ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

მარჯორი უორდროპი და გურია

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლი­­სელი ქალბატონია მარჯორი უორდროპი (1869-1909), რომელმაც ინგლისურად თარგმნა ქართული ეპი­კუ­რი პოე­მა ვეფხისტყაოსანი. მიუხედავად იმისა, რომ მარჯო­რი­სა და მისი ძმის, ინგლისელი დიპლომატის სერ ოლივერ უორდროპის ძეგლი თბილისში საქართველოს პარლამენ­ტის შენობასთან დგას, ინგლისში მის შესახებ ცოტას თუ სმე­­ნია. ეს სტატია აღწერს მის ვიზიტს 1895 წელს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - გურიაში.

მარჯორი უორდროპი თავისი სიცოცხლის განმავ­ლო­­ბა­ში ორჯერ ეწვია საქართველოს. მისი პირველი ვიზი­ტი იყო 1894-95 წლებში. მოგზაურობა ინგლისიდან დედას­თან ერთად დაიწყო ჯერ მატარებლით, მერე გემით და 1894 წლის დეკემბერში ბათუმში ჩამოვიდა [1; 2]. მისი ძმა ოლი­ვე­რი ამ დროისათვის უკვე საქართველოში იყო. მარჯორი ასე აღწერს მის ჩამოსვლას:

„მარსელიდან ცამეტდღიანი მოგზაურობის შემდეგ, 1894 წლის შუა დეკემბერში, განთიადისას გამეღვიძა და ვნახე რომ ჩვენი გემი უკვე ბათუმის პორტში შესულიყო. დი­ლა თენდებოდა, და ქალაქი ცივი ნისლის ბურუსში გახ­ვეუ­ლი მოჩანდა. მაგრამ დროდადრო ნისლის ბურუსის მიღ­მა მაღალ მთებსაც მოჰკრავდი თვალს. ეს იყო ჩემი პირ­ველი შეხვედრა ქვეყანასთან, რომელსაც ასე ხშირად წარ­მო­ვიდგენდი ხოლმე, ღამეულ ხილვებსა თუ დღის ზმა­ნე­ბებ­ში. მას შემდეგ, რაც ინტერესი გამიჩნდა საქართველოს ან­ტი­კური სამეფოსადმი, მისი ულამაზესი ხედებით, მამაცი და თვალადი მკვიდრებით, მისი მდიდარი ლიტე­რა­ტუ­რი­თა და, უპირველეს ყოვლისა, მისი სევდიანი, მაგ­რამ გმირუ­ლი ისტორიით, ვნატრობდი იმ დღეს, როცა მე თვი­თონ ფეხს დავდგმდი იმ ადგილებში, რომლებზეც ამ­დენი წამი­კითხავს და რომელზედაც ამდენი მიფიქრია, ვნატ­რობდი იმ დღეს, როცა იქნებ პირადად შევხვედროდი იმ პოე­ტებს, რომელთა ლექსებმაც ამხელა სიამოვნება მომა­ნიჭა“ [3].

მარჯორიმ და დედამისმა ღამე ბათუმში გაატარეს და მეორე დღეს თბილისის გზას დაადგნენ მატარებლით. თბილისში ჩასული მარჯორი მართლაც შეხვდა რამდენიმე პოეტს. განაკუთრებით აღსანიშნავია პრინცი ილია ჭავჭა­ვა­ძე. თბილისისკენ მიმავალმა მატარებელმა გაიარა ქალაქი ჩაქვი (რომელსაც მარჯორი „ჩაკვას“ უწოდებს) გურიასთან და მარჯორის საშუალება მიეცა, პირველად შეევლო თვალი გურიისა და გურულებისათვის:

„შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ რამდენიმე მილის გავლის შემდეგ მივაღწიეთ ჩაკვას, სადაც უკანასკნელ ხა­ნებ­ში ჩაის პლანტაციები გაუშენებიათ. სადგურში შე­სვლისას გაოცებული დავრჩი, როცა კოლორიტულ გურუ­ლებს შო­რის ათიოდე ჩინელიც დავინახე, უკან შეკრული თმე­ბით, თავიან ნაციონალურ კოსტუმში გამოწყობილები, რომლე­ბიც მოსულიყვნენ, რომ გამვლელი მატარებელი ენა­ხათ“ [3].

უორდროპებმა რამდენიმე დღე თბილისსა და ქუ­თაის­­ში გაატარეს, სადაც მათ ტრადიციული ქართული სტუ­­მართ­­მოყვარეობით უმასპინძლეს:

„ქართველებს უყვართ სტუმრები და მათი შეფა­სე­ბისას სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი უპირვე­ლესად აღსა­ნიშ­ნავი ღირსებაა. სტუმრისადმი ბუნებრივი სიყვა­რულის გარ­და, მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ჩვენს მი­მართ, რადგან ჩვენ ვისწავლეთ მათი ენა და ინგლისიდან მათთან შესახვედრად ჩამოვედით. მათ მიერ ჩვენი მეგობ­რუ­ლი და აღფრთოვანებული მიღება ყველგან იყო გაცი­ლე­ბით დიდი კომპენსაცია იმ ძნელად გატარებული საა­თე­ბისა, რაც მათი ენის სიძნელეთა გადალახვას და ქარ­თული ზმნის ექსცენტრულობის გაგებას მოუნდა“ [3].

ქუთაისიდან მარჯორი და ოლივერი 1895 წლის იან­ვარ­ში გურიაში ჩავიდნენ. ისინი სოფელ ნიგოეთში გა­ჩერდ­ნენ:

„ჩვენს კეთილ მასპინძელთან ერთად ვესტუმრეთ პრინცესა მაჭუტაძეს ნიგოეთში. ეს ქალბატონი ინგლი­სე­ლია და მთელს ამ მხარეში ძალზე დაფასებული თავისი ხა­სიათის გამო. ის თავისი მამულის გლეხებზე ძალიან ზრუ­­ნავს და ავადმყოფობისა თუ განსაცდელის დროს მას­თან მო­დიან რჩევა-დარიგებისა და ნუგეშისათვის. მისი შვი­ლე­ბი ინგლისურად საკმაოდ გამართულად ლაპარა­კო­ბენ, ისე­ვე როგორც ქართულად. აქ ჩვენ სტუმართმოყვა­რეობით მიგ­­ვიღეს პრიცესა მაჭუტაძემ და მისმა ქმარმა“ [3].

მარჯორის მიერ ნახსენები პრინცესა იყო პრინც დი­მიტ­­რი მაჭუტაძის მეუღლე. დიმირტი მაჭუტაძე დაქორ­წინ­და ინგლისელ ქალზე სახელად ჰანა ტარსი. ჰანა იყო უინ­ძო­რის ციხესიმაგრის მებაღის ქალიშვილი. 1866 წელს 19 წლის ჰანა გაემგზავრა რუსეთში, რათა გრაფ ლევ ტოლს­ტოის სახლში მისი შვილების აღმზრდელად (გუვერ­ნანტად) ემუშავა[1] [4].

ტოლსტოის სახლში ყოფნისას ჰანამ ასწავლა მათ სა­შო­ბაო პუდინგისა და იორკშული პუდინგის გაკეთება. 1872 წელს ჰანამ დატოვა ტოლსტოის ოჯახი და გადავიდა აღმზრდელად სონია ტოლსტოის დის ოჯახში, რომელიც კავკასიაში ცხოვრობდა. ჰანა შემდეგ ცოლად გაჰყვა პრინც დიმიტრი მაჭუტაძეს [5, გვ. 203-204]. მასთან ერთად ის წარმატებით გაუძღვა მაჭუტაძის ცხვრის ყველის წარმოების ბიზნესს [6, თავი 24]. მაჭუტაძეებთან სტუმრობის შემდეგ უორდროპებმა განაგრძეს თავიანთი მოგზაურობა გურიაში:

„ნიგოეთიდან ცხენით წავედით ჯუმათში ექსკურ­სია­ზე, სადაც მაღალ მთებში მონასტერია. აქ დასაფლა­ვე­ბუ­ლია რამდენიმე გურული მთავარი. უკვე იანვრის დასაწ­ყი­სი იყო, მაგრამ ყველგან ხარისძირების, ენძელების, იების, ფურისულებისა და სხვა ყვავილების მდიდრული ხალიჩა იყო მოფენილი. ხარისძირები განსაკუთრებით მომ­ხიბლ­ველნი იყვნენ, ძალიან დიდები, ღია ყვითელი, ვარ­დის­ფერ­თან შერეული. დაახლოებით ხუთი მილი ვაკეზე ვატარეთ ცხენები, მერე კი გზა, უფრო სწორად ̶ ბილიკი თანდათან შემაღლდა, და თითქმის ორი საათი მთებში ვია­რეთ, პანო­რა­მა უფრო და უფრო გაფართოვდა და მალე მო­ნასტერსაც მოვაღწიეთ“ [3].

მარჯორი დაწვრილებით არ აღწერს ამ მოგზაუ­რო­ბის სიძნელეებს, მაგრამ მისი ძმა ოლივერი ამ პერიოდის ერთ-ერთ წერილში ამბობს: „მოგზაურობა მხოლოდ ცხენე­ბით იყო შესაძლებელი და ვიგრძენი, რომ მარჯს საკმა­რის­ზე მეტხანს მოუხდა ცხენოსნობა, სრული ხუთი საათი ვია­რეთ ცხენებზე ამხედრებულებმა, მაგრამ ის არაფერს იმჩ­ნევ­და, და როგორც ყოველთვის, მხნედ და კარგად გამოიყუ­რე­ბო­და“ [1; 2]. მარჯორის ჩანაწერებში კი პეიზაჟია აღწერილი:

„ხედი ჯუმათიდან შეუძლებელია გადაჭარბებით იქ­ნას აღწერილი. ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიონის მთავა­რი მთაგრეხილია გაჭიმული, რომლის ყველა და­თრთ­ვი­ლუ­ლი მწვერვალი მკაფიოდაა გამოსახული ლურჯი ცის ფონ­ზე; მთათა შორის ენგურის, ხობის, რიო­ნისა და წყალ­წითელას მდიდრული ხეობებია ჩაწო­ლილი. აღმო­სავ­ლე­თით ქართლისა და იმერეთის მთებია, სამხ­რეთით კი თოვ­ლით დაფარული აჭარა-აფხაზეთის მთა­გრეხილია, რომე­ლიც კედლად ადგება გურიის ტალღოვან მდელოებს“.

ჯუმათში მათ მამა არსენმა უმასპინძლა, „კეთილმა, გულ­­წრფელმა ბერმა“. შემდეგ ისინი ლანჩხუთიდან სუფ­საში მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც გურიელების სა­სახლეში გაჩერდნენ: „ორი დღე გურიის პრინცის ზამთ­რის რეზიდენციაში გავატარეთ. ის მართავდა მთელ პრო­ვინციას დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუამდე. ეს მრა­ვალმხ­რივ ღირსშესანიშნავი ოჯახია. მისი წევრების ფი­ზიკური აღნაგობა მეტად გამორჩეულია. სხვა დამახა­სია­თებელ ნიშ­ნებ­თან ერთად აღსანიშნავია მათი ჩინებული თმები, შავი და ტალღოვანი. გურული იშვიათად ხმარობს ქუდს, რად­გან მას თმები საკმარისად იცავს ზაფხულის სიცხისა და ზამთ­რის სიცივისგან. მათი ნაკვთები უაღრესად დახვე­წი­ლი და სიმეტრიულია, ერთდრო­ულად გონიერი და გზნე­ბით განათებული გამომეტ­ყველებით. აშკარაა, რომ მეომარი რა­საა და ლეგენ­დე­ბი მათი გულადობის შესახებ ადვილად დასაჯერებელია“ [3].

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისი იყო, ამინ­დი „ძალიან კარგი და რბილი“ შეხვდათ. ოლივერი წერს: „ხალ­­ხი ამბობს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მარჯი აქ ჩამო­ვი­და“ [1; 2].

ამ ვიზიტის შემდეგ მარჯორის გურიელებთან კავში­რი არ გაუწყვეტია; უორდროპების კოლექციაში ინახება პრინ­­ცესა ნინო გურიელის 3 წერილი მარჯორისადმი [7]. ნინოს მესამე წერილი, დათარიღებული 1896 წლის 19 აგვისტოთი, გაგზავნილია სოფელ ხიდისთავიდან. ამ წე­რილიდან აშ­კარაა, რომ ეს იყო გურიელთა საზაფხულო რეზიდენცია და მარჯორი რამდენიმე ხნის წინათ ეწვია ნინოს აქ, სა­ქართველოში თავისი მეორე, ფინალური ვიზი­ტის დროს 1896 წელს.

დავუბრუნდეთ უორდროპების პირველ, 1895 წლის საქართველოში ვიზიტს. მარჯორი და ოლივერი სუფსიდან გაემგზავრნენ გურიის რეგიონალურ დედაქალაქში, ოზურ­გეთში: „ქალაქი პატარაა, შესაძლოა, ოდნავ მოზრდილი, ვიდრე დიდი სოფელი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა აჩვენებს დიდ ლიტერატურულ აქტიურობას. აქ არის სტამ­ბა და ბევრი საინტერესო წიგნია დაბეჭდილი. ჩვენი მას­პინძლები არიან ათაბაგთა, ახალციხის უძველესი მმართ­ველთა შთამომავალნი, რომელთაც უდიდესი სტუმართ­მოყვარეობით მიიგვიღეს“ [3].

ოზურგეთში ყოფნისას უორდროპები სადილად მიიწ­­ვია შემოქმედის მონასტრის წინამძღვარმა ამბროსიმ – „წარმოსადეგმა ჭაღარა ქართველმა“. ისინი ეტლით გაემგ­ზავრნენ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ: „კარგი მიზეზი გვაქვს, რომ ეს მდინარე დავიმახსოვრეთ, რადგან ჩვენი ეტლი რამდენჯერმე კინაღამ გადაბრუნდა მის ქვიშიან კალაპოტზე ხრიგინით, როცა მდინარე ჩვენგან სულ რაღაც ერთი დიუმის მანძილზე მიედინებოდა“ [3].

მარჯორი ისე მოხიბლულა შემოქმედის სილამაზით, რომ თავის ანდერძშიც კი მიუთითებია რომ იქ სურდა და­საფლავება. [8, გვ. 423] როდესაც მარჯორისა და ოლივერის ოზურგეთის დატოვების დრო მოვიდა, ქალაქმა მათ გამო­სამშვიდობებელი ბანკეტი მოუწყო:

„არასოდეს დამავიწყდება ენთუზიაზმი და კეთილ­განწ­ყობა ამ კეთილი გურულებისა. ისინი კვლავ და კვლავ გვთხოვდნენ მალე დაბრუნებას, მივიღეთ უთვალავი მოწ­ვევა მათ სააგარაკო სახლებში. ბანკეტი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ ჩვენ საღამოთი ბათუმის მატარებელს უნდა გავყოლოდით. ოთხმოცამდე სტუმარს შორის იყო რამდენიმე ძალიან მაღალი მამაკაცი. სამი მათგანი ალბათ შვიდი ფუტი სი­მაღ­ლის იქნებოდა. სანამ ჩვენ წამოვიდოდით, ერთ-ერთმა მათ­განმა სულმოუთქმელად დალია მთელი ბოთლი ადგი­ლობ­რივი წარმოების შამპანურისა, ჩვენთვის ბედნიერი მგზავ­რობის სასურ­ველად. ბოლოს, შეკრებილი სტუმრების გამო­სათხოვარ შეძახილებში, ჩვენ დავტოვეთ იქაურობა. ისინი ბალკონზე გამოვიდნენ რათა გამოგვმშვი­დო­ბე­ბოდნენ“ [3].

 

 

Bibliography

1. Oliver Marjory and Georgia by Nino Wardrop, Bodleian Library Record, April 1994

2. Odzeli Marika, Part 5, Chapter 1 of On the history of Georgian-English Literary Contacts, Tbilisi 1998

3. Wardrop Marjory, Notes of a Journey in Georgia, Bodleian Library Wardrop Collection, d.40/1(1)

4. Donskov Andrew (edited by),Tolstoy and Tolstaya – A portrait of a life in letters, “University of Ottawa Press”, 2017

5. Bartlett Rosamund, Tolstoy, A Russian Life, New York 2011

6. Сухотина-Толстая Татьяна Львовна, Воспоминания, 1950

7. Items d.20/124, 125 and 127, Bodleian Library Wardrop Collection

8. შარაძე გურამ, მეცნიერებისადასათნოებისსაუნჯე, თბ. 1984

 



[1] ჰანას და ჯენი იყო გუვერნანტი ლევ ტოლსტოის მეგობრის მემამულე ევგენი ლვოვისა ტულაში.