ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ლელა ხაჩიძე იოანე მინჩხი – X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი
X საუკუნე „ოქროს ხანაა” ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში. ამ პერიოდში ტაო-კლარჯეთისა და სინას მთის ეკლესია-მონასტრებში მოღვაწეობდა ქართველ ჰიმნოგრაფთა რამდენიმე თაობა – იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე – ზოსიმე, სტეფანე სანანოჲსძე-ჭყონდიდელი, იოანე ქონქოზისძე, ეზრა, კურდანაჲ, ფილიპე და სხვანი. მათი უმრავლესობა ცნობილია „მეხელთა“ სახელით. ისინი ერთდროულად საგალობელთა ტექსტების შემოქმედნიც იყვნენ და მელოდიისაც. მათ მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი – გიორგი მთაწმიდელი ასე აფასებს: „მეხელნი ჩემსა უფროჲს არავის უყუარან. მოძღურად მყვანან და ღმერთშემოსილად“ (Ath. 45, 40v). „მეხელთა“ უნივერსალურმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ ქართულმა სასულიერო პოეზიამ განვითარების მწვერვალს 200 წლით ადრე მიაღწია საერო პოეზიასთან შედარებით. X საუკუნის ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იოანე მინჩხი. მისი სახელი მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ივ. ჯავახიშვილის მიერ, რომელმაც 1902 წელს სინას მთაზე მუშაობისას ქართულ ხელნაწერებში – Sin. 5, Sin. 75 და Sin. 2 გამოავლინა უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის საგალობლები. ეს იყო წმ. გიორგისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონი და 26 მცირე ფორმის საგალობელი. ეს საგალობლები გამოქვეყნდა 1947 წელს „სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაში“[ 5 ]. იოანე მინჩხის 4 საგალობელი შესულია მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“(978-988 წწ.). ეს საგალობლები 1913 წელს გამოაქვეყნა პ. ინგოროყვამ[2, გვ.11-38]. იოანე მინჩხის შემოქმედების ცალკეული საკითხები განხილულია ქართველ მეცნიერთა მიერ (კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, ლ. კვირიკაშვილი, ლ. ჯღამაია). იოანე მინჩხი მოღვაწეობდა სინას მთაზე. ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ მისი საგალობლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია სინურ ხელნაწერებში. იოანე მინჩხი იყო თანამედროვე დასავლეთ საქართველოს – აფხაზთა მეფის – გიორგისა[3, გვ.171]. პ. ინგოროყვას აზრით, მინჩხი წარმოშობით იყო დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, ჭყონდიდის, მარტვილის მიდამოებიდან[1, გვ.132]. იოანე მინჩხის შემოქმედების კვლევისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურების მისი შემოქმედების უცნობი ნაწილი – 77 საგალობელი, რომლებიც გამოვლენილ იქნა ჩვენ მიერ. ამ საგალობელთა უმეტესობა შესული აღმოჩნდა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერში – Georg. 5, რომელიც გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანს წარმოადგენს [7, გვ.81-109]. მინჩხის ამ საგალობლების გამოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მისი შემოქმედების, ისე ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევისათვის. ამ საგალობლების შესწავლამ ახლებურად განსაზღვრა იოანე მინჩხის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ამავე დროს, ახლებურად წარმოგვიდგა ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის დონე და შესაძლებლობები. გიორგი მთაწმიდელის მარხვანში მინჩხის უცნობ საგალობლებს ავტორი მინჩხის ავტორობის აღმნიშვნელი “m” მონოგრამით აქვს მითითებული. ამავე მონოგრამით აქვს მითითებული ავტორი სხვა ქართული (Sin. 5 და Sin. 75) ხელნაწერებით აქამდე უკვე ცნობილ მინჩხის 23 საგალობელსაც. მინჩხის ავტორობის აღმნიშვნელი ეს მონოგრამა Georg. 5-ში, ჩვეულებისამებრ, მიწერილია აშიებზე მინჩხის საგალობლების დასაწყისების გასწვრივ. Georg. 5-ით გამოვლენილი იოანე მინჩხის უცნობი საგალობლები შესული აღმოჩნდა რიგ სხვა ხელნაწერებში. მინჩხის საგალობლების შემცველი ამ ხელნაწერების გამოვლენამ საშუალება მოგვცა დაგვედგინა Georg. 5-ში დაცული მინჩხის საგალობლების ტექსტების გაურკვეველი და ძნელადგასარჩევი ადგილები. მინჩხის ახლადგამოვლენილი მემკვიდრეობის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს მცირე ფორმის საგალობლები. კერძოდ, გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანი შეიცავს მინჩხის 58 უცნობ სტიქარონს. ამას ემატება სინური ხელნაწერებით უკვე ცნობილი 30 მცირე ფორმის საგალობელი, რომლებიც აგრეთვე შესულია Georg. 5 ხელნაწერში. ამრიგად, Georg. 5-ში მინჩხის სახელით წარწერილია 88 მცირე ფორმის საგალობელი. მინჩხის მთელი შემოქმედების გათვალისწინება ცხადყოფს, რომ მცირე ფორმის საგალობლები მისთვის ყველაზე ახლობელ პოეტურ ფორმას წარმოადგენს. მცირე ფორმის საგალობლები, როგორც ცნობილია, მწუხრისა და ცისკრის განგების აუცილებელი ჰიმნოგრაფიული მასალაა და „ჟამისწირვის პოეტურ ტროპარებთან ერთად მარხვისა და ზატიკის კვირების სადა დღეების განგების ძირითადი ელემენტია[4, გვ. 820]”. ამრიგად, გიორგი მთაწმიდელის მარხვანში შესული მინჩხის 88 მცირე ფორმის საგალობელი დიდმარხვის მთელი ლიტურგიის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს. გიორგი მთაწმიდელის მარხვანი, მინჩხის სტიქარონებთან ერთად, შეიცავს ბერძენ ავტორთა მცირე ფორმის საგალობლებსაც. სტიქარონთა რაოდენობის მხრივ, არც ერთი ბერძენი ავტორი გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანში ისე ფართოდ არ არის წარმოდგენილი, როგორც იოანე მინჩხი. იოანე მინჩხის შემოქმედებისა და ქართულ-ბერძნული „ტრიოდიონების“ კვლევის თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს შემდეგი გარემოება - 1052 წელს გადაწერილ ქართულ ხელნაწერში – Sin. 5 დაცულია საინტერესო ცნობა პირველი ქართული მარხვანის სტრუქტურის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო თვით Sin.5 ხელნაწერს. ამ დოკუმენტის მიხედვით პირველი ქართული მარხვანი, რომელიც ცალკე კრებულის სახით გამოეყო უნივერსალურ „იადგარს“, შეიცავდა 4 ავტორის – ელია იერუსალიმელის, თეოდორე სტუდიელის, სტეფანე საბაწმიდელისა და იოანე მინჩხის საგალობლებს. სინური და ათონური კოლექციების ქართული ხელნაწერების შედარებითი შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ქართული მარხვანის ამ ერთ-ერთი უძველესი ტიპის რეკონსტრუქცია. როგორც ირკვევა, I ქართულ მარხვანში შესული იყო იერუსალიმის პატრიარქის – ელია III – ის დიდმარხვის კვირა დღეებისათვის განკუთვნილი 7 ჰიმნოგრაფიული კანონი. მათი სრული სახით აღდგენა დღეისათვის მხოლოდ ქართული თარგმანების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. უძველეს ქართულ „მარხვანში” სამსაგალობლების 2 სრული ციკლი (პირველი ორშაბათიდან დაწყებული მეექვსე შაბათის ჩათვლით) ეკუთვნოდა ორ ავტორს – თეოდორე სტუდიელსა, და სტეფანე საბაწმიდელს. ეს უკანასკნელი ბერძნულ-სლავურ მარხვანებში თითქმის მხოლოდ სახელითაა ცნობილი. ქართული ხელნაწერები ამ შესანიშნავი ავტორის მარხვანისათვის განკუთვნილი მთელი შემოქმედების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა[8, გვ. 22-23]. ქართული მარხვანის მთელი სტიქარონული ნაწილი კი (88 მცირე ფორმის საგალობელი) ეკუთვნოდა ქართველ ავტორს – იოანე მინჩხს. მინჩხის ეს საგალობლები, როგორც წესი, ზუსტად შეესაბამება მარხვანში მათთვის მიკუთვნებულ ადგილს. დიდმარხვის თითოეულ დღეს საკუთარი ლიტურგიკული განგება აქვს. მარხვანის თითოეული დღის პოეტურ მასალაში აისახება ამ განგების აუცილებელი ელემენტები: ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების სისტემა. დროთა განმავლობაში დიდმარხვის ლიტურგიის ამ ორივე ელემენტმა გარკვეული ცვლილებები და ევოლუცია განიცადა. ქართული მარხვანები როგორც კალენდრის, ისე საკითხავების თვალსაზრისით ბერძნული მარხვანის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავენ. დიდმარხვის თითოეული დღის მასალაში ხშირად აირეკლება შესაბამისი შვიდეულების ძირითადი ხსენებებიც. მაგ., დიდმარხვის IV შვიდეულის საგალობლებში ჩანს ჯვრის მოტივი; VI შვიდეულის საგალობლებში ხშირად მოიხსენიება ლაზარეს აღდგინება, რომლის ხსენება ამავე შვიდეულის შაბათსაა დადებული. ამას გარდა, მარხვანისათვის განკუთვნილ საგალობლებში აისახება მარხვის პერიოდისათვის დამახასიათებელი მოტივები, ტრადიციული ხსენებანი და სახეები; იმდროინდელ დოგმატიკურ აზროვნებაში მიმდინარე ცვლილებები; საეკლესიო კრებების დადგენილებები და ა. შ. ავტორები, რომლებიც მარხვანისათვის წერენ, ითვალისწინებენ ამ მოთხოვნებს. ამ რთულ „რეგლამენტაციას“ ემატება თითოეული საგალობლისათვის სავალდებულო რიტმულ-მელოდიური შესატყვისობა არჩეულ ძლისპირთან, რომელიც საგალობელში შინაარსეულადაც აისახება ხოლმე. შუა საუკუნეების არაბერძენი ავტორის წინაშე იდგა კიდევ ერთი დიდი ამოცანა – ეროვნულ ჰიმნოგრაფიასთან ერთად ბერძნული ლიტურგიკული პოეზიის გათვალისწინების აუცილებლობა. ქართველი ავტორი, რომელიც მარხვანისათვის წერდა, კარგად უნდა ყოფილიყო დაუფლებული ბერძნული მარხვანების რეპერტუარს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინება მოითხოვდა ღრმა, საფუძვლიან მომზადებას, შეიძლება ითქვას – ერთგვარ უნივერსალიზმს ლიტურგიკის დარგში. იოანე მინჩხი მის წინაშე დასმულ რთულ ამოცანას – ქართული მარხვანისათვის მთელი სტიქარონული ნაწილის შექმნას, როგორც ჩანს, კარგად მომზადებული შეხვდა. იადგარიდან ცალკე კრებულად გამოყოფილი I ქართული მარხვანის რეკონსტრუქცია ინტერესს იმსახურებს ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის კვლევისათვისაც; კერძოდ, ბერძნული მარხვანების ერთ-ერთი თავდაპირველი ეტაპის შესწავლის თვალსაზრისით. I ქართული მარხვანისათვის განკუთვნილი მინჩხის მცირე ფორმის საგალობლები დამკვიდრდა შემდგომდროინდელ ტრადიციაში – Sin. 5 და Sin. 75 ხელნაწერებსა და გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანში. მინჩხის საგალობლები ქართული ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. დიდი ტრადიციულობის გვერდით, მინჩხის შემოქმედებას ახასიათებს დიდი ორიგინალურობაც. სწორედ ამ ორი ფაქტორის შერწყმით უნდა აიხსნას მინჩხის განსაკუთრებული ადგილი ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში. იოანე მინჩხის შემოქმედების ორიგინალურობა მჟღავნდება, ერთი მხრივ, არსებული მოტივებისა და მხატვრული სახეების თავისებური გადააზრებით, მეორე მხრივ, სრულიად ახალი სახისმეტყველების, განწყობილებებისა და მხატვრული ენის შექმნით. მინჩხის შემოქმედების მხატვრული თავისებურებების კვლევა მომავლის საქმეა. ამჯერად დავკმაყოფილდებით მხოლოდ რამდენიმე შენიშვნით, რომლებიც, ვფიქრობთ, არსებითია მინჩხის საგალობლების მხატვრული თავისებურებების კვლევისათვის. IX-XI საუკუნეები – ქართული ჰიმნოგრაფიის აღზევების ხანა – ბერძნულენოვანი ლიტერატურის ქართულად თარგმნის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პერიოდია. ბერძნულ კულტურასთან ზიარება, როგორც ცნობილია, ამ დროს მსოფლიო ცივილიზაციასთან ზიარებას ნიშნავდა. ამ დიდ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა ათონის ქართულმა კოლონიამ. ექვითიმე და გიორგი მთაწმიდელების მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა თითქმის მთელი ბიზანტიური მწერლობა. ამ გზას გაჰყვნენ ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი და სხვები. ბიზანტიური ლიტერატურის თარგმანებს ქართული ლიტერატურისათვის განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს სხვა საკითხი. ბერძნული ენისა და ბერძნულიდან თარგმანების ფართო გავრცელებამ გარკვეული ასახვა ჰპოვა ქართული ორიგინალური მწერლობისა და პირველ ყოვლისა, ჰიმნოგრაფიის ენაში. ბერძნული სინტაქსი, ბერძნული ენის კალკები, ფრაზის ბერძნულისეული წყობა ამ დროის ქართულ ჰიმნოგრაფიაში იშვიათი არ არის, ეს ტენდენცია შეიმჩნევა თვით გიორგი მთაწმიდელის ორიგინალურ საგალობლებშიც. ამ ფონზე იოანე მინჩხის საგალობლების უპირველეს ღირსებას მათი ენა – ბუნებრივი და აუმღვრეველი ძველი ქართული წარმოადგენს. უცხო ენის გავლენის არავითარი კვალი, არც ერთი ხელოვნური კონსტრუქცია არ აყენებს ჩრდილს ამ დიდ პოეზიას. ძველი ქართული ლექსიკა, სინტაქსი, ფრაზის ქართული წყობა იოანე მინჩხის საგალობლებს ძველი ქართული ენის ქრესტომათიულ ნიმუშებად ხდის. ეს ალბათ კარგად იყო საგრძნობი X საუკუნის ქართველი მკითხველისათვის. მინჩხის შემოქმედების შესწავლა ნათელს ხდის მისი შემოქმედების საერთო კანონზომიერებას, რაც ტრადიციული მასალის პირველხილვის, სათავეებისაკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ამ მხრივ საყურადღებოა მინჩხის ერთ-ერთი (I სამშაბათის მწუხრის) მცირე ფორმის საგალობლის უკანასკნელი ტროპარი, რომელიც ქრისტიანული ლიტურგიის ძირითადი და ყველაზე ტრადიციული ლოცვის – „მამაო ჩვენოს“ პოეტურ გადამუშავებას წარმოადგენს. ასეთი შემთხვევები ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ძალზე მცირეა. საინტერესოა ის გარემოება, რომ იოანე მინჩხი საკუთარ ხელწერას ტოვებს თვით რიტმულ-მელოდიურ საზომებში – შუა საუკუნეების სასულიერო პოეზიის ყველაზე კანონიკურ სფეროში. ორიგინალური საზომების დამკვიდრება ძლისპირთა რეპერტუარში – ჰიმნოგრაფიის მკაცრად რეგლამენტირებულ სფეროში თანამედროვეებისა და მემკვიდრეების მიერ იოანე მინჩხის შემოქმედების უჩვეულო აღიარებად უნდა ჩაითვალოს. იოანე მინჩხი ერთადერთი ავტორია ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის, რომელსაც მთელი რიგი ორიგინალური ძლისპირები ეკუთვნის. ამ ძლისპირებზე იქმნებოდა არაერთი ქართული საგალობელი, რომელთა ავტორებისათვის მინჩხის პოეტური სამყარო სხვა მხრივაც შთაგონების ერთ-ერთი ძირითადი წყარო უნდა ყო-ფილიყო. მინჩხის მიერ შემოღებული ორიგინალური რიტმულ – მელოდიური საზომები ქართულ ჰიმნოგრაფიაში ყოველგვარი ტერმინის გარეშეა დამკვიდრებული. ხელნაწერებში არსებული მინჩხთან დაკავშირებული ტერმინოლოგია (მინჩხნი, მინჩხისანი, მინჩხურნი) მხოლოდ მინჩხის ავტორობას აღნიშნავს. იოანე მინჩხის ჩვენ მიერ გამოვლენილი მემკვიდრეობა, მცირე ფორმის საგალობლებთან ერთად, მოიცავს 2 ჰიმნოგრაფიულ კანონს. მინჩხის ეს კანონები განკუთვნილია დიდმარხვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულების – ლაზარეს შაბათისა და ბზობის კვირიაკისათვის. ორივე მათგანი გამოირჩევა მინჩხისათვის დამახასიათებელი ლირიზმით. ამრიგად, სამეცნიერო ლიტერატურაში სხვა ხელნაწერებით ცნობილ მინჩხის 6 ჰიმნოგრაფიულ კანონს დაემატა 2 ახალი კანონი, რომლებმაც კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირა იოანე მინჩხის შემოქმედებას იადგარიდან ცალკე კრებულად გამოყოფილ ქართულ მარხვანთან. მცირე ფორმის საგალობლებსა და ჰიმნოგრაფიულ კანონებთან ერთად გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფულ მარხვანში მინჩხის სახელით წარწერილია საგალობელთა კიდევ ერთი ჯგუფი – 8 „მოიხილესა“, რომლებიც წარმოადგენს ბიზანტიელ ჰიმნოგრაფთა მარხვანისათვის განკუთვნილი კანონების II ოდებს. კანონები, რომლებიც მინჩხის „მოიხილეებს” შეიცავს, გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფულ მარხვანში წარწერილია ელიას, კოზმას, იოსების და თეოფანეს სახელით. X საუკუნის სინურ იადგარებში, Sin. 5 და Sin. 75 ხელნაწერებსა და გიორგი მთაწმიდელის მარხვანში დაცული ამ კანონების ქართული თარგმანები რედაქციულად სხვაობს ერთმანეთისაგან. აღნიშნული კანონების ქართული თარგმანი იოანე მიჩხის II ოდებით უნდა შეევსო იადგარიდან ცალკე კრებულად გამოყოფილი I ქართული მარხვანისათვის, რომელთანაც მისი შემოქმედება ძალზე მჭიდროდააა დაკავშირებული. ამრიგად, გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანის შესწავლამ გამოავლინა იოანე მინჩხის ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობის აქამდე უცნობი სფერო – მისი წვლილი კანონების II ოდების, „მოიხილეთა“ რეპერტუარის შექმნაში. ეს საკითხი ყურადღებას იმსახურებს ჰიმნოგრაფიული კანონის II ოდის მეტად საინტერესო ისტორიის შესწავლისათვის. როგორც ცნობილია, ჰიმნოგრაფიული კანონის II ოდის – „მოიხილესას“ თავისებური ისტორია დიდი ხანია მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენს. მისი შესწავლისათვის დიდ ყურადღებას იმსახურებს ძველი ქართული წყაროები, რადგან ქართულ ჰიმნოგრაფიაში მიმდინარე პროცესების სათავეს, როგორც წესი, შესაბამისი პერიოდების ბიზანტიური ჰიმნოგრაფია წარმოადგენს. X საუკუნის 50-იანი წლებიდან ქართულ ჰიმნოგრაფიაში იწყება კანონების შევსება II ოდებით, რაც ამავე პერიოდის ბერძნულ ჰიმნოგრაფიაში მიმდინარე პროცესს უნდა ასახავდეს. ამრიგად, ქართულ მარხვანზე იოანე მინჩხს ჩატარებული აქვს მეტად რთული და მიზანდასახული სამუშაო. იგი ავტორია იადგარიდან ცალკე კრებულად გამოყოფილი I ქართული მარხვანის მთელი სტიქარონული ნაწილისა. მარხვანის ამ კრებულისათვის იოანე მინჩხს შეუქმნია სხვა აუცილებელი კომპონენტებიც - ლაზარეს შაბათისა და ბზობის კვირიაკისათვის განკუთვნილი კანონები და „მოიხილეების“ რეპერტუარი მარხვანისათვის განკუთვნილი ბერძნულად თარგმნილი კანონებისთვის. ნიშანდობლივია მინჩხის საგალობლების თემატური და ფრაზეოლოგიური კავშირიც I ქართულ მარხვანში წარმოდგენილი ბერძენი ავტორების შემოქმედებასთან. ყოველივე ამის მიხედვით, იოანე მინჩხი იადგარიდან ცალკე კრებულად გამოყოფილი I ქართული მარხვანის რედაქტორი და შემდგენელი უნდა იყოს. მინჩხი ერთადერთი ავტორია ქართველ ჰიმნოგრაფთა შორის, რომელსაც ამგვარი სირთულისა და მოცულობის სამუშაო აქვს ჩატარებული. I ქართული მარხვანი საფუძვლად დაედო ამ კრებულის შემდგომდროინდელ რედაქციებს, მინჩხის მარხვანისათვის განკუთვნილი სტიქარონები კი ძლისპირებად იქნა დაკანონებული ქართულ ჰიმნოგრაფიაში. მინჩხის წვლილს ქართული მარხვანის ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებული სიზუსტით აღბეჭდავს გიორგი მთაწმიდელი – ქართული და ბიზანტიური მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე სწავლული, რომლის ნაშრომებში ქართული საგალობლები, ჩვეულებრივ, მცირე რაოდენობითაა შესული. ეს საგალობლები, გიორგისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფრიად კეთილ არიან და საწადელ...“ ამრიგად, XI საუკუნის საქართველოს ყველაზე ავტორიტეტულ წრეებში იოანე მინჩხის შემოქმედება განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს. დიდია იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაზე. მიქაელ მოდრეკილს, რომელიც Xს-ის II ნახევარში მოღვაწეობდა, ერთ-ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი შეუქმნია იოანე მინჩხის წმ. გიორგისადმი მიძღვნილი „თჳთძლისპირი“ კანონის რიტმულ - მელოდიური საზომების მიხედვით [1, გვ. 133-135]. როგორც ჩანს, ამ საგალობელში მინჩხის მიერ შემოღებული საზომი სწრაფად დაკანონდა ძლისპირად ვრცელი ფორმის საგალობელთათვისაც. იოანე მინჩხის საგალობლები დემეტრე-დამიანეს „შენ ხარ ვენახის" შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ იქცა[6, გვ.100-102]. აშკარაა იოანე მინჩხის შემოქმედების გავლენა დავით აღმაშენებლის ჰიმნოგრაფიულ შედევრზე - „გალობანი სინანულისანი“.იოანე მინჩხის შემოქმედება ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|