ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ელგუჯა ხინთიბიძე

 

ბალავარიანის ქართული რედაქციები: ურთიერთმიმართება[1]

 

ბუდას ცხოვრების ამბავზე ამოზრდილი ბალავარისა და იოდასაფის ისტორიის პრობლემატიკა ერთი უმთავრესთაგანია შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისათვის.  ამ ინდური წარმოშობის   თხზულების რედაქციები ფართოდაა ცნობილი ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ბევრ სამწერლობო ენაზე. კერძოდ, მეთერთმეტე საუკუნიდან ჩვენამდე მოღწეული ბერძნული თხზულება სულისმარგებელი ისტორია ვარლაამისა და იოასაფისა და ევროპულ ენებზე  მისი თარგმნილი თუ გადამუშავებული ვერსიები რენესანსის უშუალოდ წინარე ეპოქის ევროპის ხალხთა შორის ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებოდა.

ბიზანტინოლოგიურ ლიტერატურაში თანდათანობით მკვიდრდება ევროპაში XX საუკუნის სამეცნიერო კვლევებში ჩამოყალიბებული თვალსაზრისები, რომელთა მიხედვით ამ თხზულების წყაროების, ავტორობისა და დაწერის დროის პრობლემათა ძიება მჭიდროდ ეფუძნება შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო-ლიტერატურულ ცნობებს  [Peeters 1931; Gimaret 1971; Khintibidze 1976; 1997]. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეიერნის სააბატოს ბიზანტინოლოგიური ინტიტუტის მიერ XXI საუკუნის პირველივე ათწლეულში გამოცემული ორტომეული ვარლაამ და იოასაფის ისტორიის  კრიტიკული გამოცემისა [Volk 2006; 2009].  დღეისათვის საკამათოდ ნაკლებად თვლიან, რომ ბერძნული ვარლაამ და იოასაფის ისტორია შექმნილია ბალავარიანის ქართული რედაქციის საფუძველზე და რომ იგი X-XI საუკუნეების მიჯნის ავტორის  ეფთვიმე ათონელის ხელიდანაა გამოსული. ქართულ ხელნაწერებში ბალავარიანის ორი რედაქციაა შემონახული: მოკლე - სიბრძნე ბალაჰვარისი და ვრცელი - წმინდა იოდასაფის ცხოვრება.  ქართული რედაქციები არაბულ-ისმაილური რედაქციის (ბალაჰვარ და ბუდასაფის წიგნის) გადამუშავებადაა მიჩნეული. ეს თვალსაზრისი დამკვიდრა მას შემდეგ, რაც ამ არაბული რედაქციის ვ. როზენის მიერ შესრულებული რუსული თარგმანი გამოქვეყნდა [Rosen 1947].  ბალავარიანის ვრცელი ქართული რედაქციის შინაარსობრივი ეპიზოდების მწყობრი მიმართება არაბულ-ისმაილურ რედაქციასთან გამოვლინდა ამ უკანასკნელის დ. ჟიმარესეული ფრანგული თარგმანითა და გამოკვლევით [Gimaret 1971].

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების თანამედროვე ეტაპზე ბალავარიანის პრობლემატიკის შესწავლა თვალსაჩინოდაა აქტუალური შუა საუკუნეების სხვადასხვა არეალის კვლევის მიმართულებით: აღმოსავლეთმცოდნეობის, ევროპეისტიკის, ბიზანტინისტიკის და ქართველოლოგიის მიმართულებებით. საუკუნოვანი მეცნიერული კვლევების დონეზე პრობლემათა ერთი რიგი თუ მეტ-ნაკლები სიზუსტით გარკვეულია (ბერძნული თხზულების - ბარლაამ-რომანის  შექმნისა და გავრცელების საკითხები, შუასაუკუნეების ქართული კულტურული გარემო, როგორც ამთვისებელი და გადამამუშავებული არაქრისტიანული სიუჟეტისა და მისი გამავრცელებელი ბერძნულ და ევროპულ კულტურულ სივრცეში და სხვა), საკვლევ პრობლემათა სხვა რიგი ისევ ბურუსითაა მოცული (ბარლაამისა და იოდასაფის თხზულების თავდაპირველი ვარიანტის შექმნა; მისი გზა აღმოსავლეთის ენობრივ და რელიგიურ სივრცეებში; ქართული ბალავარიანის მიმართება არაბულ რედაქციებთან და ამ რედაქციათა პირველადი სახე და სხვა).

სამეცნიერო ლიტერატურაში დღეისათვის გარდა არაბულ-ისმაილური რედაქციისა (Kitâb Bilawhar wa Bûdâsf - გამოცემულია ქ. ბომბეიში 1888-89წ.) ცნობილია სხვა რედაქციებიც (ფრაგმენტების ან სხვა ენაზე თარგმნილი ვერსიების სახით). რამდენიმე მათგანი არაბული რედაქციის თავდაპირველი სახის გამოსავლენად უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული [Gimaret 1971: 25-55]:   ჰალე-ტაიმურიას (Halle-Taymūriyya) შემოკლებული ვერსია; იბნ ბაბუიას (Ibn Bâbūya) ვერსია. იგი ჩართულია შიიტი იმამის იბნ ბაბუიას წიგნში (Xს.). ცნობილია ამ ვერსიის 1699 წელს შესრულებული სპარსული თარგმანიც; ტურფანის მანიქეური ტექსტები. ჩინეთის ქალაქ ტურფანში აღმოჩენილ მანიქეურ ტექსტებში არის არაბულ ბილავჰარ და ბუდასაფის წიგნის მიხედვით შექმნილი ლექსითი ვერსია, რომელიც დაახლოებით X საუკუნის II ნახევრით თარიღდება; ნეზამ ად-დინ შამის (Nizām ad-din Šāmī) სპარსული პერიფრაზი, შექმნილი XIV საუკუნეში[2]; იბნ ჰასდაის (Ibn Hasdāy) ებრაული რედაქცია, არაბულიდან ებრაულად თავისუფალი თარგმანით გადმოტანილი.  თარიღდება XIII საუკუნით. ამ რედაქციათა შორისაა მითითებული ქართული ბალავარიანის ვერსიები.

ქართულ ხელნაწერებში ბალავარიანის  ორი რედაქცია იძებნება. მოკლე რედაქცია (A) - სიბრძნე ბალაჰვარისი  საქართველოში პოპულარული ყოფილა. იგი მრავალი ხელნაწერითაა შემონახული, რომელთაგან უძველესს ათარიღებენ სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებით  (აბულაძე 1957, 017). სიბრძნე ბალავარისი  ბერძნული ბარლაამის წარმოშობის და ავტორობის პრობლემატიკის კვლევაში ჩართული იყო XIX საუკუნის დასასრულიდან (როზენი, მარი, პეეტერსი). ბალავარიანის ვრცელი რედაქცია (B)  - ცხორებაÁ ნეტარისა იოდასაფისი (J-140) იერუსალიმის ქართულ  ხელნაწერებში გამოვლინდა XX საუკუნის II ნახევრიდან. ქართულ პალიმფსესტებში მიგნებულია ბალავარიანის ვრცელი რედაქციის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ხელნაწერი - Q-829-1 [პალიმფსესტები 2017: გვ.219,662].

ამ ორი რედაქციის ერთმანეთთან მიმართების თაობაზე დღეისათვის ქართულ მეცნიერებაში და საზოგადოდ ბარლაამ-რომანის  კვლევის პრობლემატიკაში გაზიარებულია ის თვალსაზრისი, რომ მოკლე რედაქცია (A) ვრცელის (B) შემოკლებაა, რამაც კიტაბ ბალაჰვარ ვა ბუდასთვის ფრანგულად მთარგმნელის და ბერძნულ და ქართულ რედაქციებთან მისი მიმართების ცნობილი მკვლევარის დ. ჟიმარეს ნაშრომში ასეთი ფორმულირება მიიღო: მოკლე ვერსია უბრალო რეზიუმეა ვრცელისა ( “… la version courte n’étant, d’une façon générale, qu’un simple résumé de la précédente”) [Gimaret 1971, 53]. ეს თვალსაზრისი ბალავარიანის იერუსალიმური (ვრცელი) რედაქციის გამოვლენისა და შესწავლის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა. მას ასაბუთებდნენ ქართული სასულიერო მწერლობის დიდი მკვლევარი კორნელი კეკელიძე [კეკელიძე 1960] და ამ რედაქციის გამომცემელი და პირველი შემსწავლელი ილია აბულაძე [აბულაძე 1957]. ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ამ აზრის დამკვიდრებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბალავარიანის  ქართულ და ბერძნულ რედაქციებზე  დ. ლანგის ინგლისურენოვანმა ნარკვევმა (LANG 1967). ქართულ მეცნიერებში ამ საკითხზე საპირისპირო მოსაზრება იმთავითვე არსებობდა.  შ. ნუცუბიძე  სიბრძნე ბალავარის  ავტორად VI-VII საუკუნეების ცნობილ ნოველისტს იოანე მოსხს მიიჩნევდა [Нуцубидзе 1956], რის მიმართაც ბალავარიანის  მკვლევართა შორის სკეპტიკური დამოკიდებულება თავიდანვე გამოიკვეთა. თხზულების A და B რედაქციათა შორის მოკლეს (A) თავდაპირველობას ს. ყაუხჩიშვილი ვარაუდობდა [ყაუხჩიშვილი 1963, 232-37]. მ. თარხნიშვილის მტკიცებით ქართული რედაქციები (A და B) არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ორივენი მომდინარეობენ ერთი არაბული წყაროდან და მოკლე - სიბრძნე ბალავარისი უფრო ძველია, ვიდრე იერუსალიმური ვრცელი რედაქცია [Tarknishvili 1958, 65-86]. რ. თვარაძის აზრითაც ქართული რედაქციები ერთმანეთზე დამოკიდებულნი არ არიან, მაგრამ, მისივე ვარაუდით, ისინი საერთო აწ დაკარგული ქართული დედნიდან მომდინარეობენ [თვარაძე 1971, 106-120].

როგორც აღვნიშნე, თანახმად გავრცელებული თვალსაზრისისა, ქართული ბალავარიანი არაბულიდანაა თარგმნილი თუ გადაკეთებული და იგი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც არაბული რედაქციის ბერძნულ-ლათინურ თხზულებასთან დამაკავშირებელი. სწორედ ქართული ვრცელი რედაქციის თარგმნითა და გადამუშავებითაა შექმნილი ეფთვიმე ათონელის მიერ ბერძნული სულისმარგებელი ისტორია ვარლაამისა და იოასაფისა. უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში გამოირკვა, რომ ათონზე ბერძნულად სათარგმნელად  იქნა მიტანილი ბალავარიანი ოშკის ქართული მონასტრიდან; წინააღმდეგ აქამდე ბერძნული თხზულების ლემის (ვრცელი სათაურის) საუძველზე დამკვიდრებული აზრისა, რომ სულისმარგებელი ისტორია ვარლაამისა და იოასაფისა ეფუძნება საბაწმინდის ლავრიდინ იერუსალიმში მიტანილ დედანს [ხინთიბიძე 2023].   ვარაუდები  ქართული ბალავარიანის არაბულ რედაქციასთან მიმართების თაობაზე არაერთგვაროვანია. კ. კეკელიძის აზრით იგი არაბული ქრისტიანული რედაქციიდან უნდა მომდინარეობდეს [კეკელიძე 1960]. დ. ლანგს არ მიაჩნია სარწმუნოდ არსებობა იმ ტიპის არაბულ-ქრისტიანული რედაქციისა, რომელიც შეიძლება მიჩნეულიყო ქართული ბალავარიანის დედნად. მისი აზრით, ამ სიუჟეტის პირველი ქრისტიანული გადამუშავება ქართულ ენაზე უნდა მომხდარიყო [Lang 1967]. უფრო თანამედროვე კვლევებითაც დასტურდება, რომ დღემდე მოღწეული არაბული არც ერთი ქრისტიანული რედაქცია    XI საუკუნეზე ადრინდელი არ არის და ყველა მათგანი ბერძნული ბარლაამ-რომანიდან  მომდინარეობს [Kanaan 2023].

ბალავარიანის ქართულ რედაქციათა მნიშვნელობა მედიევისტიკისათვის ამითაც არ ამოიწურება. როგორც ჩანს იგი მნიშვნელოვანია აღმოსავლეთმცოდნეობისათვისაც. შენიშნულია, რომ ქართული ვრცელი რედაქცია ყველაზე საინტერესოა არაბული ტექსტის შესასწავლად ( “La version géorgienne longue est de loin plus intéressante pour l’étude du texte arabe…”). ხოლო, მეორე მხრივ, ისიც აღნიშნულია, რომ თუ მოკლე ქართული რედაქცია ვრცელზე ადრინდელია (როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს), მაშინ არაა გამორიცხული, რომ იგი არაბული რედაქციების პროტოტიპის მონაცემებს დედანთან ერთგულებით ინახავდეს. („Dans ce cas, faudrait-il ajouter, cette version géorgienne courte deviendrait, sur ce point là du moins, le prototype de toutes les autres“). [Gimaret 1976, 53-54].ასე რომ, საჭიროდ მიმაჩნია, ბალავარიანის ქართულ რედაქციათა ურთიერთ მიმართებების კიდევ ერთხელ შესწავლა. მით უმეტეს, რომ ამ საკითხის თაობაზე სამეცნიერო წრეებში დამკვიდრებული თვალსაზრისი ემყარება ბალავარიანის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა მიმართებების კვლევის ადრინდელ ეტაპს.

თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ B რედაქცია დედანია A რედაქციისათვის, ჩამოყალიბდა და თანდათანობით დამკვიდრდა იმ პერიოდში, როცა ქართველოლოგები ეკამათებოდნენ ფ. დელგერის თვალსაზრისს ბალავარიანის  ქართულიდან ბერძნულად თარგმანის უარყოფის თაობაზე [Dölger 1953]. ამ პერიოდში გამოვლინდა ბალავარიანის მანამდე უცნობი ვრცელი ქართული რედაქცია - იერუსალიმური ხელნაწერი, რომელიც ბევრად უფრო ვრცელი ბერძნული ბარლაამის ქართულიდან მომდინარეობის სამტკიცებლად ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ერთგვარად ესეც განაპირობებდა მკვლევართა იმგვარ განწყობას, რომ ქართული ბალავარიანის  თავდაპირველი სახე სწორედ ეს ვრცელი რედაქციაა. ვრცელი რედაქციიდან მოკლეს მომდინარეობის არგუმენტირება ძირითადად ძველ ქართულ ხელნაწერთა ცნობილი მკვლევარის, ვრცელი ხელნაწერის გამომავლინებელის, გამომცემელისა და შემსწავლელის  პროფ. ილია აბულაძის თვალსაზრისს ემყარება [აბულაძე 1957:020-026]. ბუნებრივია, რომ ქართულ ხელნაწერთა თვალსაჩინო ექსპერტის  ავტორიტეტი ხელს უწყობდა ამ თვალსაზრისის  სამეცნიერო წრეებში დამკვიდრებას.  მნიშვნელოვანი ის გარემოებაც  იყო, რომ ვრცელი რედაქცია კორნელი კეკელიძის თვალსაზრისითაც უფრო ადრინდელად იყო მიჩნეული [კეკელიძე 1960]. მკვლევართა ნდობას ვრცელი რედაქციის თავდაპირველობაზე იმანაც შეუწყო ხელი, რომ საპირისპირო ვარაუდი, რომელიც კონკრეტდებოდა სიბრძნე ბალავარისას  იოანე მოსხის შექმნილ თხზულებად   [Нуцубидзе 1956], სამეცნიერო წრეებში არ იყო პოზიტიურად შეფასებული.

არგუმენტირება A - მოკლე რედაქციის B - ვრცელზე[3] დამოკიდებულებისა და მის შემოკლებად მიჩნევისა არაა სარწმუნო და მეთოდოლოგიურად საფუძვლიანი. კერძოდ: მოხმობილ არგუმენტებში აპრიორულ დაშვებად მიჩნეულია, რომ ეს ორი რედაქცია აშკარად ერთმანეთის საფუძველზეა შექმნილი და კვლევა იმის გამოსავლენადაა მიმართული, ვრცელის შემოკლებაა მოკლე, თუ პირიქით. არაა დაშვებული, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს სხვა რედაქციის, არაბული ან ქართული დედნის დამოუკიდებლად შემოკლება თუ გავრცობასთან; ან კიდევ ორი განსხვავებული რედაქციის თარგმნასა თუ გადმოკეთებასთან. ზოგიერთი არგუმენტი იმ პრინციპითაა მოხმობილი, თითქოს ერთმანეთს ორ აშკარად ერთმანეთზე  დამოკიდებულ ხელნაწერს ადარებდნენ და იკვლევდნენ, რომელშია გასწორებული პირველი ხელნაწერის შეცდომა, ან არასწორად გახსნილი  ქარაგმა და სხვა ამგვარი. მოკლე და ვრცელ რედაქციათა მსგავსი წინადადებების გავრცობის თუ შემოკლების და ასევე ზოგიერთი დეტალის ინტერპრეტირებისას ჩანს დასკვნაზე ძალდატანება, ანუ უფრო თვალნათლივი პოზიციის დაფიქსირების ნაცვლად გამოძებნილი ვარაუდების მოხმობა.

შენიშნულია, რომ ვრცელსა და მოკლე რედაქციებს შორის სხვაობა უპირატესად იმ ადგილებში ჩანს, რომლებიც ქრისტიანობის აპოლოგიას წარმოადგენს და რომლებიც მოკლე რედაქციაში არ იკითხება. გარდა ამისა, სიბრძნე ბალავარისის მოკლე წინადადებები იოდასაფის ცხოვრებაში ხშირად განმარტებული და გავრცობილია, უპირატესად ქრისტოლოგიური მიმართულებით. დასკვნა ასეთია:  A-ს (მოკლეს) რედაქტორი ამოკლებს ვრცელ რედაქციას [აბულაძე 1957:039]. უფრო სარწმუნო ისაა, რომ ადრინდელი შუასაუკუნეების ქართველი მწერალი თუ რედაქტორი ვრცელი ტექსტის შემოკლებისას საღვთისმეტყველო-ქრისტიანულ პასაჟებს არ ამოიღებდა. მით უმეტეს, რომ მის მიერ შექმნილი თხზულებაც წარმართული ქვეყნის გაქრისტიანებაზეა და ქრისტიანულობის აპოლოგიაა   [Tarkhnichvili 1958:78]. სავარაუდო პირიქითაა: ზოგადად საღვთისმეტყველო   ქრისტოლოგიურ ტექსტს ვრცელი რედაქცია  ქრისტოლოგიურად ავრცობს. ეს თვალნათლივ ჩანს თვით გადაკეთებულ წინადადებებშიც, და ასეთი ძალზე ბევრია. (მაგალითები იხილეთ დანართში ).

მოკლე რედაქციის ბუნდოვანი წინადადებები მიჩნეულია ვრცელის შემოკლებისას მართებული აზრის გაბუნდოვანებად. თუ დავუშვებთ, რომ ორი ტექსტი მართლაც მხოლოდ ერთმანეთზეა დამოკიდებული, შედარებით ბუნდოვანის გასაგებად ჩასწორება იმ რედაქციაში ხდება, რომელიც მეორეულია. გასაგების გაბუნდოვანება ახალი რედაქციის შექმნისას უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი, ვიდრე პირიქით.

A და B რედაქციათა შორის საპირისპირო ხასიათის სხვაობანიც ჩანს. არის შემთხვევები, როცა წინადადებაში, რომელიც ორივე რედაქციაში ერთნაირად იკითხება, მცირე სხვაობაა: მოკლეში წინადადება სწორია, ხოლო ვრცელში რომელიღაც სიტყვა გამოტოვებულია; ან შეცდომითაა [აბულაძე 1957:015]. ამის ასახსნელად დაშვებულია ვარაუდი, რომ ალბათ არსებობდა ვრცელი ხელნაწერის დედანი, რომლისგან გადმოწერისას იქნა დაშვებული შეცდომა და რომელსაც შემოკლებისას სწორად კითხულობდა მოკლეს რედაქტორი. ასეთ შორეულ საეგებიო ვარაუდზეა  კატეგორიულად დაფუძნებული  პრინციპული დასკვნა, რომ მოკლე რედაქცია ვრცელის შემოკლებაა; და არაა დაშვებული აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ სიტყვათა გამორჩენაც და არასწორად ამოკითხვაც მოკლე რედაქციის გავრცობა-გადმოწერისას შეიძლებოდა მომხდარიო. მით უმეტეს, რომ ვრცელი რედაქციის ეს პასაჟები ზუსტად მისდევს მოკლეს  ტექსტს. ხელნაწერებში ამ თვალსაზრისის უშუალოდ დამადასტურებელი შემთხვევებიც ჩანს. ერთი მაგალითი:

ბალავარიანი  იწყება იმ ქვეყანაზე მითითებით, სადაც ეს ამბავი მოხდა. ამ ქვეყნის სახელია შოლაიტი. ორივე ქართული რედაქციის მიხედვით ეს სახელი მოხსენებულია თხრობის დასაწყისშიც და ბოლოშიც. მხოლოდ  ვრცელ რედაქციაში დასაწყისში სახელი მცდარადაა  - ბოლაიტი [ბალავარიანი 1957:3].  (ძველ ქართულ ანბანში „ბ“ და „შ“ ასოთა ნიშნები ერთმანეთს ემსგავსება). ისევ ნავარაუდევია, რომ ძველი ვრცელი ხელნაწერიდან გადმოწერისას იქნა დაშვებული შეცდომა [აბულაძე 1957: 014]. არაა გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობა, რომ ვრცელი რედაქციის ეს პასაჟიც შექმნილია მოკლე რედაქციის საფუძველზე, რომელსაც იგი ზუსტად ემთხვევა. მით უმეტეს, რომ მოკლე რედაქციის ხელნაწერთა ვარიანტებში იკითხვის „შოლაიტის“ ნაცვლად იკითხება: ბოლაÁ.

მოკლე რედაქციაში არის რამდენიმე პასაჟი, რომლის შესახებაც ტექსტში წინ  უნდა ყოფილიყო რაღაც თქმული და არ არის;  ვრცელ რედაქციაში კი იკითხება. დასკვნა ასეთია: A რედაქცია ამოკლებს B - ვრცელს. არ არის გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები; მაგალითად ის, რომ A (მოკლე) რედაქცია განსხვავებული არაბული დედნიდან მომდინარეობდეს, რომელიც თავად ამგვარი იყო, ან რომელსაც მთარგმნელი ამოკლებს.

ბალავარიანის ქართული  რედაქციების მიუკერძოებელი თვალით წაკითხვა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მოკლე მათგანი უფრო ძველი  უნდა იყოს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება, სხვა მკვლევარნიც ამ აზრამდე მისულან [Нуцувидзе 1956; Tarkhnishvili 1958:82; ყაუხჩიშვილი 1963; თვარაძე 1971]. უფრო მეტიც, შენიშნულია, რომ ძველი ქართული ენის ნორმები მოკლე რედაქციაში ზოგ შემთხვევაში უფრო სწორადაა დაცული (კერძოდ, Á და À -ს გამოყენებისას) [აბულაძე 1957: 015-016]. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოკლე რედაქცია უფრო შეკრული, მწყობრი მათგანია; რომელსაც ნაკლებად ახასიათებს სიუჟეტის გადატვირთვა  ჩანართებით და ნარატივის ეპიზოდების გათიშვა. ეს უფრო ნათლად ჩანს თხზულების დასაწყისში, ვიდრე საკუთრივ იოდასაფის ამბავი დაიწყებოდეს.          

შენიშნულია, რომ რედაქციათა ერთმანეთთან მიმართებისას ჩანს განსხვავებები: გამოტოვებები, დამატებები, ეპიზოდთა გადაჯგუფებები, ერთმანეთისაგან განსხვავებული დეტალები. არის ვარაუდი  ერთი საერთო არაბული ან ქართული არქეტიპისა [Tarkhnishvili 1958:76; თვარაძე 1964]. ამ სხვაობათა ასახსნელად  სხვა ვარაუდებიც არსებობს: მოღწეული რედაციების არქეტიპი უფრო ვრცელი ხელნაწერი შეიძლება ყოფილიყო; ან ვრცელი რედაქციის განსხვავებული ვერსიაც არსებულიყო, რომლის შემოკლება შეიძლება იყოს ჩვენამდე მოღწეული მოკლე ბალავარიანი [აბულაძე 1957:045-46].

ჩემი დაკვირვებით, ბალავარიანის ქართული რედაქციები ერთ ნარატივზე აგებული ორი დამოუკიდებელი რედაქციაა და არა ერთი მათგანი მეორეს შემოკლება, ან „რეზიუმე“ (როგორი კვალიფიკაციაც მიეცა მას საერთაშორისო კვლევებში [GIMARET 1971:8,53]. თუ უტრირებულად (ხაზგასმის მიზნით გაძლიერებულად, გადაჭარბებულად) ვიტყვით, არა მხოლოდ ორი რედაქცია, არამედ ორი თხზულებაა: ერთ ამბავზე (ნარატივზე) შექმნილი, დაფუძნებული სხვადასხვა დედანზე, ან ერთსა და იმავეზე, მაგრამ პარალელურად სხვა რედაქციის გამოყენებითაც, და ამავე დროს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის მქონე. ორივე მათგანი ძველი ქართული სასულიერო მწერლობის აგიოგრაფიულ თხზულებათა ჯგუფს მიეკუთვნება. მაგრამ მათი თვით სათაურებიც სხვადასხვა ტიპის აგიოგრაფიულ სტილზე, ან უფრო მეტიც ქრისტოლოგიურ ჟანრზე მიანიშნებს: A - მოკლე რედაქცია: „გვითხრობდა ჩუენ მამაÁ ისაკ, ძე სოფრონ პალესტინელისაÁ, და არს წიგნი ესე სიბრძნე ბალაჰვარისი, რომელი იყოფებოდა უდაბნოთა მძოვართა თანა“. B - ვრცელი რედაქცია: „ცხორებაÁ ნეტარისა იოდასაფისი, ძისა აბენეს ჰინდოთა მეფისაÁ, რომელი მოაქცია ნეტარმან მამამან ბალაჰვარ მოძღუარმან“[4].

ეს უკანასკნელი სათაური აგიოგრაფიული ჟანრის თხზულების ტიპური სათაურია; მაშინ როცა მოკლე რედაქციის სათაური პატერიკული ჟანრის თხზულებაზე მიანიშნებს. ამ აზრს კიდევ უფრო განამტკიცებს ამ რედაქციის დასაწყისი: „მივიწიე ოდესმე იოპედ და მუნ ვპოვე წიგნი ესე ჰინდოთა საწიგნესა, რომელსა შინა სწერიან საქმენი ამის სოფლისანი, ფრიად სარგებელნი სულისანი“. მოკლე რედაქციის „მძოვართა თანა“ არაა მხოლოდ ასკეტიზმზე მიმათითებელი ნეიტრალური შესიტყვება. იგი სპეციფიკურად მეუდაბნოებაზე მიმათითებელი დეტალია. მართლაც სიბრძნე ბალავარისის  ასკეტიზმი კონკრეტულად მეუდაბნოებაა. ვრცელი რედაქცია ამჯობინებს ქრისტიანობას  უფრო მიახლოებულ „მონაზნობაზე“ ილაპარაკოს და ტერმინ „მეუდაბნოებას“, იგი  ზოგჯერ ტერმინ „მონაზვნობით“ ჩაანაცვლებს. ამ ტერმინს 21-ჯერ ახსენებს. მოკლეში იგი მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდება.

ეს სათაურები მხოლოდ ამ ორი რედაქციის განსხვავებულ ჟანრობრივ სპეციფიკაზე არ მიგვანიშნებს, თხზულებათა ძირითადი აზრის, სათქმელის სხვადასხვაობაზეც მიუთითებს: ვრცელი რედაქციის მიზანდასახულობა იოდასაფის ცხოვრების  თხრობაა; მოკლესი - ბალაჰვარის სიბრძნის გადმოცემა. მოკლე რედაქციაში აქცენტირებული მართლაც ბალავარი, მისი სიტყვა და საქმეა. ვრცელი რედაქციის ავტორი კი ცდილობს ბალავარის, როგორც იოდასაფთან ერთად ცენტრალური პერსონაჟის სახე მეორე პლანზე გადაიტანოს, არ ახსენებს მის სახელს და მეფის ვიღაც თანამზრახველს მიაწერს სასახლის კარზე ბალავარის თავგადასავალს - გაძევებას, განდეგილობას (ქვეთავი 5, გვ 11-16). მოქმედებაში მას მხოლოდ მეორე ეტაპზე იოდასაფის დასამოძღვრად შემოიყვანს.           

             რედაქციებში განსხვავებულია კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟის - აბენეს მეფის სახეც. მოკლე რედაქციის მიხედვით იგი იყო „მშÂდი და მდაბალი  და ფრიად მოწყალე გლახაკთაÁ“. ვრცელი რედაქციის მიხედვით, ეს ქრისტეს მსახურთა მოძულე მეფე იყო „შეყოფილი გონებითა ნებათა და საშუებელთა ამის სოფლისათა და დამონებულ ნებასა თავისა თÂსისისა, და ყოვლადვე ვერ წინააღმდგომელ შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა“ [ბალავარიანი 1957:3].

ეს დიდი სხვაობა მკაფიოდაა გამოვლენილი ამბის მსვლელობაშიც. ერთხელ აბენეს მეფე, მას შემდეგ რაც მისი სამეფოდან ქრისტიანთა გაძევება ბრძანა, ქალაქის გარეუბნებში იყო გასული. იპოვა ორი ქრისტიანი, რომელნიც დაგვიანებით ცდილობდნენ ქვეყნიდან გასვლას. განრისხდა მეფე. ვრცელი რედაქციის მიხედვით,  „ბრძანა დაწუაÁ მათი ცეცხლითა. და სრულ იქმნა წამებაÁ მათი“. მოკლე რედაქციის მიხედვით კი  „იგინი განუტევნა“ [ბალავარიანი 1957:17]. ამ ორ რედაქციაში თითქოს სხვადასხვაგვარი ჩანს მამის - აბენეს მეფის ურთიერთობა შვილთან - იოდასაფთან. მოკლე რედაქციაში ეს ურთიერთობა უფრო მამა-შვილურია; ვრცელში - ოფიციალური. ვრცელი რედაქციის თავშეკავება აბენეს მეფის პერსონაჟში დადებითი თვისებების წარმოჩენაზე  მის მიერ ქრისტიანობის აღიარების შემდეგაც ჩანს. აბენესის მიცვალების სცენაშიც, სასუფლისაკენ გამგზავრების თხრობისას,  ვრცელი რედაქცია თავშეკავებულია:  მოკლე რედაქცია: „და ვითარცა ამას იტყოდა,  იხილნა ანგელოზნი ნათლითა შემოსილნი, და დაიწერა ჯუარი და განუტევა სული“. ვრცელი რედაქცია: „და ვითარცა წარასრულნა ჰებენას მეფემან სიტყუანი ესე, Ãმა-ყო Ãმითა დიდითა და აღმოუტევა სული“ [ბალავარიანი 1957:155].

მოკლე რედაქციის ტექსტი წარმოაჩენს ისეთ დეტალებს, რომლებიც B რედაქციისაგან აშკარად განსხვავებულ დედანზე მიანიშნებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთი შეგონება მჭურინავის იგავიდან.  მჭურინავმა (მგალობელი ჩიტი)  კაცს, რომელმაც იგი გაათავისუფლა, სამი შეგონება (რჩევა) მისცა. მესამე მათგანი A და B ქართულ რედაქციებში სხვადასხვაა. ვრცელი რედაქცია: „ნუ გრწამნ, რომელი არა იყოს.“  მოკლე რედაქცია: „რომელი შენთÂს  არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ  და სცხოვნდე“ [ბალავარიანი 1957:58]. ვრცელი რედაქციის შეგონება ჭეშმარიტად ფასეული აღმოსავლური სიბრძნეა. მოკლე რედაქციის ბიბლიური შეგონება  - „რომელი შენთÂს  არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ“ - თავისი ზოგადრელიგიური ხასიათით ბუდისტურ ფილოსოფიასაც მიესადაგება. არსი მოკლე რედაქციის ამ შეგონეგისა  საზოგადოდ გასდევს ბალავარიანის  მთელ ტექსტს და ნათლად ჩანს არა მხოლოდ მოკლე, ვრცელ რედაქციაშიც.  ერთი მაგალითი: მოკლე რედაქცია: „და იყავნ ყოველთა კაცთათÂს ეგრეთ, ვითარცა შენ გნებავს ყოფაÁ მათი შენთÂს“; ვრცელი: „იყავნ ყოვლისა კაცისათÂს და ყოვლისა ერისათÂს, ვითარცა გნებავს ყოფაÁ მათი შენთÂს“ [ბალავარიანი 1957:163].

ჩემი აზრით, მიუხედავად ამ რედაქციათა შორის არსებული პრინციპული განსხვავებებისა, ისინი არ წარმოადგენენ ერთმანეთისაგან სრულად დამოუკიდებელ ტექსტებს და მხოლოდ არქეტიპის ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დამუშავებას; მათ ერთმანეთთან უშუალო კავშირი აქვთ. ნაწილობრივ სწორია ამ რედაქციების მკვლევართა აზრი: ერთი მეორეს ამოკლებს, ან მეორე პირველს ავრცობს (კეკელიძე, აბულაძე, ყაუხჩიშვილი, ნუცუბიძე). საქმე ის არის, რომ ვრცელი რედაქციის ნახევარზე მეტი აშკარა ტექსტობრივ კავშირს ამჟღავნებს მოკლე რედაქციასთან: წინადადებები ან ზუსტად თანხვდებიან ერთმანეთს (ზოგჯერ ერთი ან ორი სიტყვის ჩამატებით თუ შეცვლით, მაგრამ ფრაზებისა და შესიტყვებების ზუსტი დამთხვევით); ან იმეორებენ ერთმანეთს  ოდნავ გაფართოებით (ლექსიკურად განმარტებით, ან ქრისტიანულად გაფართოებით). (ილუსტრირებისთვის  რამდენიმე მაგალითი იხილეთ დანართში ).

ვრცელ რედაციაში ბევრი პასაჟია, რომლებიც მოკლეში არ იკითხება. მათგან უმეტესობას ამბის მბობაში ქრისტოლოგიურად გადამუშავებული  სიახლეებიც შემოაქვთ. ეს პასაჟები უპირატესად აპოლოგიაა ქრისტიანობისა, განდეგილობაზე აქცენტირებით; მაგრამ ამავე დროს თავისთავადი სიუჟეტური ეპიზოდებით, რომელთაც არაქრისტიანული შინაარსის  პარალელები ეძებნება არაბულ-ისმაილურ რედაქციაში.

            ბალავარიანის ქართული რედაქციების ურთიერთმიმართების კვლევას რამდენიმე დასკვნამდე მივყავართ.

ეს ორი რედაქცია ერთმანეთზე მჭიდროდ, ორგანულადაა დამოკიდებული. არალოგიკურია იმის დაშვება, რომ ერთი ფაბულის და სიუჟეტის პრინციპულად მსგავსი განვითარების ორი თხზულება, რომელთაგან ერთი თითქმის სრულად, ხოლო მეორე ნახევარზე ბევრად მეტი მოცულობით ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა წინადადებებით (ხშირად ერთმანეთზე მიბმული რამდენიმე წინადადებით), ან კიდევ ცალკეული პარალელური ფრაზებით, შესიტყვებებით და ტერმინებით; წარმოვიდგინოთ, ერთი და იმავე დედნის ორ დამოუკიდებელ თარგმნად ან გადამუშავებად.

            ზემოთ წარმოდგენილი მიმოხილვით ასევე დასტურდება, რომ რედაქცია B ავრცობს მეორეს ( A რედაქციას). ბალავარიანის  ორივე ქართული რედაქცია ადრინდელი შუასაუკუნეების პროდუქტია. მათი შემქნის თარიღი საგულვებელია არაუგვიანეს X საუკუნისა. მოკლე რედაქციის სვინაქსარული აგიოგრაფიის ტიპის ძეგლად მიჩნევა (როგორც ზოგჯერ ვარაუდობდნენ) ნაკლებად სარწმუნო ჩანს[Tarkhnishvili 1958; თვარაძე 1964].   ამ ერთი თხზულების ორი რედაქციის ფორმირება, ჩემი აზრით, აგიოგრაფიული ჟანრის იმ  ეტაპთან უფრო ავლენს მსგავსებას, როცა მოკლეს გავრცობა ხდებოდა, რაც მოგვიანებით ძველ საკითხავთა გავრცობა-გადაკეთების ანუ კიმენურიდან მეტაფრასული რედაქციების შექმნის პოპულარულ მიმდინარეობაში გადაიზარდა. ამ აღმოსავლური ნარატივის ქრისტიანული აგიოგრაფიის თხზულებად ფორმირებაც ამგვარ პროცესს უჭერს მხარს: არაბული ბალაჰვარისა და ბუდასაფის წიგნისიბრძნე ბალავარისის  ზომიერად ქრისტიანული ვერსია → ქრისტიანული აგიოგრაფიის თხზულება: ცხოვრება ნეტარ იოდასაფისა → ბიზანტიური აგიოგრაფიის შედევრი: სულისმარგებელი ისტორია ვარლაამისა და იოასაფისა. ბალავარიანის ქართულ რედაქციათა შორის  ლექსიკური და თვით სტილისტური სხვაობანი ხშირ შემთხვევაში გადამწერთა უნებლიე თუ შეგნებულ საქმიანობად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ მაინც შეინიშნება მოკლეს თავდაპირველობა და მასზე ვრცელის დამოკიდებულება: მოკლეს ბუნდოვანი წინადადებები ვრცელში ჩასწორებულია (ბუნდოვანის გასწორება უპირატესად მეორეულ რედაქციაში ხდება და არა პირიქით); ძველი ქართული ენის ნორმებს ზოგ შემთხვევაში მოკლე რედაქცია ვრცელისაგან განსხვავებით თანმიმდევრულად იცავს (Á - ს და À -ს გამოყენება).  A რედაქციის B - ვრცელთან შედარებით მოკლე პასაჟები უკანასკნელის შემოკლებად კი არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ სხვა დედნიდან მომდინარედ, ან ამ სხვა დედნის შემოკლებად; რამდენადაც ამ ორ ქართულ რედაქციაში ერთი და იმავე პასაჟის ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული ვარიანტებიც ჩანს. ამ თვალსაზრისით, სხვა შემთხვევებთან ერთად განსაკუთრებით საყურადღებოა მჭურინავის იგავში ერთი შეგონების პრინციპულად განსხვავებული ვარიანტები და რაქისისა და თედმას მიერ ქრისტიანობის აღიარების ეპიზოდები. მოკლე რედაქციის მიხედვით, რაქისი იოდასაფთან კამათში, მეფის თანდასწრებით (თავი 45), აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს [ბალავარიანი 1957:104]. ვრცელ რედაქციაში ამ პასაჟს პარალელი არა აქვს. იმავე რედაქციით, მსგავს სიტუაციაში (მეფის თანდასწრებით) თედმა აღიარებს ქრისტიანობას (თავი 61; გვ. 151), რასაც მოკლეში  არ ეძებნება პარალელი.

            ეს პრინციპული სხვაობანი იმას მიუთითებს, რომ B რედაქცია, იოდასაფის ცხოვრება მხოლოდ მოკლეს, სიბრძნე ბალავარისის  დამოუკიდებელ გავრცობას არ წარმოადგენს. იგი არაბული დედნითაც სარგებლობს. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, იგი არაბულ დედანს აქართულებას და ამ დედნის იმ პასაჟებს, რომლებიც ქართულ სიბრძნე ბალავარისაში იკითხება (და ასეთია თხზულების თითქმის მთელი ნარატული ნაწილი), ქართული რედაქციიდან გადმოიტანს და განავრცობს. მოკლესთან სიუჟეტურ სხვაობებში ვრცელი რედაქცია  სხვა დედანს მისდევს. რაც იმითაც დასტურდება, რომ ამ რედაქციათა სხვაობებში არაბული ისმაილური თხზულება ვრცელ რედაქციას უჭერს მხარს. ისიცაა შენიშნული, რომ ვრცელ  ქართულ რედაქციაში პარალელები ჩანს არაბულ იბნ ბაბუიას რედაქციასთანაც (Gimaret 1971:53). ამიტომაც ჩანს ამ ორ რედაქციაში ერთსა და იმავე ეპიზოდებში პრინციპული სხვაობანი და ზოგჯერ ამბის მბობის სხვა თანმიმდევრობა: მოკლე რედაქციის დასაწყისში ეპიზოდების სხვაგვარი დალაგება; ვრცელი რედაქციის მეფის თანამზრახველის და მოკლე რედაქციის ბალავარის ერთი და იგივე თავგადასავალი; აბენეს მეფის სხვადასხვა სახე-პერსონაჟი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას, რაც უშუალოდ იმას მიანიშნებს, რომ ვრცელი რედაქციის ავტორი არაბულ დედანს გადაამუშავებს და თან მოკლე ქართული რედაქციის ტექსტს იყენებს. მეფის სახელი მასში არაერთგვაროვნადაა წარმოდგენილი: მოკლე რედაქციაში მეფის სახელად მხოლოდ აბენეს იკითხება. ვრცელის ყველა პასაჟში, რომელიც მოკლე რედაქციას ზუსტად მისდევს, მეფის სახელად დასტურდება, როგორც მოკლეში, აბენეს. გამონაკლისია ერთი შემთხვევა: აბენესე [ბალავარიანი 1957:156]. ვრცელის დანარჩენ შემთხვევებში სახელის სხვა ვარიანტებია:  ჰებანეს, ჰებენას, ჰებენეს, აბენესე.         

            ქართული ვრცელი რედაქციის ავტორს მოკლე რედაქციის ტექსტი ან პირწმინდად გადმოაქვს ან მცირეოდენი განმარტებებით და გავრცობით, რაც უპირატესად ზომიერ რელიგიურ პასაჟს  ქრისტოლოგიური სპეციფიკით დააკონკრეტებს. როგორც ამ გადამუშავებებში, ასევე იმ ფართო გადახვევებში, რომლებიც მოკლე რედაქციაში არ იკითხება, აშკარად იგრძნობა ავტორის ღრმა ქრისტოლოგიური ერუდიცია და მაღალი ლიტერატურული ოსტატობა.. ის გარემოება, რომ  ვრცელი რედაქციის ავტორი მოკლედან გადმოტანილ პასაჟებს  ქრისტოლოგიური პოზიციით განავრცობს, აშკარა საბუთია იმისა, რომ ამ შემთხვევებში რელიგიურ გავრცობებს ქართველი ავტორი ახორციელებს. ეს კი იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ჩანართი ქრისტოლოგიური პასაჟებიც (რომლებიც მოკლეში არ იკითხება) ქართველი ავტორის ნახელავია. თუმცა იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ამგვარი პასაჟები უპირატესად სიუჟეტური სახისაა და  სავარაუდოდ არაბული დედნისეული უნდა იყოს. მაგრამ დღეისათვის ცნობილი ყველა არაბული ქრისტიანული რედაქცია ბერძნულ ვარლაამ და იოასაფის ისტორიასთან ავლენს კავშირს დაXI საუკუნეზე ადრინდელი არცერთი არაა.   ამდენად გავრცელებული თვალსაზრისი, რომ ამ თხზულების პირველი ქრისტიანული გადამუშავება ქართულ ენაზე მოხდა, მეცნიერულ ჭეშმარიტებად (ანუ არსებული მონაცემების ლოგიკურ დასკვნად) უნდა მივიჩნიოთ.          

            მოკლე რედაქცია ამ აღმოსავლური თხზულების უფრო ადრინდელი ქრისტიანული გადამუშავებაა. მისი ზომიერი ქრისტოლოგიური მსჯელობანი, ალბათ, ამ პროცესის  თავდაპირველ ეტაპზე მიანიშნებს. იგი საუბრობს უპირატესად ქვეყნის შემოქმედ ღმერთზე, რომელსაც ვრცელი რედაქცია ქრისტედ და სამებად გადაიაზრებს. მ. თარხნიშვილს შენიშნული აქვს, რომ მოკლე რედაქციაში ტერმინი სამება ორიოდე შემთხვევაში დასტურდება, ვრცელში კი მრავალჯერ; წმინდა მარიამს მოკლე რედაქცია 4-ჯერ ახსენებს, ვრცელი კი ძალზე ხშირად (თარხნიშვილი: გვ. 77-78). მოკლე რედაქციის ასკეტიზმი არის მეუდაბნოება, რაც თხზულების სათაურშივე გამოიკვეთება ტერმინით მძოვარი. A რედაქციის ღვთისმეტყველური პასაჟები, რომელთაც ვრცელში პარალელი არ ეძებნება ზოგადრელიგიური ხასიათისაა: უმთავრესად საუბრობენ ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე, სამოთხეზე, ანგელოზთა გალობაზე, სულის ზეცად აღვლენაზე. ეს პასაჟებიც თხზულების მხოლოდ ერთეულ ეპიზოდებში ჩანს. სიბრძნე ბალავარისას უმთავრესი აქცენტი ამბის გადმოცემაა, სიუჟეტის გაშლაა იმ ზოგადრელიგიური სიბრძნითურთ, რაც ალეგორიული სახით ჩართულ იგავებში ამოიკითხება. ძალზე მნიშვნელოვანია აბენეს მეფის  ერთმანეთისაგან განსხვავებული სახე მოკლე და ვრცელ რედაქციებში. მოკლე რედაქციის  უფრო ზომიერი თუ ლმობიერი მეფე-მამა, ვფიქრობ, ვრცელ რედაქციასთან შედარებით უფრო მეტ მსგავსებას ამჟღავნებს ბუდას ცხოვრების მეფე-მამასთან. ზოგი  მკვლევარი ამ რედაქციის ორიოდე სიუჟეტური დეტალის ბუდას ცხოვრების გადმოცემებთან შესაძლებელ მიმართებასაც ვარაუდობს[Wisdom 1957:25-28; თვარაძე 1971:113].  ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ სიბრძნე ბალავარისა, ინდოეთიდან მომდინარე ნარატივზე შექმნილი თხზულების ერთი ადრინდელი რედაქციის  ქრისტიანული გადამუშავება შეიძლება იყოს .     

            ეს გარემოება ძალზე საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის სიბრძნე ბალავარისის  ქართულ თხზულებას თვით კიტაბ ბალაჰვარ ვა ბუდასაფის  არაბული რედაქციების შესწავლის თვალსაზრისითაც, რაც თავისთავად აღმოსავლური ფილოლოგიის ერთი კარდინალური პრობლემაა. ბალავარიანის  ქართული რედაქციების სავარაუდო არაბულ დედანთან თუ დედნებთან მიმართება დღემდე საგანგებო მეცნიერული კვლევის საგანი არ გამხდარა. გამონაკლისია მხოლოდ დანიელ ჟიმარეს არაბულ-ისმაილური რედაქციის ფრანგული თარგმანის მარგინალიებზე დართული მითითებები არაბული ტექსტის პარალელებზე იოდასაფის ცხოვრების ქართული ტექსტის დ. ლანგის თარგმანთან და  არაბულ რედაქციათა და თარგმანთა აღწერების შორის ჩართული მთარგმნელის მიმოხილვა (Gimaret 1971:50-54]. ამიტომაც დღეისათვის არსებული  ვარაუდები ქართული რედაქციების არაბულთან მიმართებაზე მეცნიერული თვალსაზრისით მხოლოდ ნაკლებად ღირებული შეიძლება იყოს.

დანართი

1. ზუსტი დამთხვევანი (მცირე ლექსიკურ-სტილისტური ვარიაციებით):                                                            

ვრცელი რედაქცია  

1. იყო ვინმე მეფე ერთი ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან შოლაიტი, და სახელი მეფისა[ჲ] მის აბენეს. და იყო იგი წარმართი.(გვ.3)

2. და აღივსო მეფე იგი სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს კერპთა ჩემთა, რამეთუ ვადიდენ იგინი.(გვ.9)

3. ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ესე დიდებასა მეფობისასა, რომელ არავინ მიწევნულ არს ეგევითარსა მეფობასა და სიმაღლესა ქუეყანასა ჰინდოეთისასა.(გვ.9)

4. მე ესრე ვჰგონებ, ვითარმედ დიდებაჲ ესე, რომელსა მიემთხუევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისა დიდებაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა მას ჭეშმარიტებისასა. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე მეფესა, აღივსო მწუხარებითა.(გვ.10)

5. და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას და ვითარ აღვასრულენ დღენი ჩემნი, და აწ ვჰხედავ, ვითარ ცუდად დავშურები და მეშინის, ნუუკუე მოიწიოს აღსასრული და ცარიელი ვიპოო...(გვ.12)

6. აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ ეგე შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სუფევაჲ მოიყიდო. და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს, არამედ არაჲ გამოუცხადა მას.(გვ.13)

 

7. ხოლო მან ჰრქუა მას: ესეოდენთა ჟამთა ვჰმსახურებდ მეფესა ამას და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო,  რამეთუ ერთგულებით ვიდოდე მის წინაშე. ხოლო დღეს მძიმედ ვიხილე იგი ჩემდამო და ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ არა მაქუს მშჳდობაჲ მის თანა. ჰრქუა მას ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისსა? ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი, თჳნიერ სიტყუაჲ ერთი მრქუა მე და მე ვაუწყე უმჯობესი.(გვ.14)

 

8. ჰრქუა მას მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ? ჰრქუა თანამზრახვალმან მან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკ[ე]; და სიხარული არს, რომელსა არა შეუდგს ურვაჲ; და სიმრთელე არს, რომელსა არა შეუდგს სალმობაჲ; და მეფობაჲ არს, რომელსა არა აქუს აღსასრული; და მშჳდობაჲ არს, რომელსა არა შეუდგს [ში]ში; და ცხორებაჲ არს, რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი. (გვ.51)

 

9. ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა? ჰრქუა ბალაჰვარ: ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს შორის მათსა, სულიერნი და გუამნი. და უკუეთუმცა იხილე ჭურჭელი რაჲმე შექმნული, დაღაცათუმცა მოქმედი მისი არა ჰნახე, სწამემცა, ვითარმედ უვის შემოქმედი. ეგრეთვე ნაშენები, დაღაცათუმცა მაშენებელი მისი ვერ იხილე, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენებელი. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე საკჳრველად აგებულებაჲ ჩემი...(70)

10. ხოლო უკუეთუმცა იყვნეს ცრუ მოწამენი ღმრთისანი და მტყუვარნი, არამცა ესევითართა საჭიროთა და იწროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინა უყოფდეს მათ, რომელი-იგი შეაშუს ბუნებასა კაცთასა, და ვრცელი იგი გზაჲ და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ. და მი-მცაუშუეს შუებათა და გულის-თქუმათა მიმართ და ფართოებით ცხორებად, და ესევითარითამცა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, არამცა ლოცვითა და მარხვითა და მოთმინებითა ჭირსა შინა, და განსწორებითა მდიდართა და გლახაკთაჲთა განაკრთვნეს გულნი კაცთანი.(გვ.73)

11. ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთა მისთამცა გამოაცხადნეს საქმენი მისნი და საქმითავემცა მისითა დაჰჴსნა ქადაგებაჲ თჳსი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან, სახიერებასა ასწავებენ და თჳთ მანკიერებასა აღასრულებენ და ვერ შემძლებელ არ(ია)ნ ყოფად სასწაულისა, რომელიმცა კაცთაგან ვერ შემძლებელ იყო ყოფად. (გვ.73-74)

12. და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზადანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნესა სიტყუანი ბალაჰვარისნი. და ჰრქუა მას: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ესე და გრძნეული, რომელსა ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელნი ესე საწუთროჲსანი...(გვ77)

13. და თქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენესე მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან, და ვერვის ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისა, ვერცა მე და ვერცა თქუენ. და დღე ესე ყოველთა ზედა მოიწევის და თქუენ უწყით, რაჲ იგი იყო წადიერებაჲ ჩემი პირველითგანვე, არამედ ვერ წინა- აღუდეგ მამასა ჩემსა. და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისათჳს ჩემისა, რაითა შევერთო რიცხუსა მონაზონთასა და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა შინა ღმრთისასა.(გვ.156)

  მოკლე რედაქცია

იყო ვინმე მეფე ქუეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰრქჳან შოლაჲტ, და სახელი მისი აბენეს. იყო იგი წარმართი.

და აღივსო სიხარულითა დიდითა და უწოდა სახელი მისი იოდასაფ, და თქუა: ესე მიყვეს ღმერთთა ჩემთა. და უმეტეს ადიდნა იგინი.

ხოლო მათ ყოველთა თქუეს ერთბამად, ვითარმედ: მიიწევის ყრმაჲ ეგე დიდებასა მეფობისასა, რომელ არასადა ვინ მიწევნულ არს ქუეყანასა ამას ჰინდოეთისასა.

მე ესრეთ ვჰგონებ, მეფეო, რამეთუ დიდებაჲ, რომელსა მიიწევის ყრმაჲ ესე, არა არს ამის სოფლისაჲ, არამედ ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ დიდი წინამძღუარი იყოს გზასა ჭეშმარიტებისასა. ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა სიტყუანი ესე, აღივსო მწუხარებითა.

და ჰრქუა: შენ უწყი, ვითარ შეყოფილ არს გონებაჲ ჩემი სოფელსა ამას შინა და ვითარ აღვასრულენ დღენი ჩემნი, და ვხედავ, რამეთუ ცუდად ვშურები და მეშინის. ნუუკუე მოიწიოს აღსასრული და მე ცარიელი ვიპოო.

 

აწ წარჰმართე გულის სიტყუაჲ შენი, რამეთუ კეთილ არს, რაჲთა წარმავალისა ამის დატევებითა წარუვალი იგი სოფელი მოიყიდო. და დამძიმდეს სიტყუანი ესე წინაშე მეფისა და აღივსო მანკიერებითა მისთჳს და არა გამოუცხადა მას.

 

ხოლო მან ჰრქუა: ესოდენთა ჟამთა ვჰმონე მეფესა და არასადა ვიხილე მკსინვარებაჲ მისი ჩემდამო, რამეთუ ერთგულებით ვიდოდე წინაშე მისსა. ხოლო დღეს (მძიმედ) ვიხილე იგი ჩემდამო და ვჰგონებ, რამეთუ არა არს მშჳდობაჲ მის თანა. და ჰრქუა ვნებულმან მან: და რაჲ მიზეზი იყო შორის შენსა და მისსა? ხოლო მან ჰრქუა: არარაჲ უწყი სხუაჲ, რამეთუ სიტყუაჲ ერთი მრქუა მე, და ვაწჳე უმჯობესი.

 

ჰრქუა მეფემან: და რაჲ არს სუფევაჲ საუკუნოჲ, არა შეუთქსა მწუხარებაჲ? ჰრქუა მას თანამზრახველმან: სუფევაჲ საუკუნოჲ შუებაჲ არს დაუსრულებელი, რომელსა არა შეუთქს მწუხარებაჲ, და სიმდიდრე – რომელსა არა შეუთქს სიგლახაკე; და სიხარული – რომელსა არა შეუთქს ურვაჲ; და სიმრთელე – რომელსა არა შეუთქს სალმობაჲ; და მეფობაჲ – რომელსა არა შეუთქს აღსასრული; და მშჳდობაჲ – რომელსა არა შეუთქს შიში; და ცხორებაჲ – რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი.

 

ჰრქუა იოდასაფ: რაჲ დაამტკიცებს ცნობასა ღმრთისასა? მიუგო ბალაჰვარ: ცანი და ქუეყანაჲ და ყოველი, რომელი დამკჳდრებულ არს მას შინა, სულიერნი და გუამნი. და რამეთუ უკუეთუ იხილო ჭურჭელი რაჲმე შექმნილი, დაღათუმცა მოქმედი არა ჰნახე, სწამევე, ვითარმედ უვის შემოქმედი. და ეგრეცა ნაშენები, დაღაცათუ მაშენებელი ვერ იხილო, არამედ გონებაჲ წამებს, ვითარმედ უვის მაშენე\ბელი. ხოლო მე, რაჟამს ვიხილე თავი ჩემი და განვიცადე აგებულებაჲ ჩემი.

და უკუეთუ იყვნეს ცრუ მოწამე და მტყუარ, არამცა ესევითართა იწროთა და საჭიროთა გზათა ავლინებდეს კაცთა, არამედ უფროჲსმცა წინაუყოფდეს, რომელი შეაშუნს კაცთა, და ვრცელი და ფართოჲ კარიმცა უჩუენეს, რომელ არს საწადელი თუალთაჲ და სანებელი გულთაჲ. და მი-მცა-უშუეს გულის-თქუმათა და შეუბათა მიმართ, და ესევითარითამცა ცხორებითა მოიმძევლნეს გულნი კაცთანი, და არამცა ლოცვითა და მარხვითა, და ჭირითა და გლახაკობითა განაკრთვნეს გულნი კაცთანი.

 

 

ჰრქუა ბალაჰვარ: დაფარულთამცა მისთა გამოაცხადნეს საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თჳთ ვერ მოთმინე არიან. და სახიერებასა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსე არიან, და ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა, რომელიმცა კაცთაგანმან ვერ შეუძლო ყოფად.

და ვითარცა განვიდა ბალაჰვარ, უნდა იოდასაფს გამოცდაჲ ზანდანისი, უკუეთუ სარგებელ ეყვნეს სიტყუანი ბალაჰვარისნი, და ჰრქუა: არა გესმისა, რასა მეტყჳს მტყუვარი ისი და გრძნეული, რამეთუ ეგულების შეცთუნებაჲ ჩემი და განრყუნად საშუებელი ესე საწუთოჲსაჲ?

და ჰრქუა: აჰა ესერა შეისუენა აბენეს მეფემან, მამამან ჩემმან, ვითარცა ერთმან გლახაკთაგანმან, და ვერვის ჴელ-ეწიფა შეწევნად და ჴსნად მისდა ჴელთაგან სიკუდილისათა. და დღე ესე ჩუენ ყოველთაცა ზედა მოწევნად არს და თქუენ უწყით, თუ რაჲ იყო წადიერებაჲ ჩემი, არამედ ვერ წინა-აღუდეგ მამასა ჩემსა. და აწ არღარა მაქუს მიზეზი წინაშე ღმრთისა აღთქუმისა მისთჳს ჩემისა, რაჲთა შევეყო რიცხუსა მონაზონთასა, და თავს-ვიდვა ცხორებაჲ მათი. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თავისა თქუენისათჳს მეფე, რომელი გიძღოდის ნებასა ღმრთისასა.

 

  1.  2.    დამთხვევები (ლექსიკურ-სტილისტური ვარიაციებით და აზრობრივი გაფართოებით)

   ვრცელი რედაქცია 

1.ჰრქუა მას ვნებულმან მან: აწ უკუე ამის გამო წყლულ არიანა სიტყუანი შენნი?! ხოლო მე განვკურნნე შეწევნითა ღმრთისა მაღლისაჲთა. ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი და ჰგონებს, ვითარმედ ეძიებ დაპყრობად მეფობასა მისსა, და ზაკუვით აზრახეს მას სიტყუაჲ ეგე. აწ აღდეგ ხვალე და და(იყჳნე თა)ვი შენი და განიძარცუე სამოსელი შენი და შეიმოსე ძაძაჲ და მივედ მეფისა. და უკუეთუ გკითხოს მეფემან, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მიწოდე, აჰა ესერა მე განმზადებულ ვარ, დაღაცათუ სიკუდილი უადვილეს არს კაცსა ზედა ფუფუნეულსა, ვიდრეღა თავს-დებად ცხორებაჲ ესე, არამედ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ. რამეთუ მიზიარე კეთილთა მათ სამეუფოთა, მეცა თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, აწ ვიტანჯო შენ თანა, რაჲთა შენ თანაცა ღირს ვიქმნე სასურველსა.(გვ.14-15)

 

2. ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და ნაყოფი გამოიღო მრავალი, იგი არს რომელი მოისთულო თუალმან და შეიკრიბოს გულმან და წარიმართოს გონებამან, და დაამჴუნეს გულის-თქუმანი და განიწმიდოს გული ვნებათაგან. ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ქრისტესა, რაჲთა რომელი დასთესო ჩემ თანა, აღმოსცენდეს და მრავალი ნაყოფი გამოიღოს. აწ მეც მე სახე საწუთროჲსაჲ და ვითარ აცთუნებს მოყუარეთა მისთა.(გვ.36)

 

3. რამეთუ ვერვინ [შემძლებელ არს] შემატებად გინა მოკლებად ჰასაკსა თჳსსა, არცა მიცვალებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად, თუ რაჲმე მოჰვარდეს მისგანი. ვერ შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა მათითა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა მათითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა თჳსითა და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა. და მერმე ვჰხედავთ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა და მოწევნასა დღისასა შემდგომად ღამისა და ქცევასა სამყაროჲსასა. ამის გამო ვცანთ, რამეთუ დაბადებულთა ამათ უვის დამბადებელი, რამეთუ არა მსგავს არს მათა.(გვ.70)

  მოკლე რედაქცია

და ჰრქუა ვნებულმან მან: მე განვკურნნე სიტყუანი ესე შეწევნითა ქრისტესითა და ძალითა ჯუარისაჲთა. ესე უწყოდე, რამეთუ ბოროტი იჭჳ აქუს მეფესა შენდამი, რამეთუ ზაკუვით ზრახავს შენთჳს და  ჰგონებს შენ მიერ დაპყრობასა მეფობისა მისისასა. აწ აღდეგ ხვალე და დაიკუეცე თმაჲ თავისა შენისაჲ, და განიძარცუე სამოსელი ეგე შენი და შეიმოსე ძაძისაჲ და ეგრეთ შევედ წინაშე მეფისა. და უკუეთუ გკითხოს, თუ რაჲ არს ესე, არქუ მას: რომლისათჳსცა შენ მე მიწოდე, მე ესერა განმზადებულ ვარ, რამეთუ არა მნებავს თჳნიერ შენსა ცხორებაჲ. რამეთუ მიზიარე კეთილთა ამათ სამეფოჲსა შენისათა, აწ თანა-მაც, რაჲთა გეზიარო ჭირთაცა შინა ამის სოფლისათა, და ვითარცა ვინუკვე შენ მიერ, ვიტანჯოცა შენ თანა, რაჲთა შენ თანავე ღირს ვიქმნე საუკუნოდ.

 

ხოლო რომელი-იგი აღმოსცენდა და მრავალი ნაყოფი გამოიღო, ესე იგი არს, რომელი მოისთულის თუალმან და შეიკრიბის გულმან და წარჰმართის გონებამან და დაამჴუნის გულის-თქუმანი და განიწმიდის გული ვნებათაგან და გამოიღის ნაყოფი. ჰრქუა მას ძემან მეფისამან: მე ვესავ ღმერთსა, რაჲთა რომელი ჩემ თანა დასთესო, აღმოსცენდეს კეთილად და გამოიღოს ნაყოფი. აწ მითხარ სახე საწუთოჲსაჲ და ვითარ აცთუნებს კაცთა.

 

ვითარმედ ვერას შემძლებელ ვართ შემატებად, გინა დაკლებად ჰასაკისა და ვერცა განახლებად დაძუელებულისა და ვერცა კუალად შედგმად, თუ რაჲ მოჰვარდეს ასოთაგანი, და ვერცა შეუძლეს ამას მეფეთა მეფობითა, და ვერცა მარჯუეთა სიმარჯჳთა და ვერცა ბრძენთა სიბრძნითა, და ვერცა ძლიერთა ძალითა თჳსითა. და მერმე ვხედევდ შემოსლვასა ღამისასა შემდგომად დღისა, და ქცევასა სამყაროთასა. და ამით გამო ვცან, რამეთუ ყოველთა უვის დამბადებელი, და არა არს მსგავს დაბადებულთა.  

3. დამთხვევები (რელიგიური დეტალების ქრისტოლოგიური გაფართოებით) 

 ვრცელი რედაქცია   

1. აწ მთესვარი იგი მიმცემელი არს სიბრძნისაჲ, ქრისტე ღმერთი ჩუენი, ხოლო თესლი იგი კეთილი, სიტყუანი წმიდისა პირისა მისისანი, ჭეშმარიტნი.(გვ.35)

2. ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ თანა და ეგრეთვე სარგებელი შენი ჩემ მიერ, რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა უფლისა იესუ ქრისტესა, რომელი იშვა უთესლოდ ქალწულისა მარიამისგან, და მასწავე შჯული წმიდაჲ მისი და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა.(89.გვ)

3. მაშინ მოიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს. ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ შჯულსა იოდასაფისსა. და შეიწყნარეს წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ მათი სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.(გვ.146) 

4.  და მიწერა წიგნი მამისა თჳსისა ესრე სახედ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ გიკითხავ! პირველად ვჰმადლობ ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, რომელი განკაცნა კაცთა ცხორებისათჳს და გჳჴსნა მონებისაგან და საცთურისა კერპთაჲსა და მოგჳყიდნა უბიწოჲთა მით და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა, რომელი ჯუარსა ზედა გარდამოადინა. (146.გვ)

 5. გადიდებ და გმადლობ შენ, ღმერთო და მამაო უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუჲს ქრისტესო, მეუფეო დიდებისაო, დიდო და ძლიერო, მიუწდომელო და გამოუკულეველო, უხილავო და გამოუთქუმელო და გარე-შემოუწერელო, დამბადებელო ყოვგლისაო, რომელმან არა ჴუებულ ჰყავ სული ჩემი და მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი, რომელმან ჟამსა ამას უკუანაჲსკნელსა გიცნა შენ, ღმერთი მაღალი, და აღიარა ძე შენი უწინარეს საუკუნეთა შობილი და ყოვლად წმიდაჲ სული შენი.(გვ.155)

6. ხოლო ნეტარმან იოდასაფ ყოველი იგი ყოფილი აუწყა მას, ვიდრე დასასრულადმდე. და ჰმადლობდეს ღმერთსა სამებით ცნობილსა და ერთ-არსებით  დიდებულსა. (გვ.165)

   მოკლე რედაქცია

აწ მთესვარი იგი მიმცემელი სიბრძნისა-ა, და თესლი იგი — სიტყუანი ჭეშმმარიტებისანი.

 

ხოლო ღმერთმან განადიდა კეთილი მისი შენ მიერ ჩემ ზედა, რამეთუ მიზეზ მექმენ მეცნიერებასა ღმრთისასა და დამადგინე გზასა ჭეშმარიტებისასა.

 

 და მიიქცეს კაცნი იგი წინაშე მეფისა და აუწყეს ყოველი, რომელი ესმა და იხილეს. ხოლო მეფემან და ყოველმან ერმან მისმან განიზრახეს, რაჲთა შეუდგენ სჯულსა იოდასაფისსა და შეიწყნარონ წესი მისი.

 და მიუწერა მამასა თჳსსა ესრეთ: დიდსა და მორწმუნესა მეფესა და კეთილად მოსრულსა მორჩილებად ღმრთისა მე, მონაჲ და გლახაკი იოდასაფ, უფლისა მიერ მოგიკითხავ! პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა.

 

 

 გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, მეუფეო დიდებისაო, რომელმან მოაქციე მონაჲ ესე შენი შეცთომილი და არა წარსწყმიდე სატანჯველთა შინა ჯოჯოხეთისათა და, ღირს ყავ იგი ნათელსა პირისა შენისასა.

 

 

 და ვითარცა დასხდეს, ყოველივე ყოფილი წარმოუთხრა იოდასაფ. ხოლო იგი ჰმადლობდა ღმერთსა.

         


[1] წინამდებარე გამოკვლევა მომზადდა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (SRNSFG) მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროექტის „ვარლამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001) ფარგლებში.

[2] სპარსული ვერსიების შესახებ იხ. აგრეთვე  ა.გვახარიას „ბალავარიანის“ სპარსული ვერსიები [გვახარია 1985: 69-136].

[3] ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბალავარიანის  ამ ორი ვერსიის ლიტერებით აღნიშვნა არაერთგვაროვანია. ი. აბულაძე ვრცელს A ლიტერით აღნიშნავს, მოკლეს B-თი. კ. კეკელიძე A ლიტერით მოკლეს - სიბრძნე ბალავარისას აღნიშნავს,B-თი ვრცელს, რასაც მეც ვამჯობინებ (კერძოდ ამ გამოკვლევაშიც); რადგანაც სამეცნიერო წრეებში (და საზოგადოდ) თავდაპირველად სიბრძნე ბალავარისი  იყო ცნობილი 

[4] ნაწყვეტები ბალავარიანის ორივე ქართული რედაქციიდან ყველა შემთხვევაში მოტანილია და მითითებულია  ილ. აბულაძის გამოცემით [ბალავარიანი 1957].