ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





აკაკი ხინთიბიძე

პროექტი: ქართული ვერსიფიკაციის მიმართება ევროპულთან (XIX-XX საუკუნეები)


ევროპეიზმის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოაყენა, პოეზიის სფეროს შეეხება და, კერძოდ – „ფორმას გამოთქმისა“ („ევროპული გამოთქმა“), რომელშიც ვერსიფიკაციაც იგულისხმება.

რომანტიზმმა, სიმბოლიზმმა, ფუტურიზმმა და სხვა ლიტერატურულმა მიმდინარეობებმა ჩვენში ვერსიფიკაციის ახალი ფორმები შემოიტანა. დღემდე ვერსიფიკაციის თვალსაზრისით არ არის დამუშავებული ევროპეიზმის პრობლემა ქართულ ლიტერატურაში. არ არის გათვალისწინებული ქართული ლექსის ხასიათის ცვლა ზემოხსენებულ ლიტერატურულ მიმდინარეობათა შესაბამისად.

პროექტის მიზანია XIX-XX საუკუნეების ქართული პოეზიის მიხედვით ქართული ვერსფიკაციის ევროპულთან მიმართების შესწავლა-ანალიზი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი მხრივ, ქართული რომანტიზმის წარმომადგენლების: კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, მის მიერ ნათარგმნი ფრანგი და რუსი ავტორების პოეტურ თხზულებათა მიმართება ორიგინალის ლექსწყობასთან; ასევე გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის სტრუქტურა; თეთრი ლექსის შემოტანა; რითმის დაკოჭლება, რაც ევროპული პოეზიის რითმასთან პოულობს საერთოს, ანჟამბემანი და სხვ.

მეორე მხრივ, ქართველი სიმბოლისტების: გრ. რობაქიძის, გ. ტაბიძის, ცისფერყანწელების გატაცება ევროპიდან შემოსული მყარი სალექსო ფორმებით: სონეტი, ტრიოლეტი, ოქტავა, ვერლიბრის დამკვიდრება და სხვ.

ქართული ლექსის უახლესი რეფორმა, რომელიც XX საუკუნის ათიან წლებში განხორციელდა, ლექსწყობის ევროპეიზაციისაკენ ლტოლვა იყო. ეროვნული ტრადიციების გვერდით, ფეხი მოიკიდა მუსიკის მაგიურმა განცდამ, რაც პოლ ვერლენის ლოზუნგიდან მომდინარეობდა. XX საუკუნის ქართულ ლექსწყობაში გამოვლინება ჰპოვა ფრანგული სილაბური ლექსის საზომებმა.

თავის მხრივ, ქართულმა რითმამ გავლენა მოახდინა რუსულ, კერძოდ, ვლადიმერ მაიაკოვსკის რითმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ვერსიფიკაციას ისტორიულ ასპექტში უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლურ სამყაროსთან, ვიდრე აღმოსავლურთან.

ზოგადად ვერსიფიკაციის პრობლემებს დიდი ადგილი აქვს დათმობილი სტრუქტურულ პოეტიკაში, რომელმაც ჩვენში კარგა ხანია ფეხი მოიკიდა. გ. წერეთლის, აკ. ხინთიბიძის, ა. სილაგაძის, მ. ქურდიანის, თ. დოიაშვილის, თ. ბარბაქაძის ნაშრომებში ქართული ლექსი განხილულია, როგორც სტრუქტურული მთლიანობა მისი ფორმით და, კერძოდ, ვერსიფიკაციის გათვალისწინებით.

ქართულ ლექსს იკვლევენ საზღვარგარეთაც. აღსანიშნავია ლ. მაგაროტოს, დ. რეიფილდის, ან. ფედოროვის, ტ. ნიკოლსკაიასა და სხვათა ნაშრომები, მაგრამ ეს კვლევა-ძიებანი, ძირითადად, ეპიზოდურია და არ აქვს მიზანდასახულებრივი, სისტემური ხასიათი.