ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რუსუდან ენუქიძე
ორი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძესა და კიტა ჩხენკელთან
1961 წლის სექტემბერში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის (ხელმძღ. ი. სუხიშვილი, ნ. რამიშვილი) გასტროლები ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი და საინტერესო აღმოჩნდა. ჟენევაში გრიგოლ რობაქიძეს შევხვდი, ლოზანაში – კიტა ჩხენკელს. ჟენევაში გასტროლები დასასრულს უახლოვდებოდა. ორი დღის შემდეგ ლოზანაში მივდიოდით. მოცეკვავე ბიჭებმა მითხრეს, რომ ჩვენს ყველა კონცერტს, და რეპეტიციებსაც კი, გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა. მათ ეს ფაქტი ჩვეულებრივ ამბად ჩათვალეს, რადგან ევროპაში მოგზაურობისას ძალიან ხშირად, კონცერტის შემდეგ, მოდიოდნენ ქართველები, აღტაცებულნი ანსამბლის წარმატებით; თუმცა თვალები ყოველთვის სევდით ევსებოდათ, როდესაც საქართველოზე და ნათესავებზე ლაპარაკობდნენ. მახსოვს, ძალიან გავუბრაზდი ბიჭებს, რატომ აქამდე არ მითხარით გრიგოლ რობაქიძე თუ დადიოდა კონცერტზე-მეთქი. დამამშვიდეს, ნუ გეშინია, ხვალაც მოვა, მით უმეტეს რომ ბოლო გამოსვლა გვაქვსო. მართლაც, მეორე დღეს, კონცერტის შემდეგ, ქ-ნ ნინოს და მე გვითხრეს, რომ ბ-ნი გრიგოლი გველოდებოდა ... საშუალოზე მაღალი, გამხდარი კაცი (ნამდვილად არ ჰგავდა 80 წელს გადაცილებულს), ნაცრისფერი გაბარდინის ლაბადაში, შავი პრიალა, გადავარცხნილი თმით და, საოცრად ცივი, გამჭოლი თვალებით (კიდევაც ვიფიქრე, ბიჭებს ალბათ მოეჩვენათ, თორემ ამ თვალებიდან ცრემლი როგორ გადმოვა-მეთქი). როცა მოგვესალმა – ესეც გამიკვირდა, მეგონა ჩვენთან ლაპარაკს საჭიროდ არ ჩათვლიდა... ცეკვაზე და კონცერტებზე არაფერი არ უთქვამს, უთუოდ იფიქრა (ვინ იცის?), რომ თეატრში ანსამბლთან გატარებული ორი კვირა მისი აღტაცების დასტური იყო. ვუთხარით, რომ მეორე დილით ლოზანაში მივდიოდით. დაგვპირდა, აუცილებლად მოვალ ნავსადგურშიო (ლემანის ტბით უნდა წავსულიყავით). შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი, რომ ახლა ვწერ სტატიას, ფრანგი ჟურნალისტების მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდო. როგორც გვითხრა, ორ ფრანგ ჟურნალისტს უმოგზაურია საქართველოში, ბევრი რამ კარგი დაწერეს, მაგრამ ბოლოს ასე დაამთავრეს ეს წერილი – „ქართველებს, ჩვენი მარსელელი, კანებიერის ქუჩის მცხოვრებთა მსგავსად (ამბობენ, ფრანგული ანეკდოტების უმრავლესობა მათ მიერაა შეთხზული), მიაჩნიათ, რომ სამყარო იწყება და მთავრდება საქართველოშიო. ფრანგების ამ დასკვნას ბატონი გრიგოლი საშინლად გაუბრაზებია და ამან გადააწყვეტინა საპასუხო წერილის დაწერა. ანსამბლს ძალიან მკაცრი განრიგი ჰქონდა (ქ-ნი ნინოს მიერ კანონად ქცეული) – ავტობუსი გველოდებოდა, სასტუმროში ვახშამი და დროზე თავ-თავის ოთახში დასვენება (ამ დროს ერთმანეთთან სტუმრობაც კი აკრძალული იყო – ეს კანონი არავითარ კორექტირებას არ უშვებდა)... დავემშვიდობეთ ბ-ნ გრიგოლს იმ იმედით, რომ მეორე დილით ნავსადგურში შევხვდებოდით ერთმანეთს... მაგრამ... მეორე დილით წითელი ჯვრის თავსაბურავიანმა ქართველმა ქალმა ბ-ნი გრიგოლის გამოგზავნილი თაიგული გადმომცა და მითხრა, თავად ძალიან ავად შეიქნა და მოსვლა ვერ შესძლოო. ამ ქალბატონმა ისიც გვამცნო, რომ შალვა დადიანის ერთადერთი კანონიერი მეუღლე გახლდათ (რადგან ჯვარდაწერილი მხოლოდ მასთან იყო). ლოზანაში პირველივე კონცერტზე ციურიხიდან ჩამოვიდა ბ-ნი კიტა ჩხენკელი თავისი მოწაფეებით, ქართველოლოგი ქალებით (ლეა ფლური, იოლანდა მარშევი, რუთ ნოიკომი). შესვენების დროს ამ ქალბატონებმა დიდხანს ილაპარაკეს ბ-ნი კიტას მეცნიერულ დამსახურებაზე (ბევრმა უცხოელმა სწორედ ჩხენკელის „ქართული ენის შესავლით“ შეისწავლა ქართული ენა). როგორც გვითხრეს, ბ-ნ კიტას ახლად დაწყებული ჰქონდა მუშაობა დიდ ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე (ექვსი ნაკვეთის გაკეთება მოასწრო; დანარჩენი ოცი – ი. მარშევის ხელმძღვანელობით დასრულდა 1974 წ.). ამ ქალბატონებმა მოგვხიბლეს თავიანთი დამოკიდებულებით საქართველოს და ქართული კულტურის მიმართ – თურმე თვეში ორჯერ აწყობდნენ ქართულ საღამოებს, სტუმრებს ქართული პოეზიის ნიმუშებს აცნობდნენ და თან მათ მიერ გაკეთებული ქართული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. ჩვენი შეხვედრა ციურიხელი ქალაბტონების მიერ ლამაზად წარმოთქმული ბარათაშვილის და ბესიკის ლექსებით დამთავრდა. ლოზანიდან ბრიუსელში გავემგზავრეთ. რამდენიმე ძალიან წარმატებული კონცერტის შემდეგ იმპრესარიომ მოაწყო ანსამბლის შეხვედრა ევროპელ ჟურნალისტებთან; გვითხრეს, რომ ამ შეხვედრას (ბელგიის ერთ-ერთი უძველესი სასახლის დარბაზებსა და ულამაზეს პარკში) ესწრებოდა 2000 კაცი. აქაც ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, მაყურებლებს და საგაზეთო სტატიების ავტორებს აოცებდათ ქართული ხალხური ცეკვის უნიკალური მახასიათებელი – განსაცვიფრებელი განსხვავება ქალისა და ვაჟის საცეკვაო პარტიებს შორის: ტემპერამენტიანი ვაჟკაცი, ფეხის წვერებზე მოცეკვავე, თითსაც კი არ აკარებს ქალს; ქალი კი – ნაზი, ნარნარი, წყნარი; კულისებში მოსულ მაყურებელს ისიც აინტერესებდა, ფეხსაცმელზე გორგოლაჭები ხომ არ გვქონდა დამაგრებული – ცეკვის დროს ასეთი სვლა ბორბლების გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამ შეკრებაზე ჩემთან მოვიდა ბ-ნი დავით ბერეკაშვილი, ბრიუსელში მცხოვრები ძალიან ცნობილი ინჟინერი. მითხრა, რომ წერილი მიიღო მისი მეგობარი გრიგოლ რობაქიძისგან, და წამიკითხა ის ადგილი, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი; პირველი ფრაზა ზეპირად მახსოვს (ან კი რა დამავიწყებს!): „ძმაო დავით! ქართული ანსამბლის ბოლო კონცერტის შემდეგ შემოფრქვევით შემომეგება ერთი ასული – რუსუდან ენუქიძე ...მოკლედ გადმოგცემთ რა აინტერესებდა ბ-ნ გრიგოლს: „ამ გოგონას, მისი ასაკის გამო, შეუძლებელია ჩემი წიგნები წაკითხული ჰქონდეს. საქართველოდან წამოსვლის შემდეგ ყველა ჩემი წიგნი დაწვეს. მაშ რამ გამოიწვია მისი დაინტერესება ჩემი პერსონით? გთხოვ ჰკითხო და მაცნობო“. მე ვუთხარი ბ-ნ დავითს, რომ მამაჩემი, პროფესიით ინჟინერი, ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო, გრიგოლ რობაქიძის დიდი თაყვანისმცემელი (არ ვიცი, „ჰიტლერსა“ და „მუსოლინზე“ დაწერილი წიგნების წაკითხვის შემდეგ თუ ისევ ასეთად დარჩებოდა – ნამდვილად არ ვიცი!). „გველის პერანგი“ თითქმის ზეპირად იცოდა, ხშირად მიკითხავდა ნაწყვეტებს. ისიც მახსოვს მამამ ერთხელ მითხრა, რომ რობაქიძეს საქართველოდან წასვლის შემდეგ სტატია დაუწერია, სადაც იმდროინდელ საქართვლოს ხეიბრებისა და უგუნურთა მიერ დასაკუთრებულ ქვეყნად თვლიდა – ჯანსაღი და გონიერი მოსახლეობა ბოლშევიკებმა გაწყვიტესო. ეს იყო მთავარი მიზეზი სამშობლოდან მისი წასვლისა. ამ ფაქტით უთუოდ იმის ახსნაც შეიძლება, თუ რატომ იყო ასე აღელვებული და თვალცრემლიანი ანსამბლის კონცერტებზე, სადაც მისი თანამემამულეების – ჯანსაღი და ლამაზი ახალგაზრდების ოსტატობას ოვაციებით ეგებებოდა უცხოელი მაყურებელი. ბ-ნმა დავით ბერეკაშვილმა საპასუხო წერილი გაუგზავნა გირგოლ რობაქიძეს. სულ მალე მისგანაც მიიღო წერილი თხოვნით, რომ რუსუდანმა აუცილებალდ გადასცეს ბ-ნ ვანო ენუქიძეს ჩემი მოკითხვაო. თბილისში დაბრუნებულმა მატარებლის ფანჯრიდან მამას გადმოვძახე: „მამიკო! გრიგოლ რობაქიძემ მოკითხვა შემოგითვალა“. მამამ მიპასუხა: „ბ-ნი გრიგოლი გარდაიცვალა“. გარდაცვალებამდე მწოლიარემ მოასწრო სტატია „ქართული გენი როკვად განფენილის“ დაწერა. ერთი წლის შემდეგ კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა 68 წლის ასაკში.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|