ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რუსუდან ნიშნიანიძე უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი
ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის გვარ-სახელი შეტანილი იყო ისეთ სერიოზულ გამოცემებში, როგორებიცაა: Who’s Who in American Arts ასევე, Who’s Who in American Literature of the 20th century. საბჭოთა სივრცის ერთი მიმართება გახლდათ „აკრძალული კულტურა“. ამის პარალელურად იყო ისიც: „უცნობი კულტურა“. იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდებოდა გაცნობის შესაძლებლობა. ემიგრაციაში ერთი კაცის ბიოგრაფია „ყველას ბიოგრაფია“ ხდება: ერთნაირი ტკივილით, გაუგებრობებით, დახმარების მოლოდინით, უფულობით, ერთმანეთის დადანაშაულებით და ლანძღვითაც... გიორგი პაპაშვილის შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. ერთი ავტორი მინდა გამოვყო. უჩვეულო ბიოგრაფიისა და ოჯახის წარმომადგენელი - სვეტლანა ალილუევა. მამამისმა - იოსებ ჯუღაშვილმა, სტალინმა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის - უზარმაზარ ტერიტორიაზე დასახლებული ადამიანების ცხოვრებაში და მათი ქვეყნების ისტორიაში, არამედ როლი მსოფლიო ისტორიაში ითამაშა. წიგნი, რომელიც მინდა გამოვარჩიო 1983 წელს დაიწერა ინგლისში ინგლისურ ენაზე; ოღონდ გამოიცა ინდოეთში 1984 წლის აგვისტოში. დასათაურებულია: ,,შორეული მუსიკა”. რუსული თარგმანი მომზადდა ავტორის მიერ 1987 წელს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წიგნის გამოცემამდე მას ორი ავტობიოგრაფიული ხასიათის კრებული დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა. 1967 წელს სვეტლანა ალილუევას ნება დართეს ამერიკაში „შესვლის”. ახლა უკვე დროის გადასახედიდან, ერთმანეთს ადარებს ამ ორ სახელმწიფოს; მსგავსებასაც პოულობს და სხვაობასაც; იმ ორ უკიდურესობას, რომელიც ამათთვისაა დამახასიათებელი: ერთი მხრივ, საბჭოთა დათრგუნვა და მეორე - ტოტალური თავისუფლება. რუსული ემიგრაცია არცთუ კეთილგანწყობილი შეხვდა წიგნს; მან ჩათვალა, რომ ,,კრემლის პრინცესას” მამის გარდაცვალების შემდეგ კვლავ მოუნდა ფუფუნებაში ცხოვრება. ამერიკას ახლოს გაეცნო, უფრო სწორედ, ამერიკული ცხოვრების წესს. ყოველ შემთხვევაში თავად ასე თვლიდა. წინასიტყვაობაშივე აღნიშნავს, რომ მან ამერიკა ისე მიიღო, როგორც ,,თავისი”, ისევე, როგორც თავის დროზე ინდოეთი და თავის გულში მოათავსა რუსეთსა და საქართველოსთან ერთად. ავტორი გულწრფელია, როცა ამბობს, რომ მკვეთრი ფერებით ცხოვრებას, როგორსაც ამერიკული ცხოვრების წესი გულისხმობს, ჯერ ვერ შეეგუა. ბევრი საინტერესო ეპიზოდი იქცევს მკითხველის ყურადღებას; ჰყვება ფოტოგრაფზე, პატარა მაღაზიის გამყიდველზე, თავის ზანგ და იტალიელ მეზობლებზე, პავლე ჭავჭავაძეზე... გამომცემლობაში Harper&Row იატაკზე თურმე წითელი ხალიჩა იყო გაფენილი და ოთახს სიცილით „კრემლს“ ეძახდნენ. ბევრს მუშაობდნენ; 10 საათისთვის გამოდიოდნენ გამომცემლობიდან და პატარა რესტორანში მიირთმევდნენ. ამ დროისთვის ხალხი ცოტა იყო. სხვადასხვა იმპროვიზაციას ხმადაბლა უკრავდა ბრმა პიანისტი და მის ფეხებთან კი მისი უზარმაზარი ძაღლი გატრუნული იწვა. სვეტლანა ალილუევა ამ დღეებს, როგორც ,,არაჩვეულებრივ დროს” - ასე გაიხსენებს. გამომცემლებთან ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, არავინ აქცევდა ყურადღებას არც ავტობუსში, არც ქუჩაში და არც ნიუ-იორკის რომელიმე მაღაზიაში შესულს... ბუნებრივია, მისი ვინაობიდან გამომდინარე, ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ესეც გასაგებია! ვინც კი მამამისის სახელს გაიგებდა, მის „ცოცხალ“ ქალიშვილთან ახლო შეხვედრის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა... მაგრამ აქ, ამერიკაში არავის აინტერესებდა მისი არსებობა. როგორც თავად გაიხსენებს, არავინ უთვალთვალებდა, არავინ აჩერებდა ბრიყვული შეკითხვებით, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი ეხურა და ისე დადიოდა და მთავარი ამონარიდი ტექსტიდან: „ - А впрочем, никому нет никакого дела до других в Америке. Можно пройтись по Бродвею на руках (если умеешь), вверх ногами, и никто не удивится. Всё может случиться - как написал в своей книге грузинский эмигрантский писатель - Папашвили, и никому нет до этого никакого дела. Прошло значительное время, прежде чем я поняла эту истину.“ [1, გვ.25] ისე ჩვეულებრივად ახსენებს, რომ თითქოს დარწმუნებულია, რომ ბევრისთვის იქნება გასაგები ის, რასაც ამბობს და ვისაც იმოწმებს. სამშობლოდან თვითონაც წამოსულია; ქართველი ემიგრანტის დამოწმება ამერიკელ მკითხველთან... ძალიან საინტერესო შემთხვევა კია: მკითხველს ხელში სტალინის ქალიშვილის დაწერილი წიგნი უჭირავს; იმ კაცის, რომლის პოლიტიკურმა საქმიანობამ საქართველო არაერთ ქართველს დააკარგვინა და ამერიკის შესაძლებლობებზე ისევ ქართველს, ჯორჯ პაპაშვილს იმოწმებს... ყველაფერი შეიძლება მოხდეს! „Anything Can Happen“ – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ასე იყო დასათაურებული ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილების წიგნი, რომელიც 1944 წლის ოქტომბრიდან 1948 წლის იანვრის ჩათვლით 15-ჯერ გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. „უმაგალითო მოვლენა“ - დაიწერა კიდეც, რაც 600 000 ცალი წიგნის გაყიდვას მოჰყვა. ფაქტი იყო, წიგნი ბესტსელერად იქცა! ამას აღარც სჭირდებოდა ოფიციალური დასტური; და მაინც, ჟურნალმა „ბესტსელერი“ თავის მხრივ, ამავე წლის (1946) იანვარში მრავალათასიანი ტირაჟი გამოუშვა. არ ყოფილა „განსხვავებული“ შეფასებები, არც დისკუსია გამართულა... წიგნი ერთხმად, პატივით იქნა წარდგენილი წოდებაზე Book of the Month Club (წიგნი თვის კლუბისათვის), როგორც ფრიად წარმატებული (ვსარგებლობ ცნობილი ქართველი ემიგრანტის, ბ-ნი გივი კობახიძის მიერ ვაშინგტონ-ტომპარკში დაწერილ ნარკვევში მოწოდებული ცნობებით) [2, გვ. 4-5]. ნაწარმოები არაერთ ენაზე ითარგმნა და შესაბამისად, გამოიცა კიდეც, დაახლოებით თხუთმეტ - ფრანგულ, გერმანულ და სხვა ევროპულ ენებზე; იაპონურ და ჩინურ ენაზეც (საინტერესოა, ამ უზარმაზარ ქვეყანაში რომანი რა რაოდენობის ტირაჟით დაიბეჭდა); არსებობს თარგმანი „ურდუს ჩათვლითო“, - ვკითხულობთ ერთი უცხოელი ლიტერატორის სტატიაში (ურდუ სამხრეთ აზიაში გავრცელებული ენაა - ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: პაკისტანი, ბანგლადეში, შრილანკა, ნაწილობრივ ინდოეთი და არაბეთის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას შეუძლია გაიგოს ურდუ). იმხანად წიგნი თითქმის მილიონნახევარმა მკითხველმა წაიკითხა... მასშტაბები უდავოდ, ძალიან შთამბეჭდავია! XX საუკუნეში არ მეგულება წარმატების მსგავსი ანალოგი, ქართული წარმომავლობის რომელიმე მწერალს ჰქონოდეს. რომანი „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ (“Anything Can Happen”) საქართველოში 1966 წელს გამოიცა. თუმცა, ოდნავ განსხვავებული დასათაურებით: „ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“ ინგლისურიდან თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა. გარდა იმისა, რომ იგი საინტერესო და კარგი თარგმანია, მნიშვნელოვანია როგორც თავად ლიტერატურული ფაქტი. აქვე დავსძენ, რომ მანვე მაღალპროფესიულად თარგმნა იმავე ავტორების მეორე წიგნიც: „დღესაც მელოდება“(1971). ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” მომდევნო წლებშიც გამოიცა. ზოგადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1948. 1961. 1965. 1966. 1967. 1969. 1973. 1985. 1990. 1995... ბოლო გამოცემა - 2009 წლის 26 დეკემბერს... Only 1 left in stock--order soon (more on the way) - წითელი ფერითაა მითითებული ინტერნეტში (www.amazon.com) წიგნის შეძენის მსურველთათვის. როგორ უჩვეულოდაც არ უნდა გეჩვენოთ, შედგენილია ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის „წიგნოგრამაც“. იმავე სათაურით, 1952 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი. რეჟისორი და სცენარის ერთ-ერთი ავტორი ცნობილი რეჟისორი ჯორჯ სიტონი გახლდათ. ფილმის ხანგრძლივობა: 107 წუთი. პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკის კინოთეატრში 1952 წლის 3 აპრილს შედგა. ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 26 თებერვალს კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესში კინოფესტივალზე „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა, ნომინაციაში: „საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას “. გარდა ამ ნაწარმოებისა, ჰელენ პაპაშვილთან ერთად ჯორჯმა (გიორგიმ) დაწერა სხვა წიგნებიც: ,,ჰო და არა” (20 ქართული ხალხური ზღაპარი, სტილიზებულად ნაამბობი... ერის სიბრძნე, წარსულიდან გადმოცემული. იქ არ-დარჩენილი, კიდევ ერთხელ გადააზრებული... „ - როცა ზღაპარს უყვებით შვილებსა და შვილიშვილებს, თქვენ მომავალში აგზავნით წერილს. ასე არაა?```”), სტალინგრადისა და სევასტოპოლის დამცველებს მიუძღვნა ეს წიგნი წარწერით: ,,ხვალინდელი ფოლკლორის გმირებს”; სხვა კრებულები: „მადლობა ნოეს“, „ძაღლი და ადამიანი“, „ქართულ-რუსული კულინარია“, „შინისკენ, კვლავ შინისაკენ“. ჩვენს ხელთ არსებული მასალებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი პაპაშვილის ემიგრაცია სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა მენშევიკური ხელისუფლება საქართველოს ტოვებდა. 1921 წელია. არეული ქვეყანა, გაქცეული ხელისუფლება, რეგულარული ჯარი და პარალელურად, ეროვნული გვარდია... უკვე მოგვიანებით, პენსილვანიაში მამულს რომ შეიძენს, მას ფერმა ,,ერთობას” დაარქმევს და ეს ქართული სიტყვა დღემდე იციან აქ (სიტყვის მნიშვნელობა არა, მაგრამ იციან სახელი). ,,პაპაშვილების ოჯახი პენსილვანიაში ცხოვრობდა. ეზო ჰქონდათ მაგათ; უკან - ბაღი, რაღაცეები. ქვები, დიდი ქვები. გამოხატულებით ზედა: დათვი, სელაპი... სპეციალურ ქვას ნახულობდა, ყიდულობდა და მოჰქონდა. მაგან (პაპაშვილმა - რ.ნ.) მერე გააკეთა დიდი გამოფენა,”[3, გვ. 201] - ამას ბატონი ალექსანდრე ფუტკარაძე (უხუცესი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში) ჩემთან საუბარში გაიხსენებს. ორივე წარმატება - მწერლისა და მოქანდაკის დაუგეგმავად, თავისთავად მოხდა. რეალური მოქალაქე (და არა პერსონაჟი) იმ ქვეყნისა, სადაც ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად მოქანდაკე იყო. ექვსასზე მეტი ნამუშევარი - ნიჭის, შრომისმოყვარეობის, გემოვნების ნიმუში. ამ ნამუშევრებში პრიმიტივიზმი და მოდერნიზმი ხელწერის (სტილის) ნიშნად იქცა. ფრაგმენტი ერთი შეფასებიდან: ,,მისი ადრეული ნამუშევრები სულაც არ არის დამწყების ნაშრომი, საიდანაც მისი სტილი განვითარდა. ეს არის ჩამოყალიბებული, მცოდნე პროფესიონალის ქმნილებები... მათ, ვინც ესკიზის შესწავლას აპირებს, ჯორჯ პაპაშვილის ეს დამახასიათებელი ნიშანი ნამდვილად გენიად უნდა ჩათვალონ.” [4, გვ.10] ეს მაღალი შეფასების ნიმუშია. 1979 წელს გამოცემულ წიგნში - ,,ჯორჯ პაპაშვილი: მოქანდაკე” ვკითხულობთ: ,,ჯორჯ პაპაშვილის ნამუშევრები არაერთ კერძო კოლექციასა და საზოგადოებრივ დაწესებულებაშია გამოფენილი. იგი ასრულებდა ფილადელფიის თავისუფალი ბიბლიოთეკის, ბალტიმორის ოლქის საჯარო ბიბლიოთეკის, ჰანფორდის (კალიფორნია) საჯარო ბიბლიოთეკის, ბევერლი ჰილზის საჯარო ბიბლიოთეკის, ბაქსის ოლქის საჯარო ბიბლიოთეკის, ალენთაუნის საჯარო ბიბლიოთეკის ვესთ ოუქ ლეინისა და ფოქს ჩეისის ფილიალების და კასკადის საკონფერენციო ცენტრის, კოლონიალ ვილიამსბურგის, ვირჯინიის შეკვეთებს”. [4, გვ.8]. გიორგი პაპაშვილს აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია. ის თვითნასწავლი ნიჭიერი შემოქმედი იყო. მუშაობდა ხეზე და ქვაში. საქართველოში სტუმრად ჩამოსული, ასეთ შემთხვევასაც გაიხსენებს: მშენებლობაზე მუშაობდა, დიდი სახლის მშენებლობაზე შავ მუშად. შესვენება გამოცხადდა. ჩამოჯდა, რა უნდა ექნა?``` თავის შესაქცევად ფიცრის უბრალო ნაჭრისაგან თოჯინის გამოთლა დაიწყო. დანით ჩხირკედელაობდა... მოულოდნელად ხმა ჩაესმა, აიხედა, თავზე მშენებლობის უფროსი დადგომოდა... მაშინვე საათს დახედა; შესვენება კარგა ხნის დამთავრებული იყო. არადა, უფროსს საყვედურის თქმა, რასაც გიორგი სრულიად გასაგებია რომ ელოდა, არც უფიქრია. გამოართვა ნახევრად გამოთლილი ფიგურა, უყურა, უყურა და გულწრფელად უთხრა: „ - მაგ ხელის პატრონი შავ მუშად არ უნდა მუშაობდესო“ [5, გვ. 2]. ის არა მხოლოდ პირველი უცხოელი იყო, რომელსაც დაუმთავრებელი ნამუშევარი მოეწონა, არამედ „მისი ხელშეწყობით დავიწყე და გავეწაფე თოჯინების გამოთლაში.“ ეს ალბათ, პირველი ნაბიჯები იყო დიდ მოქანდაკეობამდე... არც წარუმატებლობის და ნერვიულობის გარეშე იყო. უზარმაზარი ნამუშევრების გადაადგილება - თოკების, ბორბლების, თავკავების, გორგოლაჭების და ძელების გამოყენების მეშვეობითაც კი ზოგჯერ შეუძლებელი იყო. თოკი წყდებოდა, ქვა ტყდებოდა და ჩამოიშლებოდა, ძელი გადატყდებოდა... ეს არაფერი!.. მოთმინება, სიყვარული და ყველაფრის „თავიდან დაწყების“ ჩვეულებრივი განცდა... ახალმა სახელოსნომ ბევრი რამ შეცვალა. ნამუშევრებზე ინიციალებს არასოდეს ტოვებდა; თვლიდა, მეტიც, თურმე დარწმუნებული იყო, რომ „ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშშია“. როგორც ჩანს, მოქანდაკე მიიჩნევდა, რომ თავად ნამუშევრით უნდა მიმხვდარიყო მნახველი ავტორის ვინაობას და არა მხოლოდ მიწერილი გვარ-სახელის მეშვეობით. მის ნამუშევრებთან თუ ზოგადად, გამოფენებთან დაკავშირებით იწერებოდა რეცენზიები, სტატიები, გამოკვლევებიც. ცნობილი გამოფენები: პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემია, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, რედინგის სახელმწიფო მუზეუმი და ხელოვნების გალერეა, არაერთი უნივერსიტეტი (ლიჰაის...), ვუდმორის გალერეა. მოქანდაკის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე (1971) უილიამ პენის მემორიალურ მუზეუმს რეტროსპექტულ ჩვენებაზე გიორგი პაპაშვილის 60 ნამუშევარი გაუტანია. შესაძლებლობა მქონდა, ნამუშევრების საგამოფენო მოსაწვევ ბარათებს გავცნობოდი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაში დაცულია „საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჟღენტის პირადი ფონდი“, რომლის წინასიტყვაობაშიც ვკითხულობთ: „საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჟღენტი 35 წლის მანძილზე დაუზოგავად, კეთილსინდისიერად და ღრმა პროფესიული მუშაობით ემსახურებოდა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს. იგი, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრი, ღირსეულად წარმოადგენდა ჩვენს კულტურას მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში“ [6, გვ.1]. როგორც ირკვევა, 1949 წელს ალ. ჟღენტი საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიეთობის საქართველოს საზოგადოების განყოფილების გამგედ, ხოლო 1952 წლიდან პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ ინიშნება. მისი ფონდი ჩვენთვის საინტერესო იმ ასპექტითაა, რომ აქ ინახება ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების მიერ გამოგზავნილი წერილი და რამდენიმე მოსაწვევი ბარათი, რომლებიც დამთვალიერებლებს მოქანდაკის გამოფენაზე ეპატიჟებიან. გთავაზობთ ერთ მათგანს, გარკვეული შემოკლებით (თარგმანი ქართულ ენაზე): გრეისტოუნის გალერეები. კამბრია სტილის ერთიანი სიმარტივე, საშუალებათა დიდი ეკონომია მხატვრული ფორმის შესაქმნელად - ამ განცდას საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ხშირად შეჰყავს შეცდომაში - თითქოს ქვა თვითონ იყო ასეთი ფორმის - მხოლოდ გამოღვიძებული ქანდაკებაში ცხოვრებისათვის, ხელმარჯვედ გამოყენებული რამდენიმე მკვეთრი შტრიხით და ტექსტურით. ეს ჯადოსნური შეცდომაა, ძალიან იშვიათად სარწმუნო. „ყოველი სკულპტურა გამოქანდაკებულ უნდა იქნას მაღალ მთაზე”, - თქვა რენესანსის ერთმა ოსტატმა, შემდეგ უნდა დააგორო ქვემოთ; რაცჩამოსცილდება, ის ზედმეტი ყოფილა - სწორედ ამის შემდეგაა ქანდაკება დასრულებული“. შესაძლოა, არაკანონიკურია, მაგრამ პრინციპია ჯანსაღი. პაპაშვილის ქანდაკებებიც ჯანსაღია. ქვა უნდა იყოს მთლიანი - მონოლითური. სხვა საშუალებები, როგორებიცაა: ბრინჯაო, ფოლადი, ხე კომპლექსური მოდელირების შესაძლებლობას იძლევიან ცაში აფრენილი და ნაჭედი ფორმებით, მაგრამ არა ქვა - უცვლელი (მარადიული) მასალა. თანამედროვე ქანდაკებებში კვეთისა და მოდელირების სწრაფი და მარტივი სინთეზი სჭარბობს; თაბაშირის მოდელები, რომელსაც გამოკვეთენ და მოყვითალო-რუხ შეფერილობას აძლევენ, შემდეგ კი ქვის ან ლითონის ზედაპირს ამსგავსებენ. ეს მეთოდი უცხო იყო ჯორჯ პაპაშვილისთვის. ის უშუალოდ ქვაზე მუშაობს მკაფიო ხედვით და თავდაჯერებით, არასოდეს კარგავს კონტროლს. ქვას მხოლოდ ზედმეტ დეტალებს მოაცილებს და ასე იბადება ახალი ქანდაკებები. ნეფრიტი, ჟადეიტი, წითელი გრანიტი, პორფირი - ეს ქვები ძალიან მნიშვნელოვანია პაპაშვილისათვის. ის ეძებს მათ მთელ კონტინენტზე: ქვის სამტეხლოებში, ზღვის სანაპიროზე, უკაცრიელ ადგილებში და მდინარის კალაპოტთან. რომელიმე უჩვეულო ქვის ერთი ხსენებაც კი საკმარისია გააღვიძოს ჯორჯ პაპაშვილში მონადირის ინსტინქტი - მისი მოპოვებისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მანძილს. ის მათ ერთად თავს უყრის საკუთარ, პენსილვანიის ფერმაში – სახელოსნოში ან ზამთრის სახლში – კამბრიაში. მისი იდეები და მისი ქვები უნდა შეეხამებოდეს ერთმანეთს. ქვების რიგი მონაცვლეობს ძვირფასი ქვების სიმტკიციდან ცვილივით რბილ მარმარილომდე. ის ეძებს ქვას, რომელშიც ხედავს ის თავის მომავალ ქანდაკებას. კუსკუსი, ბოცვერი, კოკომიქსელი, ალპის ვირზაზუნა, ხარი ბრაჰმა, პოლარული დათვი (პაპაშვილს ყმაწვილობაში ჰყავდა თავისი საყვარელი დათვი ტიფლისში, რუსეთის საქართველოში) - ცხოველთა სამყაროს მთელი ცხოვრება ველური სახით ხელახლა ხიბლავს მას და მათ შორის ბევრი ხდება მისი მეგობარი. მისი შინაური ცხოველები მხოლოდ მიანიშნებენ პირველყოფილზე - მისი ქმნილებები ცოცხლობენ ქვაში და ხშირად გააჩნიათ საკუთარი ინდივიდუალობა. პაპაშვილი მრავალი წლის განმავლობაში იყო ცნობილი მოქანდაკე დასავლეთ სანაპიროზე. მისი ნამუშევრები ფართოდ იყო დაცული მუზეუმებში, კოლეჯებში და პირად კოლექციებში. მან თავისი ნიჭიერება სხვა ფორმითაც გამოავლინა - თავის მეუღლესთან თანამშრომლობით, როგორც მწერალმა მომხიბლავი წიგნები დაწერა ცხოველებზე და ფოლკლორზე. მოთხრობა ამერიკაში მის ადრინდელ თავგადასავალზე - ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” ნაციონალური ბესტსელერი - თვის წიგნი გახდა. წიგნის მიხედვით კინოფილმი გადაიღეს. ზამთრის სახელოსნოსა და სამხრეთ სანაპიროზე საცხოვრებელი რეზიდენციის დაფუძნების შემდეგ მისი საქმიანობა იძენს პოპულარობას, სახელს. უკანასკნელი წლების განმავლობაში დასავლეთელმა კოლექციონერებმა ბევრი შესანიშნავი და უნიკალური ნამუშევარი შეიძინეს. მთელი მისი კოლექცია გამოიფინა სკრიპსის კოლეჯსა და ახალ პომონას ბიბლიოთეკაში. ჩვენ გვქონდა პატივი მისი წარდგენისა დასავლეთ სანაპიროზე და ვფიქრობთ, თქვენც უნდა ეწვიოთ გრეისტოუნის გალერეას და გაეცნოთ მოქანდაკე ჯორჯ პაპაშვილის სამყაროს. დათვალიერების საათები: ყოველდღე 1 საათიდან 5 საათამდე დახურვა სამშაბათს “[6] აქვე დავსძენდი, რომ მასზე, როგორც მოქანდაკეზე, დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული. გიორგი პაპაშვილის ნამუშევრებზე მხოლოდ მისი აღწერების მიხედვით და ილუსტრაციების მეშვეობით შეიძლებოდა ესაუბრათ, იმ ,,უბრალო” მიზეზის გამო, რომ ისინი საბჭოთა სივრცეში არავის უნახავს. არადა, მის სამშობლოში ინახება მისი ნამუშევრები! გიორგი პაპაშვილის სამი ნამუშევარია დაცული საქართველოში, ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილების ქანდაკების, კერამიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ფონდში - საცავებში. სწორედ საცავებში, რადგანაც იმ დღიდან, რა დღესაც ეს ნამუშევრები მოქანდაკემ მუზეუმს საჩუქრად გადასცა - 1961 წელს საქართველოში ყოფნის დროს, მათზე (ბოლო დრომდე) არაფერი დაწერილა; არანაირი მოსაწვევი ან ბუკლეტი არ გამოცემულა. გიორგი პაპაშვილი 1978 წლის მარტის თვეში გარდაიცვალა; ხანდაზმული, 80 წლის ასაკში. და ბოლოს, ცნობილ ბესტსელერს ქვეთავში „სადღეგრძელო“ ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი მნიშვნელოვანი სათქმელით დაამთავრებს. ერთი ეპიზოდი: პერსონაჟები - გიორგი და ელენე ილიკოსთან მოლხენის ამბავს გაიხსენებენ: „ ვიღაცამ ჭიქა ასწია სადღეგრძელოსათვის: როგორ ფიქრობთ, ვისთვის დაიწერა ეს შეკითხვა?``` ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული კულტურის ისტორიაში.
დამოწმებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|