ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ქეთრინ ვივიანი 

ქართული პოეზიის ანთოლოგია ფრანგულ ენაზე

(V-XX საუკუნეები)

თარგმანი და კომენტარები სერგი წულაძისა, თბილისი, „განათლება“, 1982, გვ. 179.

საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს ბედნიერი შემთხვევის წყალობით თბილისში შევხვდი სერგი წულაძეს. მითხრა, რომ მუშაობდა ქართული პოეზიის ანთოლოგიის ფრანგულ თარგმანზე. რამდენიმე წლის წინ წაკითხული მქონდა ვეფხისტყაოსნის მისი ღირსშესანიშნავი ფრანგული თარგმანი, რომელიც მივიჩნიე ბრწყინვალე თანამგზავრად და მეგზურად პოემის შესწავლისათვის ისევე, როგორც მისი მონოგრაფია „რუსთაველის გაცნობა“. ამ თარგმანის ნაწყვეტები გამოქვეყნდა დასახელებულ ანთოლოგიაში. ახლა, როცა წინ მიდევს მისი ბოლო წიგნი, ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია სერგი წულაძეს შევხვდე და მასზე ვესაუბრო.

სერგი წულაძე იყო ჭეშმარიტად დიდი მთარგმნელი, რომელიც ერთნაირად ღრმად ერკვეოდა ქართულსა და ფრანგულში. ამიტომ მისი თარგმანი გამოირჩევა მეცნიერის ღრმა ინტელექტითა და პოეტური ასკეტიზმით.

ეს პოეტური კრებული მოიცავს დროის ვრცელ მონაკვეთს – შუა საუკუნეებიდან XX საუკუნემდე და, ასევე, განწყობილებებისა და თემების ფართო სპექტრს. მთარგმნელი წარმოაჩენს თავის ოსტატობას პოეტური ფორმების სიმრავლეში. იგი „მე და ღამის“ წყნარი, ფიქრიანი კილოდან გადადის გიორგი ლეონიძის პირველი თოვლის შესახებ შექმნილი სიმღერის მხიარულ, ხალისიან ტონებზე, „მერანის“ მღელვარე მხედრულ რიტმებზე, ლექსის – „ხმა კატამონთან“ ამაღლებულ სტილზე, ღრმად სწვდება და გამოხატავს ამ ურთიერთგანსხვავებული ლექსების მთავარ ღირსებას.

ქართული ლექსის მჭევრმეტყველება დიდად არის დამოკიდებული რითმაზე, ალიტერაციასა და ასონანსზე – იმ ეფექტებზე, რომელთა გადატანა სხვა ენაზე ადვილი არ არის აზრის დაკარგვის ან დამახინჯების გარეშე. რაც შეეხება მახვილსა და მეტრს, მიუხედავად აღნიშნულისა, ფრანგული და ქართული ამ მხრივ უფრო ბუნებრივად შეესაბამება ერთმანეთს. კლასიკურ ფრანგულ ალექსანდრიულ ლექსში, ისე როგორც ვეფხისტყაოსნის 16-მარცვლიან ტაეპში, არის ცეზურა, რომელიც ორად ჰყოფს ტაეპს. ინგლისური ლექსისაგან განსხვავებით, რომელშიც შეიძლება იყოს უმახვილო მარცვლების ცვალებადი რაოდენობა, ორივე, ფრანგული და ქართული ლექსი უფრო სილაბური მეტრისაკენ არის მიდრეკილი, ვიდრე მახვილიანი საზომისაკენ, რადგან მრავალმარცვლიან სიტყვაში მახვილი უფრო თანაბრად ნაწილდება. ამგვარად, ქართული ლექსი შეიძლება მჭიდროდ დაუახლოვდეს ფრანგულს, როგორც ამას ასე წარმატებით გვიჩვენებს სერგი წულაძე ვეფხისტყაოსნის, „მთაწმინდის მთვარის“ და სხვა ნაწარმოებთა თარგმანებში.

სხვა მხრივ, ეს ორი ენა ნაკლებად ჰგავს ერთმანეთს, ფრანგული ენის გენია მისი განვითარების გვიანდელ ეტაპზე მდგომარეობს სიზუსტეში, ნათელ განსაზღვრებებსა და მოწესრიგებულ ფორმაში. ადრინდელი ფრანგული – რაბლეს ეპოქისა, კერძოდ, მისი იშვიათი სიუხვით და მრავალფეროვნებით შეიძლება უფრო კარგად შეესატყვისებოდეს ქართულის დახვეწილობას და ობერტონებს, სადაც მწერალს შეუძლია მეტი იგულისხმოს, ვიდრე გვითხრას. წყნარი „მთაწმინდის მთვარეში“ ისე ჟღერს, რომ მას სრულყოფილად ვერ გადმოსცემს ფრანგული სიტყვა paisitte. გ. ტაბიძის სხვა ლექსში სიტყვა ზღაპარი მეტისმეტად შეზღუდულია ფრანგული სიტყვით romance. კოლაუ ნადირაძის ლექსში „ბევრი არ მითქვამს“ ... სიტყვები ნეტავი, უნეტარესო კონცეფციურად ღრმადქართულია, ალბათ, უცილობლად დაკარგულია თარგმანში.

ყველაფერი ეს მაინც ნაკლებადმნიშვნელოვანია. „განთიადში“ წულაძის ლექსი ისეთივე მდგრადია, როგორც დიდი აკაკისა. ლექსში „ხმა კატამონთან“ მთარგმნელი უახლოვდება ი. აბაშიძის კეთილშობილ სტილს და გრძნობათა სიღრმეს. ბუნებასთან მჭიდრო კავშირი ყველა ფორმით - ეს თითქმის მისტიკური გაგება, რასაც ამჟღავნებს მრავალი ქართველი პოეტი, წულაძის მიერ გადმოღებული არის არა მარტო მხატვრული ოსტატობით, არამედ ორიგინალური აღქმით და ღრმა მგრძნობელობით. მთარგმნელი გვამცნობს ვაჟა-ფშაველას მთისა და ცის განწყობილებას, ვ. გაფრინდაშვილთან გვიჩვენებს ხის როლს ადამიანთა ცხოვრებაში.

პოეზია შეიძლება თარგმნოს მხოლოდ პოეტმა, რომელიც გაითავისებს სხვის ნაფიქრსა და ნათქვამს. სერგი წულაძე თავის თარგმანში სწვდება და წარმოსახავს ქართული პოეზიის სულს.

პირველი ნაცნობობა ქართულ ლიტერატურასთან მისი უფრო ფართოდ გაცნობის სურვილს აღძრავს და ეს ანთოლოგია ქართველოლოგებს სთავაზობს კარგად შეზავებულ აპერიტივს მადის გასაღვიძებლად. თითოეული თარგმანი შეიცავს მწერლის შესახებ მოკლე ცნობებს.
ეს ანთოლოგია წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს ქართული თარგმნილი ლიტერატურის საგანძურში.

ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან თურნავამ