ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

 მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფული საქმიანობა

 

MWმარჯორი უორდროპს საქართველოში უპირატესად იცნობენ როგორც ვეფხისტყაოსნის მთარგმნელსა და ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს. მას მეტად მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოღვაწეებთან, ინტელექტუალურ ელიტასთან. მეოცე საუკუნეში მისი სახელი ყველასათვის ცნობილი და ძალიან ახლობელი გახდა. ამ დიდებული ინგლისელი ქალბატონის ღვაწლი ოცდამეერთე საუკუნის საქართველომაც არ უნდა დაივიწყოს. ალბათ დროული იქნება თუ ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ დამსახურების შესახებ, რაც მას მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ მისი საქმიანობის შედარებით ნაკლებად ცნობილ მხარეზე – ლექსიკოგრაფიაზე.

1891 წლის 29 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მარჯორი უორდროპი წერს ძმას, ოლივერს: „დედაჩემი სოფელში წავიდა სტუმრად თავისიანებთან და ამგვარად მე მარტო დავრჩი, ისე რომ არავინ მიშლის ხელს. სანამ დედა წასულია, ვცდილობ ვთარგმნო ვეფხისტყაოსანი, მე-12 საუკუნის დიდი ეპიკოსის შოთა რუსთველის სახელგანთქმული პოემა“. ვეფხისტყაოსნის თარგმანზე მუშაობის დაწყების პერიოდად სამეცნიერო ლიტერატურაში სწორედ 1891 წელია მიჩნეული. 1892 წლის 31 ოქტომბრის ოლივერისადმი მიწერილ წერილში კი მარჯორი პირველად ახსენებს ლექსიკონს: „მე ახლა 510 სიტყვა მაქვს ჩემს ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში“. თავად ლექსიკონზე მუშაობის დაწყების თარიღად მარჯორი ლექსიკონში 1891 წელს უთითებს. ამგვარად, ვეფხისტყაოსნის თარგმნა და ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობა მარჯორი უორდროპმა ერთდროულად დაიწყო. ვეფხისტყაოსნის თარგმნას მარჯორიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა, მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ იგი სიცოცხლის ბოლომდე მუდმივად ხვეწდა ტექსტს. 1892 წლის 3 დეკემბერს კი მარჯორიმ მე-1000 სიტყვა ჩაწერა თავის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში და ამის შემდეგ ამ ლექსიკონზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია. 1895 წლის 8 ივნისს მარჯორის დაუწყია ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენა. ეს ლექსიკონიც დაუსრულებელია [1]. როგორც ჩანს, ეს არის მის მიერ ჩაფიქრებული სამუშაოს მცირე ნაწილი – ორასამდე სიტყვა ასოზე. ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცულია ამ ფაქტების ამსახველი დოკუმენტური მასალა, რომელიც აღწერითი მეთოდით დამუშავდა [2].

მარჯორი სკოტ უორდროპი დაიბადა 1869 წლის 26 ნოემბერს ლონდონში, გარდაიცვალა 1909 წლის 7 დეკემბერს ბუქარესტში. მისი ხანმოკლე სიცოცხლის დიდი ნაწილი საქართველოსთან იყო დაკავშირებული. მარჯორის ორი ძმა ჰყავდა – ოლივერი და თომასი. ოლივერ უორდროპი, ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი გახლდათ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. უორდროპებს ძალიან შეკრული და მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ.

მარჯორის პირველი ინტერესი საქართველოს მიმართ მარი ბროსეს ნაშრომებმა გაუღვიძა. იგი ოცი წლის გოგონა იყო, როდესაც ქართული ენის შესწავლა დაიწყო და ამ დროიდან მოკიდებული მისი ცხოვრების არსი ქართული ლიტერატურა გახდა. მან მთარგმნელობით მოღვაწეობას მოჰკიდა ხელი და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ამ საქმეს. მარჯორის სიცოცხლეში გამოიცა მის მიერ თარგმნილი ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის განდეგილი, მისი და ოლივერის ერთობლივად თარგმნილი ნინოს ცხოვრება. მას გამოუქვეყნებელი დარჩა არაერთი ხელნაწერი, მათ შორის ყველაზე დიდი განძი – ვეფხისტყაოსნის თარგმანი. მარჯორიმ ამ თარგმანზე თვრამეტი წელი იმუშავა. პოემის ინგლისური თარგმანი პირველად 1912 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. წიგნს შესავალი წერილი დაურთო ოლივერ უორდროპმა [3]. თარგმანი არაერთი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი – მან ინგლისურენოვან სამყაროს გააცნო პოემა, თარგმანის ტექსტი დედნის ადეკვატურია. იგი იმდენად ზუსტად და ერთგულად მიჰყვება ორიგინალს, რომ შემდგომში მარჯორის თარგმანმა შუამავლის როლი შეასრულა ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა ენაზე აჟღერების საქმეში.

უორდროპისეული ინგლისური თარგმანით ისარგებლეს ჩინელმა მთარგმნელებმა [4, გვ. 225]. ამ თარგმანიდან მათ სამი სხვადასხვა თარგმანი შეასრულეს. იტალიელი მთარგმნელებიც (მ.პიკი და პ. ანჯოლეტი) ძირითადად უორდროპის თარგმანს დაეყრდნენ, თუმცა ნაწილობრივ სერგო წულაძის ფრანგულ თარგმანსაც იშველიებდნენ [4, გვ. 142]. უორდროპის თარგმანიდან არის შესრულებული პოემის ფინური თარგმანიც [2, გვ. 86].

საინტერესოა მისი შექმნის ისტორია. 1966 წელს, რუსთაველის საიუბილეო წელს, ფინეთში მთარგმნელთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე ფინელი მთარგმნელი ოლავი ლინუსი შეხვდა ქართველ მეცნიერსა და მთარგმნელს გივი გაჩეჩილაძეს, რომელმაც მას პოემის უორდროპისეული თარგმანი უსახსოვრა. წლების განმავლობაში ფიქრობდა ლინუსი მის ფინურ ენაზე ამეტყველებას, ეძებდა რუსთველური მეტრის შესატყვის ლექსთწყობას ფინურში. ჰელსინკის უნივერსიტეტში ურჩიეს ლინუსს, რომ დაკავშირებოდა ბოდლის ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელს დევიდ ბარეტს. ბარეტმა იცოდა როგორც ქართული, ასევე ფინური ენები, კარგად იცნობდა შუასაუკუნეების ლიტერატურას საზოგადოდ და კერძოდ, ვეფხისტყაოსანს. იგი მუდმივ კონსულტაციებს უწევდა და დიდ ამაგს სდებდა ოლავი ლინუსს თარგმანზე მუშაობის პროცესში. როდესაც ეს თარგმანი გამოიცა 1991 წელს, მთარგმნელის ინიციატივით ტურკუს უნივერსიტეტში ჩატარდა რუსთველოლოგიური სიმპოზიუმი და ვეფხისტყაოსნის ფინური თარგმანის პრეზენტაცია. ამ ფორუმზე მიწვეული იყვნენ რუსთველოლოგები და პოემის სხვადასხვა ენაზე მთარგმნელები. ფინეთში გამგზავრების წინ მარჯორის ძმისშვილმა ნინო უორდროპმა დევიდ ბარეტს გაატანა დოკუმენტური პროზის სახით დაწერილი თავისი მოგონება მარჯორი და ოლივერი ქართველი მეცნიერებისათვის გადასაცემად. ბარეტმა წერილი ელგუჯა ხინთიბიძეს გადასცა, რომლის საშუალებითაც ეს ხელნაწერი ცნობილი გახდა საქართველოში [5]. ეს მხატვრულ-დოკუმენტური მოგონება ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ოლივერის ქალიშვილის მიერაა შესრულებული და მასში ახლებურადაა წარმოჩენილი უორდროპების ოჯახური გარემო, მარჯორისა და ოლივერის პორტრეტები, მათი ცხოვრების ნაკლებადცნობილი ფაქტები, მარჯორის საოცარი შრომისმოყვარეობა, მისი შემოქმედებითი ლაბორატორია, მისი სიხარული თუ უკმაყოფილება, დიდი ინტერესი და სიყვარული საქართველოს, ქართული ენისა და კულტურის მიმართ.

და-ძმა უორდროპების ცხოვრება და შემოქმედება სათანადოდ არის შესწავლილი და შეფასებული როგორც ქართველი, ისე ინგლისელი მეცნიერების მიერ. დევიდ ლენგის თქმით, ამ ორმა თავდადებულმა სწავლულმა თავიანთი მოღვაწეობით მსოფლიოს ორიენტალისტთა შორის გაითქვეს სახელი. ამასთანავე მათი სახსრებით განვითარდა ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში [6, გვ. 118]. უორდროპების შემოქმედებითი და სამეცნიერო მუშაობა გაშუქებულია როგორც მეცხრამეტე, ასევე მეოცე საუკუნეების ქართულ პრესაში, დაიწერა მონოგრაფია მარჯორი უორდროპი [7], შეიქმნა მსხვილტანიანი გამოკვლევა, რომელშიც ფართოდაა აღწერილი უორდროპების ურთიერთობა საქართველოსა და ქართულ კულტურასთან [8].

მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონი
1891 წელს მარჯორი უორდროპი 22 წლისა იყო. ამ ასაკის ადამიანის მიერ ორი ასეთი მასშტაბური პროექტის ჩაფიქრება - ვეფხისტყაოსნის თარგმნა და ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შედგენა - ვინმეს შესაძლოა ახალგაზრდულ მაქსიმალიზმად მოეჩვენოს, მაგრამ მარჯორის ეს ჩანაფიქრი არ ეფუძნებოდა ოდენ ახალგაზრდულ გაბედულებასა და ენთუზიაზმს. მარჯორის ჩინებული განათლება ჰქონდა მიღებული და თავისუფლად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას: ფრანგულს, გერმანულს, იტალიურსა და რუსულს. მან ბრწყინვალედ შეისწავლა ქართული ენა და რუმინეთში ცხოვრების პერიოდში, რუმინულ ენასაც დაეუფლა. მთარგმნელობითი საქმიანობის ფონზე ბუნებრივია ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შექმნის სურვილი, ამგვარი ლექსიკონი ხომ გასაღები გახდებოდა „ქართული ენის სიმდიდრისა და მასში დაუნჯებული საგანძურის შესაცნობად“, „ქართული კულტურის საიდუმლოებათა უკეთ ჩასაწვდომად და აღსაქმელად“, როგორც ამის შესახებ 1998 წერდა ამერიკელი ქართველოლოგი ჰოვარდ არონსონი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიისადმი მიწერილ წერილში. ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონების საჭიროებაზე არაერთი ინგლისელი ქართველოლოგი ჩიოდა მე-20 საუკუნეში. “The importance of the Georgian literature is out of all proportion to the number of speakers of the language”, – ამ სიტყვებით იწყებს ბრიტანელი ქართველოლოგი დონალდ რეიფილდი თავის მონოგრაფიას The Literature of Georgia. A History [9]. სწორედ ქართული ლიტერატურის სიყვარულმა მიიყვანა დონალდ რეიფილდიც ლექსიკოგრაფიამდე და 2006 წელს ლონდონში გამოიცა მისი ვრცელი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი [10]. ამდენად, მარჯორი უორდროპის სურვილი ამგვარი ლექსიკონების შექმნისა, სრულიად ბუნებრივად ეწერება ცნობილი ქართველოლოგების, ქართული ენითა და ლიტერატურით დაინტერესებული მკვლევრების საერთო სწრაფვაში.

რამდენად სერიოზული და მასშტაბული იყო მარჯორი უორდროპის ჩანაფიქრი?

ვფიქრობთ, რომ მარჯორის დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შექმნა ჰქონდა ჩაფიქრებული. ამას გვაფიქრებინებს ამ ლექსიკონის საფუძვლად ჩეიმბერსის ინგლისური ენის 600-გვერდიანი ეტიმოლოგიური ლექსიკონის გამოყენება [11]. ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში ინახება მარჯორის ნაქონი ინგლისური ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო აკინძული ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შესადგენად.

როგორც აღინიშნა, ეტიმოლოგიური ლექსიკონი საგანგებოდ იყო აკინძული მარჯორისათვის. ეტიმოლოგიური ლექსიკონის ყოველ გვერდს ჩართული აქვს ცარიელი ფურცელი, რომელზეც მარჯორი წერდა ინგლისური სიტყვების ქართულ შესატყვისებს და ნელ-ნელა ავსებდა ლექსიკონს. 1892 წლის 5 დეკემბერს მან ლექსიკონში მე-1000 სიტყვა შეიტანა.

ჩეიმბერსის ეტიმოლოგიური ლექსიკონის წინასიტყვაობიდან ვიგებთ, რომ ლექსიკონში შესულია ინგლისური ენის პრაქტიკულად ყველა სიტყვა, გარდა მოძველებული და ძალიან იშვიათი სიტყვებისა. თუმცა ლექსიკონში შესულია ის მოძველებული სიტყვები, რომლებიც ბიბლიაშია დადასტურებული. ლექსიკონის სიტყვანი ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო-ტექნიკურ ტერმინოლოგიასაც. ამდენად, ეს არის ინგლისური ენის ვრცელი ეტიმოლოგიური და განმარტებითი ლექსიკონი, რომელსაც მარჯორი იყენებს თავისი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის საფუძვლად.

ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სიტყვანი
საინტერესოა მარჯორის ლექსიკონის სიტყვანის ანალიზი, რა სიტყვები შეაქვს მას თავის ლექსიკონში?
ლექსიკონის სიტყვანის დიდი ნაწილი ვეფხისტყაოსნის ლექსიკას ასახავს. ქვემოთ მოყვანილია ვეფხისტყაოსნის ლექსიკის ამსახველი სიტყვები ინგლისურ-ქართული ლექსიკონიდან სათანადო გვერდების მითითებით, აგრეთვე ამ სიტყვების შემცველი სტრიქონები რუსთველის პოემიდან და მისი მარჯორისეული ინგლისური თარგმანიდან სტროფისა და სტრიქონის მითითებით:

(1) Firmament სამყარო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 179)
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“ 1,1
‘He who created the firmament, by that mighty power’ 1,1
(2) Peerless უებრო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 368)
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. 32,4
just and gracious, powerful, far-seeing, himself
a peerless warrior, moreover fluent in speech. 32,4
(3) General სპასპეტი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 200)
ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა 40,2
Avt’handil was a general, son of the commander-in-chief 40,2
(4) Cypress სარო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 109)
საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა 40,2
He was more graceful than the cypress; his presence was like son and moon 40,2
(5) Agile ჩაუქი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 9)
თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,
სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია. 57,2
At the head sat the sun-faced Avt’handil, desirable to them
That look upon him, the agile leader of the hosts. 57,2
(6) Beardless უწვერო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 36)
ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა 40,3
Still beardless, he was to be likened to famous crystal and glass 40,3
(7) Army ჯარი, სპა, გუნდი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 23)
უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა 46,1
The king and his armies retired and did homage 46,1
(8) Gift საბოძვარი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 202)
დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა 119,3
Many gifts were distributed, he summoned all to the throne-room 119,3
(9) Amorous სააშიკო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 15)
სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად 17,2
The joyous, the amorous, the merry, for pleasantries of comrades 24,1
(10) Adroit მარჯვე (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 7)
მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა 13,2
Striking a ball fairly and aiming adroitly at the mark 20,2

ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში ვეფხისტყაოსნის ლექსიკისათვის შერჩეული ინგლისური შესატყვისები, ხშირ შემთხვევაში, პოემის ინგლისურ თარგმანშიც დასტურდება. ზემოთ მოყვანილი მაგალითები სწორედ ასეთ შემთხვევებად გვევლინება. თუმცა, არცთუ იშვიათად, ქართული სიტყვა პოემის ინგლისურ ვერსიაში კონტექსტუალურად ბევრად უფრო უკეთესი შესატყვისითაა თარგმნილი, ვიდრე ლექსიკონში. მაგ.:

(11) Infamous ნაძრახი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 256)
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვან“ 800,4
Better a glorious death than shameful life 781,3
(12) Austere უწყალო (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 29)
უწყალო, ვითა ჯიქია 19,3
Merciless as a leopard 26,3
(13) Accident, mishap ფათერაკი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 3, 321)
შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა
We all are saved by thee in so hard a mischance
სდევს მიჯნურსა ფათერაკი 915,1
Mischance pursues the lover 895,1
(14) Accession გამეფება (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 3)
„ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!“ 405,3
‘My luckless fate’, said I, ‘has never yet ruled’. 391,3
(15) Agreeable ამო, ლამაზი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 10)
გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბარია 34,4
Placing them by his side, began to talk graciously to them 34,4
(16) Achieve, Accomplish გასრულება (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 3, 4)
გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა 1583,1
Their tale is ended like a dream of the night 1572,1
გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა 807,1
My testament is ended, written by mine own hand 788,1.

"ვეფხისტყაოსნის" ლექსიკის გარდა, მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მრავლად გვხვდება ბიბლიური სიტყვები. ლექსიკონში ასევე შეტანილია: კვირის დღეების, წელიწადის დროების, თვეების სახელები, რიცხვითი სახელები, ცხოველებისა და მცენარეების სახელები, აგრეთვე ყოველდღიური ლექსიკა.

სადაც შესაძლებელია, მარჯორი ცდილობს ინგლისური სიტყვა რამდენიმე სინონიმური ქართული სიტყვით გადმოსცეს, მაგ.:

(17) Banquet პურობა, დარბაზობა, სერი, ანკანაკობა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 33)
Bank ნაპირი, კიდური, პირი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 33)
April აპრილი, იგრიკა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 21)
August აგვისტო, მარიამობისთვე (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 28)
November ნოემბერი, გიორგობისა, ჭირის-კონა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 342)
Love მიჯნურობა, სიყუარული, აშიკობა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 299)
Letter წერილი, უსტარი, წიგნი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 288).
June იუნისი, თიბისა, თიბა-თვე (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 275)
July იულისი, მკისა, მკათა-თვე (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 275)
Fog ბუერი, ბური, ბორი, ბურუსი, ნისლი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ.184) და სხვა.

მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში საინტერესოა რამდენიმე ჩანაწერი, სადაც იგი უთითებს არა მხოლოდ ინგლისური სიტყვის ქართულ ეკვივალენტს, არამედ მოცემული ინგლისური სიტყვის რამდენიმე შესიტყვებას, რაც ქართულად თარგმნისას სხვადასხვა ქართულ ეკვივალენტს მოითხოვს. მაგ.:

(18) Foot ფეხი; foot of a mount or tree მთის ან ხის ძირი; foot path ბილიკი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 185)
Peak თხემი; peak of a mountain მთის მწვერვალი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 367)
Snow თოვლი; first snow of Autumn ფიფქი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 475)
Road გზა; high road შარა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 437)
Master პატრონი; master of banquet მასპინძელი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 308)
Elegant ლამაზი; of elegant form კენარი, ტურფა (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 148)
Mother მშობელი, დედა; mother of pearls სადაფი (ინგ.-ქართ. ლექს. გვ. 328)
და სხვა.

მარჯორი უორდროპის ლექსიკონში ყურადღებას იპყრობს ერთი ბარათი, რომელიც ჩეიმბერსის ლექსიკონის 121-ე გვერდშია ჩადებული და რომელზეც შედგენილია სიტყვა-სტატია to desire.

To desire ლამვა (ვლამი, ლამი, ლამის, ვლამოდი): ვინადგან შენ ლამი ჩემსა ცნობასა, since thou desirest to know me. R 982

ეს ბარათი რამდენიმე თვალსაზრისითაა საინტერესო: მასდარის გვერდით ფრჩხილებში ზმნის პირიანი ფორმების მითითება; საილუსტრაციო ფრაზა ქართულად და მისი ინგლისური თარგმანი; და წყაროს მითითება. ამ შემთხვევაში R რუსთაველს აღნიშნავს, რომელსაც გვერდით ციტირებული სტროფის ნომერიც აქვს მითითებული ვეფხისტყაოსნიდან. საინტერესოა ისიც, რომ ეს ბარათი ეყრდნობა შესაბამის სიტყვა-სტატიას – ‘ლამა, ლამვა’ დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონიდან [12]. ზემოთ მოყვანილი ციტატა ვეფხისტყაოსნიდან დავით ჩუბინაშვილის სიტყვა-სტატიაშიცაა მოყვანილი სათანადო წყაროს დამოწმებით. ამგვარად, ეს ერთადერთი შედგენილი ბარათი, რომელიც ჩეიმბერსის ლექსიკონში გვხვდება დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონითა და მისი ლექსიკოგრაფიული პრინციპებითაა შთაგონებული. რაზე მიგვანიშნებს ეს ბარათი? გეგმავდა მარჯორი თავისი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის გადამუშავებას ამ პრინციპებით, ზმნებისათვის პირიანი ფორმების დართვას, სიტყვა-სტატიების საილუსტრაციო ფრაზებითა და წინადადებებით გამდიდრებას, მათი წყაროების დამოწმებას? ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ბარათი უდავოდ მეტად საინტერესო ფრაგმენტია მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონისა, რადგან იგი დასტურია იმისა, რომ მარჯორი უორდროპი კარგად იცნობდა თავისი დროის საუკეთესო ლექსიკოგრაფიულ ტრადიციებს, როგორც ინგლისურს, ისე ფრანგულს, რუსულსა და ქართულს.

შეცდომები, უზუსტობები
მარჯორი უორდროპის ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, იმითაა საინტერესო, რომ მასში ცოტაა შეცდომა და უზუსტობა (იხ. ქვემოთ ლექსიკონის ფრაგმენტი, ასო A). ინგლისურ სიტყვებს საოცარი სიზუსტითა აქვს შერჩეული ქართული ეკვივალენტები. ეს მით უფრო გასაოცარია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ დასრულებულ და გამოცემულ ლექსიკონს. ლექსიკონში არის ცალკეული ქართული სიტყვები, რომლებიც ჩეიმბერსის ლექსიკონის შესაბამის გვერდსა და სვეტში არც ერთ ინგლისურ სიტყვას არ მიემართება. მაგ. სიტყვა ‘ბუბუნი’ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მე-14 გვერდზე. ბუბუნი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში [13] შემდეგნაირადაა განმარტებული: ხარის გაბმული ნელი ყვირილი ბუღრაობისას; დიდი ხმაური, გუგუნი. ეს სიტყვა არ უკავშირდება ამ გვერდზე წარმოდგენილ არც ერთ სიტყვას: Ambush, Ameer, Ameliorate, Amen, Amenable, Amend, Amendment, Amends, Amenity და სხვა. ან მაგალითად, ლექსიკონის მე-19 გვერდზე მითითებული ქართული სიტყვა ‘ანთარი’, რომელიც ქეგლ-ში განმარტებულია შემდეგნაირად: ძვ. ღვთაება მეგრელთა წარმართულ პანთეონში. ცხადია, ამ სიტყვას ვერ ექნება ინგლისური შესატყვისი. არის შეცდომებიც, მაგ.: ინგლისურ-ქართული ლექსიკონის 23-ე გვერდზე ინგლისური სიტყვის Ark ქართულ შესატყვისად მოყვანილია ‘თაღი’, ‘კიდობნის’ ნაცვლად [a chest or coffer: a large floating vessel]. ლექსიკონის 28-ე გვერდზე აგვისტოსა და მარიამობისთვის სინონიმად მოყვანილია სიტყვა 'მარიალი’, რაც ივნისს ნიშნავს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ასეთი შემთხვევები ლექსიკონში ცოტაა.

მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ფრაგმენტი:

Abba n [in Chaldee and Syriac, a father ] აბბა, ამბა
Abbot n [the father or head of an abbey] აბბატი
Abandoned adj [given up, as to a vice: very wicked] ოხერი
Abundant adj [plentiful] მეტი
Acacia n [a genus of thorny leguminous plants with pinnate leaves] აკაკი, ბრინჯის ხე
Accept vt [to receive: to agree: to promise to pay] მიღება
Accession n [a coming to] გამეფება
Accident n [that which happens: an unforeseen or unexpected event] ფათერაკი
Accomplish vt [to complete: to effect: to fulfill: to equip] გასრულება
Account n [a counting: statement] ნუსხა
Achieve vt [to bring to a head or end: to perform: to accomplish] გასრულება
Acrostic n [a poem of which, if the first or the last letter of each line be taken in succession, they will spell a name, or a sentence] აკროსტიხი
Act n [a part of a play] მოქმედება (პიესისა)
Activity n მოძრაობა
Adopted adj შვილობილი
Adorned adj შემკობილი
Adroit adj [dexterous: skilful] მარჯვე
Affliction n [distress or its cause] ვამი
After adj [behind in place: later in time] მერმე
Again adv [once more: in return: back] კვალად [იგივეა რაც კვლავ - ქეგლ]
Age n [the ordinary length of human life: the time during which a person or thing has lived or existed: mature years] სიბერე
Agile adj [active: nimble] მარდი, ჩაუქი
Agreeable adj [suitable: pleasant] ამო, ლამაზი
Alabaster n [a semi-transparent kind of gypsum or sulphate of lime: the fine limestone deposited as stalagmites and stalactites] ალაბასტრი
Alack-a-day int [an exclamation of sadness] ვუჲ
Alas int [expressive of grief] გლახ, ვუჲ, ვამე
All adj [the whole of: everyone of] ყოველი
Almost adv [nearly] ლამის
Aloe n [a genus of plant with juicy leaves yielding the gum of aloes] ალო
Although conj [admitting all that: notwithstanding that] თუმცა, განაღამცა
Altogether adv [all together: wholly: completely: without exception] ყოლე [ქეგლ - ძვ. აგრ. ყოლა - სრულიად, სრულებით]
Alone adj [single: solitary] მარტო
Alphabet n [the letters of a language arranged in the usual order] ანბანი
Also adv [in like manner: further] კიდეც
Altered adj თაღლითი
Amber n [a yellowish fossil resin, used in making ornaments] ქარვა
Amulet n [a gem, scroll or other object carried about a person, as a charm against evil] ამმა [ქეგლ - ძვ. ამულეტი, თილისმა, შანა]
Amusing adj [affording amusement: entertaining] სალაღობო
Amorous adj [easily inspired with love: fondly in love: relating to love] სააშიკო
Angel n [a divine messenger: a ministering spirit] ანგელოსი
Angelic, Angelical adj ანგელოსებრი, ანგელოსური
Ancient adj [old: belonging to former times] ძველი
And conj და
Animal n [an organised being, having life, sensation, and voluntary motion] სულდგმული
Answer n [a reply: a solution] პასუხი
Apocalypse n [the name of the last book of the New Testament] აპოკალიფსი
Apparition n [something only apparent, not real: a ghost] ლანდი
Apple n [the fruit of the apple-tree] ვაშლი
April n [the fourth month of the year] აპრილი, იგრიკა
Archer n [one who shoots with a bow and arrows] მშვილდოსანი
Around adv [on every side: in a circle] გარეშემო
Arrow n [s straight, pointed weapon, made to be shot from a bow] ისარი
Ark n [a chest or coffer: a large floating vessel] თაღი
Arm n [the limb extending from the shoulder to the hand] მკლავი
Armchair n სავარძელი
Arms n pl [weapons of offence and defence] აბჯარი, იარაღი
Army n [a large body of man armed for war and under military command] ჯარი, სპა, გუნდი
Ashamed adj: to be ashamed რცხვენა
Ashes n pl [the dust or remains of anything burned] ნაცარი
Assemblage n [a collection of persons or things] შემოყრილობა, გუნდი
Aspen n [the trembling poplar] ვერხვი
Ass n [a well-known quadruped of the horse family] ვირი; she-ass რემა, რემაკი; wild ass კანჯარი
August n [the eighth month of the year] აგვისტო, მარიამობისთვე, მარიალი, ქველობისა
Audacity n [audacious – daring: bold: impudent] ლაღობა
Autumn n [the third season of the year] შემოდგომა
Austere adj [harsh, severe, stern] უწყალო
Author n [the writer of an original book] ავქსონი [ძვ. იგივეა, რაც ავტორი - ქეგლ] .

მარჯორი უორდროპის ქართულ-ინგლისური ლექსიკონი

1895 წელს მარჯორი უორდროპი კვლავ უბრუნდება ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას და იწყებს მუშაობას ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე (იხ. სურათი 4).  ეს ლექსიკონიც დაუსრულებელია და შემორჩენილია ორასამდე სიტყვა-სტატია ასო ბ-ზე. მიუხედავად იმისა, რომ სულ ორასამდე სიტყვაა შედგენილი, ქართულ-ინგლისური ლექსიკონი საინტერესოა ლექსიკოგრაფიული პრინციპების თვალსაზრისით.

ინგლისურ-ქართული ლექსიკონისგან განსხვავებით, ქართულ-ინგლისური ლექსიკონი მთლიანად დავით ჩუბინაშვილის ქართულ-რუსულ ლექსიკონს ეფუძნება (იხ. სურათი 5). ჩუბინაშვილის ლექსიკონის მსგავსად მარჯორი ნასესხებ სიტყვებს ფრჩხილებში უთითებს ეტიმოლოგიას (T - თურქული, Arab - არაბული, Arm - სომხური, Per - სპარსული) და ხშირ შემთხვევაში მოყავს წყარო ენის შესაბამისი სიტყვები სპარსულ, არაბულ, თურქულ და სხვა ენებზე. ამ ლექსიკონში უკვე პრინციპად გვევლინება ზმნისათვის პირი¬ანი ფორმების მითითება. ლექსიკონის თავდაპირველ ვერსიაში ნასესხებ სიტყვებს მარჯორი ურთავდა განმარტებებს ქართულ ენაზე ჩუბინაშვილის ლექსიკონიდან, თუმცა მოგვიანებით ამ განმარტებებს გადაშლის.

ქართულ-ინგლისურ ლექსიკონშიც ხშირია სინონიმების გამოყენება. ქართულ სიტყვებს მარჯორი რამდენიმე სინონიმურ ინგლისურ სიტყვას უსადაგებს, ცალკეულ შემთხვევებში სინონიმები ქართულ ნაწილშიც გვხვდება. მაგ. ბაასი ‘dispute, discussion, contest, debate’.

ლექსიკონში მარჯორი ბიბლიური სიტყვების წყაროებს უთითებს, მაგ. ბაბილო ‘branch, shoot, bough, sprout‘ [Ezek. 31–8; Ps. 79–10], ბადენი [Arm] ‘linen garment’ [Daniel 10–5]. ეს წყაროები მითითებულია დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონში, რომელსაც, როგორც აღინიშნა, მარჯორი ეყრდნობოდა ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენისას.

ლექსიკონში ასევე ყურადღებას იპყრობს მცენარეთათვის მათი ლათინური სახელების დართვის პრინციპი, მაგ.: ბაბუას საგძალი, ბაბუასწვერა, ბაბუსაგძალა taraxacum officinale, ბადიანი [Per] anise (illicium anisatum), ბადრაგი citron (Citrus medica Risso) და სხვა.

ქართული სიტყვების სიტყვა-სტატიაში გვხვდება შესიტყვებებიც, რომლებიც ასევე თარგმნილია ინგლისურ ენაზე. მსგავსად ინგლისურ-ქართული ლექსიკონისა, მარჯორის ქართულ-ინგლისური ლექსიკონიც გვაოცებს ქართული სიტყვების ზუსტი ინგლისური შესატყვისების მიგნებით. ქვემოთ მოცემულია ფრაგმენტი ქართულ-ინგლისური ლექსიკონიდან.

მარჯორი უორდროპის ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ფრაგმენტი:

ბაასი (ცილობა, პაექრობა, ლაპარაკში შებმა) dispute, discussion, contest, debate
ბაასობა, ვბაასობ, ვიბაასებ, ვებაასები (ვსცილობ, ვპაექრობ) debate, dispute, discuss; ნაბაასები, საბაასო disputable
ბაბა childish expression for bread
ბაბანი trembling, shuddering
ბაბაყული a name of a bird
ბაბაჭუა spider
ბაბთა lace
ბაბილო branch, shoot, bough, sprout [Ezek. 31 – 8; Ps. 79 – 10]
ბაბრაბი [T] leopard’s skin, bear’s skin
ბაბრი [T] leopard, bear
ბაბღანი [T] parrot
ბაბღანი bear’s skin
ბაბუა grandfather
ბაბუას საგძალი, ბაბუასწვერა, ბაბუსაგძალა taraxacum officinale
ბაბუშტელა juniper berry
ბაგა a newly planted vine
ბაგა manger, crib; ბაგათ-მთავარი chief groom
ბაგა recess of a wall
ბაგე lip; front stern of a vessel; bank of a stream; შერევნა ბაგეთა confusion of languages
ბაგიანი, ბაგეებიანი oral, verbal
ბაგინი [Arm.] sanctuary, altar, victim
ბაგირი rope
ბაგოვნები roof, covering
ბადაგი molasses, syrup
ბადალი [Arab.] compensation, substitute, like, instead of
ბადახშა, ბადახში, ბადახშოვანი ruby
ბადე net, everything in the form of net; ბადე მაქმანი or ნაქმანი lace; ბადე დედა ზარდლისა spider’s web; ბადე-ბადე in the form of a net; ბადის-პირი the opening of a fishing net
ბადება (ვბადებ) to create, bear, produce, form
(ვიბადები) to be born, created
(მაბადია, გაბადია, აბადია I have, thee have, he has, to have)
ბადეებრი, ბადეებიანი formed of nets
ბადენი [Arm] linen garment [Daniel 10 – 5]
ბადვა, ბადუა see ბადება
ბადია [Per] jar, gobbet; dish
ბადიანი [Per] anise (illicium anisatum)
ბადიმი framework to cover well
ბადის პირი hauling rope
ბადიში grandson
ბადლიჯანი see ბადრიჯანი
ბადრაგა convoy, escort
ბადრაგი citron (Citrus medica Risso)
ბადრაგობა to escort
ბადრი [Arab] full moon
ბადრიჯანი [Per] aubergine (solanum melongena)
ბადრობა fullness of the moon, equality; to compare, to be equal to, to liken
ბადრუკი unfortunate, miserable, unhappy, horrible;
ბადრუკობა misfortune, to be unfortunate
ბავასირი see ბუასილი
ბავთი, ბავთება [Arm] bad news; ბავთის მომღები a bearer of bad tidings
ბავლი first bird caught by falcon

დასკვნა. მარჯორი უორდროპს ნამდვილად ჰქონდა განზრახული ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონების შექმნა. მის არქივში არაერთი ინგლისურ-ქართული სიტყვარია დაცული, რომელსაც მარჯორი ამა თუ იმ ქართული ნაწარმოების კითხვისას ადგენდა, თუმცა არც ერთი ამგვარი სიტყვარისათვის მას არ უწოდებია ლექსიკონი. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი კარგად იცნობდა თავისი დროის საუკეთესო ლექსიკოგრაფიულ ტრადიციებსა და ნაშრომებს.

რატომ არის მარჯორი უორდროპის ორივე ლექსიკონი დაუსრულებელი? 
ამ საკითხზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ. ერთი მიზეზი, ალბათ, დროის უქონლობა იყო, რადგან ვეფხისტყაოსნის თარგმანი მისგან უდიდეს დროსა და ენერგიას მოითხოვდა; შეიძლება მას არ დასცალდა თავისი ლექსიკოგრაფიული ჩანაფიქრის განხორციელება ნაადრევი გარდაცვალების გამო; შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ, რომ მარჯორიმ გააცნობიერა ის დიდი სხვაობა, რაც არის მთარგმნელობით საქმიანობასა და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას შორის, გააცნობიერა ის, რომ თარგმანში ქართული სიტყვისათვის ინგლისური ეკვივალენტის მოძებნა თავისთავად ვერ შექმნიდა სალექსიკონო სიტყვა-სტატიას.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლექსიკონი დაუმთავრებელია, ვფიქრობთ მარჯორი უორდროპის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონების მასალები ამ უნიკალური ბრიტანელი ქართველოლოგის კიდევ ერთ საინტერესო წახნაგს წარმოაჩენს და ქართული ენის, ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის გაწეული დიდი მუშაობის ახალ ფურცელს შლის ქართველი მკითხველისათვის.


ბიბლიოგრაფია:
1. M.S. Wardrop. Georgian-English Word-list, compiled by M. Wardrop (unfinished), 1895. Ms. Wardr. C. 1 (10)
2. მარიკა ოძელი. ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი 1998.
3. The Man in the Panther’s Skin, A Romantic Epic by Shotha Rusthaveli, a Close Rendering from the Georgian. Attempted by Marjory Scott Wardrop, Preface by O. Wardrop. London 1912.
4. ლ. მენაბდე, რუსთველი საზღვარგარეთულ ლიტერატურაში. თბილისი 1990.
5. ნინო უორდროპი, მარჯორი და ოლივერი. მაცნე, ელს, 1992, N2, გვ. 31-48, თარგმნილი ინგლისურიდან მარიკა ოძელის მიერ.
6. David Lang, Georgian Studies in Oxford. Oxford Slavonic Papers, vol. VI, 1955. იხ. აგრეთვე დ. მ. ლენგი. ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში. „ცისკარი”, 1957, N4, გვ. 139-151.
7. ლეილა თაქთაქიშვილი-ურუშაძე. მარჯორი უორდროპი. თბილისი 1965.
8. გურამ შარაძე, ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. თბილისი 1984.
9. Donald Rayfield, The Literature of Georgia. A History. Routledge. 2nd addition. 2000.
10. Donald Rayfield, A Comprehensive Georgian-English Dictionary. “Garnett Press”. London 2006.
11. Chambers’ Etymological Dictionary of the English language: A New and Thoroughly Revised Edition. Edited by A. Findlatter (interleaved copy, with ms. Notes by M.S.Wardrop for an English-Georgian dictionary). Wardr.5.29. London 1884.
12. დავით ჩუბინაშვილი, ქართულ-რუსული ლექსიკონი. „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1984.
13. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით). „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“. თბილისი 1950.