ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ანტონი ანდერსონი
პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია „შუასაუკუნეების ქართული რომანი ვეფხისტყაოსანი და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“
პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ახალი წიგნი – „შუასაუკუნეების ქართული რომანი ვეფხისტყაოსანი და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ ამ ბოლო დროს ითარგმნა ინგლისურ ენაზე (2018 წელი, ნოემბერი). მისი არაჩვეულებრივი კვლევა (რომელსაც ე. ხინთიბიძემ ბოლო ათი წელი მიუძღვნა), პირველ რიგში, ავლენს საოცარ კავშირს ელიზაბეტ დედოფლისდროინდელ თეატრსა და XII საუკუნის ქართულ დიდ ნაციონალურ ეპიკურ ნაწარმოებს – ვეფხისტყაოსანს შორის. კვლევა ეყრდნობა ზუსტ ტექსტობრივ ანალიზს და შესაბამისად მკაფიოდ წარმოაჩენს ისეთ მნიშვნელოვან მსგავსებებს, როგორიცაა გარემო, თემა, სიუჟეტი, მოქმედება და პერსონაჟი, ეს კი უდაოდ ცდება არქეტიპების უბრალო დამთხვევას და ავლენს ქართული ეპიკის აშკარა ზეგავლენას შექსპირზე, ბომონტსა და ფლეტჩერზე (კერძოდ ციმბელინი, ფილასტერი, მეფე და არა მეფე). ჩნდება ყველაზე საინტერესო შეკითხვა – როგორ მოხდა ყოველივე ეს? როდესაც ე. ხინთიბიძის თეორიებზე სხვებთან საუბრობ, იგი ზოგიერთი მათგანის გაკვირვებას იწვევს (რასაც ვერ დავარქმევდი სკეპტიციზმს). კვლევის შედეგების უკეთ გასააზრებლად, გთავაზობთ სრულიად ახლებულ მიდგომას. ნაშრომის სიღრმისეულ დეტალებსა და მიმართებებზე საუბრის ნაცვლად (ამას მივანდობ პროფ. ხინთიბიძეს), ვფიქრობ, აჯობებს, უფრო ზოგადი სურათი წარმოვადინო არსებული კავშირებისა, რათა საკითხი უჩვეულოდ აღარ მოგეჩვენოთ. პირველ რიგში, მსურს, გაკვრით აღვნიშნო, რომ მსოფლიო ლიტერატურა წარმოუდგენლად მდიდარია პოპულარული ამბებით, პოემებითა და ზღაპრებით და იმ გზებით, რომლებითაც ისინი გამოვლინდებიან განსაკუთრებულ და მოულოდნელ ადგილებში. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ამბები ,,არაბული ღამეებიდან“, მათი გავლენები, უძველესი წარმოშობა და წარმოუდგენლად დიდი გავრცელება. ვფიქრობთ, რომ შუასაუკუნეების ევროპაში პოპულარული ეზოპეს იგავ-არაკები მომდინარეობს ჩვ. წ. მდე V საუკუნის საბერძნეთიდან და ეფუძნება სხვა ამბებს აზიიდან, ინდოეთიდან და საზოგადოდ – აღმოსავლეთიდან. უნდა დავფიქრდეთ ,,ალექსანდრეს რომანის“ (Alexander Romance) შუა საუკუნეების მონღოლურ, ძველი ეთიოპურ, ირლანდიურ, არაბულ, ქართულ, სომხურ, სპარსულ, ლათინურ, ადრეულ შოტლანდიურ, სლოვენიურ, უნგრულ, რომანულ, თურქულ ვერსიებზე და მის გადააზრებებზე. ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველაფერს. „ალექსანდრეს რომანის“ პირველი ტექსტი, შესრულებული ანგლო-საქსურ ენაზე, შესულია იმავე კრებულში, რომელშიც ბეოვულფია შეტანილი და ინახება ბოდლეს ბიბლიოთეკაში. ასე რომ, არაა მოულოდნელი ის გზა, რომლითაც ეს ამბები ვრცელდებოდა მსოფლიოში. ეს ისეთი რამაა, რაც, უბრალოდ, მუდამ უნდა გახსოვდეს. ამას გარდა, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ საქართველოსა და მის ადგილზე მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ, იმ ეპოქაზე, როცა ის განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფოს წარმოადგენდა, ზუსტად იმ დროზე, როცა შოთა რუსთაველი წერდა, 800 წლის წინ და შექსპირამდე 400 წლით ადრე, როცა მეფობდა დიდი თამარ დედოფალი – თამარ მეფე. არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველების გავლენა ევროპაზე, მათი მოღვაწეობა სირიაში, სინას მთასა და წმინდა მიწაზე, სადაც, თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა – იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მეჭურჭლეთუხუცესად. მიმდებარედ 20-მდე ქართული მონასტერი არსებობდა კიდევ. დანარჩენი – სხვა ქვეყნებში – ბულგარეთსა და საბერძნეთში, განსაკუთრებით – ათონის მთაზე. დიდი ივირონის მონასტერი ქართველთა მიერ იყო დაარსებული და დაკომპლექტებული ქართველი ბერებით (მონასტრის სახელიც მეტყველებს ამაზე). უმნიშვნელოვანესი ცენტრი მთელ ორთოდოქსულ სამყაროში – დიდი ლავრა – აშენებული იყო დედით ქართველი წმინდა ათანასეს მიერ (საქართველოზე დამოკიდებული ქვეყნიდან – ტრაპეზუნდიდან). ეს მონასტრები დიდძალ ქონებას, მიწებსა და ძალა-უფლებას ფლობდნენ, ასევე დიდი კულტურული ზეგავლენა ჰქონდათ მთელ მსოფლოზე, რადგანაც იქ მცხოვრები ბერები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მთარგმნელობით საქმიანობაში – თარგმნიდნენ როგორც ქართულად, ასევე ქართულიდან. ის, რაც ინგლისელებმა იციან საქართველოზე, არის ცნობები კოლხეთსა და იბერიაზე, ესაა ოქროს საწმისის ქვეყანა, აქ მდებარეობს მთა, რომელზეც პრომეთე მიაჯაჭვეს, ასევე აქაა ცნობილი და მცდარადწოდებული ალექსანდრეს ჭიშკარი დარიალთან, გოგისა და მაგოგის და მთელი იქაური ქაოსის ტომების შესაკავებლად. ინგლისელებისა და ქართველების კავშირის დამაინტერესებელი ალბათობა მართლაც დიდია, თუ გავითვალისწინებთ ჯვაროსნულ ომებს, ბიზანტიის სამეფო კარს, სავაჭრო ურთიერთობებს, კონსტანტინოპოლს, უამრავ ბერს, დიპლომატსა და სამხედრო პირს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სამყაროს შეცნობა უკავშირდება სწორედ ელიზაბეტის ეპოქას, ცნობილს თავისი მეზღვაურთა აღმოჩენებით, მოგზაურებითა და ვაჭრებით. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იზრდება ინგლისელების ინტერესი გარესამყაროს მიმართ და თანდათან ფართოვდება მათი წარმოსახვის არეალი. ინფორმაციის მოპოვების დიდი სურვილი ადვილად შესამჩნევია იმ პერიოდის ინგლისის ლიტერატურაში, კერძოდ, დაწყებული დიდი ტამერლანით (Tamburlaine) და მალტელი ებრაელით (Jew of Malta) და დამთავრებული ოტელოთი და ვენეციელი ვაჭრით. რეალურად, ტამერლანში ჩვენ გვხვდება ინგლისურად უძველესი ხსენება საქართველოსი (Georgia) და არა იბერიისა და კოლხეთის სახელებისა, რომლებიც კლასიკურ ლიტერატურაში დიდხანს იყო ცნობილი. კიდევ უფრო ადრე, 1356 წელს, საქართველოს შესახებ ჯონ მანდევილმა დაწერა თავის მოგზაურობანში (John Mandeville – Travels), რომელიც 1400 წლისთვის უკვე ყველა ევროპულ ენაზე იყო ნათარგმნი და, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მეგზურობასაც კი სწევდა შემდგომი კვლევებისთვის. ასევე ძალიან პოპულარული იყო მარკო პოლოს მოგზაურობანი, რომელსაც სანამ ელიზაბეტის ეპოქაში უშუალოდ ინგლისურად ითარგმნებოდა, ფრანგულად კითხულობდნენ ინგლისში. აღსანიშნავია, რომ მარკო პოლოც ახსენებს საქართველოს. ელიზაბეტის ეპოქაში განხორციელებული საზღვაო მოგზაურობები ანტონი ჯენკინსონისა და Muscovy Company-ისა (1558-1571), ანტონი შერლი და მისი თავგადასავლები სპარსეთში (1599) იყო მიზეზი საქართველოს ინგლისთან მოახლოებისა. მათი ჩანაწერებით საზრდოობდა იმ პერიოდის ლიტერატურა და ასევე ეგზოტიკის შეცნობის მზარდი სურვილიც არ ცხრებოდა. იმ პერიოდის ბევრ წიგნსა და პიესაში აღწერილი გარემო ძირითად ეყრდნობოდა კარგად ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს, პოპულარულ ზღაპრებს, მოგზაურობებსა და ისტორიებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ელიზაბეტის დროს დაიდგა 60 პიესა, რომელთა სიუჟეტიც ისლამურ სამყაროში ვითარდება. ეს ტენდენცია გამაოგნებელი იყო. სწორედ ზემოთნახსენები გარემოებანი უდევს საფუძვლად პროფ. ხინთიბიძის მიერ გამოთქმულ ბრწყინვალე აზრებს. მის მიერ დაადგენილი სავარაუდო კავშირი, რომელიც აახლოვებს შექსპირსა და რუსთაველს ერთმანეთთან, წარმოადგენს ნაშრომის ბრწყინვალე მონაკვეთს საინტერესოსა და საოცარს. უფრო სავარაუდოა, რომ ამ ამბავმა ინგლისში შეაღწია არა Muscovy-დან ან სპარსეთიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ იმდროინდელი ინგლისის მთავარი მტრისგან – ესპანეთიდან. ქართული დელეგაციები ესპანეთში 1495–1598 წლებში მოხვდნენ, სადაც ძვირფას საჩუქრებთან ერთად ქართული კულტურა და ცოდნა ჩაიტანეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორ სამეფო კარს შორის გარდამავალ წლებში აქტიური მიმოწერა მიმდინარეობდა. ფლეტჩერი კი, როგორც ვიცით, საუბრობდა ესპანურად; მნიშვნელოვანი კულტურული გაცვლა-გამოცვლა, განსაკუთრებით რეფორმაციამდე და მას შემდეგ ბერებისა და მღვდლების მეშვეობით ინგლისსა და ესპანეთს შორის მრავლად ფიქსირდება. და, რა თქმა უნდა, საოცარია ის ფაქტიც, რომ ცნობილ არმადამდე ამ ორ ქვეყანას შორის არსებობდა საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო კავშირი. როგორც ჩანს, ესპანეთის ან სპარსეთის გზით, ფლეტჩერმა და ბომონტმა სრული სახით გადმოიღეს ფილასტერისა და მეფე და არა მეფის სიუჟეტები რუსთაველისგან. მეფე და არა მეფის სიუჟეტი ვითარდება იბერიაში (საქართველოს კლასიკური პერიოდის სახელი). არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ესპანეთი, რადგანაც, პიესის სიუჟეტის მიხედვით, ქართველები ებრძვიან სომხებს. ამასთანავე ვიცით, რომ ფლეტჩერი და შექსპირი კარგი მეგობრები იყვნენ და ერთად მუშაობდნენ ნაწარმოებზე – „ორი დიდგვაროვანი ნათესავი“ (“The Two Noble Kinsmen“) და ჰენრი მერვე. ასევე კარგადაა ცნობილი ის ფაქტიც, რომ ფლეტჩერმა, რომელიც 15 წლით უმცროსი გახლდათ შექსპირზე, დიდი გავლენა მოახდინა მისი გვიანი პერიოდის ნაწარმოებებზე. ცნობილია, რომ იგი იყენებდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა. მოსაზრება, რომელიც მე სარწმუნოდ მიმაჩნია, და ვფიქრობ, რომ პროფესორი ხინთიბიძეც ამ ვარიანტს ამჯობინებს, არის ის, რომ ვეფხისტყაოსნის რომელიმე ინგლისელთათვის ხელმისაწვდომ ენაზე შესრულებულმა თარგმანმა თავისი გზა იპოვა ანტონი შერლის მეშვეობით. რაც შეეხება შერლის, ის ნაკლებად სანდო პიროვნება იყო, ცოტათი ავანტიურისტიც, და ერთი პერიოდი გაძევებულიც კი იყო ინგლისიდან უკეთური საქმეების გამო. შერლიმ როგორღაც დაკარგა 30 ყუთი ძვირფასი საჩუქრებისა, რომელიც განკუთვნილი იყო მეფე ჯეიმსისთვის. ეს საჩუქრები სპარსეთის სამეფო კარისგან ჰქონდა მიღებული, სადაც დომინირებდნენ ქართველები, მათ შორის ალავერდი ხანი უნდილაძე, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ სამეფოსთან. მოგვიანებით შაჰის მიერ შერლი ევროპაში ელჩად იქნა მივლენილი, რათა ემოქმედა შაჰის სასარგებლოდ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შაჰის ორი საყვარელი ცოლი – ქრისტიანი ქართველი მეგობრობდა შერლისთან და მის მოგზაურ გუნდთან. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა – ხომ არ იყო ამ ყუთებში ერთი პირი რუსთაველის პოემისა – ქართველთა კულტურული საგანძურისა? თარგმნილი სპარსულად, თურქულად ან არაბულად და შემდეგ დაცული შერლის ან მისი კომპანიონების მიერ. კიდევ უფრო დამაინტრიგებელია ის ცნობილი ფაქტი, რომ შერლი და დიდი მსახიობი ვილ კემპე, შექსპირის მეგობარი, წამყვანი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილი თავისი ფალსტაფის როლით, ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდნენ რომში, რაც შერლიმ სპარსეთი დატოვა. როგორც ირკვევა, კემპემ ამის შესახებ ისაუბრა შექსპირთან და ეს გახდა მიზეზი შექსპირის მიერ სპარსეთის შაჰის – სოფის დამოწმებისა პიესაში მეთორმეტე ღამე. რაც შეეხება სერ ანტონი შერლის უმცროს ძმას – რობერტს, მან უფრო მეტი ხანი დაჰყო სპარსეთში შაჰის სამსახურში და მისი არმიის რეორგანიზაციაში. მან ჩერქეზი ქალი შეირთო ცოლად და იქვე ყაზვინში გარდაიცვალა. როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი განსაცვიფრებელი ვარაუდები იკვეთება. ყოველივე ეს რუდუნებით მოიპოვა, ახსნა და ნათელი მოჰფინა პროფესორმა ხინთიბიძემ თავის უპრეცენდენტო წიგნში, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო მონაპოვარია აქამდე ინგლისურ-ქართული კვლევების აკადემიურ სამყაროში არსებულ კვლევებს შორის. ეს არის უდიდესი მაგალითი კულტურათა, ამბავთა და ინტერესთა კავშირისა მრავალი წლით ადრე, სანამ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ერთი ღილაკის დაჭერით გახდებოდა. ამასთან, იგი წარმოადგენს საოცარ საბოძვარს შოთა რუსთაველის ლეგენდარული ეპიკის ძლევამოსილებისა და პოეზიის მიმართ.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|