ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
უძველესი ქართული გალობა "წმიდა კოლაელ ყრმათა წამებაში"
„წმიდა კოლაელ ყრმათა წამების” შექმნის თარიღის განსაზღვრა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ყოველთვის ბადებდა აზრთა სხვადასხვაობას. უკანასკნელი პერიოდის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული ხდება თვალსაზრისი, რომ „წმიდა კოლაელ ყრმათა წამება” დაწერილია სწორედ II-III საუკუნეებში. ამ მოსაზრების სასარგებლოდ წინამდებარე სტატიაში ვამტკიცებთ, რომ ყრმათა სპეტაკი სამოსლით შემოსვა, მათი წყალში ჩაფვლა, ნათლობისას მოძღვრის მიერ იმპროვიზირებული გალობის წარმოთქმა დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო II-III საუკუნეების საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. ძნელია განვსაზღვროთ, "წამების" ტექსტში ჩართული გალობა ნათარგმნია რომელიმე ენიდან, თუ ავტორი მას იმპროვიზაციით წარმოთქვამს. ერთი რამ ცხადია, რომ მთარგმნელი ქართული ენის ბუნებას და ქართულ გარემოში დამკვიდრებულ იმჟამინდელ ლექსთწყობისა და გალობის, ან წარმართული ჰიმნის ფორმას უნდა დაყრდნობოდა. ფაქტია, რომ გალობას რიტმული ხასიათი აქვს. ჩვენ ის ტაეპებად დავყავით. როგორც "წმინდა კოლაელ ყრმათა წამების" ავტორი შენიშნავს, მოსანათლ ყრმებს არ უშვებდნენ ეკლესიაში, მაშასადამე, სოფელ კოლაში მდგარ ეკლესიას ჰქონდა სენაკის ფორმა და მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა სტოა, ანუ კათაკმეველთა გასაჩერებელი ადგილი. ჩვენი აზრით, ამას ადგილი უნდა ჰქონოდა II-III საუკუნეებში.
საკვანძო სიტყვები:გალობა, ,,წმინდა კოლაელ ყრმათა წამება” კატეგორია: კვლევები ავტორები: კონსტანტინე ლერნერი უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი
ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის გვარ-სახელი შეტანილი იყო ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა: Who’s Who in American Arts ასევე, Who’s Who in American Literature of the 20th century. საბჭოთა სივრცის ერთი მიმართება გახლდათ „აკრძალული კულტურა“. ამის პარალელურად იყო ისიც: „უცნობი კულტურა“. იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდებოდა გაცნობის შესაძლებლობა. ემიგრაციაში ერთი კაცის ბიოგრაფია „ყველას ბიოგრაფია“ ხდება: ერთნაირი ტკივილით, გაუგებრობებით, დახმარების მოლოდინით, უფულობით, ერთმანეთის დადანაშაულებით და ლანძღვითაც... გიორგი პაპაშვილის შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. ერთი ავტორი მინდა გამოვყო. უჩვეულო ბიოგრაფიისა და ოჯახის წარმომადგენელი - სვეტლანა ალილუევა. მამამისმა - იოსებ ჯუღაშვილმა, სტალინმა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის - უზარმაზარ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანების ცხოვრებაში და მათი ქვეყნების ისტორიაში, არამედ როლი მსოფლიო ისტორიაში ითამაშა. წიგნი, რომელიც მინდა გამოვარჩიო 1983 წელს დაიწერა ინგლისში ინგლისურ ენაზე; ოღონდ გამოიცა ინდოეთში 1984 წლის აგვისტოში. დასათაურებულია: ,,შორეული მუსიკა”. რუსული თარგმანი მომზადდა ავტორის მიერ 1987 წელს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წიგნის გამოცემამდე მას ორი ავტობიოგრაფიული ხასიათის კრებული დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა. საკვანძო სიტყვები:ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: კონსტანტინე ლერნერი კვალი ნათელი – ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
მეოცე საუკუნის ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგის ქეთრინ ვივიანის სახელი დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. სამოცდაათიანი წლებიდან მოკიდებული იგი ქართველებისათვის მეტად ახლობელი და პატივსაცემი ქალბატონი გახლდათ. ქეთრინ ვივიანმა ღირსეულად გააგრძელა თავისი წინამორბედის - მარჯორი უორდროპის საქმე, იტვირთა რა ქართული ლიტერატურის ძეგლების ინგლისურად თარგმნა და მათი მეცნიერულად შესწავლა. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრირების პროცესს. ქეთრინ ვივიანი დაიბადა 1917 წლის ოქტომბერში. 1939 წელს იქორწინა ენტონი ეშტონზე, რომელიც შემდეგ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გახდა. ქეთრინს დამთავრებული ჰქონდა სორბონის უნივერსიტეტი ფრანგული ცივილიზაციის განხრით. თავდაპირველად იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. ომის შემდეგ გააგრძელა ფრანგული და ინგლისური ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლა, თარგმნიდა ფრანგულიდან, წერდა ლექსებსა და პიესებს. მოგვიანებით ქართული ენის სემინარები გაიარა დევიდ მარშალ ლანგის ხელმძღვანელობით ლონდონის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკისა და აფრიკათმცოდნეობის ინსტიტუტში და სამოციანი წლების შუახანებიდან სიცოცხლის ბოლომდე დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურებოდა ქართველოლოგიის სფეროს.
საკვანძო სიტყვები:ქეთრინ ვივიანი, „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „ქართული ქრონიკა“. კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: კონსტანტინე ლერნერი ქართველთა ზღაპრები გერმანულ ენაზე
(ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები. მთარგმნელი და გამომცემელი ჰაინც ფენრიხი. გრაიცი/თიური, კენიგის გამომცემლობა, 2011, გერმანულ ენაზე) ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფოლკლორის მიმართ არაერთგზის გამოვლინდა მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნების სახით: ამირანის ეპოსი (1978), ქართული ზღაპრები (1963, 1980, 1995), ქართული თქმულებები (1984), ქართული თქმულებები და ლეგენდები (1998), სვანური ზღაპრები (1992), ლაზური ზღაპრები (1995), მეგრული თქმულებები (1997), ქართული მითოლოგიის ლექსიკონი (1999) და სხვა. „ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები“ ჰაინც ფენრიხის კიდევ ერთი კრებულია ქართული ხალხური ზღაპრებისა გერმანულ ენაზე [1]. მასში თავმოყრილია ას სამოცდაათზე მეტი ზღაპარი ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური საზღაპრო რეპერტუარიდან - ჯადოსნური, ნოველისტური და ცხოველთა ზღაპრები. კრებულს დართული აქვს სრული სამეცნიერო აპარატი: ბოლოსიტყვაობა, სიტყვათა განმარტებები და ბიბლიოგრაფია. წყაროები, რომელიც გამოყენებულია თარგმანისთვის, მითითებულია კრებულის ბოლოს, თითოეული ზღაპრის სათაურის დასახელების შემდეგ (გვ. 636-645).
საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ზღაპრები, საქართელო, კავკასია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: კონსტანტინე ლერნერი
"ვეფხისტყაოსნის" პროლოგი
ჩვენი ჟურნალის ტრადიციული რუბრიკა - "ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში" ჟურნალის წინამდებარე ნომერში ერთგვარად თავისებურია, არაორდინარულია. მასში ვეფხისტყაოსნის პროლოგია წარმოდგენილი დღეისათვის არსებული ყველა ინგლისურენოვანი თარგმანით. ეს თარგმანებია - მარჯორი უორდროპისა, შესრულებული XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ტექსტი იბეჭდება 1912 წლის ლონდონის გამოცემით, London: The Royal Asiatic Society); ვენერა ურუშაძისა (პირველი პუბლიკაცია - 1968 წ. ტექსტი ქვეყნდება ავტორისავე ჩასწორებული 1986 წლის გამოცემით, თბილისი: “საბჭოთა საქართველო”); ქეთრინ ვივიანისა (London: The Folio Society, 1977); რობერტ სტივენსონისა (Albany: State University of New York Press, 1977). პოემის ქართული ტექსტი იბეჭდება ”ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის” გამოცემით, (თბილისი: “მეცნიერება”, 1988). რითაა განპირობებული ქართული ტექსტის ოთხივე ინგლისური პარალელური თარგმანით გამოქვეყნება? ვეფხისტყაოსანი შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურული და საზოგადოებრივ-ფილოსოფიური აზრის მწვერვალია. პოემა აშკარად ეხმიანება ევროპული ქრისტიანული აზრის პროგრესს შუა საუკუნეებიდან რენესანსისაკენ. საზოგადოებრივი აზრის ეს პროცესი ვეფხისტყაოსანში ასახულია არა მხოლოდ მხატვრულ სისტემაში, არამედ თეორიულ-დისკურსიული სახითაც. ეს კი ძირითადად მხოლოდ პოემის პროლოგში ხდება. ეს გარემოება რუსთველის პოემის ამ მონაკვეთს პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსთველის პროლოგისეული მხატვრული მეტყველების ენა, მიუხედავად იმისა, რომ ხმოვანებით ქართულია, თავისი თეოლოგიურ-ფილოსოფიური დატვირთვით თანამედროვე ქართული ენის ფილოსოფიურ დეფინიციებს აშკარად და პრინციპულად სხვაობს. ვეფხისტყაოსნის პროლოგისეული კონცეფციები - უზენაესი არსების შესაქმისეულ აქტზე, სულის დეფინიციასა და მოძრაობის პერსპექტივაზე, ადამიანის ზნეობრივ და ფიზიკურ ღირსებებზე, პოეზიის არსზე და სიყვარულის რაობასა და გამოვლინების ფორმებზე; ისევე როგორც მეთორმეტე საუკუნის საქართველოს სამეფო კარსა და პოეტის პერსონალურ მიმართებაზე მასთან, პოემის ფაბულის სადაურობასა და პერსონაჟთა ემოციური აქტივობის უმთავრეს გამოვლინებაზე - ფორმირებულია პოეტისეული ეპოქის ფილოსოფიურ-თეოლოგიური და სქოლასტიკურ-მისტიკური სააზროვნო დეფინიციებით. დასახელებული პროლოგისეული კონცეფციები მჭიდროდაა დაფუძნებული, ერთი მხრივ, ბიბლიურ, უპირატესად ახალ აღთქმისეულ თეოლოგიაზე, ხოლო მეორე მხრივ, ანტიკური და ელინისტური ეპოქების ბერძნულ ფილოსოფიაზე, კერძოდ პლატონის, არისტოტელეს, დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიაზე. შუასაუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის ამ უნიკალური კონცეფციების არსის წვდომა დღევანდელი რუსთველოლოგიური მეცნიერების აქტუალური პრობლემატიკაა. ამ პრობლემატიკით, და საზოგადოდ მთლიანად ვეფხისტყაოსნით, ევროპული ინტელექტუალური წრეების, კერძოდ შუასაუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის მკვლევართა დაინტერესება, რაც აშკარად გამოიკვეთა უკანასკნელ ათწლეულებში, აუცილებელს ხდის ვეფხისტყაოსნის ტექსტის, და უპირველეს ყოვლისა მისი თეორიული კონცეფციების, ადეკვატურად მიწოდებას არაქართულენოვან მკვლევართათვის. ამ მისიას ვერ იკისრებს რუსთველის პოემის დღეისათვის ცნობილი ვერც ერთი თარგმანი. ... რედაქტორი საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: შოთა რუსთაველი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|