ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

Brill-ის გამომცემლობამ 2013 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია სათაურით უძველესი ქართული წარწერები[4]. ნაშრომის ავტორია ცნობილი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი, რომლის თავდაუზოგავი მუშაობითაც გერმანელი საზოგადოება უკვე მრავალი ათეული წელია, ეცნობა ქართულ კულტურასა და მის სპეციფიკურ მახასიათებლებს[4; 5; 6; 7]. წინამდებარე წერილით ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მკვლევრის ზემოხსენებული მონოგრაფიის მოკლე მიმოხილვას.

უძველესი ქართული წარწერები 10 თავისაგან შედგება. ვიდრე წიგნში მოცემული მასალის შესახებ ვისაუბრებდეთ, წარმოგიდგენთ თავების თანამიმდევრულ ჩამონათვალს:

• ქართული დამწერლობის განვითარება;
• კონსონანტთა ძველქართული სისტემა;
• ძველი წარწერები საქართველოში;
• ადრეული ქართული წარწერები პალესტინის ტერიტორიაზე;
• ძველი წარწერების მახასიათებელი ნიშნები;
• წარწერების ტიპთა შორის არსებული წინააღმდეგობები და სხვა გარემოფაქტორები;
• წარწერები ნეკრესიდან;
• ნეკრესის წარწერების ტიპური მახასიათებლები;
• წარწერათა ორი ტიპის შედარებისათვის;
• ფარნავაზის დროინდელი სამწერლობო ნიშნები.

როგორც პარაგრაფების უბრალო ჩამონათვლიდანაც ჩანს, მონოგრაფია წარმოადგენს საფუძვლიან ნაშრომს ქართული დამწერლობის შესახებ წარწერებში ასახული დიაქრონული ტრანსფორმაციის მაგალითზე. პირველივე თავი, ქართული დამწერლობის განვითარება, მკითხველს სთავაზობს ქართული ანბანის ფორმირების ამსახველ სამ ძირითად საფეხურს მათ შორის არსებული ურთიერთკავშირის დემონსტრირების საშუალებით. კერძოდ, მასში მოცემულია თითოეული გრაფემის მახასიათებლები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობების კონტექსტში. ამავდროულად, ნაშრომისათვის თანდართული გრაფიკული ნიშნები და გარდამავალ ეტაპთა ჩვენება სხვადასხვა ტიპის დამწერლობაში კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მკითხველისათვის ქართული დამწერლობის განვითარების პერიპეტიებს ანიდან ვიდრე ჰოემდე.

მეორე თავი კი, კონსონანტთა ძველქართული სისტემა, სულ ერთ გვერდს მოიცავს და ძველქართული ფონემების პარადიგმატული სისტემის ჩვენებას ემსახურება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მკვლევრის მიერ მესამე და მეოთხე თავებში მოცემული უძველესი ქართული წარწერების საფუძველზე (ბოლნისის, ურბნისის, კუმურდოს... პალესტინის წარწერები) მოცემული ანალიზი, რის შედეგადაც ნაშრომში საუბარია ისეთ კარდინალურ საკითხზე, როგორიცაა ქართული ანბანის წარმოშობის პრობლემა და მისი ქრისტიანობასთან დამოკიდებულების საკითხი. ავტორი აქ სულ რამდენიმე, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, არგუმენტს განიხილავს და წერს, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ქრისტიანი მოღვაწის მიერ ანბანის შექმნის ფაქტი არასდროს რჩება უკვდავყოფის პატივს მიღმა. ამის მაგალითია გოთური, სლავური და სომხური ანბანები, რომელთა ავტორებიც საყოველთაოდ არიან ცნობილნი. და პირიქით, თუ ანბანის შემქმნელის ვინაობა დავიწყებას ეძლევა, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ამა თუ იმ ქრისტიანული ქვეყნის დამწერლობა მის გაქრისტიანებამდეა ფორმირებული (მაგ., კოპტური დამწერლობა). გარდა ამისა, აღნიშნავს მეცნიერი, როდესაც ქრისტიანი ავტორი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შემოქმედად, როგორიცაა ანბანის ფორმირება, ასახელებს წარმართ მოღვაწეს (ამ შემთხვევაში იგულისხმება ლეონტი მროველის მიერ მეფე ფარნავაზის დასახელება), ჩნდება კითხვა: რომ არა დანამდვილებითი ცოდნა აღნიშნული ფაქტისა, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ქრისტიანს ასეთი პატივის წარმართისთვის მისანიჭებლად? ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული არგუმენტით აყენებს აკად. ე. ხინთიბიძე ეჭვქვეშ ქართული ანბანის ქრისტიანობისდროინდელი წარმოშობის თეორიას[3; 8]. გარდა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა, ჰაინც ფენრიხი მსჯელობს „წერ“ ფუძეზეც და შენიშნავს, რომ ეტიმოლოგიურად იგი ნიშნავს „ფხაჭნას“, „კაწვრას“, რაც საჭირო იყო ისეთ მყარ მასალაზე, როგორიცაა ქვა ან თიხა. აღნიშნული მასალა კი აქტიურად სწორედ წარმართობის პერიოდში გამოიყენებოდა.

ზემოხსენებულ თავს მოსდევს ნეკრესის 10 და რუსთავის 4 წარწერის განხილვა, სადაც მკვლევარი ეყრდნობა ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკად. ლ. ჭილაშვილის ნაშრომს ნეკრესის უძველესი ქართული წარწერების შესახებ[1; 2]. რასაკვირველია, გერმანელი და, ზოგადად, ქართველოლოგიური პრობლემებით დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისათვის აღნიშნული სიახლის მიწოდება უმნიშვნელოვანესი ფაქტია და სათანადო დაფასებას იმსახურებს მკვლევართა მხრიდან.

ნეკრესის წარწერებისადმი მიძღვნილი თავი მხოლოდ წარწერების ჩამონათვლით არ შემოიფარგლება. აქ განხილულია ის განსხვავებული გრაფიკული ტიპი, რაც იკვეთება წარმართობისდროინდელ გადმონაშთებში. ამას კი შედეგად ქრისტიანული და წარმართული წარწერების შეპირისპირებითი ანალიზი მოჰყვება. კერძოდ, მანამდე 4 ძირითადი (გრაფიკული, ფონეტიკური, ლექსიკური და სტილისტური) ნიშნით განხილული ქრისტიანული ძეგლების წარწერები შემდეგი თავისებურებებით სხვაობენ ნეკრესისა და რუსთავის ადრეული პერიოდის წარწერებისაგან:

ა) ქრისტიანული წარწერები განვითარების შედეგად ჯერ ჩაკეტილ, შემდეგ კი გახსნილ ფორმებს მიჰყვებიან, რაც თანდათანობით გაკუთხოვნების ტენდენციის შემცველი ხდება და გარკვეულ ეტაპზე კიდეც ყალიბდება ახალი ტიპის დამწერლობად. ნეკრესისა და რუსთავის წარწერებიც, მსგავსად ქრისტიანული წარწერებისა, მრგვლოვანითაა შესრულებული, თუმცა ისინი გაკუთხოვნების ტენდენციას არ ავლენენ.

ბ) ქრისტიანული წარწერები ფონეტიკურ დონეზე შემდეგი სახით ვითარდებიან: ხანმეტი წარწერები – ჰაემეტი წარწერები – სანნარევი წარწერები. ნეკრესის წარწერებში ასახულია ხანმეტობის ეტაპი, ხოლო ჰაემეტობა და სანნარევობა აქ არ გვხვდება.

გ) ქრისტიანული წარწერები მოგვიანებით თანდათან ავლენენ ჴ-ის ხ-ში აღრევის ფაქტებს. ნეკრესის წარწერებში კი პირველს მეორე არასდროს ენაცვლება.

დ) ნეკრესის წარწერებში ვერსად შევხვდებით ქრისტიანული წარწერებისათვის ნიშნეულ სტილისტურ მახასიათებლებსა და შესიტყვებებს.

მკვლევარი განსაკუთრებულ მოვლენად მიიჩნევს ნეკრესისა და რუსთავის წარწერათა ნაწილში მოცემულ „ო“-ს დაწერილობას. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ შემთხვევებში უახლოვდება ბერძნულ ომეგას, რაც ანბანის წარმოშობის თვალსაზრისით შესაძლოა, ერთ-ერთ დამაფიქრებელ არგუმენტადაც იქცეს. ამგვარად, ასკვნის მკვლევარი, გამომდინარე ნეკრესის წარწერათა თავისებურებებიდან, აშკარაა, რომ იგი წინ უსწრებს ქრისტიანულ წარწერებს და არაერთ საინტერესო სიახლეს გვთავაზობს ქართული ანბანის გენეზისის თვალსაზრისით.

მონოგრაფიის უკანასკნელი თავი ეძღვნება უძველეს კულტურებში (თრიალეთის კულტურა) არსებულ გრაფემულ აღნიშვნებს, რაც საფუძველს არქეოლოგიური გათხრების მიერ მოპოვებული მასალებისგან იღებს. აღნიშნული თავი, ერთგვარად, კრავს მონოგრაფიის მთავარ თემას და მკითხველს ქართული კულტურის უძველეს ძირებზე სრულიად საფუძვლიანად მიუთითებს, რაც საკითხთა ობიექტური გაშუქებისა და ცალკეულ საკვანძო პრობლემათა თუ მოვლენათა პოპულარიზაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

 

მითითებული ლიტერატურა:
1. ჭილაშვილი, ლ., ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, შპს „სეზანი“, თბილისი 2004.
2. ჭილაშვილი, ლ., „წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან“, ქართველოლოგი №7, თბილისი 2000, გვ. 20-24.
3. Chintibidse, E., “Das Problem der georgischen Schrift- und Schriftumsentstehung“, Georgica, Heft 8, Jena-Tbilissi 1985, S.34-39.
4. Fähnrich, H., Die ältesten georgischen Inschriften, Brill, Leiden/Boston 2013.
5. Fähnrich, H., Geschichte Georgiens, Brill, Leiden&Boston 2010.
6. Fähnrich, H., Hinter neun Bergen; Märchen der Kartwelier, Buchverlag König, Greiz/Thr 2011.
7. Fähnrich, H., Königin des Waldes, Buchverlag König 2012.
8. Khintibidze, E., Georgian-Byzantine Literary contacts, Adolf M. Hakkert-Publisher, Amsterdam 1996.