ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართველი ჰიმნოგრაფების შემოქმედება
იოანე ზოსიმე, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ; ფილიპე ბეთლემი, ქებაჲ ბეთლემისაჲ, ქალწულისაჲ და ძისაჲ; ბორენა დედოფალი, ”რომელმან-ეგე ...” ”ქართველოლოგის” ამ ნომერში დაბეჭდილია X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფების ორიგინალური ქართული ჰიმნები ინგლისელი ქართველოლოგის დონალდ რეიფილდის თარგმანითურთ. ჰიმნების თარგმანები ჩართულია დონალდ რეიფილდის მონოგრაფიაში - The Literature of Georgia: A History (London, 2000). ქვეყნდება მთარგმნელის თანხმობით.
რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ჰიმნოგრაფია, იოანე ზოსიმე, ფილიპე ბეთლემი, ბორენა დედოფალი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: იოანე ზოსიმე
"ვეფხისტყაოსნის" პროლოგი
ჩვენი ჟურნალის ტრადიციული რუბრიკა - "ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში" ჟურნალის წინამდებარე ნომერში ერთგვარად თავისებურია, არაორდინარულია. მასში ვეფხისტყაოსნის პროლოგია წარმოდგენილი დღეისათვის არსებული ყველა ინგლისურენოვანი თარგმანით. ეს თარგმანებია - მარჯორი უორდროპისა, შესრულებული XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ტექსტი იბეჭდება 1912 წლის ლონდონის გამოცემით, London: The Royal Asiatic Society); ვენერა ურუშაძისა (პირველი პუბლიკაცია - 1968 წ. ტექსტი ქვეყნდება ავტორისავე ჩასწორებული 1986 წლის გამოცემით, თბილისი: “საბჭოთა საქართველო”); ქეთრინ ვივიანისა (London: The Folio Society, 1977); რობერტ სტივენსონისა (Albany: State University of New York Press, 1977). პოემის ქართული ტექსტი იბეჭდება ”ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის” გამოცემით, (თბილისი: “მეცნიერება”, 1988). რითაა განპირობებული ქართული ტექსტის ოთხივე ინგლისური პარალელური თარგმანით გამოქვეყნება? ვეფხისტყაოსანი შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურული და საზოგადოებრივ-ფილოსოფიური აზრის მწვერვალია. პოემა აშკარად ეხმიანება ევროპული ქრისტიანული აზრის პროგრესს შუა საუკუნეებიდან რენესანსისაკენ. საზოგადოებრივი აზრის ეს პროცესი ვეფხისტყაოსანში ასახულია არა მხოლოდ მხატვრულ სისტემაში, არამედ თეორიულ-დისკურსიული სახითაც. ეს კი ძირითადად მხოლოდ პოემის პროლოგში ხდება. ეს გარემოება რუსთველის პოემის ამ მონაკვეთს პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსთველის პროლოგისეული მხატვრული მეტყველების ენა, მიუხედავად იმისა, რომ ხმოვანებით ქართულია, თავისი თეოლოგიურ-ფილოსოფიური დატვირთვით თანამედროვე ქართული ენის ფილოსოფიურ დეფინიციებს აშკარად და პრინციპულად სხვაობს. ვეფხისტყაოსნის პროლოგისეული კონცეფციები - უზენაესი არსების შესაქმისეულ აქტზე, სულის დეფინიციასა და მოძრაობის პერსპექტივაზე, ადამიანის ზნეობრივ და ფიზიკურ ღირსებებზე, პოეზიის არსზე და სიყვარულის რაობასა და გამოვლინების ფორმებზე; ისევე როგორც მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სამეფო კარსა და პოეტის პერსონალურ მიმართებაზე მასთან, პოემის ფაბულის სადაურობასა და პერსონაჟთა ემოციური აქტივობის უმთავრეს გამოვლინებაზე - ფორმირებულია პოეტისეული ეპოქის ფილოსოფიურ-თეოლოგიური და სქოლასტიკურ-მისტიკური სააზროვნო დეფინიციებით. დასახელებული პროლოგისეული კონცეფციები მჭიდროდაა დაფუძნებული, ერთი მხრივ, ბიბლიურ, უპირატესად ახალ აღთქმისეულ თეოლოგიაზე, ხოლო მეორე მხრივ, ანტიკური და ელინისტური ეპოქების ბერძნულ ფილოსოფიაზე, კერძოდ პლატონის, არისტოტელეს, დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიაზე. შუასაუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის ამ უნიკალური კონცეფციების არსის წვდომა დღევანდელი რუსთველოლოგიური მეცნიერების აქტუალური პრობლემატიკაა. ამ პრობლემატიკით, და საზოგადოდ მთლიანად ვეფხისტყაოსნით, ევროპული ინტელექტუალური წრეების, კერძოდ შუასაუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის მკვლევართა დაინტერესება, რაც აშკარად გამოიკვეთა უკანასკნელ ათწლეულებში, აუცილებელს ხდის ვეფხისტყაოსნის ტექსტის, და უპირველეს ყოვლისა მისი თეორიული კონცეფციების, ადეკვატურად მიწოდებას არაქართულენოვან მკვლევართათვის. ამ მისიას ვერ იკისრებს რუსთველის პოემის დღეისათვის ცნობილი ვერც ერთი თარგმანი. ... რედაქტორი საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი
სერ ანტონი შერლი - სპარსეთში მოგზაურობის აღწერა
ჟურნალ ქართველოლოგის წინამდებარე ნომერში ქვეყნდება ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა სპარსეთ–ოსმალეთის ომის განახლების თაობაზე წარმოთქმული შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე XVI საუკუნის დასასრულს. ეს მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა კვლევის არეალში პირველად შემოდის. იგი შემონახულია ინგლისელი დიპლომატის ანტონი შერლის სპარსეთში მისი მოგზაურობის წიგნში (Sir Antony Sherly, His Relation of His Travels into Persia, London 1613). ტექსტი ქვეყნდება ქართული თარგმანით ორიგინალთან ერთად.
საკვანძო სიტყვები:ანტონი შერლი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: სერ ანტონი შერლი, სპარსეთში მოგზაურობის აღწერა, ლონდონი 1613
მოთხრობა თფილისის შესახებ, სხვა კვლავ მისთაგანი
კატაკლიზმებით აღსავსე წელს, სამი გრძელი წელიწადის დასასრულს, ... საკვანძო სიტყვები:სიურიული ჰიმნი თბილისზე კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: Unknown Author
ავთანდილი და ტარიელი (ვეფხისტყაოსნის მოყმე - ემოციური თუ რაციონალური)
რუსთველის ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა გალერეა ძალიან ფართოა: ქალები და მამაკაცები, მეფეები და დედოფლები, პატრონები და ვასალები, რაინდები და ვაჭრები, მეომრები და მეკობრეები, ვეზირები და მსახურები... მათ შორის უმთავრესნი იდეალური მოყმე-რაინდები არიან. იდეალურნი არა მხოლოდ და იმდენად „საუკეთესოს“ მნიშვნელობით, არამედ პოეტის ფანტაზიით შექმნილნი და ამდენად იდეალურნი; არა ცხოვრებიდან აღებულნი, რეალურ-ემპირიულად არსებულნი, არამედ ამქვეყნიურის, რეალურის ბაზაზე პოეტის ფანტაზიით, კერძოდ, ჰიპერბოლიზებისა და პირობითობის გზით რეალურის - ადამიანურის ამაღლებითა და გადააზრებით ავტორის წარმოსახვით შექმნილი პერსონაჟები. ამგვარი მხატვრული სტილით შექმნილ პერსონაჟთა საუკეთესო მეგობრული წყვილია ტარიელი და ავთანდილი. რუსთველოლოგიური კვლევა-ძიებანი ამ პერსონაჟთა მხატვრული სახეების კომენტირებისას სხვადასხვა საკითხს წამოჭრის, მათგან ერთი უმთავრესია ხასიათების პრობლემა: როგორია რუსთველისეული ხედვა ამ იდეალური მოყმე-რაინდის მხატვრული სახისა; უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რუსთველი იდეალური მოყმე-რაინდის სახეს ხატავს ერთის ხასიათში რაციონალურობის, ხოლო მეორეში ემოციურობის აქცენტირებით; თუ იდეალური მოყმის ერთ ხასიათს ქმნის, და მათ ხასიათში სხვადასხვა მიმართულებით აქცენტირებას გამოავლენს პერსონაჟების ცხოვრებისეულ სხვადასხვა პირობებში ლოკალიზების გამო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოემის მთელი ტექსტის ინტერპრეტირების საფუძველზე უნდა მოხდეს; მაგრამ ამ ორი პერსონაჟის მიერ განხვავებულ პოზიციათა თეორიული მტკიცება ყველაზე გამოკვეთილად პოემის სწორედ ქვემოთ გამოქვეყნებულ მონაკვეთში ჩანს, რომლის ქართულ ორიგინალს დღეისათვის არსებულ ყველა ინგლისურენოვან თარგმანთან ერთად ვაქვეყნებთ. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|