ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





რაინერ შოფლი

 სიმღერა ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანი:

ორი შუასაუკუნეობრივი ეპოსის შედარება

 

შინაარსი: შესაძლებელია, ორივე პოემა - სიმღერა ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანი დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. გერმანულ ეპოსში ამ ორ ნაწილს ხშირად მოიხსენიებენ შემდეგნაირად: ზიგფრიდის სიკვდილი და კრიმჰილდეს შურისძიება. პირველ ნაწილში მოთხრობილია გმირი ზიგფრიდის არშიყი კრიმჰილდესადმი, შემდგომ მათი შეუღლება და ზიგფრიდის მუხანათური მკვლელობა. მეორე ნაწილი კი მოგვთხრობს დაქვრივებულ ჰუნთა მეფის - ეტცელის (იგივე ატილა) არშიყზე კრიმჰილდესადმი, მათ ქორწინებას და კრიმჰილდეს უსასტიკეს შურისძიებას ბურგუნდიელებზე ზიგფრიდის მკვლელობის გამო. რაც შეეხება დატირებას (The Klage), ეს არის პოემა, რომელიც დაიწერა გერმანული ეპოსის შემდგომ რამდენიმე წელიწადში და რომელიც, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი თანმხლები კომენტარი გერმანული ეპოსისა, სადაც აღწერილია ჰუნების სამეფო კარზე დატრიალებული ხოცვა-ჟლეტვის შედეგი. თუკი სიმღერა ნიბელუნგებზე შეიძლება განვიხილოთ როგორც ბურგუნდიელთა დაცემის ისტორია, მაშინ სავარაუდოა, რომ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის განვითარება მცირე დროით უსწრებს წინ ბურგუნდიელთა უბედურებას.

პოემა შედგება დაახლოებით 2350 სტროფისგან.

ვეფხისტყაოსნის ორი ნაწილია ავთანდილის ორი ძიება და ისაა ჩარჩო ტარიელის ამბისთვის. პირველია ძებნა ავთანდილის მიერ ტარიელისა (რომელიც არის ვეფხის ტყავის მატარებელი). მეორე ნაწილში კი მოთხრობილია ნესტან-დარეჯანის ძებნის ამბები და საბოლოოდ ტარიელთან ერთად ქალის გადარჩენა. პოემა სრულდება ორი ქორწილით (ავთანდილი - თინათინი; ტარიელი - ნესტან-დარეჯანი).

ვეფხისტყაოსანში ღრმადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ტარიელის გამარჯვების, შემდგომ მისი დაკარგვის, საცოლის ძებნისა და საბოლოოდ მათი ქორწინების ამბები.

ლიტერატურული ჟანრი: რთულია იმ ჟანრის განსაზღვრა, რომელსაც ეს ორი ეპოსი მიეკუთვნება, რადგანაც ორივე ნაწარმოები უნიკალურია იმ პერიოდისთვის, რომელშიც შეიქმნა. „ორივე ეპოსი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ფაზას საგმირო პოეზიიდან რომანამდე [4, გვ. 546f.]“. ამგვარი განმარტება ვეფხისტყაოსანს უფრო მიემართება, ვიდრე გერმანულ ეპოსს სიმღერა ნიბელუნგებზე.

მისი პროტაგონისტები - ზიგფრიდი, მეფე გუნთერი და ჰაგენი ნატიფ რაინდულ საქციელს არ ამჟღავნებენ. ამიტომაც, ურსულა შულცი [16, გვ. 104-112] გერმანულ ეპოსს უწოდებს მხოლოდ „ეპიკას“ ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სიმღერა ნიბელუნგებზე შეიცავს საკარო ცხოვრების დეტალურ აღწერას, სადაც წარმოდგენილნი არიან ვასალები, მსახურები, დღესასწაულები, (სადღესასწაულო სადილები), მათი ძვირფასეულობა და მოხდენილი ტანისამოსი. ამგვარი აღწერა ფეოდალური ყოფის ერთგვარ სარკეს მოგვაგონებს. სესილ ბოურას აზრით კი, გერმანულ ეპოსში საკმაო რომანტიკული ელემენტების მოძიება შეიძლება იმისთვის, რომ სიმღერა ნიბელუნგებზე განვიხილოთ, როგორც ნაზავი ჰეროიკული და რომანტიკული ელემენტებისა [4, გვ. 547].

თუმცა, რეალურად სულ რამდენიმე რომანტიკული ელემენტი გვხვდება ნაწარმოებში. შეიძლება ითქვას, რომ სიმღერას ნიბელუნგებზე ხანდახან უწოდებენ ჰეროიკულ ეპოსს. ამგვარი სახელდება დამოკიდებულია უშუალოდ სიტყვა „ჰეროიკულის“ დეფინიციაზე. მკვლევარ სტეფან ლ. ვეილსის ზუსტი განმარტების მიხედვით: სანიმუშო ქმედება/საქციელი ცნობილი პერსონებისა განსაზღვრავს ჰეროიზმსო. მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ის (ჰეროიზმი) არ შემოიფარგლება მხოლოდ საქები და სადიდებელი ქმედებებით, რომელსაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც დადებით მოვლენას და რომელი ქმედებებიც ასოცირდება ზოგადად გამოყენებადი ტერმინების „გმირისა“ და „ჰეროიზმის“ მნიშვნელობასთან.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, მისი ჟანრის დეფინიციისათვის დიდძალი მასალის მოძიებაა შესაძლებელი. გიგი თევზაძე [17, გვ. 1] ვეფხისტყაოსანს "შაჰნამესა" და "როლანდის სიმღერას" შორის მიუჩენს ადგილს. ქართული პოემის მთარგმნელი მარჯორი უორდროპი [20] თავის წიგნში გამოყოფს ქვესათაურს - „რომანტიკული ეპოსი“, ხოლო ჰელმუტ ბირხანის აზრით, ვეფხისტყაოსანი უფრო მეტად ნოველაა, ვიდრე ეპოსი [3, გვ. 145]. მაკა ელბაქიძე ვეფხისტყაოსნის ლიტერატურული ჟანრის განსაზღვრისათვის თავის შრომაში ცხრა განსხვავებულ დეფინიციას ჩამოთვლის [6], მაგრამ ასკვნის რომ ვეფხისტყაოსანი არ არის ტიპური ნიმუში შუასაუკუნეობრივი რაინდული რომანისა.

რადგან რუსთაველმა შექმნა თავისი პოემა გარითმული სტროფებით, ტერმინი „ეპოსი“ თხზულებას უფრო მეტად შეეფერება, ვიდრე „ნოველა“ ან „რომანი“.

მეტრი: სიმღერა ნიბელუნგებზე შედგება წყვილრითმიანი, შუაში ცეზურით ოთხტაეპიანი სტროფებისგან. ამგვარი ფორმის სტროფები გამოარჩევს სიმღერას ნიბელუნგებზე თითქმის ყველა გერმანული შუასაუკუნეობრივი ნარატიული სტროფებისგან, რომელთა ნორმალური მეტრი არის მოკლე გარითმული ორტაეპედი, ისეთი, როგორიც გამოყენებულია დატირებაში (The Kla-ge) [იხ. 10, გვ. 16f.]. ნიმუშად მოყვანილია B ხელნაწერის პირველი სტროფი:

Uns ist in alten maeren wunders vil geseit
von helden lobebaeren, von grozer arebeit,
von fröuden, hochgeziten, von weinen und von klagen,
von küener recken striten muget ir nu wunder hoeren sagen.

ჯორჯ ნიდლერმა თარგმნა მაღალი შუასაუკუნეების გერმანული ტექსტი ინგლისურად, გამოიყენა რა გერმანული ეპოსის - სიმღერა ნიბელუნგებზე - მეტრი [12, verse 1]:

To us in olden story are wonders many told
Of heroes rich in glory, of trials manifold:
Of joy and festive greeting, of weeping and of woe,
Of keenest warriors meeting, shall ye now many a wonder know.

ვეფხისტყაოსანიც დაწერილია ოთხტაეპიანი სტროფებით, თითო სტროფი შედგება ოთხი თექვსმეტმარცვლიანი ტაეპით, რომელსაც შაირი ეწოდება [5, verse 89]:

წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,
თავ-ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად,
- მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, -
ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

ამ მეტრებს შორის მსგავსება არ არის უჩვეულო, რადგან ვეფხისტყაოსანი და სიმღერა ნიბელუნგებზე შედგება სასიმღერო ჟღერადი სტროფებით. ეს დამახასიათებელია შუა საუკუნეების პოემებისთვის, რომლებსაც წარმოთქვამდნენ ხოლმე ერთგვარი სასიმღერო ხმით. [cf. 11, გვ. 2].

ავსტრიელმა ებერჰარტ კუმერმა ფუნდამენტურად გამოიკვლია გერმანული ეპოსის მღერადობა, სანამ უშუალოდ დაიწყებდა ეპოსის სიმღერით წარმოთქმას. სიმღერით წარმოთქმა ინსტრუმენტების - არფისა და მრგვალი ვიოლინოს (wheel fiddle) აკომპანირებითა და მაღალი შუა საუკუნეების გერმანულით მოხდა. კუმერი ხუთი დღის მანძილზე, დღეში 6 საათი მღეროდა.

ვეფხისტყაოსანი შეიძლებოდა ემღერათ „დავითისებური“ ქნარით, რომელიც, შესაძლოა, კავკასიაში ებრაელების მიერ ბაბილონური ტყვეობის პერიოდში შემოსულიყო [20, გვ. IX].

წიგნიერება/საგანმანათლებო ცენზი: კომუნიკაცია გერმანულ ეპოსში დამყარებულია ვერბალურ/სიტყვიერ გზავნილებზე, მაგალითად ბურგუნდიელების ომისას დანიელებთან და საქსონებთან კომუნიკაცია სიტყვიერი გზავნილებით მიმდინარეობს; ეტცელი კრიმჰილდეს კეთილგანწყობის მოპოვებას მაჭანკლის Rüdiger von Bechelaren-ის დახმარებით ცდილობს. წერილობითი ურთიერთობის მხოლოდ ერთი მაგალითი გვხდება ნაწარმოებში: ეტცელი მაცნეებს წერილს გაატანს და ბურგუნდიელებს თავის სამეფო კარზე დაპატიჟებს. პოემაში ვკითხულობთ: „წერილები და გულისხმიერი მისალმებები, რომელსაც ისინი მათ გადასცემენ“ [12, verse 1421]. ამ ფაქტს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ სიმღერა ნიბელუნგებზე უმეტესად წერა-კითხვის უცოდინარი საზოგადოებისთვის იყო შექმნილი.

რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, აქ გმირებს შორის ურთიერთობის ფორმა აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს ატარებს. პოემაში პერსონაჟები უამრავ წერილს უგზავნიან ერთმანეთს. ლინ კოფინისეულ თარგმანში პოემის 63 თავიდან (პროლოგისა და ეპილოგის გამოკლებით) წერილებს 14 თავი ეთმობა. ზოგი წერილი სასიყვარულო ხასიათისაა ტარიელსა და მის მიჯნურს შორის მიწერილი, ზოგი სხვა შინაარსის მატერებელია - მაგ. ტარიელისა და ხატაელების წერილები. ჰელმუტ ბირხანი [3, გვ. 146] ამის შესახებ აღნიშნავს, რომ „ჩვენი ჰეროიკული ეპოსის ფონზე (გულისხმობს სიმღერას ნიბელუნგებზე) რუსთაველის პოემა უშუალოდ მიმართულია წიგნიერი, ინტელექტუალური საზოგადოებისადმი, რომლისთვისაც წერილების გაცვლა-გამოცვლა კომუნიკაციის სარწმუნო გზას წარმოადგენს. ეს შესაძლოა იმის მაჩვენებელი იყოს, რომ დაახლოებით 1200 წელს საქართველოში წიგნიერება უფრო მეტად ყვაოდა, ვიდრე დღევანდელ გერმანულენოვან ქვეყნებში“.

მანერები/საქციელი: პერსონაჟების ქმედება სრუ-ლიად განსხვავებულია ვეფხისტყაოსანსა და გერმანულ ეპოსში: ვეფხისტყაოსნის პროტაგონისტები ერთგვარი ხელოვნურობით გაჟღენთილ გადაჭარბებულ ემოციებს გამოხატავენ. მათ ტირილს პოემის 16% ეთმობა, უფრო მეტიც, გმირები ხანდახან სისხლიანი ცრემლებითაც კი მოთქვამენ. მსგავს ქმედებას ვერ შეხვდებით გერმანულ ეპოსში, ცრემლი და მოთქმა მხოლოდ დატირებაშია (The Klage), სადაც პოემის 40 % გმირების გლოვაა.

ერთგულება და მეგობრობა: ორივე ეპოსის ძირითადი წარმმართველია ერთგულება და მეგობრობა. მაღალი შუა საუკუნეების გერმანული სიტყვა „triuwe“ რომელიც ეპოსის სიმღერა ნიბელუნგებზე ფუნდამენ-ტური თემაა, ნიშნავს მუდმივ და ურყევ ერთგულებასა და თავდადებას ვინმესადმი, რომლის ნათელ მაგალით-საც იძლევიან კრიმჰილდესა და ჰაგენის პერსონაჟები [12, გვ. XXVI].

კრიმჰილდე ზიგფრიდის სიკვდილის შემდეგ ინახავს მეუღლისადმი მიცემულ ფიცს და საბოლოოდ, ეს ფიცი ხდება ჰაგენის წინააღმდეგ მისი შურისძიების მოტივაცია. ჰაგენი ზიგფრიდის მოკვლით უმტკიცებს საკუთარ ერთგულებას ბრუნჰილდეს, ხოლო ბურგუნდიელი მეფეები ჰაგენისადმი ერთგულებას დისადმი არსებულ ვალდებულებებზე მაღლა აყენებენ, რომელსაც იგი უბედურებამდე მიჰყავს და საბოლოოდ კი ნიბელუნგების სრულ განადგურებამდე. B ხელნაწერის 2105-ე სტროფში იკითხება [2]:

“Nune welle got von himele”, sprach do Gernot.
“ob unser tusent waeren, wir laegen alle tot,
der sippen diner mage, e wir dir einen man
gaeben hie ze gisel: ez wird et nimmer getan.“

ეს სტროფი ინგლისურ პროზაულ თარგმანში შემდეგნაირად ჟღერს:

“God in heaven forbid!” cried Gernot. “Though we were a thou-sand, gladly would we all die by your kinsmen, than give one single man for our ransom. That we will never do.” [cf. 1, p. 209]

მარჯორი უორდროპისეულ ვეფხისტყაოსნის ინ-გლისურ თარგმანში ვკითხულობთ [20, p. VI]: „პოემა მეგობრობის ქება-დიდებას წარმოადგენს, ყველაზე ნაზი და სათუთი სიყვარულიც კი ამ უმაღლესი მოვალეობის - მეგობრობის შემდეგ დგას.

“I believe that you did well not to break the oath that you did swear.
One should manifest strong love for a friend, even one that’s not there,
To uncover the mystery, seek for his cures as best you dare.
But if the sun in my Heaven’s hidden, I’m sure to feel despair!”
[5, verse 711]

„შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უვიცისა,
ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?“

ამბების დასასრული: ვეფხისტყაოსანი სრულდება ჰეფი ენდით - ავთანდილისა და ტარიელის საყვარელ ქალებზე დაქორწინებით. სიმღერა ნიბელუნგებზე კი სისხლითა და სრული ქაოსით მთავრდება. მხოლოდ დატირებას აქვს მშვიდობიანი დასასრული გუნთერისა და ბრუნჰილდეს შვილის კორონაციით, რომელსაც ბურგუნდიის ახალ მეფედ აცხადებენ.

ისტორიული ურთიერთობები: ისტორიასთან მიმართებები ორივე პოემაში ბურუსითაა მოცული, მაგ-რამ გერმანულ ეპოსში უფრო მეტად იკვეთება ისტორიული პიროვნებების ანალოგები: ბურგუნდიელებისა და ჰუნების მეფეები, მაგალითად - ატილა (ეტცელი) და დიტრიხ ფონ ბერნი (თეოდორე დიდი). ერთადერთი ისტორიული ფაქტის ანარეკლი ვეფხისტყაოსანში შეიძლება იყოს თინათინის კორონაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მიუთითებს მეფე თამარის მეფედ კურთხევაზე. ასევე შეიძლება პარალელი გავავლოთ მეფეებს - როსტევანსა (ვეფხისტყაოსანი) და გიორგი მესამეს შორის. მათ ორთავეს არ ჰყავდათ ვაჟი - გვარის გამგრძელებელი, სწორედ ამ მიზეზის გამო მათი ქალიშვილები ჯერ მამის თანამმართველებად დაინიშნენ, ხოლო შემდეგ - დამოუკიდებელ რეგენტებად.

ვეფხისტყაოსნის სივრცე წააგავს ერთგვარ წარმოსახვით რუკას [13, გვ. 464], გამონაკლისია ქვეყნების სახელწოდებები - არაბეთი, ინდოეთი და ხატაეთი. რაც შეეხება სიმღერას ნიბელუნგებზე, აქ შეიძლება დაიძებ-ნოს გერმანიის, ავსტრიის და უნგრეთის ტერიტორიები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გეოგრაფიული სახელწოდება ეპოსის შექმნის შემდგომ შეიცვალა, მათი ამოცნობა მაინც შესაძლებელია. [15, გვ. 82-91].

ისტორიულ ფაქტებთან მიმართებისა და წყაროების ნაკლებობა ვეფხისტყაოსანში შეიძლება აიხსნას იმით, რომ პოემა არ ეყრდნობა ფოლკლორულ ჩანაწერებსა და საგებს, პირიქით - ქართული ფოლკლორული თქმულებები ვეფხისტყაოსნიდან მომდინარეობს. [cf. 8].

ფოლკლორული სიბრძნე: რუსთაველი შეუდარებელია თავისი მეტაფორებითა და აფორიზმებით, ზოგიერთი მისი გამონათქვამი დამკვიდრდა კიდეც ქართულ სამეტყველო ენაში. მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“. [20, verse 39].

პავლე ინგოროყვა ჩამოთვლის სტროფებს [8, გვ. XLVIII], რომელიც ხალხს ძნელბედობის ჟამს აუთვისებია.

ა) „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;“
ბ) „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“
გ) „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა“.

ვეფხისტყაოსნის აფორისტული მეტყველების უფრო მეტი მაგალითი შეიძლება მოვიძიოთ ე. ხინთიბიძის გამოკვლევაში - „შოთა რუსთველი (საენციკლოპედიო ესკიზი)“ [9].

გერმანულ ეპოსში სიმღერა ნიბელუნგებზე მეტაფორებსა და აფორიზმებს არ ვხვდებით. შესაძლოა, ამიტომაც არ იყენებს გერმანული ენა ციტაციებს ეპოსიდან, თუმცა არსებობს ორი პოპულარული გამოთქმა, რომელიც საგას უკავშირდება: Dolchstoß in den Rücken - მუხანათურად ზურგში დაჭრა. ეს გამოთქმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მიემართება ჰაგენის მიერ ზიგფრიდის მალულად მოკვდინების ფაქტს. იგი დღესდღეისობით გერმანულში გამოიყენება მზაკვრული საქციელის, მზაკვრული საქმის გამო ვინმეს დასადანაშაულებლად.

მეორე გერმანული გამოთქმაა “Nibelungentreue” - ნიბელუნგთა ლოიალურობა, რომელიც გამოხატავს აბსოლუტურ, დაუეჭვებელ, უზომო და პოტენციურად საბედისწერო ერთგულებას ვინმეს მიმართ. ეს ფრაზა მიემართება სიმღერას ნიბელუნგებზე, რომელშიც ბურგუნდიელი მეფეები უარს ამბობენ მათი ერთგული ვასალისა და ზიგფრიდის მკვლელის - ჰაგენის კრიმჰილდესათვის გადაცემაზე, რასაც შედეგად მოჰყვა ბურგუნდიელთა/ნიბელუნგთა დაღუპვა.

ნაციონალური ეპოსი: პოემის ნაციონალურ ეპოსად გამოცხადება დამოკიდებულია უშუალოდ „ნაციონალური ეპოსის“ განმარტებაზე. სხვა მრავალ განმარტებას შორის არის ერთი დეფინიცია, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება სიმღერას ნიბელუნგებზე და ვეფხისტყაოსანს: „ჰეროიკული ეპოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ერის ცნობიერებაში, ანუ აღმზრდელობით ჩვეულებებში. როგორც ჩანს, მათში ნაციონალური ხასიათები ნათლადაა გამოკვეთილი [18].

ამგვარი განმარტება იძლევა უამრავი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. გერმანელ მეცნიერებს სწამთ, რომ გერმანული ეპოსის გმირები წმინდად გერმანელები არიან მაშინ, როცა ქართველი ხალხი ვეფხისტყაოსანს მათი სულის გამოძახილად მიიჩნევს. ამიტომაც ამბობს მარჯორი უორდროპი, რომ ვეფხისტყაოსანი არის იმ კულტურული ხალხის სულის სარკე, რომელთაც უდიდესი წარსული გააჩნიათ [20, გვ. iii]. რუსთაველის პოემა საუკუნეების მანძილზე სათუთად გადმოეცემოდა თაობიდან თაობას როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით, ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და შესაბამისად გადაიქცა კიდეც ნაციონალურ ეპოსად. ამგვარ განვითარებას მხარს უჭერდა სამეფო კარი და არისტოკრატია.

ვეფხისტყაოსნისგან განსხვავებით სიმღერა ნიბელუნგებზე თითქმის სამ საუკუნეში დავიწყებას მიეცა, სანამ პირველად არ გამოსცეს 1807 წელს თანამედროვე გერმანულ ენაზე (in Modern High German). მოგვიანებით უწოდეს ჯერ მკვლევარებმა და შემდეგ კი პოლიტიკოსებმა ნაციონალური ეპოსი, სწამდათ რა, რომ პოემა აირეკლავდა გერმანულ ხასიათს, ისეთს, როგორიც განსაზღვრა Friedrich Heinrich von der Hagen [7, n.p.]: ერთგულება/ლოალურობა და მეგობრობა სიკვდილამდე, ხელგაშლილობა, გაბედულება, უზადო სიმამაცე. ნაზის რეჟიმის ნაციონალური იდეოლოგია ეყრდნობოდა ეპოსს სიმღერა ნიბელუნგებზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ თანამედროვე გერმანელი ხალხი ვერ აიგივებს ამგვარ დეფინიციასთან თავს და შესაბამისად, ვერც ამ ნაციონალურ ეპოსთან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი კვლავ მოიხსენიებს მას ნაციონალურ ეპოსად. გერმანელი ფილოლოგი Friedrich Panzer ამტკიცებს, რომ „ნაციონალური ეპოსი ის ეპოსია, რომელთანაც დამოკიდებულად მიიჩნევს და აღიარებს ერი თავის მეობას [14, გვ. 468].

მსოფლიო მეხსიერება: ორივე ეპოსი მიეკუთვნება იუნესკოს მსოფლიო მეხსიერებას. 2009 წლიდან სიმღერა ნიბელუნგებზე შეტანილია სამი მთავარი ხელნაწერით (A, B, C). იუნესკომ ამგვარი გადაწყვეტილება შემდეგი მიზეზების გამო მიიღო:

„სიმღერა ნიბელუნგებზე“ არის შუა საუკუნეების გერმანულ ენაზე შექმნილი ჰეროიკული პოემა. ის დგას სხვა მსოფლიო დონის ეპოსების გვერდით, როგორებიცაა „გილგამეშის ეპოსი“ (ძველი ბაბილონი), „მაჰაბჰარატა“ (ძველი ინდოეთი) და შუა საუკუნეების იაპონური „ჰეიკე მონოგათარი“. „სიმღერა ნიბელუნგებზე“ გვიყვება ისტორიას დრაკონის მომთვინიერებელი ზიგფრიდის შესახებ, ბავშვობიდან მოყოლებული კრიმჰილდესთან ქორწინებამდე, ასევე ზიგფრიდის სიკვდილის შემდგომ მოვლენების განვითარებაზე: კრიმჰილდეს შურისძიებაზე, რომელიც დასრულდა ნიბელუნგებისა თუ ბურგუნდიელების საბოლოო ამოწყვეტით ჰუნთა სამეფო კარზე.

ამჟამად ცნობილია გერმანული ეპოსის 36 ხელნაწერი, მათ შორის 11 სრულია. სხვა დანარჩენი ფრაგმენტული სახითაა შემორჩენილი. XIII და XIV სს-ის ხელნაწერები (შესრულებულია პერგამენტზე/ეტრატზე) გამოირჩევა ასომთავრულით, ხოლო XV და XVI სს-ის ხელნაწერები (ძირითადად შესრულებულია ფურცელზე) პატარა ასოებითაა დაწერილი. ივარაუდება, რომ სამი უმთავრესი ხელნაწერი - A, B, C ლიტერებით ცნობილი, გადაწერილია 1230-სა და 1280 წლებს შორის, ეყრდნობა უცნობ ორიგინალს. ყველა სხვა ხელნაწერი ამ სამი ხელნაწერიდან მომდინარეობს.

ვეფხისტყაოსანი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერებაში 2013 წელს იქნა შეტანილი სათაურით Knight in the Panther's Skin. მასში ერთიანდება კოლექცია, რომელიც შედგება 96 ხელნაწერისაგან და ადრეული გამოცემებისაგან (მათ შორის 94 საქართველოშია გამოცემული და 2 - ინგლისში). ეს კოლექცია წარმოადგენს ქართული, აღმოსავლური და ევროპული კულტურული ტრადიციების ნაზავს, რომელიც შეიქმნა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების ფონზე კავკასიისა და შუა აღმოსავლურ რეგიონში. ის შეიცავს სრულყოფილ და უნიკალურ ინფორმაციას ცხოვრების წესის, ტრადიციებისა და იმ სხვა მახასიათებლების შესახებ, რომელიც განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს (სამეფო ოჯახი, ვაჭართა წრე და გლეხები) გააჩნდათ შუა საუკუნეებში. ის შეიძლება ასევე განისაზღვროს როგორც მწვერვალი ნეოპლატონური აზროვნების განვითარებისა და ჰიმნი შეიძლება ეწოდოს მას ადამიანური ბუნების, მეგობრობის, სიყვარულისა და თავისუფლებისკენ სწრაფვისა.

დასახელებული კოლექცია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერებას მიემატა, არის მხოლოდ ნაწილი იმ 164 შემორჩენილი ხელნაწერისა, რომელიც გადაწერილია XVII ს-ში და შემდგომ. ზოგიერთი მათგანი სრულყოფილია, ზოგიერთი - მხოლოდ ფრაგმენტული სახით არსებობს. ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი 1646 წელსაა გადაწერილი.

უმთავრესი მიზეზი, რის გამოც გერმანული ეპოსის სიმღერა ნიბელუნგებზე - სამი, ხოლო ვეფხისტყაოსნის მხოლოდ 96 ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების სიაში დასახელდა, არის ის, რომ ვეფხისტყაოსანი წარმოდგენილია კოლექციით, ხოლო გერმანული ეპოსი - XIII ს-ის სამი უმთავრესი ხელნაწერით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Armour M., The Nibelungenlied. A prose translation, J. M. Dent & Sons Ltd., London, 1908 (reprinted 1939). (In English).
2. Bartsch K., Das Nibelungenlied, 22nd edition edited by H. de Boor, Heinrich Albert Verlag, Wiesbaden, 1996. (In German).
3. Birkhan H., “Rustavelis „Held im Pantherfell” aus europäisch-mediävistischer Sicht”, ‘Festschrift für Fritz Peter Knapp zum 65. Geburtstag’, edited by Henning, Thodis et al., de Gruyter, Berlin, 2009, pp. 141-166. (In German).
4. Bowra C. M., Heroic poetry, MacMillan & Co Ltd., London, 1952 (reprinted 1964). (In English).
5. Coffin L., The Knight in the Panther Skin, Poezia Press, Tbilisi, 2015. (In English).
6. Elbakidze M., “On the definition of Vepkhistkaosani’s (“The Knight in the Panther’s Skin”) genre”, ‘Litinfo – Georgian Electronic Journal of Literature’, volume 3, issue 1, Tbilisi, 2009, online at http://www.litinfo.ge. (In English).
7. Hagen F. H. von der, Der Nibelungen Lied, Johann Friedrich Unger, Berlin, 1807. (In German).
8. Ingorokva P., “Introduction”, in: Wardorp, M. S. ‘The knight in the tiger’s skin (Shota Rustaveli)’, supplemented and revised by Orbelyani E. and Jordanishvili S., International Publishers, New York, 1939. (In English).
9. Khintibidze E., “Shota Rustaveli (Encyclopedic Research)”, ‘The Kartvelologist - Journal of Georgian Studies’, Tb. 2015. online at http://www.kartvelologi.tsu.ge/public/en/jurnal/16. (In English and Georgian)
10. Mowatt D.G./Sacker, H., The Nibelungenlied - An interpretative commentary, University of Toronto Press, 1967. (In English).
11. Müller U., “Heldenbilder der Antike und des europäischen Mittelters: Eine tour d’horizon”, ‘Das Nibelungenlied und das Buch des Dede Korkut. Literaturwissen-schaftliche Analysen des zweiten interkulturellen Symposiums in Mainz 2011‘, edited by Abdullayev, K. M./Boeschoten, H./Hartmann, S., Reichert Verlag, Wiesbaden, 2013. (In German).
12. Needler G. H., The Nibelungenlied, Henry Holt & Company, New York, 1904. (In English).
13. Neukomm R., Der Mann im Pantherfell, Manesse, Zürich, 1974. (In German).
14. Panzer F., Das Nibelungenlied. Entstehung und Gestalt, W. Kohlhammer, Stuttgart & Köln, 1955. (In German).
15. Schöffl R., Nibelungenland - Ein Streifzug durch das Nibelungenlied und sein Umfeld, edition karo, Berlin, 2014 (In German).
16. Schulze U., Das Nibelungenlied, Philipp Reclam jun., Stuttgart, 2003. (In German).
17. Tevzadze G., KPS?: In the final analysis, what is this ‘Knight in the Panther’s Skin’?, eprints, 2013, online at http://www.eprints.iliauni.edu.ge. (In English).
18. Universal lexikon, online at:
http://www.universallexikon.deacademic.com. (In German).
19. Wailes S. L., “The Nibelungenlied as Heroic Epic”, ‘Heroic epic and saga’, edited by Oinas, F. J., Indiana University Press, Bloomington & London, 1978. (In English)
20. Wardrop M. S., The man in the panther’s skin - A romantic epic by Shota Rustaveli, The Royal Asiatic Society, London, 1912. (In English)