ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
პიტერ სკინერი დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884)
შესავალი ეს ქალბატონი დიდი პატივით მიიღეს ევროპაში: იტალიის მეფემ მისთვის ოქროს მედალი ჩამოასხმევინა. ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ სთხოვა, ჩაეტარებინა ლექცია თავისი მოგზაურობების შესახებ. მისი ორი ლიტერატურული ნაშრომი – ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე (From the Baltic Sea to the Caspian Sea) და ევროპელი ქალი სპარსეთში (A European Woman in Persia) – იტალიურად ითარგმნა. კარლა სერენას მოგზაურობები უთუოდ იმსახურებს ამ მოკლე მიმოხილვაზე მეტს. იგი კვლავ რჩება იდუმალ ფიგურად. შესაძლებელია, ქართულ პუბლიკაციებში მასზე საუბარი კიდეც იყოს, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება ინგლისურ ენაზე. უფრო კონკრეტულად: ინგლისურად არსებობს მხოლოდ მწირი დაუსრულებელი ცნობები, ხშირად მცდარიც კი. კარლა სერენას მოგზაურობები ფრანგულ ენაზე გამოიცა 1880-1884-იან წლებში საქართველოში დეტალური და კარგად ილუსტრირებული სტატიების სახით. ეს სტატიები, ვფიქრობ, არასოდეს გამოცემულა ინგლისურად ან ქართულად, არც ფრანგულ ენაზე ყოფილა ხელახლა დაბეჭდილი. თუმცა დროების მოკლე შენიშვნა, რომელსაც აკლია საჭირო დეტალები, მაინც გვაძლევს მონაცემებს მასზე მსჯელობისთვის (რასაც ეს სტატია ემსახურება): 1. ვინ იყო კარლა სერენა; 2. როდის და საქართველოს რომელ კუთხეებში იმოგზაურა; 3. მოგზაურობის ამბები; 4. მის მიერ მოპოვებული ცნობების მნიშვნელობა; 5. კარლა სერენას მოგზაურობის შეუსწავლელი დეტალები; 6. ბერტა ფონ ზუტნერის უცნაური შემთხვევა; 7. კარლა სერენას ნაცნობი და უცნობი შთამომავლობა. ვინ იყო კარლა სერენა?`` ძირითადი ფაქტები კარლა სერენას შესახებ შემდეგია: დაიბადა 1820 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, დაარეგისტრირეს როგორც კაროლინა ჰარტოგ მორგენშტეინი (Caroline Hartog Morgensthein), აღიზარდა საფრანგეთში. 1847 წელს ცოლად გაჰყვა მდიდარ ვენეციელ სატრანსპორტო და სადაზღვეო საქმიანობის ბროკერს ლეონ სერენას. 1849 წელს სერენა განდევნეს ვენეციიდან, რადგან იგი მხარს უჭერდა და მონაწილეობდა იმ რევოლუციურ მოძრაობაში, რომელიც აპროტესტებდა ავსტრიის ბატონობას ვენეციასა და მის რეგიონებზე. 1848 წელს პროტესტი გადაიზარდა ხანმოკლე ამბოხში. სერენას ოჯახს მოუწია მოკლე დროით გადასახლება ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ ანტვერპენში, პარიზსა და ბოლოს ლონდონში, სადაც 1850-იან წლებში მუდმივად დასახლდნენ. შეძლებული ლეონე და ამბიციური კარლა უზრუნველად ცხოვრობდნენ. ამასობაში კარლამ გახსნა სალონი. ეყოლათ ხუთი შვილი: აჩილი (Achille -1850), ლეილა (Lelia - 1851), არტური (Arthur - 1852), მარია (Maria - 1854) და ოლგა (Olga - 1858). მიუხედავად ოჯახური საქმიანობისა, იგი მაინც ახერხებდა კარლა სერენას სახელით სტატიები გამოექვეყნებინა ანტვერპენის გაზეთ Précurseur-ში. 1873 წელს გამომცემლობამ იგი ვენაში გააგზავნა მსოფლიო ექსპოზიციის აღსაწერად, რომელიც ეძღვნებოდა კულტურისა და განათლების თემას. ეს ექსპოზიცია კარლას ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 1874 წლის 1 აგვისტოს 54 წლის კარლამ დატოვა ლონდონი, სადაც მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაბრუნდა. მან მოინახულა შვედეთი, რუსეთი, თურქეთი, ეგვიპტე, წმინდა მიწა, სირია, ლიბანი და საბერძნეთი. 1875 წელს, ნოემბრის მეორე ნახევარში იგი უკვე კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა. სერენას მხოლოდ ხუთი კვირა ჰქონდა, რადგან ახალი წლის აღნიშვნას ოჯახთან ერთად ლონდონში გეგმავდა. მას შეეძლო ინგლისში დაბრუნება ვენის ან საქართველოს გზით, სადაც კავკასიონის მთებს გადალახავდა და რუსეთის გავლით დაბრუნდებოდა შინ. კარლამ ეს უკანასკნელი ამჯობინა და ფოთისკენ გაემგზავრა. ყოველივე ამის შემდეგ, 1884 წლის აგვისტოში საბერძნეთში გარდაცვალებამდე, იგი თითქმის განუწყვეტლივ მოგზაურობდა. მისი შვილების შესახებ, გარდა ართურისა, ცოტა რამაა ცნობილი. ამ უკანასკნელმა პროფესორის წოდება მიიღო და რამდენიმე უცხოენოვან ინსტიტუტში ასწავლიდა იტალიურ და ინგლისურ ენებს. ართური, მამის მსგავსად, საბროკერო საქმით იყო დაკავებული, მოღვაწეობდა ლონდონში, გაწევრიანებული იყო ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. როდის და რა ადგილებში იმოგზაურა კარლა სერენამ საქართველოში?`` 1875 წლის ნოემბერში, რუსეთის კონსულმა კონსტანტინოპოლში, გენერალმა იგნატიევმა, კარლა რუსეთის გემის კაპიტანთან დააკავშირა, რომელთან ერთადაც გაემგზავრა საქართველოში. კარლა იქიდან გეგმავდა ინგლისში დაბრუნებას 1875 წლის 31 დეკემბრისთვის. უამინდობის გამო გემ ვესტას ჯერ ტრაპიზონში შეჩერება მოუწია, ხოლო შემდეგ – ბათუმში. ქარიშხალმა მოგზაური თორმეტი დღით შეაფერხა, სანამ შეძლებდა ფოთიდან ქუთაისის გავლით თბილისამდე ჩაღწევას. კონსტანტინოპოლიდან გამომგზავრების შემდეგ თბილისში მხოლოდ ერთი თვის შემდეგ ჩააღწია. თბილისში ჩასული კარლა მიიღო კავკასიის მთავარმართებელმა, მეფის ნაცვალმა – მიხეილ ნიკოლაევიჩმა. მან კარლას ურჩია, რაც შეიძლება კავკასიის ბევრი პროვინციის მონახულება, ასევე შუამავლობა გაუწია სხვადასხვა გამგებელთან. კარლამ თავისი მომდევნო მოგზაურობიდან სრულიად ნათლად მიგვანიშნა, რომ ოფიციალური დახმარებაც მიიღო, მაგრამ დამხმარეთაგან დაასახელა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. აშკარა გახდა, რომ მისი ერთწლიანი სამოგზაურო გეგმა და ლონდონში საახალწლო დაბრუნება დღის წესრიგიდან ამოვარდა. სერენამ თავისი მოგზაურობა საქართველოში 1876 წელს დაიწყო, პირველად იმერეთს ესტუმრა და ქუთაისში დაიდო დროებით ბინა. შემდეგ სამეგრელოში გადავიდა და ზუგდიდში შეჩერდა, რის შემდეგაც სამურზაყანოსა და აფხაზეთშიც გადაინაცვლა. კარლას საანგარიშო მოხსენება მოკლებულია ქრონოლოგიას, მაგრამ ირკვევა, რომ, როგორც ჩანს 1876 წლის ბოლოს იგი ზღვით იალტისა და ყირიმისკენ გაემგზავრა. ამის შემდეგ მან იმოგზაურა სიმფეროპოლის, როსტოვისა და ვლადიკავკაზის არეალში, საიდანაც დარიალის ხეობით კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სამხედრო გზით თბილისისკენ გამოემართა. ის გვიამბობს, რომ 1877 წლის იანვარში თბილისში მყოფი ემზადებოდა კახეთისკენ გასამგზავრებლად. კახეთში სამთვიანი მოგზაურობის შედეგად კვლავ თბილისში დაბრუნდა, სადაც მიიღო მიწვევა გურიის მოსანახულებლად. კარლა სერენა ნოემბერში ახალციხის, ბორჯომისა და გორის გავლით გურიიდან კვლავ თბილისში დაბრუნდა. კარლა თითქმის არაფერს ამბობს იმ დროს დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომის შესახებ, რომელიც 1877 წლის 24 აპრილიდან – 1878 წლის 2 მარტამდე გაგრძელდა. კავკასიაში ომის უმთავრესი მიზეზი აფხაზეთში თურქეთის შემოჭრა იყო, რის შედეგადაც მივიღეთ სოხუმის უდიდესი ნაწილის განადგურება და რეგიონების დროებითი ოკუპაცია. ომი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა მისთვის, რადგან კარლა იმ დროისთვის (1877 წ.) უკვე მიემგზავრებოდა აღმოსავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, იმავე პერიოდში გამოცემულ ამერიკულ ჟურნალში (1882 წ.) დაიბეჭდა სტატია კარლას მოგზაურობის შესახებ, სადაც წერია: „ახლადდაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომში. ომისაგან დაზარალებულ რეგიონებში, საკუთარი თავი საგმირო და სამამაცო საქმიანობით წარმოაჩინა შეუპოვარმა ქალბატონმა, რისთვისაც დაგვიანებით იქნა დაფასებული იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და მეფის ნაცვალ მიხეილის მიერ.” როგორც ირკვევა, ეს ანგარიში მცდარი გამოდის, რადგანაც კარლა არ იმყოფებოდა საქართველოს „ომით დაზიანებულ რეგიონებში”; იგი იმყოფებოდა თბილისსა და კახეთში 1877 წლის მარტის შემდეგ, სადაც გურიიდან მომავალი დაბრუნდა ახალციხის, ბორჯომის და გორის გავლით. როგორც თვითონ კარლა აღნიშნავს, იგი სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილ ჯარისკაცებს, ეს სასწრაფო დახმარების სამსახური მეფის ნაცვლის ცოლის - ოლგა ფეოდოროვნას მეშვეობით იყო შექმნილი. 1878 წლის შემოდგომაზე, კარლამ მცირე დროით საქართველო დატოვა და თეირანში გამოიზამთრა. კარლა ომის მოვლენებს გაკვრით მოიხსენიებს 1881, 1883 და 1884 წლებში დაწერილ წერილებში, სადაც მოთხრობილია სამეგრელოში, სამურზაყანოსა და აფხაზეთში მოგზაურობის ამბები. თუმცა ვრცლად გვიამბობს ომზე თავის სტატიაში: Mon Voyage: Souvenirs personnels – De la Baltique à la Mer Caspienne, რომელიც დაიბეჭდა 1881 წელს (იხ. ქვემოთ), მაგრამ ომში მონაწილეობის შესახებ არაფერს ამბობს. კარლა სერენას პუბლიკაციები დაისმის ოთხი შეკითხვა კარლას სტატიებისა და წიგნის შესახებ: ა)ისტორიული, ფოლკლორული, გეოგრაფიული და პირადი დეტალებიდან გამომდინარე, რომელსაც კარლა გვთავაზობს, ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, თუ რა მასალა მოაგროვა მან მოგზაურობის დროს და რა იყო მისი კვლევითი საქმიანობის შემდგომი დასკვნები?`` რა წყაროები და გამოცემები გამოიყენა მან – ქართული, რუსული თუ სხვა?`` ბ)რა შემატა კარლას მეორე მოგზაურობამ პირველი მოგზაურობის ამბებს. გ)რაოდენ კრიტიკულად იქნა მისი წერილები მიღებული?`` გარდა ამისა, იგი ოქროს მედლებით იყო დაჯილდოვებული შვედეთისა და იტალიის მეფეებისგან და მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ლონდონის, პარიზისა და ვენის გეოგრაფიულ საზოგადოებებში, და ბოლოს დ)რა საყურადღებო განსხვავებებია კარლას წერილებსა და მის წიგნს შორის?`` ამ საკითხების ნათელსაყოფად საჭიროა ჩატარდეს სამომავლო კვლევები. ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ რა დაიწერა კარლა სერენას და მისი მოგზაურობების შესახებ ქართული პრესის ფურცლებზე ქართველი ინტელექტუალებისა და პოლიტიკური ფიგურების მიერ. (განსაკუთრებით საინტერესო ჩანაწერები ეკატერინე დადიანს ეკუთვნის). იყო თუ არა გამოქვეყნებული ვრცელი წერილები ქართულ და ევროპულ პრესაში მისი გარდაცვალების შემდეგ?`` ამისთვის საჭიროა ქართულ, რუსულ და ევროპულ არქივებში ჩატარდეს სათანადო კვლევა. კარლა სერენას სამოგზაურო ამბების მნიშვნელობა კარლა ხშირად აქებდა საქართველოს მდიდარ ბუნებრივ საგანძურს, მშვენიერებას იმ კუთხეებისას, რომლებიც მოინახულა და კეთილშობილებას იმ ადამიანებისა, ვინც გაიცნო, განურჩევლად წოდებისა. იგი ასევე აკრიტიკებდა ანტისანიტარიას. აღსანიშნავია, რომ მისი ასეთი შეხედულება არ უნდა ყოფილიყო გულსატკენი, რადგანაც 1870-1880-იან წლებში ევროპულ სოფლებშიც დაბალი და საშუალო კლასისთვის, მცირე ვაჭართა და გლეხთათვის ვითარება თითქმის ანალოგიურად მძიმე იყო. კარლას ინტერესის არეალი და თხრობის უნარი მოგვაგონებს რამდენიმე რომაელ კათოლიკე მისიონერთა ადრეულ ხატოვან ჩანაწერებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე არასოდეს თარგმნილა. ეს კათოლიკე მისიონერები იყვნენ: დონ პიეტრო ავიტაბილე (1626-38), არქანჯელო ლამბერტი (1633-49), დონ კრისტოფერო დე კასტელი (1628-54), და ჯოსეფ-მარინე ზამპი (1645-1668). კასტელმა, გარდა ორი წიგნისა, დაგვიტოვა 500-ზე მეტი საინტერესო ჩანახატი, სადაც აღნუსხულია ამა თუ იმ კუთხის ყველა ცხოვრებისეული ასპექტი, იქნებოდა ეს საეკლესიო, გლეხთა ცხოვრების, გართობის, პორტრეტების, სამოსისა თუ სხვათა აღწერა. სამეგრელოს აღწერა ამ მისიონერ მწერალთა მთავარი საზრუნავი გახლდათ. მათი ნაწერები უდაოდ აღემატება ვიწრო კუთხობრივ და სარწმუნოებრივ ჭრილს; ისინი მიმოიხილავენ საყოველთაო საკითხთა არეალს. ზემოხსენებულ ოთხეულს ჩვენ უნდა დავამატოთ საფრანგეთში დაბადებული, მეტად გამორჩეული მოგზაური – ჟან შარდენი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე მდიდარი ვაჭარი, რომელმაც თეირანისკენ მიმავალმა 1672-73 წლები სამეგრელოში დაჰყო. ავტორმა თავისი მრავლისმომცველი მოთხრობები სხვადასხვა გამოცემებად დაჰყო, თუმცა მისი 1686 წლის გამოცემა შეიცავს მის შთაბეჭდილებებს სამეგრელოსა და თბილისის შესახებ, საიდანაც სპარსეთისკენ გაემგზავრა. საქართველოში მყოფ მოგზაურთა სიაში კიდევ იყვნენ: ეკატერინე დიდის მსახურები – გიულდენშტედტი (Guldenstädt), კლაპროტი (Klaproth) და სხვანი. ცოტა მოგვიანებით საქართველოში იმოგზაურეს დიუბუა დე მონპერემ (Dubois de Montpéreux ) და ალექსანდრე დიუმამ. რაც შეეხება კარლა სერენას, მან ყველაზე ბოლოს იმოგზაურა საქართველოში, რაც ამ ქვეყანაში დიდ ცვლილებებს დაემთხვა. იგი ღირსეული დანამატია იმ რჩეული კომპანიისა, რომელზედაც ზემოთ ვსაუბრობდით – ჩვენთვის ეს ადამიანები არიან უმთავრესი აღმწერები საქართველოსი. კარლას ნაშრომის უდიდეს ნაწილს მოიცავს მისივე უხვი ილუსტრაციები. თერთმეტსავე სტატიაში ბევრგან ვხვდებით შავ-თეთრ ნახატებს. ხშირად ორიგინალური ჩანახატებიცაა გამოყენებული. თითო სტატია შეიცავს სამ სრულგვერდიან ნახატს და შვიდ – მცირეს. ილუსტრაციებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი მასალა სოციალური თემატიკიდან: სხვადასხვა წარმომავლობისა თუ სოციალური ფენის ადამიანების ოჯახურ წვეულებათა, ყოველდღიური ყოფის, ციხე-ეკლესიათა და სხვა ტიპის ნაგებობათა ამსახველი ნახატები. სტატიებში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ორიგინალები, რის გამოც ეს ილუსტრაციები დღესაც ინარჩუნებენ უდიდეს ინტერესსა და ისტორიულ ღირებულებას. კარლას, როგორც ფოტოგრაფის, უმთავრესი საყრდენი თბილისში მცხოვრები 30 წლის ფოტოგრაფი გამჭრიახი ეთნოგრაფი და მე-19 საუკუნის ფოტოგრაფიის გიგანტი დიმიტრი ერმაკოვი (1848-1916) იყო; გარდაცვალების შემდეგ ერმაკოვმა დატოვა დაახლოებით 25 000 ფოტო-სურათი, 15 000 შუშის ნეგატივი და 5000-ზე მეტი ალბომი, რომელიც არის საქართველოს ისტორიისა და კულტურის უდიდესი საგანძური. ჯერაც გაურკვეველია კარლა და დიმიტრი შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს; ასევე უცნობია, თუ როგორ მოიპოვა კარლამ ეს ფოტოები. კარლა სერენასთვის დიდი შეღავათი იყო, როდესაც 1876-1881 წლებში მოგზაურობის დროს მან შეისწავლა ფოტოგრაფია, რაც ფრიად ესაჭიროებოდა 1876-77 წლებში სამურზაყანოსა და აფხაზეთში მოგზაურობის ამსახველი წერილების საილუსტრაციოდ. მისი ოსტატობა და ახლადშეძენილი უნარების გამოყენება უთუოდ აღსანიშნავია; მან წამოიწყო აფხაზეთის სახიფათო და მიუვალ მთებში ფოტო გადაღებები და კარგ შედეგებს მიაღწია. მის სტატიებში მოიხსენიება მესამე ფოტოგრაფიც (შესაძლებელია მეტიც ყოფილიყო), ერთ-ერთი ილუსტრაციის ციტატაზე წერია: „გადაღების შემდეგ”, რაც გვაფიქრებინებს, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო კამერის მიღმა. ცხადია, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (სადაც ინახება ერმაკოვის და მისი თანამედროვეების ნიმუშები) და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ცნობები ბევრ საკითხს მოჰფენს შუქს და მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ ამომწურავი მონახაზი და დეტალური რუქა კარლა სერენას მოგზაურობისა. უპირველეს ყოვლისა, კარლა დაწვრილებით აღწერს რა მრავალფეროვან სცენებს, ნანახი ადგილების ისტორიულ დეტალებსა და გაცნობილი ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს, იგი არ გვაწვდის ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც გვჭირდება მისი მოგზაურობების სრულყოფილად აღწერისათვის. კარლა სერენას საქართველოში მოგზაურობის შეუსწავლელი საკითხები მკაფიოდ განსაზღვრული ქრონოლოგიის ნაკლებობა არ არის ერთადერთი ნაკლი კარლას მოგზაურობების აღწერისას. იგი არ მოგვითხრობს დაწვრილებით იმ კონტაქტების შესახებ, რომელიც მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლაევიჩმა შესძინა და შემოიფარგლება მხოლოდ ამ პიროვნებათა სახელისა და თანამდებობის მოხსენიებით. თუმცაღა, კარლა ყურადღებას ამახვილებს სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე დადიანის მიერ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობაზე. ეს გამოჩენილი ქალბატონი გახლდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, დაბადებული 1816 წელს. 1838 წელს მან იქორწინა დავით დადიანზე, სამეგრელოს მთავარზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინემ ჩაიბარა სამეგრელოს მართვა. ყირიმის ომის შემდგომ 1856 წელს (რომელშიც ეკატერინემ აქტიური როლი ითამაშა სამეგრელოს დასაცავად), იგი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო სამეგრელოს მთავრობა თავის ვაჟს, გიორგის გადააბარა. ეკატერინე მოკლე ხნით დაბრუნდა სამეგრელოში 1857 წელს უტა მიქავას აჯანყების დროს, მაგრამ შემდეგ კვლავ ჩავიდა სანქტ პეტერბურგში. 1867 წელს გაემგზავრა პარიზში თავისი ქალიშვილის, სალომეს სანახავად, რომელიც იყო გათხოვილი თავად აშილ მიურატზე. ეკატერინე ზაფხულს ატარებდა ხოლმე აბანოთა ქალაქ ბედ ჰომბურგში, გერმანიაში, სადაც 1864 წელს 48 წლის დედოფალი ეკატერინე დაუმეგობრდა 21 წლის ბერტა კინსკის, ჩეხური არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელს. იმდენად მნიშვნელოვანია ბერტა ფონ ზუტნერის ფიგურა, რომ ამ სტატიაში ცალკე თავიც კი ეძღვნება. ბერტა ფონ ზუტნერის უცნაური ამბავი მართლაც გასაკვირია, რომ კარლა სერენას პუბლიკაციებში ბერტა არ არის ნახსენები. იგი სამეგრელოს შესახებ დაწერილ სტატიაში ამბობს, რომ მან წითელი პარასკევი გაატარა ზუგდიდში, სასტუმროების ნაკლებობის გამო დედოფალ ეკატერინესთან. კარლა ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის შემდგომ ადრეულ შემოდგომაზე ბერტამ დედოფალ ეკატერინესთან ერთად დაიწყო მზადება სამურზაყანოში გასამგზავრებლად. დედოფალმა ეკატერინემ ორგანიზება გაუკეთა მისი და ევროპელი სტუმრებისა და თავადების შეხვედრას. ანალოგიურად, ბერტა თავის მემუარებში – (Memoirs: Records of an Eventful Life, 1910) მადლიერებით მოიხსენიებდა დედოფალ ეკატერინეს თავის მეუღლესთან, არტურთან ერთად სამეგრელოში გატარებული დროის გამო, თუმცა არ უხსენიებია კარლა. შესაძლებელია ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და შთაბეჭდილებებიც კი ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაზიარებული კერძო მიმოწერებში, ამიტომაც საჭიროა საარქივო მასალის სათანადო კვლევა. აღნიშვნის ღირსია არტურის მიერ გამოცემული რამდენიმე “დაკარგული” ნოველა და ნარკვევი კავკასიის და საქართველოს თემაზე. ესენია: Daredjan: Mingrelisches Sittenbild (1886); Ein Demon (sic) (1895); Ein Aznaour: kaukasischer roman (1886); Der Batono (1886); Kinder der Kaukasus (1890); Die Tscherkessen: roman (2 vols; 1896-98); Daredjan (1896); Die Adjaren (1890); and Schamyl (1891). კიდევ ერთი ნოველა - Djambek the Georgian, ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ნიუ იორკში 1890 წელს. ასევე აღსანიშნავია ნოველა: atscharlebi აჭარლები (Artur von Suttner and Gwinerpadse; t’bilisi, gamomc’emloba enc’iklopedia adschara, 2007). საქართველოში ყოფნის დროს როგორც ბერტა, ასევე არტური, აგზავნიდნენ სტატიებს ავსტრიულ და უნგრულ პრესაში. ბერტამ გაავრცელა ცნობა 1884 წელს, რომ „მისი ქმრის კავკასიურ მოთხრობებს და ნოველებს დიდი წარმატება ხვდა წილად.” ეს თარიღი – 1884 წელი მიუთითებს, რომ არტურის ნამუშევრები გამოქვეყნდა (შესაძლოა პერიოდულ პრესაში) მანამდე, სანამ 1890 წლებში წიგნად გამოიცემოდა. ეს ნაშრომები ისევ ელოდებიან დღის შუქის ხილვას, როგორც ფონ ზუტნერის საქართველოსადმი მიძღვნილი დაკარგული ნაშრომები. ეს შრომები ასევე მოიცავს მის მიერ ვეფხისტყაოსნის თარგმანის დაუსრულებელ მცდელობას. ვილჰელმს Conseiller de Cour-ის წოდება ჰქონდა მინიჭებული და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა. ზამთარში მოგზაურობის სიძნელესა და საფრთხეებს ემატებოდა ის, რომ წყვილს თან ახლდა ორი მცირეწლოვანი შვილი: ანდრე და ეკატერინე. სამწუხაროდ, მოგზაურობის გაუსაძლისმა პირობებმა ახალდაბადებული ეკატერინეს სიცოცხლე შეიწირა. ფრედერიკამ საინტერესო პუბლიკაცია გამოსცა თავის ძნელ და ტრაგიკულ მოგზაურობაზე: Letters from the Caucasus and Georgia: To Which Are Added The Account of a Journey into Persia in 1812 (ინგლისურ ენაზე, 1823 წ.) შემდეგი პიონერი მოგზაური ქალბატონი, რომელიც ხანგრძლივი დროით მოგზაურობდა საქართველოში, თითქმის უცნობია. აწ უკვე განსვენებულმა ინგლისელმა ისტორიკოსმა, დოქტორმა დ.მ. ლანგმა, რომელიც გახლდათ საქართველოს ისტორიის ნაყოფიერი მკვლევარი, აღმოსავლეთ და აფრიკისმცოდნეობის სკოლის ბიულეტენში 1990 წელს გამოაქვეყნა ცნობები ანა ლისტერის შესახებ. იგი წერილში აღნიშნავდა, რომ ქ-ნ ვივიან ინგჰამი 1965 წელს მას ატყობინებდა სამუშაოს შესახებ, რომელიც ეხებოდა იორკელი ანა ლისტერის პირად წერილებს. ინგჰემი აცხადებდა: „[ანა ლისტერი] გახლდათ დაუშრეტელი ენერგიის მოგზაური. იგი 1840 წელს რუსეთში მოგზაურობის შემდეგ გარდაიცვალა ქუთაისში. მან მოგზაურობა 1840 წლის თებერვალში დაიწყო და მეტწილად მისი მარშრუტი გახლდათ გაყინული ვოლგიდან - მდინარე ასტრახანამდე. იქიდან კი – ურმითა და კიდევ ღმერთმა იცის, როგორ, თბილისში ამოჰყო თავი … ისეთი წვრილმანები, როგორიცაა საქონლის ფასები, აგრარული პროდუქტები და ა.შ. უფრო ნათლად წარმოჩენილია მასთან, ვიდრე დიუმას სამოგზაურო წერილებში, რის გამოც ეს ორი მოგზაური ძალზედ საინტერესო შედარებას გვთავაზობს.” დ. მ. ლანგი გვატყობინებს, რომ ანა ლისტერი და მისი თანამეგზური ანნ ვოკერი საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოვიდნენ, საიდანაც სამხედრო გზის გავლით თბილისში ჩამოვიდნენ. იმ დროს გუბერნატორი გოლოვინი თბილისში არ იმყოფებოდა და მოგზაურები მისმა ცოლმა თბილისში გავლენიან ხალხთან დააკავშირა, რომელთაც ანა მოიხსენიებს თავის ნაწერებში. ლანგი გვატყობინებს, რომ “ანაზე პატრიოტ ალექსანდრე ჭავჭავაძეს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია”. ასევე გაუცნია მისი ქალიშვილები – ნინო და ეკატერინეც (ეკატერინე გახლდათ ის ქალბატონი, რომელმაც მომავალში სამეგრელოს მთავრის ტიტული მიიღო და იყო ახლო მეგობარი კარლა სერენასი და ბერტა ფონ ზუტნერის). თავის სტატიაში ლანგი აღნიშნავდა, რომ ანას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი გაუცნია, მათ შორის – ინტელიგენციის, სამხედროების და სხვ. ანა თავის წერილებში სხვადასხვა საკითხებს შორის შამილისა და რუსეთის არმიის ძალასა და სიმტკიცეზე საუბრობდა. მან მრავალი სალოცავი და მონუმენტი მოინახულა, აღწერა მოგზაურობის მანძილები და პირობები და გააკეთა მრავალი ჩანახატი. 1849 წლის ივნისში ანამ ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ კი ზუგდიდში იმოგზაურა. აქ მას უცნაურმა ტკიპამ უკბინა, ნაკბენი გაუმიზეზდა და 23 სექტემბერს ქუთაისში დაბრუნებული გარდაიცვალა. მან საქართველოში დაახლოებით ექვსი თვე დაჰყო. დასანანია, რომ ანა ლისტერის საქართველოში მოგზაურობის დღიურები (ლანგის ცნობით სულ 400 ფურცელი) ჯერაც არ დაბეჭდილა. ლანგი წერილებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, მათ მნიშვნელოვან საინფორმაციო წყაროდ მიიჩნევს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კულტურული ცხოვრება, მოგზაურობა და ტოპოგრაფია, არქიტექტურა და არქეოლოგია, სამხედრო გონებამახვილობა და რელიგიური კვლევები – ეს არის ის არეალი, რომელსაც ყურადღებას აქცევს ლანგი ანა ლისტერის წერილებში. იგი 1840 წელს პირველი წერილობითი წყაროა რუსეთის საქმიანობისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. მეოთხე პიონერი მოგზაურიც იმსახურებს ყურადღებას. ეს გახლავთ თავგადასავლების მოყვარე ოდეტ კეუნი (1888-1978), წარმოშობით ჰოლანდიელ-თურქი, დაიბადა და გაიზარდა კონსტანტინოპოლში. მან 1919 წელს ხანგრძლივად იმოგზაურა საქართველოს დემოკრატიულ რეპუბლიკაში. პროფესორი სტივენ ჯონსი მის წიგნზე – (In the Land of the Golden Fleece: Through Independent Menchevist Georgia (1924)) აღნიშნავს: “… ღირსშესანიშნავი ეთნოგრაფიული ნამუშევარი საქართველოს რეგიონებზე ქალური ნააზრევის ჩანართებით” – კვლავ ინარჩუნებს თავის ღირსებას, როგორც საინტერესო და საფუძვლიანი აღწერა საქართველოს ახალწარმოქმნილი რესპუბლიკისა და მისი რეგიონების დამახასიათებელი თვისებებისა, პიროვნებებისა და მათი მახასიათებელი თვისებების. ო. კეუნის შემდგომი ფრიად მნიშვნელოვანი წიგნი სახელად - Prince Tariel: A Story of Georgia (1925) – იყო პოლიტიკურ-ჯაშუშური ხასიათის რომანი. თუმცა გამოცემის თანავე ეს წიგნი მოხსნილ იქნა, რადგან ბრიტანელმა არმიის ოფიცერმა ცილი დასწამა კეუნს ბოლშევიკთა აქტივისტობაში, რისთვისაც იგი 1921 წელს კონსტანტინოპოლიდან გააძევეს. ამ წიგნის მხოლოდ რამდენიმე ნიმუშიღაა შემორჩენილი, რადგან შემდგომ სასამართლომ წიგნის უკან დაბრუნების ბრძანება გამოსცა. ამჟამად წიგნის ასლი მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ბიბლიოთეკაში მოიპოვება. დასასრული მოგზაურთა ჩანაწერები ხშირად გვევლინება მნიშვნელოვან წყაროებად სხვადასხვა ქვეყნებისა და მათი რეგიონების შესახებ. ხშირად მოგზაურები გვთავაზობენ საჭირო დაკვირვებებსა და რემარკებს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ნიუანსებზე. ისტორიის გადმოსახედიდან ამ საკითხებს უდაოდ უკავიათ მნიშვნელოვანი ადგილი პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ეკონომიკის შემდეგ. ზოგადად პიროვნება, რომელიც არჩევს იმოგზაუროს გააზრებულად და მიზანმიმართულად, უფრო აღიარებულია, ვიდრე გამვლელი მოგზაური, ადამიანი ვისაც მიზნად აქვს დასახული ა პუნქტიდან ბ პუნქტში მოხვედრა, რაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად. უნდა ითქვას, რომ მოგზაურ ქალბატონთა დაწერილი არაოფიციალური, პირადი მოგზაურობების ანგარიშები შეიცავენ განსხვავებულ ინტუიციურ შორსმჭვრეტელობას, ვიდრე მოგზაურ მამაკაცთა დაწერილი ანგარიშები. ისეთი ქვეყნების შესახებ, როგორიცაა საქართველო და რომელზეც ვრცელი ისტორიული ცნობები ნაკლებად მოიპოვება, მოგზაურთა ჩანაწერები მნიშვნელოვანი შუქის მომფენია. მათი ღირებულება, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოგზაურთა გამჭრიახობასა და პატიოსნებაზე, რადგანაც ხშირად რელიგიური, ეთნიკური ან პოლიტიკური მიკერძოება შედეგად იძლევა მრუდე რეპორტაჟს. მრავალ ასეთ მონათხრობს გააჩნია მხოლოდ დროებითი „საზოგადო” აღიარება. ისინი, შესაძლოა, ერთხელ დაიბეჭდოს, მაგრამ იშვიათად თუ მეორედ გამოიცეს. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ღირებული წყაროები გადაიხედოს თავიდან და დაიბეჭდოს. თარგმანი ავტორის ინიციატივით შესრულებულია ნიუ იორკში ლევან კიკნაძის მიერ
ბიბლიოგრაფია: Fredrika von Freygang, Odette Keun, Anne Lister:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|