ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
პატივი მაქვს, ჩვენი ჟურნალის მკითხველს წარმოვუდგინო საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო წიგნი (Donald Rayfield, Edge of Empires: a History of Georgia, Reaktion Books, London 2012). მისი ავტორია ცნობილი ინგლისელი მეცნიერი დონალდ რეიფილდი, ჩვენი ქვეყნის კარგი მცოდნე და დიდი მეგობარი. ქართული აკადემიური წრეებისათვის მისი სახელი უკავშირდება, პირველ რიგში, დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონს [1], რომლის სულისჩამდგმელი და თანაავტორი იგი გახლავთ. პროფ. რეიფილდის „საქართველოს ისტორია” განკუთვნილია, პირველ ყოვლისა, ინგლისურენოვანი, ე. ი. მსოფლიო მკითხველისათვის და შესაბამისადაცაა დაწერილი – მსოფლიო ისტორიის, უფრო ზუსტად, მსოფლიო იმპერიების ისტორიის კონტექსტში, რაც სათაურიდანაც ჩანს – „იმპერიათა კიდე(ზე)”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ავტორი არ შემოიფარგლება ფართო მკითხველის ზედაპირული ინტერესის დაკმაყოფილებით და გვთავაზობს ნაშრომს, რომელიც აკადემიური წრეებისთვისაც საყურადღებოა. წიგნი დაწერილია მრავალფეროვან წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, მათი კარგი ცოდნით, ამასთან, ხალისითა და ინტერესით იკითხება. მართალია, ავტორი საქართველოს ისტორიას გაბმულად მოგვითხრობს, მაგრამ აქცენტი გადატანილია იმ სურათებსა თუ ეპიზოდებზე, რომლებიც წყაროებში დეტალურად და ცოცხლადაა გადმოცემული. წიგნს ფილოლოგის, ლიტერატორის ხელი კარგად ეტყობა. საქართველოს უახლეს ისტორიას ავტორი თავადაც კარგად იცნობს, მომსწრე და თვითმხილველია მრავალი მოვლენის, კარგადაა ჩახედული ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ხშირად გვიჭირს ჭორ-მართლის გარჩევა. შესაბამისად, დასკვნითი თავები უფრო პუბლიცისტიკის ჟანრს განეკუთვნება, ვიდრე მშრალი ისტორიისას, იქ ბევრია სადავო, მაგრამ კარგად ჩანს ეპოქის წინააღმდეგობებით აღსავსე სული. ამის საპირისპიროდ, ავტორი გვთავაზობს სერიოზულ სამეცნიერო მიმოხილვას, რასაც ხშირად ერთვის საკუთარი კვლევის შედეგები თუ გონებამახვილური დაკვირვებები, საქართველოს ისტორიის იმ პერიოდებისა, რომლებისთვისაც არსებობს ფართო და დაღვინებული წყაროთმცოდნეობითი ბაზა. ეს მტკიცება შეეხება, პირველ რიგში, „რუსულ პერიოდს”, რომელიც ძალზე დეტალურადაა განხილული. შუა საუკუნეების ისტორიის თხრობისას ავტორი ძირითადად „ქართლის ცხოვრებას” ეყრდნობა, თუმცა იყენებს სხვა მრავალ წყაროსაც, რის გამოც მისი წიგნი ქართველი ისტორიკოსებისთვის სანიმუშო შეიძლება იყოს. ავტორი კარგად იცნობს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურასაც. ბიბლიოგრაფიაში მე გულს დამაკლდა ჰაინც ფენრიხის „საქართველოს ისტორია” [2], მაგრამ ის, ალბათ, ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, როდესაც განსახილველი წიგნი იწერებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, წყაროებისაგან განსხვავებით, ავტორი სამეცნიერო ლიტერატურას მინიმალურად უთითებს და არ ერთვება დისკუსიაში ამა თუ იმ საკითხის გარშემო. იმ პრობლემების შემთხვევაშიც კი, რაზეც მეცნიერები მრავალი ათწლეულის მანძილზე დაობენ, მას მოაქვს ის ვერსია, რომელსაც თავად უფრო ენდობა, როგორც დადასტურებული ფაქტი. შესაძლოა, ინგლისურენოვანი მკითხველისათვის არც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ქართული ანბანი, ქართული დამწერლობა ძვ. წ. მესამე საუკუნეში შეიქმნა თუ ახ. წ. მეოთხეში, მხოლოდ საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ, ან არმაზის კერპი ხეთურ არმას განასახიერებდა თუ ირანულ აჰურამაზდას, მაგრამ, ვფიქრობ, წიგნი არაფერს წააგებდა, ავტორს ძირითადი ვერსიები რომ განეხილა, ან, თუნდაც, ეხსენებინა, რომ ამ თემებზე სხვადასხვა აზრი არსებობს. წიგნს ამშვენებს მრავალფეროვანი საილუსტრაციო თუ საცნობარო მასალა, მათ შორის, რუკები და მმართველთა ნუსხები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ, ფარნავაზიანებისა და ბაგრატიონების დინასტიების გარდა, რასაც საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილ არაერთ წიგნში ვხვდებით, მოცემულია აფხაზეთის მეფეების, აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის მთავრების, თბილისის ამირებისა და სამცხის ათაბაგების სიებიც. ავტორი აფხაზეთის მეფეებს ანჩბას დინასტიას მიაკუთვნებს (გვ. 61 და 440). აჩბა-ანჩაბაძეების საგვარეულოს მართლაც უკავშირებენ ამ დინასტიას, მაგრამ „ვიკიპედიაშიც” კი[3] ეს იდენტიფიკაცია ჰიპოთეტურადაა წარმოდგენილი და მეც ვამჯობინებდი, რომ წიგნში ასევე ვარაუდის სახით ყოფილიყო მოცემული. მსგავსი სურვილი არაერთხელ გამჩენია, როდესაც ნაშრომს ვეცნობოდი. დავსჯერდები კიდევ რამდენიმე მაგალითს: ავტორი ხეთური ტექსტების ხაიასას სომხებს, ხეთური და ასურული ტექსტების ქაშქას – ქაშაგებს, ჩერქეზებს, ხოლო ასურული ტექსტების აბეშლას – აფსილებს/აფხაზებს უკავშირებს (გვ. 16). ხაიასას ჰაიასტანთან იდენტიფიკაციას არ იზიარებს მკვლევართა დიდი ნაწილი, მათ შორის ი. დიაკონოვიც [4], რომელსაც ნამდვილად ვერ დავწამებთ არმენოფობიას. ქაშქა-ქაშაგისა და აბეშლა-აფსილის გაიგივების ეჭვქვეშ დასაყენებლად შეიძლება მოვიხმოთ გ. გიორგაძის ნაშრომი [5], რომ აღარაფერი ვთქვათ აფსილ-აფხაზის მიმართებასთან დაკავშირებულ ცხარე დისკუსიაზე. საქართველოს უძველესი ისტორიისადმი მიძღვნილ თავში (The emergence of Georgians), სამწუხაროდ, აღმოვაჩინე რამდენიმე აშკარა უზუსტობაც: ცუხმე (შდრ. ქართ. „სომეხი”) დადასტურებულია ასურულ და არა ხეთურ ტექსტებში (გვ. 16); დაიაენის მეფეებს ასიასა და სიენის ასევე ასურული ტექტებიდან ვიცნობთ და არა ურარტულიდან (გვ. 17). მართალია, მკვლევართა უმეტესობა ემხრობა ასურული ტექსტების დაიაენისა და ურარტული ტექსტების დიაუხის (ქართ. ტაო) გაიგივებას, მაგრამ ასურული ტექსტის შინაარსის გადმოცემისას სიენი „დიაუხის მეფედ” (გვ. 17), ალბათ, მაინც არ უნდა მოვიხსენიოთ. გამიჭირდება დავეთანხმო ავტორის აზრს, რომ მესხები დღეს თურქულენოვანნი არიან (now entirely Turkish-speeking. gv. 12). სავარაუდოდ, იგი აქ ე.წ. თურქ-მესხებს გულისხმობს, რომელთა გასახლებისა და უკან ჩამოსახლების პრობლემა აქტუალური იყო უახლოეს წარსულში. ნაშრომის ამავე თავის გაცნობამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ძველ წყაროებში (ლურსმულ თუ ბერძნულ-რომაულ ტექსტებში) დადასტურებული ტერმინები, რომლებსაც ჩვენ ტრადიციულად ტომობრივ ან პოლიტიკურ ერთეულთა სახელებად აღვიქვამთ, სპეციალურადაა შესასწავლი, რათა შემუშავდეს მეთოდოლოგია მათი სწორი ინტერპრეტაციისათვის. დაბოლოს, იმის შესახებ, რითიც ავტორი თავის ნაშრომს იწყებს: მისი საქართველოს ისტორია მოიცავს პირველ რიგში, თანამედროვე სახელმწიფოსსაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შემდეგ გარკვეულ ტერიტორიას ამიერკავკასიაში და ბოლოს, ისტორიულ საქართველოს, რომელიც ოდესღაც ბევრად უფრო ვრცელი ყოფილა (გვ. 7). ავტორი ქვეყნის ისტორიას, იმ მომენტიდან მაინც, როდიდანაც ეთნიკურობაზე ლაპარაკი შესაძლებელია, არ გამოჰყოფს ქართველი ერის ისტორიისაგან. მაგრამ აქაც აზუსტებს, რომ თავად ქართველები ყოველთვის აღიქვამდნენ ქართველად, ერთი მხრივ, დაბადებით ქართველს, ქართულად მოლაპარაკეს, მეორე მხრივ, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა (იქვე). ეს, შესაძლოა, სადავო დებულება ინგლისურენოვან მკითხველს პირველი გვერდიდანვე ძირითადად სწორ წარმოდგენას უქმნის იმ ეთნიკურ თუ რელიგიურ შემწყნარებლობაზე, რომლითაც საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისაგან გამოირჩევა და რითიც დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროს თავი შეიძლება მოვაწონოთ. ქართველების, ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ხალხის (ქართველები, მეგრელები, ლაზები, სვანები) გვერდით ავტორი მოიხსენიებს იმ ხალხებსაც, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში – აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა თურქული ტომები, ებრაელები... მოვიტან ერთ პასაჟს, რომელიც, ჩემი აზრით დაზუსტებას საჭიროებს: “For long periods in Georgian history, Abkhazia (whose indigenous language is a northwest Caucasian language unrelated to Georgian) has been part of the Georgian state. For most of Georgian history, those Ossetians (formerly Alanians, an Iranian people, remnant of Scythians) who live in Transcaucasia have also been subjects of the Georgian state. A history of Georgia is therefore, at times, a history of Abkhazia and Ossetia” (გვ. 8). ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა. საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ბევრი უცხოელი ამგვარადვე მოახდენდა თავისი ცოდნის რეზიუმირებას, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც ახლოდან არც ისე უწყინარად ჩანს: ა. არ მივესალმები იბერიულ-კავკასიური ერთობის შესაძლებლობის სრულ იგნორირებას. დამოუკიდებლად იმისგან, ვიზიარებთ თუ არა ამ თეორიას, უკანასკნელი გამოკვლევების ფონზე [6; 7; 8], მისი მოუხსენიებლობა მაინც არ გვმართებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იდეის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებულია. ბ. ჩრდილოდასავლურ კავკასიური ენა, აფხაზური არის აფხაზების და არა აფხაზეთის (თუნდაც დღევანდელი, მით უმეტეს X საუკუნის გაგებით) ენა. აფხაზეთში ყოველთვის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა იყო და ქართველური კომპონენტიც ყოველთვის მძლავრად იყო წარმოდგენილი, რაც განაპირობებდა კიდეც აფხაზეთის მჭიდრო კავშირს ქართულ სამყაროსთან ათასწლეულების მანძილზე. გ. ოსები, რომელთა იდენტიფიკაცია ალანებთან და, მით უფრო, სკვითებთან არაა უდავო, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ოსეთი, ქვეყანა ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს ნაწილი არ ყოფილა. ისინი სომხების, ებრაელებისა და სხვა ხალხების მსგავსად საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ საქართველოში და ამ როლში წარმოადგენდნენ ქართული სახელმწიფოს სუბიექტებს. სასურველი იქნებოდა, ჩვენთვის ამ მტკივნეულ საკითხებზე შესავალშივე სწორად დასმულიყო აქცენტები, მით უფრო, რომ ავტორი თავად კარგადაა გარკვეული ამ პრობლემატიკაში და კონკრეტული საკითხების განხილვისას მასალას სწორად გვაწვდის. მთლიანობაში მინდა გამოვხატო ჩემი დიდი კმაყოფილება იმით, რომ საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს გაუჩნდა კიდევ ერთი კარგი წიგნი წასაკითხად.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|