ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ანტონინა კაპანაძე 

განმარტებითი, ორენოვანი და კომბინირებული ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის კვლევა

ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში

 

შესავალი
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია იმ ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც დაიგეგმა და ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ენების სწავლებისას/სწავლისას ლექსიკონის ტიპის ეფექტიანობის დადგენას, კერძოდ იმის გამოკვლევას, თუ რომელი ტიპის ლექსიკონი არის ყველაზე ეფექტიანი ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელებისათვის – ერთენოვანი ანუ განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც ინგლისური სიტყვები სხვა ინგლისური სიტყვებითაა განმარტებული; თარგმნითი/ორენოვანი, ანუ ინგლისურ-ქართული, რომელშიც ინგლისურ სიტყვებს ქართული ეკვივალენტები აქვს მითითებული, თუ განმარტებით-თარგმნითი, ანუ კომბინირებული, რომელშიც ინგლისურ სიტყვა ახსნილია როგორც ინგლისურენოვანი განმარტებით, ისე ეკვივალენტით ქართულ ენაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ განმარტებითი ლექსიკონი, ისევე როგორც ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონი ლექსიკონების ყველასათვის ცნობილი და კარგად გავრცელებული ტიპებია, კომბინირებული ლექსიკონი ანუ განმარტებით-თარგმნითი ლექსიკონი, რომელშიც ორივე ლექსიკონის პრინციპებია შერწყმული, შედარებით ახალია და რამდენიმე წელია რაც გამოჩნდა ლექსიკოგრაფიულ ბაზარზე როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში [6].

ამ ტიპის კვლევები ბევრ ქვეყანაში ჩატარდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან თეორიული ლექსიკოგრაფიის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ლექსიკოგრაფიის ზოგადი თეორია, ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავება, ლექსიკოგრაფიის ჟანრები, ლექსიკოგრაფიის ისტორია, ლექსიკონების რეცენზირება/კრიტიკული განხილვა და სხვა, ევროპის ქვეყნებში დაემატა ახალი მიმართულება, კერძოდ ლექსიკონის მომხმარებლებისა და ლექსიკონის გამოყენების მეცნიერული კვლევა (რომელიც მოიცავს ლექსიკონების გამოყენების სწავლების საკითხებსაც). მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს ემპირიული კვლევები გამოიწვევდა რევოლუციას ლექსიკოგრაფიაში, რაც ერთი მხრივ გამოავლენდა ლექსიკონის მომხმარებლის უფრო ზუსტ რაოდენობას, ხოლო მეორე მხრივ აღწერილი პროცესი საფუძვლად დაედებოდა სალექსიკონო სიტყვა-სტატიებზე მუშაობას მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და ლექსიკონის გამოყენების საკონსულტაციო კურსების შექმნას. ასეთი კვლევების მიზანი, ამავდროულად, იყო ლექსიკონების მისადაგება სხვადასხვა სოციალურ კლასთან, ასაკობრივ ჯგუფთან და სხვა. მართლაც, ლექსიკონის მომხმარებლებზე ორიენტაცია, მათი საჭიროებებისა და ლექსიკონების გამოყენების უნარ-ჩვევების ანალიზი გადაიქცა უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად ლექსიკონების დაგეგმვის, ლექსიკონების სამეცნიერო აპარატის შემუშავებისა და შედგენის პროცესში [2].

ლექსიკონის მომხმარებლებისა და ლექსიკონის მოხმარების კვლევა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, მაგ. რა ტიპის ინფორმაციას ეძებს მომხმარებელი ლექსიკონში; ლექსიკონის საჭიროება ინგლისური ენის უცხოელი შემსწავლელებისათვის; როგორ ეძებს მომხმარებელი საჭირო ინფორმაციას ლექსიკონის მიკრო და მაკრო სტრუქტურაში; არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული ლექსიკონის დიზაინში ან შინაარსში, რაც აფერხებს, აბნევს ან პირიქით, ეხმარება მკითხველს ძიების პროცესში; როგორ ახდენს მომხმარებელი მოპოვებული ინფორმაციის ინტერპერეტაციას და სხვა.

ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრი თეორიული ექსპერიმენტი შემუშავდა და ჩატარდა ლექსიკონების ეფექტიანობის გამოსავლენად. საქართველოში კი ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ლექსიკონის ქართველი მომხმარებლების კვლევის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა.

უცხო ენების სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მით უფრო თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში. უცხო ენების მცოდნე სხვადასხვა დარგის სპეციალისტების აღსაზრდელად საჭიროა, ერთი მხრივ, ვრცელი აკადემიური ორენოვანი ლექსიკონები, ხოლო მეორე მხრივ, უცხო ენების სწავლების სწორად შერჩეული მეთოდები. ორენოვანი ლექსიკონები და უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად გადაეჯაჭვა ერთმანეთს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

კლასიკური ენების სწავლებისას, როგორც ინგლისში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში, სწავლების უმთავრესი მეთოდი გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი იყო. გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან, როდესაც ინგლისური ენის, როგორც უცხო ენის, სწავლება აქტუალური გახდა, სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო სახელმძღვანელოებიც, დიდწილად, სწორედ ზემოხსენებულ ტრადიციულ მეთოდს დაეფუძნა და როგორც პედაგოგებმა, ისე ენათმეცნიერებმა და განმანათლებლებმა სწორედ მას მიმართეს. მოგვიანებით წარმოიშვა უცხო ენის სწავლების ალტერნატიული მეთოდები, რომელმაც მეტად დააკნინა თარგმანის როლი, დააკნინა უცხო ენის სწავლებისას მშობლიური ენის გამოყენების პრაქტიკა, რამაც ბუნებრივად მიგვიყვანა ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონების გამოყენების უარყოფამდე, ხოლო ძირითადი აქცენტი განმარტებითი, ანუ მონოლინგვური ლექსიკონების გამოყენებაზე გადავიდა. ეს პრაქტიკა გავრცელდა საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც.

მოგვიანებით, დასავლეთში კვლავ მოხდა შემობრუნება წარსულში აპრობირებული მთარგმნელობითი მეთოდისადმი, თუმცა მოხდა მისი მოდიფიცირება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. უცხოელი მეცნიერები, ამ საკითხების გამოკვლევის მიზნით, უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს, უცხო ენების სწავლებისას, სხვადასხვა მეთოდოლოგიის ეფექტიანობის ემპირიული კვლევები. აღნიშნული კვლევების დიდი ნაწილი, სწორედ ლექსიკონების გამოყენების ეფექტიანობას უკავშირდება, რადგან უცხო ენების სწავლებისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ლექსიკონებს განეკუთვნება. ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმ კვლევებმა, რომლებიც მიეძღვნა სხვადასხვა ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის დადგენას უცხო ენის ლექსიკის ათვისებისას, კერძოდ, ერთენოვანი (monolingual), ორენოვანი (bilingual) და კომბინირებული (განმარტებით-თარგმნითი bilingualized) ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის დადგენას, ერთი მხრივ, უცხო სიტყვების სწორად გაგებისათვის (comprehension), ხოლო მეორე მხრივ, მათი დამახსოვრებისა და სწორად/სწორ კონტექსტში გამოყენებისათვის (production).

ამ ტიპის კვლევებიდან განსაკუთრებით დავინტერესდით ლაუფერისა და ჰადარის ექსპერიმენტით [7, გვ. 189-196], რომელიც მათ 1997 წელს ჩაატარეს ისრაელში და იმავე ექსპერიმენტის მოდიფიცირებული ვერსიით, რომელიც 2011 წელს იუჟენ ჩენმა ჩაატარა ჩინეთში [5, გვ. 120-130]. ჩვენ განვიზრახეთ ანალოგიური კვლევა საქართველოშიც ჩაგვეტარებინა და ამ ორი ექსპერიმენტის საფუძველზე შევიმუშავეთ კვლევის ჩვენი ვერსია, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში ჩავატარეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კვლევის მიზანი
მაშასადამე, ჩვენი ექსპერიმენტის მიზანი იყო სხვადასხვა ტიპის ლექსიკონების ეფექტიანობის განსაზღვრა ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებში, კერძოდ:

იმის დადგენა, (1) თუ სამი ტიპის ლექსიკონიდან: ერთენოვანი, ორენოვანი/თარგმნითი და კომბინირებული, რომელია ყველაზე ეფექტიანი ქართველი მომხმარებლისათვის და (2) რამდენად შედეგიანია თითოეული ლექსიკონი, ერთი მხრივ, უცხო სიტყვების სწორად გაგებისათვის (comprehension), ხოლო მეორე მხრივ, მათი დამახსოვრებისა და სწორად/სწორ კონტექსტში გამოყენებისათვის (production).

ცდისპირები
ექსპერიმენტის ცდისპირები, როგორც ზემოთ აღინიშნა, იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც ინგლისური ენის სწავლის 5-8 წლიანი გამოცდილება აქვთ. ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები ორ თანაბარ ჯგუფად დავყავით ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით: ინგლისური ენის ცოდნის საშუალო დონე (intermediate) და ინგლისური ენის ცოდნის საშუალოზე მაღალი დონე (upper-intermediate). ცდისპირთა შეყვანა აღნიშნულ ჯგუფებში დაეფუძნა ტესტის (placement test) შედეგებს, რომელიც სპეციალურად მომზადდა ამ კვლევისათვის. ტესტის შედეგად ექსპერიმენტს გამოეთიშა 18 მონაწილე, რომელთაც ვერ დააკმაყოფილეს ექსპერიმენტისათვის საჭირო ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

მეთოდოლოგია
ექსპერიმენტი ორივე ჯგუფში ცალ-ცალკე ჩატარდა. თითოეული ჯგუფისათვის მომზადდა 15–15 სიტყვა, 15 სიტყვა საშუალო დონის ცდისპირებისათვის და 15 სიტყვა საშუალოზე მაღალი დონის ცდისპირებისათვის. საშუალო დონის სტუდენტებისათვის სიტყვები შეირჩა საშუალოზე მაღალი დონის ლექსიკიდან, ხოლო მეორე ჯგუფისათვის (upper-intermediate) მაღალი დონის (advanced) ლექსიკიდან. ამგვარად შერჩეული საკვლევი სიტყვები უცნობი უნდა ყოფილიყო სტუდენტებისათვის, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი სიტყვა მათთვის ნაცნობი აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევები მოინიშნა და სავარჯიშოების გასწორებისას და შედეგების დათვლისას ეს სიტყვები და მათი შემცველი სავარჯიშოები არ იქნა გათვალისწინებული.

საკვლევი 15 სიტყვიდან 5 იყო არსებითი სახელი, 5 ზედსართავი სახელი და 5 ზმნა. ექსპერიმენტის მონაწილე ყველა სტუდენტმა შეასრულა სავარჯიშოები თხუთმეტივე სიტყვაზე, მათ შორის 5 სიტყვის გასაგებად და დასამახსოვრებლად მათ მიეცათ განმარტებები ერთენოვანი ლექსიკონიდან, მომდევნო 5 სიტყვისათვის – ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონიდან და ბოლო 5 სიტყვისათვის – კომბინირებული, განმარტებით-თარგმნითი ლექსიკონიდან. ერთენოვანი ლექსიკონის შემთხვევაში ვისარგებლეთ ლონგმენის ლექსიკონით [9], ორენოვანი ლექსიკონის შემთხვევაში მივმართეთ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონს თ. მარგალიტაძის საერთო რედაქტორობით [1], ხოლო კომბინირებული ლექსიკონისათვის, ასეთი ლექსიკონის არარსებობის გამო, თავად შევადგინეთ სიტყვა-სტატიები მოცემულ სიტყვებზე, რომლებიც მოიცავდა როგორც განმარტებებს, ისე ინგლისური სიტყვების ქართულ ეკვივალენტებს.

ექსპერიმენტის მიმდინარეობა
ექსპერიმენტი ორ ეტაპად ჩატარდა, რომლისთვისაც დრო არ იყო შეზღუდული. თავდაპირველად ცდისპირებს დაურიგდათ მასალა საკვლევი სიტყვებით, ანუ 15 სიტყვა, რომელთაგან 5 სიტყვა, როგორც ზემოთ აღინიშნა, განმარტებული იყო ერთენოვანი ლექსიკონიდან, მეორე 5 სიტყვა ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონიდან, და ბოლო 5 სიტყვა, ჩვენ მიერ შედგენილი კომბინირებული/განმარტებით-თარგმნითი სიტყვა-სტატიებით. მას შემდეგ, რაც სტუდენტები გაეცნენ საკვლევ სიტყვებს, მათ დაურიგდათ სავარჯიშოები. დავალება მოიცავდა ოთხი სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოს, კერძოდ, სიტყვის გაგების (comprehension), დამახსოვრებისა და სწორად გამოყენების (production) ტესტი ჩატარდა შემდეგი სავარჯიშოების დახმარებით: 1) ალტერნატიული ტესტი (multiple-choice), 2) სინონიმების შერჩევა, 3) წინადადებაში გამოტოვებული ადგილის შევსება სათანადო საკვლევი სიტყვით და 4) საკვლევი სიტყვების შემცველი წინადადებების თარგმნა ინგლისურიდან ქართულად, საშუალო დონის ჯგუფისათვის, და ქართულიდან ინგლისურად, საშუალოზე მაღალი დონის ჯგუფისათვის. პირველი ორი სავარჯიშოს შესრულებისას სტუდენტებს სალექსიკონო სიტყვა-სტატიები გვერდით ჰქონდათ, ხოლო ბოლო ორი სავარჯიშოს შესრულებამდე ლექსიკონები ჩამოერთვათ და დავალება ლექსიკონების გარეშე შეასრულეს. ლექსიკონების დახმარებით შესრულებულ სავარჯიშოებს უნდა გამოევლინა ამ სამი ტიპის ლექსიკონის ეფექტიანობა სიტყვის გაგების თვალსაზრისით, ხოლო ლექსიკონის ჩამორთმევის შემდეგ შესრულებულ სავარჯიშოებს უნდა ეჩვენებინა, რომელი ლექსიკონია ყველაზე შედეგიანი უცხო სიტყვის დამახსოვრებისა და მისი სწორ კონტექსტში გამოყენებისათვის.

ჯგუფი I
ცხრილი 1.
დავალებები ერთენოვანი ლექსიკონი ორენოვანი ლექსიკონი კომბინირებული ლექსიკონი
სიტყვის გაგება
90% 82% 86,6%
სიტყვის დამახსოვრება 53% 54% 75%
სიტყვის გაგება+დამახსოვრება 67,6% 65,6% 80%

შედეგები
დეტალურად გაანალიზდა თითოეული ტიპის ლექსიკონის ეფექტიანობა როგორც უცხო სიტყვის მნიშვნელობის გაგების, ისე მისი სწორად გამოყენების თვალსაზრისით. ქვემოთ მოცემულ ცხრილებზე წარმოდგენილია ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები. პირველი ცხრილი (პირველი ჯგუფი) აჩვენებს საშუალო დონის ცდისპირების (intermediate) ნამუშევრების შედეგებს, ხოლო მეორე ცხრილზე (მეორე ჯგუფი) წარმოდგენილია საშუალოზე მაღალი დონის სტუდენტების (upper-intermediate) ნამუშევრების ანალიზის შედეგები.

II ჯგუფი
ცხრილი 2.

დავალებები ერთენოვანი ლექსიკონი ორენოვანი ლექსიკონი კომბინირებული ლექსიკონი
სიტყვის გაგება
86% 95% 86%
სიტყვის დამახსოვრება 49% 66,6% 64,6%
სიტყვის გაგება + დამახსოვრება 63,7% 78% 73,2%

როგორც პირველი ცხრილიდან ნათლად ჩანს, საშუალო დონის ცდისპირებთან ერთენოვანი ლექსიკონი (90%) ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა სიტყვის გაგების თვალსაზრისით, თუმცა ვერც ორენოვანი (82%) და კომბინირებული ლექსიკონები ჩაითვლება არაეფექტურად შესაბამისი 82 და 86 პროცენტით. რაც შეეხება სიტყვის დამახსოვრებასა და სწორ კონტექსტში გამოყენებას, საშუალო დონის სტუდენტებისათვის ყველაზე ეფექტიანი კომბინირებული/განმარტებით-ორენოვანი ლექსიკონი აღმოჩნდა (75%), მაშინ როდესაც განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონებით საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 53 და 54 პროცენტით.

რაც შეეხება საშუალოზე მაღალი დონის ცდისპირებს, მათ ყველა დავალების შესრულებისას ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს ორენოვანი ლექსიკონის გამოყენების შემთხვევაში. სიტყვის გაგების თვალსაზრისით ყველაზე ეფექტური (95%) აღმოჩნდა ორენოვანი ლექსიკონი, თუმცა მას ბევრად არც განმარტებითი და კომბინირებული ლექსიკონები ჩამორჩება შესაბამისად 86-86 პროცენტით. სიტყვის დამახსოვრებისა და მისი სწორ კონტექსტში გამოყენების თვალსაზრისით კი ძალიან არაეფექტური აღმოჩნდა ერთენოვანი/განმარტებითი ლექსიკონი (49%). მასზე ბევრად უკეთესი შედეგები დაფიქსირდა ორენოვანი (66,6%) და კომბინირებული (64,6%) ლექსიკონების შემთხვევაში.

მთლიანობაში, როგორც სიტყვის გაგების, ისე მისი დამახსოვრებისა და სწორ კონტექსტში გამოყენების თვალსაზრისით, საშუალო დონის ჯგუფში ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა კომბინირებული ლექსიკონი (80%), ხოლო განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონების შემთხვევაში თითქმის ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა 67,6% და 65,6% (იხ. ცხრილი 3).


I ჯგუფი
ცხრილი 3

დავალებები სამი ლექსიკონის ეფექტიანობა მნიშვნელოვანი გასხვავებები
სიტყვის გაგება MD > BLD > BD MD* > BD
სიტყვის დამახსოვრება BLD > BD ≥ MD BLD** > MD
BLD** > BD
სიტყვის გაგება + დამახსოვრება BLD > MD ≥ BD BLD* > MD
BLD* > BD

ნიშანი > ნიშნავს „უკეთესი ვიდრე“; ნიშანი *- უმნიშვნელო განსხვავება; ნიშანი **- მნიშვნელოვანი განსხვავება
MD-განმარტებითი; BD-ორენოვანი; BLD-კომბინირებული.

საშუალოზე მაღალი დონის ჯგუფში კი ორენოვანი ლექსიკონი უკეთესი აღმოჩნდა (78%) ვიდრე კომბინირებული ლექსიკონი (73,2%) და ბევრად ეფექტიანი ვიდრე განმარტებითი ლექსიკონი (63,7%), რაც კარგად ჩანს მე-4 ცხრილზე.

II ჯგუფი
ცხრილი 4

დავალებები სამი ლექსიკონის ეფექტიანობა მნიშვნელოვანი გასხვავებები
სიტყვის გაგება
BD > BLD
BD > MD BD* > BLD
BD* > MD
სიტყვის დამახსოვრება BD > BLD > MD BD** > MD
სიტყვის გაგება + დამახსოვრება BD > BLD > MD BD** > MD

ნიშანი > ნიშნავს „უკეთესი ვიდრე“; ნიშანი *- უმნიშვნელო განსხვავება;
ნიშანი **- მნიშვნელოვანი განსხვავება
MD-განმარტებითი; BD-ორენოვანი; BLD-კომბინირებული

შედეგების ანალიზი
როგორც ზემოთ მოყვანილ ცხრილებზე ჩანს, ყველაზე შედეგიანი ლექსიკონი ქართველი მომხმარებლისათვის არის ორენოვანი და კომბინირებული ლექსიკონი. ეს შედეგები ბუნებრივიცაა, რადგან ორივე ლექსიკონი შეიცავს ინგლისური სიტყვის ეკვივალენტს მშობლიურ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის სიტყვების სათანადოდ გაგებისა და შეთვისებისათვის, მით უფრო თუ მშობლიური ენა (ქართული ენა) და უცხო ენა (ინგლისური ენა) არამონათესავე ენებია, დიდად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ენობრივი აზროვნების თვალსაზრისით, ისე აზრის გადმოცემის მანერით, ხასიათდება სემანტიკური ასიმეტრიით და სხვა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ლაუფერისა და ჰადარის, ისე იუჟენ ჩენის მიერ ჩატარებულ კვლევებში კომბინირებული ლექსიკონები ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდა ვიდრე ორენოვანი ლექსიკონები. ეს, ავტორების აზრით, განპირობებული იყო იმით, რომ მათ მიერ ექსპერიმენტში გამოყენებული ორენოვანი ლექსიკონები არ შეიცავდა საილუსტრაციო ფრაზებსა და წინადადებებს და ორენოვანი ლექსიკონების ეს ხარვეზი დიდწილად ივსებოდა კომბინირებული ლექსიკონებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ინგლისური განმარტებაც, საილუსტრაციო ფრაზები და წინადადებებიც და ეკვივალენტებიც მშობლიურ ენაზე. ჩვენ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში საშუალოზე მაღალი დონის ჯგუფმა ერთნაირი შედეგი აჩვენა ორენოვანი და კომბინირებული ლექსიკონების ეფექტიანობის თვალსაზრისით, უფრო მეტიც, ჩვენს ექსპერიმენტში მეორე ჯგუფის (საშუალოზე მაღალი დონის) სტუდენტებისათვის ორენოვანი ლექსიკონი მცირედით უკეთესიც აღმოჩნდა კომბინირებულ ლექსიკონზე. საშუალოზე მაღალი დონის სტუდენტებისათვის ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონი ასევე უკეთესი აღმოჩნდა მთლიანი დავალების შესასრულებლად, კერძოდ სიტყვის გაგებისა და დამახსოვრება-სწორ კონტექსტში გამოყენებისათვის. ამგვარი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ორენოვანი ლექსიკონი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ ექსპერიმენტში, დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი[1], გამოირჩევა იმით, რომ სალექსიკონო სიტყვა-სტატიებში დიდი რაოდენობითაა შეტანილი საილუსტრაციო ფრაზები და წინადადებები. ექსპერიმენტულად დადასტურებული ეს შედეგი კარგად აჩვენებს სალექსიკონო სიტყვა-სტატიაში საილუსტრაციო ფრაზებისა და წინადადებების შეტანის აუცილებლობას.

რაც შეეხება საშუალო ჯგუფს, აქ კვლევამ გამოავლინა განსხვავებული სურათი, კომბინირებული ლექსიკონის უპირატესობა ორენოვან და განმარტებით ლექსიკონზე. აქვე გვინდა გავიხსენოთ ერთი კვლევის შედეგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა ჩაატარა ინგლისური ენის ცოდნის საშუალო დონის შემსწავლელებთან. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად საჭიროა ინგლისური ენის საშუალო დონის შემსწავლელებისათვის სპეციალური ორენოვანი სასწავლო ლექსიკონის შედგენა გამარტივებული ლექსიკის შემცველი სიტყვა-სტატიებით. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საშუალო დონის შემსწავლელთა უმრავლესობა უკეთეს შედეგს აღწევს ორენოვანი ლექსიკონით, რომელშიც გამარტივებული ლექსიკის შემცველი სიტყვა-სტატიებია. საშუალო დონის სტუდენტებისათვის ჩვენ მიერ მომზადებული კომბინირებული სიტყვა-სტატიები სწორედ ამ პრინციპით შევადგინეთ, ანუ მარტივი ლექსიკით, რითაც აიხსნება კიდეც ის შედეგი, რაც ექსპერიმენტის შედეგად დადგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომბინირებული ტიპის ლექსიკონი თავისთავად მეტად საინტერესო ლექსიკონია და სამომავლოდ ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, საჭიროა თუ არა ამ ტიპის ლექსიკონის შექმნა ქართველი შემსწავლელებისათვის. თუ ამ შედეგებს შევადარებთ ლაუფერისა და კიმელის კვლევას [8], კომბინირებული ლექსიკონის შემთხვევაში ლექსიკონის მომხმარებელი სარგებელს იღებს იყენებს რა, ერთი მხრივ, ერთენოვან განმარტებებს და, მეორე მხრივ, უცხო სიტყვების ეკვივალენტებს მშობლიურ ენაზე.
ჩვენმა ექსპერიმენტმა ასევე გამოავლინა თარგმანის დიდი საჭიროება უცხო ენის სწავლებისას. ნამუშევრების გასწორებისას ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ კარგი სტუდენტებიც კი მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ თარგმანში, რაც სათანადო წვრთნის ნაკლებობაზე მეტყველებს.

ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ლექსიკოგრაფები და მკვლევრები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ არა მარტო სრულყოფილი ლექსიკონების შექმნას, არამედ მათი გამოყენების სწავლებას. არაერთი სიმპოზიუმი დაეთმო ამ საკითხს [3, გვ. 381-392; 4], სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ ლექსიკონს კარგად იყენებენ ის მომხმარებლები, რომელთაც შეასწავლეს და გამოუმუშავეს ლექსიკონთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

დასკვნა
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველი შემსწავლელისათვის ყველაზე ეფექტიანია ორენოვანი/თარგმნითი ან კომბინირებული ლექსიკონი, რომლებიც შეიცავენ უცხო სიტყვების ექვივალენტებს მშობლიურ ენაზე. ასევე გამოვლინდა თარგმანის როლი და საჭიროება უცხო ენის შესწავლის პროცესში. შესაბამისად, არ შეიძლება მშობლიური ენის გამორიცხვა ინგლისური ენის სწავლებისა თუ სწავლის პროცესიდან და ორენოვანი/თარგმნითი ლექსიკონების მნიშვნელობის დაკნინება ინგლისური ენის ქართველი შემსწავლელისათვის. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ლექსიკონთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას ინგლისური ენის შემსწავლელებში, რათა მათ უკეთ გამოიყენონ ის დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ლექსიკონებშია დაუნჯებული.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა ახალი ტიპის ლექსიკონის – კომბინირებული ლექსიკონის ეფექტიანობა ქართველ მომხმარებლებში, რასაც სასურველია ქართველმა ლექსიკოგრაფებმა სათანადო ყურადღება მიაქციონ მომავალში ლექსიკოგრაფიული პროექტების დაგეგმვისას. იმედი გვაქვს საქართველოში სათანადოდ განვითარდება თანამედროვე თეორიული ლექსიკოგრაფიის ახალი მიმართულება – ლექსიკონის მომხმარებელებისა და ლექსიკონის მოხმარების მეცნიერული კვლევა, ხოლო კვლევის შედეგები გათვალისწინებულ იქნება ლექსიკონების დაგეგმვის ყველა ეტაპზე.

ბიბლიოგრაფია:
1. დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი (თ. მარგალიტაძის საერთო რედაქტორობით). ლექსიკოგრაფიული ცენტრი. თბილისი 2010. www.dict.ge
2. მარგალიტაძე, თ., „არის თუ არა ლექსიკოგრაფია მეცნიერება?“, თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება. საერთაშორისო კონფერენციის მასალები. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი 2013.
3. Atkins, B.T., & KNOWLES, F.F. (1990). “Interim report on the EURALEX/AILA research project into dictionary use“. In Magay, I. & Zigany, J. (Eds.). BudaLEX 88 proceedings (pp. 381-392). Budapest: Akademiai Klado.
4. Boggards, P., Laufer, B., & Varantola, K. “AILA symposium on dictionary use“. AILA 1996 World Congress, Jyvasyla 1996
5. Chen, Yuzhen 2007. “A Survey of English Dictionary Use by English Majors at Chinese Universities“. Lexicographical Studies, 2:120-130.
6. Henry Bejoint, The Lexicography of English, Oxford University Press, 2010
7. Laufer, B. and L. Hadar 1997. “Assessing the Effectiveness of Monolingual, Bilingual and Bilingualised Dictionaries in the Comprehension and Production of New Words“. The Modern Language Journal. 81.2: 189-196.
8. Laufer, B., & Kimmel, M. (forthcoming. 1997). “The bilingualised dictionaries: How learners really use them“. System.
9. Summers, D., A. Gadshy, and M. Rundell (eds) 2002. Longman Dictionary of Contemporary English (third edition), Beijing: Foreign Language Teaching and Research Press. (LDOCE).