ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





კონსტანტინე ლერნერი

 

 ალექსანდრე მაკედონელის რომანი როგორც "მოქცევაი ქართლისას" ქრონიკის ერთ-ერთი წყარო

 

AMწინასიტყვაობა. უძველესი ქართული ისტორიული ქრონიკა უდავოდ გულისხმობს ადრინდელ წყაროთა არსებობას. როგორც ჭელიშური ხელნაწერის ანონიმური რედაქტორი (ან გადამწერი – გერმან ეზდაველიძე) მიგვითითებს, ,,ესე აღწერილი გამოკრებულად არს” [1, გვ. 95], მაგრამ ამ სავარაუდო წყაროთაგან არც ერთი ცნობილი არ არის [შდრ. 5].

ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ქრონიკის პირველივე მონაკვეთი, სადაც ლაპარაკია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის დალაშქვრების შესახებ: ,,ალექსანდრე მეფემან იხილა ნათესავნი მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა, მიხუევით ” [1, გვ. 81]; (შდრ. აგრეთვე „შემოსვლა ალექსანდრესი“ ქც–ში), თუმცა ალექსანდრე მაკედონელი არასოდეს არ შესულა ქართლში. ამავე დროს არც მქ–ში და არც ქც–ში არც ერთი სიტყვით არ არის ნახსენები პომპეუს დიდის შემოსევა ქართლში, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი ძვ. წ. აღ. 65 წ. ამ შემთხვევაში რეალურ პიროვნებათა და ისტორიულ მოვლენათა აღრევასთან გვაქვს საქმე. და ამ აღრევას კონკრეტული ლიტერატურული წყარო ეძებნება.

ჯერ კიდევ ახალი წ. აღ. II-III სს.-ში ქ. ალექსანდრიაში ივრითულად შექმნილი იყო ებრაული რომანი ალექსანდრეს შესახებ – Sefer Alexander Mukdon. ეს ნაწარმოები სამი ხელნაწერითაა ცნობილი: ქ. დამასკოდან. (რუსული თარგმანი ვრცელი კომენტარებით – [8]); ქ. მოდენადან (ორიგინალური ებრაული ტექსტი კომენტარების გარეშე – [12]) და ქ. ოქსფორდიდან (ინგლისური თარგმანი ვრცელი გამოკვლევით – [9]). მიუხედავათ იმისა, რომ ეს რომანი შუა საუკუნეების ხელნაწერებით არის ცნობილი, ის გაცილებით უფრო ადრინდელ საერთო წყაროდან მომდინარეობს (9, გვ. 491). დაახლოებით იმავე დროს და იქვე, ალექსანდრიაში, დაიწერა იმავე სათაურის მქონე ბერძნულენოვანი ალექსანდრეს რომანი, რომელიც ფსევდო–კალისთეს ავტორობით არის ცნობილი. ეს თხზულება თითქმის ყველა ქრისტიანი ერის ენაზე ითარგმნა და ლიტერატურის ისტორიაში ფართოდ ცნობილიც გახდა.

ებრაული რომანი სათაურითა და შინაარსის ზოგიერთი ელემენტით ემსგავსება ფსევდო–კალისთეს ნაშრომს, მაგრამ არ იმეორებს მას (9. გვ. 496). ებრაული რომანის სათაურსა და შინაარსს შორის შეუსაბამობა იმდენად ნათელი იყო, რომ პირველი გამოქვეყნების მერე მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევიათ და ის თითქმის დავიწყებას მიეცა. ებრაული ლიტერატურის ერთ–ერთმა მკლევარმა პარადოქსული აზრიც კი გამოთქვა, რომ ჯერ კიდევ თალმუდიდან ცნობილი (და რომანშიც შესული) ლეგენდები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ებრაელებს ალექსანდრეს დაცინვის მიზნით შეუქმნიათო [11].

სინამდვილეში კი ეს ძველი ლეგენდებიც და თვით რომანიც პომპეუს დიდის აზიური და, კერძოდ, კავკასიური ლაშქრობის ლეგენდარულ გადამუშავებას წარმოადგენს იმის მიხედვით, როგორც ეს ლაშქრობა აპიანესა და დიონ კასიუსის ისტორიულ ნაშრომებშია აღწერილი. პომპეუს დიდის სახელი ალექსანდრე დიდის სახელით არის შეცვლილა და შესაბამისად პომპეუსის მიერ იბერიის დალაშქვრა “ალექსანდრეს აფრიქის ქვეყანაში“ ლაშქრობის სახით მოგვევლინა (დაწვრილებით იხ. [10, გვ. 107–135]).

აფრიქი – იბერია. რომანის მიხედვით, ალექსანდრეს ლაშქრობა იწყება იერუსალიმიდან: „მეფე წამოვიდა იქედან და შეებრძოლა ანტიოქიის მცხოვრებთ . მეფე წამოვიდა იმ ადგილიდან და მივიდა სომხეთის ქვეყანაში . და ალექსანდრემ გადალახა სიბნელის მთები . ალექსანდრე წამოვიდა იმ ადგილიდან და მოვიდა აფრიქიში . იმის შემდეგ მეფე გაემგზავრა ქართინიის ქვეყანაში <… >“ [9, გვ. 512-528; 12, გვ. 143-155; 8, გვ. 30-38].

როგორც ვხედავთ, ლაშქრობა ჩრდილო-დასავლეთით არის მიმართული, აფრიქის ქვეყანა კი სომხეთის ჩრდილოეთით განლაგებული ყოფილა, რაც უდავოდ იბერიას გულისხმობს. აფრიქის სახელი კი იბერიისათვის საფუძველს პოულობს დიონ კასიუსის თხზულებაში. მოკლე მიმოხილვაში, რომელიც წამძღვარებული აქვს III წიგნის 37–ე პარაგრაფს, ვკითხულობთ: „როგორ იბრძოდა პომპეუსი აზიის იბერიელების წინააღმდეგ“. აბზაცის პირველ წინადადებაში კი ნათქვამია: “პომპეუსი ომებს აწარმოებდა როგორც ალბანელებთან, ისე იბერიელებთან“ [7, გვ. 96-98]. ბერძნულ დედანში ნახმარია ეთნონიმის (და არა ტოპონიმის) მრავლობითის ფორმა. ერთხელ აკუზატივისა და მეორედ – დატივის. გადმოღებისას კი ებრაელმა ავტორმა ნომინატივის მრავლობითი იხმარა – Ibirikoi, რომელიც ტოპონიმად იყო გაგებული. ასე მივიღეთ ქვეყნის სახელი: Ibiriki- Ipiriki – Ipriki. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას -k- თანხმოვნის არსებობა ებრაულ ფორმა Apriki-ში, რომელიც ინარჩუნებს ბერძნული მრავლობითის თანხმოვან ელემენტს (შესაბამის ტოპონიმში ის არის). ამასთანვე რომანის ტექსტში დაფიქსირებული ფორმა Apriki მოგვიანებით გაჩნდა, მას შემდეგ რაც სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა და ჟღერადობაც დავიწყებას მიეცა. ამჟამად “უცნობი„ თავკიდური aleph-ის i–ნიანი გახმოვანება a-ნიანით შეიცვალა (ისევე, როგორც ბევრ სხვა ნასესხებ გეოგრაფიულ სახელში): Ipiriki > Ipriki > Apiriki.

ბერძნული ფორმის ივრითული ტრანსლიტერაცია შეიძლება მივაკუთვნოთ იმ დროს და არეალს, როდესაც და სადაც ბოლოკიდური ბერძნული დიფთონგი -oi- იკითხებოდა როგორც i. მეორე მხრით, თავკიდური ალეფის ამოსავალი ი–ნიანი გახმოვანების ა–ნით შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა არაუადრეს მე–5 ს., როდესაც ტვერიის ლიტერატურულმა სკოლამ ივრითულ დამწერლობაში ხმოვნების აღმნიშვნელი დიაკრიტიკული ნიშნები შემოიღო. ამგვარად პომპეუსის იბერიაში ლაშქრობა ალექსანდრეს აფრიქიში ლაშქრობად იქცა.

მოგვიანებით ძველი ებრაული რომანი მქ–ს ქრონიკის ერთ–ერთ წყაროდ იყო გამოყენებული. ალექსანდრე მაკედონელის ამბავი ამგვარ ლეგენდარულ გადმოღებით ქართულ ისტორიოგრაფიაშიც აისახა და ალექსანდრეს ქართლში შემოსვლის სახე მიიღო. ამავე დროს ქრონიკის კომპილატორს ეჭვი არ ეპარება, რომ ალექსანდრეს ამბავში სწორედ ქართლი იგულისხმებოდა. მაშასადამე მას სწორად ესმოდა ამ რომანში ნახსენები ქვეყნის, იფირიქის, ამოსავალი მნიშვნელობა, ამდენად უნდა ვივარაუდოდ, რომ მის განკარგულებაში იყო ამ რომანის ისეთი ვერსია (ზეპირი თუ წერილობითი), რომელიც მე–5 საუკუნემდე არსებობდა.

ქართინია–ქართლი. თალმუდისეულ ლეგენდებშიც და თვით რომანშიც აფრიქი-ს პარალელურად სტაბილურად იხსენიება მის მეზობლად განლაგებული ქ ა რ თ ი ნ ი ა – ს ქვეყანა. რომანში აღწერილია კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც აშკარად ჩანს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირი. კერძოდ, ნათქვამია, რომ ალექსანდრემ ცოლად შეირთო ქართინიის მეფის ასული, რომელიც მალევე გარდაეცვალა. მაშინ იქვე, აფრიქის ქვეყანაში მას ახალი მეუღლე მოუნახეს [9, გვ. 530; 12, გვ. 143; 8, გვ. 61]. თუ აფრიქი მართლაც იბერიაა, მაშინ ქართინია უდავოდ ქართლი უნდა იყოს. ეს უკანასკნელი გეოგრაფიული სახელი კი, რამდენადაც ცნობილია, ბერძნულ-რომაულ წყაროებში (და მათ შორის აპიანესა და დიონ კასიუსის ნაშრომებში) არ გვხდება. რომანის ავტორმა ქვეყნის ორივე სახელი იცოდა. ეს კი ახლებურად სვამს მისი ვინაობის საკითხს და რომანის შექმნის ადგილის პრობლემას. იქნებ ის სულაც სადღაც ბაბილონიაში შეიქმნა, სადაც იბერია//ქართლის შესახებ ცოდნა გაცილებით უფრო დეტალური იქნებოდა, ვიდრე ალექსანდრიაში.

ამავე რომანიდან, კერძოდ, ალექსანდრეს ლეგენდალური „ბიოგრაფიიდან“ მომდინარეობს ქართლის პირველი მეფის სახელიც.

ასონ–აზო(ნ). მქ–ს ქრონიკის თანახმად, „თანა–ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზო, ძე არიან ქართლისა მეფისა და ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა“ [1, გვ. 81–82]. ქც მას აზონს უწოდებს და განსხვავებულ წარმომავლობას მიაწერს: „დიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი . და დაუტევნა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსი, ნათესავი მისი ქუეყნით მაკედონით“ [4, გვ.18]. მიუხედავად გარკვეული სხვაობისა, ორივე მატიანე ხაზს უსვამს ალექსანდრეს და აზოს შორის არსებულ კავშირს, ქც კი აზონს ალექსანდრეს ნათესავადაც აცხადებს.

ქართულ ისტორიულ მეცნიერებაში მიჩნეული იყო, რომ აზოს ამბავი მომდინარეობს ზეპირი ლეგენდიდან, რომელიც ძველ ქართლში იყო ცნობილი [5, გვ. 106–107]. მეორე მხრით, გამოთქმულია მოსაზრება, რომ აზო რეალური პიროვნება იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ გაჩაღებულ ომებში მონაწილეობდა და მართლაც დალაშქრა ქართლი ლისიმახე დიადოხოსის დროს [3]. სინამდვილეში კი აზოს სახელს იგივე ლიტერატურული წყარო აქვს, რაც ალექსანდრე მაკედონელის ქართლში შემოსვლის მთელ ამბავს.

ებრაული რომანი შემდეგნაირად გვისახავს ალექსანდრეს წარმომავლობას: „მეფობდა ეგვიპტეში კაცი, რომელსაც ფილიპე ერქვა, მის მეუღლეს ერქვა გლოფირა (კლეოპატრა – კ. ლ.). იქვე, ეგვიპტეში ცხოვრობდა ვინმე ქურუმი სახელად ბ ი ლ დ ა დ, ძე ა ს ო ნ ი ს ი“ [9, გვ. 499; 12, გვ. 142; 8, გვ. 11). ლეგენდის თანახმად, ეს ბილდადი შეაცდენს გლოფირას, რომელიც მოგვიანებით შობს ალექსანდრეს. მაშასადამე, ალექსანდრეს ფიზიკური მამა ბილდადი ყოფილა, ა ს ო ნ ი კი მის პაპად გვევლინება.

ფსევდო–კალისთე ალექსანდრე მაკედონელის მსგავს ბიოგრაფიას გვთავაზობს, მაგრამ ლეგენდის ბერძნულ ვარიანტში ალექსანდრეს მამად ეგვიპტელი მთავარი ქურუმი ნექტანებო არის გამოცხადებული მაშინ, როდესაც ასონი საერთოდ არ არის ნახსენები: „ეგვიპტეს მეფის ვაზირი ნ ე ქ ტ ა ნ ე ბ ო, რომელიც ფსევდო–კალისთეს ლიტერატურულ ტრადიციაშია წარმოდგენილი, ებრაულ რომანში შეცვლილია რიგითი ქურუმით, რომელიც ბილდადის ბიბლიურ სახელს ატარებს“ [9, გვ. 492].

საკუთარი სახელი ასონ // აზონ // აზო ალექსანდრე მაკედონელის არც ერთ სხვა ბიოგრაფიაში არ გვხდება [14]. ამდენად, ამ სახელის წყაროდ ლეგენდარული ბიოგრაფიის მხოლოდ ებრაული ვერსია უნდა მივიჩნიოთ და სწორედ ამ ლეგენდიდან ის უნდა შესულიყო მქ– ს ქრონიკაში.

ამ მხრივ ნიშანდობლივია ქც–ს ჩვენება:
„ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქვიან მაკე – დონი, ძე ნ ი კ ტ ა ნ ე ბ ი ს ი, მეგვიპტელისა (სხვათა შორის, ქც-ის ახალ გამოცემაში ეგვიპტეს ფარაონთა ერთ–ერთი უკანასკნელი დინასტიის საგვარეულო სახელი მოულოდნელად ბუნდოვანი სახელითაა შეცვლილი – “ძე კ ა ც ნ ო ბ ი ს ი“ ?` – კ. ლ.), ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა. ამან ალექსანდრე დაიპყრა ყოველი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად“ [4, გვ. 17].

ამ დებულებაში ლეონტი მროველი სხვადასსხვა წყაროების ცოდნას ამჟღავნებს. „წიგნი ბერძენთა“ უდავოდ ფსევდო–კალისთეს ნაშრომის ერთ–ერთ ვერსიას გულისხმოობს [2, გვ. 48–49]. ლეონტისეული თხრობის რიგი დეტალი („ძე ნიკთანებისი, მეგჳპტელისა“ და ალექსანდრეს ლაშქრობების ზოგადი აღწერა) აშკარად ფსევდო–კალისთენეს ნაშრომიდან მომდინარეობს, თუმცა ბერძნული რომანი არაფერს გვეუბნება მაკედონიის შესახებ – იქ ალექსანდრე ეგვიპტის მეფეა! ამასთანვე, ეს „წიგნნი ბერძენთა“ ვერ იქნებოდა აზოს სახელის წყარო, რადგან სულაც არ ახსენებს მას, და ბოლოს, ფსევდო–კალისთენეს ნაშრომიდან ვერ გამომდინარეობს ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობა.

აზონის სახელი და ალექსანდრესთან ერთად მისი მოსვლა ქართლში ლეონტი მროველთან მქ–ას ქრონიკიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს უკანასკნელი კი ლეგენდის იმ ვერსიას ასახავს, რომელიც ძველ ებრაულ რომანში იყო შემუშავებული. ლეონტი მროველი კი ფსევდო–კალისთენეს რომანსაც იცნობს და სხვა ისტორიულ ნაშრომებსაც, რადგანაც ზუსტად იცის, რომ ალექსანდრე მაკედონიის მეფე იყო.

ალექსანდრეს ძველი ებრაული რომანის გავლენა არა მხოლოდ ქრონიკის პირველ ნაწილში, არამედ მეფეთა ჩამონათვალშიც იგრძნობა.

არიკ – ართოქეს – არტაგ. მქ–ს თანახმად, ქართლის მეშვიდე მეფეს (აზოს ჩათვლით) ერქვა ა რ ი კ: „და მეფობდა არიკ, რომელმან შიდა ციხე აღაშენა არმაზსა“[1, გვ. 82]. არც ერთ სხვა ქართულ წყაროში მეფის ასეთი უჩვეულო სახელი არ გვხდება. ქც ამ მეფეს ნამდვილი სახელით იცნობს: მეექვსე მეფე „არტაგ ორ წელ ოდენ მეფობდა. და მეორესა წელსა მეფობისა მისისა მოვიდეს ერისთავნი სპარსთანი, სპითა დიდითა“ [4, გვ. 30]. სინამდვილეში არტაგი პომპეუსის შემოსევის თანამედროვე იყო და რომაული ისტორიოგრაფია მას იბერთა მეფის ართოქ(ეს) სახელით იცნობს. ქართულ ისტორიულ მეცნიერებაში იყო ცდა ეს „სახელი“ გადამწერის შეცდომად გამოეცხადებინათ (არიკ არტაგის ნაცვლად?`), მაგრამ ამ სახელის ახსნას ჩვენ ისევ ალექსანდრეს რომანში ვპოულობთ: აფრიქის ქვეყანაში ყოფნის შემდეგ „ალექსანდრემ ქართინია–ს ქვეყანას მიაშურა, სადაც მას დიდი პატივით შეხვდნენ. ამ ქვეყნის მეფეს ერქვა არდოს (ართოქეს ?`– კ. ლ.). მან წამოიყვანა მეფე თავის დედაქალაქში, რომელსაც ერქვა ა რ ი კ“ [9, გვ. 526; 12, გვ. 153; 8, გვ. 56].

აპიანეს თანახმად, იბერთა მეფე ართოქესი პომპეუსისს კავკასიური ლაშქრობის დროს მეფობდა: „ალბანეთის მეფემ ოროზესმა და იბერთა მეფემ ართოქესმა მტკვართან (Cyrtis) ჩაუსაფრეს მას 70 000 მებრძოლი“ [6, გვ. 435]. დიონ კასიუსი იბერთა მეფეს ამავე სახელით იცნობს, მაგრამ პომპეუსის ლაშქრობის მისეული აღწერა არიკის ახსნასაც გვაწვდის: „პომპეუსი პირველად იძულებული გახდა ებრძოლა იბერიელებს. მათი მაფე ართოქესი, შიშობდა რა, რომ პომპეუსი მის წინააღმდეგაც გაილაშქრებდა, გაგზავნა მასთან ელჩები მშვიდობის ნიღბით. პომპეუსი შეიჭრა ართოქესის ტერიტორიაზე. ამგვარად, პანიკაში ჩავარდნილი ართოქესი გადავიდა მდინარე მტკვარზე და ხიდი დაწვა. პომპეუსმა დაიმორჩილა მთელი ტერიტორია მდინარე მტკვარის აქეთა ნაპირზე. ართოქესი, რომელსაც შეეშინდა, გაიქცა პელორისაკენ, სხვა მდინარესთან, რომელიც მიედინებოდა მის სამფლობელოში. ამგვარად, მან ჯერ უკან დაიხია და შემდეგ გაექცა მტერს“ [7, გვ. 99-100].

ბერძნული დედანი ამ კონტექსტში გვიჩვენებს სიტყვას apolilrasko // apolilraskon, რაც „გაქცეულს“ ნიშნავს და ივრითზე ‘a r i k (თავკიდური ayn–ით) სიტყვით ითარგმნება: „’arik - გაქცეული, უმთავრესად, ჯარიდან გაქცეული“[13]. რომანშიც ქართინიას დედაქალაქის სახელი – ა რ ი კ – სწორედ ayn-ით არის წარმოდგენილი და ამდენად ბერძნული დედნის სათანადო სიტყვის თავისებურ სემანტიკურ გააზრებას წარმოადგენს. ქართულ ქრონიკაში კი ტრანსლიტირებული ივრითული ფორმა მეფის სახელად არის გაგებული.

ამგვარად, ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად, ალექსანდრეს აფრიქი//იბერიის ქვეყანაში ლაშქრობა ლეგენდარული ფორმით ასახავს პომპეუს დიდის იბერია//ქართლში ლაშქრობას იმ სახით, როგორც ეს ლაშქრობა აპიანესა და დიონ კასიუსის ნაშრომებში არის აღწერილი. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად კიდევ ორიოდე ეპიზოდის მოყვანა შეიძლება.

ხუთრქიან მხეცებთან ბრძოლა. რომანის მიხედვით, ქართინიას მეფე არდოსთან შეხვედრის შემდეგ ალექსანდრეს ჯარი უღრან ტყეს მიადგა, სადაც შიშისმგვრელი ხუთრქიანი მხეცები ბინადრობდნენ. ეს მხეცები ტყეში იმალებოდნენ და ალექსანდრეს მეომრებს უტევდნენ: „ალექსანდრე მთელი მისი ჯარით დიდ ტყეში შევიდა. იქ მას თავს დაესხნენ უცნაური მხეცები, რომლებსაც ხუთი რქა ჰქონდათ. მხეცებმა ალექსანდრეს ჯარის დიდი ნაწილი გაანადგურეს. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მეომრებს, რომ ეს ტყე გადაეწვათ. მათ მაშინვე ცეცხლი მოუკიდეს ხეებს და ველური მხეცები გაიქცნენ. ასე გადარჩნენ მეფე და მისი ჯარიც“ [9, გვ. 530; 12, გვ. 15; 8, გვ. 29-30].

ეს ეპიზოდი აშკარად ემსგავსება პომპეუსის შეტაკებას ალბანელებთან და იბერიელებთან. აპიანეს თანახმად, ეს ბრძოლა პომპეუსის იბერიაში შეჭრამდე, იბერიის, ალბანიასა და სომხეთის საზღვარზე მოხდა: „ალბანელთა მეფემ ოროზესმა და იბერიელთა მეფემ ართოქესმა პომპეუსს 70 000 კაცი ჩაუსაფრეს მდინარე Cyrtis –თან (მტკვართან – კ. ლ.), რომელიც კასპიის ზღვას უერთდება. პომპეუსი ხიდზე გადავიდა და ბარბაროსები უღრან ტყეში შეჰყარა. ისინი ტყეში გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, ხეებს შორის იმალებოდნენ და ალექსანდრეს მეომრებს ფარულად უტევდნენ. პომპეუსმა დაწვა ტყე და მოწინააღმდეგე უკუაგდო” [6, გვ. 435-437].

დიონ კასიუსის მტკიცებით, ამ ბრძოლაში (ძვ. წ. აღ. 66 წ.) მხოლოდ ალბანელთა მეფე მონაწილეობდა და ამ ეპიზოდში არც „ტყეში მებრძოლნი“ და არც „ტყის დაწვა“ ნახსენები არ არის: „ალბანელების მეფემ, ოროზესმა, რომელიც Cyrnus-ის გაღმა იმყოფებოდა, შეუტია პომპეუსს . პომპეუსმა ბევრი ალბანელი მოსპო Cyrnus-ის ფონთან“ [7, გვ. 93-95].

ტყეში ბრძოლა კი გაიმართა მოგვიანებით, 65 წ., არმაზთან და იბერთა მეფის არტაგის წინააღმდეგ: „ართოქესი გადავიდა პელორზე, ამ მდინარეზეც დაწვა ხიდი და გაიქცა. დარჩენილი მეომრების ნაწილი მოიკლა შეტაკებაში, ზოგი კი მდინარეზე გადასვლისას. ბევრი სხვა ტყეში გაიფანტა და ასე რამდენიმე დღით გადრჩა. ისინი ძალიან მაღალ ხეებიდან ტყორცნიდნენ ისრებს. მაგრამ მალე ეს ხეები მოიჭრა მათ ქვეშ და ისინიც გაიქცნენ <…>. მაშინ ართოქესმან ისევ შესთავაზა პომპეუსს მშვიდობა და ძღვენიც გაუგზავნა“ [7, გვ. 101].

ამ ეპიზოდში ჩვენ ვხედავთ აპიანესა და კასიუსის ისტორიული ნაშრომების ერთგვარ კონტამინაციას: ერთი მხრით, ტყე დაიწვა (როგორც ამას აპიანე ამბობს), მეორე მხრით კი ბრძოლა ქართლის მეფის არტაგ // ართოქეს წინააღმდეგ იმართება, როგორც ამას კასიუსი გვიამბობს, თუმცაღა, კასიუსის თხრობაში ტყე ამოიჩეხა და არა დაიწვა. ყოველ შემთხვევაში რომანში აღწერილი ბრძოლა პომპეუსის კამპანიას უკავშირდება.

ლაშქრობა აგარის ქვეყანაში. აფრიქის ქვეყნიდან ალექსანდრემ „მთელი მისი ჯარით გაილაშქრა აგარის ქვეყნის მიმართულებით. აგარის მეფე ემზადებოდა ბრძოლისათვის <…>. ალექსანდრემ გაუგზავნა მას დესპანი და ამავე დროს მოემზადა ომისათვის. ამასთანვე აგარის მეფემ დაიწყო დაფარული ორმოების გათხრა მთელ ქვეყანაში. ალექსანდრემ ეს სახიფათოდ მიიჩნია და მეორედ გაუგზავნა სიტყვა. მაშინ აგარის მეფე რჩეული კაცებით ეახლა ალექსანდრეს და ძვირფასი თვლებიც მიართვა. ალექსანდრემ მიიღო ძღვენი და გაეცალა ამ ქვეყანას“ [9, გვ. 521-522; 12, გვ. 151; 7, გვ. 47-48].

ამ შემთხვევაშიც პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის ორი ეპიზოდის კონტამინაციას ვაწყდებით. ერთი მხრით, მოლაპარაკება ალექსანდრესა და აგარის მეფეს შორის მოგვაგონებს იმ მოლაპარაკებას, რომელიც პომპეუსის და იბერიის მეფის, არტაგს, შორის მიმდინარეობდა და რომელიც ძღვენის მოცემით დასრულდა: „ართოქესმა პომპეუსს ელჩები გაუგზავნა. პომპეუსმა კი ართოქეს მთელი ტერიტორია დაიპყრო მდინარის აქეთა ნაპირზე. მაშინ ართოქესმა გადალახა მდინარე და ხიდი დაწვა. მერე ისევ ითხოვა მშვიდობა, ხიდის აღდგენა შესთავაზა და სანოვაგით მომარაგებასაც შეჰპირდა. ასე ართოქესმა ისევ შესთავაზა მშვიდობა და ძღვენიც გაუგზავნა პომპეუსს. ბოლოს მან თავისი შვილებიც გაუგზავნა და მოლაპარაკებაც ამით დასრულდა“ (Dio Cassius 1954: 101).

მეორე მხრით, რომანის ეს ეპიზოდი ემთხვევა დიონ კასიუსის თხრობის იმ ნაწილს, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ იბერიიდან პომპეუსს კოლხეთისაკენ უნდა გაეგრძელებინა ლაშქრობა, მაგრამ ბოლოს ამ განზრახვაზე უარი თქვა: „პომპეუსმა შეიტყო, რომ ფაზისი (სადაც მისი საბრძოლო ფლოტი იდგა – კ. ლ.) შორს არ ყოფილა და დააპირა კოლხეთისაკენ წასულიყო, რათა იქედან ბოსფორის ქვეყანაში გაეგრძელებინა ბრძოლა მითრიდატეს წინააღმდეგ <….>. დაიძრა კოლხეთის მიმართულებით, მაგრამ შეიცნო, რომ გზა მრავალი უცნობი და მტრულად განწყობილი ტომების მიწაზე გადიოდა. მან უბრძანა თავის ფლოტს, რომ მითრიდატე ბლოკადაში დაეჭირა, თვითონ კი ალბანელების წინააღმდეგ გაემართა და ჯერ სომხეთში დაბრუნდა“ [7, გვ. 101–103].

მაშასადამე, კასიუსის თქმით, კოლხეთში ლაშქრობაზე პომპეუსმა უარი თქვა, და ამასვე გვეუბნება რომანი. მაგრამ ამ ქვეყანას ა გ ა რ ი ეწოდება. ამჯერადაც, როგორც ქართლის შემთხვევაში. რომანის ანონიმური ავტორი კოლხეთის მეორე სახელსაც იცნობს: აგარ–ეგერ–ეგრისი თავკიდური alep-ის გახმოვანების შეცვლით, იმავე წესის ძალით, რომლის მიხედვითაც იყო მიღებული აფრიქის ქვეყნის სახელი.


ბიბლიოგრაფია:
1. „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, წიგნი I (V-X სს.), ილია აბულაძის რედაქციით. თბილისი 1964.
2. კეკელიძე, კ., ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები 3, თბილისი 1923: 48–55.
3. ქავთარია, გ., აზონი. თბილისი 2000.
4. ქართლის ცხოვრება I, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქტორობით. თბილისი 1955.
5. ჯანაშია, ნ., ცხოვრება ქართველთა მეფეთა–ს წყაროებისათვის: მისივე, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები, თბილისი 1986: 92–111.
6. Appian’s Roman History II, with Eng. trans. Horace L. White. London 1962.
7. Dio’s Roman History, with. Eng. trans. E. Carry, London 1954.
8. Гаркави, А., Неизданная версия романа об Александре. Санкт-Петербург 1892.
9. Gaster, M., An Old Hebrew Romance of Alexander: Journal of the Royal Asiatic Society (July 1897), London 1897.
10. Lerner, C., The Wellspring of Georgian Historiography. The Early Medieval Historical Chronicle The Conversion of K’art’li and ”The Life of St. Nino”. Translated with Introduction, Commentary and Indices by Constantine B. Lerner. London 2004.
11. Lerner, M., Anlage und Quellen des Bereshit Rabba, Berlin 1882.
12. Levi, Y., Un nouveau roman d’Alexander: Festschrift zum Achtzigsten Geburste Moriz Steinshneider, Leipzig 1896: 142– 163.
13. Levi, Y., English-Hebrew - Hebrew-English Dictionary, Oxford 1994.
14. Trumpf, J., Vita Alexandri Regis Macedonum. Stuttgart 1974.