ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ლევან გორდეზიანი ახალი წიგნი საქართველოს ისტორიაზე
(ჰაინც ფენრიხის „საქართველოს ისტორია“ - Heinz Fähnrich, Geschichte Georgiens, Handbook of Oriental Studies, Section eight, Central Asia, v.21 = Handbuch der Orientalistik, Brill, Leiden&Boston 2010)
საქართველო დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრში, სამწუხაროდ, ძირითადად პოლიტიკური კატაკლიზმების კონტექსტში ექცევა და ინფორმაცია, რომელსაც მსოფლიო იღებს, ხშირად წინააღმდეგობრივია და თითქმის ყოველთვის პოლიტიკით განპირობებული. ამ ფონზე ძალიან არსებითია საერთაშორისო საზოგადოებისათვის პოზიტიური, პოლიტიკურად ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციისა და დასავლელი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ ობიექტური, მეცნიერების უკანასკნელ მიღწევათა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ცნობილმა დასავლურმა გამომცემლობამ (Brill) ცნობილი სერიის ფარგლებში (Handbuch der Orientalistik) გამოაქვეყნა პროფესორ ჰაინც ფენრიხის “საქართველოს ისტორია” გერმანულ ენაზე. ქართული სამეცნიერო წრეებისთვის კარგადაა ცნობილი ჟურნალი “გეორგიკა”, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და გამომცემელი ბატონი ჰაინცი გახლავთ; მის მიერ ზურაბ სარჯველაძესთან თანაავტორობით შედგენილი ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი (ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი 1990; H. Fähnrich, S. Sardschweladse, Etymologischesches Wörterbuch der Kartwelsprachen, Brill, Leiden, New York, Köln 1995). ცოტა ხნის წინ ჰ. ფენრიხმა ამ ნაშრომის ახალი, შევსებული გამოცემა მოამზადა (H. Fähnrich, Kartwelisches Etymologischesches Wörterbuch, Brill, Leiden, Boston 2007); აგრეთვე ნაშრომები ქართველური და კავკასიური ენათმეცნიერების მრავალ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით (იხ. მაგ., H. Fähnrich, Georgische Toponymie, Jena 1998; Gedanken zur kartwelischen Rekonstruktion, Jena 1998; Kleines Udisch-Deutsches Wortenterzeichnis, Jena 1999; Kartwelischer Wortschatz, Ergänzungen zum Etymologischen Wörterbuch der Kartwelsprachen, Jena 2000; Batsisch (Zowatuschisch) - Deutsches Worterbuch, Jena 2001; Kleines Fachwortverzeichnis Sprachwissenschaft, Georgisch-Deutsch, Jena 2001; O. Kadshaia, H. Fähnrich, Mingrelisch-Deutsches Wörterbuch, Reichert, Wiesbaden 2001; H. Fähnrich (Hg.), Kartwelsprachen, Reichert, Wiesbaden 2008), მისი თარგმანები(იხ. მაგ Mingrelische Sagen, Aus dem Georgischen von Heinz Fähnrich, Jena 1997; Chroniken der georgischen Königin Tamar, Aus dem Georgischen von Surab Sardshweladse und Heinz Fähnrich, Jena 1998; Mose Choneli: Amirandaredshaniani, Deutsch von Surab Sardshweladse und Heinz Fähnrich, Jena 1999; Abchasische Volksdichtung, Deutsch von Heinz Fähnrich, Jena 2000; Giorgi Mertschule: Das Leben des Grigol von Chandsta, Deutsch von Surab Sardshweladse und Heinz Fähnrich, Jena 2000; Zwischen Felsen und Geschichten,Erzählungen aus Georgien, Deutsch von Heinz Fähnrich, Jena 2000; Mingrelische Märchen, Deutsch von Heinz Fähnrich, Jena 2001; Giorgi Mzire: Das Leben des Giorgi Mtazmideli, Deutsch von Surab Sardshweladse und Heinz Fähnrich, Jena 2001; Georgischer Wein, Kurzgeschichten vom Tschorochi bis zum Diklos Mta, Deutsch von H. Fähnrich, Jena 2001). არანაკლები მნიშვნელობისა და მეცნიერული ღირებულებისა თუ სანდოობისაა მის მიერ დასავლელი მკითხველისათვის გერმანულ ენაზე დაწერილი ქართული ენის გრამატიკა [1], საქართველოს ისტორია [2] (ამ ნაშრომებს წარმატებით ვიყენებდი ხოლმე უცხოელ სტუდენტებთან მუშაობისას) და უკანასკნელ ხანებში გამოცემული წიგნები, რომლებიც ქართული კულტურის სხვადასხვა მხარეს წარმოაჩენს [3; 4; 5]. განსახილველი ნაშრომი დაწერილია საქმის კარგად ცოდნის, მეცნიერული, ობიექტური მიდგომისა და საქართველოს გულწრფელი სიყვარულის საოცარი შეზავებით. ავტორი ოსტატურად ახერხებს მშრალი, ობიექტური აღწერილობის მოტანით, მაგალითად, საქართველოს გეოგრაფიისადმი მიძღვნილ თავში, პასუხი გასცეს ბევრ ისეთ კითხვას, რაც ჩვენ შემდგომ პოლიტიკურ პრობლემად შემოგვიბრუნდა. სადისკუსიო საკითხებში, იქნება ეს ჩვენი უძველესი თუ უახლესი ისტორიის მტკივნეული პრობლემები, ავტორი არ ცდილობს რომელიმე მხარე დაიჭიროს და თავისი ობიექტური თხრობით, თუ ასეთი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საერთოდ შესაძლებელია, ჩემი აზრით, სავსებით სწორ აქცენტებს სვამს. შესაბამისად, წიგნი უაღრესად საინტერესო უნდა იყოს არა მარტო დასავლელი, არამედ ქართველი მკითხველისთვისაც. ნაშრომი მოიცავს საქართველოს – ტერიტორიის, ქვეყნის - ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. თუმცა აშკარაა, რომ ავტორი ქვეყნის ისტორიას, იმ მომენტიდან მაინც, როდიდანაც ეთნიკურობაზე ლაპარაკი შესაძლებელია, არ გამოჰყოფს ქართველი ერის ისტორიისაგან. შესაბამისად, საქართველო სულ ცოტა სამი ათასწლეულის მანძილზე მაინც, ქართული ეთნო-კულტურული ელემენტის სამკვიდრებელია. ეს ეფექტი მიიღწევა ძირითადად პოლიტიკური და ეთნო-კულტურული ისტორიის ფაქტების წინ წამოწევით. სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის მოვლენებს კი ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა. ეს ჩანს პერიოდიზაციაშიც, რომელიც მისდევს არა რომელიმე ისტორიული ან პოლიტოლოგიური სკოლის მეთოდოლოგიას, არამედ იდეოლოგიურად ,,ნეიტრალურია” და საქართველოს ისტორიის ძირითად ტეხილებს ეფუძნება. აღნიშვნის ღირსია აგრეთვე პერიოდების აღწერილობებს შორის პროპორციის შეძლებისდაგვარად დაცვა. ბუნებრივია, რომ ახალი და უახლესი ისტორიიდან ბევრად მეტი ფაქტი და სახელი ვიცით, ეს პრობლემატიკა ჩვენთვის უფრო ახლობელი და აქტუალურია, რაც იწვევს კიდეც პროპორციების დარღვევას. ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოახერხა ამ ტიპის ისტორიული ნაშრომებისათვის დამახასიათებელი ხარვეზის თავიდან აცილება და ყველა პერიოდის შესახებ ინფორმაციის ერთნაირად ცოცხლად, საინტერესოდ და კომპაქტურად მოწოდება. ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის შემთხვევაში ავტორი ხშირად წყაროებს მისდევს – ან პირდაპირ ციტატები მოაქვს, ან საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს წყაროს შინაარსს. მართალია, ყველა წყაროს და, მით უმეტეს, იქ დაცულ მითოლოგიურ ჩანართებს, ერთნაირი ნდობით ვერ მოვეკიდებით, მაგრამ ამბის გადმოცემის აღნიშნული მეთოდი წიგნს მკითხველისათვის უფრო ცოცხალს ხდის და მას ეპოქის სულს ბევრად უკეთ აგრძნობინებს, ვიდრე ამა თუ იმ საკითხის შესახებ არსებული ურთიერთგამომრიცხავი და რთული სამეცნიერო არგუმენტაციის მოტანა. სადავო საკითხებთან დაკავშირებით ავტორი ძირითადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულ, მეტ-ნაკლებად ფართოდ გაზიარებულ მოსაზრებებს ეყრდნობა. რიგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეხედულება ავტორისას ემთხვევა, მაინც უფრო გამართლებულად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ საკითხი სადავოა. ასე მაგალითად, ქართული დამწერლობის წარმოშობის ტრადიციული ვერსიის დასასაბუთებლად ავტორს მოაქვს როგორც ტრადიციული, ასევე ახალი არგუმენტები, მათ შორის, ნეკრესის წარწერების დათარიღება ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევრით (?`) (გვ. 32, 94), რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა. უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებზე საუბრისას ავტორი ახსენებს ასურეთის მეფის ტიგლატფილესარის ლაშქრობას (ძვ. წ. XII საუკუნის მიწურული) კოლხეთში (გვ. 75). ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანებში იგი მთლად გაზიარებული არ არის. მკვლევართა დიდი ნაწილი "კილხის" ნაცვლად სხვა სახელს კითხულობს და არც "ზემო ზღვის" იდენტიფიკაცია შავ ზღვასთან ჩანს უდავო. კოლხეთის ჰიპოთეტურ მოხსენიებას, ტიგლატფილესარის ტექსტის გარდა, ვხვდებით აგრეთვე მიკენური კრეტიდან მომდინარე ხაზოვან ტექსტებშიც. აქ ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა კაცი, წარმოშობით ან სახელად "კოლხი". თუ ამ ორივე ჰიპოთეტურ მოხსენიებას დავეყრდნობით და არქეოლოგიურ მასალასაც მოვიშველიებთ, კოლხეთის სახელმწიფოს წარმოშობა XV-XIV საუკუნეებში შეიძლება ვივარაუდოთ (შდრ. გვ. 78, სადაც კოლხეთის გაერთიანება XII საუკუნიდან ივარაუდება). რაც შეეხება დაიაენ/დიაოხს (ტაოს), იგი ტექსტებში XII საუკუნიდან ჩანს და მისი XIII საუკუნით დათარიღება (გვ. 75) ხეთური ტექსტების აცი-ხაიასასთან იდენტიფიკაციის შემთხვევაში უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. ძალზე საინტერესოა ავტორის მოსაზრება, რომ დაიაენის მეფე ასია ასურეთში ეძებს ურარტუსა და კოლხეთის წინააღმდეგ მოკავშირეს. სალმანასარისა და ასიას მეგობრული შეხვედრა რომ ერთგვარად ურარტუს საწინააღმდეგო აქტია, თითქოს ეჭვს არ იწვევს. მომდევნო მოვლენების გათვალისწინებით (დიაოხის მიწების თუ გავლენის სფეროების გადანაწილება ურარტუსა და კოლხას შორის VIII საუკუნის შუახანებში), ტაო-კოლხეთის მეტოქეობა IX საუკუნეში სავსებით რეალურად მეჩვენება. გამიჭირდება დავეთანხმო ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დიაოხის დასუსტების შემდეგ წარმოიშვა სხვა ქართული ქვეყნები: ქათარზა, ზაბახა, იგანიეხი, ვიტერუხი და სხვ. (გვ. 78). ეს ტომობრივი თუ სახელმწიფოებრივი გაერთიანებები დიაოხის სინქრონულად არსებობდნენ და, ჩემი აზრით, ურარტუს დიაოხის ღია თუ ფარული მოკავშირეების როლში უპირისპირდებოდნენ. თუ საქართველოს უძველესი ისტორიის რეკონსტრუქციაში ავტორი ძველაღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) და ანტიკურ წყაროებს ეყრდნობა, შემდგომი ხანების ისტორიას, ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული, იგი ძირითადად ,,ქართლის ცხოვრების” მიხედვით გადმოსცემს. ფარნავაზიანთა სია ნაშრომში, ძირითადად გ. მელიქიშვილისა და ვ. გოილაძის მიხედვითაა აღდგენილი. აქ ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ზედწოდება ,,ქველი” ავტორმა ძვ.წ. I საუკუნის ფარსმანს მიაკუთვნა და არა იმას, II საუკუნეში რომში ქანდაკება რომ დაუდგეს. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა საქართველოს უახლესი ისტორიის დაწერა. აქ ავტორი ვერ დაეყრდნობოდა ვერც სტრაბონსა და ვერც ლეონტი მროველს და მის წინაშე იდგა ამოცანა, აღეწერა და შეეფასებინა ჩვენი წინააღმდეგობებით აღსავსე დღევანდელობა სუბიექტური შეფასებების მოცემის გარეშე. ცხადია, ავტორის ვერსია ყველასათვის მოსაწონი შეიძლება არ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, ავტორმა კარგად გაართვა თავი ამ საჩოთირო საქმესაც. ნაშრომის ძირითადი ნაკლი მხოლოდ მისი წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე. წიგნით მოხიბლულმა უცხოეთში მცხოვრებ არაერთ ახლობელს ვურჩიე მისი ყიდვა და წაკითხვა. ცოტა ხანში ყველამ შემომჩივლა, ძალიან ძვირიაო. მართლაც, ამ ფასად წიგნს მხოლოდ ევროპული ბიბლიოთეკები თუ შეიძენენ. ამ ფაქტმა გამიმყარა სურვილი, რომ წიგნი ქართულად ითარგმნოს – იგი უთუოდ ძალზე საინტერესო იქნება როგორც უცხოეთში მცხოვრები საქართველოთი დაინტერესებული პირებისთვის, ასევე ფართო ქართულენოვანი პუბლიკისთვის. დამოწმებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|