ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





brt 

ანტონი ანდერსონი


ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ

(“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”,

ამსტერდამი, 2018)

 

პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის არაჩვეულებ­რივი კვლევა, პირ­ველ რიგში, ავლენს საოცარ კავ­შირს ელიზაბეტ დედოფლის­დრო­ინ­­დელ თეატრსა და დიდ ქარ­თულ ნაციონალურ, მე-12 საუ­კუნის ეპიკურ ნაწარმოებს – ვეფ­ხისტყაოსანს შორის. ეყრდნო­ბა რა ყველაზე ზუსტ ტექსტობ­რივ ანა­ლიზს, ის უტყუარად წარმოაჩენს ისეთ მნიშვნელოვან მსგავსებებს, როგორიცაა გარემო, თემა, სიუჟე­ტი, მოქმედება და პერსონაჟი - რაც უდავოდ სცდება არქე­ტიპების უბრალო დამთხვევას და ავლენს ქართული ეპიკის აშკარა ზეგავლენას შექსპირზე, ბომონტსა და ფლეტჩერზე (კერძოდ ციმბელინი, ფილასტერი, მეფე და არამეფე). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ნაწარმოების მოქმედების არეა­ლად მითითებულია იბერია, რაც კლასი­კური  საქართ­ველოს სახელია.

ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა – როგორ მოხ­და ყოველივე ეს? ძლიერი ინტერესი გარესამყაროს მიმართ, ინფორმაციის მოპოვების დიდი სურვილი, ისევე როგორც ელიზაბეტისეული ინგლისის წარმოსახვის გამაოგნებელი ზრდა, ადვილად შესამჩნევია იმ პერიოდის ინგლისის ლი­ტე­რატურაში, კერძოდ, დაწყებული დიდი ტამერლანით (Tamburlaine) და მალტელი ებრაელით (Jew of Malta) და დამ­თავრებული ოტელოთი და ვენეციელი ვაჭრით. რეა­ლუ­­რად, ტამერლანში ჩვენ გვხვდება ინგლისურად უძვე­ლესი ხსენება საქართველოსი (Georgia) და არა იბერიისა და კოლხეთის სახელებისა, რომლებიც კლასიკურ ლიტერა­ტუ­რაში დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი. კიდევ უფრო ად­რე, 1356 წელს, საქართველოს შესახებ ჯონ მანდევილმა დაწერა თავის მოგზაურობანში (John Mandeville – Travels). საინტერესო ვარაუდები ქართველე­ბისა და ინგლისელების კავშირის თაობაზე ინგლისურ ცნობიე­რებაში არსებობს ჯერ კიდევ ჯვაროსნული ომებიდან, კონსტანტინოპოლიდან, ბე­რე­ბის­გან,  მებრძო­ლებისა და დიპლომატებისგან და უფრო ადრინდელი ხანიდანაც კი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სამყაროს შეცნობა უკავშირდება სწორედ ელიზა­ბე­ტის ეპოქას, ცნობილს თავისი მეზღვაურთა აღმოჩენებით, მოგზაურებითა და ვაჭრებით.

ანტონ ჯენკინსონის ზღვითმოგზაურობანი და Muscovy Company (1558-1571), ანტონი შერლი და მისი თავ­გადა­­სავლები სპარსეთში (1599) იყო მიზეზი საქართ­ვე­ლოსთან მეტად დახლოების. მათი ჩანაწერებით საზრ­დოობ­და იმ პერიოდის ლიტერატურა და ასევე ეგზოტიკის შეცნობის სულ უფრო მეტად მზარდი სურვილი. იმ პერიო­დის ბევრ წიგნსა და პიესაში აღწერილი გარემო ძირითად ეყრდ­ნობოდა კარგად ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს, პოპუ­ლარულ ზღაპრებს, მოგზაურობებსა და ისტორიებს.

სწორედ ეს გარემოებები უდევს საფუძვლად პროფე­სორ ხინთიბიძის მიერ გამოთქმულ ბრწყინვალე აზრებს. მის მიერ დაადგენილი სავარაუდო კავშირი, რომელიც აახ­ლო­ვებს შექსპირსა და რუსთაველს ერთმანეთთან, წარ­მოად­­გენს ნაშრომის ბრწყინვალე მონაკვეთს ̶ საინტერესოსა და საოცარს. უფრო სავარაუდოა, რომ ამ ამბავმა ინგლისში შე­აღ­წია არა Muscovy-დან ან სპარსე­თი­დან, როგორც მო­სალოდნელი იყო, არამედ იმდროინდელი ინგლისის მთა­ვარი მტრისგან ̶ ესპანეთიდან. ესპანეთში ქართული დელე­გაციები მოხვდნენ 1495 – 1598 წლებიდან, სადაც ძვირფასი საჩუქრები ჩაიტანეს და, რა თქმა უნდა, თავიანთი კულ­ტურა და ცოდნა. მიმდინარეობდა გაცხოველებული მიმო­წერა ამ ორ სამეფო კარს შორის ამ გარდამავალ წლებში. ფლეტჩერი, როგორც ვიცით, საუბრობდა ესპანურად; მნიშვ­ნელოვანი კულტურული გაცვლა–გამოცვლა, განსა­კუთ­­­რე­ბით რეფორმაციამდე და მას შემდეგ ბერებისა და მღვდლების მეშვეობით ინგლისსა და ესპანეთს შორის მრავ­ლად ფიქსირდება. როგორც ჩანს, ფლეტჩერმა თავისი ნაწარმოების ფაბულა მთლიანდ რუსთაველისგან აიღო. შექსპირი კი, რომელიც არასოდეს გაუშვებდა ხელიდან რაიმე ახალ ინფორმაციას, ბომონტთან და ფლეტჩერთან დაახ­ლოებული პირი გახლდათ.

ყოველივე ეს რუდუნებით მოიპოვა, ახსნა და ნათე­ლი მოჰფინა პროფესორმა ხინთიბიძემ თავის უპრეცენ­დენტო წიგნში, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქ­ვას, რომ უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო მო­ნაპოვარია აქამდე ინგლისურ-ქართულ აკადემიურ სამ­ყა­რო­ში არსებულ კვლევებს შორის. ეს არის უდიდესი მაგა­ლითი კულტურათა, ამბავთა და ინტერესთა კავშირისა მრა­ვ­ალი წლით ადრე, სანამ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ერთი ღილაკის დაჭერით გახდებოდა. ამასთან, იგი წარმო­ადგენს საოცარ საბოძვარს შოთა რუსთაველის ლეგენ­და­რული ეპიკის ძლევამოსილებისა და პოეზიის მიმართ.