ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით, „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა“ წელს 26-ედ ჩატარდა. ეს სასწავლო-სამეცნიერო პროექტი, რომელსაც თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი 1995 წლიდან უწყვეტად ატარებს პროფ. ელგუჯა ხინთიბიძის ხელმძღვანელობითა და ქართველოლოგიური სკოლის ფონდის მუდმივი პატრონაჟით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით ხორციელდება. "სკოლას" საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს – ქართველოლოგთა რიგები უცხოელი მკვლევრების ახალი კადრით შეავსოს, დაეხმაროს მათ თანამედროვე ქართული ენის შესწავლაში, მისცეს ზოგადი წარმოდგენა ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა დარგზე, გააცნოს ქართული კულტურა და თანამედროვე საქართველოს მეცნიერული, საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური მიღწევები. სკოლის ფუნქციონირების 25-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მას ძალიან კარგად იცნობენ საერთაშორისო საგანმანათლებლო წრეებში. ქართველოლოგიური პრობლემების მეცნიერულ კვლევას ევროპაში თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე უცხოელ მკვლევართა დაინტერესება ქართული ენითა და კულტურით, ქართველოლოგიის პრობლემებითმხოლოდ ბედნიერი შემთხვევების წყალობით ხდებოდა. ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა უცხოელ სტუდენტთა და ახალგაზრდა თაობის მიერ ქართული ენისა და ქართული კულტურის შესწავლას ორგანიზებულ სახეს აძლევს და უქმნის საფუძველს, რომელიც მათ თავიანთი ინტერესების რეალიზების საშუალებას მისცემს. ინტერესი რომ არსებობს, ამას ისიც მოწმობს, რომ განვლილი წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველოლოგიურ საზაფხულო სკოლაში 250-ზე მეტი უცხოელი მსმენელი მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ირლანდიიდან, აშშ-დან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, კანადიდან და სხვ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უცხოელებთან ერთად „სკოლის“ მონაწილეები იყვნენ ქართველი სტუდენტებიც. ეს სიახლე უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველ სტუდენტთა საერთაშორისო სასწავლო ცენტრებთან დაკავშირებისა და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. საზაფხულო სკოლის მუშაობის პერიოდში უცხოელ და ქართველ სტუდენტთა და სკოლის ქართველ ახალგაზრდა თანამშრომელთა ერთად ყოფნა როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში: ერთად სადილი, ლანჩი, ერთად გართობა, კინო, თეატრი, კონცერტები, გამოფენები, ექსპედიციები და მოგზაურობები სხვადასხვაგვარი გამოცდილების წყაროა. 2019 წელს „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა“ 7 ივლისს დაიწყო და 7 აგვისტომდე გაგრძელდა. მასში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა და ოთხმა უცხოელმა მსმენელმა მიიღო. ქართველი სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან შეირჩნენ, უცხოელები კი იაპონიიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა დაფინანსება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მოიპოვეს, თანადამფინანსებელი წელსაც იყო ქართველოლოგიური სკოლის ფონდი, წელსაც სკოლას მასპინძლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამუშაო პროგრამა, ტრადიციულად, მოიცავდა ყოველდღიურ გაკვეთილებს ქართულ ენაში (4 აკადემიური საათი) სწავლების განსხვავებული მეთოდიკის ორ მასწავლებელთან. პროექტის ეს ნაწილი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ყველა მისი მონაწილისთვის. არანაკლები მნიშვნელობისაა პროგრამის კიდევ ერთი ნაწილი - ყოველდღიურ ინდივიდუალურ მეცადინეობა მასწავლებლის ასისტენტებთან (1 აკად. საათი) - პრაქტიკულ მეცადინეობებს სეზონური სკოლის ქართველი სტუდენტები წარმართავენ, რაც მათთვის ერთდროულად ერთგვარი გამოცდაცაა და გაკვეთილიც. ქართული სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი, კულტურული პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა წელსაც მოინახულეს მუზეუმები, გალერეები, საგამოფენო დარბაზები, უქმეებზე კი იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სამხრეთით - ბორჯომში, ვარძიასა და ახალციხეში, დასავლეთით - იმერეთსა და აჭარაში, მთიანეთში - სტეფანწმინდა, გერგეტი, დარიალის ხეობა; ქართლში - მცხეთა და უფლისციხე. კულტურული პროგრამის საშუალებით მსმენელები ეცნობიან საქართველოს ძველ და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებას, მოსახლეობას, სტუმრობენ მუზეუმებს, ქართველ მოღვაწეთა (მხატვრები, პოეტები და სხვა) სახლ-მუზეუმებს, საგანმანათლებლო ცენტრებს. ქართული გარემო აადვილებს ენის შესწავლას და ქვეყანასთან, მის კულტურასთან და ხალხთან დამეგობრებას. "მეამაყება, რომ ვიყავი „ზაფხულის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის“ მონაწილე. პროექტში ჩვენთვის დიდი გამოცდილება და სტიმულია. სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ენითა და კულტურით დაინტერესებულ ადამიანს ხვდები. საქართველოს სულიერი მემკვიდრეობის გაცნობასა და ქართული ენის სწავლაში, თუნდაც მინიმალური დახმარების გაწევა სასიამოვნო და საამაყო გრძნობაა." (ლიდა კანთელაშვილი, 2019) საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის პროგრამა თავისი კომპლექსურობით უნიკალურია. ის მოწოდებულია, უცხოელებს ასწავლოს არა მხოლოდ ქართული ენა, არამედ მისცეს სრული ინფორმაცია ქართველოლოგიურ დისციპლინებზე და მოამზადოს მომავალ კადრად ქართველოლოგიაში, დააინტერესოს საქართველოს კულტურული და თანამედროვე სოციალური პრობლემატიკით. მსმენელთათვის ქართული ენის შესასწავლად მომზადებულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მათ შორის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის შექმნილი სახელმძღვანელოს მეხუთე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. სკოლის აკადემიური პროგრამის მეორე მიმართულებაა სალექციო კურსი. მიმოხილვით და პროპედევტიკულ ლექციებს (ყოველდღიურად 2 აკად. საათი) კითხულობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები ინგლისურ ენაზე, ან სინქრონული ინგლისური თარგმანით. სალექციო პროგრამის შედგენა სკოლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე იქყება განმცხადებელთა ინტერესების შესწავლით და გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი სტუდენტის თხოვნის საფუძველზე, მისთვის შეირჩევა ქართველოლოგი მეცნიერ-კონსულტანტი და იგეგმება მასთან პერიოდული შეხვედრები. საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის მუშაობის ყოველდღიური განრიგი საკმაოდ დატვირთულია: ქართული ენის გაკვეთილი - 9.30 - 11.00; შესვენება - 11.00 – 12.30; ქართული ენის გაკვეთილი: 11. 30 - 13.00; ლანჩი - 13.00 - 14.00; ლექცია/შეხვედრა/მუზეუმი - 14.00 - 16.30; ინდივიდუალური მეცადინეობა ქართულ ენაში - 17.00-18:00; სადილი - 18:30. შაბათ-კვირა - ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ერთი სიტყვით, ერთი თვის განმავლობაში ყოველი დღე ქართულ გარემოში არიან და ითვისებენ ყველაფერს, რისი ათვისებაც საქართველოს შესაგრძნობად, დასანახად და განსაცდელადაა აუცილებელი. პროგრამის ხანგრძლივობა ამის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. I learnt about the Summer School in Kartvelian Studies at my university and I decided to arrive. My decision stunned everyone – my parents, friends, my professors. The view about Georgia is hazy in my country. We know almost nothing and the only thing we have heard is that one must not go there because it is a zone of dire economic hardship. Imagine my surprise, elation and joy to find that none of the above points came true. Furthermore, great warmth and love, selfless kindness and boundless hospitality – occasionally quite unexpected and strange, exceptional people, beautiful city and country. (Sachiko Iokoi - Osaka, Japan) უკანასკნელ ათწლეულში ქართველოლოგიური პრობლემატიკა საზღვარგარეთელი მედიევისტების, ლინგვისტების, არქეოლოგებისა და ლიტერატურათმცოდნეებისათვის აქტუალური გახდა. ეს აქტუალობა საკუთრივ ქართველოლოგიურ თემებზე უცხოეთსა და საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმებში საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის მიერ აღზრდილი საზღვარგარეთელი ახალგაზრდა მკვლევრების ინტენსიური ჩართულობით გამოიხატა. როგორც აღინიშნა, „სკოლის“ მუშაობაში გასული წლების მანძილზე მრავალმა უცხოელმა სტუდენტმა და მეცნიერმა მიიღო მონაწიელობა. დღეს სწორედ ისინი ქმნიან (რასაკვირველია, სხვებთან ერთად) საქართველოს კულტურით, მეცნიერებით და საზოგადოებრივი ცხოვრებით დაინტერესებულ უცხოელ კოლეგათა ჯგუფს. ზოგი მათგანი უცხოეთის უნივერსიტეტების პროფესორია და ლექციებს კითხულობს ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით (მაგალითად, ინგლისსა და იაპონიაში), ზოგიერთი ექსპერტია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოს და კავკასიის საზოგადოებრივი ყოფით არიან დაინტერესებულნი (კერძოდ, აშშ-ში) და სხვ. „საზაფხულო სკოლა 2019-იც“ ელის, რომ ასეთ ადამიანებს იპოვის, “გზა-კვალს” აჩვენებს, საქართველოსთან და ქართველებთან დაამეგობრებს და ასე აღჭურვილს გაუშვებს დიდ ასპარეზზე სამოღვაწეოდ. ასე, რომ „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის” შედეგები ქართული კულტურის და მეცნიერების პროგრესში გამოვლინდება. კერძოდ, ქართული ეროვნული მეცნიერების – ქართველოლოგიის უცხოეთში დაწინაურებით და ქართველი სტუდენტი-ახალგაზრდობის ქართველოლოგიის პრობლემატიკით დაინტერესებულ საზღვარგარეთის სამეცნიერო წრეებთან ინტეგრირებით. ეს შედეგები უკვე სახეზეა „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ უწყვეტ ფუნქციონირებაში 1995 წლიდან, თუმცა პროექტს ყოველწიური განახლება სჭორდება, რომ მომავალშიც ისეთი ნაყოფიერი იყოს, როგორიც აქამდე იყო. ქართველოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებას უთუოდ სჭირდება ახალი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე სტანდარტებით მომზადებული კადრის ცვლა. “All in all, I found the summer school to be an incredible opportunity for anyone interested in Georgian language and culture. It's a very worthwhile project and I hope it will expand and develop further, offering this opportunity to a wider range of people, both foreigners and returning emigrant like myself.” (Lela Sisauri, Great Britain, 2019) ამდენად, „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ მიზანი არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ მომავალი მკვლევრების მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბების, ერუდიციის ამაღლებისა და სამეცნიერო ასპარეზზე მათი წარმატების წინაპირობის შექმნით; გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართველოლოგიისაკენ ახალგაზრდა ნიჭიერი კადრის ინტერესისა და პოტენციის ქართველოლოგიისკენ მიმართვით, ეს არის ინტელექტუალური ინვესტიცია, რომელიც გადაუდებელი ეროვნული ინტერესებისთვისაცაა გამიზნული. უნდა აღინიშნოს, რომ „ქართველოლოგიური სკოლის ფონდი“ ათეული წლების განმავლობაში არის ქართველოლოგიის საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებისთვის ჩატარებულ მრავალმხრივ აქტივობათა ინიციატორი, ორგანიზატორი და თანადამფინანსებელი (საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმები, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა, საერთაშორისო სამეცნიერო ორენოვანი ჟურნალი „ქართველოლოგი“). გასულ წლებში ის შესაძლებლობების ფარგლებში აფინანსებდა საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის ხარჯების ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილს მოიპოვებდა სამეცნიერო გრანტით „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან“, ზოგჯერ კი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთჯერადი დახმარებით. 2019 წელს საზაფხულო სკოლა დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ქართველოლოგიური სკოლის ფონდმა.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|