ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 თამარ მელიქიძე

რენესანსის ეპოქის ქალი - იმოჯენი და ნესტანი

 

INრუსთველოლოგიურ ლიტერატურაში რამდენიმე წელია ფიგურირებს აზრი, რომ ვეფხისტყაოსანი არის XVII საუკუნის დასაწყისის ცნობილი ინგლისელი დრამატურგების ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესების მეფე და არა მეფე და ფილასტერის სიუჟეტური წყარო [2]. შემდეგდროინდელმა გამოკვლევებმა გამოავლინეს ქართული და ინგლისური ლიტერატურული კრიტიკისთვის ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანი სავარაუდოდ არის XVII საუკუნის დიდი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი „პრობლემური“ პიესის ციმბელინის წყაროც [3; 4]. კვლევების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ციმბელინის მთავარი მოქმედი გმირის იმოჯენის სახე გარკვეულ პარალელს ავლენს რუსთაველის მიერ შექმნილ ნესტან-დარეჯანის მხატვრულ სახესთან. ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას ისახავს მიზნად წინამდებარე ნაშრომი.

რამდენად შეესაბამება იმოჯენის მხატვრული სახე შექსპირის უფრო ადრინდელი პერიოდის ქალ პერსონაჟთა ტიპაჟს? რა მიმართებაშია ეს სახე რენესანსის ეპოქის ინგლისური ლიტერატურის იდეალური ქალის სტერეოტიპთან?

ცნობილია, რომ ევროპული ცივილიზაციის პროცესში რენესანსი გამოფხიზლებისა და განახლების ეპოქა იყო. ანტიკური სამყაროსადმი ხელახალი მიბრუნება და თავიდან აღმოჩენა, ადამიანურ ღირებულებებზე ორიენტირება და ბედნიერების ამქვეყნად ძიება, ადამიანის პოტენციალის გაიდეალება - რენესანსის ძირითადი მახასიათებელი შტრიხებია. მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებამ (ასტრონომია, გეოგრაფია და სხვ.) მოიტანა შესაძლებლობა იმისა, რომ გარემომცველი სამყარო უფრო სიღრმისეულად ყოფილიყო შესწავლილი, რამაც მეტად  უფრო განუმტკიცა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა.  გონება ყოველგვარი პრობლემის გადაჭრის საშუალებად იქნა აღიარებული. როგორც ელგუჯა ხინთიბიძე შენიშნავს,  „სიახლე, რომელიც ამ ეპოქამ მოიტანა, სილამაზის პრიმატში, თანაც გრძნობითი სილამაზის პრიმატში მდგომარეობს.  რენესანსის ესთეტიკური აზროვნება  ენდო საკუთარ თვალთახედვას ანტიკური კოსმოლოგიისა და შუასაუკუნეობრივი თეოლოგიის გარეშე: სამყარო ღმერთმა შექმნა; მაგრამ მთავარი ის არის, რომ ლამაზია ეს ქვეყანა, რა უთვალავი ფერია ადამიანურ ცხოვრებაში, ადამიანური სახის ცოცხალ გამოხედვაში და ადამიანური სულის ჰარმონიაში”[1, გვ. 89]. მიუხედავად იმისა, რომ  ადამიანის მნიშვნელობაზე აქცენტი გახდა უმთავრესი, რენესანსის ეპოქაში შექმნილი ტრაქტატების[7; 9; 13; 14] მიხედვით   ქალთა სქესს ეს ცვლილებები ნაკლებად შეეხო. როგორც მრავალგზის არის ხაზგასმული სამეცნიერო კრიტიკაში, შუასაუკუნეების ჟამთაცვლაში ქალის შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად იყო დაკნინებული, რადგანაც ითვლებოდა, რომ ქალში  უმეტესად ადამიანური სისუსტეები იყო   თავმოყრილი და  სიმბოლურად ადამიანის დაცემასაც გამოხატავდა. ამგვარი შეხედულების საფუძველი დევს ბიბლიის ტექსტში. შესაბამისად, შუასაუკუენეების ეკლესიისათვის ქალი ერთგვარად განასახიერებდა  ბოროტების საწყისს, რომელიც მამაკაცის სულის  ღმერთთან შერთვას უშლიდა ხელს. საფიქრებელია, რომ საეკლესიო წრეების წარმომადგენელთა  დამოკიდებულებას პავლე მოციქულის ავტორიტეტიც განაპირობებდა [ეფეს. 5. 22-32; კოლ. 3:18;  I კორ. 11:34-36;   I კორ. 14: 12-15;].  ერთადერთი იდეალური და ყოველმხრივ შემკული ქალი იყო განკაცებული ქრისტეს მშობელი - ქალწული  მარიამი,  რადგანაც სწორედ მისმა ძემ იხსნა კაცობრიობა იმ ცოდვისაგან, რომლის გამომწვევიც ისევ და ისევ ქალი იყო. ასეთმა შეხედულებებმა განაპირობა შუა საუკუნეების შემდეგნაირი ხედვა: უმაღლესი ქალის იდეალი იყო ქალწული; მერე მოდიოდა ქალი - ქვრივი; მესამე ადგილას კი იდგა ქალი - ოჯახის დედა, შვილების მშობელი და ოჯახის კეთილდღეობის წარმმართველი.

შენიშნულია, რომ გვიან შუასაუკუნეებში ქალის მიმართ იყო ერთგვარი ამბივალენტური დამოკიდებულება.  XIII საუკუნის ევროპული ლირიკა  იდეალურ ქალად აქცევს წმინდა მარიამს, მაგრამ ზოგჯერ ქალი წარმოდგენილია მაცდუნებელ ძალადაც, რომელიც ხელს უშლის ინდივიდს  სულის ხსნასა და უმაღლესი იდეალისაკენ - ღმერთისაკენ სწრაფვაში[1, გვ. 629].

სავარაუდოდ, საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული დამოკიდებულების მიხედვით   ქალის მნიშვნელობა იყო მოქცეული ვიწრო ჩარჩოებში, შეზღუდული იყო   მისი პოლიტიკური,  ეკონომიკური და მორალური უფლებები. ამის დასტურია რენესანსის ეპოქაში შექმნილი ტრაქტატები, სადაც ქალის ძირითად მოვალეობად რჩებოდა ქმრისა და მამის მორჩილება, ოჯახში ფუსფუსი და დიასახლისობა. ლეონ ბატისტა ალბერტის (XV ს.)  მიხედვით,  ქალის ოჯახში ყოფნა განაპირობებდა ოჯახური ქონების  კეთილდღეობას, ქალს  განსაკუთრებული სიფრთხილით  უნდა  ეზრუნა ყოველგვარ საშინაო საქმეებზე[5, გვ. 18]. იგი საზოგადოებაში ჩნდებოდა იშვიათად, ისიც ძირითადად ეკლესიაში, მაგრამ მხოლოდ მამაკაცის თანხლებით[13, გვ. 313].  მას ნებართვის გარეშე ეკრძალებოდა  მეუღლის ოთახში შესვლა.   როცა ქალი მშობიარობის მოლოდინში იყო, ან ბავშვი ავადმყოფობდა და განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებოდა, ასეთი შემთხვევებისათვის მამაკაცისთვის არსებობდა ცალკე მოსასვენებელი ოთახი[11, გვ. 167]. 

ასევე ძალიან საინტერესოა რენესანსის ეპოქაში ქორწინებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ამგვარ ინფორმაციას ისევ და ისევ გვაწვდის რენესანსის ეპოქაში შექმნილი ტრაქტატები. ქალის გათხოვება ძირითადად სარფიან გარიგებას წარმოადგენდა. ეს საქმე ორივე მხარისათვის - კაცისა  და ქალის ოჯახისათვის - სარგებლის მომტანი იყო: ქალის გათხოვება ფინანსურ პრობლემას ხსნიდა ოჯახში, რადგანაც აღარ იყო საჭირო მის საკვებზე და ტანისამოსზე ზრუნვა[1] , საქმროს ოჯახი კი ქალის ხელის თხოვნის შედეგად იძენდა გარკვეულ ფინანსურ სარგებელს.  უხეშად რომ ვთქვათ, ქალიშვილის ოჯახი მამაკაცს უხდიდა გარკვეულ თანხას  ქალზე ქორწინების გამო.  ქორწინება ასევე  განამტკიცებდა ურთიერთობას სხვადასხვა გვარებსა და შტოებს შორის, ხანდახან კონფლიქტის შეწყვეტასაც ემსახურებოდა. მთელი მზითვი, რასაც კი ქალს გაატანდნენ,  ქმრის საკუთრებაში  ექცეოდა.

რაც შეეხება ქალის განათლებას, გოგონების უმეტესობას ასწავლიდნენ საოჯახო საქმეების მართვას, ცხობას, დასუფთავებას, კერვას, დახვეწილ მანერებს, აფასებდნენ მათ მდუმარებას და უბიწოებას.  ვინც კითხვა იცოდა, მათ წასაკითხად მკაცრად განსაზღვრული და წინასწარ კარგად მოფიქრებულ-შერჩეული მასალა (ძირითადად   რელიგიური ლიტერატურა) მიეწოდებოდათ, რადგანაც ჰუმანისტური  განათლება შესაძლოა სავალალო შედეგების წინაპირობა გამხდარიყო და ქალი ქმრის სურვილებს შეწინააღმდეგებოდა[8, გვ. 12]. გოგონათა უმეტესობას განათლება ეძლეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი დედობა გაეწიათ შვილებისთვის. ქალებს, რომლებიც არისტოკრატულ წრეს მიეკუთვნებოდნენ, დამატებით ასწავლიდნენ ცეკვას, მუსიკას და  ხატვას, რათა  უფრო მხიარული გარემო შეექმნათ მამაკაცთათვის.

სოციოლოგ რუთ კელსოს აზრით[10; 16], რენესანსულ ხანაში მცხოვრები ქალისთვის ქრისტიანული წესების მიხედვით არსებობა  იდეალურ ყოფას წარმოადგენდა, ქალებს მოუწოდებდნენ,  ფოკუსირება მოეხდინათ შინაგან სამყაროზე, მაქსიმალურად მოეთოკათ სურვილები. ლუის ვივის ტრაქტატის - ინსტრუქციები ქრისტიანი ქალისთვის მიხედვით, ქალში  არც ერთი კაცი არ  ეძებს  გონებას, ცხოვრების შნოს, წინდახედულებას, სახელმწიფოს მართვის უნარს, სამართლიანობას და ლიბერალიზმს[14; 16].   კაცისთვის მნიშვნელოვანია ქალის სიწრფელე და ერთგულება. ამის საწინააღმდეგოდ, რენესანსული თვალთახედვით, კაცს შეჰფეროდა წარმართული ბუნება, კონცენტრირება საკუთარი თავის რეალიზებაზე და   სურვილების დაკმაყოფილებაზე. საზოგადოებისთვის სასურველი მამაკაცი უნდა ყოფილიყო გონიერი, მჭევრმეტყველი, ინტელექტუალი, სამართლიანი, შემწყნარებელი, უნდა ჰქონოდა  კარგი მეხსიერება,  საკუთარი თავის გატანის უნარი, ჯანმრთელი სხეული და კიდევ ბევრი რამ. 

ამ ფონზე საინტერესოა, როგორ წარმოგვიდგენს თავის შემოქმედებაში XVI-XVII საუკუნეების უდიდესი დრამატურგი - უილიამ შექსპირი ქალს, რა დამოკიდებულება აქვს “სუსტი” სქესის მიმართ, როგორ განსაზღვრავს მის როლს სოციუმში, რამდენად ექცევა არსებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში შენიშნულია, რომ შექსპირს ცალსახა დამოკიდებულება არ აქვს ქალთა სქესის მიმართ.  მისი  ქალი გმირების ერთი ნაწილი არსებული სტერეოტიპისგან არსებით განსხვავებას ავლენს.   მაგალითად, პიესები - ოტელო,  ჰამლეტი, აურზაური არაფრის გამო და სხვა ზუსტად ასახავენ გაბატონებულ შეხედულებას ქალთა მორჩილების შესახებ. ამ ნაწარმოებებში მოქმედი ქალები  სრულყოფილად ასახავენ რენესანსის ეპოქის ქალთა მოდელს - არ აქვთ განათლება, მაგრამ  კარგად ფლობენ საოჯახო საქმიანობას,  სანიმუშოდ ზრდიან შვილებს და უსიტყვოდ ემორჩილებიან მამრობითი სქესის ოჯახის წევრებს.

ამ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესოა შექსპირის იმ ქალთა მხატვრული სახეების ანალიზი,  რომელნიც თავიანთი ქმედებებით ამსხვრევენ არსებულ სტერეოტიპებს და ხაზგასმით წარმოაჩენენ  ქალურ ბუნებასა და თვისებებს.  ამ სტატიის ფარგლებში შევეცდები ვისაუბრო პიესა ციმბელინის მთავარ მოქმედ გმირ ქალზე - იმოჯენზე, რომელიც არის შექსპირის შემოქმედებაში ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული  “მეამბოხე” ქალის ტიპი.

იმოჯენის მხატვრული სახე მრავალი ხნის მანძილზე იპყრობდა  ინგლისური ლიტერატურის კრიტიკოსთა ყურადღებას. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მის პერსონაჟში შერწყმულია  ჯულიეტას რომანტიული ენთუზიაზმი, ელენეს ურყევი სიმტკიცე და ერთგულება, განუზომელი სისპეტაკე პორციასი, ეს სახასიათო შტრიხები ისე ჰარმონიულადაა ურთიერთს შეზავებული, რომ იმოჯენის გმირს ყველაზე მაღლა აყენებს და გამოარჩევს შექსპირის მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟების გალერეადან[15].  პიესის დასაწყისშივე ყურადღებას იპყრობს იმოჯენის მეამბოხე ხასიათი, როდესაც   თამამად ეწინააღმდეგება მამის გადაწყვეტილებას პრინცზე მითხოვების შესახებ. იგი ბედნიერია  პოსტუმუსის ცოლობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებამ მეფე-დედოფალთან განხეთქილება მოიტანა.  იმოჯენი არ ეპუება  დედოფლის ვაჟის პრინც კლოტენის შეტევებსაც, ცდილობს რა ეს უკანასკნელი თავი შეაყვაროს და დაეუფლოს ქალს. 

არანაკლებ საინტერესოა იმოჯენისა და მისი მეუღლის, პოსტუმუსის ურთიერთობა. იმოჯენის   სოციალური სტატუსიდან გამომდინარე მისი ურთიერთობა პოსტუმუსთან წინააღმდეგობაში  მოდის  ურთიერთობის  რენესანსულ  სტერეოტიპთან. უილიამ გოუჯის[9; 16] მიხედვით, თუკი ცოლის მატერიალური შესაძლებლობა აღემატებოდა ქმრისას, ეს ქაოსური ქორწინების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.  ფინანსური უპირატესობა ქალს ანიჭებდა ძალაუფლებას, რის შედეგადაც კაცის ღირსება კნინდებოდა და დგებოდა საშიშროება ქალის კაცზე გაბატონებისა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ  ურთიერთობის მოდელს, იმ წესრიგს, რაც ღმერთისგანაა ცოლქმრობაში დადგენილი და რაც მოგვიანებით  იმემკვიდრა რენესანსულმა კულტურამ.  სწორედ ამიტომ საყვედურობს კიდეც  ციმბელინი ქალიშვილს მასზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცის სიყვარულს.  ფაქტია, რომ იმოჯენმა ძალიან კარგად იცის კლასობრივი სხვაობის შესახებ, რომელიც მასა და მის სატრფოს შორის არსებობს, მაგრამ ამ ფაქტს  ღირსების დაკნინებად არ მიიჩნევს.  იმოჯენი მაღლდება ამქვეყნიურ, მატერიალურ  ღირებულებებზე (სიმდიდრე, მეფის ასულის\ტახტის მემკვიდრის სტატუსი) და  თავისი სიყვარულის გადარჩენას ლამობს.  მას ტვირთად აწევს ის ფაქტი, რომ  ერთადერთი ტახტის  მემკვიდრეა,  განწირულია მეფობისთვის და ზუსტად ამ წოდებას მოაქვს დაბრკოლება მისი ბედნიერებისთვის.  იმოჯენი მზადაა,  უყოყმანოდ შესწიროს  დედოფლობის პატივი,  ოღონდაც ისევ ქმარს შეერთოს და მშვიდად იცხოვროს მასთან ერთად [16, გვ.14] იმოჯენის ამ სურვილში მჟღავნდება მსგავსება შუასაუკუნეებში არსებულ ქალის მოდელთან, რომლის იდეალიც მხოლოდ ოჯახური ბედნიერებაა. 

ვეფხისტყაოსანის ნესტანის სახე ამ კუთხით იმოჯენისგან ერთგვარ განსხვავებას წარმოაჩენს. ნესტანი მეტად ამბიციურია,  თავიდანვე ჩართულია სახელმწიფოს მართვის პროცესში. ამის მაგალითები ტექსტში მრავლად მოიპოვება -  ნესტანი აგზავნის სატრფოს აჯანყებული ხატაელების დასამორჩილებლად; ნესტანის მიერ მოფიქრებული გეგმის მიხედვით,  ხვარაზმშას ძის მოკვლამ უნდა გადაარჩინოს ერთი მხრივ ნესტანისა და ტარიელის სიყვარული, და მეორე მხრივ ინდოეთი უცხოტომელთა მმართველობისაგან;  დატყვევებული ნესტანი ქაჯეთის ციხიდან მოწერილ წერილში კიდევ ერთხელ სთხოვს საყვარელს, მიხედოს  მტრებისგან შევიწროებულ ინდოეთს.   

მამაკაცის არსებული სტერეოტიპისგან   აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს ქმნის პოსტუმუსი. იგი თითქოს პასიურია წარმართოს თავისი და იმოჯენის ურთიერთობა.   ნაცვლად იმისა, რომ მცირე წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს ციმბელინს და  დაიცვას იმოჯენი მამის საყვედურებისა და რისხვისგან,  დამფრთხალი ემორჩილება მეფის ბრძანებას,  იჩენს სისუსტეს და ტოვებს სამეფოს, შესაბამისად,  იმოჯენს. იტალიაში ჩასული კიდევ ერთხელ ავლენს ნებისყოფის სისუსტეს და ცოლის უბიწოებასა და ერთგულებას სანაძლეოს ობიექტად აქცევს, იაკიმოსთან ფინანსურ გარიგებაზე მიდის და ვაჭრობს ცოლის ერთგულებით.  ამ გარიგებით, განსხვავებით იმოჯენისგან,   თავის სიყვარულს  მატერიალურ ღირებულებამდე დაიყვანს.  ლოურენს დენსონის [6, გვ. 69-79; 16]  აზრით, პოსტუმუსს ეს   საქციელი შექსპირის ყველაზე ეჭვიან მამაკაცთა შორის   უმკვიდრებს  ადგილს.

მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, იმოჯენი დგას მყარად, არ კარგავს იმედს, რომ მისი სიყვარული გადალახავს ყველა სიძნელეს - იგი მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულოს მეუღლეს.  ფიზიკური დაშორების შედეგად ქალი უკვე სულიერ კავშირზე აკეთებს აქცენტს - მისი აზრით, ქორწინება, რომლითაც პოსტუმუსთანაა დაკავშირებული, ტრანსცენდენტურს ხდის მათ ფიზიკურ დაშორებას [16]. აშკარაა,  რომ იმოჯენი რენესანსული ქალის მოდელისაგან  გარკვეულ  სხვაობას ავლენს. იმოჯენი არის ქალისა და კაცის ურთიერთობაში ლიდერი. თუკი ტრაქტატების მიხედვით, მამაკაცი წარმმართველია ცოლქმრული კავშირისა, შექსპირის  ციმბელინში ეს კანონზომიერება რევერსულადაა წარმოდგენილი [16].  პიესაში მოქმედი ორივე წყვილის შემთხვევაში  (ციმბელინი და მისი დედოფალი, იმოჯენი და პოსტუმუსი)  ურთიერთობის წარმმართველი ქალია. მეფე ციმბელინს, სუსტი ხასიათიდან გამომდინარე,  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უჭირს,   დედოფლის მითითებით მოქმედებს საკუთარ შვილთან მიმართებით, ბრძოლის წამოსაწყებადაც კი საჭიროებს  ცოლის რჩევას.

ამგვარად, ქალის სტერეოტიპი, რომელიც რენესანსმა შუასაუკუნეებისაგან იმემკვიდრა, იმოჯენის სახით ერთგვარად იმსხვრევა. ციმბელინი წარმოადგენს ისტორიას,  ამბავს იდეალური ქალისას, რომელიც იცავს თავის პატიოსნებასა და სიყვარულს საკმაოდ რთული პრობლემების ფონზე.  ამიტომაც მკითხველი, მიუხედავად სტერეოტიპების მსხვრევისა, ისევე,  როგორც სასახლის წევრები, სიმპატიით იმსჭვალებიან იმოჯენის მიმართ.  იგი უსაფუძვლოდაა დასჯილი პიესაში და ეს იწვევს მკითხველის ერთგვარ პროტესტს.

როგორც უკვე აღინიშნა,  ვეფხისტყაოსნის  ერთ-ერთი მთავარი გმირის - ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახე გარკვეულ პარალელს პოულობს შექსპირის იმოჯენთან.  საინტერესოა ნესტანის პერსონაჟის განხილვა ქალის  რენესანსული ეპოქის   მოდელის ფონზე.   იმისდა მიუხედავად, რომ პოემა XII საუკუნეს მიეკუთვნება,  ეს კი გვიანი შუასაუკუნეების ხანაა, მასში რენესანსული ელემენტები, როგორც რუსთველოლოგიურ ლიტერატურაშია გამოვლენილი, უკვე ჩნდება.  სხვა საინტერესო შტრიხებთან ერთად[2] (სიუჟეტი, მხატვრული სტრუქტურა, სტილი და ა.შ.)  საინტერესოა ადამიანის კონცეფცია ვეფხისტყაოსანში. “იგი აბსოლუტურად განსხვავდება შუასაუკუნეების შეხედულებებისაგან ადამიანზე. არა ორიგინალობა, არა განსხვავება სხვისაგან, არამედ მაქსიმალურად დაახლოება მორწმუნე საზოგადებასთან, დაქვემდებარება ღმერთის მიერ განჩინებული წესისადმი - ესაა მისწრაფება, იდეალი შუასაუკუნეების პიროვნებისა. რუსთველის პოემის ადამიანი ახალი ეპოქის ადამიანია. ადამიანის უზენაესი სიკეთე - მისი აბსოლუტური დამოუკიდებლობა, რაც ქრისტიანობაში ტვირთად და ცოდვად აწევს ადამიანის სულს, რასაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ქადაგებდა სტოელთა მოძღვრება და რასაც მხარი აშკარად დაუჭირა რენესანსის ეპოქის საზოგადოებრივმა პოზიციამ, ვეფხისტყაოსანში შექებული და გაიდეალებულია. ვეფხისტყაოსნის ადამიანი კი თავისუფალი ქმედების პერსონაა და არა კოდექსებისა და პირობითობების ჩარჩოებში მოქცეული ლიტერატურული ფიქცია”[1, გვ. 680].

ნესტანი არის  მეფის ასული, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე,  მშვიდი და  დახვეწილი  ქალი. თითქოს ამ თვისებებში განსაკუთრებული არაფერი მჟღანდება, მაგრამ როდესაც ის ფაქტის წინაშე დგება - ტარიელზე შეყვარებულს დაუპირებენ რა ხვარაზმშაჰის ძეზე გათხოვებას, მასში უეცრად იღვიძებს მეამბოხე სული და იგი მზადაა, ყოველგვარი ქმედებისთვის, ოღონდაც თავისი სიყვარული გადაარჩინოს.  ნესტანი ავლენს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქალისთვის იშვიათად დამახასიათებელ, პოლიტიკურად გამჭრიახ თვისებებს. სასიძოს მოკვლის ეპიზოდში იგი შეადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა აარიდონ თავი დიდ სისხლისღვრას და ამავდროულად თავიდან უნდა მოიშორონ არასასურველი სიძე და ინდოეთის მომავალი მმართველი.  ამავე  პასაჟიდან  კარგად ჩანს ნესტანის ხასიათის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი -  დომინანტობა და ასევე, ტარიელის ერთგვარი ნებისყოფის სისუსტე.   ქალთან თათბირის  მერე ამირბარი თითქოს სიხარულით უნდა მიდიოდეს დასახული გეგმის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ საქორწინო მზადების შემდეგ იგი, იმის ნაცვლად, რომ ხვარაზმშაჰის ძე სიცოცხლეს გამოასალმოს, დასასვენებლად მიდის. ფაქტია, რომ აყოვნებს, ჯერ კიდევ ყოყმანობს. ეს არის ერთგვარი სისუსტის გამოვლენა ტარიელის მხრიდან.    ნესტანი ხედავს, რომ მისი სატრფო აყოვნებს და კვლავ აქტიურად შეუტევს განზრახულის სისრულეში მოსაყვანად.  აქ უკვე ტარიელს თავმოყვარეობა ელახება და კლავს ხვარაზმშაჰის ძეს.

იმოჯენისა და ნესტანის ხასიათების ურთიერთმიმართებისთვის არსებითია შევნიშნოთ, რომ იმოჯენი შემკულია ყველა იმ სათნოებით, რომელიც რენესანსის ეპოქის იდეალურ ქალს უნდა გააჩნდეს და ამავდროულად  მასში იკვეთება განსხვავებული სახასიათო შტრიხები, რაც მას  არ ათავსებს არსებულ შაბლონში.  სწორედ ანალოგიურ სიბრტყეზე უნდა მოაზრდეს  ვეფხისტყაოსნის  ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახეც.  ორივე ქალი სამეფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა, ორივეს სატრფო სოციალური სატატუსით დაბლა მდგომია, და მშობლებისაგან ორივესთვის სხვა საქმროა  შერჩეული.   ნესტანიცა და იმოჯენიც ქალისთვის იშვიათად დამახასიათებელ სიმამაცესა და გამჭრიახობას იჩენენ და ბედს არ ემორჩილებიან, არ ელიან მოვლენების თავისთავად განვითარებას და მოქმედებაზე გადადიან. რუსთაველის ნესტანი უფრო აქტიურიც კი  ჩანს, მეტად რადიკალურია თავის გადაწყვეტილებებში. ყოველგვარი შეფარვის გარეშე ავლენს იმპულსურ ბუნებას. ნესტანთან შედარებით იმოჯენი  უფრო მეტად ამჟღავნებს შუასაუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში შექმნილი ქალის მოდელის სახასიათო შტრიხებს: უფრო მორჩილია, მიმტევებელია მეუღლის პასიურობისა და შეცდომებისა. მთელი პიესის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, ისიც გაკვრით დასცდება საყვედური პოსტუმუსისადმი მაშინ, როცა ნესტანი უმოქმედობისა და ღალატის გამო გამძვინვარებული დახვდება ტარიელს  და მოკვდინებით და ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება მას.  

ამრიგად, იმისდა მიუხედავად, რომ რენესანსის ეპოქამ მოიტანა ანთროპოცენტიზმი - ადამიანი დააყენა სამყაროს ცენტრში და გამოაცხადა ყველაფრის საფუძვლად,  ქალთა სქესს, როგორც ზემოთ ვნახეთ, ნაკლებად შეეხო ცვლილებები. რენესანსის ეპოქის ქალი კვლავ ჩრდილში დარჩა  თავისი სურვილებითა და მისწრაფებებით.  ამ მხრივ  საინტერესო გადახვევას აჩვენებენ  შექსპირის ქალი გმირები,  განსაკუთრებით  ბოლო პერიოდში შექმნილი პიესებიდან.  მათ შორის განსაკუთრებით  გამოირჩევა იმოჯენი, იგი, განსხვავებით შექსპირის დროინდელი ქალის დაკანონებული სტერეოტიპიდან, არის აქტიური, მებრძოლი, თავისი პიროვნული ინტერესების დამცველი, წინააღმდეგ სამეფო კარისა და მშობლის მოთხოვნებისა. ამ თვალსაზრისითაც მისი მხატვრული სახე ერთგვარ პარალელს წარმოაჩენს ვეფხისტყაოსნის ნესტანის ნოვატორულ სახესთან.

 ბიბლიოგრაფია:

1. ხინთიბიძე, ე., „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, „ქართველოლოგი“, თბილისი 2009

2.   ხინთიბიძე,  ე.,  „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ეპოქის ინგლისში,  თბილისი 2008

3. ხინთიბიძე, ე., „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ლიტერატურული წყარო, „ქართველოლოგი“, #19, თბილისი 2013

4. ხინთიბიძე, ე., რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის „ციმბელინი“, „ქართველოლოგი“, #20, თბილისი 2014.

5. Cohn Samuel K Jnr., Women in the Streets, Essays on Sex and Power in Renaissance Italy, Baltimore  1996.

6. Danson,  Lawrence.  „The catastrophe is a nuptial: The Space of Masculine Desire in Othello, Cymbeline, and The Winter's Tale“. Shakespeare Survey. Ed. Stanley Wells. Vol. 46. New York: Columbia UP  1994

7. Erasmus. Defense of  His Declamation in Praise of Marriage. 1519. Rpt. in Daughters. Wives & Widows: Writings by Menabout Women and Marriage in England. 1500-1640. Ed. Joan Larsen Klein. Urbana: U of Illinois P  1992

8. Gibson, Joan. „Educating for Silence, Renaissance Women and the Language Arts“: Hypatia,  Vol. 4, No. 1 (1989)

9. Gouge, William. Of Domesticall Duties. 1622. Amsterdam: Theatrum Orbis Terrarum, Ltd., 1976.

10. Kelso, Ruth.  Doctrine for the Lady of the Renaissance. Urbana: U of Illinois P 1956.

11. Robin,  Diana.  „Women, Space and Renaissance Discourse’ in Sex and Gender, Medieval and Renaissance Texts“, The Latin Tradition, Edited by Barbara K. Gold, Paul Allen Miller and Charles Platter,  New York  1997

12. Tomas, Natalie.  „Did Women have a Space?’ in Renaissance Florence“, A Social History, Edited by Roger J. Crum and John T. Paoletti, (New York, 2006)

13. The Book of Common Prayer (1559) defines marriage as “holy matrimony, which is an honorable state, instituted of God in Paradise, ...,  signifying unto us the mystical union that is betwixt  Christ and his Church.” - “The Form of Solemnization of Matrimony,” The Book of Common Prayer (1559), Daughters, Wives and Widows: Writings by Men about Women and Marriage in England, 1500-1640, ed. Joan Larsen Klein Urbana: University of Illinois Press, 1992) https://tampub.uta.fi/bitstream/handle/10024/87577/gradu00025.pdf?sequence=1

14. Vives, Juan Luis. The Office and Duty of an Husband. 1529. Rpt. in Daughters. Wives &Widows: Writings by Men about Women and Marriage in England. 1500-1640. Ed. Joan Larsen Klein. Urbana: U of Illinois P  1992

15. The Works of William Shakespeare. Vol. 18. Ed. Evangeline Maria O'Connor. J. D. Morris and Co. http://www.shakespeare-online.com/plays/characters/imogenbio.html

16. Williams,  Nicole, "Who is 't can read a woman?": Shakespeare ' s Cymbeline and the Renaissance Woman. (1998)

 http://digitalcommons.iwu.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1017&context=eng_honproj

 

 

 



[1] ზოგჯერ ოჯახისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხდებოდა ქალიშვილის მონაზვნად გაშვება მონასტერში.

[2]დაწვრილებით იხილეთ: 1, გვ. 676-677.