ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ნათია სიხარულიძე

 

ლიტერატურული პარალელები:

გალაკტიონ ტაბიძე და ჰენრი ლონგფელო

 

გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) უდიდესი ქართველი ლირიკოსია. მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული პოეზიის ორგზისი რეფორმა. გალაკტიონის როლი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც – სიმბოლიზმის საუკეთესო წარმომადგენლებისა ევროპასა და რუსეთში. XX საუკუნის დასაწყისში გალაკტიონმა შემოქმედებითად გაიზიარა სიმბოლიზმის მიღწევები და მოახდინა ევროპული კულტურის თავისებურებების ეროვნულ ტრადიციებთან შერწყმა, რის შედეგადაც ქართული პოეზია ზოგადკულტურულ არეალში მოექცა.

გალაკტიონ ტაბიძის ადრეული შემოქმედების შესახებ ორი, ურთიერთ საპირისპირო თვალსაზრისი არსებობს. ტრადიციული შეხედულებით, 1908-1914 წლები გალაკტიონისათვის ლიტერატურული შეგირდობის ხანაა [1, გვ. 111], აღნიშნული პერიოდის მისი ლირიკა სტილური სიჭრელითაა აღბეჭდილი და XIX საუკუნის პოეზიის ინერციას ექვემდებერება [7, გვ.13]. განსხვავებული თვალსაზრისით, გალაკტიონის ადრეული ლირიკა მისი შემოქმედების განსაკუთრებული ეტაპია, თავისი პირველი წიგნის მიხედვით გალაკტიონი გარკვეული მსოფლაღქმის და სტილის დასრულებული პოეტია [2, გვ. 77], შესაბამისად - გალაკტიონის 1908-1914 წლების შემოქმედება გზაა “არტისტული ყვავილებისკენ” [3, გვ. 319].

სამწუხაროდ, იმ მკვლევართა უმეტესობა, ვინც გალაკტიონის მიმბაძველობაზე მსჯელობს, მხოლოდ ცალკეული სტრიქონების დამოწმებით შემოიფარგლება.

წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია გ. ტაბიძის ის ნაწარმოებები, რომლებიც სიახლოვეს ამჟღავნებენ პოპულარული ამერიკელი რომანტიკოსი მწერლის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს პოეზიასთან (1807-1882) და ნაჩვენებია გალაკტიონის მიმართების ხასიათი უცხოელი ავტორის ცნობილ ნაწარმოებებთან.

1. „...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ და “The arrow And the Song”
გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი უსათაურო ლექსის (”...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში”) რამდენიმე სტრიქონი ამერიკელი პოეტის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს ნაწარმოებს გვახსენებს: ლირიკული გმირი ორივე შემთხვევაში მეგობრის გულში პოულობს დაკარგულ (დავიწყებულ) სიმღერას:

ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული. [5, გვ.126]

And the song, from beginning to end,
I found again in the heart of a friend. [11, გვ.68]

(სიმღერა კი, თავიდან ბოლომდე,
მე კვლავ ვიპოვე მეგობრის გულში).

ეს მსგავსება შეუნიშნავი არ დარჩენილა. ნაწარმოებებს შორის კავშირზე ი. კენჭოშვილმა მიუთითა. ,,ლონგფელოს ლექსის „სიმღერა და ისარის“ ვარიაციაა გ. ტაბიძის ,,სიმღერა” (,,ოდესღაც, სადღაც...” 1911)”, - წერს მკვლევარი [6, გვ. 281].

თუ გავიზიარებთ შეხედულებას გალაკტიონის ადრეული შემოქმედების შეგირდული ხასიათის შესახებ, შეგვიძლია 1911 წლით დათარიღებული ,,...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში” ლონგფელოს ლექსის ვარიაციად ჩავთვალოთ. თუმცა, უფრო მართებული იქნებოდა, მანამდე ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისთვის შეგვედარებინა.

როგორც ცნობილია, გალაკტიონი ინგლისურ ენას არ ფლობდა. ქართულად "ისარი და სიმღერა” მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში ითარგმნა. სავარაუდოდ, პოეტი ლონგფელოს ლექსის რუსულ თარგმანს უნდა გასცნობოდა. ,,ისარი და სიმღერა” რუსულად XIX საუკუნეშივე თარგმნეს, XX საუკუნის დასაწყისში კი უამრავი რუსული თარგმანი არსებობდა. გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებთან ქრონოლოგიურად ყველაზე ახლოს არის ა. მილორადოვიჩის მიერ ნათარგმნი ,,ისარი და სიმღერა” (,,Сказки, переводы и стихотворения”, 1904).

ლონგფელოსა და გალაკტიონის ლექსების შედარებისას ყურადღებას იქცევს ნაწარმოებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავება. "ისარი და სიმღერა” სამი სტროფისგან შედგება: პირველ და მეორე სტროფში ისრისა და სიმღერის დაკარგვის, ხოლო მესამეში - მათი პოვნის შესახებ გვიამბობს ლირიკული გმირი. ვიმოწმებ ლონგფელოს ლექსსა და ა.მილორადოვიჩის მიერ შესრულებულ რუსულ თარგმანს:

I shot an arrow into the air,
It fell to earth, I knew not where;
For, so swiftly it flew, the sight
Could not follow it in its flight.

I breathed a song into the air,
It fell to earth, I knew not where;
For who has sight so keen and strong,
That it can follow the flight of song?

Long, long afterward, in an oak
I found the arrow, still unbroke;
And the song, from beginning to end,
I found again in the heart of a friend. [11, გვ .68]

На воздухъ я стрелу спускалъ,
Где та упала, я не зналъ,
Въ полете молний быстрей
Могъ разве взоръ поспеть за ней?

На воздухъ песню я шепталъ,
Где та исчезла, я не зналъ,
Кто жъ вдаль так быстро взоръ метнетъ,
Чтобъ песни проследить полетъ?
Вонзенной въ дубъ, года спустя
Цела нашлась стрела моя;
И въ сердце друга сбереглась
Моя вся песнь и вновь нашлась. [10, გვ.79]

გალაკტიონთან ისრის შესახებ არაფერია ნათქვამი. აქ დაკონკრეტებულია ის, თუ რა ვითარებაში იპოვა ლირიკულმა გმირმა სიმღერა („ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი, /მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი...“) და, რაც მთავარია, გამჟღავნებულია „გადავიწყებული“ სიმღერის შინაარსი: „ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,/ სულით ობლობას კვნესოდა ქნარი“, - წერს პოეტი. სწორედ სულით ობლობის, მარტოობის მოტივი განასხვავებს გალაკტიონის ლექსს ლონგფელოს ნაწარმოებისაგან.

გალაკტიონის ლექსში ლირიკული გმირი გვიმხელს სულიერი ობლობის მიზეზსაც - ეს არის „დაგვიანებული“ სიყვარული:

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც, ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს. [5, გვ. 126]

დაგვიანებული სიყვარულის, ისევე როგორც სულიერი ობლობის თემა, ამ ნაწარმოებს გალაკტიონის ადრეულ ლირიკასთან აკავშირებს. გავიხსენოთ, თუნდაც, „ვწყევლი სიყვარულს“, სადაც სულით ობლობის განცდა სიყვარულით არის გამოწვეული. ლირიკული გმირი წყევლის სიყვარულს, რადგან „აწ გვიან არის“ და „იმგვარი ტრფობა არ შეუძლია არც სულს და არც გულს...“

გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მწუხარე“, სევდიანი სიმღერის დავიწყების (ან პირიქით, მოსმენის) მოტივი ხშირად მეორდება გალაკტიონის შემოქმედებაში („მეგობარს“, „სიტყვა პოეტის“, „შორი ალერსი“, „კორდზე“). ამ თვალსაზრისითაც, „...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ მჭიდროდაა დაკავშირებული გ. ტაბიძის ადრეულ ლირიკასთან.

როგორც ჩანს, გალაკტიონის ყურადღება ლონგფელოს ნაწარმოების ბოლო ფრაზამ (“And the song, from beginning to end/ I found again in the heart of a friend”. „И въ сердце друга сбереглась/ Моя вся песнь и вновь нашлась.“) მიიპყრო. მან ეს სტრიქონებ თავის ლექსში გაიმეორა, მაგრამ ნაწარმოებთა შორის მსგავსება მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ქართველი პოეტი ამერიკელი მწერლის სიტყვებს განსხვავებულ, თავისი ლირიკისათვის ნიშანდობლივ კონტექსტში ათავსებს, საკუთარი პოეტური სისტემის ელემენტად აქცევს. აშკარაა, რომ გალაკტიონი იცნობს ლონგფელოს ამ ლექსს და იგი აძლევს ქართველ პოეტს შემოქმედებით იმპულსს, მაგრამ ამის გამო, შეუძლებელია, „...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ ლონგფელოს ნაწარმოების უბრალო ვარიაციად ჩაითვალოს.

2. „შემოდგომის დღე“ და “The Rainy Day”
„შემოდგომის დღე“ გალაკტიონის ადრეული ლირიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. აკაკი ხინთიბიძე ამ ლექსს 1914 წლის კრებულის პირველხარისხოვან ნაწარმოებად მიიჩნევდა [8, გვ.188], რევაზ თვარაძე კი აღნიშნავდა, რომ „შემოდგომის დღის“ განწყობილება და სახეები მოულოდნელი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული პოზიისათვის [4, გვ. 109].

ლექსის შთამბეჭდაობა ალბათ არ გაუფერულდება, თუ ვიტყვი, რომ იგი, ჩემი დაკვირვებით, ამერიკელი მწერლის ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს „წვიმიან დღესთან („The Rainy Day“) ამჟღავნებს გარკვეულ სიახლოვეს. ორივე ნაწარმოები დაახლოებით ერთნაირად - „ნაღვლიანი“ დღის აღწერით იწყება:

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი;
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე!

სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...
სცვივა და სცვივა ხეებს ფოთოლი. [5, გვ.136]

The day is cold, and dark, and dreary;
It rains and the wind is never weary;
The vine still clings to the mouldering wall,
But at every gust the dead leaves fall,
And the day is dark and dreary. [11, გვ.16]

(დღე ცივია, ბნელი და მოღუშული,
წვიმს და ქარი ქრის შეუჩერებლად,
ვაზი კვლავ ეკვრის ხავსიან კედელს,
მაგრამ ქარის ყოველ დაბერვაზე
მას მკვდარი ფოთლები სცვივა,
დღე კი ბნელია და მოღუშული).

გარდა პეიზაჟისა, ლექსებს სხვა საერთოც აქვთ: ლირიკული გმირი გალაკტიონთან, ისევე როგორც ლონგფელოსთან, გამქრალ, დაკარგულ ოცნებაზე (იმედებზე) დარდობს (`გამიქრა სულის ოცნება წმინდა’’; ”The hopes of youth fall thick in the blast’’) და მიუხედავად მწუხარებისა, ორივე მათგანი ცდილობს თავი დაიმშვიდოს („დამშვიდდი, გულო“’’; „Be still, sad heart!“).

შემოდგომასთან დაკავშირებული სევდიანი განწყობილება ლირიკაში გავრცელებული მოტივია და რომ არა სხვა გარემოებანი, მხოლოდ ამ მოტივის მიხედვით ლექსების მსგავსებაზე საუბარი დამაჯერებელი არ იქნებოდა. ვფიქრობ, ნაწარმოებთა ურთიერთმიმართების დასადგენად განსაკუთრებით საყურადღებო სტროფიკის იგივეობაა. ორივე ლექსი ხუთტაეპიანი სტროფებისაგან შედგება, სტროფის ეს სახეობა კი, თუ კლასიკური იამბიკოსა და მუხამბაზის ფორმებს არ ჩავთვლით, ახალი ქართული პოეზიისათვის ნაკლებად დამახასიათებელია.

გასათვალისწინებულია კავშირი გარითმვის სისტემებს შორისაც: მართალია, გალაკტიონთან ლონგფელოს ნაწარმოების რითმათა წყობა (ააბბა) ზუსტად არ მეორდება, მაგრამ შენარჩუნებულია „წვიმიანი დღისათვის“ ნიშანდობლივი თავისებურება: თითოეულ სტროფში ერთმანეთთან გარითმულია სამი სტრიქონი, დანარჩენ ორს კი სხვა რითმა აქვს. ა. ხინთიბიძე აღნიშნავს, რომ „ხუთტაეპიანი სტროფის რითმათა აღნიშნული კომბინაცია პრინციპულად განსხვავებულია ტრადიციული ხუთტაეპიანი სტროფის რითმათა კომბინაციებისაგან“ [9, გვ.71].

ძალიან მნიშვნელოვანია რეფრენის გამოყენების ერთნაირი პრინციპიც: ლონგფელოსთან ლექსის ყველა სტროფი მსგავსი სტრიქონებით იწყება და მთავრდება (გამონაკლისი მხოლოდ მესამე სტროფის პირველი სტრიქონია). ასეთივე სტრუქტურა აქვს „შემოდგომის დღის“ პირველ და მეორე სტროფსაც.

გალაკტიონისა და ლონგფელოს სხვა ნაწარმოებების („...ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ და “The Arrow and the Song”) მიმართებაზე საუბრისას გამოვთქვი ვარაუდი, რომ ქართველი პოეტი ამერიკელი მწერლის შემოქმედებას ა. მილორადოვიჩის წიგნში „Сказки, переводы и стихотворения“ უნდა გაცნობოდა. ამავე კრებულშია დაბეჭდილი „წვიმიანი დღეც~. ვიმოწმებ ლონგფელოს ლექსსა და მის რუსულ თარგმანს:

The day is cold, and dark, and dreary;
It rains and the wind is never weary;
The vine still clings to the mouldering wall,
ut at every gust the dead leaves fall,
And the day is dark and dreary.

My life is cold, dark, and dreary;
It rains, and the wind as never weary;
My thoughts still cling to the mouldering past,
But the hopes of youth fall thick in the blast,
And the days are dark and dreary.
Be still, sad heart! And cease repining;
Behind the clouds is the sun still shining;
The fate is common fate of all,
Into each life some rain must fall,
Some days must be dark and dreary. [11, გვ. 16]

День скученъ, холоденъ и теменъ
Дождь льетъ и выхрь неугомоненъ,
Лоза къ стене истлевшей льнетъ,
Съ нея листъ блеклый ветер рветъ
И день томителенъ и теменъ.

Так векъ мой холоденъ и теменъ,
Дождь летъ и выхрь неугомоненъ.
Льну къ невозвратному мечтой,
Сны вянутъ юные толпой,
Рядъ дней томителенъ и теменъ.

О Скорбный духъ! Смири стенанье
За тучей кроется сиянье;
У всех людей твой горький гнетъ
Во всякой жизни дождь идетъ,
Межъ днями день бывает теменъ. [10, გვ.80]

ყოველივე ამის გათვალისწინების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონთან აშკარად ჩანს „წვიმიანი დღიდან“ მიღებული შთაბეჭდილების კვალი. თუმცა, გარდა მსგავსებისა, ლექსებს შორის არის მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავებაც: ამერიკელი მწერლის ნაწარმოებისათვის უცნობია გალაკტიონის ლირიკული გმირის „იდუმალი გრძნება“, „გამოუთქმელი შვება“:

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება.
რა არის იგი – ბედნიერებით
გამოწვეული უბედურება,
თუ უბედობა სიმწარე-ვნებით? [5, გვ. 136]

სევდიან განწყობილებას თითოეულ ლექსში განსხვავებული მიზეზი აქვს: ლონგფელოსთან – ცივი და ბნელი ეპოქა, გალაკტიონთან – სიყვარულისაგან გამოწვეული გულგატეხილობა. შესაბამისად, თავსაც სხვადასხვაგვარად იმშვიდებენ ლირიკული გმირები: ერთს ის ანუგეშებს, რომ ირგვლივ ყველა იტანჯება, მეორეს კი – გამქრალი ვნებისა და სიხარულის დაბრუნების იმედი:

დამშვიდდი, გულო, შეგიყვარდება
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!
წავა დღეები უსიხარულო,
ისევ აღდგება გამქრალი ვნება,
ჩემო ოცნებავ და სიყვარულო! [5, გვ. 137]

გალაკტიონი ლექსს „შემოდგომის დღეს“ არქმევს, რაც მხოლოდ წელიწადის დროის დაკონკრეტება არ არის. ამ სათაურით პოეტი ნაწარმოებს შემოდგომის თემაზე დაწერილ სხვა ლექსებთან აახლოებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გალაკტიონის ადრეულ ლირიკაში („დგება ნაზი შემოდგომა“, „ჰორიზონტი ოდნავ ღელავს“) სწორედ შემოდგომის პეიზაჟთან, „ჭკნობის სუსხთან“ არის დაკავშირებული ოდესღაც ნანახი სატრფოს - „ნაზი, ტკბილი ზმანების“ გახსენება თუ მოლოდინი. ამრიგად, გალაკტიონთან შენარჩუნებულია „წვიმიანი დღის“ განწყობილებაც და ფორმისეული თავისებურებებიც, მაგრამ შეცვლილია ამ განწყობილების გამომწვევი მიზეზი და ფორმისეულ ელემენტთა გამოყენების პრინციპი. უფრო არსებითი, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, შინაარსობრივი განსხვავებაა: მსგავსი პეიზაჟის ფონზე სატრფიალო მოტივის შემოტანის შედეგად „შემოდგომის დღე“ შორდება ლონგფელოს ლექსის პრობლემატიკის სფეროს და ბუნებრივად თავსდება გალაკტიონის სიყვარულის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ტიპოლოგიური ხასიათის მიმართება როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებთან, გალაკტიონ ტაბიძის ადრეული შემოქმედების ერთ-ერთ საყურადღებო ასპექტს წარმოადგენს. პოეტი ხშირ შემთხვევაში წაკითხული ლექსიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ახალ ნაწარმოებს, რომელიც დაკავშირებულია თავის ლიტერატურულ წყაროსთან, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი პოეტური ტექსტია. ეს ფაქტი გალაკტიონოლოგიურ ლიტერატურაში სათანადო არგუმეტაციის შედეგად შეფასებულია, როგორც ტრადიციული მასალის ტრანსფორმირება, რომელიც სხვადასხვა ხარისხით ხდება: ზოგჯერ იგი პოეტური სახის გადააზრებაში თუ ლოკალურ აზრობრივ დაპირისპირებაში ვლინდება, ზოგჯერ კი კონცეფციათა სხვაობის სახეს იღებს [3, გვ.484]. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისის კიდევ ერთი დადასტურება გალაკტიონის ლონგფელოსთან მიმართების ზემოთ წარმოდგენილი ანალიზიც გახლავთ.

დამოწმებული ლიტერატურა:
1. ასათიანი, გ., გალაკტიონ ტაბიძის პოეტიკა (სიმბოლისტური პერიოდი): ჟურნ. ცისკარი, 8, 1967
2. დოიაშვილი, თ., გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან (მეტრიკა, რითმა, სტროფიკა): კრ. ჭაშნიკი. თბილისი, 1984.
3. დოიაშვილი, თ., გზა „არტისტული ყვავილებისკენ“: ლიტერატურული ძიებანი, 2005, XXVI.
4. თვარაძე, რ., ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა. თბილისი, 2004.
5. ტაბიძე, გ., თხზულებანი 12 ტომად. ტ. I. თბილისი, 1966.
6. ქსე, ტ.,VI. თბილისი, 1981
7. ჩხენკელი, თ., წერილები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1972.
8. ხინთიბიძე, ა., გალაკტიონი თუ ცისფერყანწელები. თბილისი, 1992
9. ხინთიბიძე, ა., გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი, 1987
10. Милорадович, А., Сказки, переводы и стихотворения. 1904.
11. Longfellow, H.W., The Complete Poetical Works. Boston, Mifflin, 1911