ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ლიტერატურული პარალელები: გალაკტიონ ტაბიძე და ჰენრი ლონგფელო

 

GLნაშრომში გაანალიზებულია გალაკტიონ ტაბიძის ადრეული შემოქმედების ის ნიმუშები, რომლებიც სიახლოვეს ამჟღავნებენ პოპულარული ამერიკელი რომანტიკოსი მწერლის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს პოეზიასთან. გალაკტიონ ტაბიძის უსათაურო ლექსში („...ოდესღაც, სადღაც მარტოობაში“) მეორდება ლონგფელოს ლექსის „ისარი და სიმღერა“ ბოლო სტრიქონები, მაგრამ ნაწარმოებთა შორის არსებული მსგავსება მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ქართველი პოეტი ამერიკელი მწერლის სიტყვებს განსხვავებულ, თავისი ლირიკისათვის ნიშანდობლივ კონტექსტში ათავსებს, საკუთარი პოეტური სისტემის ელემენტად აქცევს.

გალაკტიონის ლექსში „შემოდგომის დღე“ შენარჩუნებულია ლონგფელოს „წვიმიანი დღის“ განწყობილებაც და ფორმისეული თავისებურებებიც, მაგრამ შეცვლილია ამ განწყობილების გამომწვევი მიზეზი და ფორმისეულ ელემენტთა გამოყენების პრინციპი. არსებითი ამ შემთხვევაში შინაარსობრივი განსხვავებაა. მსგავსი პეიზაჟის ფონზე სატრფიალო მოტივის შემოტანის შედეგად „შემოდგომის დღე“ სცილდება ლონგფელოს ლექსის პრობლემატიკის სფეროს და ბუნებრივად თავსდება გალაკტიონის სიყვარულის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის. ქართველი პოეტის მიმართება ამერიკელი ავტორის ლირიკასთან თავსდება ინტერტექსტუალობის ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები:ინტერტექსტუალობა, გალაკტიონი, ლონგფელო კატეგორია: კვლევები ავტორები: ნათია სიხარულიძე
მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის

 

VR

მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის (1844-1854) "კავკასიური პოლიტიკის" შეფასება როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებსა თუ ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია - უაღრესად პოზიტიურიდან (დ. ყიფიანი, ა. წერეთელი, მ. შჩერბინინი, მ. მაკიევსკი-ზუბოკი, ა. ჯორჯაძე, მ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი...) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, მ. კატკოვი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, გ. აბზიანიძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია...). საკითხის სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მ. ვორონცოვი კავკასიაში ჩამოვიდა საფუძვლიანად გააზრებული რეფორმისტული გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს (ზოგადად - კავკასიის) პოლიტიკურ-ეკონომიკურ შერწყმას რუსეთის იმპერიაში და ამასთანავე, ევროპეიზაციის გზით ქართული კულტურის აღორძინებას. მეფისნაცვლის ამ გეგმის პრაქტიკულმა განხორციელებამ 1840-1850 წწ. საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, მისი ინტენსიური და შეუქცევადი ევროპეიზაცია, გამოიწვია.

 ვორონცოვის ხელშეწყობითა და ქართველ მოღვაწეთა განმსაზღვრელი მნიშვნელობის მონაწილეობით გაშლილმა მიზანმიმართულმა და გეგმაზომიერმა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკამ წარმოშვა პროცესი, რომელიც 1860-იან წწ. ი. ჭავჭავაძის (ზოგადად - "თერგდალეულთა") მიერ ახალი დროის მოთხოვნათა შესაფერისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობრივ და ლიტერატურულ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგიის შექმნითა და დამკვიდრებით დასრულდა.

 


საკვანძო სიტყვები:ვორონცოვი, „კავკასიური პოლიტიკა“, ევროპეიზაცია, „თერგდალეულები“ კატეგორია: კვლევები ავტორები: თამაზ ჯოლოგუა
ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე

 

HGდასავლურმა გამომცემლობამ (Brill) ცნობილი სერიის ფარგლებში (Handbuch der Orientalistik) გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა პროფესორ ჰაინც ფენრიხის "საქართველოს ისტორია". ნაშრომი დაწერილია საქმის კარგად ცოდნის, მეცნიერული, ობიექტური მიდგომისა და საქართველოს გულწრფელი სიყვარულის საოცარი შეზავებით. სადისკუსიო საკითხებში, იქნება ეს ჩვენი უძველესი თუ უახლესი ისტორიის მტკივნეული პრობლემები, ავტორი არ ცდილობს რომელიმე მხარე დაიჭიროს, ეყრდნობა ძირითადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ, მეტ-ნაკლებად ფართოდ გაზიარებულ მოსაზრებებს და თავისი ობიექტური თხრობით სავსებით სწორ აქცენტებს სვამს.

საქართველოს უძველესი ისტორიის რეკონსტრუქციაში ავტორი ძველაღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) და ანტიკურ წყაროებს ეყრდნობა. შემდგომი ხანის ისტორიას, ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი ძირითადად "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა მნიშვნელოვანი წყაროების მიხედვით გადმოსცემს. სასურველია ნაშრომის თარგმნა ქართულ ენაზე.


საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, საქართველო კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ლევან გორდეზიანი
შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ სკოლებში

 

გერმანიისა და საქართველოს ქართველოლოგთა შორის აქამდე არ იყო ცნობილი, რომ ქართველი ავტორი რუსთველი და მისი პოემა "ვეფხისტყაოსანი" ერთ გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი იყო. თვით ბოლო გერმანულ ბიბლიოგრაფიაშიც კი ("საქართველო – გერმანულენოვანი სამყარო". 2008) არ არის მითითებული ამ წიგნზე, თუმცა აღნიშნული სასკოლო სახელმძღვანელო უკვე 1985 წელს გამოიცა და გამოიყენებოდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სკოლებში. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმ დროს რუსთველი ჯერ კიდევ თითქმის უცნობი იყო. გერმანიის გაერთიანების შემდეგ რუსთველი არც ერთ ახალ სახელმძღვანელოში აღარ შეუტანიათ.


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, გერმანია, სასკოლო სახელმძღვანელო, გმირთა სიმღერა. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: შტეფი ხოტივარი-იუნგერი
ჰაინც ფენრიხი

 

სტატიაში მიმოხილულია გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა. ჰაინც ფენრიხს ქართველოლოგიის, ძირითადად ქართული ენათმეცნიერების, მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50 წიგნი და 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი. მის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილია ქართული ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების მრავალი ნიმუში. ქართველოლოგიის დარგში მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ჯილდოები და საპატიო წოდებები.  იგი იყო  დამაარსებელი და  უცვლელი რედაქტორი 2006 წლამდე გერმანულენოვანი ჟურნალისა „გეორგიკა“. სტატიას  თან ერთვის ჰაინც ფენრიხის  მიერ გამოქვეყნებული წიგნებისა და თარგმანების  ნუსხა. 


საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ქართველოლოგია კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: ცირა ვარდოსანიძე
ორი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან

 

ჟენევაში გასტროლები დასასრულს უახლოვდებოდა. ორი დღის შემდეგ ლოზანაში მივდიოდით. მოცეკვავე ბიჭებმა მითხრეს, რომ ჩვენს ყველა კონცერტს, და რეპეტიციებსაც კი, გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. მათ ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად ჩათვალეს, რადგან ევროპაში მოგზაურობისას ძალიან ხშირად, კონცერტის შემდეგ, მოდიოდნენ ქართველები, აღტაცებულნი ანსამბლის წარმატებით; თუმცა თვალები ყოველთვის სევდით ევსებოდათ, როდესაც საქართველოზე და ნათესავებზე ლაპარაკობდნენ. მახსოვს, ძალიან გავუბრაზდი ბიჭებს, რატომ აქამდე არ მითხარით გრიგოლ რობაქიძე თუ დადიოდა კონცერტზე-მეთქი. დამამშვიდეს, ნუ გეშინია, ხვალაც მოვა, მით უმეტეს რომ ბოლო გამოსვლა გვაქვსო. მართლაც, მეორე დღეს, კონცერტის შემდეგ, ქ-ნ ნინოს და მე გვითხრეს, რომ ბ-ნი გრიგოლი გველოდებოდა ... საშუალოზე მაღალი, გამხდარი კაცი (ნამდვილად არ ჰგავდა 80 წელს გადაცილებულს), ნაცრისფერი გაბარდინის ლაბადაში, შავი პრიალა, გადავარცხნილი თმით და, საოცრად ცივი, გამჭოლი თვალებით (კიდევაც ვიფიქრე, ბიჭებს ალბათ მოეჩვენათ, თორემ ამ თვალებიდან ცრემლი როგორ გადმოვა-მეთქი). როცა მოგვესალმა – ესეც გამიკვირდა, მეგონა ჩვენთან ლაპარაკს საჭიროდ არ ჩათვლიდა... ცეკვაზე და კონცერტებზე არაფერი არ უთქვამს, უთუოდ იფიქრა (ვინ იცის?), რომ თეატრში ანსამბლთან გატარებული ორი კვირა მისი აღტაცების დასტური იყო. ვუთხარით, რომ მეორე დილით ლოზანაში მივდიოდით. დაგვპირდა, აუცილებლად მოვალ ნავსადგურშიო (ლემანის ტბით უნდა წავსულიყავით). შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი, რომ ახლა ვწერ სტატიას, ფრანგი ჟურნალისტების მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდო. როგორც გვითხრა, ორ ფრანგ ჟურნალისტს უმოგზაურია საქართველოში, ბევრი რამ კარგი დაწერეს, მაგრამ ბოლოს ასე დაამთავრეს ეს წერილი – „ქართველებს, ჩვენი მარსელელი, კანებიერის ქუჩის მცხოვრებთა მსგავსად (ამბობენ, ფრანგული ანეკდოტების უმრავლესობა მათ მიერაა შეთხზული), მიაჩნიათ, რომ სამყარო იწყება და მთავრდება საქართველოშიო. ფრანგების ამ დასკვნას ბატონი გრიგოლი საშინლად გაუბრაზებია და ამან გადააწყვეტინა საპასუხო წერილის დაწერა.


საკვანძო სიტყვები:გრიგოლ რობაქიძე, კიტა ჩხენკელი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: რუსუდან ენუქიძე