ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ნათია სიხარულიძე

გალაკტიონ ტაბიძის ავდარი და ფრიდრიხ შილერის ვილჰელმ ტელი

 

გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებთა ერთი ნაწილი ამა თუ იმ ავტორის ტექსტიდან მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შედეგად არის შექმნილი. „გალაკტიონი ხშირად თვითონ იყო სხვათა შთაგონების წყარო, მაგრამ, არცთუ იშვიათად, სხვებისგანაც იღებდა შემოქმედებით იმპულსს“, - წერს თეიმურაზ დოიაშვილი [1, გვ. 148].

შთაგონების წყაროზე პოეტი ზოგჯერ პირდაპირ მიუთითებს, უმეტესად კი ამგვარი მინიშნებანი ხელნაწერებშია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, ავტოგრაფზე არსებული ყველა მინაწერი ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელნაწერში ჩატოვებული თითოეული ფრაზა საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს.

გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა თორმეტ-ტომეულში ავტოგრაფების თავისებურებები სრულყოფილად არ არის ასახული, რის გამოც პოეტის შემოქმედებით ლაბორატორიაზე სათანადო წარმოდგენის შექმნა გაძნელებულია.

გალაკტიონის ნაწარმოებთა ხელნაწერი წყაროების ხელახლა გადასინჯვამ და შესწავლამ არაერთი საგულისხმო ფაქტი გამოავლინა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პოეტის ავტოგრაფები ნაწარმოების გენეზისზე, მის პირველწყაროზე მიგვანიშნებდა.

სწორედ ერთ-ერთ ამგვარ შემთხვევას ეძღვნება ჩვენი ნარკვევი.

* * *
გალაკტიონის აკადემიური თორმეტტომეულის I ტომში შეტანილია ლექსი სათაურით ავდარი. ნაწარმოები პირველად 1940 წელს დაიბეჭდა, თუმცა, ავტორის მიერ იგი 1916 წლით არის დათარიღებული. გალაკტიონისეული დათარიღება გაზიარებულია აკადემიურ გამოცემაშიც: ლექსი სწორედ ამის გამოა დაბეჭდილი თორმეტტომეულის I ტომში, პოეტის 1917 წლამდე შექმნილ სხვა ნაწარმოებებთან ერთად.

ჩვენამდე გალაკტიონის ავდარის ორმა ავტოგრაფმა მოაღწია: ერთი მათგანი (გალაკტიონის ფონდი, 1572) ნასწორებია, მეორეში ცვლილებები თითქმის არ არის შეტანილი. აკადემიური გამოცემის მიხედვით, ნასწორებ ავტოგრაფში ლექსის სათაურია ვილჰელმ ტელი, ქვესათაური კი - ქება მეოთხე [2, გვ. 489]. გალაკტიონის ხელნაწერის შესწავლის შემდეგ აშკარა გახდა, რომ თორმეტტომეულის კომენტარში მკითხველისათვის მიწოდებული ინფორმაცია არაზუსტი იყო: სინამდვილეში, ავტოგრაფის დასაწყისში სათაურის ნაცვლად მიწერილი სიტყვები - ვილჰელმ ტელლი. აქტი მეოთხე გადახაზულია.

თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი სხვა რამეა: ავდარის კომენტარში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა აკავშირებს გალაკტიონის ლექსს ფრიდრიხ შილერის დრამატულ ნაწარმოებთან - ვილჰელმ ტელი. გალაკტიონის მიერ მითითებულ ნაწარმოებზე დაკვირვებისას აშკარა გახდა, რომ ხელნაწერმა ლექსის პირველწყაროზე მინიშნება შემოგვინახა: შილერის ვილჰელმ ტელის IV მოქმედების პირველივე სცენაში, რომელიც ტბის ნაპირზე ვითარდება, დახატულია ავდრის სურათი: ტბა ღელავს, ელვაა, ქუხილი და სეტყვა.

გალაკტიონის ლექსშიც ავდარი იხატება ˗ საშინელი ტალღები და გრიგალი, თალხით შემოსილი ცა, გადატყდომის დროს აჭრიალებული მაღალი ფიჭვები, ტყვიისფერ ნატბორში დატყვევებული მთვარე...

ლექსისა და ვილჰელმ ტელის კონკრეტული მონაკვეთის შედარებისას ერთმა გარემოებამ დაგვაფიქრა: შილერთან ავდარი ცალკე არ არის ასახული, ქუხილის, სეტყვისა თუ ტბის ღელვის შესახებ პერსონაჟების საუბრიდან ვიგებთ. თუმცა, ავდარი არც ამ დიალოგშია ისე აღწერილი, გალაკტიონი რომ შთაეგონებინა...

გაჩნდა ვარაუდი, რომ ორ ტექსტს შორის კიდევ უფრო დიდი შინაგანი კავშირი არსებობდა, ვიდრე ეს პირველი შთაბეჭდილების მიხედვით ჩანდა. მიმართების ხასიათის დასადგენად შილერის ნაწარმოების მთლიანი შინაარსისა და IV მოქმედების დასაწყისში აღწერილი ავდრის აზრობრივი დანიშნულების გათვალისწინება იყო საჭირო.

ვილჰელმ ტელის სიუჟეტის განვითარებაში დარისა და ავდრის მონაცვლეობას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მინიჭებული. პიესის დასაწყისში, როდესაც მთავარი პერსონაჟი პირველად გამოჩნდება, ავდარია. ტელი არ შეუშინდება ბობოქარ ტალღებს, სტიქიას და ნავით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს კაცს, რომელიც თავისი ოჯახის ღირსების დასაცავად იბრძვის. ამ ავდრის ფონზე ცხადად წარმოჩინდება ვილჰელმ ტელის ფიზიკური სიძლიერე და გამბედაობა.

რაც შეეხება IV მოქმედებაში დახატული ავდრის სურათს, იგი მხოლოდ სტიქიის აღწერა არ არის.

ნაწარმოების შინაარსის მიხედვით, მეფისნაცვალი გესლერი არჩევანის წინაშე დააყენებს ვილჰელმ ტელს: ის ან შვილთან ერთად უნდა მოკვდეს, ან ბავშვის თავიდან ისრით ვაშლი ჩამოაგდოს. ტელი ვაშლს ისრით ისე ჩამოაგდებს, რომ ბავშვი უვნებელი რჩება. მიუხედავად ამისა, გესლერის ბრძანებით ვილჰელმ ტელს შეიპყრობენ და ხომალდზე აიყვანენ. სწორედ ამ დროს გამძვინვარდება სტიქია.

ამ ამბის მოსმენა პიესის ერთ-ერთ პერსონაჟს ˗ მებადურს საოცრად აღაშფოთებს. იგი კანონზომიერად თვლის ბუნების განრისხებას, რადგან, ისეთი დრო დამდგარა, როდესაც მამას აიძულებენ, შვილი სასიკვდილოდ გაწიროს. მისი აზრით, ავდარი სასჯელია. სწორედ ამის გამო მებადური კიდევ უფრო გამძვინვარებისაკენ მოუწოდებს სტიქიას:

“Raset ihr Winde, flammt herab ihr Blitze
Ihr Wolken berstet, giesst herunter, Ströme
Des Himmels und ersäuft das Land! Zerstört
Im Keim die ungeborenen Geschlechter
Ihr wilden Elemente werdet Herr...
... Zu zielen auf des eignen Kindes Haupt,
Solches ward keinem Vater noch geboten!
Und die Natur soll nicht in wildem Grimm
Sich drob empören...“ [4, გვ. 64-65].

„Крутится, вихрь! Гори, небесный сводъ!
Бушуй, гроза! Вы, тучи громовыя,
Залейте все потокомъ бурныхъ водъ!
Разбейте въ прахъ грядуший новый родъ!
Вы царствуйте свирепыя стихии!

Пустить стрелу в главу родного сына!
Какой отец къ тому былъ принужденъ?
И какъ на то не возставать стихияхъ?“ [3, გვ. 129].

„(იტრიალე, გრიგალო! დაიწვი ცის თაღო!
იბობოქრე, ჭექა-ქუხილო! თქვენ, ქუხილიანო ღრუბლებო,
აავსეთ მიდამო წყლის მშფოთვარე ნაკადებით!
მტვრად აქციეთ მომავალი ახალი მოდგმა!
თქვენ იბატონეთ, სასტიკო სტიქიონებო
... ღვიძლ შვილს ვესროლო ისარი?!
რომელი მამა აიძულეს ეს რომ გაეკეთებინა?
როგორ არ უნდა აღშფოთდეს ამაზე სტიქიონი?)“ .

თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ არც გალაკტიონის ლექსშია ასახული ჩვეულებრივი უამინდობა. ნაწარმოები შეშფოთების გამომხატველი ფრაზებით იწყება:

„რა საშინელი ტალღები,
რა საშინელი გრიგალი...“ [2, გვ. 355].

ავდრის სურათი (თალხით შემოსილი ცა, გადატყდომისას აჭრიალებული ორი ფიჭვი, მგლოვიარე მთვარით განათებული ოხრადშთენილი ჩარდახი...) და პოეტის მიერ გამოყენებული სიტყვები (ტყვე, მგლოვარე, თალხები, პარტახი, გაოხრებული, ოხრად შთენილი, ორჯერ განმეორებული ტყვიისფერი) რაღაც უბედურებაზე მიგვანიშნებს:

„...ცასაც ჩაუცვამს თალხები
ტყვიისფრად ჩანარიგალი.
ნაპირთან გადატყდომის დროს
ჭრიალებს ფიჭვი მაღალი,
ელვამ კვლავ უნდა იელვოს,
„გრგვინვამ ჰკრას მეხი ახალი.
ტყვე ტყვიისფერი ნატბორის,
გაქანებულად მგლოვარე,
ხანდახან ღრუბელთა შორის
გამოანათებს მთოვარე.
და განათდება უეცრად
გაოხრებული, პარტახი,
უეზოოდ და უეწროდ
ოხრად შთენილი ჩარდახი...“ [2, გვ. 355-356]

მებადურის მსგავსად, გალაკტიონის ლირიკულ გმირსაც სურს ავდარი უფრო გამძვინვარდეს („ელვამ კვლავ უნდა იელვოს,/გრგვინვამ ჰკრას მეხი ახალი“), რადგან სტიქიას ისიც სასჯელად აღიქვამს („ცა ელვას ისვრის წყრომისას...“).

ვილჰელმ ტელი მიუვალი ადგილებიდან, სიპი, შვეულად დაქანებული კლდეების გავლით ბრუნდება სანაპიროზე, მებადურის ქოხთან. გალაკტიონის ლირიკული გმირი კი ჩარდახის დანახვისას ამბობს: „სადაც მთებისა და ხევის/გზით წამოვსულვარ ყარიბი“...

შილერის ნაწარმოები ადამიანების ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. პიესაში თავისუფლებისა და ძალადობის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა დასმული.

როდის და რა ვითარებაში უნდა მიეპყრო გალაკტიონის ყურადღება შილერის ამ ნაწარმოებსა და მის პრობლემატიკას? როდის დაიწერა ავდარი?

როგორც ითქვა, ლექსი 1916 წლით თარიღდება, მაგრამ პირველად 1940 წელს გამოქვეყნდა. ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული ავტოგრაფი - ავდარის ე. წ. შავი, ნასწორები ვარიანტი 1935-40 წლებით დათარიღებულ უბის წიგნაკშია ჩაწერილი. ამდენად, უფრო სარწმუნოა, რომ ლექსიც სწორედ ამ პერიოდში შექმნილიყო. ამ ვარაუდის სასარგებლოდ მეტყველებს გალაკტიონის ერთი თარიღიანი ჩანაწერი ამავე უბის წიგნაკში, შესრულებული B ავტოგრაფის მომდევნო ფურცელზე: „1937. 27 აგვისტო. ტფილისში მოვიდა სეტყვა, რომელმაც თითქმის ათი წამი გასტანა. სეტყვა იყო მსხვილი, რომ იტყვიან კაკლის ოდენა, და მეტის მეტად ხშირი, ხშირი. მე აივანზე ვიდექი, როდესაც ფანჯრების მინებზე მოაყარა სეტყვა. მეგონა მთლად დალეწავდა“.

შილერის ტექსტთან მიმართების გათვალისწინებით ავდარი აღიქმება, როგორც ალეგორია. გალაკტიონი მიგვანიშნებს ტირანიაზე, ადამიანთა სისასტიკესა და ბუნებისაგან მოვლენილ სასჯელზე. შეიძლება ითქვას, რომ ავდარი - ეს XX ს-ის 30-იანი წლების გალაკტიონისეული შეფასებაა.

ნაწარმოების ამგვარი გააზრებისას ცხადი ხდება, რატომ შეიტანა პოეტმა ავდარი 1940 წელს გამოცემული III ტომის ცალკე განყოფილებაში - ძველი მოტივებიდან, ხოლო შემდეგი პუბლიკაციისას 1954 წლის რჩეულში ლექსის „შექმნის“ თარიღიც - 1916 წელი - მიუთითა.

დაბოლოს, ვფიქრობთ, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ შილერის ნაწარმოები ბოროტების დამარ¬ცხებით მთავრდება, გალაკტიონის ლექსის ბოლოს კი „ავდრის“ დაუსრულებლობაზეა მინიშნება:

„ნაპირთან გადატყდომისას
ფიჭვი მეორე ჭრიალებს,
ცა ელვას ისვრის წყრომისას,
გრიგალი ისევ გრიალებს“ [2, გვ. 355].

ამრიგად, დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ გალაკტიონის ავდარი შილერის დრამატული ნაწარმოებისაგან მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შედეგად დაიწერა. პირველწყაროს - ვილჰელმ ტელის სათქმელის გათვალისწინება აქ ქართველი პოეტის ლექსის მეორე პლანის აღქმასა და გააზრებაში გვეხმარება.

 

ბიბლიოგრაფია:
1. დოიაშვილი, თ., მოტირალ-მოცინარი. გამომც. „სიტყვა“, თბილისი 2013.
2. ტაბიძე, გ., თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. I. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1966.
3. Шиллер, Фр., Собрание сочинений Шиллера, Т.3. “Брокгауз-Ефрон“, Санкт-Петербург 1901.
4. Schiller, Fr., Wilhelm Tell. http://www.digbib.org/Friedrich_von_Schiller_1759/Wilhelm_Tell_.pdf

 

* წერილში მითითებული ავტოგრაფები დაცულია საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის გალაკტიონის ფონდში.