ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
გვანცა ჭოლიკაური ამერიკელი მკვლევარის წიგნი ვეფხისტყაოსანზე
2012 წლის შემოდგომაზე პიტსბურგის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ამერიკელი მკვლევარის დაიანა ფერელის (Dianne Ecklund Farrell) მონოგრაფია „რაინდული სიყვარული კავკასიაში: რუსთველის ქართული ეპოსი, ვეფხისტყაოსანი” (“Courtly Love in the Caucasus: Rustaveli’s Georgian Epic, The Knight in the Panther Skin”). ეს ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ საერთაშორისო არენაზე პოპულარულს ხდის შუა საუკუნეების ქართულ მწერლობას, არამედ უპირატესად იმით, რომ რუსთველოლოგიური პრობლემატიკა დასავლური მეცნიერების კვლევის არეალში შეაქვს. აქვე გვინდა დავძინოთ, რომ ათიოდე წლის წინ ამავე თემატიკით დაინტერესდა ამერიკელი მეცნიერი კულემანს ბეინენი[1], რომელიც დღეს საქართველოში კარგად ცნობილი საზღვარგარეთელი რუსთველოლოგია. ავტორი სხვადასხვა შესაძლებლობებისა თუ სანდო წყაროების მოხმობით ცდილობს, მკითხველის წინაშე გააცოცხლოს სურათი იმისა, თუ რა პირობებში მოხდა დასავლური რაინდული სიყვარულის კულტურის ჩასახვა და რა როლი შეასრულა არაბულმა ლიტერატურულმა სამყარომ ან ნეოპლატონურმა ფილოსოფიამ მის ფორმირებასა თუ გავრცელებაში. ამერიკელი მკვლევარი ასევე ისწრაფვის, დაადგინოს, თუ რა კუთხით ჰგავს ვეფხისტყაოსანი დასავლეთის რაინდულ სიყვარულს და რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ მსგავსებას. დასავლეთის რაინდული სიყვარულის დახასიათებისას დაიანა ფერელი უმთავრესად ძველი ტრუბადურების სასიყვარულო ლირიკას, ანდრეას კაპელანუსის „რაინდული სიყვარულის ხელოვნებას“, კრეტიენ დე ტრუას მეფე ართურის ციკლის რომანებსა და გოთფრიდ ფონ სტრასბურგელის ტრისტანის პროლოგს ეყრდნობა. ნაშრომის ავტორს არც რუსთველის მიერ სპარსული ეპოსის წერითი მანერის გამოყენება გამორჩენია მხედველობიდან. აქედან გამომდინარე, იგი ვეფხისტყაოსანს სპარსულ ეპიკურ ნაწარმოებებთან მიმართებაშიც განიხილავს. ამ შემთხვევაში, ის ფირდოუსის შაჰ-ნამეს, გორგანის ვისრამიანს, ნიზამის ლეილმაჯნუნიანსა და მოსე ხონელის ქართულ ეპოსს ამირანდარეჯანიანს ემყარება. დაიანა ფერელი მკითხველს მიუთითებს, რომ ნაშრომი fin’amor-s ეძღვნება. შესაბამისად, უმართებულო არ იქნება, თუ მის განხილვას სწორედ ამ ცნების განმარტებით დავიწყებთ. ა. ჯ. დენომი (A. J. Denomy), ტრუბადურთა სასიყვარულო ლირიკის მკვლევარი, ირწმუნება, რომ ადრეული ტრუბადურებიდან მოყოლებული არსებობდა მუდმივი გაგება წმინდა სიყვარულისა (Fin’amors)[3, გვ. 142-149]. ანდრეას კაპელანუსის მიხედვით, ძლიერი სურვილი არის ჭეშმარიტი სიყვარულის არსი. ეს სურვილი დაკმაყოფილების შემდეგ სუსტდება, ან საერთოდაც ქრება. ამის შემდეგ წმინდა სიყვარულს „შერეული სიყვარული“ (amor mixtus) ცვლის[2, გვ.21]. თუ ურთიერთობის მთავარ მიზანს სქესობრივი კავშირი წარმოადგენს, თანაც შეყვარებულები ცრუ და უპატიოსნონი არიან, მაშინ საქმე გვაქვს „ყალბ სიყვარულთან” (amars)[3, გვ. 143]. ტრუბადურები არც ადიულტერული სიყვარულის არსებობას გამორიცხავენ[3, გვ. 154]. დაიანა ფერელი შენიშნავს, რომ რუსთველისთვისაც სიყვარულის არსი წმინდა სიყვარულია, ისე როგორც ეს იყო ტრუბადურებთან. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ Fin’amor-ის XII საუკუნის ფრანგულ გაგებას რუსთველისეული წმინდა სიყვარული მნიშვნელოვნად შეესაბამება. კერძოდ, 1) ის გამაკეთილშობილებელი გრძნობაა; 2) დაკავშირებულია საღვთო სიყვარულთან; 3) გულისხმობს თითქმის რელიგიურ თაყვანისცემას საყვარელი ქალისადმი; 4) მოითხოვს მორჩილებასა და მოკრძალებას ქალის, როგორც მორალურად მაღლა მდგომის, წინაშე; 5) გულისხმობს ქალის სამსახურს, მსგავსად ბატონისა და ვასალის ურთიერთობისა; 6) სიყვარული გამოავლენს სატრფოს ღირსებას; 7) მისთვის აუცილებელია ერთგულება, კეთილგონიერება და ნებისყოფა; 8) ფინალის დაყოვნებით სატრფო სიყვარულის სურვილს ახანგრძლივებს. ამერიკელი მკვლევარი ზედმიწევნით განიხილავს ანდრეას კაპელანუსის „რაინდული სიყვარულის ხელოვნებას”. იგი დასძენს, რომ ირონიის ნიღაბს ამოფარებული ანდრეას კაპელანუსი სიყვარულთან დაკავშირებით უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს. შესაბამისად, რთულია, მკითხველმა ამოიცნოს მათ შორის რომელია ავტორის ჭეშმარიტი შეხედულება. დაიანა ფერელი აღნიშნავს, რომ კაპელანუსის ტრაქტატის მიხედვით, ქალი სიყვარულში არასანდოა და ის მამაკაცის სიყვარულს სიყვარულითვე არასდროს პასუხობს[2, გვ. 52]. ჩვენი მხრივ, გვინდა მივუთითოთ, რომ ამ შემთხვევაში რუსთველის კონცეფციასთან მსგავსება აშკარაა. რუსთველი საგანგებოდ შენიშნავს, რომ არსებობს უგულო სიყვარულის სახეობა, რომელსაც იგი სიძვას უწოდებს და ის ურჩევს რაინდს, ამგვარი სიყვარულისაგან თავი შეიკავოს: „სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: დაიანა ფერელი ერთგვარ შეპირისპირებით ანალიზს ახდენს, ერთი მხრივ, ვეფხისტყაოსნისა (ვეფხისტყაოსნის ტექსტს იგი უპირატესად ქეთრინ ვივიანის თარგმანით უთითებს[7]) და ვისრამიანისა (ვისრამიანს იგი რუსთველის დროინდელი ქართული თარგმანით იმოწმებს[5]), ხოლო მეორე მხრივ, ვეფხისტყაოსნისა და ლეილმაჯნუნიანისა. იგი რუსთველისეულ და გორგანისეულ სიყვარულს შორის პრინციპულ განსხვავებას იმაში ხედავს, რომ ვისრამიანის შეყვარებული წყვილი ქორწინებამდე ეძლევა ხორციელ ნეტარებას, მაშინ როცა ვეფხისტყაოსნის მიჯნურები დიდ თავშეკავებას იჩენენ. უფრო მეტიც, ნესტანზე დაქორწინებული ტარიელი აცხადებს, რომ ის მეუღლეს ქმრობას არ გაუწევს, თუ ავთანდილს თინათინზე არ დააქორწინებს. ამერიკელი ავტორის ეს დასკვნა პრინციპულად სწორია, მაგრამ ამავე დროს საჭიროდ მიგვაჩნია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ვეფხისტყაოსნისეული ჭეშმარიტი სიყვარული არ გამორიცხავს ხორციელი ურთიერთობის სურვილს. ტარიელი ნესტანთან თათბირის შემდეგ განშორებისას იტყვის: „მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვექვე წვევა, იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ტარიელის დასახმარებლად მიმავალი ავთანდილისა და თინათინის ბოლო შეხვედრა თანამედროვე კომენტატორთა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ პასაჟის მრავალპლანიანობიდან გამომდინარე არაა გამორიცხული ის თვალსაზრისიც, რომ რუსთველი შეყვარებულთა ფინალურ ურთიერთობაზეც მიანიშნებდეს. ერთმანეთისაგან საბოლოოდ განშორების გააზრება სატრფოსადმი თავგანწირვის ამ ფორმით გამოხატვასაც შეიძლება, რომ არ გამორიცხავდეს. დაიანა ფერელი, განიხილავს რა რუსთველის, გორგანისა და ნიზამის ეპოსებს სატრფოსადმი ერთგულების კუთხით, აცხადებს, რომ ლეილმაჯნუნიანისთვის ერთგულება არსებითია და მასში არ ვხვდებით „გამონაკლისებს“, რომელსაც ადგილი აქვს დანარჩენ ორ ნაწარმოებში[4, გვ. 21]. აღნიშნულ გამონაკლისებში ამერიკელი ავტორი, ერთი მხრივ, რამინის გულოზე ქორწინებას, ხოლო მეორე მხრივ კი ავთანდილის ფატმანთან ურთიერთობას გულისხმობს. რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში არსებობს ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობის ეპიზოდის სხვაგვარი ინტერპრეტაციაც, რომლის თანახმადაც ავთანდილის მიერ თავისი სატრფოს ერთგულებისადმი ღალატი ეჭვქვეშაა დაყენებული[6]. აღნიშნულ ეპიზოდში ავთანდილის განცდები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ იგი აკეთებს იმას, რაც მას არ სურს, და რისი გაკეთებაც მას სტანჯავს. იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ეს ქცევა ავთანდილის მსოფლმხედველობით პრინციპს შეესაბამება: „რაცა არ გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა!“[9, სტ. 881]. ვეფხისტყაოსნის სიყვარულისა და სპარსულ ეპოსებში ასახული სიყვარულის საფუძვლიანი შედარების შემდეგ დაიანა ფერელი ასკვნის, რომ რუსთველის პოემა განსხვავდება როგორც ვისრამიანის, ისე ლეილმაჯნუნიანისაგან იმ ძირითად ასპექტებში, რომლებშიც იგი დასავლეთის რაინდულ სიყვარულს უფრო ჰგავს[4, გვ. 21]. ამერიკელი მკვლევარი დასავლური რაინდული სიყვარულის ფორმირებაში ორ წამყვან ელემენტს გამოჰყოფს: უილიამ (William IX, Duke of Aquitaine) და რობერტ არბრისელის (Robert of Arbrissel) იდეოლოგიასა და სოციალურ-პოლიტიკურ რეალობას, სადაც მმართველად გვევლინება ქალი, რომელსაც ტერიტორიების დასაცავად ძლიერი სამხედრო პიროვნება სჭირდება. ზემოხსენებული იდეოლოგია გულისხმობს ქალთა მორალური უპირატესობის აღიარებას, მამაკაცთა მხრიდან მათ სამსახურსა და მათზე ამ სამსახურის გამაკეთილშობილებელ გავლენას. ფაქტების არარსებობის გამო ამერიკელი მკვლევარი დაზუსტებით ვერ მსჯელობს დასავლეთის რაინდულ სიყვარულთან მიმართებაში ნეოპლატონიზმის როლზე. ნაშრომის ავტორი ვეფხისტყაოსანს განიხილავს ნეოპლატონიზმის ფილოსოფიურ მიმართულებასთან კავშირში. იგი რუსთველის პოემის აშკარა პლატონისტურ მახასიათებლად მიიჩნევს მზეს, როგორც ღვთაების ხატს. აქ დაიანა ფერელი პლატონის სახელმწიფოს იმოწმებს. ამერიკელი მკვლევარი ამბობს, რომ მზის, როგორც ღვთაების გამოხატულების გამოყენებას ადგილი აქვს ფირდოუსის სპარსულ პოემა შაჰ-ნამეშიც, რომლის მთავარ გმირ რუსტამს რუსთველი ერთხელ ახსენებს. ავტორი აღნიშნავს, რომ ვეფხისტყაოსანში ზემოხსენებული ხატი სპარსული ეპოსისგან განსხვავებულია და რომ ეს განსხვავება ნეოპლატონიზმზე მიუთითებს. დაიანა ფერელი ყურადღებას ამახვილებს ქაჯეთის ციხესიმაგრეში მყოფი ნესტანის მიერ ტარიელისთვის მიწერილ წერილზე, რომელიც, მკვლევარის აზრით, ნეოპლატონური განწყობითაა დაწერილი. გარდა ნეოპლატონური ნიშნებისა, აღნიშნულ წერილში ფერელი რაინდული სიყვარულის მახასიათებლის არსებობაზეც მიგვითითებს. კერძოდ, ნესტანის მიერ ტარიელისთვის მიცემულ განკარგულებაზე, ინდოეთის დასახმარებლად წავიდეს. ავტორი შენიშნავს, რომ ვეფხისტყაოსანში დიონისე არეოპაგელის სიტყვებით გადმოტანილია ნეოპლატონური დოქტრინა ბოროტების რაობაზე: „ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს: ამავდროულად, დაიანა ფერელი დასძენს, რომ რუსთველი ნეოპლატონიზმის მამამთავარ პლოტინს არ ახსენებს[4, გვ. 51-52]. საჭიროდ მიგვაჩნია, ავღნიშნოთ, რომ თანამედროვე რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში რუსთველის მსოფლმხედველობის ნეოპლატონიზმად გამოცხადება არ არის გაზიარებული. ნეოპლატონიზმი მიჩნეულია რუსთველის მსოფლმხედველობის ერთ-ერთ ფილოსოფიურ წყაროდ, რომელიც რუსთველთან უშუალოდ მოდის მისი ქრისტიანული ინტერპრეტაციით; კერძოდ, დიონისე არეოპაგელის მეშვეობით. გამოვლენილია, რომ რუსთველის მსოფლმხედველობის ფილოსოფიური წყაროებია ასევე, ქრისტიანულ თეოლოგიასთან ერთად, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფია; უპირატესად უშუალოდ, ან გვიანდელი შუა საუკუნეების წყაროების საშუალებით[10]. დაიანა ფერელი თავის ნაშრომს შემდეგნაირად აჯამებს: ვეფხისტყაოსანზე ტრუბადურებისა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპის მინეზინგერების არანაირი პირდაპირი გავლენა არ დასტურდება. თუმცა, შესაძლოა, ნეოპლატონიზმი მათთვის საერთო ნიადაგს წარმოადგენდეს, ნეოპლატონიზმი, რომელიც იყო წამყვანი რუსთველის მსოფლმხედველობაში. მკვლევარი აღნიშნავს, რომ როგორც რუსთველის, ისე უილიამ IX მიერ წარმოდგენილი რაინდული სიყვარულის მოდელი მსგავს სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში შეიქმნა. კერძოდ, საქართველოშიც და სამხრეთ საფრანგეთშიც იყო ფეოდალური საზოგადოება, რომელსაც ქალი ედგა სათავეში. ამერიკელი ავტორი შენიშნავს, რომ ვეფხისტყაოსნისეული სიყვარული რაღაც უფრო მეტია, ვიდრე რაინდული სიყვარული. რუსთველთან მიჯნური დანახულია პანტერის სახეში, რომელიც ნესტანისა და ტარიელის მგზნებარე სიყვარულის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. დაიანა ფერელი ამბობს, რომ ამ უკანასკნელით ქართული პოემა სპარსული ლიტერატურისგანაა დავალებული. ავტორის დასკვნით, ვეფხისტყაოსანი არის ჰუმანისტური ნაწარმოები, რომელშიც დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურული ელემენტები თანაარსებობენ. დაიანა ფერელის „რაინდული სიყვარული კავკასიაში: რუსთველის ქართული ეპოსი, ვეფხისტყაოსანი” მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთველოლოგიური ლიტერატურისათვის.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|