ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





იასუჰირო კოჯიმა

 

 ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში

 

1. ქართულში ორი კავშირია, რომ და თუ, რომლებიც პირობით დამოკიდებულ წინადადებას ქმნიან. რომ-იან პირობით წინადადებაში შემასმენელი ზმნა კავშირებით კილოში დგას. კავშირებითის მაგივრად თხრობით კილოში რომ ჩავსვათ, პირობითის ნაცვლად დროის დამოკიდებულ წინადადებას მივიღებთ, როგოც (1)-ში.

(1) ჭიშკართან რომ მივიდა, ისევ შემობრუნდა.(დუმბაძე)[რომ +თხრობითი]
(2) ეს რომ ჩემი სახლი იყოს, არავის შემოვუშვებდი. (ჭილაძე)[რომ+კავშირებითი]
თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინდადებაში კი ზმნა შეიძლება იყოს როგორც თხრობით კილოში, ისე კავშირებითში.
(3) თუ არ გამოხვალ, მილიციას მოვიყვან. (ჩოხელი) [თუ + თხრობითი]
(4) ღვინო თუ დაგჭირდეს, არ მომერიდო! (დუმბაძე) [თუ + კავშირებითი]

ცხრილი 1 უჩვენებს კავშირისა და დამოკიდებული წინადადების შემასმენელი ზმნის კილოს შეხამებას და დამოკიდებული წინადადების ფუნქციას.

ცხრილი 1. კავშირი, ზმნის კილო და დამოკიდებული წინადადების ფუნქცია:

2. საკითხი ისმის: ამ სამი ტიპის პირობით დამოკიდებულ წინადადებას შორის რა განსხვავებაა ფუნქციური თვალსაზრისით. ფოგტი [4, გვ. 209-210] აღნიშნავს, რომ რომ-ს მოჰყავს ჰიპოთეტიკური პროპოზიცია, ხოლო თუ თხრობითი კილოს ზმნასთან ერთად გადმოსცემს მთავარ წინადადებაში გამოხატული სიტუაციის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებს. მაგრამ, როცა თუ-ს კავშირებითი კილოს ზმნა ახლავს, დამოკიდებული წინადადების მნიშვნელობა უახლოვდება რომ-იან წინადადებისას.

ჰიუიტი [7, გვ. 73], რეალური და ირეალური პირობითი წინადადებების გარჩევაზე დაყრდნობით (“a general division between ‘vivid’ (otherwise known as ‘real’, ‘immediate’ or ‘open’) and ‘vague’ (otherwise known as ‘unreal’, ‘remote’ or ‘closed’) conditionals”), აღნიშნავს, რომ ზოგადად თუ რეალურ პირობით წინადადებას ქმნის, რომ კი ირეალურს. მიუხედავად იმისა, რომ კავშირებითი კილო ირეალური პირობითი წინადადებისთვისაა დამახასიათებელი, თუ-სა და კავშირებითი კილოს შემასმენლის შეხამება სემანტიკურად უფრო ახლოსაა რეალურ პირობითთან [7, გვ. 79]. იგი წერს, რომ როცა თუ კავშირია, კავშირებითი კილოს ზმნას შეიძლება შეენაცვლოს შესაბამისი თხრობითი კილოს ზმნა თითქმის ყოველგვარი სემანტიკური სხვაობის გარეშე, ხოლო კავშირი თუ-ს რომ-ით შეცვლა აუცილებლად გამოიწვევს აშკარა შინაარსობრივ განსხვავებას.

მაშასადამე, პრობლემაა იმ კონსტრუქციის ფუნქციის ანალიზი, რომელშიც კავშირ თუ-სთან შემასმენელი ზმნა კავშირებით კილოში დგას. როგორც ჰიუიტი წერს, მართლაც, თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს ზმნის შეცვლა თხრობითი კილოს შესაბამისი ფორმით ყოველთვის შესაძლებელია შესამჩნევი სემანტიკური სხვაობის გარეშე. მაგრამ საყურადღებოა ის, რომ, პირიქით, კავშირებითი კილოს ზმნის შეცვლა თხრობითი კილოს ფორმით ყოველთვის არ არის შესაძლებელი. რომც გვქონდეს შესატყვისი კავშირებითი კილოს ფორმა, თხრობითი კილოს მაგივრად კავშირებითი კილოს ზმნა რომ გამოვიყენოთ, ხშირად ვღებულობთ არაბუნებრივ ან მიუღებელ წინადადებას. თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში კავშირებითი კილოს ზმნის გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია. წინამდებარე ნაშრომის მიზანია იმის გარკვევა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იდგეს შემასმენელი ზმნა კავშირებით კილოში თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში.

3. სიხშირის თვალსაზრისით, თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში შემასმენელი ზმნა გაცილებით უფრო ხშირად თხრობით კილოშია, ვიდრე კავშირებითში. ძიძიგური [5, გვ. 372; 6, გვ. 372] წერს, რომ სალიტერატურო ქართულის ნორმის მიხედვით კავშირ თუ-სთან შემასმენელი ზმნა თხრობით კილოში უნდა იყოს და არა კავშირებით კილოში. მაგრამ თუ-სთან კავშირებითი კილოს ზმნის შეხამების შემთხვევებიც, თუმცა იშვიათია, მაგრამ უთუოდ დასტურდება როგორც სალაპარაკო ენაში, ისე ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ამას ადასტურებს შემდეგი მაგალითები.

(5) აგი ულვაში გამპარსე, ასე თუ არ ქნას! (დუმბაძე)
(6) ეს თუ კამეჩის კვერცხი არ იყოს, თავს მოვიჭრი. (ჩოხელი)
(7) მოკვდეს ფხორა, თუ მტრის ხელში ჩაგაგდოს! (ვაჟა)
(8) სვეტიცხოველის დამქცევი ვიყო, თუ გიღალატო. (ლეონიძე)
(9) თუ ვალენტინა ივანოვნამ გამომხედოს, მანიშნე. (რჩეულიშვილი)
(10) თუ დალევა მოგინდეს, სხვაგან ნუღარ წახვალ, ისევ აქ დალიეო.(ინანიშვილი)
(11) თუ შეგხვდეს სადმე, გაჰყევი და მისი ვინაობა შემატყობინე. (ჯავახიშვილი)
(12) თუ მოგენატროთ, წერილი გამომიგზავნეთ სამტრედიაში. (დუმბაძე)

4. კავშირებითი კილოს ფორმებს შორის, თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში გვხვდება მეორე კავშირებითი, აწმყოს კავშირებითი და მესამე კავშირებითი. თუ-სთან მეორე კავშირებითის გამოყენების შესახებ, ჰიუიტი [7, გვ. 89] აღნიშნავს, რომ არავითარი სემანტიკური განსხვავება არაა თუ-სთან ზმნა მეორე კავშირებითშია თუ თხრობითი კილოს შესაბამის ფორმაში (ანუ წყვეტილში). მას მოჰყავს შემდეგი მაგალითი, რომელშიც თუ-ს ეხამება მეორე კავშირებითიც და აგრეთვე წყვეტილიც ერთსა და იმავე კონტექსტში.

(13) თუ ერთს ჩვენგანს ბიჭი ეყოლოს და მეორეს — ქალი, მაშინ ქალი ვაჟს შევრთოთ: ხოლო თუ ქალები გვეყოლოს ორივეს, ორივენი დებსავით უნდა გავზარდოთ და ძმებს შევრთოთ; თუ ორივეს ვაჟები გვეყოლა, ძმები უნდა იყვნენ ერთგულები ... [7, გვ. 80; 2, გვ. 113] (ხაზგასმა ჩემია)
ქართული ენის მატარებლები, რობლებსაც ამ მაგალითის შესახებ ვკითხე, აღნიშნავენ, რომ აქ მეორე კავშირებითის ფორმების (ეყოლოს, გვეყოლოს) გამოყენება მოძველებულად ჟღერს. ჰიუიტი (1987: 80) წერს, რომ მეორე კავშირებითის საშუალებით ამგვარი მომავალი პირობების გამოხატვა შეიძლება ძველი ქართულის გადმონაშთი იყოს. მაგრამ ისიც არ არის სწორი, თითქოს ყოველი მაგალითი, რომელშიც თუ-სთან ერთად მეორე კავშირებითი მომავალ პირობებს გამოხატავს, ერთნაირად განიხილებოდეს. ზემომოყვანილი სხვა მაგალითები (5)-(12), განსხვავებით (13)-ისაგან, მოძველებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასე რომ, (13)-ში მეორე კავშირებითის ფორმების ხმარება, როგორც ერთგვარი არქაიზმი, შეიძლება გამონაკლისად ჩავთვალოთ და მომდევნო დისკუსიაში მხედველობაში არ მივიღებთ.

5. რაც შეეხება თუ-სთან აწმყოს კავშირებითისა და მესამე კავშირებითის გამოყენებას, ჰიუიტი [7, გვ. 82] აღნიშნავს, რომ ეს ფორმები გამოიყენება მაშინ, როცა მოსაუბრე პირი აცხადებს მის აბსოლუტურ დარწმუნებულობას იმაში, რომ მთავარი წინადადების შინაარსი სიმართლეს არ ასახავს, როგორც მაგალითებში (14) და (15). ასეთ შემთხვევაში, მთავარი წინადადება ჩვეულებრივ შეიცავს ბრძანებითს ან მეორე კავშირებითს ნატვრითის ფუნქციით [7, გვ. 82].

(14) ღმერთი გამიწყრეს, თუ გეხუმრებოდე. ([7, გვ. 81] კლდიაშვილი; ხაზი ჩემია)
(15) შეჩვენებული ვიყვე, თუ ვტყუოდე, თუ როდისმე ჰყოლოდეს! ([7, გვ. 82] კლდიაშვილი; ხაზგასმა ჩემია.)

დამტკიცებით იმის თქმა, რომ დამოკიდებული წინადადების შინაარსი მართალი არ არის, ნამდვილად ერთ-ერთი ფუნქციაა თუ-იანი პირობითი წინადადებისა, რომლის შემასმენელიც კავშირებით კილოშია. ეს ფუნქცია მარტო აწმყოს კავშირებითისა და მესამე კავშირებითისთვის არ არის დამახასიათებელი, არამედ დასტურდება ყველა სამ კავშირებითი კილოს მწკრივთან, რომელიც შესაძლებელია თუ-ს ახლდეს. ზემომოყვანილ მაგალითებში, (5)-(8), მეორე კავშირებითი სწორედ ამ ფუნქციისთვის არის გამოყენებული. კავშირებითი კილოს შემასმენლის შემცველი თუ-იანი პირობითი დამოკიდებული წინადადება შეიძლება მივიჩნიოთ სპეციალურ კონსტრუქციად, რომელიც გამოხატავს მოსაუბრის დარწმუნებულობას იმაში, რომ დამოკიდეული წინადადების შინაარსი მართალი არ არის.

6. დამოუკიდებლად ამ ფუნქციისაგან, თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში შემასმენელი შეიძლება იყოს კავშირებით კილოში მაშინ, როცა მთავარ წინადადებაში იგულისხმება მეორე პირის მიმართ ბრძანება, როგორც გვაქვს მაგალითებში (4) და (9)-(12). დამოკიდებული წინადადება აღწერს არაწარსულ სიტუაციას და შესაბამისად შემასმენელი ზმნა შეიძლება იყოს მეორე კავშირებითში ან აწმყოს კავშირებითში. იხილეთ შემდეგი მაგალითები (16) და (17). მესამე კავშირებითი ამ ფუნქციით არ იხმარება.

(16) ხურდა თუ გქონდეს, მომეცი.
(17) თუ ვინმე სტუდენტს იცნობდე, გამაცანი.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მაგალითებში (ე. ი. (4), (9)-(12), (16) და (17)) საერთოდ არ გამოიხატება მოსაუბრის პოზიცია დამოკიდებული წინადადების შინაარსის სიმართლის შესახებ. მოსაუბრე ნეიტრალურია იმის მიმართ, თუ რამდენად რეალურია დამოკიდებულ წინადადებაში გამოხატული სიტუაცია. ამ ტიპის მაგალითები ამით მკვეთრად განირჩევა იმ მაგალითებისაგან (ე. ი. (5)-(8), (14) და (15)), რომლებშიც მოსაუბრის ნეგატიური დამოკიდებულებაა გამოხატული.

აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ აუცილებელი არ არის, რომ მთავარი წინადადება ფორმალურად ბრძანებითს წარმოადგენდეს. შემდეგ მაგალითებში, მთავარი წინადადების შემასმენელი ზმნა თხრობითის ფორმაშია, მაგრამ შინაარსობრივად იგულისხმება მეორე პირის მიმართ ბრძანება (ე. ი. „ის პური აიღე“ (18)-ში, „დამიძახე“ ან „ასე უთხარი“ (19)-ში).

(18) თუ მოგშივდეს, მაგიდაზე პური დევს.
(19) თუ ვინმემ დარეკოს, ოთახში ვარ.

7. ამ ორი ფუნქციის გარდა სხვა ფუნქციით თუ-სა და კავშირებითი კილოს შემასმენლის შეხამება, როგორც წესი, არ გვხვდება თანამედროვე ქართულში. მარტივი მაგალითისთვის ავიღოთ (20). როცა თუ-ს კავშირებითი კილოს შემასმენელი ახლავს, მთავარი წინადადება შეიძლება გადმოსცემდეს მეორე პირის მიმართ ბრძანებას, დადებითს (a) ან უარყოფითს (b). მაგრამ არ შეიძლება იყოს ჰორტატივი (ანუ მოწოდების გამოხატვა სუბიექტური პირით პირველი პირის მრავლობითში) (c), არც ბრძანება მესამე პირის მიმართ (d), არც თხრობითი წინადადება ბრძანებითი შინაარსის გარეშე (e).

(20) თუ იწვიმოს ...
(a) წადი
(b) არ წახვიდე.
(c) ?`?` (არ) წავიდეთ.
(d) ?`?` (არ) წავიდეს.
(e) ?`?` დასველდები.

(20)-ში, კავშირებითის იწვიმოს ნაცვლად თუ ჩავსვამთ თხრობითი კილოს ფორმას (ანუ იწვიმებს ან იწვიმა), ყოველი წინადადება (a)-(e) ბუნებრივი გახდება.

8. დასკვნები: თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებას შეიძლება ჰქონდეს კავშირებითი კილოს შემასმენელი შემდეგ ორ შემთხვევაში:

(i) როცა მოსაუბრე აცხადებს, რომ დამოკიდებული წინადადების შინაარსი მართალი არ არის;
(ii) როცა მთავარი წინადადება გულისხმობს მეორე პირის მიმართ ბრძანებას.

ამგვარი სემანტიკური და პრაგმატიკული პირობები ეხება მარტო ამ ტიპის პირობითი წინადადების კონსტრუქციას და არა რომ-იან წინადადებას და არც თუ-იან პირობით წინადადებას, რომელშიც შემასმენელი თხრობით კილოში დგას. რატომ და როგორ იჩენს თავს ეს განსაკუთრებული ფაქტორები, ერთ მხრივ კავშირის შერჩევისა და მეორე მხრივ შემასმენელი ზმნის კილოს შერჩევის გამო — კიდევ გასარკვევია ქართული ენის პირობითი წინადადებების მთლიანი სისტემის ანალიზის საშუალებით.

წყაროები:
ჩოხელი, გოდერძი, „თევზის წერილი“, „უცნაური კვერცხი“
ჭილაძე, ოთარ, „რკინის თეატრი“
დუმბაძე, ნოდარ, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
ინანიშვილი, რევაზ, „ფიროსმანი“
ჯავახიშვილი, მიხეილ, „ოქროს კბილი“
კლდიაშვილი, დავით, „სამანიშვილის დედინაცვალი“
ლეონიძე, გიორგი, „ღვინჯუა“
რჩეულიშვილი, გურამ, „მოხუცებული“
ვაჟა ფშაველა, „სათაგური“

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Dancygier, Barbara, Conditionals and Prediction: Time, knowledge, and causation in conditional constructions, Cambridge University Press, Cambridge, 1988.
2. სიხარულიძე, ქ., ქართული ხალხური სიტყვიერება, თსუ გამომცემლობა, თბილისი. 1970.
3. Sweetser, Eve, From Etymology to Pragmatics: Metaphorical and cultural aspects of semantic structure. Cambridge University Press, Cambridge, 1990.
4. Vogt, Hans, Grammaire de la langue géorgienne. Universitetsforlaget, Oslo. 1971
5. ძიძიგური, შ., კავშირები ქართულ ენაში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1973.
6. ძიძიგური, შ., რთული წინადადების პრობლემა ქართულ ენაში, მეცნიერება, თბილისი, 1989.
7. Hewitt, Brian G., The Typology of Subordination in Georgian and Abkhaz, Mouton de Gruyter, Berlin, 1987.