ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





შტეფი ხოტივარი-იუნგერი 

შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გერმანულ სკოლებში

 

წინამდებარე წერილი ეხება არა, როგორც ზოგი ვარაუდობს, გერმანულ ენას ან გერმანულენოვან სკოლებს საქართველოში, არამედ სკოლებს გერმანიაში. ეს თავისთავად უკვე სენსაციაა! დღემდე ვერავინ ივარაუდებდა, რომ ქართველი მწერლები აღმოჩნდებოდნენ გერმანიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ან ოდესმე შესული იყო გერმანიის სკოლების სასწავლო გეგმაში. ამ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ბიბლიოგრაფიაშიც კი არ ყოფილა მოხსენიებული ეს სასკოლო წიგნი.

გერმანელი ბავშვები ქართველ ავტორს პირველად 1985 წელს გაეცნენ. ეს იყო შოთა რუსთველი [1, გვ. 45-33]. მაგრამ მწერალი მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიის სკოლებში იყო ცნობილი. რუსთველის შემოქმედებას სწავლობდნენ მე-7 კლასში (მთლიანად ან ნაწილობრივ). „ვეფხისტყაოსნის“ პარალელურად ისწავლებოდა ძველი ესპანური ეპიკური პოემა „სიმღერა სიდზე“. ორივე პოემა იყო სიმღერა გმირებზე. შეისწავლებოდა გერმანული ეპოსი „სიმღერა ნიბელუნგებზე“, რომელსაც კითხულობდნენ, განიხილავდნენ და პარალელებს ავლებდნენ „ვეფხისტყაოსანთან“.

რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი გამოიყოფა:
1. საიდუმლოებით მოცული უცხო რაინდი
2. ტარიელისა და მშვენიერი ნესტანის ისტორია
3. ნესტანის გადაკარგვა
4. დაბრუნება

სკოლის სახელმძღვანელოში შეტანილი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები, კერძოდ: ტარიელის სიყვარულის ისტორია და ნესტანის დაკარგვის ამბავი, რწმენა რომ კეთილი გაიმარჯვებს ბოროტზე, მეგობრობის თემა, გმირების ერთსულოვნება, მეგობრობის თემის გაშლა საქართველოს, ინდოეთის და არაბეთის გმირთა მეგობრობის მაგალითზე და სხვა.

იმ დროისათვის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე თარგმანი იყო ცნობილი: არტურ ლაისტის (1889 წ.), ჰუგო ჰუპერტის (1955 წ.), რუთ ნოიკომის (1974 წ.), მიხეილ წერეთლის (1975 წ.), ჰერმან ბუდენზიგის (1976 წ.). სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ ჰუგო ჰუპერტის თარგმანს ასწავლიდნენ. ეს გარემოება არაა გასაკვირი, რადგან ამ კლასში იმ პერიოდში სპეციალურად შეჩეული ლიტერატურა ისწავლებოდა. სწორედ ამიტომ რუსთველის მხოლოდ ორი წიგნი არსებობდა, რომლის წაკითხვაც შეეძლოთ ბავშვებს:

Rusthaweli, Sch. Der Mann mit dem Tigerfell. Aus dem Georgischen übersetzt und für die deutsche Jugend nacherzählt v. F. Pecina, Reutligen 1931. (In: Bunte Jugendbücher Heft 146)
Rustaweli, Sch. Der Recke im Tigerfell. Erzählt von V. Ruika-Franz. Berlin 1976 (1. Ausgabe).

სკოლის საახელმძღვანელოში მხოლოდ რუიკა-ფრანცის თარგმანი იყო შეტანილი, სხვა (წინა) მთარგმნელი და მისი თარგმანი არც ყოფილა მოხსენიებული. რუიკა-ფრანცის თარგმანს მაღალ შეფასებას აძლევენ.

ეპიკური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით მოსწავლეებს აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ვინ იყო მისი ავტორი, ცნობები მის ვინაობაზე, როდის მოღვაწეობდა იგი, რა ვიცით მისი ცხოვრების შესახებ და სხვა. ამის ცნობებს მოსწავლეები კითხულობდნენ რუიკა ფრანცის წიგნის ბოლოსიტყვაობაში. ავტორი ნათელს ფენს იმ იდეებს, როგორიცაა სამართლიანობა, მეგობრობა და, უპირველეს ყოვლისა, სიყვარული, რომელიც პოემის გმირების მოქმედებისა და აზროვნებისთვის მთავარია. აღმოსავლური სიბრძნისა და ევროპული აზროვნების სინთეზი. ჩვენ ვერ ვივარაუდებთ, რამდენი მასწავლებელი ასწავლიდა პოემას, რამდენმა მოსწავლემ წაიკითხა რუიკა-ფრანცის თარგმანი (უფრო სწორად მონათხღობი, სულ 150 გვერდი) მთლიანად ან ნაწილობრივ ან რამდენმა წაიკითხა ჰუპერტის თარგმანი, რა შთაბეჭდილება მოახდინა „ვეფხისტყაოსანმა“ ბავშვებზე და რამდენად გამოიყენეს ის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ამის შესახებ არანაირი გამოკვლევა და დასკვნები არ გვაქვს. სავარაუდოდ, რუსთველი 1995 წლამდე იკითხებოდა და ისწავლებოდა გერმანულ სკოლებში. ამის შემდეგ სასწავლო წიგნებში აღარ ჩანს შოთა რუსთველის სახელი და არც მისი პოემა მსოფლიო ლიტერატურის სიაში. რადგან გერმანიის პოლიტიკური ვითარების ცვლილებების გამო ძველი წიგნები ახლით შეიცვალა, სადაც შოთა რუსთველი და მისი პოემა აღარ შევიდა. 2002 წლიდან შოთა რუსთველის ნაცვლად მე-7 კლასის სახელმძღვანელოში ვხვდებით გივი მარგველაშვილის ნაწარმოებს "ხელთათმანი, რომელიც არ გადაუგდიათ“ (Der ungeworfene Handschuh) [2, გვ. 218, 248-9]. ეს ნაწარმოები დღემდე შემორჩენილია როგორც სახელმძღვანელოებში, ისე ხალხის მეხსიერებაში. ამრიგად, გერმანიის სკოლის სხვადასხვა დროის სახელმძღვანელოში შეიძლება ვიხილოთ მხოლოდ ორი ქართველი ავტორი: შოთა რუსთველი და გივი მარგველაშვილი.


* ავტორის მიერ გადამუშავებული სტატია ჟურნალ „გეორგიკიდან“ (#32, 2009): ქართველი მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები გერმანულ სკოლებში (რუსთაველიდან მარგველაშვილამდე) (Literarische Werke georgischer Schriftsteller an deutschen Schulen - von Rustaveli zu Margvelashvili).


მითითებული ლიტერატურა:
1. Lesebuch der Klasse 7, (Auswahl: Wilfried Bütow, Waldemar Freitag, Renate Gerecke), Berlin, 1985.
2. “Deutsch plus 7/Gymnasien”, Hsg. Von C. Gansel/ F. Jürgens/ K. Rise, 2002.