ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ნათია ჯანგულაშვილი 

მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და აგიოგრაფიული თხზულების ქართულ თარგმანთა ურთიერთმიმართებისათვის

 

ებრაულ კანონს მიღმა დარჩენილ მაკაბელთა I, II, III და IV წიგნების საერთო სახელწოდება მათში მოთხრობილი ამბების ნათესაობით უნდა იყოს განპირობებული. თითოეული მათგანი ძვ. წ. III-II საუკუნეების ამბებს, ელინიზაციისა და სელევკიდი დამპყრობლების წინააღმდეგ იუდეველთა გმირული ბრძოლების შესახებ მოგვითხრობს. საფიქრებელია, რომ სარწმუნოებისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ იუდეველებს მაკაბელები ეწოდათ აჯანყების მეთაურის - იუდა მაკაბელის მეტსახელის მიხედვით.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მაკაბელთა ბრძოლების ირგვლივ შექმნილი ლიტერატურის გავრცელება მხოლოდ პალესტინით არ შემოიფარგლა. ქართველების მხრიდან ფიზიკურად თუ სარწმუნოებრივად მებრძოლ იუდეველთა ისტორიებით დაინტერესებას ადასტურებს ის, რომ მოგვეპოვება როგორც მაკაბელთა წიგნების ბიბლიური თარგმანები (ბოდლ. 1; K-1; A-529; S-332), ისე - მაკაბელი ყრმებისა და მათი დედის წამების ამსახველი აგიოგრაფიული თხზულება (Sin-62; A-95); ამასთან, აღნიშნულ მოწამეთა შესახებ, სხვადასხვა დროს შექმნილი და თარგმნილი, მრავლად არსებული ჰიმნოგრაფიული მასალაც (A-1; A-16; A-87; A-92; A-109; A-181; A-292; A-1338; H-2251; S-383; K-9; Jer-15; Jer-43).

მაკაბელთა ბიბლიური წიგნების შესახებ მკვლევარი ც. ქურციკიძე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ისინი ძველ ქართულ ენაზე თარგმნილი არ ყოფილა. ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი წინაპრები ხელმძღვანელობდნენ და თარგმნიდნენ, არ შეიცავდა მაკაბელებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერი იმოწმებს იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების ერთ ეპიზოდს, რომელშიც ჩამოთვლილია ათონელი მამების მიერ დიდი ლავრისთვის ძღვნად გადაცემული წიგნები. აქ დასახელებულია „სხუაჲ წიგნი, რომელსა სწერიან ყოველნივე ძუელნი წიგნნი და... მაკაბელთაჲ“ [16, გვ. 52]. მეცნიერი განაგრძობს: ეს წიგნები ბერძნულენოვანი უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რა სარგებლობას ნახავდნენ ქართულად შესრულებული წიგნებით ლავრის მოღვაწენი. როგორც ჩანს, „ძუელნი წიგნნი“ ძველი აღთქმის წიგნებს უნდა გულისხმობდეს, ერთგვარ კრებულს, რომელიც არ შეიცავდა მაკაბელთა წიგნებს და ამიტომ გახდა საჭირო მათი (მაკაბელთა) ცალკე წიგნად გადაცემა. ამასთან, ჩნდება კითხვაც: კი მაგრამ, თუკი მაკაბელთა წიგნები არ იყო თარგმნილი ქართულად, ეს ფაქტი ექვთიმეს უთუოდ ეცოდინებოდა, მეტიც, განა არ იზრუნებდა ამ ხარვეზის ამოვსებაზე? [13, გვ. 19]

ჩვენ სავსებით ვიზიარებთ მეცნიერის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლებელია, ოშკის/ათონის ბიბლია (978 წ.) მართლაც, შეიცავდა მაკაბელთა ქართულ თარგმანებს და ისინი დროთა განმავლობაში დაიკარგა (ისევე, როგორც რამდენიმე სხვა წიგნი და ფსალმუნნი). ამასთან, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ოშკის ბიბლია, მაკაბელთა წიგნების გარდა, ყველა არაკანონიკურ წიგნს შეიცავს.

რაც შეეხება ბიბლიის მეორე სრულ კრებულს - ე.წ. მცხეთის ბიბლიას (A-51), რომელსაც საბას ბიბლიასაც ვუწოდებთ, მასში, ოშკის ბიბლიის მსგავსად, შეტანილია ყველა არაკანონიკური წიგნი, გარდა მაკაბელებისა. საინ-ტერესოა ის, რომ აღნიშნულ წიგნთა დასახელებას ვხვდებით სულხან-საბას სამოთხის კარში. ძველი აღ-თქმის კანონში, სხვა წიგნებთან ერთად, საბას დასახელებული აქვს მაკაბელთა პირველი ორი წიგნი, მე-3 მაკაბელების შესახებ კი არაფერს იუწყება.

ც. ქურციკიძის დაკვირვებით, კათოლიკური ეკლესიის მიერ დადგენილი კანონით, ბიბლიაში არაკანონიკურია მაკაბელთა I და II წიგნები, ხოლო III წიგნი მასში არ შესულა. ამდენად, მეცნიერი შენიშნავს, რომ შემთხვევითი არ უნდა იყოს ძველი აღთქმის კანონის საბასეული განსაზღვრა. გასათვალისწინებელია, რომ სულხან-საბა კათოლიკური ეკლესიისკენ იყო მიდრეკილი [13, გვ. 32). საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაკაბელთა წიგნები (I, II და III) ჩვენში პირველად ბაქარისეულ ბიბლიაში (1743 წ.) დასტურდება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ ბიბლიური წიგნების ქართულ ვერსიებს ვხვდებით მანამდე, კერძოდ, 1735-1736 წწ. მოსკოვში გადაწერილ კრებულში (A-529). მაკაბელთა სამივე წიგნი თარგმნილია სლავურიდან მეფე არჩილის მიერ და მისდევს 1663 წ. სლავურ გამოცემაში დაცულ ტექსტს, ხოლო ეს ნუსხა (A-529), გადამუშავებული სახით, შესულია ბაქარის ბიბლიაში.

1743 წელს გამოცემულ ბიბლიაში ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნებიდან ყველაა წარმოდგენილი. გამოცემას უძღვის ბატონიშვილის წინასიტყვაობა. იგი საუბრობს არჩილ მეფის ღვაწლზე ბიბლიური წიგნების შეკრების, რედაქტირებისა და თარგმნის თვალსაზრისით. აღნიშნავს, რომ მანამდე საქართველოში არ არსებობდა ბიბლიური წიგნების არც ერთი სრული კრებული, ზოგიერთი ბიბლიური წიგნი კი დაკარგული იყო (მაგ.: ისო ზირაქისა და მაკაბელთა). ირკვევა, რომ დიდი შრომა გაუწევია არჩილს ამ წიგნების თარგმნისას. მიზეზად კი სახელდება ის, რომ დროთა განმავლობაში ისინი შერ-ყვნილა გადამწერთა მიერ, ამასთან, რუსული ბიბლია არ იყო თარგმნილი ბერძნულიდან და ამ მხრივ ბევრი რამ მასში არასწორი იყო [8, გვ. 277].

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბიბლიოლოგიაში მაკაბელთას სახელით ოთხი წიგნია ცნობილი. ოთხივე წიგნს კი ერთად, ბეჭდური სახით, ვხვდებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემულ ბიბლიაში (ახალ ქართულ ენაზე). ირკვევა, რომ IV მაკაბელთას ჩვენამდე მოღწეული ტექსტი ქართველებს, ბერძნების მსგავსად, აგიოგრაფიულ ნაწარმოებად აღუქვამთ და მრავალთავში (ბოდლ. 1, XI ს.) შეუტანიათ [1, გვ. 25].

დღეისათვის მოგვეპოვება ორი ხელნაწერი (ბოდლ. 1; K-1), რომლებშიც წარმოდგენილია მაკაბელთა IV წიგნის ქართული თარგმანები. მკვლევარი ი. არაბიძე მიუთითებს, რომ ბიბლიურ IV მაკაბელთად ცნობილი წიგნი და იოსებ ფლავიოსის კრებულში შეტანილი ფილოსოფიური თხზულება ღვთისმოსავი გონების შესახებ, ერთი და იგივე ტექსტია, რაც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მხედველობიდან გამორჩენიათ და ვინმე დავით ინანაშვილს ეს ტექსტი რუსულიდან გადმოუღია ხელახლა (S-332, 1836 წ.).

ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა ოქსფორდში დაცულ ხელნაწერზე (ბოდლ. 1), ამიტომ K-1-ის შესწავლისა და ამასთან, ბოდლ.1-ის აღწერილობის [19, გვ. 312] გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ამ უკანასკნელსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ ხელნაწერში (K-1) ერთი და იგივე ტექსტია (IV მაკაბელთა) შემონახული (მცირე ორთოგრაფიული სხვაობით). ამათგან ადრინდელია ოქსფორდში დაცული (XI ს.), ხოლო მოგვიანო პერიოდისაა ქუთაისის მრავალთავში შემონახული (XVI ს.).

უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურად არ აღიარებს მაკაბელთა არცერთ წიგნს, თუმცა სხვა ეკლესიების მსგავსად, ბიბლიის გამოცემებში არაკანონიკურ წიგნთა სახელით მაინც ბეჭდავს მაკაბელთა ოთხივე წიგნს.

მაკაბელთა წიგნებში, გარდა ისრაელიანთა პირდაპირი, ხმალამოღებული ბრძოლისა, გვხვდება სულიერი სიმტკიცისა და სარწმუნოებისათვის თავგანწირულთა ამბები. კერძოდ, მაკაბელთა II და IV წიგნებში მოთხრო-ბილია შვიდი იუდეველი ყრმისა და მათი დედის წამების ამსახველი ისტორია.

როგორც ირკვევა, ძველ საქართველოში პოპულა-რულობით სარგებლობდნენ მაკაბელი მოწამეები და „უთარგმნიათ მათი მარტვილობა [1, გვ. 25]. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ორი ხელნაწერი (Sin-62, X ს.; A-95, XI ს.), რომლებიც სწორედ აღნიშნულ მოწამეთა მარტვილობის შემცველ აგიოგრაფიულ ტექსტებს შეიცავს. ამ ხელნაწერთა ურთიერთმიმართების საკითხს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა პროფ. ივანე იმნაიშვილმა, რომელიც დასკვნის სახით მიუთითებს, რომ Sin-62-სა და A-95-ში წარმოდგენილი ტექსტი ერთი რედაქციისა უნდა იყოს. მეტიც, მათ შორის იმდენად მცირე განსხვავებაა (ლექსიკურ-გრამატიკული და ორთოგრაფიული სახის), რომ A-95-ის დედნად Sin-62 უნდა მივიჩნიოთ [5, გვ. 40].

აღნიშნულ საკითხს ეხება კორნელი კეკელიძეც, რომლის თვალსაზრისით, Sin-62-სა და A-95-ში დაცული ტექსტები კიმენური ხასიათისაა, ბოდლ. 1-სა და K-1-ში დაცული კი - მეტაფრასული [6, გვ. 132]. ამავე მოსაზრებას იზიარებს ენრიკო გაბიძაშვილიც [4, გვ. 267-268].

როგორც ზემოთ ვნახეთ, გაირკვა, რომ ოქსფორ-დისა და გელათის წიგნთსაცავებში დაცული მაკაბელთა წამების ტექსტები, სინამდვილეში ძველი აღთქმის IV მაკაბელთას ერთი ქართული თარგმანის განსხვავებულ რედაქციებს წარმოადგენს [1, გვ. 25].

უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ზემოდასახელებულ მეცნიერთა ავტორიტეტული გამოკვლევებისა თუ მოსაზრებისა, ლიტერატურული თვალსაზრისით, დღემდე არ ყოფილა შესწავლილი შვიდი მაკაბელი ყრმისა და მათი დედის მარტვილობის ამსახველი ნუსხა. ამჯერად, განხილვის საგანს ბიბლიურ-აგიოგრაფიულ თხზულებათა ურთიერთმიმართების განსაზღვრა წარმოადგენს.

მაკაბელთა ბიბლიურ, II და IV წიგნებს შემოუნახავს იუდეველთა არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლის ამსახველი ისტორიები, არამედ - სულიერი სიმტკიცისა და მოსეს რჯულის დამცველთა თავგანწირვის გამომხატველი ამბები.

II წიგნი შედგება თხუთმეტი თავისაგან. მე-6 თავი ეთმობა იუდეველი მწიგნობრის, რჯულისმეცნიერისა და მღვდელმთავრის - ელიაზარის წამების გადმოცემას, მე-7 თავში კი მოთხრობილია შვიდი მაკაბელი ყრმისა და მათი დედის ტანჯვის ამსახველი ისტორია. აქედან ვიგებთ, რომ „ხილვითა პირისათა კეთილშუენიერ“ (II მაკ. 6:18) [20] ოთხმოცდაათი წლის მწიგნობარს აკრძალული ხორცის ჭამასა და კერპთა თაყვანისცემას აიძულებდნენ. ელიაზარი არ შეარცხვენს ასაკს, გაითვალისწინებს, რომ შესაძლოა მას ახალგაზრდებმა მიბაძონ. ამიტომ, ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვან სიკვდილს ამჯობინებს.

რაც შეეხება ყრმათა წამებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მე-7 თავი სრულად ეთმობა მათი ამბების გადმოცემას. განსხვავებით მაკაბელთა IV წიგნში გადმოცემული ამბებისა, II წიგნი მოკლედ მოგვითხრობს წამების შესახებ. ავტორი გვიამბობს, თუ როგორ ამხნევებდა დედა საწამებლად გამზადებულ შვილებს და თავის მხრივ, ძმებიც როგორ იდგნენ მტკიცედ და იცავდნენ მამაპაპეულ რჯულს. ელიაზარ მღველმთავრის სიტყვების მსგავსად, აქაც ვხვდებით აღდგომის იდეით განმსჭვალულ მიმართვას (II მაკ. 7:14) [20].

ძმების პასუხიდან ვიგებთ, რომ მეფე ებრძვის არა მათ, არამედ ღმერთს (II მაკ. 7:19) [3], ხოლო უფალთან მებრძოლი შეუძლებელია დაუსჯელი დარჩეს. ისინი კი, თავის მხრივ, სიხარულით არიან აღვსილი, ვინაიდან ღვთის სიყვარულს ეწირებიან მსხვერპლად და იმედოვნებენ, რომ თანამოძმეთა ცოდვებსაც გამოისყიდიან. ამიტომ მათი სიხარული განსაკუთრებულია, ვინაიდან სავსენი არიან აღდგომის მოლოდინით.

თხრობის დასასრულს, ავტორის ყურადღება ეთმობა უმცროსი ძმის წამებისა და მეფისადმი მიმართული სიტყვების გადმოცემას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქოზი მეშვიდე ძმას, ბრძანებისადმი დამორჩილების სანაცვლოდ, მეგობრობასა და სახელმწიფო საქმეების მინდობას დაჰპირდა, იუდეველი ყრმა, დედის გამხნევების შემდგომ, მკაცრად მიუგებს მეფეს. ამის გამო იგი იმაზე სასტიკი წამებით დაისჯება, ვიდრე მისი ძმები ეწამნენ.

რაც შეეხება ყრმათა დედას, ავტორის თქმით, „თჳთეულს მათ აუწყებდა მამეულითა ჴმითა, კეთილისა სავსენი სიბრძნითა, და დედობრივ გულის სიტყვანი მამაკაცობრივითა სულითა“... (II მაკ. 7:21) [20]. აქ ხაზგასმულია ის, რომ მიუხედავად „დედათა ბუნების იწროებისა“, - ლმობიერებისა და შემბრალებლური ხასიათის ქონისა [7, გვ. 6], მოწამეთა მშობელი ქალურ განსჯას მამაკაცური სულით, ე.ი. მეტი სიმხნითა და სათუთი ბუნების გამოუხატველობით განამტკიცებდა. სხვა მხრივ, თუ როგორ დაიღუპა მაკაბელ მოწამეთა დედა, არაფერია ნათქვამი. ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ ყრმათა წამების შემდგომ მანაც განუტევა სული („ხოლო უკანასკნელ ძეთა დედაცა აღესრულა“ (II მაკ. 7:41) [20]).

ასე წარმოგვიდგენს მაკაბელთა II წიგნი იუდეველთა მოწამეობრივ ისტორიას.

რაც შეეხება მაკაბელთა IV წიგნს, ის მოცულობით ბევრად ვრცელია. ამასთან, გარდა იმისა, რომ აქ დეტალურადაა აღწერილი თითოეული ყრმის წამება, სიტ-ყვისგება მეფესთან თუ დედის შეგონებანი, ის II წიგნისაგან იმითაც განსხვავდება, რომ წამების გადმოცემას წინ უსწრებს ვრცელი ფილოსოფიური მსჯელობა ღვთისმოსავი გონების შესახებ.

მაკაბელთა IV წიგნი სულ 18 თავისგან შედგება. შესავალი ეთმობა ავტორის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც, საჭიროა, მივსდიოთ ფილოსოფიას, „რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს, ამავე დროს, ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონივრული განსჯა“ (მაკ. IV 1:2) [3]. ავტორი გვიამბობს, რომ მაკაბელებმა არად ჩააგდეს სასიკვდილო წამება და ამით ცხადყვეს ვნებებზე გონების უპირატესობა. მანამდე კი განმარტავს, თუ რა არის გონება, რა არის ვნება, რამდენი სახე აქვს ამ უკანასკნელს და სხვ. მართლაც, თხრობისას, მთელ წიგნს, ერთგვარ რეფრენად გასდევს ის, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მძლეველია („გულის სიტყუაჲ ღმრთის მსახური მძლე არს და მპყრობელ ვნებათა“... [12, 243r]).

ამ თეორიული მსჯელობის შემდგომ თხრობა ეთმობა სელევკოს მეფისა და მისი ძის - ანტიოქოს ეპიფანეს დამოკიდებულებას იუდეველთა მიმართ: თუ როგორ ებრძოდა ჯერ მამა, შემდგომ კი შვილი იერუსალიმელთ, როგორ მოითხოვდნენ მათგან დამორჩილებას, რჯულის უარყოფას და, ამავე მიზნით, როგორ ნიშნავდნენ იდეურად თანამოძმე მღვდელმთავრებს.

მე-5-6 თავებში ავტორი მოგვითხრობს ელიაზარ მღვდელმთავრის წამების ამბავს, შემდგომ კი შესხმას უძღვნის მას.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ IV მაკაბელები დატვირთულია თხრობის დიალოგური ფორმით, რაც, ემოციური ფონის გაძლიერებასთან ერთად, ტექსტის მოცულობის ზრდასაც განაპირობებს. ავტორი მაღალმხატვრულად აფასებს რჯულისმეცნიერის ქმედებას: მისი თქმით, „ჩინებული მესაჭესავით ეპყრა ჩვენს მამას, ელეაზარს, გონების საჭე და მიჰყავდა ღვთისმოსავობის ხომალდი ვნებათა ზღვაში“ (IV მაკ. 7:1) [3], ამიტომაც, იგი არათუ მოკვდა, არამედ ღმერთში იცოცხლებს, როგორც ცოცხლობენ მამამთავარი აბრაამი, ისაკი და იაკობი (IV მაკ. 7:19) [3].

ელიაზარის წამებასა და შემდგომ უკვე შესხმას მოსდევს ყრმათა ტანჯვისა და ერთმანეთის გამხნევების ამსახველი სცენები (მე-8-13 თავები). ავტორი დედასთან მყოფ ვაჟებს საფერხულოდ თავმოყრილთ ადარებს. სწორედ მაკაბელთა IV წიგნიდან ვიგებთ იმასაც, რომ მათი მშობელი მოხუცია (IV მაკ. 8:3; 8:20; 16:1) [3], ხოლო ყველამ ერთად („წეღან“ - IV მაკ. 8:5; 9:5; 16:15) [3] იხილა მღვდელმთავარ ელიაზარის წამება (რის შესახებაც არაფერს ამბობს II წიგნი).

მაკაბელთა IV წიგნის 14-18 თავები მოწამეთა დედის შესახებ გვიამბობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იმდე-ნად თხრობა არაა, იგი მიძღვნას თუ ჰიმნს უფრო გვაგონებს. ავტორი შიგადაშიგ იმგვარ ცნობებს გვაწვდის, რასაც ვერ ვხვდებით II წიგნში. ასე მაგალითად, აქედან ვიგებთ, რომ წამებულთაგან ზოგიერთი დაოჯახებული ყოფილა, ზოგიც - პირიქით (16:9) [3], თუმცა არცერთს დარჩენია შთამომავალი. გარდა ამისა, ავტორი იმასაც გვამცნობს, რომ დედა ადრე დაქვრივებულა (18:9) [3]. რაც შეეხება მშობლის აღსასრულს, კვლავ IV წიგნიდან ვიგებთ: ერთ-ერთი მცველის თქმით, როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თავად გადავარდა ცეცხლში (17:1)[3].

როგორც აღვნიშნეთ, IV წიგნი ერთობ გავრცობილია დიალოგებით, დამატებითი ცნობებითა და წამების დეტალებით. გარდა ამისა, თხრობა არის მაღალმხატვრული და ექსპრესიული, მკითხველზე ზემოქმედების მომხდენი, რაც ნაკლებად ითქმის II წიგნზე. ამ უკანასკნელში მთელი ამბავი, რასაც სრულად ეთმობა IV წიგნი, გადმოცემულია მხოლოდ ორ თავში (მე-6 თავი - ელიაზარის წამება, მე-7 თავი - ყრმებისა).

რთულია პასუხის გაცემა, რომელი ბიბლიური წიგნი დაიწერა თავდაპირველად - II თუ IV მაკაბელები; იცნობდა თუ არა ერთი წიგნის ავტორი მეორე წიგნს, რამდენად გაითვალისწინა იგი, ანდა საერთოდაც, ამ წიგნების ავტორი ერთი და იგივე პირი ხომ არაა. ამ საკითხის ნათელსაყოფად საჭიროა თითოეული ბიბლიური წიგნის ტექსტოლოგიური კვლევა და შესწავლა, რაც ამ ეტაპზე ჩვენ მიერ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება „წამებას“, ივანე იმნაიშვილი აღნიშნავს, რომ აგიოგრაფიული თხზულების „მთავარი შინაარსი აღებულია მაკაბელთა II წიგნის მე-7 თავიდან“ [5, 39]. ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერის მოსაზრებას, თუმცა შევნიშნავთ, რომ, ტექსტების ურთიერთშედარების მიხედვით, ჩანს, აგიოგრაფს არანაკლებ გაუთვალისწინებია მაკაბელთა IV წიგნი. მეტიც, მარტვილობაში მრავლად გვხვდება არათუ ამბავთა ან მხატვრულ სახეთა იგივეობა, არამედ ხშირად ფრაზებიც კი თანხვდება მაკაბელთა ბიბლიურ ტექსტს.

ცხადია, აგიოგრაფიული თხზულება არაა უბრალო გამეორება მაკაბელთა ბიბლიური წიგნებისა და მეთოდოლოგიურად გაუმართლებელია სასულიერო მწერლობის ორი სხვადასხვა დარგის (ბიბლიოლოგია-აგიოგრაფია) თხზულების შედარება, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ, გარკვეულწილად, ვაჯგუფებთ იმ ზოგად ცნობებს, რაც განასხვავებს ან ამსგავსებს მაკაბელთა შესახებ ქართულ ენაზე შემონახულ წამებასა და ბიბლიურ წიგნებს. ვფიქრობთ, ეს მომენტი უკეთ დაგვანახებს იმას, თუ რაოდენ ადრე უნდა სცოდნოდათ ჩვენში მაკაბელთა მარტვილობისა და საზოგადოდ, ამ ბიბლიური წიგნების შესახებ.

წამების ავტორი არაფერს ამბობს ელიაზარ მღვდელმთავრის შესახებ, ის არც კი ახსენებს მას. თუკი მკითხველი არ იცნობს ბიბლიოლოგიურ მასალას, თხზულებიდან ვერც იმას გაიგებს, ქვრივი იყო თუ არა ყრმათა დედა, ან როგორ აღესრულა იგი და სხვ. სანაც-ვლოდ, მხოლოდ მარტვილობა გვამცნობს წამებულთა მშობლის სახელს - სოლომონიას (მაკაბელთა ბიბლიური წიგნები არავითარ ცნობას არ იძლევა დედის სახელის შესახებ).

როგორც ითქვა, წამება ნათარგმნი აგიოგრაფიის კუთვნილებად მიუჩნევიათ. მიუხედავად ამისა, არსად სახელდება, თუ რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ძეგლი თარგმნილად მივიჩნიოთ.

ამ ეტაპზე ჩვენ მიერ პასუხგაუცემელი რჩება არაერთი კითხვა: თუ როდისაა დაწერილი პირვანდელი ძეგლი; ვის და როდის უნდა გადმოეღო წამება ქართულ ენაზე (თუკი ნამდვილად რომელიმე ენიდანაა თარგმნილი); ქართულად შემონახული მარტვილობა ბიბლიური მაკაბელების შთაგონებით ხომ არაა დაწერილი, როგორც პატერიკული წიგნების მატერიკულად გადაკეთების მცდელობის მაგალითი (ამის საფუძველს პარხლის მრავალთავში (A-95) შესულ თხზულებათა ხასიათის გათვალისწინება გვაძლევს)? ცხადია, ძეგლის სრულყოფილი სახით წარმოჩენა ყველა ამ წამოჭრილი საკითხის ანალიზს, შესწავლასა და არგუმენტირებულ დასაბუთებას საჭიროებს, რაც ჩვენი კვლევის შემდგომ ეტაპზე განსახორციელებელ საქმედ დავისახეთ.

 


ბიბლიოგრაფია:
1.არაბიძე ი., „მაკაბელთა ბიბლიური წიგნები და მათი ქართული თარგმანები“: ჟურნ. ქართველოლოგია, №2, „უნივერსალი“, თბ., 2008, გვ. 16-29.
2.ბათოშვილი ა., ებრაელთა ხალხის ისტორიიდან, „საქინფორმკინო“, თბ., 1991.
3.ბიბლია, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“, თბ., 1989.
4.გაბიძაშვილი ე., ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტ. I, თბ., 2004.
5.იმნაიშვილი ი., „წამებაჲ შჳდთა ყრმათა მაკაბელთაჲ“: თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, №23, თბ., 1980, გვ. 29-69.
6.კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერა-ტურის ისტორიიდან, ტ.V, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, თბ., 1957.
7.კუჭუხიძე გ., „დედათა ბუნებაჲ იწრო არს“: გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, №1, „ინტელექტი“, ქუთაისი, 2008, გვ. 51-58.
8.მელიქიშვილი ნ., ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანები, „ალილო“, თბ., 2009.
9.საქართველოს ეკლესიის კალენდარი, „საქართველოს საკათოლიკოსოს გამოცემა“, თბ., 1976.
10.ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა, ტ.I1, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: თ. ბრეგაძემ, მ. ქავთარიამ, ლ. ქუთათელაძემ ელ. მეტრეველის რედაქციით, „მეცნიერება“, თბ., 1973.
11.ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, ტ.I, შედგენილია და დასა-ბეჭდად მომზადებული მუზეუმის მეცნიერი მუშაკის ე. ნიკოლაძის მიერ, რედაქტორი საქართველოს სსრ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი პროფ. კ. კეკელიძე, „საქარ-თველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, თბ., 1953.
12.ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერი K-1.
13.ქურციკიძე ც., ქართული ბიბლია, „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, თბ., 2010.
14.ღაღანიძე მ., „სამოთხის კარის“ რედაქციათა გამო“: სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება (მასალები), „შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2009.
15.შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის სტამბა“, თბ., 1955.
16.ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II (XI – XVI სს.), დასაბეჭდად მოამზადეს: ილ. აბულაძემ, ნ. ანთელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, მ. დოლაქიძემ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ; ი. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით, „მეცნიერება“, თბ., 1967.
17.წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი, I, „მეცნიერება“, თბ., 1989.
18.Марр. Н. Я., Описание грузинских рукописей синайского монастыря, «Издательство Академии Наук СССР», Москва, 1940.
19.Analecta Bolandiana, Ediderunt Franciscus Van Ortroy, Hipplolytus Delehaye, Albertus Poncelet, Paulus Peeters Et Carolus Van De Vorst, Tomus XXXI, Paris, 1912.

20.www.bible.ge