ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მარიკა ოძელი

 

 კვალი ნათელი – ქეთრინ ვივიანი (1917–2010)

 

KVმეოცე საუკუნის ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგის ქეთრინ ვივიანის სახელი დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. სამოცდაათიანი წლებიდან მოკიდებული იგი ქართველებისათვის მეტად ახლობელი და პატივსაცემი ქალბატონი გახლდათ. ქეთრინ ვივიანმა ღირსეულად გააგრძელა თავისი წინამორბედის - მარჯორი უორდროპის საქმე, იტვირთა რა ქართული ლიტერატურის ძეგლების ინგლისურად თარგმნა და მათი მეცნიერულად შესწავლა. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრირების პროცესს.

ქეთრინ ვივიანი დაიბადა 1917 წლის ოქტომბერში. 1939 წელს იქორწინა ენტონი ეშტონზე, რომელიც შემდეგ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გახდა. ქეთრინს დამთავრებული ჰქონდა სორბონის უნივერსიტეტი ფრანგული ცივილიზაციის განხრით. თავდაპირველად იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. ომის შემდეგ გააგრძელა ფრანგული და ინგლისური ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლა, თარგმნიდა ფრანგულიდან, წერდა ლექსებსა და პიესებს. მოგვიანებით ქართული ენის სემინარები გაიარა დევიდ მარშალ ლანგის ხელმძღვანელობით ლონდონის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკისა და აფრიკათმცოდნეობის ინსტიტუტში და სამოციანი წლების შუახანებიდან სიცოცხლის ბოლომდე დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურებოდა ქართველოლოგიის სფეროს.

საქართველოში ქეთრინ ვივიანს უპირველესად იცნობენ როგორც ვეფხისტყაოსნის მთარგმნელს. თვითონ ქეთრინ ვივიანი იგონებდა, რომ ვეფხისტყაოსნით და საზოგადოდ ქართული ლიტერატურით მორის ბაურას ნაშრომის ,,შთაგონება და პოეზია” გაცნობის შემდგომ დაინტერესდა: წაიკითხა პოემის მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქართული ენის შესწავლა და ვეფხისტყაოსნის თანამედროვე ინგლისური თარგმანის შესრულება. ქართული ენის შესწავლის შემდეგ, სამოციანი წლების მიწურულს, ქეთრინი შეუდგა პოემის თარგმნას. 1972 წელს, თარგმანზე მუშაობის პერიოდში იგი პირველად ეწვია საქართველოს – ჩამოვიდა თბილისში და თან ჩამოიტანა თარგმანის სამუშაო პირი. ჩამოვიდა, რათა დაეთვალიერებინა რუსთველის სამშობლო, გაეცნო ქართველი ხალხი და ქართველ მეცნიერთა დახმარებით ორიგინალთან შეეჯერებინა ინგლისური ტექსტი. ინგლისელი მთარგმნელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. საქართველოში პირველი სტუმრობის შესახებ ქეთრინ ვივიანი წერდა, რომ ამ მეტად საინტერესო ვიზიტმა მას გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა საქართველოსა და ქართველებზე. შემდგომმა ვიზიტებმა კი კარგად გააცნო საქართველოს წარსული და აწმყო, დააახლოვა და დაამეგობრა ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბევრი მათგანი მთარგმნელს და მეცნიერს მოხსენიებული ჰყავს ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების ერთი მონაკვეთის საკუთარი თარგმანის წინასიტყვაობებში – ალექსანდრე ბარამიძე, მზექალა შანიძე, მანანა გიგინეიშვილი, ციალა კარბელაშვილი, სერგეი სერებრიაკოვი, ლევან მენაბდე და მისი ქალიშვილი დარეჯანი, ზვიად გამსახურდია და მისი მეუღლე დალი, ნიკო ყიასაშვილი და მისი მეუღლე მერი, მარიამ ლორთქიფანიძე, არიანე ჭანტურია, ელგუჯა ხინთიბიძე, რევაზ გაჩეჩილაძე, მიხეილ კავილაძე. ასევე მოხსენიებული ჰყავს ინგლისელი მეგობრები და კოლეგები: დეივით ლანგი, აკაკი რამიშვილი, დეივით ბარეტი, თამარ დრაგაძე, პიტერ ნორსი, ტრისტრამ ბერესფორდი, ანტონი ეშტონი. მის გამოცემებს წინასიტყვაობებს და შესავალ წერილებს ურთავენ: ანტონი ბრაიერი, დეივით ლანგი, ალექსანდრე ბარამიძე, მარიამ ლორთქიფანიძე. „ქართლის ცხოვრებისა“ და „სიბრძნე სიცრუისას“ მისი თარგმანების ინგლისური გამოცემების გარეკანი მამია მალაზონიას ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პიროვნებებისა, რომლებთანაც ქეთრინ ვივიანი მეგობრობდა. მე არაერთხელ გავხდი მოწმე იმისა, თუ რა დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა მას საინტერესო შეხვედრები, იქნებოდა ეს კორნელი სანაძის სახელოსნოში, ისიდორე გვარჯალაძის ოჯახში თუ რუსთაველის თეატრის კულისებში... ჩემმა მეხსიერებამ მკაფიოდ შემოინახა მეოცე საუკუნის ორი ღვაწლმოსილი მთარგმნელის, ვენერა ურუშაძისა და ქეთრინ ვივიანის შეხვედრა... და ვფიქრობ, რომ სწორედ ნაცნობებისა და მეგობრების ამ წრემ შეუქმნა ინგლისელ მეცნიერს ცოცხალი წარმოდგენა ქართულ ხასიათზე, ქართულ ტრადიციებზე, ამ გარემომ შეაყვარა მას საქართველოს ისტორია და კულტურა, წარსული და თანამედროვეობა. ისტორია, როგორც ჩანს, გარკვეული ფორმით მეორდება ხოლმე. 1894 წელს ჩამოვიდა საქართველოში მარჯორი უორდროპი. არაერთგზის დაიწერა იმის შესახებ, რომ იმ დროის წარჩინებულმა საზოგადოებამ, რომელთანაც მარჯორი მეგობრობდა, დიდად შეუწყო ხელი ინგლისელი ქალის სიყვარულს საქართველოს მიმართ და მის დაინტერესებას ქართული ლიტერატურით. ერთი საუკუნის შემდეგაც სწორედ იმავე გარემოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი კიდევ ერთი ინგლისელი მანდილოსნის დამეგობრებაში. სწორედ პიროვნულმა ურთიერთობებმა განსაზღვრა ქართულ-ინგლისური კონტაქტების შემდგომი განვითარება. შემთხვევითი არ იყო, რომ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერებისას ლევან მენაბდემ ქეთრინ ვივიანს თანამედროვეობის მარჯორი უორდროპი უწოდა.

1981 წლის შემოდგომაზე თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ელგუჯა ხინთიბიძის მოწვევით ქეთრინ ვივიანი მეორედ ესტუმრა თბილისს და მან მეგობართა ახალი წრე შეიძინა, მჭიდროდ ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიურ საქმიანობაში. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მისი ვიზიტებიც გახშირდა. ამჯერად მან ჩამოიტანა ლონდონში გამოცემული ვეფხისტყაოსნის მისეული თარგმანი და ქართლის ცხოვრების ნაწილის ინგლისური თარგმანის სამუშაო პირი, რომლის სათარგმნელად შერჩევაში და შემდგომ თარგმანის დაზუსტებაში მას კონსულტაციებს უწევდნენ ქართველი კოლეგები. იგი ერთი თვე დარჩა თბილისში, შემოიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ზედაზნის სავანიდან გადმოჰყურებდა მცხეთასა და მის შემოგარენს, გატაცებით ათვალიერებდა ბორჯომის ხეობას (ვარძიის ხილვის წადილი იმჯერად აუხდენელი დარჩა. ვარძიაში გამგზავრება მხოლოდ 1990 წლის ზაფხულში მოხერხდა), გელათს, ბაგრატის ტაძარს, შემოქმედს, შუამთას, იყალთოს, ალავერდს, წინანდალს... და საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილით მიემგზავრებოდა სამშობლოში. მე მქონდა ბედნიერება, მთელი თვის მანძილზე მეგზურობა გამეწია ქეთრინ ვივიანისათვის. ეს იყო ღრმა შინაარსითა და ხალისით დატვირთული ერთი თვე. მისმა პიროვნებამ სრულიად ახალი და ძალიან ლამაზი სამყარო გადამიშალა. ქალბატონი ქეთრინი თავის თავში დიდ ინგლისურ კულტურას ასახიერებდა. მას ძალზე მომხიბლავი და დახვეწილი გარეგნობა, დიდი ინტელექტი და არაჩვეულებრივად ზუსტი ლიტერატურული ალღო ჰქონდა, შემკული იყო განუმეორებელი იუმორის გრძნობით, კლასიკური ინგლისური თავდაჭერითა და ახალგაზრდული სულით. მას შემდეგ ჩვენ თანამოაზრენი და დიდი მეგობრები გავხდით.

ქეთრინ ვივიანს ინგლისურ ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს წერილი სათაურით დასავლეთ საქართველო, შემოქმედობა. ეს არის დიდი შთაბეჭდილებით, ემოციითა და სიყვარულით სავსე სტატია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობიდან დაბრუნებულმა დაწერა. მასში მოთხრობილია მისი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში ელგუჯა ხინთიბიძესთან ერთად და შესანიშნავი სახალხო დღესასწაულის შემოქმედობის ხილვა.

სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ქეთრინ ვივიანს არ გამოუტოვებია არც ერთი მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ფორუმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღოს, იქნებოდა ეს ინგლისში, საქართველოსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში. მის მოხსენებებს ვეფხისტყაოსნის გარშემო, შუასაუკუნეების ქართული კულტურის შესახებ, თარგმანის საკითხებზე ისმენენ სხვადასხვა ქვეყნის სწავლულები ქართველოლოგიის დღეებზე ლონდონში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ბარიში, რუსთველოლოგიურ სიმპოზიუმზე ტურკუში, ათონის ივერთა ლავრის ათასი წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე თბილისში, თბილისის უნივერსიტეტში ჩატარებულ სამ ქართველოლოგიურ სიმპოზიუმზე, ბირმინგემის უნივერსიტეტში ბიზანტინისტთა შეკრებაზე, პრესტინის ინსტიტუტში... ქეთრინ ვივიანმა ინგლისურად თარგმნა როგორც ქართველოლოგიური ნაშრომები, ასევე ქართული საისტორიო და მხატვრული ლიტერატურის ძეგლები: კ. სალიას ქართული ლიტერატურის ისტორია; ლაშა-გიორგის პერიოდი ქართლის ცხოვრების ს.ყაუხჩიშვილისეული გამოცემიდან; ვეფხისტყაოსანი (1977 წ.) და წიგნი სიბრძნე სიცრუისა (1982 წ.).

ქეთრინ ვივიანს მჭიდრო თანამშრომლობა და განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა ქართველოლოგიური სკოლის ცენტრთან ამ ცენტრის დაარსების პირველივე დღეებიდანვე, 1992 წლიდან. იგი იყო ცენტრის სამეცნიერო ორგანოს - ჟურნალ ,,ქართველოლოგის” ჭეშმარიტი დამფასებელი, შემფასებელი და მისი საინტერესო ავტორი. აქვე დაწყებული ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების ინგლისური თარგმანის რედაქტორი („შუშანიკის წამება“, ჯუმბერ ჩოლობარგიას თარგმანი, თბ. 2006.)

1994 წლის დეკემბერში ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ ძალზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური მოღვაწეობისათვის ქეთრინ ვივიანს მიენიჭა მარჯორი უორდროპის პრემია. მოგვიანებით, ამავე ცენტრის წარდგინებით იგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად იქნა არჩეული.

ქეთრინ ვივიანის პორტრეტი სრული არ იქნება, თუ არ აღვნიშნავთ, რომ იგი იყო შესანიშნავი მოთხილამურე, შესანიშნავი მოცურავე და ასევე შესანიშნავი დიასახლისი, უყვარდა ქართული კერძების მომზადება; მედალი ჰქონდა მიღებული შოტლანდიურ ცეკვებში. ქეთრინი და მისი მეუღლე ტონი, რომელიც იყო ძალიან ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის, თ. ს. ეშტონის შვილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ დასახლდნენ ინგლისისა და უელსის საზღვარზე პრესტინის მახლობლად ულამაზეს ადგილას, რომელსაც Quarry Field ეწოდებოდა. ქეთრინისა და ტონის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები და ტკბილ ოჯახურ გარემოში ატარებდნენ დროს. მე ამ ოჯახური თავყრილობის დამსწრე გავხდი 1989 წლის შემოდგომაზე, როდესაც ქეთრინმა მიმიწვია თავისთან და ორი დაუვიწყარი თვე გამატარებინა ინგლისში. მაშინ ის და მისი მეუღლე თავიანთი დიდი ოჯახისა და მეგობრების ფართო წრეში ოქროს ქორწილს იხდიდნენ. ამ წვეულებას ბევრ საინტერესო პიროვნებასთან ერთად ესწრებოდნენ ქეთრინის თანამედროვე ინგლისელი ქართველოლოგი დევიდ ბარეტი და მისი მეუღლე მარჯორი მაკფი, საქართველოს მონატრებული, ემიგრაციაში მყოფი იმ დროს უკვე ინგლისელი ექიმი აკაკი რამიშვილი. ქეთრინმა ჩინებული მასპინძლობა გამიწია. მრავალ საინტერესო მოგზაურობასა და შეხვედრებთან ერთად მან არაერთ ინგლისელ სწავლულთან დამაკავშირა. ძალიან დავმეგობრდით მე და მისი მეუღლე ტონი, რომელსაც თავისი ახლობლებისათვის ხშირად უყვარდა თქმა, დიკენსი მარიკამ გამაცნო და შემაყვარაო. ტონი ჩემს მიმართ იმდენად მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულს იჩენდა, რომ მისმა ქალიშვილებმა კიდეც იეჭვიანეს მამაზე. ჩვენ მართლაც გულწრფელად შეგვიყვარდა ერთმანეთი. მე ძალიან დამამწუხრა ტონის გარდაცვალებამ 2005 წელს. ქეთრინი უკანასკნელად 1997 წელს თავის ქალიშვილ ვივიენთან ერთად იყო საქართველოში. მას შემდეგ ჩვენ მხოლოდ მიმოწერა, სატელეფონო საუბრები და ოცდაათწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. ქეთრინ ვივიანი 2010 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. მან თავის ახლობლებს მოსაგონრად დაუტოვა სიყვარულისა და მეგობრობის ბრწყინვალე მაგალითი, ხოლო ინგლისურ და ქართულ კულტურას - თავისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.

ჩემთან ინახება ქეთრინ ვივიანის გამოსვლების რამდენიმე ხელნაწერი თუ ხელნაბეჭდი ტექსტი, რომლებიც თვითონ მისახსოვრა. ეს მცირე მოგონება მინდა დავასრულო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისას წარმოთქმული ქეთრინ ვივიანისავე სიტყვის ჩანაწერით, რომელიც ასევე ჩემს არქივშია შემონახული.

"ძვირფასო და პატივცემულო ბატონო უნივერსიტეტის რექტორო, პროფესორებო, ქალბატონებო და ბატონებო!
უპირველეს ყოვლისა მსურს ყველას მოგესალმოთ სიყვარულით, და ძვირფას ქართველ ერს გავუზიარო ჩემი ღრმა სიყვარული და პატივისცემა.
უდიდესი სიამოვნებით გახლავართ აქ კიდევ ერთხელ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ქართველ ხალხს შორის, რომელიც დიდად მიყვარს.
დღევანდელი დღე ჩემთვის ნამდვილად დასამახსოვრებელია. ,,აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება”.
მსურს გადავუხადო ჩემი უღრმესი მადლობა თბილისის უნივერსიტეტს, ჩემს საყვარელ ქართველ ერს.

ქართული ნაშრომების თარგმნა მუდამ იყო ჩემთვის დიდი სიამოვნება. როცა პირველად წავიკითხე ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველის ხელოვნების საოცარი ნაწარმოები, მივხვდი, რომ ეს იყო ერთი მხრივ, ლიტერატურის გამოჩენილი ნაწარმოები და მეორე მხრივ, ის ეკუთვნოდა შუასაუკუნეების ტრადიციას რაინდობისა და ცერემონიული სიყვარულისას. გადავწყვიტე, რომ ის უნდა გამხდარიყო ისევე კარგად ცნობილი ინგლისში, როგორც გახლავთ ლეგენდა მეფე არტურის რაინდებისა.

ამას სჭირდებოდა თარგმანი თანამედროვე პროზაში. ამაში დიდი დახმარება მივიღე აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძიდან და რუსთაველის ინსტიტუტის მკვლევარებიდან. ხელნაწერების ინსტიტუტიდან მივიღე რამდენიმე სურათი, და ლევან ცუცქირიძისაგან ლამაზი ნახატები. ამის შემდეგ სხვა ნაშრომები გადავთარგმნე: სიბრძნე სიცრუისა საუცხოვო ილუსტრაციებით მამია მალაზონიასაგან, რამაც გამოიწვია დიდი დაინტერესება ინგლისში, ქართლის ცხოვრება, რომელიც მოიპოვება უნივერსიტეტების სამკითხველოებში.

ქართველი მეცნიერებიდან, რომლებიც აგრეთვე ჩემი მეგობრები არიან, მსურს საგანგებო მადლობა გადავუხადო: აკაკი რამიშვილს, ალექსანდრე ბარამიძეს და მისი განყოფილების წევრებს, მანანა გიგინეიშვილს, ციალა კარბელაშვილს, სერგეი სერებრიაკოვს; მზექალა შანიძეს, მარიამ ლორთქიფანიძეს, არიანე ჭანტურიას, ელგუჯა ხინთიბიძეს, მარიკა ოძელს.

ჩემთან ერთად ჩამოვიდა ჩემი უმცროსი ასული ვივიენ. ის, როგორც ჩემი ქმარი ანტონი ეშტონ, და მთელი ჩემი ოჯახის წევრები, წლების მანძილზე დაინტერესებულია საქართველოთი და მისი კულტურით.

თქვენს ქვეყანას აქვს საუცხოვო წარსული და ისტორიული ძირები, რომლებისაგან შეუძლია გაზარდოს მშვენიერი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დასძლევთ თქვენს დღევანდელ სიძნელეებს.
"ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს".

გაუმარჯოს საქართველოს და ინგლისს, და მათ შორის კიდევ უფრო განვითარდეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა!”

ქეთრინ ვივიანი,
მაისი 1997 წ.


ქეთრინ ვივიანის თარმანები:
1. Shota Rustaveli, The Knight in Panther Skin, A Free Translation in Prose, London, 1977
2. Sulkhan-Saba Orbeliani, A Book of Wisdom and Lies, London, 1982
3. The Georgian Chronicle, the Period of Giorgi Lasha, Amsterdam, 1991
4. Kalistrate Salia, A History of the Georgian Nation, 1983.

ქეთრინ ვივიანის სამეცნიერო ნაშრომები:
1. Introduction to: Shota Rustaveli, The Knight in Panther Skin, A Free Translation in Prose by Katharine Vivian, London, 1977, pp. 11-33
2. Vephkhistqaosani: Elements from Eastern and Western Cultures. In: Bedi Kartlisa / Revue de kartvelologie / Vol. XXXIX, 1981, pp. 216-219
3. Sufic Traces in Georgian Literature, Institute for Cultural Research, Kent, 1982
4. Western Georgia, Shemokmedoba. In: Britain – USSR, London, N62, 1982, pp. 5-6
5. The Art of Translation. In: Bedi Kartlisa / Revue de kartvelologie / Vol. XLI, 1983, pp. 102-104
6. Shota Rustaveli and Georgian Tradition. In: An International Shota Rustaveli Symposium: History, Insight, Poetry, April, 11-12, 1991. University of Turku, Finland Symposium Proceedings, Turku, 1991
7. Anthologie de la poesie georgienne, V-XX Siecles, Traduction et Commentaires de Serge Tsouladze (review in English). In: Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes, 1985, N1, pp. 241-242
8. Sharadze Guram, A Treasury of Happiness and Virtue (revue in English). In: Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes, 1985, N1, pp. 239-241
9. Christian Georgia and Sufism. In: Cultural Encounters. Edited by R. Cecil and D. Wade, London 1990, pp. 14-33.