ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.

ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

გაგა შურღაია

„ვარლაამის და იოასაფის რომანის“ (CPG-8120) ე.წ. „ლემა“, როგორც პარატექსტი[1]

„ვარლაამისა და იოასაფის რომანთან“ (CPG 8120)[2] დაკავშირებულ პრობლემებს შორის, რომელთა შესახებ მეცნიერთა შორის კამათი დღემდე არ დამცხრალა, „რომანის“ ავტორის, ან, უფრო ზუსტად, ბალაჰვარისა და იოდასაფის ლეგენდის ბერძნულად მთარგმნელის ვინაობის დადგენა ერთ-ერთ პირველხარისხოვან ამოცანად რჩება. იმის გამო, რომ საკითხის გადაჭრა უშუალოდ თხზულების ტექსტზე დაყრდნობით არ ხერხდება, მკვლევარები იძულებულნი არიან, საამისოდ გააანალიზონ არაპირდაპირი წყაროებიდან მომავალი ინფორმაცია, ანდა – თხზულების ნუსხათა უმრავლესობაში დაფიქსირებული ნაწარმოების ერთგვარი სათაური, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში საზოგადოდ „ლემას“ უწოდებენ. მას მეცნიერები დღემდე იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევდნენ, რითაც – უშუალოდ ნაწარმოებს, ანუ ცდილობდნენ, ნუსხებში შემონახული ვარიანტების საფუძველზე აღედგინათ „ლემა“, ან, ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნათ მისი თავდაპირველი სტრუქტურის შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია მიეღოთ „რომანის“ წარმოშობისა და ავტორის ვინაობის დასადგენად. სინამდვილეში „ლემის“ ტექსტის გენეოლოგიური ხის გამოვლენის მცდელობამ კიდევ უფრო გაართულა ამ ფართო და მრავალფეროვანი ტექსტოლოგიური ტრადიციის მქონე ნაწარმოების ისედაც რთული ფილოლოგიური ანალიზი. 2020 წ.-ს გამოქვეყნებულ ჩვენს ერთ-ერთ ნაშრომში შევისწავლეთ ეს უაღრესად კომპლექსური პრობლემა და „ლემის“ ენობრივ-ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე წამოვაყენეთ ახალი თვალსაზრისი მისი ვარიანტების ბუნდოვანი იკითხვისების შესახებ[3]. ამჯერად ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, განსხვავებული მეთოდის მომარჯვებით განვამტკიცოთ ჩვენი ჰიპოთეზა, ან გამოვარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია იგი, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ახალი პერსპექტივა დავსახოთ პრობლემის საკვლევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჯერად ე. წ. „ლემას“ განვიხილავთ, როგორც პარატექსტულ ელემენტს და ამ პრიზმიდან გავაანალიზებთ მის წარმოშობას, ფუნქციასა და შინაარსს.

როგორც ცნობილია, ტერმინი „პარატექსტი“ ფრანგ სტრუქტურალისტს, ჟ. ჟენეტს (1930-2018) ეკუთვნის. მან იგი პირველად გამოიყენა 1982 წ.-ს[4], ხოლო მის შესახებ მწყობრი მეცნიერული თეორია ჩამოაყალიბა პარიზში ხუთი წლის შემდეგ დასტამბულ მონოგრაფიაში „ზღურბლი“[5], სადაც პარატექსტი განსაზღვრა, როგორც გარკვეული რაოდენობის ელემენტთა ერთობლიობა (ანუ ავტორის სახელი, სათაური, წინასიტყვაობა და ილუსტრაციები), რომლებიც არსებობს ტექსტის გარშემო და მას თან ახლავს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს მკითხველს ტექსტის სიღრმისეულ წვდომასა და სრულყოფილად აღქმაში. მეცნიერის აზრით, ეს აპარატი ერთგვარი „ზღურბლი“, ან ვესტიბულია, საიდანაც შეგიძლია, ტექსტში ფეხი შედგა, ან უკან გამობრუნდე[6]. ამ დანიშნულების შესაბამისად, პარატექსტი იგება მკაფიო გეგმით, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება, უკეთ წარმოუდგინოს მკითხველს ტექსტი და ხელი შეუწყოს მის, რაც შეიძლება, უკეთ აღქმას. აღსანიშნავია ორი გარემოებაც. პირველი, პარატექსტის ფორმა ძირის-ძირობამდე იცვლება დროისა და ვითარების შესაბამისად; და, მეორე, აუცილებელი არაა, იგი უშუალოდ ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის კალამს ეკუთვნოდეს[7]. ამასთან, პარატექსტი არსებობს როგორც პერიტექსტი, ანუ წიგნში, როგორც საგამომცემლო საქმიანობის ნაწარმში ლიტერატურულ თხზულებასთან დაკავშირებულ გრაფიკულ საშუალებათა ერთობლიობა, ანდა – როგორც ეპიტექსტი, რომელიც მოიცავს ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმოების გასაცნობად შექმნილ სხვა საშუალებებს, მაგ., გამოხმაურება-რეცენზიებს, განცხადებებს, ინტერვიუებს[8].

მიუხედავად იმისა, რომ ჟ. ჟენეტის თეორია ნაბეჭდი წიგნის სპეციფიკაზე დაკვირვებით წარმოიშვა, შემდგომში იგი ფართოდ გავრცელდა ტექსტის ჰერმენევტიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – იმ მედიევისტურ მეცნიერებებში, რომლებიც ხელნაწერ წიგნს იკვლევს. ცხადია, მათი გამოყენების თვალსაზრისით, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თუ სათანადოდ გავითვალისწინებთ კვლევის ობიექტებს შორის ამ პრინციპულ განსხვავებას[9], ჟ. ჟენეტის თეორიის მომარჯვებამ, შეიძლება, უაღრესად ნაყოფიერი შედეგი გამოიღოს. თუმცა, ჩვენი ნაშრომის მიზანი არ არის საკითხის შესახებ თეორიული მსჯელობა. ჩვენი ექსპერიმენტი ამჯერად იმით შემოიფარგლება, რომ განვიხილოთ „ლემა“, როგორც პარატექსტი და, კერძოდ, პერიტექსტი, რომლის მიზანია, დაეხმაროს მკითხველს ლიტერატურული ნაწარმოების, რაც შეიძლება, უკეთ ჩაწვდომაში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა ტერმინით, შეიძლება, მოვიხსენიოთ საკვლევი პერიტექსტური ერთეული. როგორც აღინიშნა, სპეციალურ ლიტერატურაში მას, როგორც წესი, „ლემას“ უწოდებენ, მაგრამ რადგანაც ეს სახელდება სათანადოდ ვერ ასახავს ამ პარატექსტის ვერც ფორმისა და ვერც ფუნქციის სპეციფიკას, ვარჩევთ, ჯერ-ჯერობით მას „სათაური“ ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს სახელწოდება გახლავთ უზადო. უმთავრესად, ნაბეჭდი წიგნის გავლენით, ტერმინი „სათაური“, როგორც წესი, ასახავს ავტორის, ან, იშვიათ შემთხვევებში, სხვა პირთა (მაგ., რედაქტორების) ერთმნიშვნელოვანი მოქმედების შედეგს, რომლის მიზანია, სახელი მიანიჭოს ლიტერატურულ ნაწარმოებს, ხოლო შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში ასეთი ერთმნიშვნელოვნება არ არსებობს: ხელნაწერებში თხზულებათა დასაწყისები ისეა წარმოდგენილი, რომ ისინი მკითხველისთვის ტექსტის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად შექმნილ ტექნიკურ საშუალებად უფრო მოიაზრება, ვიდრე – უშუალოდ ტექსტისთვის სახელის მისანიჭებლად. ამდენად, შუასაუკუნოებრივი ხელნაწერი წიგნების სპეციფიკის სრულყოფილად ასახვისთვის დღეს უაღრესად აქტუალური ხდება ანალოგიური კონკრეტული და ადეკვატური ტერმინოლოგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება მრავალრიცხოვანი კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და კლასიფიკაციას. ასეთი ანალიზის ჩატარებამდე დროებით გამოვიყენებთ ტერმინს „სათაურს“, მაგრამ მხედველობის მიღმა არ დაგვრჩება ხელნაწერი წიგნის სპეციფიკა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სათაური განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნებში. როგორც წესი, ნაბეჭდ წიგნში იგი ნაწარმოების პირველ გამოცემასთან ერთად იქმნება და არ იცვლება, ხოლო ხელნაწერ წიგნში უაღრესად ცვალებადია ისევე, როგორც – ხელნაწერის ყველა შემადგენელი ელემენტი, მათ შორის, მთავარი ტექსტიც კი. ამასთან, ზოგჯერ სათაური ცალკეული ხელნაწერის დამზადების კონტექსტს არის მისადაგებული. მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში დროთა განმავლობაში ნაწარმოების ადრეულ ნუსხებთან ერთად შექმნილი სათაურიც კი იცვლება. გარდა ამისა, შეიძლება, იგი წიგნს შედარებით გვიან, ანუ მას შემდეგ დაემატოს, რაც ნაწარმოები უკვე, კარგა ხანია, წიგნად მიმოქცევაში შევიდა. პარატექსტური ელემენტების გადაღებისას გადამწერებმა, შეიძლება, ერთგულად გადმოიწერონ იგი ანტიგრაფიდან, ანდა პირადი არჩევანის შესაბამისად განაახლონ იგი ისე, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ნათელად გავიაზროთ, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მათ. ამიტომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პირველადი და მეორადი პარატექსტები. პირველადი პარატექსტი კონკრეტულ საგამომცემლო პროექტს შეესატყვისება და უშუალოდ დაერთვის ძირითადი ტექსტის ასლს. მეორადი მოგვიანებით იქმნება, რათა მკითხველსა და ტექსტს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი დამყარდეს და, თუ შესაძლებელია, დაიხვეწოს წიგნის კონკრეტული ნიმუშის თავდაპირველად პარატექსტურ ელემენტთა ერთობლიობაც. მეტიც, შეიძლება, მეორადი პარატექსტები რამდენიმე შრედაც კი ჩამოყალიბდეს[10], რაც ხელნაწერის წიგნის არაჩვეულებრივ დინამიზმზე მეტყველებს.

საკვლევ შემთხვევაში იმთავითვე აშკარაა, რომ სხვადასხვა ხელნაწერის მიხედვით სათაურის შინაარსი იცვლება, მეტიც, უკიდურესად იცვლება, რაც, შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ „ვარლაამისა და იოასაფის რომანის“ წიგნად მიმოქცევაში ჩაშვების დროს პარატექსტად ჩამოყალიბებული სათაური კონკრეტულად ამა თუ იმ ხელნაწერის გადამწერის ხელთ არსებულ ინფორმაციას გვაწვდის. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია გამუდმებით იცვლება. ერთგან სათაური ბუნდოვნად მიგვანიშნებს ნაწარმოების წარმომავლობაზე, სხვაგან დამატებულია იმ პიროვნების სახელი, რომელმაც თხზულება მისი შექნის მითითებული ადგილიდან ჩამოიტანა, სხვაგან მისი მთარგმნელის, ან ავტორის სახელიც კი მოიხსენიება. საქმე გვაქვს ტექსტოლოგიურ პრობლემასთან, რომელსაც მეცნიერები დღემდე ტექსტის გენეოლოგიური ხის დამდგენი იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევნენ, რომლითაც – უშუალოდ „რომანის“ ტექსტს, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ, საკვლევი საკითხის შესახებ უამრავი თვალსაზრისის შემუშავების მიუხედავად, საბოლოოდ ვერც ნაწარმოების წარმოშობის პრობლემა გადაიჭრა და ვერც – მისი ავტორის ვინაობისა.

ფრანც დელგერმა (1891-1968) „რომანის“ ხელნაწერები მათ სათაურებში არსებული განსხვავების მიხედვით ხუთ სხვადასხვა ჯგუფად (A-E) დაყო და მიუთითა, რომ ერთსა და იმავე ჯგუფში გაერთიანებული ნუსხები რედაქციულად ერთსა და იმავე ტექსტებს შეიცავდა[11]. გერმანელი ბიზანტინისტის მიერ სკრუპულოზული სიზუსტით შესრულებულ ანალიზს, ჩვენი აზრით, ის ნაკლი ახლავს, რომ იგი სათაურთა ტიპების კლასიფიკაციისას ერთმანეთისგან არ განასხვავებს მათში გადმოცემული ინფორმაციის ორ უმთავრეს ელემენტს: ნაწარმოების აღმოსავლეთიდან ჩამომტანს და მის ბერძნულად მთარგმნელს. მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა შესაძლებელს ხდის, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ორი სხვადასხვა დონის ინფორმაცია, რომელიც ხელთ ჰქონდა პარატექსტის შემქმნელ გადამწერს და, ამრიგად, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ თავად ნაწარმოების გავრცელების ისტორიის ორი სხვადასხვა მომენტიც. ამ ორ მონაცემს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირის საფუძველზე, ჩვენს ადრინდელ ნაშრომში შევიმუშავეთ ნაწარმოების სათაურების ახალი კლასიფიკაცია, რომელიც მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაციის სპეციფიკას ემყარებოდა[12]. ქვემოთ მოვიყვანთ ამ სქემის გამარტივებულ სტრუქტურას ისე, რომ აღარ მივუთითებთ უშუალოდ ხელნაწერებზე, რომლებშიც ეს ელემენტები არის წარმოდგენილი

სქემა 1

„რომანის“ ჩამომტანი და ავტორი ხელნაწერების მიხედვით 

ტიპი

ჩამომტანი

ავტორი

1.

იოანე საბაწმიდელი

2.

იოანე სინელი (იგულისხ. საბაწმიდელი)[13]

[იოანე სინელი][14]

3.

იოანე დამასკელი საბაწმიდიდან

4.

იოანე ბერი

5.

იოანე ტაბენისიელი

6.

ღვთისმოსავნი მამანი

იოანე დამასკელი

7.

იოანე დამასკელი

8.

იოანე საბაწმიდელი

ექვთიმე იბერიელი

9.

ექვთიმე იბერიელი

10.

ხელნაწერის ჩამომტანის მიხედვით ხელნაწერები ოთხ ჯგუფად ერთიანდება. პირველში დასახელებულია იოანე საბაწმიდელი (ზოგჯერ იგი შეცდომით „სინელად“ მოიხსენიება), მეორეში იოანე საბაწმიდელი იოანე დამასკელთან არის გაიგივებული, მესამე ამ მონაცემს არ შეიცავს, ხოლო მეოთხეში ზოგადად „ღვთისმოსავნი მამანი“ მოიხსენიებიან. ხელნაწერები განსხვავებულ მონაცემებს გვათავაზობს არა მარტო თხზულების ჩამომტანის ვინაობის, არამედ – იმ ადგილის შესახებაც, სადაც ამ პიროვნებამ თხზულება მიიტანა.

ავტორის ვინაობის მიხედვით, ხელნაწერები ექვს სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. პირველში თხზულების ავტორი საერთოდ არ მოიხსენიება, მეორეში დასახელებულია იოანე ბერი, მესამეში – იოანე სინელი (ალბათ, საბაწმიდლის ნაცვლად), მეოთხეში – იოანე ტაბენისიელი, მეხუთეში – იოანე დამასკელი, ხოლო მეექვსეში – ექვთიმე იბერიელი.

სამეცნიერო ლიტერატურაში დამაჯერებლად არის ახსნილი, თუ როგორ იქცა აღმოსავლეთიდან თხზულების ჩამომტანი საბაწმიდელი ბერი იოანე ჯერ „რომანის“ ავტორად, ხოლო შემდეგ – „რომანის“ ავტორ იოანე დამასკელად[15]. საბაწმიდელი ბერი იოანე, რომელსაც ნაწარმოები აღმოსავლეთიდან მოაქვს, ზოგიერთ ხელნაწერში საბაწმიდელ იოანე დამასკელად გარდაისახება[16]. ამ ნუსხათა გადამწერები აშკარად იყენებენ, როგორც ჩანს, ანტიოქიის პატრიარქის, იოანე III-ის (996-1021) მიერ დაწერილ[17] „წმინდა იოანე დამასკელის ცხოვრებაში“ (BHG 884, თ. 35) დაფიქსირებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, იოანე დამასკელი ბერად აღიკვეცა და მღვდლად ეკურთხა იერუსალიმის მახლობლად მდებარე საბაწმიდის მონასტერში[18], მაგრამ მრავალ გადამწერს იმდენად ეპარება ეჭვი ამ მცდარ იდენტიფიკაციაში, რომ იოანეს „დამასკელად“ მოხსენიება გვიანდელ კოდექსებშიც კი გვერდების აშიებზეა დაფიქსირებული[19].

            „რომანის“ ექვთიმე მთაწმიდლისადმი მიკუთვნება კვლავ რჩება უაღრესად პრობლემურ საკითხად[20]. იგი ეფუძნება ორი ბერძნული და ერთი ლათინური ხელნაწერის სათაურებს. პირველი ბერძნული ხელნაწერი დაცულია ვენეციის წმინდა მარკოზის სახელობის ბიბლიოთეკაში gr. VII, 26 (coll. 1431) შიფრით (შემდგომში ყველგან: „Marc. gr. VII, 26“) და XI ს.-ით თარიღდება[21], ხოლო მეორე – პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შიფრით gr. 1771 (შემდგომში ყველგან: „Par. gr. 1771“) და XV ს.-ით თარიღდება[22]. ლათინური ხელნაწერი დაცულია ნეაპოლის ვიქტორ ემანუელ III-ის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შიფრით VIII.B.10 (შემდგომში ყველგან: „Neap. VIII.B.10“) და მეცნიერები მას XIV ს.-ით ათარიღებენ[23]. მათში ვკითხულობთ:

სქემა 2

ექვთიმე იბერიელი „რომანის“ ბერძნულ და ლათინურ ხელნაწერებში

Marc. gr. VII, 26

Neap. VIII.B.10

Par. gr. 1771

[Ἱστορία ψυχωφελὴ]ς

ἐκ τῆς ἐνδοτέρας τῶν Αἰθιόπων χώρας

πρὸς | [τὴν ἁ]γ[ί]αν πόλιν

μετενεχθεῖς [sic] διὰ Ἰω(άννου) μοναχοῦ μονῆς τοῦ ἁγίου Σάβα [ proΣάββα], |

[μεταφρα]σθῆσα [pro

μεταφρασθεῖσα] δὲ ἀπὸ

τῆς Ἰβήρων

πρὸς τὴν Ἑλάδα [sic]

γλῶσσαν

ὑπὲρ Εὐθυ|μίου ἀνδρὸς

τιμίου καὶ εὐσεβοῦς τοῦ

λεγομένου Ἥβηρος

[pro Ἴβηρος].

Hystoria Barlae et Iosaphat

de int(e)riori Ethiopia [pro Aethiopia]

deducta p(er)

Ioh(ann)em[24] ven(er)abile(m) monachu(m) ma(n)ist(er)ii [sic!] s(an)cti Sabe [pro Sabae] i(n) Helia(m) urbe(m) et

t(ra)nslata

i(n) eolico

p(er) Eufiniu(m) [pro Eufimium] s(an)c(t)um virum.

Λόγοι ψυχωφελῆς [pro ψυχωφελεῖς]

μετενεχθεῖσαι

ἀπὸ | τῆς τῶν Εθειόπων [ pro Αἰθιόπων]

εσωτέρας [proἐσωτέρας] χώ[ρ]ας

εις [proεἰς] τὴν | Ρωμαίων [ pro

Ῥωμαίων] γὴν [proγῆν] κ αι [proκαὶ]

μεταβληθῆσαι [proμεταβληθεῖσαι]

απὸ [proἀπὸ] | τῆς τ(ῶ)ν Εθειόπων

[proΑἰθιόπων] διαλέκτου

επὶ [proἐπὶ] τὴν ελλη|νίδα [pro

ἑλληνίδα] γλῶσαν [proγλῶσσαν]

παρὰ Ευθημΐου [proΕὐθυμίου] τοῦ

αγϊοτάτου [proἁγιωτάτου] | μοναχ οῦ

τοῦ ήβϋρος [proἼβηρος] τοῦ κ αι [pro

καὶ] γεγωνότος κα|θηγητοῦ τὴς [pro

τῆς] Μεγάλης λάβρας [proλαύρας] τοῦ

ἁγίου Αθανασΐου [pro Ἀθανασίου] τοῦ

Αγΐου [pro Ἁγίου] ὤρους [ pro ὄρους].

სულისმარგებელი ამბავი, ეთიოპელთა ქვეყნის შიგნიდან წმიდა ქალაქში

იოანეს, საბაწმიდის მონასტრის ბერის ხელით მოტანილი, შემდეგ იბერიელთა [ენიდან] ბერძნულ ენაზე თარგმნილი ექვთიმესგან, ღვთისმოსავი და მორწმუნე კაცისაგან, იბერიელად წოდებულისაგან.

ვარლაამისა და იოასაფის ამბავი, ეთიოპიის შიგნიდან

იოანეს, საბაწმიდის მონასტრის ნეტარი ბერის მიერ იერუსალიმში მოტანილი და ბერძნულად თარგმნილი ექვთიმეს, წმინდა კაცის მიერ.

სულისმარგებელი ქადაგებანი, ეთიოპელთა ქვეყნის შიგნიდან რომაელთა მიწა-წყალზე მოტანილი და გადათარგმნილი ეთიოპელთა დიალექტიდან ბერძნულ ენაზე ექვთიმეს, უწმინდესი იბერიელი ბერის მიერ, რომელიც წმიდა მთაზე, აგრეთვე, წმინდა ათანასეს დიდი ლავრის წინამძღვარიც გახდა.

ხელნაწერთა აბსოლუტურ უმცირესობაში დაფიქსირებული ეს ინფორმაცია მეცნიერთა შორის ფართო კამათის საგანი გახდა. იგი მიუთითებს იმ ენას და, შესაბამისად, ლიტერატურულ გარემოს, სადაც უნდა შემუშავებულიყო ნაწარმოების ბერძნული თარგმანი და, ამდენად, თავად მთარგმნელზეც მიგვანიშნებს. მაშასადმე, იგი არის ყველაზე სრული სათაური, რომელიც ნათლად განასხვავებს მოთხრობის ჩამომტანს მისი მთარგმნელისგან და ასახელებს ამ ლიტერატურულ პროცესში მონაწილე ენებს. ამის გამო მეცნიერებმა იგი მიიჩნიეს სათაურის თავდაპირველ ფორმად, საიდანაც გვიანდელმა გადამწერებმა, მკვლევართა აზრით, ექვთიმეს ხსენება ამოიღეს[25]. დიდი ქართველი მწერალი და მეცნიერი, ექვთიმე მთაწმიდელი (დაახლ. 955-1028), როგორც ცნობილია, 1005-1019 წწ.-ში იყო ათონის ივირონის მონასტრის წინამძღვარი და, აგრეთვე, წმინდა ათანასეს დიდი ლავრის მოძღვარი (καθηγητής)[26]. ეს სახელო, რომელიც ათონის ამ უმთავრესი მონასტრის გამგებლობაში მას გადამწყვეტი ხმის უფლებას აძლევდა, მან გარდაცვალებამდე შეინარჩუნა მას შემდეგაც კი, რაც იგი ივირონის წინამძღვრობიდან გადადგა[27].

ამდენად, საკვლევი სათაური ერთად გვამცნობს მოვლენათა მთელ რიგს, რომელთაგან ზოგიერთი სტრიქონებს შორის იგულისხმება. მაგალითად, განცხადება იმის შესახებ, რომ ტექსტი ჩამოტანილია აღმოსავლეთიდან (ეთიოპიიდან) და თარგმნილია ექვთიმე იბერიელის მიერ ქართულიდან ბერძნულად, უცილობლად გვაფიქრებინებს, რომ ეთიოპიიდან წამოღებულმა ტექსტმა ქართულ გარემოში შეაღწია, სადაც იგი ითარგმნა, ხოლო შემდეგ ეს თარგმანი მიიტანეს მონასტერში, რომელიც აშკარად ბერძნულენოვანი იყო და აქ იგი ბერძნულად გადაიღეს[28]. უშუალოდ ნაწარმოების ტექსტი კონკრეტულად ამ ცნობებს არ გვაწვდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რედაქტორს, ვინც „ვარლაამისა და იოასაფის რომანს“ წიგნის ფორმა მისცა და პარატექსტი დაურთო, ხელთ დამატებითი საინფორმაციო წყარო უნდა ჰქონოდა.

ჩვენთვის უცნობია, რა საბუთებით სარგებლობდა იგი, მაგრამ ცნობილია ორი წყარო, რომლებიც ექვთიმე მთაწმიდელს „ვარლაამისა და იოასაფის რომანის“ მთარგმნელად აცხადებს. კერძოდ, 1042-1045 წწ.-ს შორის[29] დაწერილ „წმინდა იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“ გიორგი მთაწმიდელი (1009-1065) მოწმობს, რომ ექვთიმემ ქართულიდან ბერძნულად თარგმნა „ბალაჰვარი“[30], ხოლო იოანე მთაწმიდლის (დაახლ. 920-1005) ე.წ. „ანდერძში“, რომელმაც ჩვენამდე 1048 წ.-ს გადაწერილი[31] ნუსხით (ქუთაისი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ხელნაწერთა განყოფილება. № 20) მოაღწია, მისი ვაჟიშვილის, ექვთიმეს მიერ თარგმნილ ნაწარმოებებს შორის დასახელებულია „თარგმანებაÁ ბალაჰვარისი“[32]. ამ ცნობას ეხმიანება მესამე თხზულება: როგორც ჩანს, 1028-1029 წწ.-ს შორის დაწერილი[33] ექვთიმე მთაწმიდლის სვინაქსარული „ცხოვრება“, რომელშიც ბასილი მთაწმიდელი აცხადებს, რომ ექვთიმემ ქართულიდან ბერძნულად რამდენიმე თხზულება თარგმნა[34]. როგორც ვხედავთ, ეს ცნობები ვრცელდებოდა XI ს.-ში, ანუ ზუსტად იმ დროს, რომლითაც ვენეციურ ხელნაწერს Marc. gr. VII, 26 ათარიღებენ[35].

ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ Marc. gr. VII, 26 ნუსხის სათაური ასახავს პირველად პარატექსტს, რომელიც მომზადდა „რომანის“ თარგმანთან და, ამდენად, მის წიგნად მიმოქცევაში ჩაშვების ახლო ხანებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს, სხვა სათაურებიდან ექვთიმეს სახელი განზრახ ამოიღეს. გამორიცხული არ არის, განსხვავებული შინაარსის სათაურები სხვადასხვა საგამომცემლო პროექტის ფარგლებში შემუშავებულიყო და მათ რედაქტორებს ხელი ურთიერთგანსხვავებულ და, რაც მთავარია, აშკარად შეზღუდულ ინფორმაციაზე მისწვდომოდათ.

ამის გამო უთუოდ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან სათაურში მოხსენიებული ორი პიროვნება: თხზულების ჩამომტანი და მისი მთარგმნელი. სავსებით შესაძლებელია, ზოგიერთ გადამწერ-რედაქტორს მხოლოდ თხზულების ჩამომტანის ვინაობა სცოდნოდა, ხოლო უშუალოდ თხზულების პროლოგიდან ან უშუალოდ ტექსტიდან ადვილად დაესკვნა, რომ საქმე „სულისმარგებელ ამბავს“ ეხებოდა. ამდენად, გადამწერ-რედაქტორებმა მკითხველს მხოლოდ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს: ურჩიეს, წაეკითხათ ეს ფრიად სულისმარგებელი თხზულება და ზოგადად მიუთითეს მის ეგზოტიკურ წარმომავლობაზე. შესაძლოა, სწორედ ნაწარმოების აშკარად მაღალმა სულიერმა ღირებულებამ შთააგონა ზოგიერთ რედაქტორს, რომ „რომანის“ ჩამომტანი, ეს ყველასათვის უცნობი იოანე, სინამდვილეში უთუოდ საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტი, მწერალი და მოაზროვნე, იოანე დამასკელი უნდა ყოფილიყო.

ჩვენს ადრინდელ გამოკვლევაში გამოვთქვით და დავასაბუთეთ ახალი მოსაზრება თხზულების სათაურის ვარიანტების შესახებ. კერძოდ, უძველესად მივიჩნიეთ ის სათაური, რომელიც შეიცავს მითითებას თხზულების როგორც ჩამომტანის, ისე მისი მთარგმნელის შესახებ და ამ ცნობების შემცველ ჩვენამდე მოღწეულ ორად ორ – Marc. gr. VII, 26-სა და Par. gr. 1771 ნუსხებს შორის განსხვავება იმით ავხსენით, რომ შესაძლებელია, „რომანის“ ხელნაწერთა გადანუსხვის უადრეს ეტაპზევე დაზიანებულიყო ექვთიმეს სახელის წინ მოთავსებული წინდებულის, როგორც ჩანს, ὑπό-ის, შემცველი ადგილი: შესაძლებელია, პერგამენტი წახდენილიყო, გახვრეტილიყო, გაცრეცილიყო, ან ნაწერი გადაშლილიყო, გაშავებულიყო და სხვ. ჩვენი აზრით, Marc. gr. VII, 26 ნუსხის გადამწერი მის ანტიგრაფში დაფიქსირებული წუნის გამოსწორებას იმით შეეცადა, რომ დაზიანებული იკითხვისი გაიაზრა, როგორც „ὑπὲρ Εὐθυμίου“, ანუ „ექვთიმესთვის“, რითაც ექვთიმე თარგმანის დამკვეთად მიიჩნია, ხოლო Par. gr. 1771 ნუსხის გადამწერმა იგი გაშიფრა, როგორც „παρὰ Εὐθυμίου“, ანუ „ექვთიმეს მიერ“, რითაც თარგმანი ექვთიმეს მიერ შესრულებულად მიიჩნია. დაბოლოს, ხელნაწერი ტრადიციის მესამე განსხვავებულმა შტომ პრობლემა იმით გადაჭრა, რომ თხზულების რედაქტორ-გადამწერებმა სათაურიდან საერთოდ ამოიღეს ექვთიმეს სახელი[36].

ჩვენს ადრეულ ნაშრომში ὑπέρ და παρά თანდებულებთან დაკავშირებული მსჯელობის ამ ფილოლოგიურ არგუმენტებს წინამდებარე გამოკვლევა ახალი მეთოდოლოგიური ელემენტით ამდიდრებს. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სათაური, შეიძლება, იყოს პირველადი პარატექსტი, ხოლო ის, რომელიც მხოლოდ თხზულების ჩამომტანს ახსენებს – სხვა სარედაქციო პროექტის ფარგლებში და, თანაც, პირველადისგან არცთუ მაინცდამაინც დიდი ხნის შემდეგ შემუშავებული პარატექსტი, რადგანაც, მაგალითად, ელ ესკორიალში, სამეფო ბიბლიოთეკაში T.III.3 (= cod. gr. 163) შიფრით დაცული ხელნაწერი, რომელიც ამ მოკლე პარატექსტს შეიცავს, დათარიღებულია 1057 წ.-ით[37]. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ვარლაამისა და იოასაფის რომანის“ თავში დართული სათაურები, შესაძლებელია, სხვადასხვა წარმოშობისა იყოს, ხოლო Marc. gr. VII, 26 და Par. gr. 1771 ნუსხების სათაურებში დაფიქსირებულ ὑπέρ და παρά იკითხვისებს შორის განსხვავება ერთი და იმავე ხელნაწერი ტრადიციიდან მოდიოდეს და თხზულების წიგნად მიმოქცევაში ჩაშვების უადრეს ეტაპზევე გაჩენილ ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდეს. „რომანის“ ხელნაწერი ტრადიციის განშტოებისადმი კუთვნილ ერთ-ერთ ნუსხაში, შესაძლებელია, ერთ-ერთ გადამწერს დამატებით დაეკონკრეტებინა, რომ ზემოაღნიშნული ექვთიმე წმინდა ათანასეს დიდი ლავრის ἐπίτροπος, ანუ „ზედამხედველი“, „განმგებელიც“ იყო.

პარატექსტულ საშუალებათა შემდგომი ანალიზი, ცხადია, უნდა დაეფუძნოს თხზულების პროლოგისა და ეპილოგის შინაარსის და, რაც მთავარია, მათი გრაფიკული გადმოცემისას შემუშავებული სხვადასხვა ხერხების (განსხვავებული დამწერლობების, კორონისების, სხვადასხვა სახის ორნამენტების) შესწავლას არა მხოლოდ ბერძნულ, არამედ – ყველა აღმოსავლურ ტრადიციაში.

ამრიგად, „ვარლაამისა და იოასაფის რომანის“ ნუსხათა უმეტესობაში დაფიქსირებულ სათაურთა ანალიზში პარატექსტის შესახებ ჟ. ჟენეტისეული თეორიის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ნაწარმოების ავტორის შესახებ დიდი ხნის წინათ დაწყებული მეცნიერული დისკუსია ახალ პრიზმაში განვიხილოთ. ფილოლოგიური მეთოდის მომარჯვებით, ჩვენს ადრინდელ გამოკვლევაში საკვლევ სათაურთა შორის დადგენილი სამი ტიპოლოგიური განსხვავება, ისევე, როგორც ამ ტიპებს შიგნით წარმოქმნილი შემდგომი ტიპოლოგიური განშტოებანი, დღეს შეიძლება, შევაფასოთ, როგორც სხვადასხვა გადამწერის ან რედაქტორის მოქმედების შედეგი, ანუ პარატექსტი, რომელიც ეფუძნება რედაქტორის ხელთ არსებულ ინფორმაციას და მიზნად ისახავს, რაც შეიძლება, უკეთ მოამზადოს მკითხველი ბალაჰვარისა და იოდასაფის სულისმარგებელი ამბის მისაღებად და აღსაქმელად.

შემოკლებანი

[ქუთაისისსახელმწიფოისტორიულიმუზეუმის] ხელნაწერთააღწერილობა

[ქუთაისისსახელმწიფოისტორიულიმუზეუმის] ხელნაწერთააღწერილობა, შედგენილია და დასაბეჭდად მომზადებული ე. ნიკოლაძის მიერ, 1, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1953.

ძეგლები, 1-6

ძველიქართულიაგიოგრაფიულილიტერატურისძეგლები, 1-6, ილ. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბ.: მეცნიერება, 1963-1989.

Фонкич,  О датировке

Б. Фонкич, О датировке Венецианского (cod. Marcianusgr. VII, 26) и парижского (cod. Parisinusgr. 1771) списков греческой версии Варлаама и Иоасафа, წგნ. Византийские очерки, Труды советских ученых к XV международному конгрессу византинистов, М.: Наука, 1977, გვ. 210-215.

AnBoll

Analecta Bollandiana, Bruxelles: Société des Bollandistes.

BHG

F. Halkin, Bibliotheca hagiographica graeca, 1-3, Bruxelles: Société des Bollandistes, 1957 (Subsidia hagiographica, 8a).

CC

Corpus Christianorum, Turnhout.

PG

Clavis Patrum Graecorum, 1-5, cura et studio M. Geerard, Turnhout: Brepols, 1974-1987 (CC); Supplementum, cura et studio M. Geerard et J. Noret, Turnhout: Brepols, 1998 (CC).

Dölger, Barlaam-Roman

F. Dölger, DergriechischeBarlaam-RomaneinWerkdesH.JohannesvonDamaskos, Ettal: Buch-Kunstverlag, 1953 (Studia patristica et byzantina, 1).

Historia animae utilis, 1-2

DieSchriftendesJohannesvonDamaskos, besorgt von B. Kottler, 6:1-2, HistoriaanimaeutilisdeBarlaametIoasaph (spuria), Text und zehn Appendices besorgt von R. Volk, Berlin-New-York: Walter De Gruyter, 2006-2009 (Patristische Texte und Studien, 60-61).

Peeters, Traduction

P. Peeters, Lapremièretraductionlatinede Barlaam et Joasaph etsonoriginalgrec, ჟრნ. «AnBoll» 49 (1931), გვ. 276-312.

Shurgaia, Autore

G. Shurgaia, Sull'autoredella Vita Barlaam et Ioasaph (CPG8120), ჟრნ. «Studium» 115 (2019), გვ. 562-599.

Shurgaia, Storia

G. Shurgaia, L'edificante storia di Barlaam e Ioasaph: ὑπό, παρά oppure ὑπὲρ Εὐθυμίου?, წგნ. IranianStudiesinHonourofAdrianoV.Rossi, edited by Sabir Badalkhan, Gian Pietro Basello and Matteo D e Chiara, Napoli: Università degli Studi di Napoli “L’Orientale”, 2020 (Series Minor, 87), გვ. 917-953.

[1] წინამდებარე გამოკვლევა მომზადდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (SRNSFG) მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტის „ვარლამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001) ფარგლებში. ბალავარისა და იოდასაფის ლეგენდის სხვადასხვაენოვან ტექსტებს აღვნიშნავთ ტერმინით „ვერსია“, ხოლო უშუალოდ ვერსიაში განვასხვავებთ სხვადასხვა, მაგ., ვრცელსა და მოკლე რედაქციებს. ვერსიათა ერთობლიობას ვუწოდებთ „ლეგენდას“, ან – „მაკროტექსტს“. არაბული ვერსია იხსენიება, როგორც „ბილავჰარისა და ბუდასაფის წიგნი“, ქართული – როგორც „ბალავარიანი“, ხოლო ბერძნული – „ვარლაამისა და იოასაფის რომანი“, ან, უბრალოდ, „რომანი“. თუ ამაზე საგანგებოდ არ არის ყურადღება გამახვილებული, ტექსტების თარგმანი ყველგან ჩვენია.

[2] Historiaanimaeutilis, 2.

[3]  Shurgaia, Storia, გვ. 917-953.

[4]G. Genette, Palimpsestes: La littérature au second degré, Paris: éditions du Seuil, 1982, გვ. 9.

[5]მისივე, Seuils, Paris: éditions du Seuil, 1987 (Poétique).

[6] იქვე, გვ. 7-8.

[7] იქვე, შესაბამისად, გვ. 9 და გვ. 13-14, 70-71.

[8] იქვე, შესაბამისად, გვ. 10-11, 38-315 და გვ. 8-9, 316-370.

[9] პრობლემის თეორიული მხარის ანალიზის შეს. იხ. P. Fioretti, Sulparatestonellibromanoscritto (conqualcheriflessionesuititoliinetàantica), წგნ. Nelsegnodeltesto: Edizioni,materialiestudiperOronzoPecere, a cura di, F. de Vivo, A. Stramaglia, Firenze: edizioni Gonnelli, 2015 (Papyrologica Florentina, 44), გვ. 179-202.

[10] იხ. მაგ., B. Lomagistro, Leversionipaleo-cechedelSecretum secretorum pseudo-aristotelico, ჟრნ. «Orientalia Christiana Periodica» 78 (2012), გვ. 179-201: 194-197;  Shurgaia, Storia, გვ. 945-946.

[11]Dölger, Barlaam-Roman, გვ. 11-15. დელგერის კლასიფიკაციის შეს. ვრცლად იხ. Shurgaia, Storia, გვ. 918-920.

[12]Shurgaia, Storia, გვ. 921-926.

[13] კურიოზული ფაქტია, რომ ოქსფორდში, მარიამ მაგდალინელის სახელობის კოლეჯში დაცულ, 1064 წ.-ის თარიღიან ხელნაწერში (Oxford, Magdalen College, gr. 4) იოანე სინელის ნაცვლად დაფიქსირებულია საბაწმიდელი ბერი, ვარლაამი (Βαρλαάμ; იხ. Dölger, Barlaam-Roman, გვ. 12).

[14] ათ ხელნაწერში სათაურის თავზე, ან ხელნაწერის აშიაზე მინაწერის სახით იოანე სინელის სახელი მოტანილია ნათესაობითი ბრუნვის ფორმით, თუმცა, Σιναΐτου ხშირად დამახინჯებულია, როგორც Συναΐτου, და მასში აშკარად იგულისხმება „რომანის“ ავტორი (იხ. Shurgaia, Storia, გვ. 922-923). ამ ხელნაწერთა სათაურებში ნაწარმოების ჩამომტანადაც იგივე იოანე სინელი არის გამოცხადებული. გამონაკლისია სალამანკას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული, XVI ს.-ით დათარიღებული № 2719 კოდექსი (ყოფილი Madrid, Biblioteca del Palacio Real, VII.G.4), სადაც ხელნაწერის ჩამომტანად იხსენიება იოანე ბერი, რომლის მონასტრის მითითება, როგორც ჩანს, გადამწერს გამორჩა (Historiaanimaeutilis, 1, გვ. 433), თუმცა, კონტექსტიდან ნათელია, რომ აქ სინის მთის სავანე უნდა ვიგულისხმოთ.

[15] საკითხის შესახებ ბიბლიოგრაფია იხ. წგნ. Э .Г. Хинтибидзе, Грузинско-византийские литературные взаимоотношения, Тб.: Издательство Тбилисского университета, 1989, გვ. 198-221; მისივე, Georgian-Byzantineliterarycontacts, Amsterdam: Adolf M. Hakkert, 1996, გვ. 193-216; Shurgaia, Autore, გვ. 572.

[16] იხ. Shurgaia, Storia, გვ. 923.

[17] ამ საკითხის შეს. იხ. V.Kontouma, JeanIIId’Antioche (996-1021) etlaVie de Jean Damascène (BHG884), ჟრნ. «Revue des études byzantines» 68 (2010), გვ. 127-147.

[18]Sancti patris nostri Joannis Damasceni, monachi et presbyteri HierosolymitaniOperaomniaquæextant,etejusnominecircumferuntur ex variis editionibus et codicibus manu exaratis, gallicis, italicis et anglicis, collecta, recensita, latine versa, atque annotationibus illustrata, cum præviis dissertationibus et copiosis indicibus opera et studio P. M. Lequien, accurante et denuo recognoscente J.-P. Migne, 1, Paris 1864 (Patrologia Graeca, 94), სვ. 481-484; Jean Damascene, Lafoiorthodoxe, texte critique de l'édition B. Kotter (PTS 12), introduction, traduction et notes par P. Ledrux, avec la collaboration de V. Kontouma - Conticello et G. - M. du Durand, Paris: Les éditions du Cerf, 2010 (Sources chrétiennes, 535), გვ. 13. როგორც ჩანს, ეს ცნობა სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს; იხ. იქვე, გვ. 13, 30; V. Kontouma, JohnofDamascus: Newstudiesonhislifeandworks, Farnham: Ashgate Variorum, 2015 (Collected studies; CS1053), გვ. 2, 28-30.

[19] იხ. Shurgaia, Storia, გვ. 926.

[20] იხ., მაგ., Shurgaia, Autore, გვ. 564, 586-591.

[21] E. Mioni, BibliothecaediviMarciVenetiarumcodicesgraecimanuscripti, 2, Codicesquiinsextam,septimamatqueoctavamincludunturcontinens, Roma: Istituto poligrafico dello Stato, 1960 (Indici e cataloghi, Nuova serie, 6), გვ. 44; მისივე, BibliothecaediviMarciVenetiarumCodicesgraecimanuscripti, Indicesomniumcodicumgraecorum,Praefatio,Supplementa,Addenda, Roma: Istituto poligrafico e zecca dello Stato, 1985 (Indici e cataloghi, Nuova serie, 6), გვ. 54. მიუხედავად იმისა, რომ XI ს.-ით ხელნაწერის დათარიღება საფუძვლიანია, უკანასკნელ ხანებში იგი სადავო გახდა. ბორის ლვოვის ძე ფონკიჩმა (1938-2021) თავდაპირველად ივარაუდა, რომ კოდექსის დამზადების დროს თავისუფალი დატოვეს მის დასაწყისში ადგილი, სადაც XV ს.-ში საკვლევი სათაური ჩაუმატეს (Фонкич, Одатировке, გვ. 212), ხოლო მოგვიანებით მეცნიერმა განაცხადა, რომ ეს ადგილი თავისუფალი კი არ დატოვეს, არამედ აქ მოთავსებული ტექსტი XV ს.-ში გადაშალეს, ან ამოფხიკეს და ზედ საკვლევი სათაური გადააწერეს (B. Fonkitch, Notespaléographiquessurlesmanuscritsgrecsdesbibliothèquesitaliennes (πίν. Α´-ΚΓ´), ჟრნ. «Thesaurismata» 16 (1979), გვ. 153-169: 160). რობერტ ფოლკი დაეთანხმა ამ მოსაზრებას. მან მიიჩნია, რომ სათაურის ხელწერა ძალიან ჰგავდა 1437-1441 წწ.-ში კიევისა და სრულიად რუსეთის ცნობილი მიტროპოლიტის, ისიდორეს ხელს და იგი მიაკუთვნა მღვდელ-მონაზონ იოვაკიმეს, რომელმაც XV ს.-ში Marc. gr. VII, 26 კოდექსი გაასწორა და გამოსცა (Historiaanimaeutilis, 1, გვ. 479-480). ეს შთამბეჭდავი ჰიპოთეზა დამაჯერებლად არ გვეჩვენება, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ვერც ელპიდიო მიონი (1911-1991) და ვერც ჩვენ საკვლევ ადგილას ვერ ვხედავთ ტექსტის გადაშლის, ან ამოფხეკის კვალს. ხელნაწერისა და მისი სათაურის ხელახალი დათარიღება იოტისოდენადაც ვერ შეცვლის წინამდებარე გამოკვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლებსა და შედეგებს, მაგრამ იმთავითვე საგანგებოდ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ არ ვეთანხმებით არც სათაურის ხელახალ დათარიღებას XV ს.-ით და არც უშუალოდ Marc. gr. VII, 26 კოდექსისას – XII-XIII სს.-ით, როგორც ეს რ. ფოლკმა უკანასკნელ დროს ივარაუდა (Historiaanimaeutilis, 1, გვ. 476). ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ (იხ. Shurgaia, Autore, გვ. 575-577), მაგრამ მას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით Marc. gr. VII, 26 კოდექსის დათარიღებისადმი საგანგებოდ მიძღვნილ გამოკვლევაში.

[22]H. Omont, InventairesommairedesmanuscritsgrecsdelaBibliothèquenationale, 2, Ancienfondsgrec:droit,histoire,sciences, Paris: Alphonse Picard, Libraire, 1888, გვ. 138???; CataloguscodicumhagiographicorumGraecorumnBibliothecaeNationalisParisiensis, ediderunt hagiographi Bollandiani et H. Omont, Bruxellis: Apud editores, 1896, გვ. 285; შდრ. Фонкич, Одатировке, გვ. 212, რომელიც ხელნაწერს XIV ს.-ის მეორე ნახევრით ათარიღებს.

[23]A. Poncelet, CataloguscodicumhagiographicorumlatinorumbibliothecarumNeapolitanarum, ჟრნ. «AnBoll» 30 (1911), გვ. 137-251: 173; შდრ. PassionesvitaequesanctorumaeviMerovingicicumsupplementoetappendice, ediderunt B. Krusch et W. Levison, Hannoverae et Lipsiae: Impensis bibliopolii Hahniani, 1920, გვ. 630 და მის კვალზე R. Matth. Pollard, NonantolaandReichenau. AnewmanuscriptofHeito'sVisio Wettini andthefoundationsforanewcriticaledition, შდრ. «Revue bénédictine» 120 (2010), გვ. 243-294: 292.

[24] როგორც პ. დევო შენიშნავდა (P. Devos, LesoriginesduBarlaametIoasaphgrec, ÀproposdelathèsenouvelledeM.Nucubidze, ჟრნ. «AnBoll» 75 (1957), გვ. 83-104: 91), ხელნაწერებში აშკარად არის დაფიქსირებული ეს სახელი, მაგრამ მრავალ მეცნიერს მხედველობიდან გამორჩა. იხ., მაგ., A. Poncelet, დასახ. ნაშრ., გვ. 176; Peeters, Traduction, გვ. 281, R. L. Wolff, BarlaamandIoasaph, ჟრნ. «Harvard Theological Review» 32 (1939), გვ. 131-139: 134; Ш. Нуцубидзе, КпроисхождениюгреческогороманаВарлаамиИоасаф, Тб.: Издательство Академии Наук Грузинской ССР, 1956, გვ. 77-78, შენ. 3.

[25]P. Devos, დასახ. ნაშრ., გვ. 90-94; H. Grégoire, Lemonastèred'IvironetlerôledesgéorgiensduMontAthos, ჟრნ. «Ἐπετηρὶς Ἑταιρείας Βυζαντινῶν Σπουδῶν» 32 (1963), გვ. 420-426: 423-424; ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიურილიტერატურისისტორია, თბ.: ცოდნა, 1963, გვ. 229. ანალოგიური აზრისაა, აგრეთვე, Ш. Нуцубидзе, დასახ. ნაშრ., გვ. 56-57.

[26] ექვთიმე მთაწმიდლისა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შეს. იხ.:კ. კეკელიძე, ძველიქართულილიტერატურისისტორია, 1, თბ.: მეცნიერება, 1980, გვ. 184-213; ლ. მენაბდე, ძველიქართულიმწერლობისკერები, 2, თბ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1980, გვ. 194-200; ე. მეტრეველი, ნარკვევებიათონისკულტურულ-საგანმანათლებლოკერისისტორიიდან, თბ.: ნეკერი, 1996.

[27] ბიბლიოგრაფიული მონაცემები იხ. Shurgaia, Autore, გვ. 589-591; მისივე, Storia, p. 948.

[28] ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ საკვლევ სათაურებთან დაკავშირებული ტექსტოლოგიური საკითხები, კრიტიკულად შევაფასეთ მათ შესახებ გამოთქმული ყველა მეცნიერული თვალსაზრისი და დავასაბუთეთ ახლებური მოსაზრება „რომანის“ ბერძნული თარგმანის ექვთიმესთვის მიკუთვნების სასარგებლოდ; იხ. Shurgaia, Storia, გვ. 931-949.

[29]კ. კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 188.

[30] ძეგლები, 2, გვ. 41. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ „ცხოვრების“ უძველესი ნუსხა, თბილისში, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში A-558 შიფრით დაცული ხელნაწერი 1074 წ.-ს არის გადაწერილი (იხ. ი. აბულაძე, ქართულიწერისნიმუშები, პალეოგრაფიული ალბომი, მოამზადა ც. ჭანკიევმა, თბ.: მეცნიერება, 1973, გვ. 363-364).

[31] მიხედავად იმისა, რომ ნუსხაში დაფიქსირებულია მისი გადაწერის თარიღი: 1048 წ. (იხ. [ქუთაისისსახელმწიფოისტორიულიმუზეუმის] ხელნაწერთააღწერილობა, გვ. 95, 99), ზოგიერთი მეცნიერი (იხ., მაგ., Peeters, Traduction, გვ. 285-286, 303; კ. კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 188) მისი გადაწერის თარიღად 1047 წ.-ს უთითებს.

[32] [ქუთაისისსახელმწიფოისტორიულიმუზეუმის] ხელნაწერთააღწერილობა, გვ. 96.

[33]ე. გაბიძაშვილი, XI-XIVსაუკუნეებისსვინაქსარულიცხოვრებანი, წგნ. ძეგლები, 4, გვ. 49-96: 96.

[34] ძეგლები, 4, გვ. 333; ე. მეტრეველი, დასახ. ნაშრ., გვ. 138. ზემოაღნიშნულ ორ „ცხოვრებაში“ ამ ცნობის გაჩენის შესახებ განსხვავებული თვალსაზრისისათვის იხ. H. Métrévéli, Dunouveausurl'Hymne de Ioasaph, ჟრნ. «Le Muséon» 100 (1987), pp. 251-258: 252-253; BiobibliografiadiEleneMet’reveli(1917-2003)[=] ელენემეტრეველი(1917-2003).ბიობიბლიოგრაფია, a cura di G. Shurgaia [=] შეადგინა გ. შურღაიამ, Roma: Edizioni Studium, 2009 (Eurasiatica, 80), გვ. 182-183.

[35] იხ. ზემოთ, გვ. 6???, სქ. 20.

[36]Shurgaia, Storia, გვ. 946-948.

[37]P. A. Revilla, CatálogodeloscódicesGriegosdelabibliotecadeElEscorial, 1, Madrid: Imprenta Helénica, 1936, გვ. 509.

გაგა შურღაია

„ვარლაამის და იოასაფის რომანის“ (CPG-8120) ე.წ. „ლემა“, როგორც პარატექსტი [1]

„ვარლაამისა და იოასაფის რომანთან“ (CPG 8120)[2] დაკავშირებულ პრობლემებს შორის, რომელთა შესახებ მეცნიერთა შორის კამათი დღემდე არ დამცხრალა, „რომანის“ ავტორის, ან, უფრო ზუსტად, ბალაჰვარისა და იოდასაფის ლეგენდის ბერძნულად მთარგმნელის ვინაობის დადგენა ერთ-ერთ პირველხარისხოვან ამოცანად რჩება. იმის გამო, რომ საკითხის გადაჭრა უშუალოდ თხზულების ტექსტზე დაყრდნობით არ ხერხდება, მკვლევარები იძულებულნი არიან, საამისოდ გააანალიზონ არაპირდაპირი წყაროებიდან მომავალი ინფორმაცია, ანდა – თხზულების ნუსხათა უმრავლესობაში დაფიქსირებული ნაწარმოების ერთგვარი სათაური, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში საზოგადოდ „ლემას“ უწოდებენ. მას მეცნიერები დღემდე იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევდნენ, რითაც – უშუალოდ ნაწარმოებს, ანუ ცდილობდნენ, ნუსხებში შემონახული ვარიანტების საფუძველზე აღედგინათ „ლემა“, ან, ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნათ მისი თავდაპირველი სტრუქტურის შესახებ, რათა მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია მიეღოთ „რომანის“ წარმოშობისა და ავტორის ვინაობის დასადგენად. სინამდვილეში „ლემის“ ტექსტის გენეოლოგიური ხის გამოვლენის მცდელობამ კიდევ უფრო გაართულა ამ ფართო და მრავალფეროვანი ტექსტოლოგიური ტრადიციის მქონე ნაწარმოების ისედაც რთული ფილოლოგიური ანალიზი. 2020 წ.-ს გამოქვეყნებულ ჩვენს ერთ-ერთ ნაშრომში შევისწავლეთ ეს უაღრესად კომპლექსური პრობლემა და „ლემის“ ენობრივ-ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე წამოვაყენეთ ახალი თვალსაზრისი მისი ვარიანტების ბუნდოვანი იკითხვისების შესახებ[3]. ამჯერად ჩვენი მიზანია, შევეცადოთ, განსხვავებული მეთოდის მომარჯვებით განვამტკიცოთ ჩვენი ჰიპოთეზა, ან გამოვარკვიოთ, რამდენად საფუძვლიანია იგი, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ახალი პერსპექტივა დავსახოთ პრობლემის საკვლევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჯერად ე. წ. „ლემას“ განვიხილავთ, როგორც პარატექსტულ ელემენტს და ამ პრიზმიდან გავაანალიზებთ მის წარმოშობას, ფუნქციასა და შინაარსს.

როგორც ცნობილია, ტერმინი „პარატექსტი“ ფრანგ სტრუქტურალისტს, ჟ. ჟენეტს (1930-2018) ეკუთვნის. მან იგი პირველად გამოიყენა 1982 წ.-ს[4], ხოლო მის შესახებ მწყობრი მეცნიერული თეორია ჩამოაყალიბა პარიზში ხუთი წლის შემდეგ დასტამბულ მონოგრაფიაში „ზღურბლი“[5], სადაც პარატექსტი განსაზღვრა, როგორც გარკვეული რაოდენობის ელემენტთა ერთობლიობა (ანუ ავტორის სახელი, სათაური, წინასიტყვაობა და ილუსტრაციები), რომლებიც არსებობს ტექსტის გარშემო და მას თან ახლავს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს მკითხველს ტექსტის სიღრმისეულ წვდომასა და სრულყოფილად აღქმაში. მეცნიერის აზრით, ეს აპარატი ერთგვარი „ზღურბლი“, ან ვესტიბულია, საიდანაც შეგიძლია, ტექსტში ფეხი შედგა, ან უკან გამობრუნდე[6]. ამ დანიშნულების შესაბამისად, პარატექსტი იგება მკაფიო გეგმით, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება, უკეთ წარმოუდგინოს მკითხველს ტექსტი და ხელი შეუწყოს მის, რაც შეიძლება, უკეთ აღქმას. აღსანიშნავია ორი გარემოებაც. პირველი, პარატექსტის ფორმა ძირის-ძირობამდე იცვლება დროისა და ვითარების შესაბამისად; და, მეორე, აუცილებელი არაა, იგი უშუალოდ ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის კალამს ეკუთვნოდეს[7]. ამასთან, პარატექსტი არსებობს როგორც პერიტექსტი, ანუ წიგნში, როგორც საგამომცემლო საქმიანობის ნაწარმში ლიტერატურულ თხზულებასთან დაკავშირებულ გრაფიკულ საშუალებათა ერთობლიობა, ანდა – როგორც ეპიტექსტი, რომელიც მოიცავს ფართო საზოგადოებისათვის ნაწარმოების გასაცნობად შექმნილ სხვა საშუალებებს, მაგ., გამოხმაურება-რეცენზიებს, განცხადებებს, ინტერვიუებს[8].

მიუხედავად იმისა, რომ ჟ. ჟენეტის თეორია ნაბეჭდი წიგნის სპეციფიკაზე დაკვირვებით წარმოიშვა, შემდგომში იგი ფართოდ გავრცელდა ტექსტის ჰერმენევტიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – იმ მედიევისტურ მეცნიერებებში, რომლებიც ხელნაწერ წიგნს იკვლევს. ცხადია, მათი გამოყენების თვალსაზრისით, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თუ სათანადოდ გავითვალისწინებთ კვლევის ობიექტებს შორის ამ პრინციპულ განსხვავებას[9], ჟ. ჟენეტის თეორიის მომარჯვებამ, შეიძლება, უაღრესად ნაყოფიერი შედეგი გამოიღოს. თუმცა, ჩვენი ნაშრომის მიზანი არ არის საკითხის შესახებ თეორიული მსჯელობა. ჩვენი ექსპერიმენტი ამჯერად იმით შემოიფარგლება, რომ განვიხილოთ „ლემა“, როგორც პარატექსტი და, კერძოდ, პერიტექსტი, რომლის მიზანია, დაეხმაროს მკითხველს ლიტერატურული ნაწარმოების, რაც შეიძლება, უკეთ ჩაწვდომაში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა ტერმინით, შეიძლება, მოვიხსენიოთ საკვლევი პერიტექსტური ერთეული. როგორც აღინიშნა, სპეციალურ ლიტერატურაში მას, როგორც წესი, „ლემას“ უწოდებენ, მაგრამ რადგანაც ეს სახელდება სათანადოდ ვერ ასახავს ამ პარატექსტის ვერც ფორმისა და ვერც ფუნქციის სპეციფიკას, ვარჩევთ, ჯერ-ჯერობით მას „სათაური“ ვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს სახელწოდება გახლავთ უზადო. უმთავრესად, ნაბეჭდი წიგნის გავლენით, ტერმინი „სათაური“, როგორც წესი, ასახავს ავტორის, ან, იშვიათ შემთხვევებში, სხვა პირთა (მაგ., რედაქტორების) ერთმნიშვნელოვანი მოქმედების შედეგს, რომლის მიზანია, სახელი მიანიჭოს ლიტერატურულ ნაწარმოებს, ხოლო შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიაში ასეთი ერთმნიშვნელოვნება არ არსებობს: ხელნაწერებში თხზულებათა დასაწყისები ისეა წარმოდგენილი, რომ ისინი მკითხველისთვის ტექსტის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად შექმნილ ტექნიკურ საშუალებად უფრო მოიაზრება, ვიდრე – უშუალოდ ტექსტისთვის სახელის მისანიჭებლად. ამდენად, შუასაუკუნოებრივი ხელნაწერი წიგნების სპეციფიკის სრულყოფილად ასახვისთვის დღეს უაღრესად აქტუალური ხდება ანალოგიური კონკრეტული და ადეკვატური ტერმინოლოგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება მრავალრიცხოვანი კონკრეტული შემთხვევების ანალიზსა და კლასიფიკაციას. ასეთი ანალიზის ჩატარებამდე დროებით გამოვიყენებთ ტერმინს „სათაურს“, მაგრამ მხედველობის მიღმა არ დაგვრჩება ხელნაწერი წიგნის სპეციფიკა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ სათაური განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნებში. როგორც წესი, ნაბეჭდ წიგნში იგი ნაწარმოების პირველ გამოცემასთან ერთად იქმნება და არ იცვლება, ხოლო ხელნაწერ წიგნში უაღრესად ცვალებადია ისევე, როგორც – ხელნაწერის ყველა შემადგენელი ელემენტი, მათ შორის, მთავარი ტექსტიც კი. ამასთან, ზოგჯერ სათაური ცალკეული ხელნაწერის დამზადების კონტექსტს არის მისადაგებული. მეტიც, ცალკეულ შემთხვევებში დროთა განმავლობაში ნაწარმოების ადრეულ ნუსხებთან ერთად შექმნილი სათაურიც კი იცვლება. გარდა ამისა, შეიძლება, იგი წიგნს შედარებით გვიან, ანუ მას შემდეგ დაემატოს, რაც ნაწარმოები უკვე, კარგა ხანია, წიგნად მიმოქცევაში შევიდა. პარატექსტური ელემენტების გადაღებისას გადამწერებმა, შეიძლება, ერთგულად გადმოიწერონ იგი ანტიგრაფიდან, ანდა პირადი არჩევანის შესაბამისად განაახლონ იგი ისე, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ნათელად გავიაზროთ, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მათ. ამიტომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ პირველადი და მეორადი პარატექსტები. პირველადი პარატექსტი კონკრეტულ საგამომცემლო პროექტს შეესატყვისება და უშუალოდ დაერთვის ძირითადი ტექსტის ასლს. მეორადი მოგვიანებით იქმნება, რათა მკითხველსა და ტექსტს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი დამყარდეს და, თუ შესაძლებელია, დაიხვეწოს წიგნის კონკრეტული ნიმუშის თავდაპირველად პარატექსტურ ელემენტთა ერთობლიობაც. მეტიც, შეიძლება, მეორადი პარატექსტები რამდენიმე შრედაც კი ჩამოყალიბდეს[10], რაც ხელნაწერის წიგნის არაჩვეულებრივ დინამიზმზე მეტყველებს.

საკვლევ შემთხვევაში იმთავითვე აშკარაა, რომ სხვადასხვა ხელნაწერის მიხედვით სათაურის შინაარსი იცვლება, მეტიც, უკიდურესად იცვლება, რაც, შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ „ვარლაამისა და იოასაფის რომანის“ წიგნად მიმოქცევაში ჩაშვების დროს პარატექსტად ჩამოყალიბებული სათაური კონკრეტულად ამა თუ იმ ხელნაწერის გადამწერის ხელთ არსებულ ინფორმაციას გვაწვდის. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია გამუდმებით იცვლება. ერთგან სათაური ბუნდოვნად მიგვანიშნებს ნაწარმოების წარმომავლობაზე, სხვაგან დამატებულია იმ პიროვნების სახელი, რომელმაც თხზულება მისი შექნის მითითებული ადგილიდან ჩამოიტანა, სხვაგან მისი მთარგმნელის, ან ავტორის სახელიც კი მოიხსენიება. საქმე გვაქვს ტექსტოლოგიურ პრობლემასთან, რომელსაც მეცნიერები დღემდე ტექსტის გენეოლოგიური ხის დამდგენი იმავე ფილოლოგიური მეთოდით იკვლევნენ, რომლითაც – უშუალოდ „რომანის“ ტექსტს, შედეგად კი ის მივიღეთ, რომ, საკვლევი საკითხის შესახებ უამრავი თვალსაზრისის შემუშავების მიუხედავად, საბოლოოდ ვერც ნაწარმოების წარმოშობის პრობლემა გადაიჭრა და ვერც – მისი ავტორის ვინაობისა.

ფრანც დელგერმა (1891-1968) „რომანის“ ხელნაწერები მათ სათაურებში არსებული განსხვავების მიხედვით ხუთ სხვადასხვა ჯგუფად (A-E) დაყო და მიუთითა, რომ ერთსა და იმავე ჯგუფში გაერთიანებული ნუსხები რედაქციულად ერთსა და იმავე ტექსტებს შეიცავდა[11]. გერმანელი ბიზანტინისტის მიერ სკრუპულოზული სიზუსტით შესრულებულ ანალიზს, ჩვენი აზრით, ის ნაკლი ახლავს, რომ იგი სათაურთა ტიპების კლასიფიკაციისას ერთმანეთისგან არ განასხვავებს მათში გადმოცემული ინფორმაციის ორ უმთავრეს ელემენტს: ნაწარმოების აღმოსავლეთიდან ჩამომტანს და მის ბერძნულად მთარგმნელს. მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა შესაძლებელს ხდის, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ორი სხვადასხვა დონის ინფორმაცია, რომელიც ხელთ ჰქონდა პარატექსტის შემქმნელ გადამწერს და, ამრიგად, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ თავად ნაწარმოების გავრცელების ისტორიის ორი სხვადასხვა მომენტიც. ამ ორ მონაცემს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირის საფუძველზე, ჩვენს ადრინდელ ნაშრომში შევიმუშავეთ ნაწარმოების სათაურების ახალი კლასიფიკაცია, რომელიც მკითხველისთვის მიწოდებული ინფორმაციის სპეციფიკას ემყარებოდა[12]. ქვემოთ მოვიყვანთ ამ სქემის გამარტივებულ სტრუქტურას ისე, რომ აღარ მივუთითებთ უშუალოდ ხელნაწერებზე, რომლებშიც ეს ელემენტები არის წარმოდგენილი:

სქემა 1

„რომანის“ შემომტანი და ავტორი ხელნაწერების მიხედვით