ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ტომას ჰერბერტი 

მოგზაურობანი სპარსეთში –1627-1629

(ამონარიდი)

 

შაჰ აბასს სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა ბევრი შვილი, რომელ­­თა განათლებაზე არც ზრუნავასა და არც ფულს არ ზოგავდნენ. უფრო მეტად საიმედონი იყვნენ ისმაილი (Ismael), სოფი-მირზა (Soffy-Mirza), ყოდაბუნდა-სულთანი (Codabanda-Sultan) და ემანღოლი (Emangoly) – ოთხი ახალგაზრდა მამაცი პრინცი. პირველი ორი იყო გორდინას (Gordina) შვილი, სიმონ ხანის ქალიშვილის; მომდევნო ორი – მართას,  სკანდერ მირზას ქალიშვილის შვილები. ორივე იყო ქართველი, ორივე ქრისტიანი. პირველი ქალბატონი ჩამოიყვანა ქურჩიკი-ხანმა (Kurchiki-cawn), მეორე – შაჰ-თამაზ-ყულიბეგმა (Shaw-Tamas-Coolibeg), ორივენი იყო სპარსელი, ორივე ფავორიტი. ყველა მათგანი ისეთი ძვირფასი იყო აბასისთვის, ჩანდა, რომ მაშინ მას ჰქონდა ამქვეყნიური ბედნიერების ელექსირი. მისი ფავორიტი ცოლები შეუდა­რებელი სილამაზისა და ჭეშმარიტად ერთგუ­ლები იყვნენ; ხოლო ვაჟები მისი ხასიათის, პოლიტიკისა და სიმტკიცის მსგავსნი – რაც ერთდროულად სიამოვნებას ანიჭებდათ როგორც ხანში­შესულ მეფეს, ასევე ომისმოყვარულ სპარსელებს. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება, ყველაზე კარგი გარემოებანიც კი სწრაფად იცვლებიან და არ არის ისეთი მშვიდი დღეები, რომელთაც ღრუბლების ჩრდილი არ მიადგება. ამრიგად ახალ­გაზრდა პრინცების გულწრფელობა და სრულყო­­ფი­ლება სწრა­ფად გაქრა. ისმა­ილი (რომელიც სამხედრო ხელოვნებისა და სულგრძელობის ადრეული ნიშნებით აღაფრთოვანებდა და თვალში ხვდებოდა აზიურ სამყაროს) წყეულმა შხამიანმა ღრუბ­ლემა დასცა და უდროოდ დაასამარა ცხრამეტი წლის ასაკში, მისი დიდებულების ზენიტში. სოფი-მირზა, რომელსაც თან სდევდა ბედის უკუღმართობა, თავდაპირველად დაწინაურდა შეთქმუ­ლების გამოვ­ლენის გამო, მაგრამ საბოლო­ოდ ისიც იმავე წლებში დამარცხებული და სასიკვდილოდ დაჩე­ხი­ლი იქნა მუნჯი კაპიჯის (capigi) მიერ, რომელმაც მოიპოვა საძულველი გამარჯვება და უბრალოდ ეჭვიანი მეფის სურვილი აღასრულა.

და ემანღოლიმ, მისი პუპულარობის აღიარებამდე, ჯადოქართან კავშირით შეიტყო საკუთარი ბედის ჰოროსკოპი, გაიგო, რომ ხანმოკლე სიცოცხლე ექნებოდა, მშიშარა გაიზარდა  მამის მოღალატეობრივი ხასიათის გამო, ღრმა და მწუხარე მელანქოლიამ შეიწირა მისი ნაღვლიანი სული. სუვერენობის შანსი მისცა ხოდაბუნდა სულთანს, რომელსაც ეწოდა სეფი, რომელსაც (დაბრძენდა რა თავისი ძმის უბედურებით) ისეთი სიფრთხილით ეჭირა თავი მეფის სამსახურში, და ისეთი სასიამოვნო და უსაფრთხო ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან, რომ აბასმა შეიყვარა, ხალხიც ზეიმობდა; თითქოს აშკარა შეუცნობელი იღბალი ანებივრებდა მას. კეთილგანწყობის, გულუხ­ვობის, ერთ­გუ­ლების, გამბედაობისა და სამხედრო ხელოვ­ნებაში გამოც­დი­ლების გამო. როგორც შინ, ისე საზღვრებს გარეთ, სპარსეთის მონარქია, თურქეთი, არაბეთი, მონღოლეთი და ყიზილბაშები ადიდებდნენ, ეშინოდათ და ამკობდნენ მას სხვადასხვა ხოტბით: ასე რომ, თვითონ არაფერს ტოვებდა გამოუვლენელსა და უთქმელს, რასაც შეეძლო მისთვის დიდება მოეტანა; მის მტრებს, მიუხედავად იმისა, რომ თავს არ იტყუებდნენ, არ შეეძლოთ, არ გაეკერპებინათ ის, ვინც ამ ყველაფრის მიუხედავად, არ იცვლებოდა და შეწუხებული იყო ამ პოპულარობით (არა მსგავ­სად ჩვენი ბუნებისა, რომ ყოველი მოქმედების, ყოველი ვულგარული ნიშანი გაგვაღმერთებს, და ყველა დიდებულების ამაობას გვმატებს დამსახურების გარეშე). იგი მოკრძალებით საყვედურობდა მაამებლებს; იტანჯებოდა მათი თვალთმაქ­ცობით, მიაჩნდა, რომ მისი გამარჯვებები ყოველთვის იყო გაზვიადებული. თვლიდა, რომ რაც კი გააჩნდა და რასაც აკეთებდა, იყო მხოლოდ მამამისის ძლევამოსილების დამსა­ხურება. ეჭვობდა, რომ მას დატანჯავდა მისი მონაპოვარის დაკარგვა. ოჰ! როგორი საშინე­ლია ჩაბუდებული და დაფარული ეჭვი და შური! ... – და ეს, იმ გონიერებას, რომელიც ჩვენ ადამია­ნებად გვაყალიბებს, ყოველგვარი სამართლიანობის გარეშე გადააქცევს სისატიკედ; დიახ, ბოროტებით გაიზრდება ყველაზე არაგონიერ და სასტიკ არსებებში! აბას მეფე მამა ხომ არის? განა მოწყალება არ არის უპირატესი ადამიანის თვისებათაგან? ხომ არის სოფი-მირზა-სულთანი პრინცი, მისი ვაჟი? ვის მიმართ უნდა გამოამჟღავნოს მან სათანადო სიყვარული? ვისში უნდა ეძიოს ღირსება უფრო მეტად? სად შეიძელბა იპოვნოს უკეთესი საყრდენი? საბრალო პრინცი! ბილიკი რომელზეც იგი მიაბიჯებს უმატებს მისი მამის დიადემას ბრწყინვალებას და ამავე დროს უბიძგებს თავის ქვეყანას არ მიჰყვეს მის გზას, და ამით ჩაითრევს საკუთარ თავს საშინელ უფსკრულში; რაც უფრო მეტად მაამებლურად ექცევა თავის მამას, მით მეტად აალებს მასში უსამართლო შურს; რაც მეტად აღამაღლებს ის თავის ქვეყანას თავისი დიდი წარმატებებით თურქების წინააღმდეგ, მით მეტი აპლოდის­მენტით ამკობს მას ხალხი, მაგრამ აბასს აშინებს მისი პოპულარობა. დიახ, ისე ძალიან ეშინია, იმდენად არის გადაგვა­რებული მასში მამობრივი გულმოწყალება, რომ ნაცვლად მოწყალებისა და სამართლი­ანობისა (რომელიც აძლევს მეფეს უფრო მეტ მშვენიერებას, ვიდრე თავზე დადგმული დიადემა) ის ჩაიფიქრებს მის განადგურებას.

სამეფო კარის ამ ინტრიგების პერიოდში, პრინცი ამაყად იქნევს თავის მახვილს არაბეთში, სადაც მრავალი წარმატების შემდეგ, გამარჯვებული თვითონ გახდა დატყვევებული ულამა­ზესი არაბი პრინცესას (და ასეთ სხეულებში, როგორც წესი, უმშვენიერესი სულები ცხოვრობენ) მომხიბვლელობით; მაგრამ ისეთი იყო მისი სიმამაცე და ღისრება, რომ სწრაფად გამოისყიდა თავისი თავი, და ის (პრინცესა) აქცია თავის ტყვედ. ... ამ ქალისგან მას შეეძინა ორი შვილი, სოფი და ფატიმა. ... ეს ახალგაზრდა პრინცესა ფატიმა მამამისზე – სოფი-მირზაზე ნაკლებად არ უყვარ­და პაპას – შაჰ-აბასს. ... [შაჰი] სოფი-მირზას განრისხებას ცდი­ლობ­და იმით, რომ მტრულად მოპყრობოდა იმას, ვინც [პრინცს] ძალიან უყვარდა. ეს იყო მისი მრჩეველი არაბი მაღარი, ერთგული და წინდახედული მსახური... შაჰმა მაღარი გამოიძახა და ნაცვლად იმისა, რომ პატივი მიეგო პრინცის კეთილშობილური აღზრდის გამო, მკაცრი მზერა მიაპყრო მას. დაადანაშაულა იგი სიამაყეში და ბრალი დასდო, რომ მან პრინცი მოაჯადოვა არაკეთილ­სინდისიერი ამბიციებით. მაღარი თავმდაბლობით, მაგრამ თავდაჯერებული თავის უდანაშაუ­ლობაში ბოდიშს იხდიდა და მთელ ძალღონეს იყენებდა, რომ დაემშვიდებინა იგი. მაგრამ რაც უფრო მეტად იცავდა თავს, და ნათლად ცდილობდა მირზას [პრინცის] ლოიალობის წარმო­ჩენას, მით მეტად აღიზიანებდა მეფეს... [მეფემ] სისხლსმოწ­ყორებულ კაპიჯებს [capigis] დააჭრე­ვინა და დაახრჩობინა იგი... პრინცმა, რომელიც ამ დროს ტარტარების [Tartar] წინააღმდეგ იბრძოდა გაიგო რა ამის შესახებ, გონდა­კარ­გულმა დატოვა ბანაკი და ჩამოვიდა სამეფო კარზე. …პრინცი ზეცას იმოწმებდა, რომ მაღარი უდანაშაულოა. მაგრამ აბასი მის პროვოცირებას ახდენდა, უმტკიცებდა, რომ მას ნათლად შეეძლო ქვეყნის დარწმუნება, მაღარის დესტრუქციულ ჩანაფიქრში. პრინცი აინთო სიბრაზით. განრის­ხებულმა წარმო­იდგინა ჩამომხრჩვალი მაღარი; იშიშვლა მახვილი, დაიფიცა, რომ გადაარჩენდა მას. ...ზოგიერთი სარწმუნო გადმოცემის მიხედვით, პრინცი ჯერ განაიარაღეს. შაჰმა მიიწვია იგი სხვა დარბაზში, თავი მოაჩვენა, რომ თვითონ არ იყო კარგად და გავიდა, უბრძანა შვიდ დიდტანიან ბოროტმოქმედს – ყრუებსა და მუნჯებს სისხლმოწყურებულნი და სასიკვდილო მშვილდ-ისრებით შეირაღებული შესულიყვნენ დარბაზში საიდუმლო კარიდან; რომელთა გარეგნობამ, საქციელმა და იარაღმა მაშინვე გამოააშკარავა მათი დანიშნულება და სურვილი. ...პრინცი გულუბრყვილოდ ცდილობდა, გაერკვია რაში იყო საქმე. რომ არ დაეწყო მჭევრმეტყველება და ხვეწნა-მუდარა ამ ჯოჯოხეთის ძაღლებში თანაგრძნობის გაღვიძების მიზნით და სცოდნოდა ამ ბოროტი ბრძანების ნამდვილი საფუძველი, ის შეძლებდა გამკლავებოდა მათ. ...იგი ეძგერა ამ მონსტრებს – ჯერ ერთს, მერე მეორეს; იხილეს რა მისი ამგვარი სიმამაცე, სამი მათგანი გაემგზავრა ეშმაკთან, სანამ ისინი მოახერხებდნენ მშვილდ-ისრების საზარელ აჟღარუნებასა და მის დაბმას. იგი საოცარი სიმარჯვითა და სიმამაცით იცავდა თავს. ...საბოლოოდ მათ მოა­ხერ­ხეს პრინცის გათოკვა. ...ბოროტმოქმედნი ზეიმობ­დნენ გამარჯვებას, ტკბებოდნენ მისი წამებით მანამ, სანამ მეფემ (რომელიც, როგორც ჩანს, შორს არ იყო) არ შეაჩერა ისინი. ბრძანა პრინცის გათოკვა და გავარვარებული ფოლადით დაბრმა­ვება, სანამ გონზე მოვიდოდა. ამით მოუსპო მას ხილვა ყველაფრისა (რაც ყველაზე მეტად უყვარდა) – ცოლის, შვილების, მეგობრებისა; და თვით მაღარის გვამისა...

მამაცი პრინცის დაკარგვა მალე გახმაურდა, მთელი სპარსეთი გლოვობდა. ...გაიაზრა რა საკუთარი განადგურებული არსებობა, პრინცმა დასწყევლა თავისი დაბადება, დიდება, სამართლიანობა და (რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა) თვით საკუთარი მშობელი. გაშმაგებულმა დაიფიცა, რომ მას გაანად­გურებდა. თუმცა დარწმუნდა, რომ შურისძიება შეუძლებელი იყო. პრინცი ბობოქრობდა და იმუქრებოდა მანამ, სანამ სულე­იმან-მირზამ, ქურჩიკი ხანმა და სხვა მონათესავეებმა და ახლობლებმა ერთხმად არ მოუწოდეს სიმშვიდისაკენ. ისინი მიაწყდნენ მას და თავიანთი საბრალო მაგალითებით მოუწოდეს სიმშვიდისკენ. ...

ამ უსიამოვნო ჟამს, აბასი ინარჩუნებდა თავის ორბიტას, მოძრაობდა, როგორც მეორე სატურნი;  და თავისი გვირგვინის სიმტკიცეში დარწმუნებული იყო, არაფერი მოჩანდა, რაც დაურ­ღვევდა სიმშვიდეს; მის სიამოვნებათა შორის არაფერი იყო მეტად ძვირფასი, ვიდრე ახალგაზრდა ფატიმა. ...სამეფო კარი და მთელი ქვეყანა აღტაცებული იყო მისი სიყვარულით ამ ძვირფასი ქმნილებისადმი. არც თუ ცოტანი ხარობდნენ ამით, რადგანაც ამ უმწიკვლო ქალის მეშვეობით მათ მრავალგზის მოახერხეს, აეცდი­ნათ შაჰის მრისხენება. ...მაგრამ რა სიხარული უნდა ჰქონოდა დაბრმავებულ პრინცს, როცა თვითონ არ იყო ამ სიხარულის მონაწილე? მას მხოლოდ შურისძიება სურდა; ...ეს სიტყვა, როგორც სასიამოვნო მუსიკა, ყველაზე მეტად სიამოვ­ნებდა მელანქოლიით შეპყრობილი მირზას ჯოჯოხეთურ ფანტაზიას. არ წუხდა, როგორი საზარელი იქნებოდა ეს შურის­ძიება, ოღონდ აბასი დატანჯულიყო. ... გაიგო რა, რომ მამამისი აღმერთებდა ფატიმას, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ძალიან უყვარდა იგი, განუახლდა რა მამისადმი სიძულვილი, ჩაიფიქრა ამ უდანა­შაულოს დაღუპვა. შურისძიებამ იმდენად ჩაძირა სიბნელის გაუგონარ მორევში, რომ მასთან მხოლოდ და მხოლოდ დასამშვიდებლად მისულ უმწიკვლო ბავშვს არამზა­დამ ხელი სტაცა და სისხლსმოწყურებული მრისხანებით მოუგრიხა კისერი. ... განცვიფრებული პრინცესა, მისი ცოლი, მოსთქვამდა: მხედვე­ლობამ შეაცდინა ის! – არ უნდა ვირწმუნოთ, იმიტომ მოეკლა, რომ ფატიმა იყო. და, თითქოს ეს საკმარისი არ იყო, გაიგო რა, ფატიმას გამო ახალგაზრდა სოფის საცოდავი ტირილის ხმა, მრისხანებით აღივსო და ხელის ცეცებით წავიდა მისკენ, რათა მოესპო მეფისთვის მემკვიდრე; მაგრამ პრინცესას ჩარევით ბავშვი გადარჩა, თორემ დაიღუპებოდა კიდევ სხვა – სპარსეთის გვირ­გვინი, რომელსაც იგი ამჟამად ფლობს.

როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ შეიტყო, აბასი ისეთი სასტი­კი მძვინვარებით აღივსო, ბევრს ეშინოდა, ის თავად გახდებოდა მისი პირადი ჯალათი. მაგრამ, როდესაც თავისი მწუხა­რება ზღვის ცრემლებით დაალტვო, მან შეიკავა თავისი დარდი, განიზრახა სამომავლო დასჯა, დაიფიცა, რომ მის უაზრო მოქმედებაზე შურს იძიებდა, ბოროტების უმაღლესი ფორმით: როდესაც პრინცმა ეს გაიგო, პასუხი იყო ისეთი საშინელი, ზედ დართული მილიონობით საზარელი წყევლა-კრულვით, რომ ამან თვით მეფეც გააოცა. და ბოლოს, დატანჯა რა მრისხნების წუთებმა, გააცნობიერა, რომ მხოლოდ სიკვდილი იხსნის ადამიანს ამქვეყნიური უბედურებისგან მონობის ბორკილების დამსხვრევით. მესამე დღეს მან წერტილი დაუსვა თავის სიცოცხლეს ერთი ჭიქა საწამლავის დალევით. ... მეფემ მიზანშეწოლილად მაინც არ მიიჩნია მისი დაკრძალვის ცერემონიალის გამართვა. უბედური პრიცესა, განცალკევდა ადამიანთაგან; მაგრამ როდესაც მისი შვილის გამეფების დრო დადგა, ...შეწყვიტა თავისი იზოლირება, და გარკვეული დროით დაივიწყა თავისი დარდი.

მეტი მე არ ვიცი. მაგრამ აბასი თვითონ, ჩვენი წასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოემშვიდობა ამ ქვეყანას.