ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
მაია რაფავა
პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“და იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ სომხური თარგმანი პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ შესახებ არსებულ დიდძალ სამეცნიერო ლიტერატურაში ძალზე მოკრძალებული ადგილი უკავია გამოკვლევებს მათი სომხური თარგმანის შესახებ. ქართულ მეცნიერებაში ილ. აბულაძემ წინასწარი ნარკვევების სახით მიმოიხილა ისინი (1, 17-28; 2, 29-40;). სომეხ მკვლევართა ინტერესების ობიექტი მხოლოდ სომხური თარგმანის წარმომავლობისა და ავტორობის საკითხი აღმოჩნდა (4; 11, 667-668; 21,122; 22, 151-152; 23, 99-100; 24, 148). ამით შემოიფარგლა სომხური თარგმანის შესწავლის ისტორია. არადა, სომხურ თარგმანს უცილობლად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პროკლეს „კავშირნი ღვთისმეტყეველებითნის“, ასევე პეტრიწის „განმარტებათა“ მეცნიერული კვლევა-ძიების საქმეში. დიდია მისი მნიშვნელობა და ღირებულება პროკლე-პეტრიწის თხზულებათა ქართული ორიგინალის შესწავლის საქმეში. პროკლესა და პეტრიწის ტექსტების სომხური თარგმანი შესრულებულია ქართული ენიდან 1248 წელს სამხრეთ საქართველოში პღინძაჰანქის მონასტერში მოღვაწე სომეხი ქალკედონიტი ბერის, სიმეონ პღინძაჰანეცის მიერ. ეს ის სიმეონია, რომელსაც სომხური დიოფიზიტური წრეებისთვის ქართულიდან უთარგმნია სხვა ნაწარმოებებიც, როგორიცაა იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (16), იოანე სინელის „კლემაქსის“ პეტრე გელათელისეული ვერსია, რამდენიმე თხზულება არსენი იყალთოელის „დოგმატიკონიდან“ (2,29-40). ნ. აკინიანი მასვე მიაწერს ბერძნული „საგალობლებისა“ და „ქართლის ცხოვრების“ თარგმნას (4, 1-8). პროკლეს „კავშირნის“-ის პღინძაჰანეცისეულ თარგმანს საინტერესო ბედი ეწია მე-17 ს-ში. სიმეონ ჯუღაეციმ, გარნისის ეპისკოპოსმა, უცვლელად გამოიყენა სიმეონ პღინძაჰანეცის მიერ თარგმნილი პროკლეს „კავშირთა“ ტექსტი, ოღონდ პეტრიწის „განმარტებების“ ნაცვლად მას საკუთარი განმარტებები დაურთო. მისი განმარტებები უფრო არისტოტელეს „ორგანონის“ ენაზეა ამეტყველებული, მოხმობილია დიონისე არეოპაგელი, ფილონ ალექსანდრიელი და ამავე დროს, ქრისტიანი საეკლესიო მამები (23, 99-100). ჯუღაეცი თავისი კომენტარებისთვის წამძღვარებულ წინასიტყვაობაში აღნიშნავს პროკლეს თხზულების დიდ ღირებულებას და გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ძველ სომეხ მთარგმნელებს არ უთარგმნიათ პროკლეს ეს შრომა. იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, არსებობდა ძევლი სომხური თარგმანი და იგი დაიკარგა. ჯუღაეცის შეხედულებით, ისიც დასაშვებია, რომ ძველმა სომეხმა მთარგმნელებმა იცოდნენ პროკლეს შრომის კავშირი პორფირი ფინიკიელის „შესავალსა“ და არისტოტელეს „კატეგორიებსა“ და „მეტაფიზიკასთან“ და რადგან ეს შრომები თარგმნილი იყო სომხურად, მათ არ ჩათვალეს საჭიროდ „კავშირნის“ თარგმნა. ჯუღაეცი ხელმეორედ კომენტირების მიზეზად ასახელებს იმას, რომ სიმეონ პღინძაჰანეცის თარგმანის მიხედვით ჭირს პროკლეს ტექსტის გაგება (მატენადარანის #8, 150r). იმავე მე-17 ს-ში მეორე სომეხმა მწერალმა, სიმეონ ერევანეციმ, ისევ მიმართა პროკლე დიადოხოსის სიმეონ პღინძაჰანეცისეულ თარგმანს და თავისი კომენტარები დაურთო მას. სიმეონ ერევანეციც იმავე პრეტენზიებს უყენებს, ახლა უკვე, ჯუღაეცის განმარტებებს. მისი სიტყვებით, ჯუღაეცის კომენტარებში ბევრი რამ არის შეცვლილი და აზრიც ხშირად არის დამახინჯებული (მატენადარანის #1837, 108r). სიმეონ ჯუღაეცითა და სიმეონ ერევანეცით არ დამთავრებულა „კავშირნისა“ და „განმარტებების“ სომხური თარგმანების ისტორია. პროკლეს ტექსტი სიმეონ პღინძაჰანეცის სომხური თარგმანიდან 1757 წელს ხელახლა ითარგმნა ქართულად იოანე ჯამბაკურ-ორბელიანის ინიციატივით და „სხვათა შემწეობით“ (ეროვნული ცენტრის ხელნაწერები A 74, S 192). ჯამბაკურ-ორბელიანს შესანიშნავად სცოდნია პეტრიწისეული თარგმანისა და განმარტებების არსებობა, მაგრამ იგი მობოდიშებით შენიშნავს, რომ პეტრიწისეული თარგმანი ძნელი გასაგები იყოო. ხოლო თუ როგორი მეცნიერული და მხატვრული ღირებულებრივი თანაფარდობა არსებობს იოანე პეტრიწის თარგმანსა და იოანე ჯამბაკურ-ორბელიანის „ახალ კავშირს“ შორის, კარგად არის შეფასებული ანტონ ბაგრატიონის (კათალიკოსის) მიერ : „აღამაღლებენ უდიდესითა ქების სიტყვებითა ახალსა კავშირსა, რომელ არს მეტაფისიკაჲ სტოიკელთაჲ, განრყუნილი ვისგანმე სომეხთა ხუცისა, რამეთუ განაგდეს ვიეთმე თჳთ იგი მეტაფისიკაჲ სტოიკელთაჲ ახალთა ბრძენთა ქართველთა, თარგმნილი იოანესგან, ფილოსოფოსისა ჩუენისა, და განრყუნილი იგი ტერტერაჲსა ვისგანმე მეტაფისიკაჲ თარგმანებულ ჰყუნეს ენისაგან სომეხთაჲსა ჩუენსა ზედა ენასა“ (ეროვნული ცენტრის ხელნაწერი A74). პროკლეს „კავშირნისა“ და პეტრიწის „განმარტებების“ ქართულ -სომხური თარგმანების სრული ისტორია ცალკე შესწავლას საჭიროებს. სიმეონ პღინძაჰანეცის მიერ თარგმნილ პროკლეს „კავშირნსა“ და პეტრიწის „განმარტებებს“ სომხურ ხელნაწერებში ახლავს მთარგმნელის ანდერძი : „ითარგმნა წიგნი ესე, რომელიც არის კავშირი და ღვთისმეტყველების თავი პლატონური ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსისა, სიმეონ უნდო ხუცესმონაზონის მიერ ქართული ენიდან სომხურ ენაზე, სომხეთის ქვეყანაში, ქართველთა სავანეში, რომელსაც პღინძაჰანქი ეწოდება, დასაბამითგან 6756 [1248წ.]. გევედრები თქვენ, ძმანო, ფრიადი შრომით ვთარგმნე: ჯერ-ერთი, არ ვიყავ ღირსი ასეთი მსახურებისა ცოდვათაგან შებღალულობის გამო, [და] მეორე, რადგანაც ფრიად მოხუცებული ვიყავ და თვალთაგან, გონებისა და ძალისაგან მოუძლურებული, 60 წლისა ვიყავ. არ იყო თარგმნილი ჩვენს ენაზე ის, [რაც] ღვთისმეტყველების დედაა. პირველად მოსემ ისწავლა ეს წიგნი და მისი სიტყვებით განაწყო თავისი ღვთისმეტყველება, [აგრეთვე] დიონისე არეოპაგელმა და იეროთეოსმა თავისი წერილები სრულიად მისგან დაწერეს. გრიგოლ ღვთისმეტყველმაც თავისი ღვთისმეტყველება მისით გამოთქვა. ყველა ახალმა [მოღვაწემ] თავისი ღვთისმეტყველება ამავე სიტყვათა თხზულებიდან გამოიყვანა. ესაა საფუძველი და ძირი, დედა ყველასი. ამისგან მიიღეს მათ სისრულე. მაგრამ ისინი მცირე ნაკვეთნი არიან და მეც მის გამო ვთარგმნე, რომ ჩვენი ნათესავი არ იყოს მას მოკლებული. ახლა გევედრებით, რომლებმაც განკარგოთ ანდა გადაიღოთ, მომიხსენეთ ლოცვაში და ჩემი მცირედი სიტყვაც მიაწერეთ და ნურას გამოტოვებთ მისგან” (მატენადარანის ხელნაწერები #1500, 1121; #1832, 309). ეს ანდერძი კარგად არის ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში (1, 17-28; 2, 29-40; 11, 667-668; 22, 151-152; 23, 99-100; 24, 148). მიუხედავად ანდერძის ცნობისა, რომ ძველი სომხური თარგმანი ქართულიდან არის შესრულებული და ამ ცნობას იმეორებენ სიმეონ ჯუღაეცი და სიმეონ ერევანეცი, თანამედროვე სომეხ მეცნიერთა მხრივ გარკვეული ეჭვებია გამოთქმული სომხური ტექსტის ქართულიდან წარმომავლობასთან დაკავშირებით. პირველად ამ საკითხზე ეჭვი გამოთქვა არმენოლოგმა ფ. კონიბირმა. სომეხ მკვლევართაგან ზოგმა გაიზიარა კონიბირის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობდა პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნის“ ძველი სომხური თარგმანი, საიდანაც შესრულდა ქართული თარგმანი და ბოლოს, ამ ქართული დედნიდან ხელახლა ითარგმნა ტექსტი სომხურად (22, 42-45). სომეხი მეცნიერები თავიანთი შეხედულების დასაბუთების მიზნით შემდეგ მონაცემებს ეყრდნობიან: 1. არ არსებობს ქართული თარგმანის შემცველი ძველი ნუსხა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო წყარო სომხური თარგმანისათვის. 2. სომხურ თარგმანში, ერთი მხრივ, დასტურდება ბერძნული ენის გავლენა, მეორე მხრივ, ისეთი სიტყვათწარმოებანი, რომლებიც უჩვეულოა ელინოფილური თარგმანებისთვის (23, 99-100). პირველი არგუმენტი თავისთავად მოიხსნა მას შემდეგ, რაც მკვლევრების ხელთ აღმოჩნდა უძველესი ქართული ხელნაწერი H1337 (XIII ს.). რაც შეეხება მეორე არგუმენტს, სომხურ ტექსტში არსებულ ბერძნიზმებს, ტექსტობრივი კვლევით გაირკვა, რომ ისინი სწორედ ქართულის გზით არის შესული სომხურ თარგმანში. ნიშანდობლივია, რომ ყველა ბერძნული სიტყვა სომხურში გვხვდება მხოლოდ მაშინ, როცა შესატყვის კონტექსტში ქართულშიც მოიპოვება ეს ბერძნული სიტყვა. არცერთი მაგალითი არ დადასტურდა იმისა, რომ სომხურ ტექსტში იყოს ბერძნული სიტყვა და ქართულში იგი არ გვხვდებოდეს. ეს ფაქტი აშკარად სიმპტომატურია. ბერძნული სიტყვის ქართულიდან სომხურში გადატანის სხვადასხვა პრინციპი იჩენს თავს. 1. ბერძნული სიტყვა ქართული ორიგინალის მსგავსად უთარგმნელად დასტურდება სომხურ ტექსტშიც: : jElleathvxenoõ – ელეატექსენი 145,10 – ելէատացիքս 451,1 ; 2. ბერძნული სიტყვის მნიშვნელობა თარგმნილია: puvrsoõ – პჳრსოჲ 102,26 – յօժարութիւն 286,13. ejkmagei`on – ეკმაგიოჲ 78, 8 – կերպարան 212; 3. ბერძნული სიტყვა სომხურში გამოტოვებულია; 4. ბერძნული სიტყვა სხვა მნიშვნელობით არის თარგმნილი, drasthvrioõ – დრასტირიაჲ 106,24 – անձնական 299,14; 5. ბერძნული სიტყვა ქართული წარმოების კალკით არის გადასული სომხურში: სტერისნი 125,14 – ըստ երիսք 361,2. სომხურ ტექსტში ბერძნიზმების ქართული ორიგინალის გზით არსებობას სავსებით კატეგორიულად მხარს უჭერს ისეთი ფაქტები, როცა სომხურ ტექსტში ლექსიკური ფორმები (ვ. ტაშიანის სიტყვებით „უცნაური ლექსიკური ერთეულები“), ზოგჯერ წინადადების კონსტრუქცია, სიტყვათწარმოებითი აფიქსები ქართულის კალკით არის ნაწარმოები, რითაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია სომხური თარგმანის ხელოვნური ფორმები. „ხედვაჲ სამათიმატიკოჲ“ 176, 22 – տեսութիւն սամաթիմատիկոյի 592,3. „ზედმიწევნულებაჲ“ – ի վերայ հասանել 260, 4. „ცისკარი“ 16,19 –առաւօտն դուռն երկնից 164,12. ასეთი სიტყვასიტყვითი თარგმანის წყალობით მიღებული ხელოვნური ფორმები გვიანდელ სომხურ ნუსხაში (მატენადარანის #1832) ხშირად სწორდება სომხური ფილოსოფიური ენის ტერმინოლოგიის შესაბამისად. ბერძნიზმები, რომლებიც უხვად დასტურდება პროკლესა და პეტრიწის ქართულ ტექსტებში, პეტრიწონული სტილის აშკარა გამოვლინებას წარმოადგენს. ბერძნიზმები იმავე სახით არის გადასული სომხურ თარგმანში. სრული უეჭველობით მტკიცდება მთარგმნელის, სიმეონ პღინძაჰანეცის, ანდერძის ცნობა, რომ მისი თარგმანი შესრულებულია ქართული ენიდან. უამრავი ფაქტობრივი მასალა აშკარად ავლენს სომხური თარგმანის ქართულიდან მომდინარეობას. სომხურ თარგმანში არსებული მთარგმნელობითი კალკები, ტექსტობრივი ლაპსუსები მეტყველებს ქართული ტექსტის პირვანდელობას. ორი გარემოება – ერთი, სიმეონ პრინძაჰანეცის თარგმანი რომ თითქმის თანადროულია ქართული ორიგინალისა და ამდენად, დაცულია გვიანი პერიოდის გადამწერ-რედაქტორების მხრივ შესაძლო ჩარევებისაგან, და მეორე, სომხური თარგმანი ქართულის სიტყვასიტყვით თარგმანს წარმოადგენს - უცილობლად მიანიშნებს იმაზე, რომ პღინძაჰანეცის თარგმანს ქართული ორიგინალის არქეტიპის აღდგენაში, მის გამართვასა და დაზუსტებაში პირველხარისხოვანი როლი ენიჭება. სრულიად ბუნებრივია, რომ სომხურ თარგმანში სისტემატურად თუ არა, არც თუ იშვიათად, დაცულია ქართული ტექსტის პირვანდელი სახე. მხედველობაშია მისაღები ყოველგვარი გადახვევები ქართული ტექსტიდან, სომხურ თარგმანში დადასტურებული მეტობა-ნაკლებობანი, განსხვავებული წაკითხვები. რასაკვირველია, ყველა მათგანი ქართული დედნის გავლენით არ იქნება განპირობებული. ბევრგან გასათვალისწინებელია სომეხი მთარგმნელის შემოქმედებითი ინიციატივა, მაგრამ ყოველი ცალკეული შემთხვევა საგანგებო შესწავლას თხოულობს. ქართული და სომხური ტექსტების შედარებით ვლინდება, რომ სომხურ თარგმანს ენიჭება მიუცილებელი საკონტროლო მნიშვნელობა ქართული კრიტიკული ტექსტის დასადგენად. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ისეთი ადგილები, რომლებიც ქართულ ტექსტში რთული და ბუნდოვანი ჩანს. მათი გაგება სომხური თარგმანის მოშველიებით ადვილდება. სომხურ თარგმანში წინადადების წყობის შეცვლა, სინტაგმების გადაადგილება ბევრგან გასაგებად მარტივს აჩენს აზრს. არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის კონტექსტი ქართულ ტექსტში აშკარად მცდარი ჩანს, ხოლო სომხურ თარგმანში იგი მართებულად არის წარმოდგენილი. ეს უზუსტობა, ალბათ, ქართული ნუსხის გადამწერების მიერ არის დაშვებული ორთოგრაფიულად არაზუსტი წაკითხვის ნიადაგზე. მაგალითად, პეტრიწის „განმარტებათა“ 32-ე თავი ასე იწყება : „საკჳრველად და აღმყვანებელად შემდგომთა პირველთა მიმართ ტრფიალებასა დასდებენ იდიოტიმა და სოკრატი“. ლაპარაკია სირათ წყობაში საფეხურებრივ რკალზე, როცა ემანაციისა და ეპისტროფეს წყალობით შემდგომნი მიილტვიან უმაღლესისაკენ. ყოველივე არსებულის მისწრაფებას უმაღლესისაკენ განაპირობებს სიყვარული, ტრფიალება. (ცნობილი სიყვარულის ფილოსოფია ნეოპლატონიზმისა, სადაც სიყვარული განაგებს არსთა წყობას, სიყვარული აკავშირებს სამყაროს ერთ მთლიანობაში). დასახელებულ კონტექსტში სომხურ თარგმანში წერია: կապակցութիւն և վերաբերութիւն յետնոցն արաջինսն զտռփութիւն դնեն (227,16). ქართული „საკჳრველის“ შესატყვისად სომხურ ტექსტში არის կապակցութիւն, რომლის მნიშვნელობაა „კავშირი“, „საკრველი“ . კონტექსტის აზრობრივ გაგებას, ცხადია, შეეფერება სომხური կապակցութիւն („საკრველი“), რადგან სიყვარული არის შემკრველი და აღმყვანებელი ყოველივესი უმაღლეს ერთთან. დასკვნა: ქართულ დედანშიც იქნებოდა „საკრველი“ და არა „საკჳრველი“, როგორც არის ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ხელნაწერებში. აღრევა „საკრველ“/“საკჳრველისა“ დაქარაგმების არასწორად გახსნის შედეგად მოხდა ქართულ ხელნაწერებში. მცდარი წაკითხვის დაზუსტების საშუალებას იძლევა სომხური თარგმანი. ერთ ადგილას (თ. 152) ლაპარაკია ორგვარ ძალაზე: უსაზღვროობით – დედობრივ ძალაზე და პირველ საზღვარზე – მამობრივ ძალაზე. ეს ორი ძალა ქმნის ყოველივეს უკანასკნელ საფეხურამდე. „და ვიდრე რაჲზომვე მქონებელთა ძალთა და მოქმედებათაჲსა იხილვების და გაზიდვენ ორნი ესე ძალნი ვიდრე მდელოთა და ქცევათა შორისაცა“ 177,16. „მდელოთა“ და „ქცევათა“-ს პარალელურად ხმარება მოულოდნელია, რადგან გამოდის, რომ ორი ძალა გაზიდავს ანუ გაამრავლებს ყველაფერს მდელომდე და ქცევამდე. ქართულის ამ ბუნდოვანებაში სიცხადე შეაქვს სომხური თარგმანის შესაბამის კონტექსტს. სომხურში წერია: յարաձգեն... մինչև ցբոյսս և քարինս 595,11. ქართული „ქცევათა“-ს ადგილას სომხურშია քարինս ანუ „ქვათა“. აშკარაა, რომ სომხური თარგმანის „ქვათა“ ზუსტად ჯდება კონტექსტში: „ორი ძალა ყველაფერს გაამრავლებს ვიდრე მდელომდე და ქვებამდე“. აღრევა ისევ ორთოგრაფულ ნიადაგზე ჩანს მომხდარი. ქართულ ტექსტშიც, ალბათ, დაქარაგმებული სახით ეწერა „ქვათა“, რაც გადამწერის მიერ წაკითხულ იქნა, როგორც „ქცევათა“. ნუსხური –ვ და –ც –ს დაწერილობა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და მათი აღრევა ქარაგმის ქვეშ ადვილად დასაშვებია. ერთგან (პეტრიწის „განმარტებათა“ 55-ე თავი) მსჯელობა ეხება განყოფასა და შეერთებას. განთჳთებულ უკუე საუკუნესა შორის გუარნი და ერთსა შორის რიცხუთა თჳთებანი; და არცა შერწყუმულ და არცა შერეულ, არამედ ერთებრივ და არ შეერთებულიცა განიყოფვიან“ (122,4-6). აქ ასეთი აზრია: განთჳთებული, ე.ი. განცალკევებული არც შერწყმულია და არც – შერეული, არამედ ერთიანად არის. მომდევნო ფრაზა „და არ შეერთებულიცა განიყოფვიან“ გაუგებრობას ბადებს. ამ გაუგებრობაში გარკვევა სომხური თარგმანის მეშვეობით ხერხდება. სომხურ თარგმანში, ქართულისგან განსხვავებით, მეტია სიტყვები: վասն զի միեզենն և միաւորեալն = „რამეთუ ერთებრივ და შეერთებულ“. და ამ მეტობის გათვალისწინებით კონტექსტი შემდეგ მნიშვნელობას იძენს: „არცა შერწყმულ და არცა შერეულ, არამედ ერთებრივ, და არცა შეერთებულ, რამეთუ ერთებრივ და შეერთებულ განიყოფვიან“, ე. ი. ქართულ ნუსხებში აკლია ფრაზა ორ „ერთებრივ“ სიტყვას შორის. ამ ლაკუნის აღდგენა შესაძლებელია სომხური თარგმანის მეშვეობით. ერთგან (45,3-4) პროკლეს „კავშირთა“ ტექსტს (თ. 69) ქართულში აკლია ფრაზა. გამოცემაში ლაკუნის ადგილას მრავალწერტილია დასმული. სომხურ თარგმანში (394,1-5) დასტურდება ქართულის ნაკლული ადგილი, ამდენად, ქართული ტექსტის შევსება შესაძლებელი ხდება სომხური თარგმანის მეშვეობით. განსაკუთრებით საყურადღებოა სომხური თარგმანის ისეთი თავისებურება, როცა სომხურ ტექსტში არის ფრაზები, რაც არ არის ქართულ დედანში და არის ბერძნულ ორიგინალში ( 10,50,15; 116,18-20). ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ფრაზები ქართული თარგმანის ტექსტშიც უნდა ყოფილიყო და ამდენად, შესაძლებელია მათი აღდგენა. ჩამოთვლილი მაგალითები ცხად-ჰყოფენ სომხური თარგმანის როლსა და მნიშვნელობას პროკლეს „კავშირნისა“ და პეტრიწის „განმარტებების“ ქართული ტექსტის შესწავლის საქმეში. გარდა მთარგმნელობით-სტილისტური მახასიათებლებისა, რომელთა შესახებ ზემოთ მივუთითეთ, სომხური თარგმანი სტრუქტურულადაც იქცევს ყურადღებას. სომხური თარგმანის სტრუქტურის გათვალისწინება საშუალებას იძლევა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ პეტრიწის „განმარტებათა“ შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ზოგიერთ მოსაზრებაში. კვლევის დღევანდელ ეტაპზე ზოგიერთ მონაცემს არ გააჩნია მყარი არგუმენტის ძალა, მაგრამ იგი აუცილებლად საჭიროებს შესწავლას და სამომავლო კვლევა-ძიებისთვის საყურადღებო პერსპექტივებს იძლევა. მაინც როგორია სტრუქტურულად სომხური თარგმანი? 1. უპირველესად, სომხურშიც, ქართულის მსგავსად, 211 თავი დასტურდება. პროკლეს „კავშირნი“ და პეტრიწის „განმარტებები“ ზუსტად იმ სახით არიან წარმოდგენილი სომხურ ტექსტში, როგორც ქართულში, ე. ი. კიმენისა და სქოლიოს სახით. პროკლეს ტექსტი და პეტრიწის განმარტებები ასოითი სათვალავით არის დანომრილი 1-დან 211 –ის ჩათვლით. პროკლეს ტექსტს მხოლოდ ნომერი უზის, პეტრიწის ტექსტს კი - ნომერი და აბრევიატურა լծ - լուծմունք« ( „განმარტება“). როგორც პროკლეს ტექსტს, ისე პეტრიწის კომენტარებს წინ უზით აბრევიატურა բն – բնագիրք („დედანი“). 2. ქართულისგან განსხვავებით, სომხურ თარგმანში დასტურდება პეტრიწის „განმარტებებისგან“ განსხვავებული კომენტარები. ისინი დანარჩენი ტექსტისაგან გამოყოფილია մկ აბრევიატურით – մեկնութիւն« („განმარტება“). ეს უკანასკნელნი მოცულობით გაცილებით მცირეა, ვიდრე პეტრიწის განმარტებები. საყურადღებოა, რომ აღნიშნული განმარტებები (մկ) რამდენიმე შემთხვევაში ახლავს პროკლეს ტექსტს, უმრავლეს შემთხვევაში კი ისინი ჩართულია პეტრიწის კომენტარებში. შინაარსის მიხედვით, სომხური განმარტებები უფრო მეტად საღვთისმეტყველო ხასიათისაა (წმ. სამება, ანგელოზები, სამოთხე და სხვა), მაგრამ არის ნეოპლატონურ ფილოსოფიურ შეხედულებათა მატარებელიც. საილუსტრაციოდ ორიოდე ნიმუშს მოვიხმობ: პროკლეს „კავშირნის“ 50-ე თავი ეხება „საუკუნოჲსა“ და „ჟამიერის“ crovnoõ და kaivroõ) ცნებების გაგებას. სომხურ თარგმანში ჩართულია შემდეგი შინაარსის განმარტება: „აქ იწყებს თავის სიტყვას გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც ამბობს, რომ „ღმერთი იყო და არის და იყოს მარადის“ [8,VII,23]. ასევეა მთელი მისი ღვთისმეტყველება. ასევე, დიონოსის სიტყვათა მთელი აზრი და სხვა ღვთისმეტყველებისა ამ წიგნებიდან არის აღებული, და ჭეშმარიტებას შეიმეცნებ, თუ გულმოდგინედ გამოიძიებ“. შემდეგ, იმავე 50-ე თავის, ახლა უკვე, პეტრიწისეულ კომენტარში, სადაც განმარტებულია, რომ kaivroõ არის crovnoõ -ის ნაწილი, სომხურ თარგმანში ჩართულია ასეთი განმარტება: „აქედან იწყებს დაყოფას და განსაზღვრებას ღმერთისა და სამარადისოსი – საუკუნეთად, ხოლო ქმნულთა – ჟამიერთად. აქ ნათელი ჩემი პავლე იტყვის : „რომელი იყო და მარადის არს და იყოს“. და ყველა ახლებმა, ამ წიგნებისგან განსწავლულებმა, იღვთისმეტყველეს, რადგან მთლიანად ღვთისმეტყველება არის ეს წიგნები, რადგან ყველა არის ღვთისგან და განღმრთობილთა სულთა“. ორივე კომენტარი შინაარსობლივ ახლოა ერთმანეთთან. გრიგოლ ღვთისმეტყველისა და დიონისეს სიბრძნის პროკლეს წიგნთან დაკავშირება, რაზეც მეტყველებს განმარტებათა ანონიმი ავტორი, ძალზე ჰგავს პეტრიწის „განმარტებათა“ შემცველ ქართულ ხელნაწერებში არსებულ ერთ მინაწერს, რომელშიც ასევე ლაპარაკია დიონოსისა და გრიგოლის ღვთისმეტყველების პროკლეს მოძღვრებასთან კავშირის შესახებ (ეროვნული ცენტრის ხელნაწერი H1337, 3r). შინაარსობლივად იგი საკმაოდ ახლოს არის სიმეონ, სომეხი მთარგმნელის, ანდერძთანაც.. „საუკუნოსა“ და „ჟამიერთა“-ს შესახებ ანონიმის განმარტება სომხურ თარგმანში ჩართულია სხვაგანაც, კერძოდ, 55–ე თავში. პეტრიწის კომენტარში, სადაც იწყება დასაბუთება „მსგავსისა“ და „უმსგავსოჲს“ შესახებ, ჩართულია ასეთი განმარტება: „იხილე ყოველივე ესე ამ თავში, თუ როგორ დაწვრილებით განსაზღვრავს საუკუნოს და სამარადისო ღმერთს და ღმრთეებრივებს. ასევე –ჟამსა და მის ნაწილებს და მათ, რომელნიც მისგან არიან – ჟამიერნი, რომლის ღრმად ძიება და შესწავლა საჭიროა მეცნიერთათვის, რადგან ისინი აუცილებლად შესასწავლი არიან“. მოყვანილი ნიმუშების მიხედვით, აშკარავდება განმარტებათა ნეოპლატონური მიზანდასახულება. ვის უნდა ეკუთვნოდეს ეს განმარტებანი?` ანონიმის განმარტებების ავთენტურობასთან დაკავშირებით მკვლევრებს განსხვავებული აზრი აქვთ გამოთქმული. ნ. აკინიანის თვალსაზრისით, լծ და մկ –ის ავტორი ერთი და იგივე პიროვნებაა და იგი XI ს.-ის მოღვაწე ბერძნულმცოდნე ქართველია (3,143). ბ. სარგისიანი მათ ავტორად იმავე სიმეონ პღინძაჰანეცის მიიჩნევს (21,122). საფიქრებელია, რომ სომხურ თარგმანში ქართული ორიგინალისგან განსხვავებული განმარტებების ავტორი, როგორც ამას მიიჩნევს ბ. სარგისიანი, თვითონ მთარგმნელი, სიმეონ პღინძაჰანეცი იყოს. ამ მოსაზრებას ვემხრობით ჩვენც. ამის საფუძველს გვაძლევს შემდეგი ორი მონაცემი: 1) მთარგმნელის ანდერძის სიტყვები : „გევედრებით, რომლებმაც განკარგოთ ანდა გადაიწეროთ, მომიხსენეთ ლოცვაში და ჩემი მცირედი სიტყვაც მიაწერეთ და ნურას გამოტოვებთ მისგან“. მთარგმნელი ითხოვს, რომ მომავალმა რედაქტორებმა ან გადამწერებმა მის მიერ მცირედ ნათქვამი სიტყვაც გადაწერონ და არ გამოტოვონ ისინი. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს მცირედ ნათქვამი სიტყვებია სომხურ თარგმანში ქართულისგან განსხვავებით ჩართული განმარტებები. 2) ანონიმური განმარტებების ზოგიერთი ფრაზა შინაარსობლივ ემთხვევა სომხური თარგმანის ბოლოს ხელნაწერებში დადასტურებულ მთარგმნელისეულ ანდერძს. მათ შორის საერთოა აზრი დიონისეს, გრიგოლ ღვთისმეტყველის, სხვა ახალი ღვთისმეტყველების მოძღვრების ამ წიგნიდან (ანუ პროკლეს წიგნიდან) მომდინარეობის შესახებ. ასეთი შინაარსობლივი დამთხვევა სიმეონ პღინძაჰანეცის სასარგებლოდ მიაქცევს ჩვენს აზრს. შესაძლებელია, რომ განმარტებები სიმეონ პრინძაჰანეცის ორიგინალური ნააზრევი იყოს, ან შესაძლოა, რომ თარგმნის პროცესში და ანდერძის წერის დროს იგი რომელიღაც ანონიმური წყაროთი სარგებლობდა. 3. სომხურ თარგმანს ქართული ორიგინალისგან სტრუქტურულად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი განასხვავებს. ქართულ ხელნაწერებში პროკლეს ტექსტსა და პეტრიწის კომენტარებს წინ უძღვის პეტრიწის წინასიტყვაობა და ბოლოში ერთვის ბოლოსიტყვაობა. სომხურ თარგმანში ბოლოსიტყვაობა არ დასტურდება. 1248 წელს შესრულებულ სომხურ თარგმანში (მატენადარანის #1500 ხელნაწერი მე-13 საუკუნის ბოლოსაა გადაწერილი) ბოლოსიტყვაობა არ არის. ეს ფაქტი საყურადღებოა ბოლოსიტყვაობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მკვლევართა ნაწილის მიერ გამოთქმულია აზრი, რომ ე. წ. ბოლოსიტყვაობის პირველი ნაწილი წარმოადგენს ფსალმუნთა, როგორც სამების წინასწარმეტყველების წიგნის განმარტების ფრაგმენტებს და ამ თვალსაზრისით, შეიძლება დაუკავშირდეს პროკლეს „თეოლოგიის საფუძვლების“ ძირითად თემას – ტრიადის თემას (14,168-183). ბოლოსიტყვაობა პეტრიწის „განმარტებებს“ რომ არ უკავშირდება, გაიზიარეს სხვა მკვლევარებმაც, მაგრამ მისი რაობისა და შედგენილობის შესახებ განსხვავებული აზრები იქნა წამოყენებული (27, 113-126; 26, 121-139; 19). გამოვლენილია „განმარტებათა“ ბოლოსიტყვაობის შემადგენელი ანონიმი ტექსტების რამდენიმე წყარო (12; 13; 28). სომხურ თარგმანში ბოლოსიტყვაობის არ არსებობა პირდაპირ მეტყველებს იმის შესახებ, რომ სიმეონ პღინძაჰანეცის ხელთ არსებულ ქართულ დედანში (რომელიც, ვიმეორებთ, თითქმის თანადროულია ან დროის მცირე მონაკვეთით არის დაშორებული პეტრიწის ტექსტის არქეტიპს), ე. წ. ბოლოსიტყვაობის ტექსტი არ დასტურდებოდა. 4. სომხური თარგმანის სტრუქტურული შესწავლის საფუძველზე შესაძლებელი ხდება გადაისინჯოს და რიგ შემთხვევაში, დაზუსტდეს ქართული ორიგინალის თავთა რაოდენობისა და თანმიმდევრობის შესახებ არსებული შეხედულებანი. სხვა ფაქტორებთან ერთად სომხურ თარგმანს ამ თვალსაზრისითაც შეიძლება მიენიჭოს ერთგვარი საკონტროლო ფუნქცია ქართული ორიგინალის ტექსტის საბოლოოდ დასაზუსტებლად. მხედველობაში გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა გარკვეული ეჭვია გამოთქმული ამა თუ იმ თავისა თუ კონტექსტის ავთენტურობასთან დაკავშირებით. ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ პროკლეს „კავშირთა“ ქართული თარგმანის 129-ე თავი, რომლის დასაწყისია: „ყოველი სული ღმრთებრივი და ეშმაკებრივი“... ეს თავი არ ყოფილა ამ ტრაქტატის შემცველ არც ერთ დღემდე ცნობილ ბერძნულ ხელნაწერში, რის გამოც, ინგლისური გამოცემის ავტორმა, ერიკ-რობერტსონ დოდსმა, იგი არაავთენტურად გამოაცხადა. უკანასკნელ, მკვლევრებმა ლელა ალექსიძემ (5, 41-47; 6, 47-53; 7,139-151) და ჰანს გიუნტერმა (9,18-25) დაამტკიცეს ამ თავის ავთენტურობა. ვფიქრობთ, საკითხის საბოლოო დაზუსტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს სომხურ თარგმანს. პროკლეს „კავშირთა“ 129-ე თავი იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ შესაბამისი თავითურთ სომხურ თარგმანში სავსებით იდენტურია ქართული დედნისა. სომხურ თარგმანში მას იგივე ნომერი უზის : პროკლეს ტექსტში - ճիթ (= 129) და პეტრიწის განმარტებაში – ճիթ լծ (= 129 კომენტარი). სომხური თარგმანის ტექსტი სიტყვასიტყვით მისდევს ქართული ორიგინალის ტექსტს. სხვა საკითხია, რამდენად გამართულია აზრობრივად თუ ენობრივად აღნიშნული თავის ზოგიერთი მონაკვეთი, ან რამდენად ზუსტად არის გადმოცემული ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა. მაგ. იროთაÁ = իւրոյացւոց. h{rw~ „გმირი“-დან ნაწარმოებია მრავლობითი რიცხვის ნანათესაობითარი სახელობითი „იროთაჲ“. სომხურში იმავე წარმოების (ნანათესაობითარი სახელობითი) სხვა სიტყვაა, კერძოდ საკუთარი ნაცვალსახელი=իւրոյացւոց. ჴელოვნება=իմացութիւն (სიბრძნე, გონება) // մակածութիւն, თბეთაგანი=բնութիւն (ბუნებისაგანი). მიუხედავად არათანმიმდევრული ეკვივალენტებისა, სომხურ ტექსტში სტრუქტურულად ზუსტად ქართული დედნის ანალოგიური სურათი გვაქვს. 5. ქართული დედნისა და სომხური თარგმანის იდენტურობა ერთი მოკლე მინაწერის საფუძველზეც მტკიცდება. პეტრიწის „განმარტებათა“ 131-ე თავს ქართულ ხელნაწერებში აშიაზე აქვთ მინაწერი: „სხოლიოჲ იამვლიხოჲსი“. ქართულ უძველეს H 1337 ხელნაწერში ეს შენიშვნა შიგ ტექსტშია ჩართული. სომხურშიც ანალოგიური ვითარებაა, იქაც ტექსტში, 131–ე თავის წინ წერია: Լուծմունք իամւլիխօսի – „იამვლიხოსის განმარტებანი“. 6. სომხური თარგმანის ქართულ ორიგინალთან მიმართების შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სომხურ თარგმანში განმარტებების ავტორად ამელახოსის დასახელების ფაქტს. როგორც ცნობილია, პროკლეს „კავშირნსა“ და პეტრიწის „განმარტებებს“ ქართულ ხელნაწერებში სათაური არ გააჩნია, არ დასტურდება იგი უძველეს H1337 ხელნაწერშიც. სომხურ თარგმანში კი „განმარტებათა“ წინ დასტურდება სათაური: Յոմելախօսի, իմաստասիրի եւ հռետորի, Աթենացւոց եպիսկոպոսի, Լուծմունք Պրոկղի Դիադոխոսի անուանեցելոյ աստուածաբանութեանց - „ამელახოსის, ფილოსოფოსისა და რიტორის, ათენელთა ეპისკოპოსის, განმარტებანი პროკლე დიადოხოსის ღმრთისმეტყველებისა“. ამ სათაურის მიხედვით, ავტორად ცხადდება ამელახოს ფილოსოფოსი, ათენელთა ეპისკოპოსი. ამელახოსი მეორეჯერაც არის დასახელებული ტექსტში, იქ, სადაც იწყება პეტრიწის კომენტარები. ამ ადგილას სომხურ ხელნაწერებში წერია: Ամելախօսի լուծմունք („ამელახოსის განმარტებანი“). ვინ არის ამელახოსი? ამელახოსი სახელია თუ ზედწოდება? სომეხ მკვლევართა მიერ გამოთქმულია აზრი, რომ ამელახოსი ბერძენი ავტორია. ბ. სარგისიანის აზრით, შესაძლოა ამ სახელის ქვეშ ქართველი იოანე პეტრიწი იგულისხმებოდეს (21). ამელახოსი – ასეთი სახელი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სომხურ ონომასტიკონში არ დასტურდება. სახელი ამელახოსი, გარდა პროკლე-პეტრიწის ტექსტებისა, სომხურ მწერლობაში სხვა ნაწარმოებებშიც დასტურდება. ესენია არისტოტელეს „კატეგორიები“ და „პერი ერმენეიას“ თარგმანები (ვენის მხითარისტთა საზოგადოების #112 ხელნაწერი). „ამელახოსი“ სომხურ ხელნაწერებში ცამეტი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამელახოსი ზედწოდებაა და არა სახელი. სიტყვა კომპოზიტია, შედგება ամել „დაგვიანება“, „გაჭიანურება“ და խօս „მეტყველი“ ნაწილებისგან და მისი მნიშვნელობაა: „დაგვიანებით, მძიმედ მეტყველი“. ჩემი აზრით, Ամելախօս – „ამელახოსი“ თავისი მნიშვნელობით სავსებით ემთხვევა იმ მნიშვნელობას, რასაც აღორძინების ხანის ქართველი მწერლები (ტიმოთე გაბაშვილი, იოანე ბატონიშვილი, გერმანე ხუცესმონაზონი) დებდნენ სახელ „პეტრიწში“. მათი შეხედულებით, „პეტრიწი“ ნიშნავს „მძიმედ, მკაცრად გამომეტყველს“. „პეტრიწისა“ და „ამელახოსის“ ეტიმოლოგია – „მძიმედ მეტყველი“ – იძლევა მათი გაიგივების შესაძლებლობას. თავისი მნიშვნელობის გამო, ასევე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ „ამელახოსი“ არის „ჭიმჭიმელის“ თარგმანი (ცნობილია, რომ ქართველ მკვლევართა ნაწილი ქართულ მწერლობაში ცნობილ იოანე ჭიმჭიმელს იოანე პეტრიწთან აიგივებს (13; 26). ამელახოსის ვინაობის ძიებისას დასადგენია ისიც, თუ რას ნიშნავს მისი „ათენელთა ეპისკოპოსად“ მოხსენიება. იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ სომხური თარგმანის სათაურში ავტორად ამელახოსის გამოცხადების ფაქტი, მიუხედავად ქართველ და სომეხ მკვლევართა ცდებისა, გარკვეული ახსნა მიეცათ მისთვის, საბოლოდ დადგენილი არ არის. ეს საკითხი, ვფიქრობთ, კიდევ მოითხოვს დამატებით კვლევას და ქართულ-სომხურ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობებიდან ცნობილ, მაგრამ აქამდე შეუსწავლელ სხვა ნაწარმოებებთან ერთად კომპლექსურ შესწავლას. მხედველობაში გვაქვს ზემოთ ნახსენები არისტოტელეს „კატეგორიებისა“ და „პერი ერმენეიას“ კომენტარების სომხური თარგმანები, რომელთა ავტორად სომხურ ხელნაწერში (ვენის მხითარისტთა საზოგადოების ხელნაწერი #112) იგივე პიროვნება - ამელახოსია დასახელებული. კვლევის ამ კუთხით წარმართვა იმდენად არის საყურადღებო, რამდენადაც მე-18 საუკუნის ქართველ მოღვაწეთა ცნობებით, იოანე პეტრიწს უთარგმნია და კომენტარები დაურთავს არისტოტელეს აღნიშნული თხზულებებისთვის. მათი თარგმანი ქართული ხელნაწერებით შემორჩენილი არ არის. შესაძლოა, ისინი სომხური თარგმანის სახით იყოს შემონახული (20). ამგვარად, ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაში სამი სხვადასხვა ნაწარმოების კომენტარებთან (პროკლეს „კავშირნი“, არისტოტელეს „კატეგორიები“ და „პერი ერმენეიას“) დაკავშირებით გადაიკვეთა პეტრიწისა და ამელახოსის სახელები. ვფიქრობთ, პროკლეს „კავშირნთან“ ერთად სრულიად აუცილებელია არისტოტელეს აღნიშნული თხზულებების სომხური თარგმანების შესწავლა, რამაც შესაძლოა, გარკვეული სინათლე მოჰფინოს ქართული მწერლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს: სომხური თარგმანის მიხედვით დამტკიცდეს იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელის თხზულებების თარგმნისა და კომენტირების ფაქტი, რაც გარკვეულ სიახლეებს შეიტანს აღმოსავლურ ქრისტიანულ აზროვნებაში ნეოპლატონიზმისა და არისტეტელიზმის დამკვიდრებისა და ადაპტაციის კომპლექსური კვლევის საქმეში. გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|