ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ანთროპონიმთა ტრანსფორმაციის ტიპოლოგია „ვარლაამისა და იოსაფის ისტორიის“ არაბულ, ქართულ და ბერძნულ რედაქციებში

 

ანთროპონიმები – ადამიანთა საკუთარი სახელები ლინგვოკულტუროლოგიური კვლევის საგანია, რადგანაც მათში აისახება სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ ეთნოსის კულტურული და სოციალური კონტექსტი. ანთროპონიმები სხვადასხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია ეთნოსის რელიგიური, თუ მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენებით, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ამა თუ იმ კულტურაში. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებისთვის კულტურულად რელევანტურია ანთროპონიმებში  ბიბლიური და უფრო სუსტად მითოლოგიური მიმართებების ასახვა, რადგანაც ამ ეპოქაში ქართული  კულტურული იდენტობა შეპირობებულია სწორედ ქრისტიანული რელიგიით.  ამ თვალსაზრისით წინამდებარე კვლევაში შესწავლილი იქნება შუა საუკუნეების ერთერთი პოპულარული თხზულების „ბალავარიანის“ ანთროპონიმები, მათი მიმართება ერთი მხრივ, ქართული ტექსტის წყაროსთან - არაბულ Kitāb Bilawhar wa-Būd̠āsaf  („წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“) და მეორე მხრივ, თხზულების ბერძნულ თარგმანთან (რომელიც მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,  ქართულიდან თარგმნილად მიიჩნევა).

კვლევაში გამოყენებულია კომპარატივისტული მეთოდი („ბალავარიანის“ არაბულ-ქართულ-ბერძნული ტექსტების საკუთარ სახელთა შედარებითი ანალიზი), დესკრიფციული მეთოდი, კოგნიტურ- კონცეპტუალური ანალიზის მეთოდი (ასოციაციების კვლევა), ლინგვო კულტუროლოგიური ანალიზი.


საკვანძო სიტყვები:ვარლაამისა და იოსაფის ისტორია, ექვთიმე ათონელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ირმა მაკარაძე
სიახლენი ბერძნული ბარლაამ-რომანის შექმნის პრობლემატიკაში

 

„ვარლაამ და იოასაფის სულისმარგებელი ისტორია“, რომელიც გვიანდელ შუა საუკუნეებში ბერძნული ენიდან მრავალგზის თარგმნის შემდეგ რენესანსის წინარე პერიოდის ევროპის ყველა ხალხის უაღრესად პოპულარული თხზულება იყო, XII საუკუნიდან ბერძენ და ლათინელ გადამწერთა, ხოლო XIX საუკუნიდან ბიზანტინისტთა წინაშე მრავალ ამოუცნობ პრობლემას წარმოშობს. შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით იგი ყველაზე თვალსაჩინო თხზულებაა, რადგან საფუძველს აშკარად ინდური ბუდას ცხოვრებიდან იღებს, ხოლო ჩვენამდე მოღწეული სახით ცნობილია როგორც ქრისტიანული, ასევე მაჰმადიანური რედაქციებით. ამას ისიც ემატება, რომ თხზულების სხვადასხვა გადამუშავება თუ თარგმანი ჩვენამდე მოღწეულია როგორც აღმოსავლურ (არაბულ, სპარსულ, ებრაულ...), ასევე ქრისტიანული გადამუშავებით ქართულ, ბერძნულ, ლათინურ, რუსულ და დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ხალხთა ენებზე. ბიზანტინისტთათვის განსაკუთრებით საძიებელი აღმოჩნდა წარმომავლობის და ავტორობის საკითხი, რამდენადაც იგი  შეფასდა  არა მხოლოდ უპოპულარულეს, არამედ ბიზანტიური მწერლობის უბრწყინვალეს თხზულებად. საუკუნეზე მეტია, რაც ბიზანტინისტთა მიერ სხვადასხვა თვალსაზრისია წარმოდგენილი ამ თხზულების (რომელსაც უკანასკნელი პერიოდის სამეცნიერო კვლევებში ბარლაამ-რომანის სახელით მოიხსენიებენ) ავტორის შესახებ, დაფუძნებული XI საუკუნიდან მოღწეულ პირველწყაროთა ორ ცნობაზე — საბაწმიდელი უცნობი ბერი იოანე, რომელიც უპირატესად წმინდა იოანე დამასკელად მიიჩნევა, ან წმინდა ეფთვიმე ათონელი. ქართველი მეცნიერები ამ კვლევაში ეფთვიმე ათონელის ავტორობის სამტკიცებლად უფრო აქტიურად წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩაერთვნენ. დღეისთვის უკვე თითქმის ყველა ევროპელი მკვლევარი თვლის, რომ ავტორი წმიდა ეფთვიმეა და ბარლაამ-რომანი ქართული ბალავარიანიდანა გადამუშავებული. ქართველოლოგთა არგუმენტირებას საბოლოო წერტილი დაუსვა შეიერნის სააბატოს ბიზანტინოლოგიური ინსტიტუტის მიერ XXI საუკუნის პირველივე ათწლეულში გამოცემულმა ორტომეულმა ,,ვარლაამ და იოასაფის ისტორიის“ ბერძნული კრიტიკული გამოცემისა (რობერტ ფოლკის ხელმძღვანელობით), სათანადო კრიტიკულ აპარატითა და სამეცნიერო კვლევითურთ. ციფრული ტექნოლოგიური კვლევების სიზუსტით გამოვლინდა ბარლაამ-რომანის ტექსტის მიმართებანი  ბიბლიურ, წმინდა მამათა თუ აგიოგრაფიულ თხზულებებთან. სვიმოონ ლოღოთეტის მეტაფრასული მენოლოგიონი კვლევის ცნობილი სპეციალისტის, ქრისტიანი ჰეგელის, ნარკვევმა ნათლად წარმოაჩინა ეფთვიმე ათონელის კავშირი ბიზანტიური აგიოგრაფიის მეტაფრასულ ტექსტებთან და ქართველი მოღვაწის დამსახურება ბიზანტიური მწერლობის წინაშე.


საკვანძო სიტყვები:ბარლაამ-რომანი, ვარლაამი და იოასაფი, ბალავარიანი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე

 

„ვარლაამისა და იოასაფის რომანთან“ (CPG 8120) დაკავშირებულ პრობლემებს შორის, რომელთა შესახებ მეცნიერთა შორის კამათი დღემდე არ დამცხრალა, „რომანის“ ავტორის, ან, უფრო ზუსტად, ბალაჰვარისა და იოდასაფის ლეგენდის ბერძნულად მთარგმნელის ვინაობის დადგენა ერთ-ერთ პირველხარისხოვან ამოცანად რჩება. იმის გამო, რომ საკითხის გადაჭრა უშუალოდ თხზულების ტექსტზე დაყრდნობით არ ხერხდება, მკვლევარები იძულებულნი არიან, საამისოდ გააანალიზონ არაპირდაპირი წყაროებიდან მომავალი ინფორმაცია, ანდა – თხზულების ნუსხათა უმრავლესობაში დაფიქსირებული ნაწარმოების ერთგვარი სათაური, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში საზოგადოდ „ლემას“ უწოდებენ. მას მეცნიერები დღემდე იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევდნენ, რითაც – უშუალოდ ნაწარმოებს, ანუ ცდილობდნენ, ნუსხებში შემონახული ვარიანტების საფუძველზე აღედგინათ „ლემა“, ან, ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნათ მისი თავდაპირველი სტრუქტურის შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია მიეღოთ „რომანის“ წარმოშობისა და ავტორის ვინაობის დასადგენად. სინამდვილეში „ლემის“ ტექსტის გენეოლოგიური ხის გამოვლენის მცდელობამ კიდევ უფრო გაართულა ამ ფართო და მრავალფეროვანი ტექსტოლოგიური ტრადიციის მქონე ნაწარმოების ისედაც რთული ფილოლოგიური ანალიზი. 2020 წ.-ს გამოქვეყნებულ ჩვენს ერთ-ერთ ნაშრომში შევისწავლეთ ეს უაღრესად კომპლექსური პრობლემა და „ლემის“ ენობრივ-ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე წამოვაყენეთ ახალი თვალსაზრისი მისი ვარიანტების ბუნდოვანი იკითხვისების შესახებ. ამჯერად ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, განსხვავებული მეთოდის მომარჯვებით განვამტკიცოთ ჩვენი ჰიპოთეზა, ან გამოვარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია იგი, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ახალი პერსპექტივა დავსახოთ პრობლემის საკვლევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჯერად ე. წ. „ლემას“ განვიხილავთ, როგორც პარატექსტულ ელემენტს და ამ პრიზმიდან გავაანალიზებთ მის წარმოშობას, ფუნქციასა და შინაარსს.

 


საკვანძო სიტყვები: კატეგორია: კვლევები ავტორები: გაგა შურღაია
„ვარლაამის და იოასაფის რომანის“ (CPG-8120) ე.წ. „ლემა“, როგორც პარატექსტი

 

„ვარლაამისა და იოასაფის რომანთან“ (CPG 8120)[2] დაკავშირებულ პრობლემებს შორის, რომელთა შესახებ მეცნიერთა შორის კამათი დღემდე არ დამცხრალა, „რომანის“ ავტორის, ან, უფრო ზუსტად, ბალაჰვარისა და იოდასაფის ლეგენდის ბერძნულად მთარგმნელის ვინაობის დადგენა ერთ-ერთ პირველხარისხოვან ამოცანად რჩება. იმის გამო, რომ საკითხის გადაჭრა უშუალოდ თხზულების ტექსტზე დაყრდნობით არ ხერხდება, მკვლევარები იძულებულნი არიან, საამისოდ გააანალიზონ არაპირდაპირი წყაროებიდან მომავალი ინფორმაცია, ანდა – თხზულების ნუსხათა უმრავლესობაში დაფიქსირებული ნაწარმოების ერთგვარი სათაური, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში საზოგადოდ „ლემას“ უწოდებენ. მას მეცნიერები დღემდე იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევდნენ, რითაც – უშუალოდ ნაწარმოებს, ანუ ცდილობდნენ, ნუსხებში შემონახული ვარიანტების საფუძველზე აღედგინათ „ლემა“, ან, ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნათ მისი თავდაპირველი სტრუქტურის შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია მიეღოთ „რომანის“ წარმოშობისა და ავტორის ვინაობის დასადგენად. სინამდვილეში „ლემის“ ტექსტის გენეოლოგიური ხის გამოვლენის მცდელობამ კიდევ უფრო გაართულა ამ ფართო და მრავალფეროვანი ტექსტოლოგიური ტრადიციის მქონე ნაწარმოების ისედაც რთული ფილოლოგიური ანალიზი. 2020 წ.-ს გამოქვეყნებულ ჩვენს ერთ-ერთ ნაშრომში შევისწავლეთ ეს უაღრესად კომპლექსური პრობლემა და „ლემის“ ენობრივ-ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე წამოვაყენეთ ახალი თვალსაზრისი მისი ვარიანტების ბუნდოვანი იკითხვისების შესახებ[3]. ამჯერად ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, განსხვავებული მეთოდის მომარჯვებით განვამტკიცოთ ჩვენი ჰიპოთეზა, ან გამოვარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია იგი, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ახალი პერსპექტივა დავსახოთ პრობლემის საკვლევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჯერად ე. წ. „ლემას“ განვიხილავთ, როგორც პარატექსტულ ელემენტს და ამ პრიზმიდან გავაანალიზებთ მის წარმოშობას, ფუნქციასა და შინაარსს.

 


საკვანძო სიტყვები:ვარლაამისა და იოსაფის ისტორია, ექვთიმე ათონელი კატეგორია: კვლევები ავტორები: გაგა შურღაია
ბალავარიანის ქართული რედაქციები: ურთიერთმიმართება

 

ბუდას ცხოვრების ამბავზე ამოზრდილი ბალავარისა და იოდასაფის ისტორიის პრობლემატიკა ერთი უმთავრესთაგანია შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისათვის. ამ ინდური წარმოშობის თხზულების რედაქციები ფართოდაა ცნობილი ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ბევრ სამწერლობო ენაზე. კერძოდ, მეთერთმეტე საუკუნიდან ჩვენამდე მოღწეული ბერძნული თხზულება სულისმარგებელი ისტორია ვარლაამისა და იოასაფისა და ევროპულ ენებზე მისი თარგმნილი თუ გადამუშავებული ვერსიები რენესანსის უშუალოდ წინარე ეპოქის ევროპის ხალხთა შორის ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებოდა.

ბიზანტინოლოგიურ ლიტერატურაში თანდათანობით მკვიდრდება ევროპაში XX საუკუნის სამეცნიერო კვლევებში ჩამოყალიბებული თვალსაზრისები, რომელთა მიხედვით ამ თხზულების წყაროების, ავტორობისა და დაწერის დროის პრობლემათა ძიება მჭიდროდ ეფუძნება შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო-ლიტერატურულ ცნობებს  [Peeters 1931; Gimaret 1971; Khintibidze 1976; 1997]. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეიერნის სააბატოს ბიზანტინოლოგიური ინტიტუტის მიერ XXI საუკუნის პირველივე ათწლეულში გამოცემული ორტომეული ვარლაამ და იოასაფის ისტორიის  კრიტიკული გამოცემისა [Volk 2006; 2009].  დღეისათვის საკამათოდ ნაკლებად თვლიან, რომ ბერძნული ვარლაამ და იოასაფის ისტორია შექმნილია ბალავარიანის ქართული რედაქციის საფუძველზე და რომ იგი X-XI საუკუნეების მიჯნის ავტორის ეფთვიმე ათონელის ხელიდანაა გამოსული. ქართულ ხელნაწერებში ბალავარიანის ორი რედაქციაა შემონახული: მოკლე – სიბრძნე ბალაჰვარისი და ვრცელი – წმინდა იოდასაფის ცხოვრება.  ქართული რედაქციები არაბულ-ისმაილური რედაქციის (ბალაჰვარ და ბუდასაფის წიგნის) გადამუშავებადაა მიჩნეული. ეს თვალსაზრისი დამკვიდრა მას შემდეგ, რაც ამ არაბული რედაქციის ვ. როზენის მიერ შესრულებული რუსული თარგმანი გამოქვეყნდა [Rosen 1947].  ბალავარიანის ვრცელი ქართული რედაქციის შინაარსობრივი ეპიზოდების მწყობრი მიმართება არაბულ-ისმაილურ რედაქციასთან გამოვლინდა ამ უკანასკნელის დ. ჟიმარესეული ფრანგული თარგმანითა და გამოკვლევით [Gimaret 1971].

 


საკვანძო სიტყვები:ბალავარიანი, ვარლაამისა და იოასაფის ისტორია, ექვთიმე ათონელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე