ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
სურიონ-ვანის მფარველი ღვთაება:
ვანის ძველი ქალაქი ანტიკურ ეპოქაში Anassa Souri „სურიონ“-ად იწოდებოდა [3, გვ. 223; 7, გვ. 124-128]. ვანის ნაქალაქარზე არაერთი მნიშველოვანი არტეფაქტებია აღმოჩენილი. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქალაქის კარიბჭის კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრული წარწერა: Ar[aomai[w Anas]s[a – „გევედრები მეუფეო – ქალღმერთო“ [1, გვ. 52]. წარწერა პალეოგრაფიულად ძვ. წ. IV-IIIსს-ით თარიღდება და საქართველოში დღემდე აღმოჩენილ უძველეს ლაპიდარულ ბერძნულ წარწერად ითვლება [2, გვ. 148]. იგი მრავალმხრივ საყურადღებოა. აღნიშნული წარწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო სურიონელთა - ვანის მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არამედ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ზოგადად, ძველი კოლხეთის საზოგადოების იდეოლოგიისთვისაც. საკვანძო სიტყვები:ვანი, სურიონი, აფროდიტე, ქალღვთაება, ანასა, კოლხეთი, სინკრეტიზაცია კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი ბრინჯაოს ხანის კრატერი აწყურიდან
თუ აწყურში გათხრილ ორივე ქვაყრილიანი სამარხისა და სოფ. ოთაში გათხრილ ამავე პერიოდის სამარხეულ ინვენტარს გავაანალიზებთ, აშკარა გახდება, რომ „თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის“ მომდევნო ეტაპზე სამცხეში არსებობს თვისებრივად რამდენადმე განსხვავებული კულტურა, რომელშიც შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, მაგრამ ჩნდება ახალიც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარი ინვენტარით ხასიათდება: ნაირგვარი კერამიკა (როგორც ამიერკავკასიისათვის ტრადიციული, ისე ანატოლიურის ანალოგიური, აგრეთვე „კანთაროსისებრი“ კერამიკა და სხვა), ბრინჯაოს სატევრები, სამაჯურები, რამოდენიმე სახის საკინძი, ბრინჯაოს გარსაკრავები, ბრინჯაოს ფირფიტები, ბრინჯაოს დისკოები, ბრინჯაოს ქანდაკება, ბრინჯაოს საკისრე რგოლები, ორთითა, ობსიდიანის და კაჟის ისრის პირები, სარდიონის მძივები, რელიეფური დეკორით შემკული ოქროს გარსაკრავები, ოქროს შუბლსაკრავი, ოქროს დისკოები). ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გარდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოსა და თიხის ნაწარმისა, ამ კულტურისათვის დამახასიათებელი ატრიბუტია ოქროს სამკაული (შეად. აგრეთვე სოფ. ზველის – ასპინძის რაიონი - მასალა), რომლის ერთი ნაწილი ალუვიური ოქროსაგანაა დამზადებული. საკვანძო სიტყვები:აწყურის გათხრები, შუაბრინჯაოს ხანა, კრატერი, სამცხის მიკროკულტურა კატეგორია: კვლევები ავტორები: ვახტანგ ლიჩელი ნესტანის წერილი საყვარლისადმი
"წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა" ვეფხისტყაოსნის საუკეთესო პასაჟთაგან ერთი პირველთაგანია. სწორედ მასშია გამოკვეთილი უსაზღვრო და თავგანწირული, რომანტიკულ-სენტიმენტალური შეფერილობის სიყვარულით შთაგონებული და ამ სიყვარულის გადარჩენისთვის მებრძოლი გმირი ქალის ადამიანურ-რეალური წარმოსახვიდან მოაზრებული ჰიპერბოლურად არარეალური, იდეალური მხატვრული სახე. ჩემი კვლევა-ძიების თანახმად, სწორედ ამ მხატვრული პროტოტიპის საფუძველზეა შექმნილი შექსპირის შესანიშნავ ქალ-პერსონაჟთაგან ერთ-ერთი საუკეთესოს - იმოჯენის მხატვრული სახე, რომელსაც ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა ამგვარივე ნიშნებით ახასიათებს. ნესტანის წერილი ყველაზე კომპაქტურად გამოავლენს რუსთველის მსოფლმხედველობითი კრედოს ერთ პრინციპულ თეზას: კეთილი და მფარველი ღმერთი, რომლისკენაც მიისწრაფის ნესტანი, და ცრუ და დაუნდობელი ამქვეყნიურობა, მრისხანე, გარდაუვალი ბედითურთ, რომელსაც აბრალებს ნესტანი თავისი სატრფოს და საკუთარ უბედურებას. რუსთველი აქვე მიანიშნებს ამქვეყნიური მოღვაწეობის ერთ უმთავრეს პრინციპზე - საკუთარი ქვეყნის სამსახურზე. ამავე წერილში შეიძლება ამოვიკითხოთ კიდევ ერთი ფილოსოფიური თეზა: მიწიერი ცხოვრებიდან წასული ადამიანის ერთადერთი დანატოვარი - როგორც რაობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა - მისი არსებობა მოგონებაში. ვეფხისტყაოსნის ტექსტი გადმობეჭდილია პოემის 1966 წლის ვარიანტებიანი გამოცემიდან (ა. შანიძისა და ა. ბარამიძის გამოცემა), სტროფების შესაბამისი ნუმერაციითურთ. მარჯორი უორდროპის, ვენერა ურუშაძის, ქეთრინ ვივიანისა და რობერტ სტივენსონის ინგლისური თარგმანები იმავე გამოცემებიდან, რომლებზედაც იყო მითითებული ”ქართველოლოგის” 21-ე ნომერში გამოქვეყნებული ავთანდილის ანდერძის პუბლიკაციისას. ელგუჯა ხინთიბიძე საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ვახტანგ ლიჩელი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|