ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
რუსთველის უცნობი ლექსის საიდუმლო
ჟურნალის წინამდებარე ნომერში ვაქვეყნებთ რუსთველისეულად მიჩნეული ერთი უცნობი ლექსის ფრანგულ თარგმანს და ამ ფრანგული დედნიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებს. ფრანგული თარგმანით გამოქვეყნებულმა ამ ლექსმა XX ს-ის ქართულ სამეცნიერო წრეებსა და პრესაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 1942 წელს მარსელში გამოიცა არაბულიდან ფრანგულად თარგმნილი ლექსების კრებული, სათაურით – „სიყვარულისა და ომის ისლამური სიმღერები“. მთარგმნელი და გამომცემელი – ფრანც ტუსენი. კრებულში შეტანილია პროზაულად თარგმნილი არაბული, სპარსული, ავღანური, ბელუჯისტანური, ალტაური, თურქული, ეგვიპტური, მაროკოული, ჰოგარული, ჩერქეზული და მათ შორის ქართული ლექსები, ქვესათაურით – Géorgie. ქართული განყოფილება წარმოდგენილია ოთხი ლექსით: თავად ზუმელის ვარდი, შავთელის დაბრკოლება, რუსთველის ვეფხისტყავი და ანონიმის ღამე. ამ ლექსთაგან არც ერთი არაა ცნობილი ქართული წყაროებით, ავტორთაგან ცნობილია რუსთველი და შავთელი, თუმცა მათი სახელები ფრანგულ კრებულში თავისებური ტრანსკრიპციითაა – Chavtali, Roustoual. ცნობა ამ კრებულის შესახებ ქართულ პრესაში გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნდა და აზრთა სხვადასხვაობა პუბლიკაციისეული ფაქტების ჭეშმარიტების თაობაზე დღემდე არსებობს.
საკვანძო სიტყვები:რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ტუსენი, ვეფხის ტყავი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ანტონი ანდერსონი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|