ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ელგუჯა ხინთიბიძე
რუსთველის ვეფხისტყაოსანი – კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
როგორც ცნობილია, გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შუა საუკუნეებში იყო არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური, არამედ აგრეთვე კულტურული ხიდი. ამისი ცხადი მაგალითია: სპარსული ვისრამიანი, რომლის კვალი ტრისტან და იზოლდას ევროპულ რომანში ჩანს და ინდური პანჩატანტრა, ქილილა და დამანას სახით სპარსულად გადამუშავებული, რომელმაც ევროპაში იგავ-არაკული ჟანრის განვითარებაში გარკვეული როლი შეასრულა. შუასაუკუნეების საქარველო ამ კულტურული გზის ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო, რაც მტკიცდება ინდური წარმოშობის, შემდგომში არაბული ბალაჰვარისა და ბუდასფის წიგნიდან ქართულად ქრისტიანულ ნოველად გადამუშავებული ბალავარიანით. X საუკუნის დასასრულს ქართველმა ავტორმა ეს თხზულება ქართული წყაროებიდან ბერძნულ აგიოგარფიულ-პოლემიკურ თხზულებად გადააკეთა, რომელიც შემდგომში, XII-XV საუკუნეებში, ევროპის თითქმის ყველა ხალხში უაღრეასად პოპულარულ რომანად იქცა [33, გვ. 192-292]. ამჯერად მინდა, უფრო დეტალურად განვიხილო ჩემ მიერ უკანასკნელი წლების სამეცნიერო კვლევების შედეგად გამოვლენილი ერთი ლიტერატურული ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ქართული, ასევე ზოგადად ევროპული ფილოლოგიისათვის. აღმოჩნდა, რომ ქართული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზრის მწვერვალი რუსთველის ვეფხისტყაოსანი ასევე იყო კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართველი პოეტის შოთა რუსთველის ლირიკული პასაჟების შემცველი ეპიკური პოემა ქართულ რეალობასთან მისადაგებულ აღმოსავლური ტიპის ამბავზე იშლება. ამას თვითონ ავტორიც მიუთითებს: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვიო“. ვეფხისტყაოსნის მთავარი შეყვარებული წყვილის – ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი – ინდოეთის სამეფო კარის ინტრიგის შედეგად დაკარგული სატრფოს ძებნა ტარიელის და მისი მეგობრის ავთანდილის მიერ; გატაცებული ქალის კვალზე მინიშნება შემთხვევით გაცნობილი მეფე ფრიდონის, შემდგომში მათი მეგობრის, მიერ; ფრიდონის მეომრების თავდადებით სამი მეგობრისაგან ქაჯეთში გამომწყვდეული ნესტანის განთავისუფლება – ტიპური აღმოსავლური ნარატივია, ზღაპრული სიუჟეტივით მოარული შუასაუკუნეების აღმოსავლეთში, რომლის ერთი არქეტიპი უძველეს ინდურ ეპოსში რამაიანაშიც ჩანს [23]. ვეფხისტყაოსნის ნარატივი აღმოსავლურ სურნელს სიუჟეტის ცალკეულ კომპონენტებშიც ინარჩუნებს. ერთად აღზრდის შემდეგ დიდი ხნის უნახავი ნესტანის პირველი ხილვით ტარიელის დაბნედის უშუალო პარალელია ვისრამიანში: რამინის დაბნედა ვისის დანახვისას [14]. სიყვარულით გახელებული ტარიელის მიერ თავისი ამბის მბობა ავთანდილისათვის და ამ უკანასკნელის მიერ მიჯნურის დასახმარებლად თავდადების გადაწყვეტა ლეილის და მაჯნუნის სიყვარულის აღმოსავლეთში პოპულარული ამბიდან მაჯნუნისა და რაინდ ნავფალის დამეგობრების სცენასთან ამჟღავნებს მიმართებას [26]. აღმოსავლური ტიპის ამბავს რუსთველი XII საუკუნის ქართული სამეფო კარის ისტორიის ალეგორიულ დატვირთვას შესძენს, მასში ტახტის მემკვიდრეობის პრობლემის ორიგინალურ გადაწყვეტას შემოიტანს – ორი მემკვიდრის მტრობის ნაცვლად მათ სიყვარულს იქადაგებს; მოყვრის სიყვარულის ქრისტიანულ თეზას ადამიანური სიყვარულის რენესანსულ იდეალად გადაიაზრებს; აღმოსავლური ნარატივის ზღაპრულ მდინარებაში ანტიკურ ფილოსოფიას ჩადებს; სატრფოს ძებნის უსასრულო ხეტიალს ბოროტის არსებობა-არარსებობის თეოლოგიური თეზის ძიებად აქცევს და ყველაფერს ერთად ქართული პოემის ორიგინალურ სიუჟეტად გარდაქმნის. უკანასკნელი წლების ჩემი კვლევების საფუძველზე მე წილად მხვდა ბედნიერება განმეცხადებინა და მემტკიცებინა სრულიად ახალი ფაქტი ქართული კულტურისათვის და ასევე ევროპული ლიტერატურული კრიტიკისათვის. კერძოდ, ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ნაცნობი იყო XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის უმაღლესი ლიტერატურული წრეებისათვის, რომელთაც იგი ლიტერატურული თვალსაზრისით წარმატებით გამოუყენებიათ [35, გვ. 50-84]. უილიამ შექსპირის სიცოცხლეში, მისი უშუალო მემკვიდრეების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესა ფილასტერი [9] და მეფე და არა მეფე [10] შექმნილია ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გადამუშავებით. ამ თხზულებათა უშუალო სიუჟეტური წყარო ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე უცნობად ითვლებოდა [29, გვ. 168; 41, გვ. 15]. ორივე პიესის ამბავი, მსგავსად ვეფხისტყაოსნისა, აგებულია ტახტის მემკვიდრეობის პრობლემაზე. მემკვიდრე ორია: მეფის ერთადერთი ასული და ასევე მემკვიდრედ მიჩნეული ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც ერთ შემთხვევაში გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ერთი ქვეყნის მეფის ძეა, ხოლო მეორე შემთხვევაში სამეფო კარის მიერ ნაშვილები მემკვიდრე. ორივე პოემაში პრობლემა გადაწყდება ამ ორი მემკვიდრის სიყვარულით და ქორწინებით. ზუსტად ეს ვითარებაა ვეფხისტყაოსანში. დავიწყოთ მეფე და არ მეფით. ჩემი მიგნება დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: 1. ბომონტისა და ფლეტჩერის პიესაში მოქმედება მიმდინარეობს იბერიაში. პიესის იბერია არის საქართველო და არა საისტორიო წყაროებისეული პირენეს ნახევარკუნძულის იბერია. საკმარისია მივაქციოთ ყურადღება, რომ მეფე და არა მეფის მთავარი მოქმედი პირი – იბერიის ახალგაზრდა მეფე ამარცხებს მისი მეზობელი ქვეყნის სომხეთის მეფეს, მოყავს იგი ტყვედ იბერიის სამეფო კარზე, სადაც მიმდინარეობს შემდგომი მოქმედება. 2. ინგლისური პიესის მეფე და არა მეფის შეყვარებული წყვილის რომანტიკული ინტრიგის ძირითადი ფაქტები ემთხვევა ვეფხისტყაოსნისეული ინდოეთის შეყვარებული წყვილის თავგადასავლის ფაქტებს: ორივე თხზულებაში უშვილო მეფე-დედოფალი შვილად აიყვანენ უახლოესი დიდებულის ახალშობილ ვაჟს; მოგვიანებით დედოფალს შეეძინება ქალიშვილი; როცა სრულწლოვნები ხდებიან, ქალი და ვაჟი გახელებული სიყვარულით განიმსჭვალებიან ერთმანეთის მიმართ; დრამატული თავგადასავლების შემდეგ ისინი შეუღლდებიან და ტახტის მემკვიდრეობის საკითხიც გადაწყდება. 3. ფაბულის ძირითადი ფონის იგივეობის გარდა, არის პრინციპული მსგავსებანი ცალკეულ სიუჟეტურ პასაჟებში, მაგალითად: დედოფლის დაფეხმძიმება ვაჟის შვილად აყვანიდან ზუსტად ხუთი წლის შემდეგ; ახალგაზრდების ჯერ ერთად აღზრდა და შემდეგ ბავშობაშივე ერთმანეთისაგან დაშორება; უფლისწულის დაბნედა, როცა დიდი ხნის უნახავ ასულს პირველად ნახავს; ქალის საქმროდ მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდა მეფის თუ უფლისწულის მოწვევა; შეყვარებული პრინცის მიერ მისი სატრფოს გარდაცვლილად წარმოდგენა და მისი მედიტაცია იმაზე, თუ თვითონაც როგორ წავა იმ ქვეყნად და სხვა. 4. როგორც მეფე და არა მეფეში, ისევე ფილასტერში, არის ისეთი დეტალები, რომლებიც მიანიშნებენ უშუალოდ ვეფხისტყაოსანზე, როგორც ინტერტექსტზე და გამორიცხავენ ინგლისელ ავტორთა მიერ ამ ფაბულის მოპოვებას სხვა უფრო ძველი წყაროდან, იმ მოარული ფაბულიდან, რომელიც შეიძლებოდა თვითონ რუსთველისთვისაც ყოფილიყო ნაცნობი. ინგლისელ ავტორთა მინიშნება ქართულ თხზულებაზე – ვეფხისტყაოსანზე არ ამოიწურება მხოლოდ მეფე და არა მეფის მოქმედების საქართველოში ლოკალიზებით. ინგლისური პიესის შეყვარებული წყვილის პრინცესას, რომლის პროტოტიპი ვეფხისტყაოსნის ნესტანია, სახელად ჰქვია პანთეა (Panthea), რაც ინგლისურ ენაზე წარმოითქმის მსგავსად სიტყვისა პანტერა (panther). ეს უკანასკნელი კი რუსთველის ვეფხის ზუსტი ინგლისური თარგმანია. ვეფხი ვეფხისტყაოსნის მიხედვით ნესტანის სიმბოლოა. თუ პრინციპულ მნიშვნელობას მივანიჭებთ იმას, რომ ბომონტისა და ფლეტჩერის თხზულების მთავარი გმირის პანთეას სახელი არის მინიშნება პანტერაზე (ვეფხზე), როგორც ნესტანის სიმბოლოზე და რუსთველის პოემის სახელწოდებაზე, კიდევ უფრო სარწმუნო გახდება ის, რომ ინგლისელი დრამატურგები იცნობდნენ რუსთველის პოემას იმდენადაც კი, რომ პოემის ძირითად სიმბოლურ სახეებსაც აცნობიერებდნენ. ახლა რამდენიმე სიტყვა "ფილასტერის" შესახებ. მსგავსად ვეფხისტყაოსნისა ფილასტერშიც ორი სამეფოა გაერთიანებული. ამ გაერთიანებული სამეფოს მეფეს მემკვიდრედ მხოლოდ ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ გაერთიანებული სამეფოებიდან მეორეს მემკვიდრე ვაჟს ტახტზე აქვს პრეტენზია. მეფე მოიწვევს მეზობელი სამეფოს უფლისწულს თავისი ასულის საქმროდ. ყველაფერი ეს ზუსტად ემთხვევა ვეფხისტყაოსნის ფაბულას. პრობლემა გადაწყდება ამ ორი მემკვიდრის სიყვარულით, რომელიც ვაჟისადმი ქალის შეთავაზებით იწყება. მსგავსად მეფე და არა მეფისა, ფილასტერშიც მთელი რიგი სიუჟეტური სიტუაციებისა პრინციპულად ემსგავსება ვეფხისტყაოსანს. რომ გამოუცხადოს თავისი სიყვარული, პრინცესა თავისთან მიიწვევს ვაჟს, თან მასთან წერილით აგზავნის თავის მსახურ ქალს. გაირკვევა, რომ ვაჟსაც თურმე უყვარს პრინცესა. ისინი ერთად შეიმუშავებენ მოწვეული სასიძოს ჩამოშორების გეგმას და ოცნებობენ ერთად გამეფებაზე. ასე რომ, მსგავსება ვეფხისტყაოსნის სიუჟეტთან აშკარაა. გარდა ჩემ მიერ ფაბულის ძირითადი ხაზის განვითარებაში გამოვლენილი პარალელებისა, ინგლისელი დრამატურგების ორივე პიესაში ჩანს პრინციპული მიმართებები ვეფხისტყაოსანთან იდეურ–თემატური პრობლემების დასმის, ხასიათების ფორმირების და სიუჟეტის ნიუანსური მიმოხვრის მიმართულებითაც. 2. მეორე შესაძლებლობა იმისა, რომ ვეფხისტყაოსანს გზა ეპოვა ინგლისისაკენ, ბრიტანელი და ქართველი ვაჭრების კავშირებია. ეს კონტაქტები შედეგი იყო ინგლისის მოსკოვური კომპანიისა, რომლის წარმომადგენლები წარმატებით ვაჭრობდნენ სპარსეთის პროვინციებთან ვოლგა-ასტრახანის გზით 1560-70-იან წლებში. ისინი აბრეშუმით ვაჭრობდნენ საქართველოს საზღვართან შედარებით ახლოს მდებარე სპარსულ ქალაქებში – შემახიასა და ჯულფაში და თვით კახეთის სამეფოსთანაც ამყარებდნენ კავშირს [31]. ინგლისელი მოგზაურებისა და ვაჭრების (ანტონი ჯენკინსონის, ლაურენს ჩაპმენის, კარტვრაიტის) ჩანაწერები მრავალ ცნობას შეიცავს კახეთის მეფის ლევან II (1518/1520-1574) ინგლისელებთან ვაჭრობით დაინტერესებაზე; მოლაპარაკებებზე მეფის ელჩებსა და ინგლისელ ვაჭრებს შორის კახეთსა და მოსკოვს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებაზე; ინგლისური კომპანიის ცდაზე კახეთში ვაჭრობაზე ნებართვის მიღებისა; ქართველი ვაჭრების მონაწილეობაზე ჯულფის ვაჭართა საზოგადოებაში, და ა. შ. ინგლისელ ვაჭრებს, რომლებიც მოსკოვის სამეფოსთან კახეთის დამეგობრებას ცდილობდნენ, კახეთიდან ქართველთა კულტურის შესახებაც უნდა წაეღოთ გარკვეული ცნობები. მოსკოვის კომპანიის საქმიანობის ამბები ინგლისის ინტელექტუალური წრეებისათვის XVI საუკუნის დასასრულს უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო და ისინი ჯონ ფლეტჩერისთვისაც მისაწვდომი იქნებოდა. ეს იქედანაც დასტურდება, რომ მისი ბიძა გილეს ფლეტჩერი (1546-1611), რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჯონ ფლეტჩერის აღზრდაში მამამისის გარდაცვალების შემდეგ, იყო მწერალი, პარლამენტის წევრი და დიპლომატი. 1588 წელს იგი ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის მიერ საგანგებო წარმომადგენლად იყო გაგზავნილი მოსკოვში, სადაც კარგა ხანს დარჩა და დაბრუნდა ინგლისსა და რუსეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულებით, რომელიც ძალზე სასარგებლო იყო ინგლისისათვის. მან ამ მოგზაურობის შესახებ 1591 წელს ლონდონში წიგნი გამოაქვეყნა (Of the Rus Commonwealth). ისიც ცნობილია, რომ ჯონ ფლეტჩერი სარგებლობდა ბიძამისის მიერ მონათხრობი ამბით. 3. როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ რუსთველის პოემის უკვე XVII საუკუნის დასაწყისისათვის ინგლისში შეღწევაზე, არ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენთვის უცნობი შემთხვევითი გზები; მაგალითად ვინმე ქართველი, რომელიც რაიმე მისიით ან შემთხვევით აღმოჩნდა ინგლისში. ევროპული წყაროებით ცნობილია, რომ დასავლელი მეცნიერების ადრინდელი მითითებები ქართულ ლიტერატურაზე და საზოგადოდ კულტურაზე ქართველ კონსულტანტებთან კონტაქტებით კეთდებოდა, უშუალო ცნობები ამის შესახებ გვხვდება XVIII საუკუნის გერმანელი მეცნიერების გ. ადლერის (G. J. Adler, Museum Cuficum Borgianum Velitris, Rome 1782) და ფ. ალტერის (F. K. Alter, Über georgianische Literatur, Vienna 1798) შრომებში. აღმოსავლეთით დაინტერესებულ ევროპელ დიპლომატებს, მოგზაურებს, ვაჭრებსა და ინტელექტუალებს XVI და XVII საუკუნეებში მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ სპარსეთისა და თურქეთის სამეფო კარებთან, სადაც ქართველ დიდგვაროვან ქალთა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა ყურადღებას იპყრობდა არა მხოლოდ სილამაზით და ნიჭიერებით, არამედ მათი მოგონებებითა და ინტერესებით თავიანთ მიტოვებულ სამშობლოსადმი. ეს ნათლადაა ასახული XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ მხატვრულ ლიტერატურაში. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ჩვენამდე მოღწეული ევროპაში დაბეჭდილი უძველესი მონათხრობი ქართული ენის, შრიფტის და საეკლესიო მწერლობის შესახებ მოპოვებულია გერმანელი მოგზაურის მიერ მისი თურქეთში ყოფნის დროს 1579 წელს [34, გვ. 25-27, 85]. ამ გზით ევროპაში შეღწეული ინფორმაცია მნიშვნელოვანია და არაა მოულოდნელი, რომ მასში ვეფხისტყაოსანიც მოხვედრილიყო: ქართველთა მეხსიერებას მტკიცედ შემორჩა ცოდნა იმის შესახებ, რომ ვეფხისტყაოსანი ქართველი ქალის მზითევის აუცილებელი ნივთი იყო. ქართველთა ექსპანსია ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომელიც სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილის თურქეთის იმპერიის მიერ მითვისების გამო განსაკუთრებით ინტენსიური XV და XVI საუკუნეებში იყო, გამოიწვევდა რუსთველის წიგნის უცხოეთში გატანას და ვეფხისტყაოსნის ამბის არაქართულ საზოგადოებაში შეღწევას. იმისთვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას უკვე გვიანდელი შუასაუკუნეებიდან ქართველი პიროვნებების და მათი მემკვიდრეების ევროპულ ოჯახებთან დაკავშირებაზე და თვით ისეთ შემთხვევებზე, რომლებმაც გაგრძელება ევროპის სამეფო დინასტიებში ჰპოვეს, მე მინდა ერთ ფაქტზე მივუთითო. ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი II და მისი ქართველი მეუღლე დიადჯაკ ჯაყელი (Djiadjak Jaqueli), დიდი ქართველი ფეოდალის და სამცხის ათაბაგის ბექა II ჯაყელის ქალიშვილი, როგორც დადგენილია ბერძნული და რომაული ბიოგარფიების ევროპელი სპეციალისტების გამოკვლევების საფუძველზე, იყვნენ XIV საუკუნის წინაპრები ინგლისის დედოფალ ელისაბედ II-სა. გენეალოგიის იგივე ჩამონათვალი დიადჯაკ ჯაყელს მიიჩნევს არა მხოლოდ ინგლისის დედოფლის 22–ე წინაპრად, არამედ 22-ე დიდ დიდედად ხუან კარლოსისა, მე-17-დ ლუი XVII-სა და 23-ედ ბელგიის პრინცისა: (http://archiver.rootsweb.ancestry.com/th/read/GEN-MEDIEVAL/2004-03/1080611845). http://archiver.rootsweb.ancestry.com/th/read/GEN-MEDIEVAL/2004-04/1080922915). საგანგებო შენიშვნა მინდა გავაკეთო: მე ამ ფაქტზე იმიტომ არ ვუთითებ, რომ ვივარაუდო ამ გზით ქართული წიგნის, ვეფხისტყაოსნის, ევროპულ გარემოში შეტანა. ეს ფაქტი მეტყველი მაგალითია იმისა, რომ ქართული ელემენტი – ქართველთა კულტურულ-ისტორიული მეხსიერება XVI-XVII საუკუნეების ევროპაში უკვე შეტანილია. 4. კიდევ ერთი შესაძლებელი ვარაუდი ვეფხისტყაოსნის XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისში შეღწევისა არის გზა, რომელიც XVI-XVII საუკუნის მიჯნის სეფიანთა ირანის ქართულ სათვისტომოზე გადის. ევროპული (ადამ ოლეარიუსი, ანტონი შერლი, პიეტრო დელა ვალე, ანტონიო გოვეა, დონ პიეტრო ავიტაბილე... [1; 6; 21; 22; 5; 12ა]), ქართული (ფარსადან გორგიჯანიძე, არჩილ II, იოანე ბაგრატიონი, სეხნია ჩხეიძე, ალექსანდრე ორბელიანი... [15; 8; 17; 25; 2; 3], სომხური (არაქელ დავრიჟეცი [18]) და ნაწილობრივ, სპარსული (ფაზალი ხუზანი, მირ მუჰამედ საიდ მაშიზი, ვალიყული შამლუ, ვინმე ბეჟანი, ჯალალ ალ–დინ მონაჯემი, ისქადერ მუნში... [16; 20; 27; 11; 18; 13] საისტორიო წყაროები აშკარად მეტყველებენ, რომ XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედისა და XVII საუკუნის პირველი ათწლეულების სპარსეთის სამეფო კარზე ქართული ელემენტი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე სამხედრო არისტოკრატიის წრეებში და ქვეყნის ადმინისტრაციულ მოწყობაში. უკანასკნელი ათწლეულების სამეცნიერო ძიებებმა კი გამოავლინა, რომ ეს ქართული ელემენტი არ არის მხოლოდ გატაცებული, გაყიდული ან ტყვედწაყვანილი გოგო-ბიჭების, შემდგომში გამაჰმადიანებულ-გასპარსელებული, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებს აბსოლუტურად გაუცხოებულ მონა-მხევალთა და მეომართა მრავალათასეულ, მაგრამ განმარტოვებულ და დაქსაქსულ ადამიანთა სიმრავლე. ისინი ქმნიან ირანის სეფიან მბრძანებელთა, კერძოდ შაჰ თამაზ I-ისა და შაჰ აბას I-ის, სამეფო კარზე დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ არისტოკრატთა წრეს, ერთმანეთთან ნათესაური ურთიერთობით და ეროვნული ინტერესებითაც დაკავშირებულ, გამაჰმადიანებულ ქართველ თავად-აზნაურთა, სპარსეთის უაღრესად გავლენიანი მმართველების დიდ ჯგუფს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს გამაჰმადიანებულ-გასპარსელებული ქართული წრე არც წარმომავლობით და არც სოციალური მდგომარეობით არ უნდა იყოს გაიგივებული სპარსეთის ე.წ. მონა-ჯარისკაცთა კორპორაციასთან; უფრო მეტიც, ისინი არ იყვნენ მხოლოდ გამოჩენილი მხედართმთავრები. ეს წრე სპარსეთის ინტელექტუალურ ელიტას განეკუთვნებოდა [11]. სპარსეთის ამ ქართული წარმოშობის ელიტიდან გამოვლენილია ოთხი დიდი გვარის წარმომადგენლები: ბარათაშვილთა, სააკაძეთა, უნდილაძეთა და მირიმანიძეთა ოჯახებიდან. ისინი წარმოშობით ქვემო ქართლის რეგიონიდან, უპირატესად იმ ოლქებიდან იყვნენ, რომლებსაც ქართულ წყაროებში ხან საბარათიანო (ბარათილი) და ხან სომხითი ეწოდებოდა. ამ კუთხის თავად-აზნაურთა სწრაფვა სპარსეთის ქვეშევრდომობისკენ უმთავრეს შემთხვევებში გამოწვეული იყო XV1-XVII საუკუნეების სპარსეთ-ოსმალეთის დაუსრულებელი ომებით, რომლებიც ამ რეგიონის დაუზოგავ აოხრებას იწვევდა. ზოგიერთ საისტორიო წყაროში სპარსეთის სამსახურში შესულ რამდენიმე გამაჰმადიანებულ ქართველთა ეთნიკური წარმოშობით სომხობაზე მითითება, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში დასაბუთებულია, მათი ქვემო ქართლის სომხითის პროვინციიდან წარმომავლობის არასწორი გაგებით უნდა იყოს გამოწვეუული. ჩამოთვლილი საგვარეულოების გამაჰმადიანებულ ქართველთაგან მხოლოდ მირიმანიძეთა გვარის წინაპრები არიან მიჩნეული სომხური ეთნოსის წარმომადგენლად, რამდენადაც ისინი მელიქის წოდებას ფლობენ, რაც ადგილობრივ სომეხს ნიშნავდა. თუმცა ამ გვარიდან სპარსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ მირიმანიძეებს ზოგიერთი როგორც სპარსული (ფაზალი ხუზანი ესფაჰანი), ასევე სომხური (არაქელ დავრიჟეცი, იგივე თაბრიზელი) წყარო ქართველებად თვლის. სპარსეთის სამეფო კარზე ამ უაღრესად დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ დიდ მხედართმთავართა და მმართველთა წრიდან ჩვენი საკვლევი პრობლემის ინტერესით საგანგებოდ მინდა შევჩერდე ალავერდი ხანზე, უნდილაძეზე. იგი არის სეფიანთა ირანში უაღრესად დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ მმართველთა უმთავრესი და ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. მან და მისმა შვილებმა – იმამ-ყული ხანმა, დაუდ ხანმა და შვილიშვილმა სეფი-ყული ხანმა სამეფო კარზე უდიდესი ავტორიტეტი, უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობანი (ბეგლარბეგობა) და უდიდესი სიმდედრე თითქმის 40 წლის მანძილზე შეინარჩუნეს. საკმარისია ორიოდე ფაქტზე მითითება. პორტუგალიის ელჩი შაჰ აბასის კარზე ანტონიო გოვეა წერს, რომ მისთვის შაჰს უთქვამს: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, ხოლო მე ალავერდი ხანს ვემორჩილეობიო [5, გვ.43]. ალავერდი ხანი და მისი ოჯახი დიდ სიმდიდრეს ფლობდა. ალავერდი ხანის სახსრებით შენდებოდა სასახლეები და ხიდები. ისპაჰანის ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი ალავერდი ხანის სახელითაა ცნობილი. ალავერდი ხანის ქართველი მეუღლის სახსრებით გაიყვანეს გზები ცენტრალური ირანის მთიანეთის უღელტეხილზე. უმდიდრესი იყო იმამ-ყული ხანი. მისი წარსაგებელით ისპაჰანის მახლობლად გრანდიოზული საირიგაციო მშენებლობები მიმდინარეობდა. როგორც ინგლისელი, ისე ქართველი ისტორიკოსები იმოწმებენ ერთი სპარსული ხელნაწერის ცნობას. ერთხელ შაჰ აბასს იმამ-ყული ხანისთვის უთქვამს: შენ ჩემზე ერთი დირჰემით ნაკლები დახარჯე, ხალხმა შაჰსა და ხანს შორის განსხვავება რომ დაინახოსო [30, გვ. 65-66]. უნდილაძეთა გვარის სპარსეთის სამეფო კარზე ეს უპრეცედენტო გავლენა გრძელდებოდა XVI საუკუნის უკანასკნელი ათწლეულიდან XVII საუკუნის 30-იან წლებამდე – შაჰ აბას პირველის ეპოქა. ეს დრო კი არის ირანის ისტორიაში ევროპასთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდი და ეს ურთიერთობა ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა ირანისა და ინგლისის დიპლომატიური, სამხედრო და სავაჭრო კონტაქტებით. ამ ურთიერთობების ცენტრში საკუთრივ შაჰის შემდეგ და მის გვერდით ალავერდი ხანი იდგა. აი, როგორ აღწერს შაჰ აბასის ურთიერთობას ალავერდი ხანთან ირანელი ისტორიკოსი, პროფესორი ნასროლა ფალსაფი: „შაჰ აბასი ალავერდი ხანს ირანის ყველა სხვა დიდ სარდალზე უფრო მეტად აფასებდა და პატივს სცემდა. რადგანაც იგი ხანდაზმული კაცი იყო, შაჰი მას „მამას“ ეძახდა. ვერც ერთი სარდალი ვერ უტოლდებოდა მას ჩინისა და თანამდებობის მხრივ. იგი კარგად შეიარაღებული და ომში გამოწრთობილი ოცდაათიათასიანი ცხენოსანი ჯარით ირანის სამხრეთით მდებარე ყველა ვილაიეთზე, სპარსეთის ყურის სანაპიროსა და კუნძულებზე მბრძანებლობდა. შაჰ აბასი დიდი ომებისას, რომელთაც ოსმალეთთან აწარმოებდა, უპირატესად მის სამხედრო ძალას ემყარებოდა ხოლმე“ [28, გვ. 19-20]. სამეცნიერო ლიტერატურაში პრობლემურია ალავერდი ხანის ეროვნული სადაურობის საკითხი. ზოგიერთი ისტორიკოსი მას ეროვნებით სომეხად თვლის, მხოლოდ საქართველოდან გადმოსახლებულად. ამის საფუძველს ცნობილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს ჩანაწერებში ხედავენ [22]. ამავე დროს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მკვლევარები პიეტრო დელლა ვალეს ამ ცნობას შეცდომად თვლიან და იტალიელი მოგზაურის მიერ ძველ ჩანაწერებში ან ქართველთა ნაამბობში ქართლის ერთ რეგიონზე - სომხითზე მითითებას სომეხთა ეთნოსში სავარაუდო აღრევით ხსნიან (ზ. ავალიშვილი, დ. ალენი, ვ. გაბაშვილი, ჰ. მაედა). ალავერდი ხანის ქართველობას პიეტრო დელლა ვალეს ჩანაწერებზე უფრო ადრინდელი ევროპული წყაროები ადასტურებენ [იხ. 30, გვ. 68-69]: დონ-ხუან სპარსელი, რომელიც შაჰის მიერ ელჩად გამოგზავნილ ანტონი შერლის სპარსეთიდან ევროპაში გამოჰყვა, თავის 1604 წელს გამოქვეყნებულ რელაციაში გარკვევით მიუთითებს, რომ შაჰმა ალავერდი ხანი 12000 ქართველი მეომრის სათავეში დააყენა, რადგან იგი ქართველი რენეგატი იყოო [24]. ირანში ანტონი შერლის ამალის წევრის ინგლისელი უილიამ პერის ცნობით ალავერდი ხანი ქართველი ქრისტიანი იყო [38]. ალავერდი ხანის ქართველობას ადასტურებს მისი და მისი დიდი ოჯახის მჭიდრო და ამავე დროს ნათესაური (მოყვრული) კავშირი ქრისტიანულ საქართველოსთან და კერძოდ მის სამეფო საგვარეულოსთან. ქართველი მეცნიერის ვ. გაბაშვილის მიერ გამოვლენილია, რომ უნდილაძეთა გვარი ქართულ წერილობით დოკუმენტებში XIII საუკუნიდან ფიგურირებს. იაპონელი მკვლევარის ჰ. მაედას დაზუსტების თანახმად, ეს გვარი ქართულ საბუთებში XVI საუკუნის ჩათვლით უწყვეტად იხსენიება. დღეისათვის ევროპულ ირანისტიკაში ალავერდი ხანის ქართველ უნდილაძეთა გვარისადმი მიკუთვნება აღიარებული ფაქტია [27ა, გვ. 28, 37, 119, 156]. ჩვენი საკვლევი საკითხის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ 1598-99 წლებში სპარსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა ინგლისელთა დელეგაცია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით. ინგლისელთა ამ წარმომადგენლობის ხელშეწყობით შესრულდა ირანელთა არმიის გადაიარაღება, კერძოდ ცეცხლმსროლელი იარაღის მოპოვება და დანერგვა. ამ საქმეს კი შაჰ აბასის საერთო მეთვალყურეობით უპირატესად ალავერდი ხანი ასრულებდა. ანტონი შერლისა და მის ძმას რობერტ შერლის ეხმარებოდა აგრეთვე საქართველოდან გამოსული შაჰის კარზე სხვა დაწინაურებული მოხელე _ თამაზ-ყული, მირიმანიძეების საგვარეულოდან. ანტონი და რობერტ შერლიმ ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ირანის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებისათვის. შაჰ აბასმა ჯერ ანტონი შერლი და შემდეგ მოგვიანებით მისი ძმა რობერტ შერლი საკუთარ ელჩებად გაგზავნა ევროპაში [37ა]. ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა, რომ შაჰის მიერ ევროპისადმი შეთავაზებულ ანტიოსმალური კოალიციის საკუთარ გეგმაში ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებოდა მის კეთილგანწყობლურ ურთიერთობას ქრისტიანებთან, რის გამოვლენასაც იგი ქართველ ქრისტიანებთან საკუთარი დამოკიდებულების აფიშირებით ცდილობდა. ამის ერთი დამამტკიცებელი აქტი იყო შაჰის მიერ ქართველთა მეფის სიმონის ქალიშვილის ცოლად შერთვა; უფრო მოგვიანებით კი პაპის მიერ ნაჩუქარი ოქროს ჯვრის საქართველოს მეფესთან გაგზავნა, ხოლო საქართველოს პატრიარქთან კი – საკუთარი ხელით გათლილი ხის ჯვრისა. შაჰ აბასი ყველანაირად ცდილობდა ევროპელთა თვალში ქრისტიან ქართველთა მიმართ საკუთარი ლოიალობა და კეთილგანწყობა გამოეხატა. ირანელი პროფესორი ნასროლა ფალსაფი იმასაც ფიქრობს, რომ შაჰ აბასმა ქართული ენა იცოდა. ესპანეთის ელჩის დონ გარსიას ჩანაწერების საფუძველზე იგი ერთ ფაქტს იხსენებს. ერთ-ერთ აუდიენციაზე, იმისთვის, რომ თურქეთის ელჩს მათი საუბრის არსი არ გაეგო, შაჰმა ესპანეთის ელჩს ქართულ ენაზე მიმართა და მის სიტყვებს ესპანური და ქართული ენების მცოდნე თარჯიმანი თარგმნიდა [28, გვ. 18]. ანტონი შერლი, შაჰ აბასის ელჩის რანგში, ევროპაში 1599 წელს გაემგზავრა. შაჰმა მას ბევრი დანაბარები, წერილი და საჩუქარი გაატანა ევროპელი მონარქებისათვის. გახმაურებული იყო შაჰის მიერ ევროპაში გაგზავნილი საჩუქრების 32 ყუთი, რომლებიც ანტონი შერლის გვიანდელი განცხადებით დაიკარგა, ხოლო მკვლევართა აზრით, შერლიმ გზაში გაყიდა. შაჰის ინგლისელმა ელჩმა მთელი ევროპა მოიარა. ყველგან შაჰის დახმარებას ეძებდა, ბევრი ჩანაწერიც დატოვა. მისი ჩანაწერები შაჰის კარზე მოგზაურობის შესახებ ახლაც ინახება ბრიტანეთის არქივებში. ეს ხანა, ევროპისა და ირანის მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობის, ინგლისელ დიპლომატთა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისა შაჰ აბასის ადმინისტრაციასთან, ანტონი შერლის მოგზაურობისა ირანსა და ევროპას შორის, არის XVI საუკუნის დასასრული და XVII საუკუნის პირველი წლები. 1608-1611 წლებში კი ინგლისის სამეფო თეატრალური დასის წრეში ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზე დამყარებით დაიწერა ორი პიესა ფილასტერი და მეფე და არა მეფე. ამიტომ ვფიქრობ მე, რომ სპარსეთის ხელისუფლებაში უაღრესად დაწინაურებულ ქართული წარმოშობის მოხელეთა ამ წრის მეშვეობით შესაძლოა ვეფხისტყაოსანი ან ამ პოემის ამბავი ევროპაში გასულიყო და მას ინგლისელ ინტელექტუალთა წრეებამდე მიეღწია. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებსაც. იმდროინდელი ინგლისის მეცნიერთა და ჰუმანიტართა, კერძოდ, დრამატურგთა საზოგადოება მუშტრის თვალით დაეძებდა აღმოსავლეთიდან მოღწეულ ყველა ამბავს, ცნობას, წიგნს თუ ლიტერატურულ სიუჟეტს. ლიტერატურული საქმიანობის ეს სტილი გამოკვეთილია ბომონტისა და ფლეტჩერის შემოქმედებაშიც. მეორე მხრივ, XV საუკუნის დასასრულიდან დაწყებული ქართული დიპლომატია დაბეჯითებით ცდილობს, პოლიტიკური მხადაჭერა მოიპოვოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ამ მიზნით ქართველთა ქვეყანა მთელი თავისი ღირებულებებით, მათ შორის კულტურულით, წარმოაჩინოს. ჩემი დაკვირვებით, XVI საუკუნის დასასრულიდან გამოიკვეთა ქართველთა კულტურული წარსულის უდიდესი გამოხატულების ვეფხისტყაოსნის გადარჩენის ცდა. ამ პერიოდში უნდა იყოს შეკრებილი, შევსებული და ერთ რედაქციად დამუშავებული ვეფხისტყაოსანი, წამძღვარებული მისი სასულიერო იდეოლოგიისგან გამმიჯვნელი და საერო ლიტერატურად გამომცხადებელი სტროფით, რომელიც გადამწერლებს მისი გავრცელების საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდში უნდა იყოს გააზრებული რუსთველის პოემის ქარველთა მაღალი ინტელექტუალური სახის წარმოჩენისათვის გამოყენების, ალბათ, პირველი ცდა, რაც შემდეგ მრავალგზის, თვით უკანასკნელი ათწლეულების ჩათვლით, განმეორდა ქვეყნის საუკუნოვან და მძიმე ისტორიაში. ბუნებრივია, რომ დაისმის ამგვარი კითხვა: იყო კი სპარსეთის წარმოშობით ქართველთა ეს მმართველი და დაწინაურებული წრე, კერძოდ ალავერდი ხანი და მისი ოჯახი, იმგვარი ეროვნული და კულტურული ინტერესებით შთაგონებული, რომ ქართული საზოგადოებრივი ინტერესის ეს მისია ეტვირთა? ჩემი აზრით, ამ კითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ. ჯერ ერთი, ქართულ საისტორიო მეხსიერებაში მტკიცედაა დამკვიდრებული ალავერდი ხანის ოჯახის უნდილაძეთა გვარიდან წარმომავლობის ფაქტი. ეს მტკიცდება არა მხოლოდ თეიმურაზ I-სა და არჩილ II-ის უშუალო მითითებით, არამედ XVII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის ისტორიულ ამბებზე უცხოურ წყაროებში დაცული ცნობებითაც. XVII საუკუნის სპარსელი ქრონისტის ფაზალი ხუზანის ცნობით აჯანყებულმა ქართველებმა 1626 წელს იმამ-ყული ხანის ქალიშვილი და სიძე – ანდუყაფარ ამილახვარი დაატყვევეს. მათ გადასარჩენად შაჰ აბასმა საქართველოში დიდი ლაშქარი გამოგზავნა. შეშინებულმა აჯანყებულებმა თავს გაქცევით უშველეს, მაგრამ მანამდე ტყვედ აყვანილი ანდუყაფარი და მისი მეუღლე – იმამ-ყული ხანის ქალიშვილი საბარათიანოში ალავერდი ხანის ოჯახს გაუგზავნეს [36, გვ. 37]. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ალავერდი ხანი თავის ოჯახში მკაცრად იცავდა ქართულ ძირებს. მისი მეუღლე ქართველი ქალი იყო. მისი ორი ვაჟიშვილი დიდი ბეგლარბეგები - იმამ-ყული ხანი და დაუდ ხანი ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ, რისთვისაც შაჰ აბასის მემკვიდრემ შაჰ სეფიმ ორივე მოაკვლევინა. დაუდ ხანი თავდაპირველად ფარულად მიემხრო გიორგი სააკაძის აჯანყებას, ხოლო მოგვიანებით თეიმურაზ I-თან ერთად შაჰ სეფის აუჯანყდა. ალავერდი ხანმა თავისი ვაჟიშვილი დაუდ ხანი თეიმურაზ I-ის დაზე – ელენეზე დააქორწინა. საისტორიო წყაროებით დადასტურებული იყო, რომ იმამ-ყული ხანის ოთხი ქალიშვილი ქართველებზე იყო გათხოვილი: ერთი მათგანი დაუდ-ბეგ გურჯიზე, მეორე – ალი-ყული-ბეგიზე (როსტომ სააკაძის ძმაზე), მესამე – ნოურუზ თულაშვილზე და მეოთხე – ანდუყაფარ ამილახვარზე [30, გვ. 68; 36, გვ. 69]. XVII საუკუნის სპარსელული თხზულების „აფდალ ალ-თავარიხის“ მესამე ტომში დაცული ცნობის თანახმად, იმამ-ყული ხანის ქალიშვილები (მას ოცდაორი ქალიშვილი ჰყავდა), შაჰ აბასის ნებითა და შუამავლობით ქართული წარმოშობის გამაჰმადიანებულ თავადიშვილებსა და აზნაურებზე იყვნენ გათხოვილნი [36ა, გვ. 46]. ევროპული წყაროები იმაზეც მეტყველებენ, რომ XVII საუკუნის ქართული საზოგადოება უნდილაძეთა ოჯახზე დიდ იმედებს ამყარებდა. იტალიელი მისიონერი დონ პიეტრო ავიტაბილე, რომელიც ამ დროს საქართველოში ცხოვრობდა, ასეთ ფაქტს აფიქსირებს: ირანის შაჰს სეფის საქართველოდან შეუთვალეს: თუ გინდა საქართველოს დაეპატრონო, იმამ-ყული ხანი უნდა მოიშორო, რადგანაც ქართველების თვალები მას მისჩერებიაო [12ა, გვ.47]. ბუნებრივია, რომ ალავერდი ხანის დიდი ოჯახის მწიგნობრობასთან, და კერძოდ ქართულ მწიგნობრობასთან, დამოკიდებულებაზე სპარსულ საისტორიო წყაროებში ცნობები არაა დაცული და მაინც უნდა მიექცეს ყურადღება რამდენიმე ფაქტს: ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ, გადმოცემის თანახმად, ისპაჰანში, ალავერდი ხანის ხარჯით მოხატულ ჩეჰელ-სუთუნის სასახლეში ქართული წარწერებიც იყო გაკეთებული [30, გვ. 65]. უფრო დანამდვილებით იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ იური მარს 1925-26 წლებში ირანში მოგზაურობისას, ისპაჰანში, ალი–კაპუს სასახლეში, სადაც გადმოცემით შაჰ აბას I-ის ცოლების რეზიდენცია იყო, შემდგომ ეპოქაში გაკეთებული შენალესი ფენის ჩამოხსნის შედეგად ფრესკები გამოჩნდა. ერთ–ერთ მათგანზე გამოხატული იყო მამაკაცის ფიგურა, ხელში გადაშლილი წიგნით, რომელშიც უფორმო ასოები ჩანდა, რომელთა შორის ხშირად მეორდებოდა ორი ქართული ასო: ა, დ [37, გვ. 570]. სპარსეთის ქალაქ შირაზში რომის პაპის მიერ გაგზავნილ მისიონერთა (კარმელიტთა ორდენი) პრეფექტის 1623 წლის წერილი იუწყება, რომ იმამ-ყული ხანს უთხოვია, რომიდან მისთვის გამოეწერათ ბერძნულ და ლათინურ ენებზე პლატონისა და არისტოტელეს თხზულებათა ტექსტები, არაბულ-ლათინური ლექსიკონი და არაბულად თარგმნილი ბიბლია [12, გვ. 279]. სპარსული ისტორიული წყაროების საფუძველზე დაყრდნობით უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ალვერდი ხანი ხელს უწყობდა არა მარტო არქიტექტურული პროექტების განხორცილებას, არამედ ისტორიული ქრონიკების და რელიგიური ტექსტების შექმნას; უფრო მეტიც, თვითონ ქმნიდა საკუთარ პოეტურ ნაწარმოებებს [27ა, გვ. 121]. ალავერდი ხანსა და იმამ-ყული ხანს სპარსული წყაროები ილუსტრირებული ხელნაწერების მფარველებადაც მოიხსენიებენ. [27ა, გვ. 137]. დაბოლოს, ალავერდი ხანისა და მისი ოჯახის დამოკიდებულებაზე შაჰ აბასის მიერ საქართველოში წარმოებული სისხლისმღვრელი ლაშქრობებისადმი. ქართველ ისტორიკოსთა დასკვნით, ალავერდი ხანის და მისი ოჯახის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპარსეთის დიდი მხედართმთავრები იყვნენ, შაჰის მიერ საქართველოში განხორციელებულ ლაშქრობებში პირადად მონაწილეობა არც ერთხელ არ მიუღიათ [30, გვ. 69]. 1612 წლის ოქტომბერში ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო და შაჰმა დაიწყო მზადება საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობისა და ქართველთა მხარის საბოლოოდ დამორჩილებისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი თავის გეგმებს ალავერდი ხანს გაანდობდა: იგი შაჰის უპირველესი მრჩეველი იყო, ამავე დროს მთელი ირანის ჯარების მთავარსარდალი და ბაგრატიონთა სამეფო გვართან დამოყვრებული [39, გვ. 182]. შაჰის ყველა პოლიტიკური ინტრიგის მცოდნე ალავერდი ხანმა კარგად იცოდა, თუ როგორ დამთავრდებოდა ამ საკითხზე თათბირი მის ხელში გაზრდილ მრისხანე მბრძანებელთან. ერთი გადმოცემის თანახმად, რომელიც სპარსეთში ალავერდი ხანის სიკვდილზე გავრცელდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ალავერდი ხანმა იმ კაცს, რომელსაც მისი აკლდამის მშენებლობა ევალებოდა, ჰკითხა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისი საუკუნო განსასვენებლის მშენებლობა. დიდებულ ხანს აუწყეს, რომ ყველაფერი დასრულდა და აკლდამა მის მიბრძანებას ელოდებოდა. ალავერდი ხანის მხლებლებმა ამ დაუფიქრებელი პასუხისათვის მშენებელი გაკიცხეს. ალავერდი ხანმა კი იგი დაიცვა, თქვა, რომ მისი წასვლის დრომ უკვე მოაღწია. როგორც ჩანს, შაჰმაც კარგად იცოდა, თუ როგორ დამთავრდებოდა ალავერდი ხანთან თათბირი. შაჰ აბასის მემატიანე ისქანდერ მუნში ასეთ ლეგენდას გადმოგვცემს: შაჰი შორი გზიდან ისპაჰანში დაბრუნდა. ალავერდი ხანი თავისი პროვინციიდან – ფარსიდან შაჰის შესახვედრად ჩამოვიდა (ალბათ დაიბარეს). როცა შაჰმა მას თვალი მოჰკრა, თანამგზავრებს გადაულაპარაკა: ალავერდი ხანს საიმქვეყნიო პირი უჩანსო. მემატიანე დასძენს: როგორც შაჰმა იწინასწარმეტყველა, რამდენიმე დღის შემდეგ ფარსის ამირათა ამირა შემთხვევით ავად გახდა და გარდაიცვალაო. შაჰმა ისიც იცოდა, როგორ უნდა გაცხადებულიყო დიდებული ხანის შემთხვევით გარდაცვალება. მან ერთგული ბეგლარბეგი დიდებულად დაიტირა, ირანის დიდ ხელისუფალთა დასწრებით სამეფო ხარჯით დაკრძალა. მეორე დღესვე მის ვაჟიშვილს იმამ-ყული ხანს ეწვია, მამის ყველა თანამდებობა და სიმდიდრე მას დაუმტკიცა და რამდენიმე თვეში, 1613 წლის ოქტომბერში, საქართველოსკენ სალაშქროდ გაემგზავრა. სპარსული წყაროები იმოწმებიან, რომ ხალხში ფარულად დადიოდა ეჭვი იმაზე, რომ ალავერდი ხანის სიკვდილში შაჰის ხელი ერია. სპარსული წყაროების შეფარვით ნაამბობი ევროპულ წყაროებში ნათლადაა გამჟღავნებული. 1635 წელს პარიზში კლოდ მალენგრის წიგნი გამოსულა (გამომცემელი დე სენ-ლაზარი) [19], რომელშიც ამ ამბავთან დაკავშირებით იკითხება: "შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი (ალოავარდი) და მისი ჰარემის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩი-ბაში (კურში ბაში) შეეცადნენ უარი ეთქმევინებინათ შაჰისთვის თავის გადაწყვეტილებაზე, თვითონ პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ. ამის გამო ისინი შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა ალავერდი ხანი მოეწამლათ (იგი მოწამლეს). მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა თავის ცოლს. ყორჩი-ბაში კი შაჰის ბრძანებით ჯოხით სცემეს" [40, გვ. 64]. ამგვარად, რუსთველის ვეფხისტყაოსნის ამბის XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის ინტელექტუალურ წრეებში შეღწევის ჩემ მიერ შესაძლებლად მიჩნეულ სავარაუდო გზებიდან უფრო მეტად სარწმუნოდ მესახება სეფიანთა სპარსეთის კარზე დაწინაურებულ ეთნიკური წარმოშობით ქართველთა ურთიერთობა ევროპელ დიპლომატებთან და ევროპაში სპარსეთიდან გაგზავნილ ელჩებთან. ინგლისში ვეფხისტყაოსნის ამბის გამოჩენის უშუალოდ წინა პერიოდში ირანის ცნობილი ბეგლარბეგის და შაჰის უახლოესი მჩევლის ალავერდი ხანის, უნდილაძის ურთიერთობა ინგლისის ელჩობასთან, რომლის მეთაური ანტონი შერლი XVI საუკუნის დამლევს შაჰ აბასის ელჩად გაემგზავრა ევროპაში; ალავერდი ხანის ინტერესი ქართლის პოლიტიკური ცხოვრებისადმი, მისი მოყვრობა ქართველთა სამეფო კართან; პირადად მისი და მისი ოჯახის მწიგნობრული ინტერესები - ამ საკითხის შემდგომი კვლევის მიმართულებით ახალ პერსპექტივებს სახავს. ფაქტი ისაა, რომ ვეფხისტყაოსანი სიუჟეტურ წყაროდაა გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისურ ლიტერატურაში; მასზე დაფუძნებითაა შექმნილი ამ პერიოდის უაღრესად პოპულარული დრამატული თხზულებანი. ეს ერთი ახლად აღმოჩენილი მაგალითია იმ კულტურული ხიდისა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებობდა შუა საუკუნეებში.
სამეცნიერო ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|