ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
გზის კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის ნარატიულ სივრცეში
ამ ნაშრომში განხილულია გზის კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის რომანში გველის პერანგი. სტატიაში შესწავლილია გზის კონცეპტის სიუჟეტის წარმომქმნელი როლი. ასევე, განსაზღვრულია გზის კონცეფცია ამ ნაწარმოების ნარატიულ სტრუქტურაში. გზა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გველის პერანგის ნარატიულ სამყაროში. რომანის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი არჩიბალდ მეკეში. იგი მოგზაურობს ევროპაში, რუსეთში და ირანში. პროტაგონისტის მთავარი გზა გადაჭიმულია ირანის ზეგანზე. გზა გადაიყვანს მთავარ გმირს მისი ფიზიკური სამყაროდან მეტაფიზიკურ სამყაროში. საკვანძო სიტყვები:გზის კონცეპტი, მეტაფიზიკური სივრცე, დრო, გრიგოლ რობაქიძე, გველის პერანგი კატეგორია: კვლევები ავტორები: ვიოლეტა ავეტისიანი ავთანდილის ანდერძი
წინამდებარე ნომერში იბეჭდება ავთანდილის ანდერძი რუსთველის ვეფხისტყაოსნიდან დღეისათვის არსებული ყველა ინგლისურენოვანი თარგმანით. ავთანდილის ანდერძი გამორჩეულია როგორც თავისი პოეტური ხელოვნებით, ასევე ქართული ფენომენის - სულიერი სამყაროს საუკეთესო თვისებების დემონსტრირებით და რუსთველის მსოფლმხედველობითი სამყაროს ორი უმთავრესი წყაროს - ქრისტიანული თეოლოგიისა და ანტიკური ფილოსოფიის ჰარმონიული სინთეზის ცდით. რუსთველის პოეტური და ფილოსოფიური ენა არა მხოლოდ მთარგმნელთა, არამედ ზოგჯერ პოემის კომენტატორთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს გარემოება უპირველესი მიზეზია იმისა, რომ ინგლისურენოვან მკითხველს ავთანდილის ანდერძის ტექსტს დღეისათვის არსებული ყველა ინგლისური თარგმანით ვაწვდით. ბუნებრივია ამ ცდას მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულებაც აქვს: ოთხივე თარგმანზე პარალელური დაკვირვება უფრო თვალნათლივ წარმოაჩენს თითოეული მათგანის პოეტურ ღირსებასაც. ეს თარგმანებია: მარჯორი უორდროპისა, შესრულებული XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე (ტექსტი იბეჭდება 1912 წლის ლონდონის გამოცემით, London: The Royal Asiatic Society); ვენერა ურუშაძისა (პირველი პუბლიკაცია - 1968 წ. ტექსტი ქვეყნდება ავტორისავე ჩასწორებული 1986 წლის გამოცემით, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“); ქეთრინ ვივიანისა (London: The folio Society, 1977); რობერტ სტივენსონისა (Albany: State University of New York Press, 1977). პოემის ქართული ტექსტი იბეჭდება „ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის“ გამოცემით, (თბილისი: „მეცნიერება“, 1988).
რედაქტორი საკვანძო სიტყვები: კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ნესტან კუტივაძე ოსკარ უაილდის ინტერტექსტი ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში
XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურის განახლების პროცესს წინააღმდეგობრივი ხასიათი ჰქონდა და მოიცავდა როგორც ტრადიციის დაძლევას, ასევე, მის გაგრძელებასა და იმავდროულად ევროპული ლიტერატურული გამოცდილების გააზრებასაც. ამ პერიოდის ქართული კულტურის სახის განმსაზღვრელ ნაწილად იქცა მოდერნიზმის ესთეტიკა. კანონზომიერია, რომ საქართველოში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც იყვნენ: უაილდი, მეტერლინკი, მალარმე, ვერლენი, ჰამსუნი და სხვები. ამასთან ერთად ქართველი ხელოვანები უცხოეთში იღებდნენ განათლებას და იქ ეცნობოდნენ არაერთ საყურადღებო ტენდენციას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ცნობილი ქართველი პროზაიკოსის - ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება, რომლის ნაწარმოებების პრობლემატიკა და მხატვრული ინტერპრეტაციის თავისებურებანი განპირობებულია როგორც იმპრესიონისტული ხედვით, ასევე, ეპოქის საერთო განწყობილებით გამოწვეული მრავალი ფაქტორით, რისი ერთ-ერთი დადასტურებაცაა ოსკარ უაილდის ინტერტექსტის არსებობა მწერლის შემოქმედებაში (მომღერალი, პანაშვიდი, ვენერასპირველინაბიჯი, მოჰკლეს ღმერთი, შემოქმედი, გულთამხილავისმსჯავრი...).
საკვანძო სიტყვები:მოდერნიზმი, დემიურგი, ინტერტექსტი, ოსკარ უაილდი, ნიკო ლორთქიფანიძე კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან კუტივაძე ვეფხისტყაოსნის სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია
ვეფხისტყაოსნის სიყვარულის კონცეფცია შეესაბამება ქრისტიანული ცივილიზაციის გვაინდელი შუასაუკუნეების ეტაპს. იგი თავისი არსით რენესანსულია; ეფუძნება ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის რუსთველისეული ინტერპრეტირების მოდელს და წარმოადგენს შუასაუკუნეებიდან რენესანსულ აზროვნებაზე გარდამავალი ეპოქის მსოფლშეგრძნების პრინციპული მსოფლმხედველობითი თეზის ორიგინალურ ფილოსოფიურ გააზრებას და მხატვრულ ასახვას.
საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მოყვასი, სიყვარული, შუასაუკუნეები, რენესანსი კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან კუტივაძე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|