
16. Hartmann, R. R. K. and James, G., Dictionary of Lexicography. London 1998.
17. Longman Dictionary of English Language and Culture, “Longman” 1992.
18. New English-Russian Dictionary (in two volumes), Galperin I. R. (Editor-in-Chief) et al., Moscow 1972.
19. Oxford English Dictionary on Historical Principles, vol. I – XIII; suppl. I – IV, ”Oxford University Press”.
20. Oxford Dictionary of English, Second Edition, Revised, “Oxford University Press” 2005.
21. Oxford English Dictionary. Second edition on CD-ROM, Version 2.0
22. Shorter Oxford English Dictionary. Sixth Edition, “Oxford University Press” 2007.
23. Tschenkeli, K., Georgisch-Deutsches Worterbuch, Zurich 1960-1974.
24. Webster’s Third New International Dictionary (Unabridged), Merriam Webster Inc. 1981.


სამეცნიერო ლიტერატურა
25. ოძელი, მ., ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, „თსუ გამომცემლობა“, თბილისი 1998.
26. უთურგაიძე, თ., ქართული ენის შესწავლის ისტორია, გამომც. „ქართული ენა“, თბილისი 1999.
27. Орловская, Н., Очерки по Вопросам Литературных Связей, Тбилиси 2013.
28. Adamska-Salaciak, A., “Examining Equivalence”, International Journal of Lexicography, 4, “Oxford University Press”, 2010, გვ. 387-409.
29. Hartmann R. R. K., “Interlingual Lexicography, Selected Essays on Translation Equivalence, Contrastive Linguistics and the Bilingual Dictionary”, Tübingen: Max Niemeyer 2007.
30. Margalitadze, T., „The Comprehensive English-Georgian Online Dictionary: Methods, Principles, Modern Technologies“, XV EURALEX International Congress. University of Oslo, Norway 2012.
www.euralex.org/elx_proceedings/Euralex2012/pp764-770 Margalitadze.pdf
31. Neubert, A., “Fact and Fiction of the Bilingual Dictionary”, EURALEX ’90 Proceedings, BIBLOGRAF, Barcelona1990.
32. Snell-Hornby, M., “The Bilingual Dictionary – Help or Hindrance”, Lexeter ‘83 Proceedings, Tübingen: Max Niemeyer 1984.
33. Sundström, M. P., “Tackling Lexicographical Anisomorphism in Front Matter Comments”, EURALEX ’92 Proceedings I-II, Tampere: Studia Translatologica 1992.
34. Witsen, N., Noord en Oost Tartarye, Amsterdam 1705, გვ. 506-515.
35. Zgusta, L., “Translational Equivalents in the Bilingual Dictionary”, Lexeter ‘83 Proceedings, Tübingen: Max Niemeyer 1984.