ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ხედვა მდინარე აკამპსისის ბიზანტიური ნაპირიდან (ნაპირის მხრიდან)
ცნობილი ბიზანტინისტის, ბიზანტინოლოგიის ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტის ანტონი ბრაიერის წინამდებარე ინგლისური სტატია პირველად გამოქვეყნდა ამსტერდამში 1991 წელს, როგორც შესავალი ქართლის ცხოვრების ერთი ქვეთავის ინგლისური თარგმანისა. ინგლისური თარგმანი XIII საუკუნის უცნობი ქართველი ავტორის ლაშა გიორგის დროინდელი ქრონიკისა შესრულებულია საქართველოს მეგობრის, ვეფხისტყაოსნის ინგლისურად მთარგმნელის, ჩვენი ჟურნალის ერთი უცხოელი ავტორის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის მიერ (The Georgian Chronicle. The Period of Giorgi Lasha. Translated by Katharine Vivian. Adolf M. Hakkert Publisher. Amsterdam 1996). ამ წიგნის შესავალში ინგლისელი ბიზანტინისტი, ანტონი ბრაიერი, შუასაუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიას მიმოიხილავს უაღრესად ფართო ერუდიციით, პარალელებით ძველ ბიზანტიელ და ევროპელ ქრონისტებთან, საისტორიო მწერლობის ფარული ნიუანსების სიღრმისეული ანალიზით. სტატიაში ერთდროულად ჩანს დიდი სიმპათია ქართველი მემატიანეებისადმი და კრიტიკული ანალიზი პანეგირიკოს-ქრონისტთა მონათხრობისა. ვფიქრობთ, ამ ნარკვევის გაცნობა საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც. სტატიის ქართულ თარგმანზე მუშაობდა ჩვენი ჟურნალის თანარედაქტორი არიანე ჭანტურია. აქ წარმოდგენილი ქართული თარგმანი შესრულებულია ლევან გიგინეიშვილის მიერ. სტატიის სამეცნიერო აპარატი თან ერთვის ინგლისურ დედანს. საკვანძო სიტყვები:ქეთრინ ვივიანი, ქართული ისტორიოგრაფია, ბიზანტიური ისტორიოგრაფია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი პეტრე იბერის იბერიის სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის ისტორიული დასაბუთების თაობაზე ვერნერ სეიბტი ნაშრომში, რომელშიც განხილულია ქართული ანბანის შექმნის ადგილი, თარიღი და მიზეზები[1], საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ქრისტიანობა V საუკუნის დასაწყისში აწყდებოდა და რის გამოც ბევრი ქართველი, რომლებსაც სურდათ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავისუფალი თაყვანისცემა, იძულებული ხდებოდა სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. წყაროების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სირიისა და პალესტინის წმინდა ადგილებში მიემგზავრებოდა როგორც პილიგრიმ–მომლოცველი. არცთუ იშვიათად ეს ადამიანები ადგებოდნენ ასკეტური ცხოვრების გზას და დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ სამშობლოსგან შორს. სამონასტრო საქმის შესწავლის შემდეგ ქართულენოვანი ბერები საკუთარ მონასტრებს აფუძნებდნენ. ალბათ ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი პირველი ქართველი პილიგრიმთაგანი წმინდა მიწაზე იყო პეტრე იბერი. მისი მაგალითი, როგორც სეიბტი აღნიშნავს, ადასტურებს, რომ ამგვარი, განდეგილებად ქცეული პილიგრიმები საქართველოს წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლებიც იყვნენ. სეიბტის ეჭვი პეტრეს ცხოვრების შესახებ არსებული სირიული და ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობის შესახებ ეყრდნობოდა ჯერაც გადაუჭრელ პრობლემას, რომლის მიხედვითაც გაურკვეველია, პეტრე ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო, თუ მხოლოდ წარჩინებული ოჯახის შვილი. საკვანძო სიტყვები:პეტრე იბერი, იოანე რუფუსი, გენეალოგია კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის მიჯნაზე: სიყვარული შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა და კრეტიენ დე ტრუას არტურის ციკლის რომანებში
კრეტიენ დე ტრუა და შოთა რუსთაველი დაახლოებით ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მათ ნაწარმოებებშიც გარკვეული მსგავსება არსებობს – აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია რუსთაველის ვეფხისტყაოსნისა და კრეტიენ დე ტრუას რომანებში ასახული სიყვარულის თემის განხილვა. ზემოაღნიშნული ნაწარმოებების დეტალური შესწავლის შედეგები ამყარებს არსებულ აზრს, რომ ორივე პოეტისათვის სიყვარულის სათანადო გამოვლინება ზუსტად ქორწინება იყო და არა ადიულტერი. თუმცა ტექსტებში აღწერილი სიყვარულის თემის უფრო დეტალური შესწავლის შედეგად გამოჩნდა მათ შორის არსებული განსხვავებებიც. კრეტიენის რომანებში დაქორწინებული წყვილები აძლიერებენ თავიანთ სიყვარულს წონასწორობის დამყარებით საკუთარ პირად სიყვარულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, ხოლო ადიულტერი უარყოფით მოვლენადაა მიჩნეული. ავთანდილის სახით რუსთაველი აღწერს ისეთ გმირს, რომელიც თავიდანვე რაციონალურად აზროვნებს, მოქმედებს და რომლის სიყვარულიც ეჭვს არ იწვევს. მას შეუძლია ემოციური კონტროლის შენარჩუნება ანუ თინათინთან დაშორებისას წუხილთან და სასოწარკვეთილებასთან საკუთარი ძალებით გამკლავება. პოემაში მისი როლი მხოლოდ ნესტანის პოვნით არ შემოიფარგლება, მისი მიზანია ტარიელის შინაგანი ღირსების აღდგენა. კრეტიენისგან განსხვავებით, რუსთაველი თავის პოემაში უფრო მეტად ავითარებს მეგობრობა-სიყვარულის გრძნობას მამრობით გმირებს შორის. ავთანდილსა და ტარიელს შორის არსებული სიყვარულის ანალიზის შედეგად დადგინდა მისი გარკვეული მსგავსება დიდებულებს შორის არსებულ მეგობრობის ნეოპლატონისეულ კონცეფციასთან, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთში განვითარდა. ამ ორი პოეტის ხედვებს შორის მკვეთრი მსგავსება არსებობს, მაგრამ არსებული განსხვავებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოღვაწეობდნენ. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა, ქორწინება, მეგობრობა, გამაკეთილშობილებელი სიყვარული კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ – თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის სავიზიტო ბარათი
როგორც მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა თუ სემინარების უმთავრესი მიზანია არა მარტო სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატებების წარმოჩენა და კოლეგათათვის გაზიარება, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის კონტაქტების გაფართოება, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების დაგეგმვა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული ლიტერატურის კვლევა თანამედროვე ფილოლოგიური სტანდარტების კონტექსტში, რაც გულისხმობს ლიტერატურული პროცესის ინტერპრეტაციას ფართო ლიტერატურულ – ესთეტიკურ ჭრილში, ზოგად – ლიტერატურული პროცესისა და შესაბამისი კულტურული მოდელების გათვალისწინებით. ამ მიზნით 2007 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რაც ერთ–ერთი ოპტიმალური საშუალებაა უცხოეთის მსგავსი პროფილის სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და საუნივერსიტეტო სივრცეებთან ურთიერთობის დამყარებისა. მსგავსი სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ჩართვას საერთაშორისო ლიტერატურულ კვლევებში, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ეხმარება და აჩქარებს ქართული ფილოლოგიური სკოლის მსოფლიო ჰუმანიტარულ პროცესებში ინტეგრირებას. საკვანძო სიტყვები:ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი
გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობა (პრომეთეს ნაშიერნი)
გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობით დიდი ხანია დაინტერესებულია საზოგადოება. ახალი აღმოჩენებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ნაწარმოებების მოძიება ახალ პერსპექტივებს სთავაზობს მეცნიერებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს მისი შემოქმედების კვლევის საქმეში. 1942 წელს ბრიუსელის გაზეთის სხვადასხვა ნომერში დაბეჭდილი რობაქიძის ხუთი საგაზეთო პუბლიკაცია, საერთო სახელწოდებით კავკასიის სილუეტები, ქართველი მკითხველისათვის უცნობია. მათ შესახებ ავტორი აღნიშნავს წერილში გულნადები, რომელიც მან 1947 წელს მისწერა ქართველ მწერლებს. როგორც თავად მიუთითებს, მეორე მსოფლიო ომის მძვინვარე წლებში მან შეძლო ამ სტატიებში „პოლიტიკური აქცენტების“ თავიდან აცილება. კავკასიური სილუეტის პრომეთეს ნაშიერნი („Das Geschlecht von Prometheus“, 26. 08. 1942) მთავარი თემაა თავისუფალი ადამიანი და მისი საქმიანობა. მასში რობაქიძე ვრცლად მოუთხრობს გერმანიის მიერ ოკუპირებული ბელგიის მოსახლეობასა და გერმანულენოვან მკითხველს ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან და აცნობს მათ კავკასიაში მცხოვრები თავისუფლების მოყვარეერების ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესახებ. რობაქიძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მისი ნაწარმოებების მეშვეობით გასული საუკუნის 30-40-იანი წლებში ევროპამ ხელახლა აღმოეჩინა პრომეთეს ქვეყანა. რობაქიძის პრომეთესათვის დამახასიათებელი ამბივალენტურობა – თავისუფლებისათვის მებრძოლი და მკრეხელი – შეიძლება ამავდროულად ემიგრანტი მწერლის მდგომარეობასაც მივუსადაგოთ ორ ფრონტს შორის. ისიც პრომეთეს იმ ნაშიერთ განეკუთვნება, რომელთათვის შველა არსაიდან ჩანს. სწორედ ამ ამბივალენტურობის გამო მკვიდრდება რობაქიძის შემოქმედების სხვადასხვაგვარი შეფასება როგორც ქართულ და გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. ყოველი აღმოჩენა კი შესაძლებლობას იძლევა ახალი დასკვნების გასაკეთებლად. საკვანძო სიტყვები:კავკასია, გრიგოლ რობაქიძე, პრომეთე, თავისუფლება. კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|