ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" – კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შუასაუკუნეებში იყო არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური, არამედ აგრეთვე კულტურული ხიდი. საქართველოც ამ კულტურული ხიდის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წინამდებარე გამოკვლევაში ამ მიმართულებითაა გამახვილებული ყურადღება რუსთველის ვეფხისტყაოსანზე. უკანასკნელი წლების კვლევა-ძიებებმა მე საშუალება მომცა, განმეცხადებინა და მემტკიცებინა სრულიად ახალი ფაქტი როგორც ქართველოლოგიისათვის, ასევე ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობისათვის: რუსთველის ვეფხისტყაოსანი XVII საუკუნის დასაწყისში გამოყენებულია როგორც სიუჟეტური წყარო ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ. ვეფხისტყაოსნის მთავარი მოქმედი გმირების ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბის საფუძველზე შექმნილია ორი პიესა _ ფილასტერი და მეფედაარამეფე, რომლებიც მთელი XVII საუკუნის მანძილზე წარმატებით იდგმებოდა ინგლისის თეატრალურ სცენებზე. თუ რა გზით უნდა მიეღწია რუსთველის პოემის ამბავს შექსპირის ეპოქის ინგლისის ინტელექტუალურ წრეებამდე, საიდუმლოდ რჩება. ამ საკითხზე მხოლოდ სხვადასხვა ვარაუდი შეიძლება იქნას გამოთქმული. ამ ვარაუდთაგან ერთი, ჩემი აზრით შედარებით უფრო სარწმუნო, უნდა იყოს სპარსეთის სეფიანთა კარზე დაწინაურებული გამაჰმადიანებული ქართველების წრე, კერძოდ ალავერდი ხანი და მისი ოჯახი. საქმე ისაა, რომ XVI საუკუნის დამლევს ირანის სამეფო კარს ინგლისელთა დიდი წარმომადგენლობა ეწვია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით. ინგლისელები დიდხანს დარჩნენ შაჰის კარზე და შაჰ აბასის და მასთან ერთად შაჰის უპირველესი მრჩეველისა და მხედართმთავრის ალავერდი ხანის ხელშეწყობით ირანის არმიის რეორგანიზაცია და გადაიარაღება მოახდინეს. ამის შემდეგ თვითონ ანტონი შერლი შაჰის დესპანის რანგში ევროპაში გაემგზავრა და წლების მანძილზე მოღვაწეობდა ირანსა და ევროპას შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს დრო ზუსტად ემთხვევა ინგლისში ვეფხისტყაოსნის ამბის შესვლის ჩემს მიერ გამოვლენილ ფაქტს. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ფრანსის ბომონტი, ჯონ ფლეტჩერი, ალავერდი ხანი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
სეკულარიზაცია სასულიერო, საეკლესიო სფეროდან საეროში გადასვლას ნიშნავს. ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომებში ამ ტერმინს სასულიერო აზროვნების გარკვეული გამოვლინების საერო შინაარსით გადააზრებაზე მისათითებლად იყენებენ. ამგვარი მნიშვნელობით ვიყენებთ ჩვენ ამ ტერმინს წინამდებარე გამოკვლევაში, რომელიც შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში სასწაულის ასახვასა და მნიშვნელობას ეხება. სასწაულის ტრანსფორმაცია ადრინდელი შუასაუკუნეების ლიტერატურიდან გვიანდელი შუასაუკუნეების მწერლობის პროცესში სეკულარიზაციის მიმართულებით ხდება. იგი რეალურობას უახლოვდება და ადამინის მაღალი, ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური თვისებების აქცენტირებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით რუსთველის ვეფხისტყაოსანი ახალი ეპოქის – რენესანსის ეპოქის მიჯნასთან დგას. ამ თვალთახედვით ქართული მწერლობის შესწავლა მნიშვნელოვან მასალას იძლევა და ევროპულ ლიტერატურულ პროცესთან მისი მიმართების თვალსაზრისითაც საინტერესო დასკვნებს წარმოაჩენს.
საკვანძო სიტყვები:სასწაული, რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო ჩაკუნაშვილი ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2007 წელს სომხურ ენაზე დასტამბა პროფესორ ჰრაჩიკ ბაირამიანის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: ქართული ლიტერატურა, V–XIX სს. პროფ. ჰრ. ბაირამიანმა თავის დროზე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის ხაზით და 1975 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თბილისშივე თემაზე ,,ქართული ლიტერატურა სომხურ კრიტიკაში (1846–1916წწ)”. ერევანში დაბრუნებულმა ბაირამიანმა თავისი მეცნიერული საქმიანობა დაუკავშირა სომხეთში ქართული ლიტერატურის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს, ქართულ–სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ღრმად შესწავლას. მის საინტერესო საქმიანობას მალე მოჰყვა სასურველი შედეგები. ახლა იგი უკვე ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართული ლიტერატურის საკითხებზე, შედგენილი აქვს ქართული პოეზიის ანთოლოგია, ამასთანავე იგი ეწევა დიდ მთარგმნელობით საქმიანობას, სომეხ მკითხველს აცნობს ქართველ პროზაიკოსთა საუკეთესო თხზულებებს. საკვანძო სიტყვები:ქართული ლიტერატურა, ჰრაჩიკ ბაირამიანი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლადო მინაშვილი, ხათუნა გაფრინდაშვილი საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ვაჟა ფშაველა
ბერნარდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების კვალდაკვალ
სტატიაში გამოკვლეულია 1670-1677 წწ.-ში საქართველოში მოღვაწე კაპუცინი ბერის, ბერნარდე ნეაპოლელის, ხელნაწერი მასალების ისტორია. კერძოდ, დადგენილია, რომ ეს მასალები თავდაპირველად კაპუცინთა მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, ხოლო 1936 წ.-ის თებერვლიდან გადაიტანეს ნეაპოლის ეროვნულ სამეფო ბიბლიოთეკაში (დღევანდელი ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა), სადაც დღემდე დაცულია შიფრით „XX.122“. XVIII-XX სს.-ში სხვადასხვა მეცნიერის მიერ შედგენილ ჩამონათვალთა შესწავლის საფუძველზე გამოვლენილია, რომ 1886-1936 წლებში დაიკარგა ბერნარდე ნეაპოლელისეული ერთი ქართული ხელნაწერი, ანუ ის, რომელიც შეიცავდა „რომანცს ან ქართულ ზღაპარ ”ბაამას“, ჟამთააღმწერლის ე. წ. „ასწლოვანი მატიანის“ ორმოცგვერდიან უძველეს ფრაგმენტსა და „პატარა პოემა რესკარიანს“.
საკვანძო სიტყვები:ბერნარდე ნეაპოლელი, ქართული ხელნაწერი, კაპუციანთა მონასტერი კატეგორია: კვლევები ავტორები: გაგა შურღაია |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|