ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ელენე გოგიაშვილი 

ქართველთა ზღაპრები გერმანულ ენაზე

 

HF(ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები. მთარგმნელი და გამომცემელი ჰაინც ფენრიხი. გრაიცი/თიური, კენიგის გამომცემლობა, 2011, გერმანულ ენაზე)

ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფოლკლორის მიმართ არაერთგზის გამოვლინდა მის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნების სახით: ამირანის ეპოსი (1978), ქართული ზღაპრები (1963, 1980, 1995), ქართული თქმულებები (1984), ქართული თქმულებები და ლეგენდები (1998), სვანური ზღაპრები (1992), ლაზური ზღაპრები (1995), მეგრული თქმულებები (1997), ქართული მითოლოგიის ლექსიკონი (1999) და სხვა. „ცხრა მთას იქით. ქართველთა ზღაპრები“ ჰაინც ფენრიხის კიდევ ერთი კრებულია ქართული ხალხური ზღაპრებისა გერმანულ ენაზე [1]. მასში თავმოყრილია ას სამოცდაათზე მეტი ზღაპარი ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური საზღაპრო რეპერტუარიდან - ჯადოსნური, ნოველისტური და ცხოველთა ზღაპრები. კრებულს დართული აქვს სრული სამეცნიერო აპარატი: ბოლოსიტყვაობა, სიტყვათა განმარტებები და ბიბლიოგრაფია.

წყაროები, რომელიც გამოყენებულია თარგმანისთვის, მითითებულია კრებულის ბოლოს, თითოეული ზღაპრის სათაურის დასახელების შემდეგ (გვ. 636-645).

სპეციფიკური სიტყვები, რომლებიც თარგმანის გარეშეა გადატანილი გერმანულ ტექსტში, განმარტებულია გერმანულენოვანი მკითხველისათვის. ესენია მუსიკალურ საკრავთა სახელები, ფულის ერთეულები, საკვების სახელწოდებები, სამეურნეო ყოფის ნივთთა დასახელებები, მეტსახელები, ტოპონიმები და სხვა (გვ. 624-626).

ჰაინც ფენრიხის მიერ გამოცემული „ქართველთა ზღაპრები“ მნიშვნელოვანი გამოცემაა არა მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებისათვის, არამედ ზოგადად ფოლკლორისტიკისა და კულტუროლოგიური მეცნიერებისთვის, მით უფრო რომ ამ მიმართულებით კრებულში ფართო ასპარეზია გადაშლილი: მკითხველი ხალხური ზღაპრების მეშვეობით ეცნობა ქართველთა ისტორიას, კულტურას, ყოველდღიურ ყოფას, წეს-ჩვეულებებს, რწმენა-წარმოდგენებს, მახვილგონიერებასა და ხალხურ სიბრძნეს.

გამომცემლის ბოლოსიტყვაში (გვ. 627-635) მოკლედ და მკაფიოდ არის მიმოხილული კავკასიის ენობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება, ქართველური ენები, ძირითადი ისტორიული ფაქტები საქართველოს ისტორიიდან, ქართული მწიგნობრული და ფოლკლორული ტრადიციები.

ქართველთა ზღაპრები ისტორიასა და წინარეისტორიას ასახავენ სპეციფიკურად გადამუშავებული ფორმით, ისინი გვთავაზობენ სურათს სხვადასხვა ეპოქის ყოველდღიური ყოფის, სოციალური ურთიერთობებისა და რწმენა-წარმოდგენებისა. ჰ. ფენრიხს გამახვილებული აქვს ყურადღება რიცხვ ცხრაზე, რომელიც მაგიურია და ქართულ ჯადოსნურ ზღაპრებში განსაკუთრებული დატვრითვა აქვს. მთარგმნელი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფერთა სიმბოლიკას - შავი, წითელი და თეთრი, რომლებიც ქართულ ზღაპრებში ხან მთების, ხან კლდეების, ხან რაშების შეფერილობაა.

მთარგმნელი გამოჰყოფს აგრეთვე ზღაპრის გმირთა სახელებსაც (ირმისა, მზექალა, ვარსკვლავა, ოჩოკოჩი, სიზმარა და სხვა) და განმარტავს გერმანულენოვანი მკითხველისთვის.

ქართველური ზღაპრები სხვა ხალხთა ზღაპრებისგან არა მხოლოდ შინაარსით, არამედ დასაწყისი და დასასრული ფორმულებითაც განსხვავდება. ავტორს მოყავს მრავალი მაგალითი ტრანსკრიფციითა და თარგმანითურთ (გვ. 631-634).

ბოლოსიტყვაობაში არ არის გამორჩენილი ზღაპრების დათარიღების პრობლემაც კი. ქართველური ზღაპრები სხვადასხვა დროს არის წარმოშობილი. ამასთან, ცხადია, იგულისხმება სხვა ხალხთა ზღაპრებისა და კულტურათა გავლენებიც. საზღაპრო რეპერტუარის მრავალფეროვნებას ქმნის თხრობის სხვადასხვა ტიპთა არსებობა, უძველესი ზღაპრების ტრანსფორმაცია ქრისტიანობის ეპოქაში, რაც პერსონაჟთა სახელებშიც აირეკლა. ზღაპრებში ასევე ნათლად ჩანს იდეოლოგიური და სოციალური განვითარების პროცესების ანარეკლიც. ჰ. ფენრიხს მიმოხილული აქვს ქრისტიანობის გავრცელება საქართველოს მთიან რეგიონებში და აღნიშნავს, რომ ქრისტიანობამდელმა ღვთაებებმა თავიანთი სახე ყველაზე კარგად სწორედ მთიელთა ფოლკლორში შეინარჩუნეს მიუხედავად სახელების ქრისტიანულად შეცვლისა, რიგ ღვთაებებს კი მაინც ძველი სახელები დარჩა - იახსარი, პირქუში, დალი, პირცეცხლი და სხვა.

გამომცემელს არც ლაზური და სვანური ზღაპრების კულტურული თავისებურებები რჩება ყურადღების მიღმა. ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში ლაზურ ფოლკლორზე გავლენა მოახდინა ისლამურმა ტრადიციებმა. მათი ზღაპრების პერსონაჟებმაც კი ისლამური სახელები მიიღეს. სვანური ზღაპრები პირიქით, ბიზანტიურ გავლენას განიცდიან. თუ ლაზურ ზღაპრებში უზენაესი ხელისუფალი ფადიშაჰია, სვანურში ამ როლს კეისარი ასრულებს. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ ქართულ, მეგრულ, სვანურ და ლაზურ ზღაპრებს ერთი წარმოშობა აქვთ - ამ ფაქტს ჰ. ფენრიხი განსაკუთრებულად ხაზგასმით აღნიშნავს. ავტორს მაგალითად მოჰყავს საერთო ქართველური სამიწათმოქმედო და სამონადირეო ტრადიციები და მათი ასახვა საზღაპრო ეპოსში.

ჰ. ფენრიხის კრებული ქართველური ზღაპრების მხოლოდ თარგმანს არ წარმოადგენს. ბოლოსიტყვაობაში ნაჩვენები ერთიანობა საერთოქართველური ფოლკლორისა ზღაპრების შერჩევაშიც არის ასახული. გამომცემელს კრებულში თანაბარი რაოდენობით აქვს შეტანილი მეგრული, ლაზური და სვანური ზღაპრების ნიმუშები. ჰ. ფენრიხის ზუსტი დაკვირვებით, ქართველური ზღაპრების საერთო ნიშნები ისეთ დეტალებსაც კი მოიცავს, როგორიცაა გამოთქმა „სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა“.

წიგნის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად ავტორის ზღაპრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ჩაითვალოს. ზღაპრების აკადემიურად გამოცემა მეტად რთული საქმეა, მითუმეტეს რთულია კრებული ერთდროულად სამეცნიეროც იყოს და პოპულარულიც. ფილოლოგისა და ფოლკლორისტის პროფესიონალიზმის გარდა ამგვარი კრებულის გამოცემას უდიდესი სიყვარული სჭირდება როგორც იმ ხალხის ენისა და კულტურის, ისე ზოგადად ხალხური ზღაპრების მიმართ. ჰაინც ფენრიხის მიერ გამოცემული ქართველთა ზღაპრები არა მხოლოდ ქართული ზღაპრების პოპულარიზაციის გამო არის მნიშვნელოვანი, არამედ ბევრად ღირებულია ამ კრებულის გამოჩენა მსოფლიო ფოლკლორისტიკაში, როგორც ანთროპოლოგიური მეცნიერებისთვის ერთ-ერთი აქტუალური წიგნისა.


ლიტერატურა:
1. Hinter neun Bergen. Märchen der Kartwelier. Übersetzt und herausgegeben von Heinz Fähnrich. Buchverlag König, Greiz/Thür, 2011