ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ლადო მინაშვილი, ხათუნა გაფრინდაშვილი ქართული ლიტერატურის ისტორიის სახელმძღვანელო სომხურად
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2007 წელს სომხურ ენაზე დასტამბა პროფესორ ჰრაჩიკ ბაირამიანის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის: ქართული ლიტერატურა, V–XIX სს. პროფ. ჰრ. ბაირამიანმა თავის დროზე დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის ხაზით და 1975 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თბილისშივე თემაზე ,,ქართული ლიტერატურა სომხურ კრიტიკაში (1846–1916წწ)”. ერევანში დაბრუნებულმა ბაირამიანმა თავისი მეცნიერული საქმიანობა დაუკავშირა სომხეთში ქართული ლიტერატურის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს, ქართულ–სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ღრმად შესწავლას. მის საინტერესო საქმიანობას მალე მოჰყვა სასურველი შედეგები. ახლა იგი უკვე ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართული ლიტერატურის საკითხებზე, შედგენილი აქვს ქართული პოეზიის ანთოლოგია, ამასთანავე იგი ეწევა დიდ მთარგმნელობით საქმიანობას, სომეხ მკითხველს აცნობს ქართველ პროზაიკოსთა საუკეთესო თხზულებებს.. 1981 წლიდან ბატონი ჰრ. ბაირამიანი ერევნის უნივერსიტეტის არმენოლოგიის პრობლემურ ლაბორატორიაში ხელმძღვანელობდა ქართულ–სომხური ფილოლოგიის ჯგუფს, ხოლო 2007 წელს დიდი და ნაყოფიერი მუშაობის საფუძველზე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ინიციატივით დაფუძნდა ქართველოლოგიის ცენტრი. ამავე წელს პროფესორმა ჰრ. ბაირამიანმა პირველად სომხურ სინამდვილეში შექმნა სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.მართალია, ავტორი სახელმძღვანელოს მოკრძალებით ,,ქართულ ლიტერატურას” არქმევს, სინამდვილეში წიგნი, რომელიც 320 გვერდს შეიცავს, წარმოადგენს V-XIX საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორიას. როგორც ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში გვაუწყებს, სომხურ ენაზე ქართული ლიტერატურის შესახებ სახელმძღვანელოს შექმნა და გამოქვეყნება დროის მოთხოვნაა, რამდენადაც ამ ენაზე დღემდე არ არსებობდა ქართული ლიტერატურის შესახებ არც თარგმნილი და არც ორიგინალური სახელმძღვანელო. სწორედ ამ დიდი ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად ეს წიგნი. წიგნში ლიტერატურული პროცესები და ავტორები წარმოდგენილია ქრონოლოგიური პრინციპით განვითარების ძირითადი ეტაპების ჩვენებით... მოსაწონ სიახლედ უნდა აღვიქვათ ის, რომ ავტორს საჭიროდ დაუნახავს ქართული მწერლობის უდიდეს წარმომადგენლებზე – შოთა რუსთაველზე, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე და ა.შ. მოგვაწოდოს ცალკე თავები სომხურ ენაზე მათი თხზულებების თარგმნის, სომეხ ავტორთა მიერ მათი შემოქმედების შეფასების ისტორიას რომ გვითვალისწინებენ. ამგვარი მასალის შემოტანა სახელმძღვანელოში წიგნისადმი ინტერესს ზრდის და, ბუნებრივია, არა მარტო სომეხი მკითხველისას. წიგნის შესავალში ავტორი, სანამ უშუალოდ ლიტერატურის ისტორიის საკითხების განხილვას შეუდგებოდეს, საჭიროდ თვლის სტუდენტს მიაწოდოს ცნობები ქართველი ხალხისა და ქართული ენის შესახებ. ეს საკითხი მოკლედ, საქმის ცოდნით და მოსაწონი სიფრთხილით არის დალაგებული, სათანადოდაა მითითებული ქართული ენის სიდმდირეზე. არც ისაა დავიწყებული, რომ ძველი ქართულის, დიალექტების და მწიგნობრობის ენის კავშირი ისე ორგანულია, თანამედროვე ქართული ენის მცოდნე ,,ყოველგვარი სპეციალურ მომზადების გარეშე კითხულობს და გებულონს V-XVIII საუკუნეების თხზულებებს”. ავტორი ეხება ქართული დამწერლობის საკითხს, მიუთითებს, რომ ქართულ ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 14 ანბანიდან, რომლებიც დღეს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ საქმიანობაში გამოიყენება. ავტორი ძალიან დიდი სიფრთხილით ეხება ქართული ანბანის წარმოშობის საკითხს. ამ შემთხვევაში, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი არ ღალატობს ობიექტურობას – თანმიმდევრულად გვაცნობს ლეონტი მროველის ცნობას, აკად. ივანე ჯავახიშვილის, აკად. კ. კეკელიძის მოსაზრებებს. ბუნებრივია, იგი ასახელებს სომხური წყაროების ცნობასაც, ქართული ანბანის სომხურიდან მომდინარეობის შესახებ, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ ,,ქართველი მკვლევარები ანბანის შესახებ სომხური წყაროების ცნობებს ლეგენდად ან შემდგომ დანამატად თვლიან”. სახელმძღვანელოში სათანადოდაა მითითებული ქრისტიანული სარწმუნოების დიდ როლზე საქართველოს ცხოვრებაში. ,,ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ განსაზღვრა ქართული კულტურის ბუნება და შინაარსი” – აღნიშნავს ავტორი. ,,საკუთარი ანბანისა და დამწერლობის შექმნის შემდეგ გაიზარდა ქრათული ენის მხატვრულ-გამომსახველობა, ქართულმა ენამ იტვირთა მშობლიური ენის წმინდა მისია, გახდა ეკლესიის, სახელმწიფოსა და კულტურის ენა, ფარი და მახვილი ქართველი ხალხის არსებობის დასაცავად, უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ისტორიული განვითარების საქმეში.” აქვე მითითებულია ქართული ენის განვითარების საფეხურებზე, ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებზე. შემდეგ წიგნის ავტორი ჩერდება განათლების საკითხზე ძველ საქართველოში, დასახელებულია გელათის და იყალთოს აკადემიები და მითითებულია ქართულ საგანმანათლებლო ცენტრებში გაშლილ მეცნიერულ და კულტურულ მუშაობაზე. ავტორის საყურადღებო დასკვნით, ,,ამ კვლევით ცენტრებში დაწერილი და თარგმნილი ფილოსოფიური, ისტორიული და ლიტერატურული თხზულებები მოწმობენ, რომ მათ ავტორებს მიღებული ჰქონდათ საოცარი განათლება, იცოდნენ მრავალი ენა, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნების უდიდეს მოაზროვნეებთან”. ავტორი ქართულ ზეპირსიტყვიერებაზე საუბრის შემდეგ უშუალოდ ქართული ლიტერატურაზე მსჯელობს. თავდაპირველად იგი ეხება V-Xსს. სასულიერო მწერლობას. შედარებით ფართოდ წარმოადგენს მოწამებრივი ხასიათის ძეგლების განხილვას. მოსაწონია ავტორის სიფრთხილე და სიფაქიზე. იგი ,,შუშანიკის წამებას” განსაზღვრავს არა როგორც ძველი ქართული მწერლობის უპირველეს ძეგლს, არამედ როგორც სპარსთა ბატონობის დროინდელ უძველეს ნაწარმოებს. ავტორი ასევე სიფრთხილეს იჩენს ძეგლის ორიგინალურობის განსაზღვრისას. ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ეს თხზულება ძველ სომხურ მწერლობაშიც არსებობს და ადგილობრივი ტრადიციით იგი ქართულიდან თარგმნილად არაა მიჩნეული. იგი წერს, რომ ,,ძეგლი არსებობს სომხურ მწერლობაშიც, და რომ დღესდღეობით სომეხმა და ქართველმა სპეციალისტებმა ამასთან დაკავშირებით საერთო დასკვნის გამოტანა ვერ შეძლეს”. აქვე მივუთითებთ ერთ დასანან უზუსტობას, წიგნში აღნიშნულია, რომ ჩვენამდე მოღწეულია ,,შუშანიკის წამების” ქართული ტექსტი XVIII საუკუნის ხელნაწერით. სინამდვილეში, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ,,წამების” უძველესი ქართული ტექსტი დაცულია XI საუკუნის ხელნაწერში. მომდევნო გამოცემაში ეს უზუსტობა უნდა გასწორდეს. მითითებულია, რომ შუშანიკი შერაცხულია წმინდანად ქართული და სომხური ეკლესიების მიერ. დაწესებულია მისი ხსენების დღე. სპარსელთა ბატონობისდროინდელ თხზულებათაგან მოკლე-მოკლედ განხილულია ,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობა”, ,,აბიბოს ნეკრესელის წამება” და ,,რაჟდენ პირველმოწამის მარტვილობა”. მარტვილობათა მიმოხილვის შემდეგ მოკლედ არის აღნიშნული, რომ X საუკუნიდან ჩნდება ,,ცხოვრების” ჟანრის თხზულებები. ჩამოთვლილია ეს თხზულებები, კერძოდ ,,წმინდა ნინოს ცხოვრება”, სერაპიონ ზარზმელის, გრიგოლ ხანძთელის, იოანესა და ექვთიმეს, გიორგი მთაწმინდელის ,,ცხოვრებები.” აქაც შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ „წმინდა ნინოს ცხორება” შექმნილია მეათე საუკუნეზე გაცილებით ადრე. სახელმძღვანელოს მომდევნო გამოცემაში ეს გარემოებაც უნდა აისახოს. წიგნში უფრო დიდი ადგილი ეთმობა XI-XIII საუკუნეების ლიტერატურის დახასიათებას. აღნიშნულია, რომ ეს მონაკვეთი ქართული მწერლობისა ,,ოქროს ხანის” მწერლობადაა მიჩნეული, ამ დროიდან ჩვენამდე მოაღწიაო, - აღნიშნავს ავტორი, ხუთმა ძეგლმა - ,,ამირანდარეჯანიანმა”, ,,ვისრამიანმა”, ,,თამარიანმა”, ,,აბდულმესიანმა” და ,,ვეფხისტყაოსანმა”. ,,თამარიანი” და ,,აბდულმესიანი” განიხილება, როგორც სახოტბო პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები. წიგნში აღნიშნულია, რომ სახელი შოთა XVIII საუკუნიდან გაჩნდა ქართულ სინამდვილეში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თავი რომ დავანებოთ ჯვრის მონასტრის ფრესკაზე დადასტურებულ სახელს – შოთა (ფრესკა კი XIIIს. შექმნილი) – ლიტერატურაში თეიმურაზ პირველი ახსენებს პირველად პოემის ავტორს შოთა რუსთველს; თეიმურაზი კი XVII ს. I ნახევარში ცხოვრობდა. სახელმძღვანელოს ავტორი ვრცლად ჩერდება პოემის სიუჟეტზე, ახასიათებს პოემის პერსონაჟებს. მისი დასკვნით, ,,მხატვრული სრულყოფილებითა და ზოგადსაკაცობრიო შინაარსით პოემა დიდი ღირებულებისაა”; მაღალი მორალური პრინციპების მხატვრული ქადაგებით პოემა უპირისპირდება აღმოსავლეთსა და დასავლეთში მსგავს თემატიკაზე შექმნილ თხზულებებს. ,,ვეფხისტყაოსანი” ქართულ სინამდვილეში რჩება დაუძლეველ სიმაღლედ. ბევრმა სცადა მისი გაგრძელება, მაგრამ ისინი დარჩნენ მიმბაძველების როლში. საუკუნეების მანძილზე ,,ვეფხისტყაოსანი” იყო ზნეობის საზომი საქართველოში, როგორც წმინდა რელიკვიას, წიგნს ქალებს მზითევში ატანდნენ. კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოს ეს ნაწილი ,,ვეფხისტყაოსანზე” დაწერილია დიდი აღტკინებით, შთაგონებით. იგი უსათუოდ შეუქმნის სათანადო წარმოდგენას სომეხ ახალგაზრდობას გენიალური ქართველი პოეტის შესახებ. საინტერესოა წიგნის ის ნაწილი, სადაც ჰრ. ბაირამიანი ,,ვეფხისტყაოსნის” სომხურ სინამდვილეში გადასვლის საკითხს ეხება. მისი დაკვირვებით, გარკვეული წვლილი მიუძღვით სომეხ გადამწერლებს ,,ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დაცვისა და გამრავლების საქმეში. კერძოდ იგი ასახელებს საქართველოს რესპუბლიკის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერს N757-ს, გადაწერილს 1671 წელს აღმურანთ ბაღდასარის ძის გასპარის მიერ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იგი უძველესი იყოს, როგორც ამას ავტორი ფიქრობს. ავტორი მოკლედ გვაცნობს პოემის სომხურ ენაზე თარგმნის ისტორიას და ჩამოთვლის სომხურ თარგმანებს. სახელმძღვანელოში აღნიშნულია სომეხ მხატვართა და მოქანდაკეთა წვლილი ,,ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე შექმნილი სურათების, პორტრეტების შექმნის საქმეში. რუსთველოლოგიაში გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი სომეხ ლიტერატურისმცოდნეებს. ძალზე შთამბეჭდავია წიგნში მოტანილი სომხეთის დიდი პოეტის ავ. ისააკიანის სიტყვები: ,,შოთა რუსთაველი არის მსოფლიოს იმ საოცნებო გენიოსებიდან ერთ-ერთი, რომელთა შემოქმედებაში გროვდება და კრისტალდება კაცობრიობის საუკეთესო სურვილები, ოცნებები, იდეალები და რომლებშიაც კაცობრიობა აღწევს თავის სრულყოფილებას”. ჰრ. ბაირამიანის თქმით, ,,რუსთაველის გენია გახდა ბევრი სომეხი პოეტის შთაგონების წყარო”. ამ თავის დასასრულს ავტორი ასკვნის, რომ ,,სომხურ სინამდვილეში რუსთველოლოგიას აქვს ტრადიციები და მონაპოვარი, რომელზე დაყრდნობითაც სრულდება ახალ-ახალი თარგმანები, იწერება სტატიები და გამოკვლევები”. წიგნში ძველი ქართული მწერლობის ბოლო მონაკვეთია XVII-XVIII საუკუნეები; ეს არის ე.წ. ,,აღორძინების ხანა”. ამ დროს შეინიშნება ერთგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. საქართველოში განახლებას იწყეს მთარგმნელობითი საქმიანობა. ითარგმნება ,,შაჰ-ნამე”, ,,იოსებ ზელიხანიანი”, ,,ლეილმაჯნუნიანი”, აღმოსავლეთში განთქმული იგავ-არაკთა კრებული ,,ქილილა და დამანა” და სხვა. ავტორი ცალკე ეხება ,,საქართველოს მეფის საზანდარის” საიათნოვას პოეზიას. ხაზგასმულია საიათნოვას როლი ქალაქური აშუღური პოეზიის განვითარების საქმეში. სახელმძღვანელოს დიდი ნაწილი, ორ-მესამედზე მეტი (გვ. 100-320) ეთმობა XIXს. ქართული ლიტერატურის განხილვას.თავდაპირველად სახელმძღვანელოს ავტორი მოკლედ მიმოიხილავს მე-19 საუკუნის 20-30-იან წლების პოლიტიკურ ვითარებას, კულტურას. შედარებით ფართოდ იხილავს ლიტერატურული მიმართულებების საკითხს ქართულ სინამდვილეში. წარმოაჩენს ქართული რომანტიზმის რიგ თავისებურებებს. ხაზგასმულია ქართული რომანტიზმის პატრიოტული სულისკვეთება, საზოგადოდ ეროვნული შინაარსი. ქართული რომანტიზმის წარმომადგენელთაგან აქ ავტორი ყურადღებას აჩერებს ქართული რომანტიზმის სამ საყრდენ პოეტზე – ალექსანდრე ჭავჭავაძეზე, გრიგოლ ორბელიანზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. განხილულია მათი ცხოვრება და პოეზია, მითითებულია მათ ადგილზე ქართული პოეზიის განვითარებაში. მსჯელობაა ნ.ბარათაშვილის პოეზიის ფილოსოფიურ ხასიათზე. მის ზოგადსაკაცობრიო შინაარსზე. საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის დიდმა პოეტმა ავეტიკ ისააკიანმა ბარათაშვილის პოეზიას, კერძოდ მან ისიც თქვა, რომ ჩემი აბუ-ალ-მაარი ნ. ბარათაშვილი მერანის ნაკვალევს მიჰყვებაო. ამ სულისკვეთებითაა დაწერილი ჰრ. ბაირამიანის ნარკვევიც ნ.ბარათაშვილზე. ავტორი რომანტიკოსთა შემდეგ განიხილავს 40-50-იანი წლების ქართულ მწერლობას. წარმოაჩენს იმ პოლიტიკურ-კულტურულ ატმოსფეროს, რომელმაც ქართულ სინამდვილეში თანდათანობით რომანტიზმიდან რეალიზმზე გადასვლა განსაზღვრა. შემდეგ განხილულია გ. ერისთავის, ბ. ანტონოვის (ტომით სომეხი ქართველი დრამატურგის), დ. ჭონქაძის და ლ. არდაზიანის თხზულებები. წიგნში დიდი ადგილი ეთმობა 60-70-იან წლებისა და არა მარტო ამ დროის, არამედ მთელი XIX საუკუნის ყველაზე მძლავრი ფიგურის, ქართველთა სულიერი წინამძღოლის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების, ღვაწლის და შემოქმედების განხილვას (გვ. 187-217). სახელმძღვანელოს ავტორის თქმით ,,უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხის წინამძღოლისა და ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშის ილია ჭავჭავაძის ისტორიული მისია”. ილიას ბიოგრაფიაზე მსჯელობისას წიგნის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ილიას დედის ტომობრივ წარმომავლობაზე – ილიას დედა სომეხი იყოო, სომეხი აზნაურის შვილიო – აღნიშნავს იგი. უნდა შევნიშნოთ, რომ ილიას დედა მაგდან (მარიამი) ქრისტეფორე ბებურიშვილის ქალიშვილი გახლდათ. ბებურიშვილები ვაჩნაძეთა გვარიდან გამოყოფილი გვარია. საქართველოს ისტორიამ არ იცის ფაქტი ბებურიშვილთა (ვაჩნაძეთა) გასომხებისა. ჩვენი ისტორიის ბედუკუღმართობის გამო XIX საუკუნეში მეფის რუსეთის პოლიტიკა ქართველებს, როგორც ურჩი ერის წარმომადგენლებს, ყოველნაირად ზღუდავდა. თბილისში ჩამოსვლის, აქ დამკვიდრების, სამსახურის შოვნის უფლება ქართველებს წართმეული ჰქონდათ. ქართველთა ნაწილი იძულებული ხდებოდა მიეღო სომხური სარწმუნოება – გრიგორიანელობა და ასე დამკვიდრებულიყო თბილისში, რადგან სწორედ სომხური ელემენტის გაძლიერებას უწყობდნენ საქართველოს დედაქალაქში ხელს ხელისუფალნი. ილიას დედის წინაპრებიც, როგორც ჩანს, ასე აღმოჩნდნენ თბილისში. გრიგოლმა და მაგდანამ, ჯვარი ქართულ ეკლესიაში დაიწერეს, მაგდანამ მართლმადიდებლობა მიიღო და მარიამად იწოდა. მიუხედავად უზარმაზარი ღვაწლისა სულიერი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, როგორც ავტორი აღნიშნავს, ,,ილია ჭავჭავაძე უპირველეს ყოვლისა მაინც მწერალია”, მან შექმნა ,,დიდი ორიგინალობით აღბეჭდილი” მოთხრობები, პოემები, დრამები, ლექსები. ილიამ იმთავითვე მიზნად დაისახა ბრძოლა ეროვნული ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ და თავისი არჩეული გზისთვის არასოდეს უღალატნია – ასკვნის ავტორი. ილიას შესახებ ნარკვევს სახელმძღვანელოში ასრულებს საყურადღებო ნაწილი იმის შესახებ, თუ როგორია ილიას ნაწარმოებების ბეჭდვის ისტორია სომხურად, როგორ მიიღეს და შეაფასეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი ღვაწლი სომეხმა მწერლებმა, კრიტიკოსებმა, ლიტერატურისმცოდნეებმა. ავტორი საგანგებოდ წამოწევს წინ ილიას დამსახურებას სომეხთა უფლებების, მათი ღირსების დაცვის საქმეში. არ არის დავიწყებული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ავტორი ილიას სიტყვებს, ,,ჩვენ კარგად ვიცით, რომ ადრინდელმა საქართველომ დასუსტება დაიწყო იმ საბედისწერო დღიდან, როდესაც სომხეთი, ჩვენი სამხრეთი ზღუდე, დაეცა... სომხეთის დამოუკიდებლად არსებობა საწინდარია საქართველოს ასეთივე არსებობისა”. ბუნებრივია, სახელმძღვანელოს ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა ილიას ბრწყინვალე ნაშრომს ,,სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი”, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ ისევ და ისევ მწვავედ აღიქმება თვით ისეთი შეუზღუდველი ავტორის მიერაც, როგორიც ბრძანდება ჰრ. ბაირამიანი, და თვით მის მიერაც კი ვერ ხერხდება ამ ნაშრომის ობიექტური თვალით დანახვა. ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან მოყოლებული ჩვენს დრომდე სომხეთში სისტემატიურად ქვეყნდებოდა მწერლის თხზულებები, თხზულებათა ცალკეული კრებულები, ქვეყნდებოდა მწერლის შემოქმედების შესახებ სტატიები, რომლებშიაც ,,საუკეთესოდ აისახა ქართველი ხალხის იდეური წინამძღოლის და დიდი ეროვნული მწერლის მოქალაქეობრივი და ადამიანური სახე”. წიგნის მომდევნო თავი ეთმობა აკაკი წერეთლის ცხოვრების, ღვაწლისა და შემოქმედების დახასიათებას. რუსთაველის შემდეგ ქართული პოეზიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი აკაკი წერეთელია, - ამბობს წიგნის ავტორი. აკაკის პოეზიის ძალა მის ხალხურ პოეზიასთან წილნაყარობაშიაო. პოეტი ხალხის წიაღში გაიზარდა და თავისი მძლავრი პოეზიით ხალხსვე დაბრუნდაო, - მართებულად ამბობს წიგნის ავტორი. აკაკი წერეთელმა თავისი ნიჭისა და სულიერი სიმდიდრის წყალობით ყველაზე მეტად, ვიდრე მისმა წინაპარმა პოეტებმა, ან მომდევნო თაობის წარმომადგენლებმა, გააფართოვა ეროვნული ლირიკის სფეროები. აკაკის პოეზია თავისი ხალხის სულთან ყველაზე ახლოსაა მისული, ამიტომაცო, - წერს წიგნის ავტორი, - მთელი მისი პოეზია ქართველი ხალხის ოცნებებისა და მისწრაფებების ნათლად გამომხატველია. აკაკის შემოქმედება გამოირჩევა დიდი სიღრმით, საოცარი სისადავით, უბრალოებით, ემოციურობით. იგი მუდამ ნერგავდა ხალხში ნათელ, ოპტიმისტურ სულისკვეთებას. წიგნში ცალკე თავი აქვს დათმობილი აკაკი წერეთლისა და გაბრიელ სუნდუკიანცის მეგობრობას, მათ ურთიერთთანამშრომლობას, პატივისცემას. ავტორი იმარჯვებს იოსებ გრიშაშვილის სიტყვებს – აკაკის და გაბრიელის მეგობრობა უნდა შეფასდეს, როგორც ,,ორი ხალხის შემაერთებელი ხიდი”. წიგნში სათანადო ადგილი აქვს დათმობილი მესამე სამოციანელის გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და ღვაწლის წარმოჩენას, შინაარსობლივად არის განხილული მისი ნაწარმოებები. ამას მოჰყვება 80-იანი წლების ლიტერატურის დახასიათება. პირველ ყოვლისა, წარმოდგენილია ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება და მისი ნაწარმოებების მოკლე მიმოხილვა. ვრცლად განიხილავს სახელმძღვანელოს ავტორი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას და მის მემკვიდრეობას. ავტორის თქმით, ვაჟა-ფშაველა ახალი და საინტერესო მოვლენა იყო ქართულ მწერლობაში. თითქოს ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ქართველი საზოგადოება გაოცდებოდა კიდევ ერთი პოეტის გამოჩენით, რომელიც სწორედ ამ დროს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე, როდესაც მთელი ერის გული და გონება ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მსგავს გენიოსებს ჰქონდა დაპყრობილი, როდესაც სრულიად საქართველოს კულტი შოთა რუსთაველი იყო, როდესაც თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცოდა დავით გურამიშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის შთამბეჭდავი ლექსები. ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეზია გაამდიდრა ახალი მოტივებით. მან ბევრი რამ გააკეთა მშობლიური პოეზიის ჩარჩოების გასაფართოებლად, მხატვრული დონის ასამაღლებლად, აჩვენა, თუ რაოდენ ამოუწურავია ქართული ენის შესაძლებლობები. ვაჟას პიროვნული ცხოვრების გადმოცემის, მისი უდიდესი პოეტური მემკვიდრეობის დახასიათების შემდეგ წიგნის ავტორი ცალკე თავს უთმობს სომხურ პრესაში ვაჟას თხზულებების ბეჭდვის მოკლე ისტორიას, საგანგებოდ გახაზავს სომეხი საზოგადოების მიერ ვაჟას შემოქმედების მაღალ შეფასებას; ჰრ. ბაირამიანის მტკიცებით, ,,ქართველი მკითხველის შემდეგ ყველაზე მეტი ინტერესი დიდი პოეტის ცხოვრების, მისი მემკვიდროების მიმართ სომეხმა საზოგადოებამ გამოიჩინა, რომელიც ჯეროვნად აფასებდა და ხელს უწყობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. სახელმძღვანელო სრულდება ეგნატე ნინოშვილის, ვასილ ბარნოვისა და დავით კლდიაშვილის ცხოვრებისა და ღვაწლის, მათი თხზულებების განხილვით. წიგნში დაბეჭდილია ქართველ მწერალთა პორტრეტები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდობის, საერთოდ მკითხველის მიერ მათ ვიზუალურად ცხოვლად წარმოდგენას. ჰრ. ბაირამიანი ჯეროვნად მიუზღავს ყველა მწერალს, უშურველად ამკობს მათ ეპითეტებით. სომეხ ახალაგზრდობას ეს წიგნი ნდობით, სიმპატიით განაწყობს მეზობელი ხალხის, მისი მდიდარი ლიტერატურის მიმართ. სახელმძღვანელო ახალგაზრდას აზიარებს ქართულ ლიტერატურას, ბევრს გაუღვივებს ინტერესს ქართული კულტურის, ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ღრმად შესწავლისათვის, რომ მომავალში ისინიც გვერდში ამოუდგნენ ამაგდარ მეცნიერს. წიგნის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესი სახელმძღვანელო დაიწერება. ბუნებრივია, ეს ასე იქნება, თავად ავტორი იზრუნებს ამ სახელმძღვანელოს გაღრმავება-გაფართოებისათვის შემდეგ გამოცემებში. ახლა კი მთავარი ისაა, რომ მოძმე სომხეთში შეიქმნა ასეთი წიგნი, რომ დროის მოთხოვნამ დააყენა ასეთი საჭიროება, რომ პირველ წიგნს უსათუოდ უნდა მოყვეს მეორე წიგნი, სადაც სომეხი მკითხველის წინაშე მეოცე საუკუნის დიდი ქართული მწერლობა თავისებური სიდიადით წარსდგება. ალბათ მომავალში ჰრ. ბაირამიანი და მისი მოწაფეები იზრუნებენ ქართველი მკვლევარების სახელმძღვანელოების, ან ცალკეული თვალსაჩინო ავტორის ცალკეული ნაშრომის სომხურად გადათარგმნაზე, რომ სომეხ მკითხველს საშუალება მიეცეს გაეცნოს საქართველოში ლიტერატურის კვლევის დონეს. ალბათ ასეთ სამუშაოზეც ეღირება დაფიქრება. შემოქმედებითი ენერგიით სავსე ჰრ. ბაირამიანი კიდევ ბევრ სამომავლო ამოცანას, სამუშაოს დაგეგმავს. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო პერსპექტივები შეიძლება გადაიშალოს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|