ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რენესანსის ეპოქის ქალი - იმოჯენი და ნესტანი
რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში რამდენიმე წელია ფიგურირებს აზრი, რომ ვეფხისტყაოსანი არის XVII საუკუნის დასაწყისის ცნობილი ინგლისელი დრამატურგების ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესების მეფე და არა მეფე და ფილასტერის სიუჟეტური წყარო [2]. შემდეგდროინდელმა გამოკვლევებმა გამოავლინეს ქართული და ინგლისური ლიტერატურული კრიტიკისთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანი სავარაუდოდ არის XVII საუკუნის დიდი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი „პრობლემური“ პიესის ციმბელინის წყაროც 3; 4]. კვლევების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ციმბელინის მთავარი მოქმედი გმირის იმოჯენის სახე გარკვეულ პარალელს ავლენს რუსთაველის მიერ შექმნილ ნესტან-დარეჯანის მხატვრულ სახესთან. ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას ისახავს მიზნად წინამდებარე ნაშრომი. რამდენად შეესაბამება იმოჯენის მხატვრული სახე შექსპირის უფრო ადრინდელი პერიოდის ქალ პერსონაჟთა ტიპაჟს? რა მიმართებაშია ეს სახე რენესანსის ეპოქის ინგლისური ლიტერატურის იდეალური ქალის სტერეოტიპთან? საკვანძო სიტყვები:რენესანსი, ქალი, რუსთაველი, იმოჯენი, ნესტანი. კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ მელიქიძე ქართულ–ისლანდიური ლიტერატურული ურთიერთობები
როგორია ლიტერატურული ურთიერთობები ისეთ ორ პატარა ქვეყანას შორის, როგორიც საქართველო და ისლანდიაა – ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული, მეტად განსხვავებული ენებით, კულტურითა და ისტორიით? ამ ორ კულტურას შორის არსებული დიდი მანძილისა და განსხვავებების მიუხედავად, გარკვეული ლიტერატურული კავშირი მაინც არსებობს მათ შორის. მართალია, რომ ხსენებულ ლიტერატურულ კავშირებს დასაბამი პირველად მე-20 საუკუნეში მიეცა, მაგრამ მას შემდეგ ორივე ენაზე მრავალი ნაწარმოები ითარგმნა. წინამდებარე სტატიის მიზანია, აქცენტირება საქართველოსა და ისლანდიას შორის არსებულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე: პროზაული ნიმუშების, მათი თარგმანების და ამ თარგმანთა მიღება–მოწონების კუთხით. საკვანძო სიტყვები:ლიტერატურული კავშირები, საქართველო, ისლანდია, ისლანდიური საგები, ჰალდორ ლაქსნესი. კატეგორია: კვლევები ავტორები: მიხაელა კრეიცოვა ქართული პოეზიის ანთოლოგია ფრანგულ ენაზე
ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგის, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის, ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციის ძველი მეგობრის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის წინამდებარე სტატია, გამოქვეყნებული ჟურნალში Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes (#1), 1982 წელს, რომლის ქართული თარგმანი (მთარგმნელი რუსუდან წულაძე), რედაქტირებული აკაკი ხინთიბიძის მიერ, მთარგმნელისა და რედაქტორის ავტოგრაფის სახით ვიპოვე აწ განსვენებული მეცნიერის (აკაკი ხინთიბიძის) არქივში გადასაცემად გამზადებულ საქაღალდეებში. თარგმანი, როგორც ჩანს, არ გამოქვეყნებულა. აკაკი ხინთიბიძეს, როგორც ქართული ლექსის ცნობილ მკვლევარს, სტატია, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებდა ქეთრინ ვივიანის შენიშვნების გამო ქართული ლექსის მიმართებებზე ფრანგული და ინგლისური ლექსთწყობის სისტემებთან და თავისებურებებთან. გარდა ამ მართლაც ფასეული რემარკებისა, წინამდებარე სტატია ძალზე მნიშვნელოვანია ქეთრინ ვივიანისეული მითითებით ქართული პოეზიისათვის ნიშანდობლივ ფარულ სიღრმეებსა თუ ნიუანსებზე. ამასთან ერთად ერთმანეთისგან გამიჯვნით აკაკის, ვაჟას, გალაქტიონის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური სიტყვის სიღრმისეულ თავისთავადობაზე. ვფიქრობ, მაღალი პოეტური კულტურის ინგლისელი ინტელიგენტის, მთარგმნელისა და ქართველოლოგის ამ ლიტერატურათმცოდნეობით მიგნებებზე ყურადღების მიქცევა ქართული პოეზიის, როგორც ქართველ ასევე ინგლისურენოვან მკვლევართათვის საჭიროა. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ლექსი, აკაკი ხინთიბიძე, სერგი წულაძე, რუსთაველის შეცნობა. კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: ქეთრინ ვივიანი პროექტი: ქართული ვერსიფიკაციის მიმართება ევროპულთან (XIX-XX საუკუნეები)
წინამდებარე სტატია წარმოადგენს აწ გარდაცვლილი მეცნიერის, ქართული ლექსის ცნობილი მკვლევარის, აკაკი ხინთიბიძის (1924-2008) საარქივო მასალაში მოპოვებულ მის მიერ დაწერილ დასაბუთებას საგრანტო პროექტისა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს წარედგინა 2002 წელს. ეს პროექტი, რომლის ხელმძღვანელი თავად პროფ. ა. ხინთიბიძე იყო, არის წინა წლებში (2000-2001 წწ.) იმავე ჯგუფის მიერ შესრულებული პროექტის „ქართული ლექსი ევროპული ლექსის ტიპოლოგიურ არეალში (V-XVIII საუკუნეები)“ გაგრძელება. პროექტი შესრულდა და მის ფარგლებში დაწერილი სამეცნიერო გამოკვლევების ერთი ნაწილი ახლაც ა. ხინთიბიძის არქივში ინახება. ვფიქრობ, რომ ეს მასალა სტატიების სახით პროექტის თითოეული მონაწილის მიერ იყო გამოქვეყნებული, ან რაიმე ფორმით ასახული მათ პუბლიკაციებში. ჩემი ყურადღება მიიქცია ა. ხინთიბიძის მიერ დაწერილმა პროექტის დასაბუთებამ, რომელიც გამოქვეყნებული არ ყოფილა და ქართული პოეზიითა და სიტყვიერი კულტურით დაინტერესებულ ქართველ და საზღვარგარეთელ მკვლევართათვის მისი გაცნობა წინამდებარე პუბლიკაციით იქნება შესაძლებელი. ეს მოკლე, თეზისური რემარკები XIX-XX საუკუნეების ქართული ლექსის მიმართებაზე ევროპულ ვერსიფიკაციასთან, ვფიქრობ, საყურადღებოა. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ლექსი, ევროპეიზმი, ვერსიფიკაცია. კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: აკაკი ხინთიბიძე
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია
ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845) ქართული მწერლობის კლასიკოსია. იგი ქართული რომანტიკული ლიტერატურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი პოეზია ინგლისურ ენაზე სრული სახით თარგმნილი არ არის. ჟურნალის წინამდებარე ნომერში ვაქვეყნებთ მის სამ საუკეთესო ნაწარმოებს: „ცისა ფერს“ (დონალდ რეიფილდის თარგმანით: The Literature of Georgia. A History. Carzon), „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „მერანი“ (ვენერა ურუშაძის თარგმანით: Anthology of Georgian Poetry, Tbilisi 1958). ქართული ტექსტი იბეჭდება პავლე ინგოროყვას გამოცემის მიხედვით (ნიკოლოზ ბარათაშვილი, თხზულებანი, 1954).
რედაქტორი საკვანძო სიტყვები:მერანი, ცისა ფერს, სულო ბოროტო კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ნიკოლოზ ბარათაშვილი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|