ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ნინო ჩაკუნაშვილი

სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში


სეკულარიზაცია სასულიერო, საეკლესიო სფეროდან საეროში გადასვლას ნიშნავს. ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომებში ამ ტერმინს სასულიერო აზროვნების გარკვეული გამოვლინების საერო შინაარსით გადააზრებაზე მისათითებლად იყენებენ. ამგვარი მნიშვნელობით ვიყენებთ ჩვენ ამ ტერმინს წინამდებარე გამოკვლევაში, რომელიც შუასაუკუნეების ქათულ და ევროპულ მწერლობაში სასწაულის ასახვასა და მნიშვნელობას ეხება.

შუასაუკუნეების ევროპულ, კერძოდ ფრანგულ ლიტერატურაში სასწაულის ამგვარი ფართო გააზრებით შესწავლას ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში მნიშვნელოვანი გამოკველები მიეძღვნა (Danile P., Le Merveilleux dans la literature francaise au Moyen Age. Fantastic voyage, Encyclopedia of Science Fiction, ed. by John Clute, Goff Jacque Le, L’imaginaire Medieval; Kappler Claude, Monstres, demons et merveilles a la fin du Moyen Age; Lucienne Carasso-Bulous, The Merveilleux in Chretien de Troyes Romance; Meslin Michel, Le Merveilleux, L’imaginaire et les croyences en Occident).

ამ თვალთახედვით ქართული მწერლობის შესწავლა მნიშვნელოვან მასალას იძლევა და ევროპულ ლიტერატურულ პროცესთან მისი მიმართების თვალსაზრისითაც საინტერესო დასკვნებს წარმოაჩენს.

იმისათვის, რომ უკეთ გამოიკვეთოს, თუ რა იმემკვიდრა შუასაუკუნეობრივმა გმირმა ქრისტიანული წმინდანის სახე-ხასიათისგან სასწაულებრივი ქმედების თვალსაზრისით, გამოვყოფთ საკითხთა სამ რიგს, რომელთა ფარგლებშიც შევეცდებით შუასაუკუნეების ტიპურ სასწაულთა კლასიფიკაციას: ფიზიკური ძალის ჰიპერბოლიზაცია და ბრძოლა უკეთურ ძალებთან (ეშმაკთან, გველეშაპთან...), სნეულთა განკურნება, ცხოველთა სამყაროსთან ურთიერთობა. აგიოგრაფიულ ძეგლებში წმინდანთა ძალა ხშირ შემთხვევაში ჰიპერბოლიზირებულია. ადამიანის ძალის ჰიპერბოლიზირება კი დამახასიათებელი იყო მითოსური სამყაროსათვის საფიქრებელია, რომ ეს ელემენტი მითოსიდან უნდა გადმოსულიყო აგიოგრაფიაში, ხოლო აგიოგრაფიიდან შუა საუკუნეების საერო ლიტერატურაში [5]. მართალია, წმინდანთა ძალა ჰიპერბოლიზირებულია, მაგრამ ეს არ არის იმ ტიპის ფიზიკური ძალის ფლობა, რასაც ფლობენ მითოსური პერსონაჟები. წმინდანთა ძლიერება ემყარება მათ რწმენას და სულიერების იმ საფეხურს, როცა წმინდანი, წმინდანობის გარკვეულს საზომს აღწევს, როცა მას შეუძლია დაქანებული ლოდი რწმენის ძალით შეაჩეროს, ეშმაკი ლოცვით განდევნოს ადამიანის სხეულიდან, ან სიტყვის ძალით დაიმორჩილოს გველეშაპი. ქრისტიანის თვალთახედვით, წმინდანი, რომელსაც ხელეწიფება სასწაულის ჩადენა, ყოვლისშემძლეა და წმინდანებიც, ისევე როგორც მითოლოგიური გმირები ებრძვიან ბოროტ ძალებს, რომელნიც ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში უკვე ერთი სახელის ქვეშ არიან გაერთიანებულნი: ეშმაკი, დემონი. ზოგიერთ შემთხვევაში წმინდანი გველეშაპსაც ებრძვის. მსგავსი ეპიზოდები გვხვდება როგორც ქრისტიანულ ძეგლებში, ასევე იკონოგრაფიაშიც.

ქართული კლასიკური პერიოდის მწერლობა სამი ნაწარმოებითაა ცნობილი: „ვისრამიანი“, „ამირანდარეჯანიანი“ და „ვეფხისტყაოსანი“. თითოეულ ამ ნაწარმოებში გვხვდება სასწაულები, რომლებიც თავისი არსით გარკვეულწილად სცილდება აგიოგრაფიული თხზულების პერსონაჟთა მიერ ჩადენილ სასწაულებს. თუმცა შინაარსით უახლოვდება კიდეც მათ. ამავე პერიოდს განეკუთვნება ფრანგი მწერლის კრეტიენ დე ტრუას ნაწარმოებებიც. შევეცდებით ზემოთ დასაახელებული სასწაულების ფონზე განვიხილოთ ქართული საერო ნაწარმოების ორი ძეგლი - „ამირანდარეჯანიანი“ და „ვეფხისტყაოსანი“ და კრეტიენ დე ტრუას რომანი “ივენი ანუ ლომის რაინდი“.

ქართული სარაინდო რომანი, კერძოდ „ამირანდარეჯანიანი“, მრავლადაა გაჯერებული სასწაულებრივი ელემენტებით. რუსთველი კი თავის „ვეფხისტყაოსანში“ სასწაულზე იშვიათად საუბრობს. პოემაში, ისევე როგორც აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში, სასწაული აღქმულია როგორც რეალური, უტყუარი ფაქტი, ტარიელის, როგორც სრულიად ადამიანური პერსონაჟის შემოსვლას ნაწარმოებში მეტი იდუმალება ახლავს და მეტ გაოცებას იწვევს მნახველებში, ვიდრე გრძნეული მონის, უჩინარი მოსასხამის, საკვირველი აბჯრისა თუ დევებისა და ქაჯების არსებობა.

რუსთველის პოემისგან განსხვავებით, „ამირანდარეჯანიანისა“ და კრეტიენის რომანების გმირები, ფათერაკებისა და თავგადასავლების გამუდმებულ ძიებაში არიან, მათ ძიებას ზოგჯერ არანაირი პირობა და ინტრიგა არ უდევს საფუძვლად. მათი მიზანი ხშირად საკუთარი სახელის განდიდებით, საყვარელი ქალის მიერ წაყენებული პირობებითაა განპირობებული, მაშინ როცა რუსთველის გმირების ქმედება მაღალზნეობრივი იდეალებისკენ სწრაფვით გამოირჩევა, რომელიც მხოლოდ პირადი სახელისა და სატრფოს მიერ ნაკარნახევი დავალების ზუსტი აღასრულება კი არა, მეგობრისათვის ისეთი თავდადება და თავგანწირვაა, რომელიც რუსთაველმა ალტრუისტულ გაგებამდე აიყვანა.

რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ შეიძლება ჩაითვალოს იმ ტიპის ნაწარმოებად, რომელიც რეალისტური ხედვის მხატვრული გამოხატვის მხრივ აშკარად წინ უსწრებს ამავე პერიოდის დასავლურ ნაწარმოებებს. პოემაში წამოჭრილი იდეალები კი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსთაველისთვის სასწაული პოემის ნარატიული ნაწილია და არა იდეური დატვირთვის მიზანდასახულობა. შუასაუკუნეების ავტორები (რუსთველი, ასევე მისი თანამედროფე ფრანგი მწერალი კრეტიენ დე ტრუა), აგიოგრაფი მწერლისაგან განსხვავებით, იდეალს ეძებენ არა ისტორიული გმირის, კონკრეტული პიროვნების სახეში, არამედ ისინი იდეალს ქმნიან ფანტაზიაში.

რუსთველის შეხედულებით, ადამიანი იდეალურს უახლოვდება პიროვნული ღირსებებითა და თვისებებით, შუასაუკუნეობრივ საზოგადოებაში არსებული იდეალებისადმი წვდომის სურვილითა და მისკენ შეუპოვარი სწრაფვით.

შენიშნულია, რომ „XII საუკუნის რუსთველამდელ ქართულ კულტურასა და ლიტერატურაში შეინიშნება იგივე პროცესი, რაც ახალ, პროგრესულ აზროვნებას მოჰყვა XII-XIII საუკუნეების ევროპაში“. [6].

ისევე, როგორც ანტიკური რომანი, შუა საუკუნეების რომანული ეპოსი და კურტუაზული (სარაინდო) რომანი მოიცავენ მრავალ განცალკევებულ სიუჟეტებს, დამოუკიდებელ ეპიზოდებს, თავგადასავლებს. რომელთა საერთო დამახასიათებელი ნიშანი არის ავანტიურა.

სასულიერო მწერლობიდან საერო ლიტერატურის ძეგლებში სხვა თემებთან ერთად (ბრძოლის, გმირობის პრინციპები), ავანტიურის მოტივიც გადადის, თუმცა გადახალისებულია მისი გამოვლენის უბანი და ფართოვდება მოქმედების არეც. ეშმაკისა და ხორცის სიამოვნებათა დათრგუნვა ინდივიდუალიზმის ალტრუისტულ გაგებამდე ავიდა. ფართო გზა მიეცა მოყვასის სასიკეთოდ საკუთარი თავის გასაჭირში ნებაყოფლობით ჩაგდებას. რაინდის, მოხეტიალე ავანტიურისტის ტიპის შემოტანა ქართული საერო კულტურის ყველაზე ტიპოლოგიური მსაგავსებაა დასავლეთ ევროპული რომანების რაინდების მხატვრულ სახესთან.

ავანტიურული რომანი არის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც მხატვრულ ფორმებში აღწერილია ათასგვარი, უმეტეს შემთხვევაში ფანტასტიკური თავგადასავალი ამა თუ იმ პირისა. მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ამ მხრივ, ეს რომანი უკავშირდება ფანტასტიკურ მოგზაურობათა და თავგადასავალთა რომანს [4]. ავანტიურულმა რომანმა ყველა თავისი ნიშნებით გამოვლინება ჰპოვა უმთავრესად რაინდულ რომანში. მიჯნურის დავალებით თუ სამხედრო-საგმირო სახელის მოპოვებისა და უცნობი ქვეყნის ნახვის სურვილით გატაცებული რაინდი მოგზაურობს სხვადასხვა უცნაურ ქვეყნებში, ებრძვის მტრებსა და მოწინააღმდეგეთ, რომლებიც ეღობება ადამიანების, გოლიათების, საშინელი და უცნაური მხეცებისა და ათასგვარი დაბრკოლებების სახით.

ავანტიურული რომანის ციკლში შეჰყავს კ. კეკელიძეს „ვეფხისტყაოსანი“ და „ამირანდარეჯანიანი“. მკვლევარი ამ ტიპის რომანების კვალს ისევ სასულიერო მწერლობაში ეძებს და მაგალითად მოჰყავს მაკარი რომაელის ცხოვრებაში შესული თხზულება „მიმოსლვა სამთა ძმათა“. როგორც მკვლევარი მიუთითებს, ამ თხზულებას გამოვყავართ საეკლესიო-სასულიერო თხრობათა რკალიდან და შევყავართ საერო ფანტასტიკურ-ზღაპრული ნაწარმოებების სფეროში, სადაც მთელი ფიზიკური ბუნება, მისი მოვლენებით, ფლორითა და ფაუნით – განსულიერებული და ადამინის თანამგრძნობია. [3].

ავანტიურაში რეალიზდება რომანის პრობლემები და ისინი ინტეგრირდება შემდგომ საგმირო საქმეებში. ზრუნვა სუსტთა დასაცავად, ერთგულება ქალისადმი, დიდსულოვნება. ავანტიურა აძლევს გამართლებას რაინდთა სამყაროს.

რაინდთა სამყაროში არსებობს გამორჩეულობის გარკვეული საფეხურები. ავანტიურას აქვს განსაკუთრებული ღირსება – რაინდი თავად განსაზღვრავს საკუთარ ცხოვრებას, მან თავად უნდა გაიაროს გამორჩეულობის საფეხურები და საბოლოოდ ავანტიურა ხდება ძირითადი საშუალება სრულყოფილების მიღწევისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ სარაინდო რომანებში წარმოდგენილი სასწაულებრივი არსებები ნაწარმოებებში წამოჭრილი კონფლიქტის შემაკავშირებელ რგოლებს წარმოადგენენ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ კონფლიქტის გადაჭრაში. ზოგიერთ შემთხვევაში, სასწაულებრივი არსებები რაინდებს ავნტურის განხორცილებაში ხელს უშლიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით, ეხმარებიან. სასწაულებრივ საგნებს უფრო სხვა დატვირთვა აქვთ მინიჭებული, ისინი რაინდებს დაუძლეველის დაძლევაში, შეუსრულებელის შესრულებაში ეხმარებიან. ამიტომ ასეთ ნივთებს მაგიური ძალა აქვთ.

შუა საუკუნეების სასწაულმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, იმ გაგებით, რომ შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსადმი და ღმერთისადმი. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოყვანილი ეპიზოდი მოგვითხრობს, რომ გრიგოლის მოწაფე მიქელი, მაღალი კლდიდან გადმოაგდო ბელიარმა, მაგრამ ღმერთი შეეწია წმინდანს და იგი სრულიად უვნებელი წამოდგა მიწიდან. საინტერესოა ამ მხრივ „ტრისტანსა და იზოლდაში“ მოყვანილი ეპიზოდი, როცა მეფე მარკის სასახლეში განმარტოებულ მიჯნურებს, კარებთან მცველების ხმა შემოესმებათ, ტრისტანი გადაწყვეტს გადახტეს კოშკიდან, რათა თავიდან აიცილოს სამარცხვინო სასჯელი, იგი შევარდება სამლოცველო ოთახში და გადახტება კოშკიდან. ნაწარმოების ავტორი გვეუბნება, რომ ღმერთმა იგი შეიწყალა, ქარმა მისი ტანისამოსი ააფრიალა, რაინდი ზევით ასწია და კლდის ძირში, ბრტყელ ქვასთან ჩამოსვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრისტანი არღვევს გარკვეულ ზნეობრივ ნორმებს, უფალი მაინც შეყვარებული გმირის შემწედ გვევლინება. გმირის სასწაული ზოგჯერ ღვთიური სასწაულით არის განპირობებული.

ქრისტიანულ მწერლობაში სასწაულის ძირითადი დანიშნულებაა მოუტანოს სარგებლობა ადამიანს. ესაა ავადმყოფის განკურნვა, ბრმისთვის თვალის ახელა, ადამიანის მოქცევა ჭეშმარიტების გზაზე და ა.შ. შუასაუკუნეების რომანში სასწაულის ძირითადი ფუნქციაა დაეხმაროს გმირს, მოუტანოს მას გარკვეული სარგებლობა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში (საკვირველი აბჯარი, გრძნეული მონები, საკვირველი ხმალი, ჯადოქრის ბალზამი და ა.შ.) სასწაული არ არის ბუნების კანონების დარღვევა; ქრისტიანულ სამყაროში ყველაფერი სასწაულის ნიშნითაა აღბეჭდილი; წმინდანთა მიერ ცხოველთა დამორჩილება წილნაყარია პირველყოფილ სამოთხის ჰარმონიულობასთან. შუა საუკუნეების რომანის გმირებიც ამ ჰარმონიისაკენ მიისწრაფვიან. რუსთველის გმირთა საბრძანებელში „თხა და მგელი ერთად სძოვს“. წმინდანი უფლის სახელით მოქმედებს, ღვთის შემწეობით ამარცხებს ბოროტ და უკეთურ ძალებს. ბრძოლაში გასული საერო რომანის გმირს, უფლის შემწეობის იმედი აქვს, თუმცა საკუთარ ძალასაც არა ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს.
სასწაულის გაგებასთან დაკავშირებით სასულიერო და საერო რომანების პერსონაჟთა შორის შეინიშნება შემდეგი განსხვავებანი:

წმინდანს აქვს პრივილეგია ღვთიური სიტყვის გაცხადების, ამ უნარს მოკლებულია საერო ნაწარმოების გმირი. წმინდანს ხელეწიფება დავრდომილთა სასწაულებრივი განკურნება, მაშინ როცა საერო ლიტერატურის გმირი, ზოგიერთ შემთხვევაში, თვითონ საჭიროებს განკურნებას; წმინდანს სიკვდილის შემდეგაც შეუძლია სასწაულის მოხდენა, მაშინ როცა რაინდის სამოქმედო ასპარეზი მხოლოდ მიწიერი ნიშნითაა შემოფარგლული. საერო რომანებში სასწაული უკვე მოდიფიცირებულია, რეალური გამართლება ეძებნება მოქმედებას. სასწაულის მოდიფიცირებისას და მისი რეალურობისაკენ სვლის თვალსაზრისით კი შეიძლება გამოიყოს შემდეგი საფეხურები:

პირველი ეტაპი, ეს არის განვითარების ყველაზე დაბალი დონე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა ენიჭება ფიქციას, რომელიც სუფთა გამონაგონზე, ზებუნებრივ სამყაროზე და სასწაულებრივ არსებებზეა აქცენტირებული. მწერალი ქმნის მისტიკურ-იდუმალ სამყაროს და არანაირად არ ცდილობს აგვიხსნას გმირის ესა თუ ის ქმედება: ახსნას როგორ ხდება ხილული უხილავი, როგორ ამარცხებს გმირი მასზე ბევრად ძლიერ მითიურ არსებებს, როგორ უჩინარდება ესა თუ ის პერსონაჟი, თუ ის ჯადონსურ მოსასხამს მოისხამს და ა.შ. ფაქტია ისიც, რომ იმ დროინდელი მსმენელისათვის სასწაულის ლოგიკა არ საჭიროებს ინტერპრეტაციას. ის იღებს ამას როგორც ესთეტიკურ ფაქტს და ეს ფაქტი მისთვის არის ობიექტური ყოფა – ონტოლოგიური ფაქტი და არა ფსიქოლოგიური [1]. ანუ სასწაული იქმნება არ მხოლოდ სასწაულისთვის, არამედ იმ საზოგადოებისთვისაც, რომელსაც ამ პერიოდში უფრო მეტად მსმენელის პოზიცია უკავია, ვიდრე მკითხველის. საზოგადოება თვითონ ხდება დამკვეთი სასწაულის. შუასაუკუნეობრივი სამყარო სასწაულზეა ორიენტირებული. ამ ეტაპის ნაწარმოებთა ციკლში შეგვიძლია გავაერთიანოთ მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“, კრეტიენ დე ტრუას რომანების ის პასაჟები, რომელიც ზებუნებრივი სასწაულითაა გაჯერებული და რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ეპიზოდი (ქაჯები, დევები, ჯადოსნური მოსასხამი, დევების მიერ დანატოვარი საკვირველი აბჯარი).

მეორე ეტაპი არის ინტერმედიალური ზონა, სადაც მწერლები აქცენტირებას ახდენენ პერსონაჟთა გმირულ საქმეებზე. მართალია ხშირ შემთხვევაში გმირთა ფიზიკური ძალა და ქმედება ჰიპერბოლიზირებულია, მაგრამ უკვე არის მცდელობა რეალურობის ელემენტების შემოტანისა და დამკვიდრებისა. კერძოდ, მცდელობა იმის ახსნისა, თუ როგორ ხდება გმირის მიერ ამა თუ იმ მოწინააღმდეგის დამარცხება. ეს ძალიან მკრთალად გაკრთება კრეტიენის ზოგიერთ რომანში, ხოლო უფრო ცხადად ამის დეტალიზაციას გვაძლევს რუსთაველი. ეს კი უკვე უნდა ჩაითვალოს განვითარების მესამე ეტაპად.

მესამე საფეხურზე უფრო მეტად ხდება რეალურობის ხაზგასმა და მცდელობა ახსნისა, როგორ ძლია გმირმა ესა თუ ის მოწინააღმდეგე. ამ საფეხურზე ქვეყნებს სრულიად რეალისტური ელფერი ადევთ. რუსთაველის პოემაში ეს არის ინდოეთი, არაბეთი და ა.შ. კრეტიენთან ეს არის მეფე ართურის სამეფო კარი. ანუ მწერლები ქმნიან რეალური ქვეყნის სახეს, საიდანაც ყველა გმირი მიმემგზავრება თავგადასავლის საძიებლად. ჩვენ უკვე ვერ ვხვდებით მისტიკურ სამყაროს, რომელსაც პრედომინანტი როლი უკავია პირველი ეტაპის განხილვისას, არამედ გვაქვს სრულიად რეალური ბაზა ქვეყნისა. ამით ხდება ხაზგასმა და მინიშნება იმისა, რომ ნაწარმოების გმირები სრულიად რეალური პერსონაჟები არიან. ეს ელემენტი სუსტადაა გამოვლენილი ”ამირანდარეჯანიანში”. ხოლო სრულ დეტალიზაციას იმისას, თუ როგორ ამარცხებს გმირი მასზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს, გვაძლევს რუსთაველი, როცა ავთანდილს მეკობრეებს შეაბრძოლებს. ავტორი აქცენტს აკეთებს პერსონაჟის მოხერხებულობაზე, ბრძოლის ტექნიკასა და იარაღზე. ავთანდილი არაა ამირანდარეჯანისძის მსგავსი რაინდი, მას სჯერა საკუთარი შესაძლებლობელების და ღმერთის ნების, მაგრამ ამავდროულად იგი გონებით მოქმედებს, რაციო წარმართავს მის ქმედებას. რეალისტურობითაა აღბეჭდილი ის თათბირი, რომელსაც სამი რაინდი ქაჯეთის ციხის აღების წინ აწარმოებს.

ავანტიურა, რომელსაც რაინდი ხშირ შემთხვევაში სასწაულის ნიშნით წარმართავს, საშუალებას აძლევს გმირს გადალახოს წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს ცხოვრებისეულ იდეალსა და რეალურ ცხოვრებას შორის. როგორც შუასაუკუნეების ევროპული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი ე. კიოლერი შენიშნავს, სარაინდო რომანი ახდენს ავანტიურის იდეალიზირებას და ამით სძენს მას მორალურ ფასეულობას. გამოყოფს მას კონკრეტული ემპირიული გარემოსაგან და ათავსებს წარმოსახვით სამყაროში. [2]

შემთხვევითი არაა, რომ სასწაული თამაშობს ასეთ მნიშვნელოვან როლს სარაინდო რომანებში. სასწაულში რეალიზდება უმნიშვნელოვანესი ნაწილი გმირის თავგადასავლის. რაინდის გამოცდას ფათერაკებით სავსე გზაზე თან ახლავს რიგი სასწაულებისა. ისინი ან ეხმარებიან რაინდს (ჯადოსნური ნივთები), ან მონაწილეობას ღებულობენ ურჩხულის, ქაჯების, დევების და სხვა ანთროპომორფული არსებების განადგურებაში. რუსთველის გმირთა ავანტურაში სუსტადაა წარმოდგენილი სასწაული, განსხვავებით დასავლური სარაინდო რომანებისაგან, სადაც სასწაულის გარეშე პირდაპირ წარმოუდგენელია რაიმე სახის ავანტიურა. „ვეფხისტყაოსანი“ სასწაულთან დამოკიდებულებას ადამიანური სინამდვილის ხაზით წარმართავს. რუსთველისათვის მთავარია არა ფანტასტიურის შინაარსი, არმედ იმ იდეალისაკენ სწრაფვა, რომელიც მისი პოემის ბოლოს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს.

დასავლური რომანების გმირებისაგან განსხვავებით, რუსთველის გმირები ნაწილობრივ თავისუფალნი არიან თავიანთ ქცევაში. თუ კრეტიენის რომანის გმირები მხოლოდ სატრფოს კარნახით მოქმედებენ, ავთანდილს შეუძლია სატრფოსადმი მიცემული პირობა შეასრულოს, მაგრამ მას ახალი ვალდებულობა, მეგობრისთვის თავდადება და თავგანწირვა დაურთოს და მეგობრისადმი თავდადება უმაღლეს ზნეობრივ პრინციპად აქციოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწაული, რომელსაც გმირი ახორცილებს ავანტიურის ნიშნის ქვეშ, არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ სასწაულს. ამ ტიპის სასწაულის გაგება აყვანილია იმ მაღალ იდეალურ და მორალურ ფასეულობამდე, რომლისკენაც ილტვიან შუა საუკუნეების ჰუმანისტი მოაზროვნეები და მათ შორის რუსთაველიც.

სასწაულის შესწავლამ შუასაუკუნეების ქართულ მწერლობაში იმავე პერიოდის ფრანგული ლიტერატურული ძეგლების პარალელურად ამ მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანა: სასწაულის ტრანსფორმაცია ადრინდელი შუასაუკუნეების ლიტერატურიდან გვიანდელი შუასაუკუნეების მწერლობის პროცესში სეკულარიზაციის მიმართულებით ხდება. იგი რეალურობას უახლოვდება და ადამინის მაღალი, ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური თვისებების აქცენტირებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ ახალი ეპოქის – რენესანსის ეპოქის მიჯნასთან დგას.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. Danile, P., Le Merveilleux dans la literature francaise au Moyen Age. Paris, 1994.
2. Kohler, E., L’aventure chevaleresque, Ideal et realite dans le roman courtois, Gallimard, Paris, 1974.
3. კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. II. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1945.
4. Meslin, Michel, Le Merveilleux, L’imaginaire et les croyences en Occident. Paris, 1984.
5. სირაძე რ., ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1975.
6. ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2009.