ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქართველი მეცნიერი გრიგოლ ფერაძე - ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტი
გრიგოლ ფერაძე 1922 წლის 4 იანვარს ჩამოვიდა ბერლინში, თეოლოგიის შესასწავლად. გერმანიაში, ლეპსიუსის საზოგადოებაში. იგი საქართველოს ეკლესიამ გამოგზავნა თეოლოგიის სპეციალისტად მოსამზადებლად. მაშინ, ისე, როგორც ამჟამად, უნივერსიტეტში ჩარიცხვა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბოლოს, 1922 წლის 12 მაისს, ქართველი ყმაწვილი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ბერლინში შემორჩენილია ფერაძის ჩარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ლათინურ ენაზე. ბერლინის უნივერსიტეტის არქივში, სტუდენტთა ჩამონათვალში აღნიშნულ პირად ხელმოწერებს შორის, ფერაძის ხელმოწერაც არსებობს. მისი მატრიკულის ნომერია 5886/112. ფერაძე საკუთარ თავის ვინაობას აღნიშნავს, როგორც „მღვდელი ტიფლისიდან-საქართველოდან”. ფერაძე არ ყოფილა პირველი ქართველი სტუდენტი ბერლინის უნივერსიტეტში. პირველმა ქართველმა აქ სწავლა 1874 წელს დაიწყო და სასწავლებლად ქიმიის დარგი აირჩია. 1918 წლამდე კიდევ 14 სხვა სტუდენტი ჩამოვიდა და ისინი უპირატესად სწავლობდნენ მედიცინას, ფილოსოფიას, ქიმიას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებებს. ამ სტუდენტებს შორის იყვნენ აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდია და ივანე ჯავახიშვილი. განსაკუთრებით ბევრი ქართველი სტუდენტი ჩაირიცხა უნივერსიტეტში 1920/21 წლებიდან, რაც საქართველოში შეცვლილი პოლიტიკური გარემოებებით აიხსნება. მხოლოდ სამ წელიწადში, 1919-დან 1921 წლამდე, საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობამ წინა 44 წლის განმავლობაში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობას გადააჭარბა. შიგადაშიგ თუ ჯერ კიდევ ფილოსოფიის, მედიცინისა და ბუნებისმეცნიერებების მიმართ ინტერესი შეიმჩნეოდა, ახალი სტუდენტების უმრავლესობა შესასწავლად ეკონომიკის დარგს ირჩევდა. მიუხედავად იმისა, რომ ფერაძე ქრონოლოგიურად ბერლინის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების აღნიშნულ ნაკადს ეკუთვნოდა, თეოლოგიის ფაკულტეტის არჩევით იგი ამ ნაკადიდან განზე დგას. ფერაძე ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ იგი თავდაპირველად პოტსდამში, ლეპსიუსის საზოგადოების გენერალური მდივნის სახლში ცხოვრობდა და მას სტიპენდიასაც ეს საზოგადოება უხდიდა. ბერლინში ფერაძის სტუდენტობის შესახებ ვგებულობთ სხვადასხვა წყაროებიდან: წერილებიდან, სტატიებიდან, სტუდენტური დოკუმენტებიდან... 1) 1922 წლის ზაფხულის სემესტრში ქართველმა სტუდენტმა გამოცდები ჩააბარა შემდეგ გერმანელ პროფესორებს: ჰოლს - ეკლესიების ისტორია, I ნაწილი და საღვთო სჯული; ბაუდისინს - ფსალმუნების განმარტება; ბრიუკნერს - შესავალი ახალ აღთქმაში; დაისმანს - ახალი აღთქმა. მოსამზადებელი სემინარი (იოანეს გამოცხადების ეპისტოლე). პროფესორი ჰოლი და პროფესორი დაისმანი ფერაძის უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული მასწავლებლები იყვნენ. 1922 წლის მარტსა და აპრილში, გერმანიაში ჩამოსვლისთანავე, ფერაძის პირველი პუბლიკაცია იბეჭდება გერმანულ პერიოდულ ჟურნალში “Der Orient”. როგორც ჩანს, სტატია ეხებოდა საქართველოში ეკლესიის იმდროინდელ მდგომარეობას ამ ტექსტის დაწერა გაზეთის გამომცემელმა, ლეპსიუსმა, სთხოვა თავის ქართველ აღსაზრდელს. ფერაძე მოგვიანებით იშვიათად წერდა თანადროული ისტორიის ამსახველ თემებსა და საკითხებზე. ამ სტატიის შინაარსი არა მარტო აღმოსავლეთის მისიის (Orient-Mission) წევრებისთვის იყო საინტერესო, არამედ მას გერმანიის უწყებათა და კერძო პირების ყურადღებაც უნდა გაემახვილებინა იმდროინდელ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ბერლინში ფერაძის მასშტაბური სწავლის შესახებ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოკრძალებული წარმოდგენა შევიქმნათ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი უნივერსიტეტის კედლებს გარეთაც იმდიდრებდა განათლებას: ის ხშირად სტუმრობდა მასზე მზრუნველ ლეპსიუსს. ფერაძის 1922 წელს დაწერილ ერთ წერილში იგი დოქტორ ლეპსიუსს უბოდიშებს, რომ მასთან მისვლა ვერ შეძლო, რადგან ნაშუადღევს ყოველთვის უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო. იმავდროულად ის მოძღვარს წასაკითხი ლიტერატურის გამოწერაში დახმარებას სთხოვს. 2) 1922/1923 წლების ზამთრის სემესტრში ქართველი სტუდენტი ზემოთ უკვე ნახსენებ პროფესორებთან ერთად სხვა ახალ მეცნიერებსაც ეცნობა და მათ სალექციო კურსებს ისმენს. ორ მათგანს იგი 1927 წელს თავის დისერტაციაშიც მოიხსენიებს: პროფესორებს ზელინსა და ჰარნაკს. მათ ლექციებს ფერაძე უნივერსიტეტის დატოვებამდე, თითქმის ყოველ სემესტრში ესწრებოდა. მან მოისმინა ზელინის 4 და ჰარნაკის 5 სალექციო კურსი. ამ ხნის განმავლობაში ფერაძე მრავალი პირისა და დაწესებულების თანადგომით სარგებლობს. ცნობილია, მაგალითად, ვისბადენელი მასწავლებლის თ. შნაიდერის წერილი დოქტორ ლეპსიუსისადმი: „…ამ დღეებში ბანდეროლით გამოგიგზავნეთ 3 წიგნი და 1 რვეული, რომლებსიც, ვვარაუდობ, რომ კვლავაც გამოგადგებათ, თუნდაც ქართველი [სტუდენტისთვის]... გზავნილის ფულს თავად გავიღებ სიამოვნებით.“ 3) 1923 წლის ზაფხულის სემესტრში ფერაძე უკანასკნელად ისმენს პროფესორ ჰოლის ლექციებს, რომელიც 1924 წელს ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი გახდა. საფიქრებელია, რომ ამის შემდეგაც, მიუხედავად მისი მოუცლელობისა,Oფერაძე ინტენსიურ კავშირს ინარჩუნებდა რექტორთან, ამ უკანასკნელის 1926 წელს გარდაცვალებამდე. ამავე სემესტრში ქართველი სტუდენტი შვიდი პროფესორის ლექციებს ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც ჩანს, ფერაძეზე განსაკუთრებული დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, ვინაიდან დისერტაციაში იგი იხსენიებს თავის მასწავლებელს - კარლ ბროკელმანს, რომელთანაც იგი სირიულს სწავლობდა. 1923 წლის ზაფხულის სემესტრის დასასრულამდე, ფერაძე ღებულობს ოპელნის რაიონში, მდინარე ოდერზე მდებარე დომბროვსკას სასახლიდან 1923 წლის 20 მაისით დათარიღებულ წერილს: მას ზაფხულის არდადეგებზე სასახლეში დასასვენებლად იწვევენ. ცოტა მოგვიანებით პოტსდამში ციგენჰაგენიდან პომერანიის არნვალდის რაიონიდან მოდის ერთი პასტორის წერილი ბატონ ლეპსიუსის სახელზე: იგი ფერაძეს 30.000 მარკას ურიცხავს. მაშინდელ გერმანიაში გამეფებული ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, ეს დიდი თანხაა. (მაგალითად, 1923 წლის ზაფხულის სემესტრში ერთი პროფესორის ერთ აკადემიურ კურსზე დასწრება ფერაძეს 1200 მარკა უჯდებოდა. 1923 წლის ზაფხულის სასესიო პერიოდის შემდეგ, აგვისტოსა და ოქტომბერს შორის, ფერაძე დასასვენებლად მიემგზავრება დანიაში, რიობდიში. 4) 1923/24 წლების ზამთრის სემესტრში ფერაძე 8 სალექციო კურსს ესწრებოდა. მისი ახალი პროფესორები იყვნენ ფაბრიციუსი, მიტვოხი და კაფტანი. თითოეულ მათგანთან იგი ერთ ან ორ კურსს ესწრებოდა. 5) ლექციების ჩამონათვალი, რომლებსაც ფერაძე 1924 წლის ზაფხულის სემესტრში ესწრებოდა, ადრეულ სემესტრებთან შედარებით ნაკლებია: დოგმატიკა II, ეთიკა, სავარჯიშოები ძველ აღთქმის სემინარისთვის იერემიას ცხოვრებისა და წერილების შესახებ, ეკლესიების ისტორიის საზოგადოება, ახალი აღთქმის გრამატიკა. ამ სემესტრში ქართველი სტუდენტის ახალი მასწავლებლები არიან ტიტიუსი და მიხაელისი. ტიტიუსთან ფერაძე ერთ კურსს ესწრებოდა, მიხაელისთან – ორს, მაგრამ დისერტაციაში მხოლოდ პირველი მოიხსენიება. 1924 წლის ზაფხულის სემესტრის მომდევნო არდადეგებზე ფერაძე კლავ დანიაში რიოდბიში მიემგზავრება, ლოლანდის კუნძულზე. ეს მოგზაურობა 1924 წლის 6 აგვისტოს დაიწყო და 27 ოქტომბერს დამთავრდა. 1924 წლის 20 აგვისტოს ფერაძის მიერ ლეპსიუსისადმი გაგზავნილი ერთი წერილიდან ვგებულობთ, რომ მიუხედავად იქ არსებული ცხოვრების უკეთესი პირობებისა, იგი უკმაყოფილოა ცუდი სამუშაო პირობების გამო. 6) 1924/1925 წლების ზამთრის სემესტრში ფერაძე წერს სასემესტრო ნაშრომს გეორგ ჰაგიორიტისზე. როგორც მის მიერ მოგვიანებით დაწერილი დისერტაციიდან ირკვევა, ბერლინელი პროფესორი ჰოლი შემგომში ქართველ სტუდენტს სადოქტორო დისერტაციის დაწერას ურჩევდა ქართულ ბერმონაზვნობაზე. ფერაძემ ქართული ბერმონაზვნობის ინტენსიური კვლევა ბერლინში დაიწყო, მაგრამ წიგნებს, წყაროებს და მასალებს ბერლინის გარეთაც ეძიებდა. ასე მიმართა ფერაძემ, მაგალითად, ბონელ პროფესორ გოუსენს, რომელმაც 1913 წელს ქართული ბიბლიოთეკის შექმნა წამოიწყო. ამიერიდან იგი უკვე ფიქრობს, მასალების შესწავლა, ნაწილობრივ მაინც, ბონშიც განაგრძოს. ეს ჩანაფიქრი რომ განეხორციელებინა, ფერაძემ ბერლინის უნივერსიტეტიდან შუამდგომლობის მიღებაზე იზრუნა და მას სარეკომენდაციო წერილითაც დაეხმარნენ. იმავე თვეში, საშობაო არდადეგებზე, ფერაძე ბონში მიემგზავრება. როგორც ჩანს, ბონში იგი სამუშაომ შეაყოვნა. ამ პერიოდში, 1925-ის 2 თებერვლით დათარიღებული ერთი წერილზე, რომელიც ფერაძემ ივანე ჯავახიშვილს მისწერა, პოტსდამის ახალი მისამართია მითითებული: „ელიზაბეტშტრასე 18“. 1925 წლის 28 თებერვალს, ბერლინის უნივერსიტეტში დაბრუნებული ფერაძე, ზეპირი და წერითი გამოცდების საფუძველზე, ღებულობს დადასტურებას, რომ მას შეუძლია ორიგინალში ენობრივად მსუბუქი ბერძნული თეოლოგიური ლიტერატურის წაკითხვა და ტექსტისთვის გრამატიკული კომენტარების დართვა. 1925 წლის თებერვალში გრიგოლ ფერაძემ გადაწყვიტა, სწავლა მთლიანად ბონში გაეგრძელებინა. ჩვენ წინაშეა უნივერსიტეტის დატოვების მოწმობა, რომელიც რექტორის და ბერლინის უნივერსიტეტის სენატის მიერ არის მომზადებული. მოწმობა ადასტურებს, რომ გრიგოლ ფერაძე 1922 წლის 12 მაისიდან 1924/25 წლების ზაფხულის სემესტრამდე, როგორც თეოლოგიის სტუდენტი, უნივერსიტეტში ირიცხებოდა და თეოლოგიის ფაკულტეტზე იყო ჩაწერილი. ამრიგად, ფერაძის ბერლინური/პოტსდამური პერიოდის შესახებ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ისეთსავე სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა, როგორიც სტუდენტთა უმრავლესობისათვის დღესაც დამახასიათებელი: ყოველდღიური რუტინა. ბერლინის უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ბიბლიის ენობრივ შესწავლას. ბერლინში სწავლობდა ან სრულყოფდა ფერაძე გერმანულს, ბერძნულს, სირიულს, არაბულს. ენებში ჩვენთვის ცნობილ წერილობით შედეგებთან და საგამოცდო ნიშნების ფურცლებში აღნიშნულ მონაცემებთან ერთად ცხადი ხდება, რომ ფერაძეს სხვა ენების შესწავლაც დაუწყია. ჩანს, რომ იგი დაინტერესებული იყო ებრაული, ირანული და სომხური ფილოლოგიითაც. ენების შესწავლასთან ერთად, ბერლინის უნივერსიტეტში ფერაძე სამეცნიერო თეოლოგიური საფუძვლების შესწავლასაც შეუდგა და მას სამეცნიერო კვლევისთვის კარგი პირობები შეექმნა. თავისი მასწავლებლებიდან იგი განსაკუთრებით მოიხსენიებდა პროფესორებს: ჰოლს, ფონ ჰარნაკს, დაისმანს, ტიტიუსს, ზელინს, ბროკელმანს, ბრუნო მაისნერს და მიტვოხს. სხვათაშორის, ამ რვა მეცნიერიდან სამი ომის დაწყებამდე პენსიაში გაუშვეს, ოთხი კი ნაციონალ-სოციალიზმის ხანაში უნივერსიტეტიდან იძულებით გაათავისუფლეს და პედაგოგიური საქმიანობა აუკრძალეს, როგორც ებრაელებს. აქედან ცხადი ხდება, რომ ფერაძე ბერლინში თავის ცოდნას განსაკუთრებით ბევრ ებრაელ მასწავლებელს უმადლოდა და მათთან მეგობრობდა, რაც, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი გამხდარიყო იმისი, რომ მოგვიანებით 1942 წლის მაისში გერმანულმა პოლიციამ იგი ვარშავაში დააპატიმრა იმ ბრალდებით, რომ ებრაელებს ეხმარებოდა. ფერაძემ ბერლინში სწავლის პერიოდში გააცნობიერა, რომ მისი განსაკუთრებული სიყვარულის საგანი არა იმდენად თეოლოგიური მეცნიერებები იყო, რაც გერმანიაში მისი გამოგზავნის მიზანს წარმოადგენდა, რამდენადაც – თეოლოგიის, ისტორიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ერთობლიობა. დისერტაცია მისი გერმანელი მეცნიერი ხელმძღვანელის (ძიეჰვატერ) იოჰანეს ლეპსიუსის ხსოვნას ეძღვნება. ბერლინის უნივერსიტეტის მეცნიერებს შორის ლეპსიუსმა არსებითი ზეგავლენა იქონია დამწყები მეცნიერის ჩამოყალიბებაზე ბერლინურ/პოტსდამურ პერიოდში. მან ამოიცნო და მხარი დაუჭირა ბიბლიური და ისტორიული თეოლოგიისა და აღმოსავლური ენების ერთობლივი შესწავლის მიმართ ფერაძის განსაკუთრებულ ინტერესს. თავის დისერტაციაში ფერაძე მსოფლიოს მრავალ მეცნიერს ეხმიანება და ეკამათება. თავისი ბერლინელი მასწავლებლებიდან და ნაცნობებიდან იგი შემდეგ მეცნიერების ციტირებას ახდენს: ჰოლის, ზახაუს, ბროკელმანის, ჰარნაკის, ლიცმანის. მის მიერ ბერლინის დატოვებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მან 1925 წლის შემოდგომაზე თავისი დისერტაცია დაასრულა. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ დისერტაციის ძირითადი ნაწილი უკვე ბერლინში/პოტსდამში დაიგეგმა, შემუშავდა და დაიწერა. ასე რომ, ფერაძე ბერლინში სამ წელიწადში კომპეტენტურ, ავტორიტეტულ მეცნიერად ჩამოყალიბდა. 1932 წელს ფერაძე ბერლინელ პროფესორებს დაისმანსა და ლიტცმანს დაუკავშირდა, რომლებიც ძალზე მოწადინებული იყვნენ, რომ ფერაძისათვის სამუშაო ადგილი გამონახულიყო ბერლინის უნივერსიტეტში. ჩაფიქრებული იყო კათედრის დაარსება. ”თითქოს ყველაფერს კარგი პირი უჩანდა. მე შორიდან ჩამოვედი ბერლინში. რათა საჭირო პირებს ვწვეოდი. მაგრამ მე ეს ადგილი - შესაძლოა ჩემი მოუხერხებლობის გამო დამეკარგა” - წერს ფერაძე. შეიძლება ამ ”დაკარგვის” მიზეზი სულაც არაა ფერაძის პიროვნება და მისი ”მოუხერხებლობა”. როგორც ჩვენთვის ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიიდანაა ცნობილი, აქ ქართული ენის ლექტორად 1915 წლიდან რ. მეკელაინი მუშაობდა. სტუდენტთა მოძალების გამო კი 1918 წლიდან სპეციალური კურსი უნდა ყოფილიყო შემოღებული. ლაპარაკი იყო მიხეილ წერეთელზე, რომელიც სწორედ მაშინ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა სტოკჰოლმში. 1928 წ. გერმანული ორიენტალისტიკის მეხუთე სექციამ ერთხმად, დაბეჯითებით გამოთქვა ქართული შტუდიების მიმართ გულმოდგინედ ზრუნვისა და ხელშეწყობის სურვილი და ამის თაობაზე განცხადებით მიმართა პრუსიის კულტურის მინისტრს. მაგრამ, როგორც ჩანს, ბერლინის ქარტველოლოგიური კათედრისათვის ორი კანდიდატურა არსებობდა: ფერაძე და წერეთელი. წერეთელი ბერლინს დაბრუნდა და მას უკეთესო შანსი ჰქონდა. 1933 წლის ოქტომბრიდან მას სამსაათიანი კურსი ჰქონდა. 1936 წლიდან კი იგი ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორია ფილოსოფიის ფაკულტეტის ინდოგერმანული სემინარის ფარგლებში. იყო სხვა მიზეზებიც მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად. აქ მხოლოდ ამონაწერებს მოვიტან ორი საბუთიდან: 1. ”უფლებას ვაძლევ ჩემს თავს მხარი დავუირო პროფესორ მიხეილ წერეთლის განცხადებას. ხუთი წლის წინ თავისი ბრიუსელიდან ბერლინში გადასვლით (იმ ვითარებაში, რამაც მისი გერმანიის წინაშე დამსახურება დაადასტურა და რისთვისაც ჩვენ მადლობელნი უნდა ვიყოთ მისი) შესაძლებელი გახდა ჩვენს უნივერსიტეტში წარმოდგენილი იყოს ესოდენ სასურველი კლასიკური ქართული...” გვ. II/34. წერს აღმოსავლური ენების სემინარის დირექტორი. 2. ”დოქტორი წერეთელი. მოქალაქეობის არმქონე ქართველი, ომის დროს ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხარეზე იდგა და იძულებული იყო, 1918 წელს ბოლშევიკებს გაქცეოდა. იგი ქართული ფაშისტური ორგანიზაციის უფროსის მოადგილეა და ახლოსაა ნაციონალ-სოციალისტებთან,” - იკითხება დოცენტთა ნაციონალ-სოციალისტური გაერთიანების თავმჯდომარის ნიდერმაიერის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1936 წლის 27 აპრილით.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|