ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ვახტანგ ლიჩელი
კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
კოლხეთის სამეფო ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულსა და I ათაწლეულის დასაწყისში ერთადერთი დაწინაურებული სახელმწიფო გაერთიანება აღმოჩნდა კავკასიის რეგიონში [41, 1-38; 42, 2-22]. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია საზოგადოების განვითარების ამსახველი უაღრესად შთამბეჭდავი სურათი: ბრინჯაოსა და რკინის დაწინაურებული მეტალურგია, განვითარებული მიწათმოქმედება, ტრადიციული სამშენებლო საქმე, მაღალმხატვრული ხელოვნების ნიმუშები, სოციალურად განვითარებული საზოგადოება და მკვეთრი ქონებრივი დიფერენციაცია. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი კოლხეთის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული ხანაა. მკვლევართა უმეტესობა თვლის, რომ სწორედ ამ ხანაში არსებობს კოლხეთის სახელმწიფო, რომელიც მოიხსენიება ძველ ასურულ და ურარტულ წარწერებში, ისევე როგორც ძველ ბერძნულ ლიტერატურაში და დაკავშირებულია ელინურ სამყაროში კარგად ცნობილ მითთან არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის შესახებ [41, 1-38]. არქეოლოგიური თვალსაზრისით ამ პერიოდის კოლხეთში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე სპეციფიური მოვლენა, რომელთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფენომენს წარმოადგენენ კოლექტიური სამარხები [37, 109-115]. ასეთი სამარხები (ურეკის, ნიგვზიანის, დღვაბას, ერგეტას სამაროვნები) ჩვეულებრივ შეიცავენ დიდი რაოდენობით არტეფაქტებსა და ინდივიდთა ნაშთებს. კოლხური კოლექტიური სამარხების დამახასიათებელი ნიშნებია: საკულტო მოედნები, დიდი ზომის კოლექტიური სამარხი ორმოები, გარდაცვლილის მეორადი დაკრძალვის წესი [12, 4-19]. ასეთი სამარხების ოპტიმალური მოდელი ასეთია: გარდაცვლილის დასამუშავებლად გამართული მაგიდა, მსხვერპლშესაწირი და კრემაციული მოედნები [12, 4-19]. ერთ-ერთი ტიპური მაგალითია ერგეტაში გათხრილი ძვ. წ. VIII ს-ის მეორე ნახევრითა და ძვ. წ. VII ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებული სამარხი #4 (II სამაროვანი) [47, 152-154]. სამარხი ორმოს კონტური გამოვლინდა მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 70-80 სმ-ის სიღრმეზე. დრომოსი გამოვლინდა სამარხის ჩრდილო ნაწილში, მისი სიგანე აღწევს 3 მ-ს და მიმართულია ცენტრისკენ. სამარხი გეგმაში მსხლისებური მოყვანილობისაა. სამარხის სიგრძე შესასვლელის ჩათვლით აღწევს 11 მეტრს, ხოლო სიგანე 5 მ-ზე მეტია. კულტურული ფენის სისქე ცენტრალურ ნაწილში აღწევს 40 სმ-ს, სამხრეთით 10 სმ-ს. ორმოს იატაკი 80 სმ-ის სიღრმეზეა ჩრდილოეთ ნაწილში და 1,6 მ-ის სიღრმეზე სამხრეთ ნაწილში. ოსტეოლოგიური მასალა პრაქტიკულად არაა შემორჩენილი. კბილები დაშლილია და დანაწევრებული, მაგრამ თავიანთ ბუნებრივ მდებარეობაშია შემორჩენილი. არტეფქტი სულ 596 - ია, რომლებიც 44 ჯგუფში ერთიანდება. სამარხეული ინვენტარის დასამზადებლად გამოყენებული მასალაა: თიხა, ქვა, კაჟი, ხე, სპილენძი, ბრინჯაო, რკინა, ტყვია, ვერცხლი, ოქრო, ნახევრად-ძვირფასი ქვები, ქარვა და პასტა. მათი დანიშნულება სხვადასხვაგვარი იყო: სხვადასხვა სახის ინსტრუმენტები, იარაღები, სამეურნეო ხელსაწყოები, სამოსთან დაკავშირებული ელემენტები, მძივები, ყელსაბამები და მცირე ზომის ქანდაკებები და სხვა. ამ სამარხში ,,ლეოპარდისა“ და ორთავიანი ვერძის ქანდაკება დადასტურდა. სხვა კოლექტიურ სამარხებში (ურეკი, დღვაბა, ერგეტა) აღმოჩნდა მხედარი ქალებისა და ხარების ბრინჯაოს ქანდაკებები [42, 2-22], საინტერესოა, რომ პარალელები ბერძნულ სამყაროში მოეპოვება არა მხოლოდ მხედარი ქალების ქანდაკებებს (რაც კარგადაა ცნობილი), არამედ ხარების ქანდაკებებსაც [49, 220-236]. პალეობოტანიკური მასალიდან სამარხში დადასტურდა მიწის თხილი, წაბლი და ფეტვი. პირველად სწორედ კოლექტიურ სამარხებში იჩენს თავს აშკარა კონტაქტები ირანულ სამყაროსთან. მხედველობაში მაქვს კოლხურ კოლექტიურ სამარხებში აღმოჩენილი ე. წ. მესამე ტიპის მთლიანად სხმული სატევრები, რომლებიც მოპოვებულია ერგეტას #1 სამაროვნის #5 სამარხ ორმოში (2 ცალი), ამავე სამაროვნის #7 სამარხ ორმოში (1 ცალი), #3 სამაროვნის #2 სამარხ ორმოში (1 ცალი) და დღვაბას სამაროვნის #1 სამარხ ორმოში (2 ცალი). ეს არის ე.წ. “წინააზიური ტიპის” სატევარი, რომელსაც უახლოესი ანალოგიები აქვს ჰასანლუ IV სატევრებთან [21, 43; 20, 57; სხვათაშორის, ამავე ტიპის სამარხებიდან ცნობილია sevanispiruli satevariც. შეად. 13, 13-15]. ჰასანლუ IV ტიპის სატევრები [შეად. 29, 31-70] ცნობილია აგრეთვე თლიას სამაროვნიდან (სამარხები #236, 51, 97). ითვლება, რომ ამ ტიპის სატევრების აღმოჩენა კოლხურ სამაროვნებში ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ისინი არსებობას განაგრძობენ ძვ.წ. 600 წლამდე [20, 57]. ასევე ირანულ სამყაროს უკავშირდება სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, მზეთამზის სამაროვანზე გათხრილ კენოტაფში აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევარი, რომელსაც ყველაზე ახლო ანალოგიები აქვს Calmeyer-ის მიერ გამოყოფილ ჯგუფში 31-35 და ნეო-ბაბილონური ეტაპის მასალაშია გაერთიანებული [45, 113-129; Diagram of Calmeyer's Groups 31-53]. ამ სატევრის პირველ პუბლიკაციაში მე სწორედ ეს თარიღი - ძვ. წ. VII-VI სს. მივუთითე [27, 363]. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სატევარი ლურისტანშია დამზადებული. მზეთამზის სამაროვანზე, სადაც ამ პერიოდში კოლხური კულტურის ინფილტრაცია სრულიად აშკარაა, დადასტურებულია აგრეთვე საწვივე რგოლების ჩაყოლების ფაქტიც, რასაც ანალოგია აქვს არა მხოლოდ თლიას სამაროვანზე, არამედ პირდაპირი და სინქრონული პარალელი აქვს ლურისტანში, კერძოდ, Gul Khanan-ის სამაროვნის #37 სამარხთან, სადაც ემბრიონალურ პოზაში დაკრძალულ მიცვალებულს ფეხებზე ასევე საწვივე რგოლები ჰქონდა ჩამოცმული [28, 35]. არ არის გამორიცხული, რომ ადრეული კონტაქტების მანიშნებელია ე.წ. ყურმილიანი დოქების მთელს კოლხეთში გავრცელების ფაქტი [4, 34-36; 5, 21]. ისინი აღმოჩენილია ძვ. წ. VII-IV სს-ის თითქმის ყველა ძეგლზე: ბათუმის ციხე, ფიჭვნარი, კოხი, სიმაგრე, ოჩამჩირე, ერგეტა, მთისძირი, დაბლაგომი, ქუთაისი, ყულევი, ბრილი და სხვ. ბოლო წლებში ყურმილიანი დოქების აღმოჩენის ფაქტებმა იმატა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ძეგლებზეც. ამ ტიპის კერამიკა პირველად თავს იჩენს დასავლეთ ირანში (უკანასკნელ წლებში, მაგალითად, დადასტურებულია Qalaichi–ში. შეად: Fine Ware, 800-600 BC. [44]. კოლხეთის ისტორიის შემდგომი ეტაპი ორ მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირედება: კონტაქტების გააქტიურებას ბერძნულ სამყაროსთან და აქემენიდების გამოჩენას. ამ შემთხვევაში მეორე მოვლენაზე შევაჩერებ ყურადღებას. კავკასიაში და კერძოდ, ამიერკავკასიაში აქამენიდების გამოჩენას საკმაოდ დიდი რაოდენობის პუბლიკაციები მიეძღვნა. ამ კატეგორიის ნაშრომთაგან უკანასკნელი იყო ფ. კნაუსის გამოკვლევა [34], რომელშიც თითქმის სრულად აისახა 2006 წლამდე არსებული არქეოლოგიური მასალა. მაგრამ იმის გამო, რომ რეგიონში არქეოლოგიური გამოკვლევები კვლავ გრძელდება, დაგროვდა საკმაო რაოდენობის მონაცემები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სრულიად ახლებურად წარმოაჩენენ ამიერკავკასიურ და აქემენიდურ ურთიერთობებს. ამასთან, გამოჩნდა ძველი ქართული წერილობითი წყაროების ახლებური ინტერპრეტაციები, რომელთა მიხედვით აქემენიდური სამყაროს როლი ბევრად უფრო აქტიური ჩანს, ვიდრე ეს აქამდე ივარაუდებოდა. აქემენიდები კოლხეთში გამოჩნდნენ უკვე დარიოს I-ის დროს. B. Jacobs მიუთითებს, რომ აქემენიდების მმართველობა კავკასიის რეგიონში დამყარდა ძვ.წ. 513-512 წლებისათვის დარიოს I-ის სკვითური ლაშქრობის დროს [31]. სპარსელების აქტივობა ჩრდილო-კავკასიურ არეალში შეზღუდული იყო და არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ კავკასიონი აყალიბებდა იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს აქემენიდური ხანის მთელი პერიოდის მანძილზე ან ყოველ შემთხვევაში, დარიოსის შემდგომ პერიოდში [31]. ამავე მოსაზრებას იზიარებენ სხვა მკვლევარებიც [35], თუმცა არსებობს სრულიად განსხვავებული მოსაზრებაც [8, 141-165]. ამ ხანის წერილობითი წყაროების არქეოლოგიური ფონი ასეთია: კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილია ორი ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც ძვ.წ. V-IV სს-ით დათარიღებული მდიდრული სამარხების მიხედვით, კოლხური არისტოკრატიის საცხოვრისი ივარაუდება.Eეს არის ვანი და საირხე. ამავე დროს, კოლხეთისათვის ეს პერიოდი არის ბერძნულ სამყაროსთან განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობების დაწყების ხანა [3]. ლითონის ნაწარმის ერთგვაროვნება, კერამიკის სტანდარტიზაცია, ფულადი მიმოქცევის გააქტიურება, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა მკვლევართა ერთ ნაწილს აფიქრებინებს, რომ ამ ხანის კოლხეთი ერთიან, პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა [9; 10; 6]. ცნობილია, რომ აქემენიდური კულტურის გავლენა კოლხეთის ტერიტორიაზე ძლიერია, რაც განსაკუთრებით კარგად აისახა კოლხურ ხელოვნებაში (ოქრომჭედლობის ნიმუშები ვანიდან და საირხედან [17, 8]), თუმცა თვალშისაცემია მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც არსებობდა კოლხეთის სანაპირო ზოლსა და შიდა კოლხეთს შორის: სანაპირო დასახლებები მთლიანად ბერძნული ორიენტაციისაა და იქ ნაკლებად იგრძნობა აქემენიდური ტენდენციები. ამისი ნათელი მაგალითია ქობულეთ - ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ ნეკროპოლებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. V-IV სს განეკუთვნება (შეად.: 49; 2, 43-69]. ამ მასალის აბსოლუტური უმრავლესობა ამ სამაროვანზე ბერძნული ან ადგილობრივია (ერთი მხრივ, ეს არის სხვადასხვა ბერძნულ საწარმოო ცენტრებში დამზადებული ამფორები, ბერძნული წითელფიგურული კერამიკა - მათ შორის სრულიად უნიკალური კრატერებიც - კილიკები, ლეკითოსები, კანთაროსები, არიბალოსები, ბოლსალები, ფიალები, სხვადასხვა ბერძნული ცენტრების მონეტები, სტრიგილოსები და ა.შ. და მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კერამიკა და ოქროს სამკაული). ამ სამაროვანზე იშვიათი გამონაკლისია ირანული წარმოების კოლ-ტუბის აღმოჩენის ფაქტი (D. Barag-ის I ჯგუფი, თარიღდება ძვ.წ. V ს-ის მეორე ნახევრით, [33, 31-47] და აქემენიდური ტიპის ზურგშეზნექილი ოქროს სამაჯური. ამ ფონზე აქემენიდური ტენდენციები ვანსა და საირხეში აღმოჩენილ ძვ.წ. V-IV სს-ის ინვენტარში სრულიად აშკარაა. საკმარისია დავასახელოთ ლომისა და ხარის ბრძოლის თემა ვანის დიადემაზე, აქემენიდური სამაჯურები, ან #24 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის სარტყლის მოხატულობა, სადაც აქემენიდური თასია წარმოდგენილი [32, 293]; ან საირხის ოქროს საკიდები აჰურამაზდას გამოსახულებით [12], მთისძირის ვერცხლის რიტონი [26, 211-216], არამეულის გამოყენება ბერძნულთან ერთად (ძვ. წ. V ს-ის კილიკი საირხედან, რომელზეც ბერძნული და არამეული ასოებით შესრულებული მონოგრამაა შემორჩენილი [25, 126]), აქემენიდური ტიპის საყბეურები საირხედან, სუდარის შესამკობი აპლიკაციები (არწივების ოქროს გამოსახულებები), რომლებიც აქემენიდურ სამეფო სტანდარტებს შეესაბამება, საირხის ორმაგპროტომიანი კაპიტელი [15] და სხვა. აშკარაა, რომ კულტურულად მაინც, კოლხეთი (მისი თანამედროვე გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით) ორ ნაწილადაა გაყოფილი – სანაპირო ზოლი აქცენტირებულია დასავლეთით ანუ ბერძნულ ცენტრებზე, ხოლო ცენტრალური და შიდა რაიონები კი - აღმოსავლეთით, ანუ ირანზე. ერთგვარი გამყოფი ხაზი ამ თვალსაზრისით ჩანს საირხე – ვანის ზოლი, რადგან ვანის დასავლეთით მდებარე კოლხური სამოსახლო ნამარნუ, სადაც ძვ.წ. V-IV სს-ის კულტურული ფენებიცაა დადასტურებული, არ შეიცავს არანაირ აქემენიდურ მასალას [14, 46-67]. მიიჩნევენ, რომ ნამარნუ არის ის “ ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა” და რომელიც ფსევდო-სქილაქს კარიანდელის “პერიპლუსში” მოიხსენიება. [შეად. 1, 50-58]. საირხე-ვანის ხაზი სამხრეთით სამცხეში, აწყურში გრძელდებოდა, სადაც საგრძნობი აქემენიდური გავლენა ჩანს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ვანი-აწყურის შემაერთებელ ტრასაზე, რომელიც კოლხეთში აკუმულირებული ბერძნული იმპორტის სამხრეთ საქართველოში გადატანის ერთ-ერთ მთავარ გზას წარმოადგენდა [37, 33-34] აღმოჩენილია აქემენიდური მონეტები [7, 207]. მონეტები აღმოჩნდა სოფ. სულორის ტერიტორიაზე, რომელიც კოლხეთიდან სამხრეთ საქართველოში გარდამავალი გზის დასაწყისში მდებარეობს. განძში შედიოდა 700-მდე ვერცხლის მონეტა, რომელთა შორის უმეტესობას კოლხური თეთრი წარმოადგენდა. მათთან ერთად იყო აგრეთვე ე.წ. კრეზოიდი, რომელიც ძვ.წ. 500 წელს უნდა იყოს მოჭრილი დარიოს I-ის მიერ. აღმოჩნდა აგრეთვე აქემენიდური სიკლოსი (შუბოსანი გვირგვინიანი მეფის გამოსახულებით), რომელიც ასევე დარიოს I-ის მიერ ძვ. წ. 490 წელს მოჭრილად მიიჩნევა [7, 207]. აწყურიდან ზემოაღნიშნული აქემენიდური ზეგავლენის მიმანიშნებელი ხაზი, როგორც ჩანს, სამხრეთ – დასავლეთით, მდ. ჭოროხის (იგივე ქსენოფონტეს ფაზისი) ზედა დინებისაკენ უნდა წასულიყო. მაშინ ადვილად აიხსნება ის, რომ ამ რეგიონში მოსახლე კოლხები იმპერიის მიწაზე სახლობდნენ (შეად. 27): “კოლხები სახლდებოდნენ იმპერიის ტერიტორიაზე, და რადგანაც მათი მამულები, როგორც ჰეროდოტე და სხვა ავტორები შენიშნავენ, მდებარეობდნენ ფაზისში, მდინარე ვერ იქნებოდა საზღვრის შემომფარგვლელი ხაზი. თუმცა ჩრდილოეთისკენ მომდევნო ბუნებრივი ბარიერი, ანუ დიდი კავკასიონი, მიანიშნებს თავის თავზე, როგორც იმპერიის საზღვარზე“ [30; 46; 48]. საფიქრებელია, რომ აქემენიდურ იმპერიასთან ურთიერთობა ლიმიტირებული იყო კოლხეთის შიდა რაიონებით და აღმოსავლეთი კოლხეთი მართლაც შეადგენდა აქმენიდური იმპერიის სატრაპიის ნაწილს [31, 184; საწინააღმდეგო აზრი იხ. 7, 207; 19, 10], ანუ ეს ნომინალური მორჩილებაც შეეხებოდა მხოლოდ კოლხეთის აღმოსავლეთ ნაწილს. შესაბამისად, ადვილად ასახსნელია ის ფაქტი, რომ ბერძნებს შავ ზღვაში აქემენიდების წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ - ასეთი ინტერესთა კონფლიქტი ძვ.წ. V-IV სს-ში არ არსებობდა, განსაკუთრებით ძვ. წ. 436/5 წლებში, პერიკლეს გააქტიურების პერიოდში (დეტალურად იხ. 25, 122 და შემდეგ]. თუმცა, ივარაუდება, რომ ათენელთა გააქტიურება დაიწყო ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს-ის 70-იან წლებში (ძვ. წ. 476/5 წწ), როდესაც მათ ქალაქი ბიზანტიონი დაიპყრეს, განუყოფლად გაბატონდნენ შავი ზღვის სრუტეებზე და ხელში ჩაიგდეს ვაჭრობა [7, 203]. აქემენიდური ნივთების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელ ხანებში გურიაში შემთხვევით აღმოჩენილი აქემენიდური ბრინჯაოს ლაგამი, რომელიც მეტ-ნაკლებ მსგავსებას ავლენს ითხვისსა და ვანში მოპოვებულ ცალებთან, თუმცა მხატვრული სახით ბევრად უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული. ჩიბათის ლაგამს მყარად დამაგრებული საყბეურები, ხოლო გარე ნაწილში საყბეურებზე სამი რგოლი აქვს. ამათგან ცენტრალური სალაგმო ნახვრეტი გაცილებით დიდია, გვერდითები კი შედარებით მცირე დიამეტრისაა. ლაგმის ღეროები, რომლებიც ერთმანეთთან რგოლებითაა დამაგრებული, კოპებითაა შემკული. იგი ისევე არის დამუშავებული, როგორც ათენის აქემენიდური ნგრევის ფენაში, პერსეპოლისსა და დევე – ჰუიუკში აღმოჩენილი სპარსული ტიპის ლაგმები [18, 180-188]. ჩიბათის საყბეური შესანიშნავად დამუშავებული, დინამიური სკულპტურული გამოსახულებით ბოლოვდება. ესაა ნახტომში გამოსახული სფინქსი, რომელსაც უკანა ფეხები გაჭიმული აქვს, ხოლო წინა კი - ტანის ქვეშ შემოკეცილი. სფინქსის ტანი საუკეთესო აქემენიდური ტრადიციების შესაბამისადაა დამუშავებული პარალელური ხაზებითა და რგოლებით, ეს გამოსახულება სტილისტური თვალსაზრისით ახლო ანალოგიებს პოულობს აქემენიდურ ლითონის ჭურჭელზე არსებულ ცხოველების გამოსახულებებთან [36, 177; 23, 43]. ჩიბათის ლაგამი განსხვავდება კოლხეთსა და ცენტრალური ამიერკავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა, მათ შორის ე.წ. სპარსული ტიპის ლაგმებისაგან (რეგიონის ლაგმების კლასიფიკაცია იხ.: [22]) თავისი განსაკუთრებული მაღალი მხატვრული დონით. სავარაუდოდ, ლაგამი ძვ.წ. V- IV სს - ს განეკუთვნება და აგრძელებს საყბეურების ცხოველური სტილით შემკობის ხანგრძლივ დასავლურ-ირანულ ტრადიციას (სხვადასხვა რეალური თუ მითიური ცხოველისა და არსებების გამოსახულებიანი ლაგმები კარგადაა ცნობილი ლურისტანულ და აქემენიდურ სამყაროში - გრიფონების, ჯიხვების, ადამიანის თავიანი ხარის, სფინქსის გამოსახულებიანი საყბეურები [50, 8-15]. შეად. აგრეთვე, ძვ.წ. VIII-VII სს-ით დათარიღებული კოლექცია აშმოლენ მუზეუმიდან [45, 33-35]. მიუხედავად ბერძნული გავლენის გააქტიურებისა ადრეელინისტური ხანის კოლხეთში (იგი ორი მიზეზით იყო განპირობებული - ერთის მხრივ, აქემენიდური იმპერიის დაცემა – თუმცა კოლხეთში ამ ფაქტს დიდი როლი არ შეიძლება მივანიჭოთ - და მეორე მხრივ, ელინიზმისათვის ზოგადად დამახასიათებელი ბერძნული კულტურის ინფილტრაცია ქვეყნის შიდა რაიონებში), რაც პირველ რიგში ვანის ძვ.წ. IV ს-ის სამარხეულ ინვენტარსა და დაკრძალვის წესში გამოიხატა (მაგ., “ქარონის ობოლისა” და ამფორების ჩატანება სამარხში), აქემენიდური იმპულსები შიდა კოლხეთში შენარჩუნებული ჩანს ძვ.წ. IV საუკუნეშიც, თუმცა ბევრად უფრო მცირე მასშტაბებში. ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ.წ. IV-III სს-ით დათარიღებული მონუმენტური კედელი, რომელიც შესაძლოა, ამ გავლენების ასახვაა (შედარებისათვის იხ. ციხიაგორას საფორტიფიკაციო კედლები [16]. საფიქრებელია, რომ ადგილობრივი და აქემენიდური კულტურული ტრადიციები ჯერ კიდევ თანაარსებობენ ძვ.წ. IV-III სს-ის ვანის არქიტექტურაში [39, 135-156]. მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ვანში აღმოჩენილი კირქვის ფრიზის ფრაგმენტი, რომელზეც მეეტლისა და ეტლის ნაწილის გამოსახულებაა შემორჩენილი. ეტლის ,,კოპებით“ შეჭედილი ბორბალი იდენტურია იმ ეტლების ბორბლებისა, აქემენიდურ გამოსახულებებზე რომ გვხვდება: მაგ. დარიოსის საბეჭდავ-ბეჭედზე, ამუ-დარიის განძის ოქროს ეტლზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული [23, 191-238], ასევე, აპადანას რელიეფებზე [40, 144-149]. ასეთივე ბორბლებია აღმოჩენილი უფლისციხეშიც. არქიტექტურული დეტალი ვანიდან, რომელიც მონუმენტური შენობის ფრიზის დეტალი უნდა ყოფილიყო (იგი შეღებილი იყო , შემორჩენილია საღებავის კვალი), ადასტურებს ფაქტს, რომ აქემენიდური ტრადიცია ჯერ კიდევ იგრძნობოდა ამ „ქალაქში“ [ამ ფრიზის სხვაგვარი ინტერპრეტაცია იხ. 7]. გარდა ამისა, ასევე აქემენიდური ტრადიციის შენარჩუნების დასტურია ვანშივე აღმოჩენილი თიხის ორმაგპროტომიანი კაპიტელის იმიტაცია და თიხისავე რიტონი, რომელიც აქემენიდურ სტილშია მოხატული. ძვ.წ. III საუკუნიდან სიტუაცია მკვეთრად იცვლება და მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულტურის ფონზე ბერძნული ელემენტი მართალია საკმაოდ სუსტად, მაგრამ გეოგრაფიულად მეტ-ნაკლებად ფართოდ ვრცელდება. ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|