ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





მიხაელა კრეიჩოვა

ქართულ–ისლანდიური ლიტერატურული ურთიერთობები

 

რამდენადაც ცნობილია, საქართველოსა და ისლანდიას შორის პირველ ლიტერატურულ კონტაქტებს საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ისლანდიელი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰალდორ ლაქსნესი (Halldór Laxness) 1937 წელს საბჭოთა კავშირში მოგზაურობის დროს საქართველოში ჩამოვიდა. 1937 წლის დეკემბერში იგი მოიწვიეს შოთა რუსთველისადმი მიძღვნილ კონგრესზე, სადაც იგი 27 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა, ქართულად ნათარგმნი და კომენტირებული გამოქვეყნდა ქართულ გაზეთ კომუნისტში, კერძოდ, სტატიაში სკანდინავიის მწერალ ჰალდორ ლაქსნესის სიტყვიდან [1]. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველო ან ისლანდიაა, საკუთარი ენის ქონა უაღრესად მნიშვნელოვანია. მან აგრეთვე დასძინა, რომ ერთ-ერთი, რაც საქართველოსა და ისლანდიას საერთო გააჩნიათ, ეს მათი „ოქროს საუკუნეა“, კერძოდ, საქართველოში ვეფხისტყაოსნის შექმნა და ისლანდიაში საგას ჩაწერა თითქმის ერთსა და იმავე დროს მოხდა. ლაქსნესმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილება აღწერა საბჭოთა კავშირის შესახებ დაწერილ წიგნებში: On Eastern Roads (Gerska ævintýrið)[2] (გამოქვეყნდა 1938 წელს) და Poets' Time (Skáldatími), რომელიც 1963 წელს გამოიცა. მან ხოტბა შეასხა ქართულ კულტურას, რომლის შესახებაც ბევრი იცოდა. მწერალმა აღნიშნა, რომ მას ვეფხისტყაოსანი ფრანგულ თარგმანში ჰქონდა წაკითხული. თავის წიგნში On Eastern Roads On ლაქსნესმა გამოთქვა სურვილი, სწვეოდა საქართველოს: „საქართველო საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლის გაცნობაც ყველაზე მეტად მსურს, არა მხოლოდ მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შუა, არამედ იმის გამოც, რომ საქართველო არის ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც ძველ დროში დიდი კულტურა გააჩნდა“ [3, გვ. 109].

ლაქსნესის ნაწარმოებების თარგმანთა მიმოხილვები გვიჩვენებს, რომ მას საქართველოში ძალიან გულთბილად დახვდნენ. მაგალითად, აკაკი გელოვანი Independent People–ის თარგმანის მიმოხილვაში მას „ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს“ [4] უწოდებს. ჰალდორ ლაქსნესი იყო ერთ–ერთი პირველი ისლანდიელი მწერალი, რომლის ნამუშევრებიც ქართულად ითარგმნა. ამავდროულად, საქართველოში ისლანდიელ მწერალთა ნაწარმოებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მისი ნაწარმოებები თარგმნეს.

პირველი ისლანდიური ლიტერატურული ნაწარმოებები ქართულად იყო ლაქსნესის მოთხრობები Lilja and Napoleon Bonaparte (Napóleon Bónaparti) და The Padlock (Hengilásinn), Ólafur Jóhann Sigurðsson–ის Covert Business (Dulið erindi). დასახელებული მოთხრობები 1961 წელს Scandinavian Short Stories–ის კრებულში (ანთოლოგიაში) გამოქვეყნდა[5]. ეს კრებული თინათინ კოპლატაძემ თარგმნა, დაიბეჭდა 30000 ეგზემპლარად. 1968 წელს 20000 ეგზემპლარად ცალკე გამოიცა Napoleon Bonaparte [6].

ამას მოჰყვა თარგმანები ჰალდორ ლაქსნესის შემდეგი ნოველებისა: The Atom Station (Atómstöðin) [7], თარგმანი ჯემალ ქარჩხაძისა და დავით წერედიანისა, 1965წ. (10000 ეგზემპლარი); Iceland´s Bell (Íslandsklukkan)[8]– აკაკი გელოვანის თარგმანი, 1966 წ. (25000 ეგზემპლარი); შემდეგი იყო Independent People (Sjálfstætt fólk)[9] – ნინო სამუკაშვილის თარგმანი (40000 ეგზემპლარი). ჰალდორ ლაქსნესის შემოქმედების ქართული თარგმანები შედარებით მრავალრიცხოვნად შეიძლება ჩაითვალოს იმის ფონზე, რომ მეზობელ სომხეთში მხოლოდ ორი ნოველა ითარგმნა – Iceland´s Bell (1989) და Independent People (1967), ხოლო აზერბაიჯანულად კი მხოლოდ ერთი მოთხრობის A bird on the fence post (Fugl á garðstaurunum)-ის თარგმანი შესრულდა 1973 წელს[იხ. 10, გვ. 35].

ქართულად თანამედროვე ისლანდიურ ლიტერატურის გარდა ძველი ისლანდიური ლიტერატურის ნიმუშებიცაა თარგმნილი. მაგალითად, Poetic Edda[11]–ს თარგმანი პოეტ გიორგი კალანდაძის მიერ (4000-იანი ტირაჟი); Poetic Edda-დან ორი პოემა ჟურნალებშიც დაიბეჭდა: 1967 წელს „მნათობში“ – Second Lay of Helgi Hundingsbane (Helgakviða hundingsbana II)[12], ხოლო 1969 წელს „საქართველოს ქალში“ – The Spell of Gróa (Gróagaldr)[13].

1977 წელს გამოიცა გიორგი ჯაბაშვილისეული თარგმანი The Story of Burnt Njáll (Brennu Njáls saga) (200000-იანი ტირაჟით)[14]. ჩემი აზრით, ამ წიგნის თარგმანი შესრულებული იყო ისლანდიური დედნიდან, კერძოდ ძველი ისლანდიურიდან. ეს წიგნი გახლდათ პირველი პირდაპირი თარგმანი, შესრულებული უშუალოდ ისლანდიური ენიდან. ეს გამონაკლისს წარმოადგენდა: თარგმანების უმრავლესობა შესრულებული იყო არა უშუალოდ ისლანდიურიდან, არამედ რუსულიდან ან გერმანულიდან. გრიგოლ მაჭავარიანი იყო პირველი, ვინც უშუალოდ თანამედროვე ისლანდიურიდან თარგმნა ქართულად.

ჩემი დაკვირვების თანახმად 1977 წლიდან 1992 წლამდე ისლანდიურ-ქართულ მთარგმნელობით პროცესში ერთგვარ წყვეტას ჰქონდა ადგილი. 1992 წელს, გრიგოლ მაჭავარიანმა, ისლანდიის ქართველმა მოტრფიალემ, რომელმაც ისლანდიური დამოუკიდებლად შეისწავლა, Ágústína Jónsdóttir[15, გვ. 4]–თან გასაუბრების საფუძველზე გამოაქვეყნა თარგმანები შემდეგი მოთხრობებისა: Halldór Stefánsson-ის Julius (Júlíus) და Snoring (Hrotur), Jónas Hallgrímsson-ის Shankbone and Seashell (Leggur og skel). სამწუხაროდ, უცნობია, თუ სად გამოქვეყნდა ეს თარგმანები. იმავე წელს გრიგოლ მაჭავარიანმა ყველაზე დიდ ისლანდიურ გაზეთს – Morgunblaðið-ს, მისწერა წერილი, რომელშიც აღწერა მის მიერ დასახული რთული ამოცანა, ესწავლა ისლანდიური მასწავლებლის ან ისლანდიელებთან კონტაქტის გარეშე, მარტოოდენ რუსულ-ისლანდიური ლექსიკონის დახმარებით. ეს წერილი 1992 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა[16], რასაც ისლანდიაში გარკვეული დაინტერესება მოჰყვა. იგი პრემიერ-მინისტრმა Davíð Oddsson-მა მიიწვია ისლანდიაში, სადაც მან რამდენიმე თარგმანზე მუშაობას მოჰკიდა ხელი. სამწუხაროდ, 1996 წელს გრიგოლ მაჭავარიანი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, 1997 წელს გამოქვეყნდა მისი თარგმანი კრებულისა - Six Icelandic Sagas (Sex íslenskar sögur)[17], რომელიც შეიცავს ექვს მომცრო საგას, ესენია: ook of Icelanders (Íslendingabók Ara fróða), The Tale of the Story-Wise Icelander (Íslendings þáttur sögufróða), The Saga of Helgi Hallvarðsson (Helga saga Hallvarðssonar), The Tale of Sigurður from Borgarfjord (Sigurðar þáttur borgfirska), The Saga of Gunnlaug Serpent-Tongue (Gunnlaugs saga ormstunga) და The Saga of the Greenlanders (Grænlendinga saga). იმავე წელს დაიბეჭდა Þórhallur Guttormsson-ის მიერ დაწერილი Jón Arason-ის ბიოგრაფიის - The Last Catholic Bishop (Jón biskup Arason)[18] – გრიგოლ მაჭავარიანისეული თარგმანიც. თუმცა, მისი ეგზემპლარების რაოდენობა უცნობია.

საინტერესოა ისლანდიის სახე, რომელიც ისლანდიური ლიტერატურის შესახებ ტექსტებსა და ისლანდიურიდან შესრულებულ თარგმანებშია აღწერილი.

როგორც ჩანს, საქართველოში ისლანდიის შესახებ მცირე ინფორმაცია მოიპოვებოდა, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. ეს წყაროები შემოიფარგლებოდა ჰალდორ ლაქსნესის მიერ საქართველოში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებებით, რამდენიმე უცხოური წიგნითა და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რუსი მეცნიერის, Mikhail I. Steblin-Kamenskij-ის პუბლიკაციებით. ეს უკანასკნელი ისლანდიურ ლიტერატურაზე არსებულ ქართულ ტექსტებში ხშირად არის ციტირებული. ამგვარი ვითარების გამო, ისლანდიის სახე ხატი ქართულ ტექსტებში სავსებით არარეალური, მეტად იდეალიზებული და ეგზოტიკური იყო. ისლანდიელები აღწერილნი არიან როგორც მხურვალე მკითხველები და პოეტები; ისლანდიური ლიტერატურის შესახებ დაწერილ თითქმის ყოველ ტექსტში რამდენიმეჯერ მაინც არის ნახსენები ისლანდიური საგა მაშინაც კი, თუ განსახილველი ტექსტი თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშია.

როგორც ჩანს, ისლანდიის შესახებ ქართული ტექსტების უმრავლესობა ისლანდიით აღტაცებას აღბეჭდავს, უმთავრესად ეს უკავშირდება დანიისგან დამოუკიდებლობისათვის ისლანდიელთა ბრძოლას და მათ სურვილს, დაიცვან, შეინარჩუნონ საკუთარი ენა და ლიტერატურა. ამ მხრივ პარალელი შეგვიძლია გავავლოთ საბჭოთა კავშირში საქართველოს ბრძოლებთან, რომელიც დამოუკიდებლობისა და ქართული ენის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. ეს ტენდენცია (მიდრეკილება) საქართველოში ჰალდორ ლაქსნესის ნამუშევრების მოწონებაშიც შეგვიძლია დავინახოთ. გარკვეული დროის განმავლობაში ლაქსნესი საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური პოლიტიკური შეხედულებების დიდი მოტრფიალე გახლდათ. ზოგიერთი მისი ნაწარმოები საბჭოთა კავშირში დიდი მოწონებით სარგებლობდა და სოციალისტური რეალიზმის პრინციპების თანახმად განიმარტებოდა. რუსული ლიტერატურის ისლანდიელი სპეციალისტი და რუსული ენიდან მთარგმნელი, არნი ბერგმანი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ისლანდიის რეპუტაცია თავისუფალი იყო კაპიტალისტური დასავლური ქვეყნების შესახებ არსებული სტერეოტიპებისგან[იხ. 19, გვ. 77] და ამის შემჩნევა საქართველოში ისლანდიური ლიტერატურის თარგმნის მოწონებაშიც შეიმჩნევა. მაგალითად, ჰალდორ ლაქსნესის ნამუშევართა თარგმანების შესახებ ტექსტებში კრიტიკოსები და მთარგმნელები ყურადღებას ამახვილებდნენ არა იმდენად სოციალისტური რეალიზმის არსიდან გამომდინარე ნაწარმოების ახსნა-განმარტებაზე, არამედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე, ადამიანთა ბრძოლაზე. ისლანდიის ეს სახე უმეტესად ისლანდიური ლიტერატურის შესახებ რამდენიმე ქართულ თანამედროვე ტექსტშიც არის შენარჩუნებული. ქართულ-ისლანდიური ლიტერატურული ურთიერთობების ნიმუშები რიცხობრივად მცირე იყო: ერთადერთი ისლანდიელი, რომელმაც ქართულიდან თარგმნა იყო Friðrik Þórðarson, უნივერსიტეტის პროფესორი ოსლოში. Þórðarson-ი უმთავრესად ლინგვისტი გახლდათ, მან გამოაქვეყნა მთელი რიგი სტატიებისა ოსური და ქართული ენების შესახებ. მას ეკუთვნის რამდენიმე ქართული ნაწარმოების ისლანდიური თარგმანი: „ქართლის ცხოვრების“[20] ერთი თავი სკანდინავიელებზე – væringjar (ვარანგიები), მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა ეშმაკის ქვა (Steinn Satans), რომელიც 2001 წელს ჟურნალ Jón á Bægisá-ში გამოქვეყნდა[21].

გრიგოლ მაჭავარიანმა ისლანდიელი პოეტის Pjetur Hafsteinn Lárusson-ის დახმარებით თარგმნა წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ (Píslarvætti hinnar heilögu Sjúsanikar drottningar)[22], რომელიც 1996 წელს გამოქვეყნდა, და აგრეთვე რამდენიმე მოთხრობაც, რომლიც მისი მეუღლის, ირმა მაჭავარიანის თარგმანებთან ერთად დაიბეჭდა ჟურნალ Jón á Bægisá-ში 2001 წელს. ამ თარგმანებში იყო ილია ჭავჭავაძის სარჩობელაზედ (Í gálganu), გიორგი ლეონიძის ნატვრის ხე (Óskatréð), რევაზ მიშველაძის აპლოდისმენტი (Klapp) და გამოცანა (Þraut)[23]. ამათგან პირველი ორი თარგმანი გრიგოლ მაჭავარიანს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი კი – მის მეუღლეს. ჟურნალ Jón á Bægisá-ს იმავე ნომერში დაიბეჭდა მოკლე სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიასა და პერიოდიზაციაზე. ამ უკანასკნელს თან ერთვოდა ქართველი მწერლებისა და მთარგმნელების შესახებ მცირე ცნობებიც.

ეს მოთხრობები რამდენიმე სხვა მოთხრობასთან ერთად Pjetur Hafstein Lárusson-ის გვერდზეც (Ljóðheimar og sagna) გამოქვეყნდა სახელწოდებით Smásögur frá Georgíu (მოთხრობები საქართველოდან): ჟურნალ Jón á Bægisá-ში გამოქვეყნებული მოთხრობების გარდა აქ იყო ჭოლა ლომთათიძის გრამაფონი (Grammófónninn), აკაკი წერეთლის ორი ოცნება (Tveir draumar) და ვაჟა-ფშაველას გასამართლებული ჩიბუხი (Dæmd reykjarpípa)[24], რომელთა თარგმანები გრიგოლ მაჭავარიანს ეკუთვნის. გასამართლებული ჩიბუხი 1999 წლის 4 დეკემბერს გაზეთ Morgunblaðið-შიც დაიბეჭდა[25]. საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ უმთავრეს ისლანდიურ ტექსტს ლაქსნესის მიერ აღწერილი საქართველოში ყოფნა წარმოადგენს, რომელიც ასახულია წიგნებში On Eastern Roads და Poets’ Time. აქ იგი შუა საუკუნეების ქართულ ეპიკურ პოემა ვეფხისტყაოსანსაც ახსენებს და ხოტბას ასხამს მას:

დიადი კულტურის ქართული ნაწარმოები, ვეფხისტყაოსანი არის[...] სრული აღორძინება დასავლურ აზროვნებაში, ამავე დროს იგი ნასაზრდოები და გაჯერებულია ელინური გავლენით, პოეტური და ფილოსოფიური აზროვნების ბერძნული სკოლებით[26, გვ. 114]. 1956 წელს ისლანდიელ მწერალთა დელეგაციამ საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. მოგზაურობის მარშრუტში საქართველოს მონახულებაც შედიოდა. ამ დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, მწერალმა Agnar Þórðarson-მა გამოაქვეყნა წიგნი Called in the walls of Kremlin (Kallað í Kremlarmúr), რომელშიც ის აღწერს დელეგაციის მოგზაურობას მთელ საქართველოში, ასევე სუფრას ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში[იხ. 27, გვ. 56]. საქართველოს დეტალური დახასიათება ნაწილობრივ პრო-საბჭოური იდეოლოგიის გავლენით, 1981 წელს Fréttir frá Sovétríkjunum-ში გამოჩნდა. Fréttir frá Sovétríkjunum-ი ისლანდიასა და საბჭოთა კავშირს შორის კულტურული ურთიერთობების საზოგადოების ჟურნალი გახლდათ. 1981 წლის სექტემბერში სწორედ ამ საზოგადოებამ გამართა საქართველოს დღეები (Grúsíudagar), რომლის განმავლობაშიც ისლანდიაში ქართული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყო. საქართველოდან მიიწვიეს ხელოვანთა დელეგაცია განათლების მინისტრის, ოთარ კიკნაძის, ხელმძღვანელობით. დელეგაციის ვიზიტის შესახებ ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა მინისტრის ინტერვიუ, სადაც იგი ისლანდიასთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს აღწერს[28].


ბიბლიოგრაფია:
1. „სკანდინავიის მწერალ ჰალდორ ლაქსნესის სიტყვიდან“, კომუნისტი, #31. დეკემბერი, 1937.
2. Laxness, Halldór. Skáldatími. Helgafell, Reykjavík 1963.
3. Laxness, Halldór. Gerska ævintýrið. Helgafell, Reykjavík 1983.
4. გელოვანი, აკ. „დამოუკიდებელი ადამიანები“. ლიტერატურული საქართველო, #11, 1969.
5. სკანდინავიური მოთხრობები. (თარგმანი თინათინ კოპლატაძისა), „საბჭოთა მწერალი“, თბილისი 1961.
6. Laxness, Halldór. Napoleon Bonaparte. ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა. (თარგმანი თინათინ კოპლატაძისა), „ნაკადული“, თბილისი 1968.
7. Laxness, Halldór. ატომის სადგური (თარგმანი ჯემალ ქარჩხაძისა და დავით წერედიანისა), „ნაკადული“, თბილისი 1965.
8. Laxness, Halldór. ისლანდიის ზარი (თარგმანი აკაკი გელოვანისა), „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბილისი.
9. Laxness, Halldór. დამოუკიდებელი ადამიანები (თარგმანი ნინო სამუკაშილისა), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1968.
10. Sigurðsson, Haraldur, Helgadóttir, Sigríður and Sævarsson, Jökull. Skrá um rit Halldórs Laxness á íslensku og erlendum málum: Retrieved April 29, 2015
http://www.islit.is/media/pdf/HKL_ritaskra.pdf
11. უფროსი ედა (თარგმანი გიორგი კალანდაძისა). „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1971.
12. უფროსი ედა. Helgakviða hundingsbana II. „მნათობი“, # 4: 118-124, 1967.
13. უფროსი ედა. Groagaldr. „საქართველოს ქალი“, #1: 13-14; 1969.
14. ნიალის საგა. 1977. (თარგმანი გიორგი ჯაბაშვილისა), „ნაკადული“, თბილისი 1977.
15. Jónsdóttir, Ágústína. Straumhvörf í lífi mínu [Interview with Grigol Machavariani]. Lesbók Morgunblaðsins. 22. May, p. 4. 1993.
16. Matchavariani, Grigol. Dreymir mig fránu Fjallkonuna. Morgunblaðið. 24. October, p. 48. 1992.
17. ექვსი ისლანდიური საგა - Sex íslenskar sögur. (თარგმანი გრიგოლ მაჭავარიანისა), თბილისი 1997.
18. Guttormsson, Þórhallur. უკანასკნელი კათოლიკე ეპისკოპოსი. (თარგმანი გრიგოლ მაჭავარიანისა), თბილისი 1997.
19. Bergmann, Árni. Við staðleysu tak þú minni: Halldór Laxness, Rússland og draumar um fagurt mannlíf. Tímarit Máls og menningar 74:2: 70-79. 2013.
20. Þórðarson, Friðrik. Væringjaspjall. Grikkland ár og síð, pp. 313-321. Edit. Sigurður A. Magnússon, Kristján Árnason, Þorsteinn Þorsteinsson and Guðmundur J. Guðmundsson. 2. edition. Hið íslenska bókmenntafélag, Reykjavík 2001.
21. Javakhisjvili, Mikheil. Steinn Satans. Translated by Friðrik Þórðarson. Jón á Bægisá 6 (December): 15-26. 2001.
22. Khutesi, Jakob. Píslarvætti hinnar heilögu Sjúsanikar drottningar. Translated by Grigol Machavariani. Fjölvaútgáfan, Reykjavík 1996.
23. Jón á Bægisá 6, December 2001.
24. Ljóðheimar og sagna vefsíða Pjeturs Hafsteins Lárussonar. Smásögur frá Georgíu. Retrieved May 12, 2015.
http://www.internet.is/pjetur/geor.html.
25. Pshavela, Vaja. Dæmd reykjarpípa. Lesbók Morgunblaðsins. 4. December, p. 14. 1999.
26. Laxness, Halldór. Gerska ævintýrið. Helgafell, Reykjavík 1983.
27. Þórðarson, Agnar. Kallað í Kremlarmúr. Almenna bókafélagið, [Reykjavík] 1978.
28. „კეთილი მისიით“ (ინტერვიუ ოთარ კიკნაძესთან), კომუნისტი #27, სექტემბერი 1981.